განხილვალიტერატურაწიგნები

ფრანც კაფკა- პროცესი (მიმოხილვა)

დღეს ვისაუბრებთ მოდერნიზმის ერთ-ერთ დიდებულ წარმომადგენელზე, ადამიანზე, რომელმაც მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მაინც უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიო ლიტერატურის ფორმირებისას- საუბარია ფრანც კაფკაზე. როგორც ხშირად ხდება, ამ კაცს აღიარება არ მოუპოვებია სიცოცხლეში და ხალხმა მთელი მისი შემოქმედება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ დააფასა. თუმცა ამას სხვა მრავალ მიზეზთაგან ერთი უცნაური მიზეზიც ჰქონდა- ამ ადამიანმა თავის მეგობარს სთხოვა სიკვდილის წინ მისი ნაშრომები გაენადგურებინა. რა თქმა უნდა, ეს თხოვნა არ შეუსრულა კაფკას მეგობარმა და ჩვენდა საბედნიეროდ მისი თხზულებები უვნებელი გადარჩა. მე ახლა ვაპირებ ვისაუბრო კაფკას ,,პროცესზე“. მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი დაუმთავრებელია, კერძოდ, ზოგიერთი თავი შუა გზაში წყდება, მაგრამ საერთო ჯამში ეს ხელს არ გვიშლის გავიაზროთ მთელი ნაწარმოები. თუმცა, ერთია გააზრების ხელის არ შემშლელი ფაქტორის არსებობა და მეორე რამდენად ადვილია ამ წიგნის უფრო გასაგებად ინტერპრეტირება. ეს უკანასკნელი კი, ვისაც წაუკითხავს ეს წიგნი, დამეთანხმება, რომ არც ისე ადვილია. მე პირადად არ წამიკითხავს ჰამსუნის ,,მისტერიების“ შემდეგ ერთი შეხედვით ასეთი ბუნდოვანი და უცნაური ნაწარმოები. წაკითხვის შემდეგ კი რამდენიმე ფაქტორის შეჯამებისას კი მივედი დასკვნამდე, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან, კარგად ხსნის ამ წიგნის აზრს.
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მე პირადად ამ წიგნს ვყოფ ორ ძირითად ამბად, ორ ძირითად მინი სიუჟეტად, რომლებიც ცალკე აღებული დამოუკიდებელ და განსხვავებულ ფილოსოფიაზე დგას, თუმცა საერთო ჯამში სადღაც ისინიც იკვეთებიან ერთ წერტილში. უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთის კომპლემენტალურები არიან, ურთიერთს ავსებენ და ამ უცნაური ამბის ადეკვატურად გაგების გასაღებს იძლევიან. ერთი ნაწილი არის ჩვენი მთავარი პერსონაჟის ,,კ“-ს საუბარი მღვდელთან(თუმცა რამდენად არის ეს მღვდელი ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ), რომელიც ცალკე აღებული დამოუკიდებელ ამბავს ყვება, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს ამბავი არის წიგნის მეორე ნაწილის პრობლემის გადაჭრის გასაღები. მეორე სიუჟეტი კი არის უშუალოდ მღვდელთან საუბრამდე+საუბრის შემდგომი მოვლენები, რომელსაც რა თქმა უნდა, საკუთარი აზრი და იდეა გააჩნია, თუმცა რაც ყველაზე საოცარ ჩანაფიქრად მიმაჩნია, მღვდელთან საუბრის წაკითხვის შემდეგ ის სახეცვლილებას განიცდის და გარდაიქმენა აბსოლუტურად სხვა იდეოლოგიად, რომელიც საბოლოო ჯამში ნაწარმოების საოცარი კუთხით დანახვის საშუალებას გვაძლევს. მე შევეცდები ორივე ,,ნაწილის“ ანალიზის გაკეთებას და შევეცდები დაგანახოთ ის, რაც მე პირადად აღვიქვი.
საჭიროდ მიმაჩნია, რომ ერთი ორი სიტყვით ვთქვა თუ რა ზოგად სიუჟეტთან გვაქვს საქმე. ერთ დღესაც, ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი, რომელსაც ფაქტობრივად სახელი არ გააჩნია(ამაზეც ვისაუბრებთ), იღვიძებს და საკუთარ საძინებელში ხვდება ორი ადამიანი, რომლებიც განუცხადებენ კ-ს რომ იგი დაპატიმრებულია. წარმოდიგინეთ, თუ რა ფსიქოლოგიური დარტყმა შეიძლება განიცადოს ადამიანმა შიშისა და სხვა მრავალი ფაქტორის გამო, როდესაც დილით გაღვიძებულს მშვიდად გამოგიცხადებენ რომ თქვენ მსჯავრდებული ხართ. ბუნებრივია, კ ამ ყველაფერს ირონიულად უყურებს, თუმცა კარგად ესმის, რომ საქმე არც ისე ადვილადაა, როგორც ჰგონია. იგი ნელ-ნელა აანალიზებს, რომ სასამრთლოსგან თავს ვერ დააღწევს და ირონიულობასთან ერთად ნერვიულობაც ემატება. ალბათ მკითხველს გაუჩნდება კითხვა, თუ რაში სდებენ ამ კაცს ბრალს, თუმცა დანაშაულის არსი გაურკვეველი რჩება წიგნში როგორც თავად კ-სთვის, ასევე შესაბამისად მკითხველისთვისაც. კ ნელ-ნელა ხვდება, რომ მის წინაშეა ისეთი ტიპის პრობლემა, რომლის გადაწყვეტა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან მას სდებენ ბრალს დანაშაულში, რომელიც იდეაში არ ჩაუდენია, უფრო მეტიც, ის ვერ შეებრძოლება ისეთ პრობლემას, რომელიც არ არსებობს, რადგან არ არსებობს დანაშაულის არსიც. ბუნებრივია, ასეთ სიტოაციაში მას რჩება ორი გამოსავალი, ან შეეგუოს სასამართლოს გადაწყვეტილებას ან იბრძოლოს მის წინააღმდეგ, ხოლო ეს როგორც წიგნიდან ჩანს, მარტივი არ უნდა იყოს. კ აირჩევს წინააღმდეგობას სასამართლოს მიმართ და როგორც წიგნიდან ვასკვნით, ის მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობს დაუპირისპირდეს სასამართლოს, რომელსაც ოფიციალური სახე არ გააჩნია, უხეშად რომ ვთქვათ, იგი თითქოს ,,კერძო კომპანიის“ მსგავსია. ამ სასამართლოს გააჩნია საკუთარი წესები და კ ცდილობს ამოიცნოს ეს კანონები და სწორედ სასამართლოს წესებით ითამაშოს( აი ეს უკვე დიდი შეცდომაა და ამას განვიხილავთ მოგვიანებით მღვდელთან საუბრის გაანალიზებისას). საინტერესოა ის ფაქტი, რომ სასამართლოს არ გააჩნია რაიმე კონკრეტული სახე, იგი არის ძალიან ფართო, უსასრულო სისტემა, იმდენად არეული და ჩახლართული, რომ ადამიანს არ შესწევს ძალა მას მატერიალური ბრძოლა დაუწყოს, უფრო მეტიც, ვერც ერთის მხრივ იდეურად ვერ დაამარცხებ ისეთ ინსტიტუციას, რომელსაც არ გააჩნია რამე ზღვარი, რომლის წიაღში მომუშავე პერსონალის რიცხვი უსასრულობას უდრის და ეს ყველაფერი თავად წარმოადგენს რაღაც ნეგატიური იდეის ცნებას, შესაბამისად ერთი ადამიანის მონდომება მთელ ფენომენს დაუპირისპირდეს, მარაზმია. სწორედ ამ მოვლენების გამო, ბევრი ადამიანი აქ ამთავრებს წიგნიდან აზრის გამოტანას და ამბობს, რომ ნაწარმოები მეტყველებს თუ რაოდენ უსუსურია ადამიანი მასის წინაშე, რომ კანონი ეს სისტემის იარაღია ადამიანის დასამორჩილებლად და თითოეული ჩვენთაგანი ეს არარაობაა, რადგან სისტემამ ყველაფერი იცის თითოეული ჩვენთაგანის , ჩვენი მოქმედებებისა და კულტურის შესახებ. შესანიშნავია, ასეთი კუთხით ამ ნაწარმოების დანახვაც ცუდი არაა, მაგრამ ეს წიგნი გაცილებით ღრმაა, გაცილებით უფრო უზარმაზარი, პლანეტალური მასშტაბის იდეის მატარებელია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაინტერესებთ რა არის ეს იდეა? მაშინ განვაგრძოთ.
როგორც ზემოთ ვახსენე, წიგნში არსებული სასამართლოს დამარცხება ძალიან რთულია, ფაქტობრივად შეუძლებელი. მაშინ რა არის ის 1% შანსი, რითიც ჩვენს კ-ს შეუძლია არა მარტო თავისი პროცესი მოიგოს(რომელზეც ვექილი ეუბნება, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ამ სასამართლოსთვის ვინმე ბრალდებულს პროცესი მოეგოსო), არამედ მთელი უსასრულო მასშტაბის მოვლენა, თავად სასამართლო, რომელიც კანონს, სისტემას და თავად ადამიანის ბედს(თუ რატომ ბედი ამაზეც ვისაუბრებთ) განასახირებეს, გააცამტვეროს? პასუხი სწორედ ამ წიგნის ჩემეულ მეორე ნაწილშია, რომელსაც მღვდელთან საუბარი ჰქვია. ჩემი თხოვნა იქნება ყურადღებით წაიკითხოთ ის, რაც შემდეგში დაიწერება. კარგად გაიხსენეთ ის იგავი, რომელიც მღვდელმა(მისი ნამდვილი სახე გაცილებით უფრო ფართო მნიშვნელობისაა) კ-ს მოუყვა. მთელი ეს იგავი თავდაყირა აყენებს ზემოთ ნახსენებ აზრს, რომელიც როგორც ვახსენე, ბევრი ადამიანის ფიქრის შედეგია. მღვდლის იგავი, რომლის შინაარსის მოყოლაზე დროს აღარ დავკარგავ, ძალიან საინტერესო რამეს ამბობს და პირდაპირ მიანიშნებს კ-ს თუ რა არის სასამართლო, როგორია მისი წესები და როგორ შეიძლება ამხელა ძალაუფლების ინსტიტუცია ერთმა პიროვნებამ ნაცარტუტად აქციოს. მღვდელი პირდაპირ ეუბნება ამ იგავით კ-ს, რომ ადამიანები ძალიან ხშირად ვცდებით, როდესაც გვგონია, რომ რაიმე ინსტიტუციას შეუძლია რომელიმე ჩვენგანის გატეხვა ან ამ ინსტიტუციას აქვს გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე თავად ადამიანს. მღველი ამბობს ასეთ რამეს, რომ სასამართლოს ძალა მოჩვენებითია, ის იმდენად ძლიერია რამდენადაც ჩვენი მახინჯი ფანტაზია, მხდალი ბუნება აძლევს საშუალეაბას ძალის მომატებას. ადამიანი ეს უმაღლესი ქმნილებაა, რომელსაც აქვს ღვთისგან მინიჭებული თავისუფალი ნება და შესაბამისად თვითონ ირჩევს საკუთარი ბედის მსვლელობას და არა რამე ინსტიტუცია, ჩვენს შემთხვევაში კი სასამარათლო. აქ ამის დასტურად მაინც მიწევს ნაწარმოების იგავის გახსენება, როდესაც სოფლელი მიდის კანონის კარიბჭესთან და შეღწევას ცდილობს, მაგრამ მცველი ეუბნება, ჯერ კარებში შესვლის უფლებას ვერ მოგცემო. ამ კარის გარდა შიგნით კიდევ ბევრი კარია, რომლის მცველები გაცილებით საშიშები არიან და მათ დანახვას ვერც მე ვუძლებო. სოფლელი მთელი თავისი ცხოვრება ფეხს არ მოიცვლის კარიდან, მაგრამ ეშინია შიგნით შესვლა, ბოლოს კი, როდესაც სიკვდილის პირასაა და კითხავს მცველს, ჩემს გარდა რატომ არავინ მოვიდა ამ კარებთანო, დაცვა ეტყვის: ,, უძღებო ადამიანო! ეს კარი მხოლოდ შენთვის იყო, ამ კარში შენ უნდა შესულიყავი მაგრამ არ შეხვედი, ახლა კი წავალ და დავკეტავ!“ გამოდის, რომ სასამართლოს ძალაუფლება და მისი აკრძალვები მოჩვენებითია, მას არ შეეძლო ადამიანისთვის სახე დაეკარგვინებინა, მას არ შეეძლო ,,კ“ მოეკლა, დაესაჯა, თუ თავად კ არ მისცემდა მას ამის საშუალებას ანუ სასამართლო კი არ განაგებდა კ-ს, არამედ კ იყო მთელი სასამართლოსა და შესაბამისად, საკუთარი პროცესის ბატონ-პატრონი.
ცოტა უფრო მეტაფორულ აზროვნებას მივსცეთ გასაქანი, რათა უფრო ზუსტად შევიცნოთ ის სიღრმე, რაც ამ ნაწარმოებშია. ამასთანავე საჭიროა, ჩვენ სასამართლოს უფრო ზოგადი სახე მივცეთ. როდესაც ეს ინსტიტუცია ბრალს წაუყენებდა ადამიანს, ეს იყო ერთგვარი გამოცდა ამ პიროვნების, რომელსაც ქრისტიანულ ფილოსოფიაში განსაცდელის სახელით ვიცნობთ, რომელთანაც შებრძოლება ჩვენი გამოცდის დასაწყისია, ხოლო მისი დამარცხება კი ახალ სულიერ საფეხურზე გადასვლა. სასამართლოს ეს გამოცდა იყო იმისთვის, რომ ადამიანს შეეცნო საკუთარი თავი, გამოჩენილიყო საღი გონების პატრონი იყო, თუ უბრალოდ ხის თავიანი ან თუნდაც მხდალი პიროვნება. თუ ამ უკანასკნელთა კატეგორიას განეკუთვნება ადამიანი და არ მოინდომებს დაძლევას, მაშინ ის შეეგუება იმ ,,ბედს“, რაც სასამართლომ განუწესა. თუ ,,ხისთავიანია“ მაშინ მასთან მატერიალურ ბრძოლას დაიწყებს. რას გააკეთებს საღი გონების ადამიანი? საღი გონების ადამიანი უპირველესად რწმენით განიმსჭვალება, რომ სასამართლო მას ვერაფერს დააკლებს, თუ მას თავად არ სურს ეს. უფრო მეტიც, სასამართლო თვითონ იქნება დამოკიდებული ამ პიროვნებაზე. კვლავ გავიხსენოთ იგავი, როდესაც მცველი ეუბნება სოფლელს: ,,ეს კარები მხოლოდ და მხოლოდ შენთვის იყო შექმნილი!“. რას ნიშნავს ეს? მღვდელი ამით პირდაპირ ეუბნება ჩვენს მთავარ მოქმედ გმირს, რომ თითოეული განსაცდელი, ჩვენს შემთხვვაში კი სასამართლოს ბრალდება, ინდივიდუალურია. ადამიანს არ დაევალება იმაზე მეტი დაბრკოლების გადალახვა, ვიდრე მის ძალებს აღემატება. ყველა ცხოვრებისეული განსაცდელი, აქ კი სასამართლოს ბრალდება ჩვენს მიერ დაძლევადია. მღვდელს სურდა მიეხვედრებინა კ, რომ მთავარია იწამე, რომ შენ ხარ შენი თავის ბატონ-პატრონი და მაშინვე ერთი შეხედვით პლანეტალური მასშტაბის ძალაუფლების მქონე სასამართლო არარაობად იქცევა. აქ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ წმინდა ქრისტიანული იდეოლოგიის გავლენაა, რომელიც იძახის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ,,ბოროტი იმენად უსუსურია, რომ ბუმბულის გადაადგილებაც კი არ შეუძლია ადამიანის ნების გარეშე“(ერთ-ერთი წმინდა მამის სიტყვები), ის იმდენადვე ძლიერია, რამდენადაც პიროვნება ამას ვერ აანალიზებს. ზემოთ ვახსენე, რომ სასამართლო ვერ დასჯიდა კას, რადგან სასამართლო თავად იყო კ-ზე დამოკიდებული. ეს ნათელია თავად წიგნიდანვე, კერძოდ კი ისევ მღვდლის სიტყვებიდან: ,,სასამართლოს შენგან არაფერი უნდა. როცა მოდიხარ, სასამართლო გღებულობს, როცა მიდიხარ, გიშვებს.“ მღველს ერთადერთი რამ უნდოდა- კ-ს გაეგო ,,თამაშის“ აზრი, მაგრამ ამ აზრის გაგების ერთ-ერთი ფრაგმენტი იყო თავად მღვლის შეცნობა… საინტერესოა რა შეცნობა უნდა მღვდელს. მაგრამ თუ დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ მღვდელი ეს არ არის სასულიერო პირი. დავუკვირდეთ აბა კ-სა და მის სიტყვებს:
,,- აკი წასვლა გინდოდა- უთხრა მღვდელმა
– მართალი ხარ,- უთხრა კ.-მ- შენ ეს უნდა გაიგო
– ჯერ შენ უნდა გაიგო, ვინ ვარ მე! – თქვა მღვდელმა

მღვდელი თავის თავს ციხის კაპელანს, სასამართლოს მსახურს უწოდებს, რაც ზუსტად მიესადაგება მის ვინაობას. თუ გავყვებით იმ მსჯელობას, რომ სასამართლო განზოგადებით ეს ღვთიური წეს განგებულებაა, ან თუნდაც ცხოვრეისეული თამაშის წესი, მაშინ ამ წესგანგებულების მსახურის შესახებ გარკვეული წარმოდგენა ყველა ჩვენგანს აქვს და აღარ გვაგრძელებ ამაზე საუბარს. მღველმა საკმარისად აუხსნა როგორც სასამართლოს არსი, ასევე საკუთარი ვინაობაც. დანარჩენი კ-ზე იყო დამოკიდებული.
მაშასადამე, კ-ს ყველაფერი აეხსნა, მას იმხელა შესაძლებლობა ჰქონდა უდიდესი წარმატების მიღწევის, რაც ყველა ადამიანს არ აქვს. მაგრამ რეალურად, რა გააკეთა კ-მ ამ შესაძლებლობის შესასრულებლად? სამწუხაროდ არაფერი. მიუხედავად მღდლის საუბრისა, კ დანებდა სასამართლოს, მის მიერ გამოგზავნის მსახურებს ნება მისცა წაეყვანათ და დაეპატიმრებინათ. გავიხსენოთ აბა დასასრული. ერთ-ერთმა მცველმა აუჩქარებლად გამოუსვა ყელში დანა, რის შედეგადაც მხოლოდ კ-ს ფიქრიღა დააფიქსირა ავტორმა: ,,ძაღლივით დამკლეს…“. ეს სევდანარევი, უზარმაზარი მწარე ირონიის შემცველი სიტყვები იმის დასტურია, რომ კ სიცოცხლის ბოლო წამებში მიხვდა, რომ იგი დამარცხდა. იგი დამარცხდა საკუთარი სისუსტეების წინაშე, რომლის გამოვლინებითაც ისარგებლა სასამართლომ. სწორედ ასეთი უსახურობის გამო ავტორმა კ-ს სახელიც კი არ მისცა წესიერი, უსახელოდ დატოვა. ისეთივე ძაღლური ბედი ჰქონდა მის სახელს, როგორ ძაღლურადაც დაასრულა სიცოცხლე. მის ამ სიტყვებში უდიდესი სირცხვილიც იგრძნობოდა მარცხის მიმართ. სწორედ ამის დასტურია ავტორის ბოლო წინადადება: ,,ძაღლივით დამკლეს- თქვა კ-მ ისე, თითქოს ეს სირცხვილი მასზე მეტხანს იარსებებდა…“
სანამ მოვრჩებოდე, მინდა ერთ რამესაც დავაკვირდეთ. რამდენად აუცილებელი იყო კ-სთვის სასამართლოს ამ ბრალდების წაყენება? ანუ რატომ მიუვიდა მას ეს განსაცდელი? რამეს აშავებდა? თავის მოვალეობას პირწმინდად ასრულებდა, მუშაობდა, კლიენტები კმაყოფილები იყვნენ. ბანკში პოპულარობით სარგებლობდა. მაგრამ საქმე სხვა რაღაცაშია. მისი ცხოვრება იყო რუტინული, ერთგვაროვანი. ის იყო ტიპური ბურჟუა, რომელიც ყოველდღე ერთსა და იმავეს აკეთებდა. ერთფეროვნების შემთხვევაში პროგრესი ვერ მოხდება, პროგრესი მოაქვს ცვალებადობას. ასეთი ერთგვაროვნების პირობებში კ განწირული იყო, რადგან თანამედროე ცხოვრებეში თუ მუდმივი პროგრესი არ იქნა, ადამიანი ნადგურდება. შესაბამისად სასამართლოს ეს ბრალდება ერთგვარი წყალობა იყო, შანსი კ-სთვის პროგრესი განეცადა. თუ კ-ს ეს განსაცდელი არ მიუვიდოდა , მას მაინც დააკარგვინებდა სახეს რუტინული რეჟიმი, ის გახდებოდა მანქანა, რობოტი, რომელსაც არ ექნებოდა ადამიანის სახე. შესაბამისად სასამართლოს განაჩენი მისი გადარჩენის ერთადერთ გზადაც შეიძლება ჩავთვალოთ.

ავტორი: გიორგი წერეთელი

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button