ლიტერატურამოთხრობა

გურამ რჩეულიშვილი – ჯუნგლებში

სიქსტის მადონა მოსკოვში

სიქსტის მადონა დიდი, ჭკვიანი თვალებით უყურებდა მომავალს, ხელში ბავშვი ეჭირა. ბავშვი არა ტიროდა. გარეშემო ანგელოზები დაფრინავდნენ, ქვევით მოხუცი ღმერთს შესთხოვდა რაღაცას. თავზე ყველას შარავანდედი ედგა.
იდგა სიქსტის მადონა და მომავალს უყურებდა, ხელში ბავშვი ეჭირა. ბავშვი არა ტიროდა.
– გენიალური ნახატია, – თქვა ვანომ.
ვასო გაწითლდა.
– რაფაელს მაგაზე კარგი არაფერი შეუქმნია, – თქვა ისევ ვანომ.
ვასოს ფერი დაუბრუნდა.
ვანო გარჩევას განაგრძობდა.
სხვები ისხდნენ.
ვიღაცა მოჭუტული თვალებით უყურებდა სურათს.
– ჩქარა წაიღებენ დრეზდენში.
– ჰო, ჩქარა,
– ნეტა აქ დატოვონ.
– აბა!
– რა გენიალურია, არა?
– შესანიშნავი.
ოთახი ჭვრეტდა მადონას.
სიქსტის მადონა კი იდგა და დიდი, ჭკვიანი თვალებით უყურებდა მომავალს. ხელში ბავშვი ეჭირა.
ოთახი ჭვრეტდა მადონას.
ზოგი მიდიოდა: უმეტესობა რჩებოდა სამზერლად.
ახლა სურათის წინ ჯიშიანი სლავის ქალი იდგა. უაზრო თვალებით უყურებდა სურათს, მერე თქვა.
– გენიალურია.
– დიახ, დიახ.
– ეს სურათი რაფაელმა დახატა მიქელანჯელოს მიერ მოხატული სიქსტის კაპელასათვის.
– მიქელანჯელო საერთოდ მოქანდაკე იყო.
– პაპის ბრძანებით დაიწყო ხატვა.
– რენესანსი, ეს რენესანსია.
ჩაება დარბაზი ახსნაში.
სლავი ქალი იღიმებოდა და უყურებდა სიქსტის მადონას. თითქმის ვეღარა ხედავდა, არც ამხსნელებს უგდებდა ყურს.
სიქსტის მადონა კი იდგა და დიდი, ჭკვიანი თვალებითა ჭვრეტდა მომავალს.
– მშვენიერი ბავშვია, – თქვა ქალმა.
– აბა, არა ტირის, – გაიღიმა ვიღაცამ.
– წავიდეთ იქით, – თქვა ისევ ქალმა და ხანშიშესულ კაცს ხელი გამოუყარა.
წავიდნენ.
დარბაზმა თვალი გააყოლა.
ქალები აიმრიზნენ.
სიქსტის მადონა კი იდგა, დიდი, ჭკვიანი თვალებითა ჭვრეტდა მომავალს. ხელში ბავშვი ეჭირა. ბავშვი არა ტიროდა. ზედ შარავანდედი ედგა და გარეშემო ანგელოზები დაფრინავდნენ. მოხუცი შესთხოვდა ღმერთს რაღაცას.
– ჩქარა წაიღებენ დრეზდენში. – თქვა ვანომ.
– ჰო, ერთ კვირაში. – მოაგონდა გაზეთში ამოკითხული ვასოს.
– ეჰ! – ამოიოხრა ვანომ.

წელი 1957. თებერვლის 26. 11 – 11.45

მძინარე ვენერა

– გამოიღე ცხვირიდან ხელი.
– რათა?
– სირცხვილია.
ვანკამ გამოიღო.
– ვა, რა ქალია! – თქვა პეტიამ.
– აბა?
– აგერ.
– სძინავს.
– მგონი.
– ჰო.
ბიჭები ახლოს მივიდნენ.
– ნახე, ხელი სად უდევს, – ახლა პეტიამ შეიყო ცხვირში ხელი.
– ალბათ, ბოზია, – თქვა ვანკამ.
– ხედავ, – სძინავს.
პეტიამ უფრო ღრმად შეიყო ხელი ცხვირში, მერე უფრო ახლო მივიდა ნახატთან.
– მშვენიერი რეპროდუქციაა, – თქვა გვერდზე ვიღაცამ.
– აბა! ნამდვილი ანგელოსია, მძინარე.
– საერთოდ “მძინარე ვენერას” მშვენიერი რეპროდუქციები არსებობს, – თქვა მეორე ვიღაცამ.
– მძინარე ანგელოსია, – ისევ გაიმეორა პირველმა.
– აი, დედაკაცი! – თავი მოიქექა ვანკამ.

წელი 1957. თებერვლის 26. 11 – 11.45.

ანეკდოტი: ძველი: მახსენდება ხშირად: მიყვარს:
ღობეზე პატარა ბიჭია მიყუდებული და ტირის. ვიღაცა კაცი ვიღაცა კაცს ელოდება. დადის. მერე დაიხარა და ჰკითხა:
– ბიჭიკო, ბიჭიკო, რა გქვია?
ბავშვმა ზლუქუნი შეწყვიტა.
– პეტოი.
კაცმა წინ და უკან სიარული განაგრძო, ცოტა ხნის მერე ისევ შეეკითხა:
– ბიჭიკო, ბიჭიკო, რა გქვია?
– პეტოი.
ორჯერ კიდევ შეეკითხა და მიეფერა კაცი. ბოლოს ისევ დაიხარა:
– ბიჭიკო, ბიჭიკო, რა გქვია?
– სუ მუდამაც პეტოი, – ისევ აზლუქუნდა პატარა.

პაბლო პიკასო

გენიალური მხატვარია პიკასო.
– ჰო, პაბლო პიკასო, შესანიშნავი.
– მაგის ნახატი 1905-ში არაფერი ღირდა. ახლა მილიონები ღირს.
– საერთოდ მაგისი ფერები!
– აბა, აბა!
– იგი შინაგანად ხატავს.
იგორმა ხელი გამოუყარა ვალიას, მეორე მხრიდან ლიონამ გამოსდო ხელკავი. უკან ვასილი და პეტრე მიჰყვნენ.
– საერთოდ იმპრესიონიზმი, – დაიწყო პეტრემ.
– გენიალური მიმდინარეობაა, – თქვა ვასილიმ.
– ხო, ტონები, ეს შტრიხები.
– რა შტრიხები? – იკითხა ვალიამ.
– აი ეს, ასეთი, – თქვა პეტრემ.
– გენიალურია. – თქვა იგორმა.
დარბაზი 125 – ეწერა ერმიტაჟის გზამკვლევში, საერთო სიგრძე 22კმ, შეგროვება დაიწყო ვენერა ტავრიდელის ქანდაკებიდან, რომელიც ტავრიდის მახლობლად იპოვეს და პაპმა პეტრე პირველს გამოუგზავნა: ახლა ყველაფერი ეს იცოდა ვალიამ: ბიჭები არ ჩერდებოდნენ.
დარბაზის კუთხეში დიდ ტილოზე ყალყზე დამდგარი ცხენი ეხატა, აღვირი ქალს ეჭირა.
– მშვენიერია, არა? – თქვა გოგონამ.
– დიდებულია.
– მე ძალიან მომწონს, მართლა კარგია? – გულუბრყვილოდა თქვა გოგომ.
– გენიალურია.
– აი, ეგ შტრიხები.
– შენ განათება ნახე.
– დავიღალე, – თქვა გოგომ.
– წავიდეთ.
– კოკტეილ-ხოლში?
– არა, თეატრში.
– დავიღალე, – ისევა თქვა გოგომ.
მერე მიბრუნდა და ისევ ცხენს დაუწყო ყურება.
ცხენი ყალყზე იდგა:
აღვირი ქალს ეჭირა ხელში.

წელი 1957. თებერვლის 26.

პახმელია.
გუშინ მამას დეპეშა მოვიდა:
Диссертацию утвердили единогласно. Миша

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button