ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – წივწივები ზამთარში

დღეს დილას, ახალ გარიჟრაჟზე, რომელიღაც პატარა ფრინველი მოაწყდა ჩემს ფანჯარას. ქარი უბერავდა, მთების წვერები წაეჭირხლა, ოთახშიც ციოდა და მომინდა, ერთი სევდიანი ამბავი მომეთხრო პატარებისთვის ფრინველთა ცხოვრებიდან. ეს ამბავი ამერიკელი ბუნებისმეტყველის წიგნში მაქვს ამოკითხული. იმ წიგნში ბევრი სხვა საყურადღებო ამბებიც იყო მოთხრობილი, მაგრამ მე ეს თითქოსდა მთლად უმნიშვნელო ამბავი უფრო დამამახსოვრდა.

ზამთარში, თურმე, წივწივებსაც ძალიან უჭირთ. დიდი მთებიდან და დიდი ტყეებიდან ბარში მოფრინავენ, სოფლებისა და ბაღ-ბოსტნების ახლოს. ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ, როგორ ჩაჰკირკიტებენ ხოლმე გულაღმა დაკიდებული წივწივები ხეზე შერჩენილ მოკრუნჩხულ ხმელ ფოთლებს, ან შავად გამომზირალ პატარა ფუღუროებს. პატარა წივწივას სულ პაწაწინა მატლები და ჭიებიც ჰყოფნის, მაგრამ არც მათი მოპოვებაა ადვილი, მით უმეტეს ქარში და ყინვაში, მაშინ ხმელი ფოთლები და ფუღუროები ხშირად დაფარულია ყინულის თხელი გარსით. წივწივამ ჯერ ფეხი უნდა მოიკიდოს იმ ყინულის გარსზე, მერე ჩატეხოს ყინული პაწაწინა ნისკარტით, მერე ჩიჩქნოს, იწვალოს და დიდი წვალების შემდეგ თუ მიაგნებს ღრმად მიყუნჭულ, მიძინებულ მატლს.

თან ძალიან ფიცხია წივწივა. შეიძლება შიშიც აჩქარებს, სულ ეშინია, მთლად მშიერი არ დავრჩე, ან არ გავცივდეო. მოუსვენრად დახტის ტოტიდან ტოტზე, ფრთხიალებს, ფრენს, ჩქარობს, ჩქარობს და იმას კი ვერ გრძნობს, რომ ამ სიჩქარით ზოგჯერ თვითონვე უქმნის საფრთხეს თავს. წამოუბერავს, გახურებულს, ცივი, ნესტიანი ქარი, ანდა მოხვდება დაზუებულ გამჭოლ ნიავში (ასეთი ადგილები ბუნებაშიც არის, მაგალითად: გადასავალებში, გრძლად წასულ სწორ ხეივნებში, არხების ნაპირას), გაცივდება და დაემართება ფილტვების ანთება. ჰო, ჰო, ნამდვილი ფილტვების ანთება!

დაუვლის ყრუ ტკივილი სხეულში, შეიყუჟება სადმე ფუღუროში ან ხვრელში, აზმორებს, აკანკალებს, მერე მისცემს სიცხეს, ვეღარც ასწრებს სუნთქვას, დაღებული აქვს პირი, თვალები კიდევ ხან დახუჭული, ხან დაჭყეტილი, რაღაც უგუბდება ყელში…

ცივი ქარი კი დაუნდობლად ზუზუნებს და ხვივის.

სიცხით გათანგული წივწივა ადვილად ხდება კვერნისა თუ ციყვის მსხვერპლი.

ზამთარში, მოყინულ თოვლზე, ბევრჯერ მე თვითონ გადავყრივარ კარგა მანძილზე გაფანტულ წივწივას მოლურჯოდ ჭრელ ბუმბულებს. ვდგავარ ხოლმე და სევდიანი დავყურებ იმ ბუმბულებს, მერე გამწყრალი შევუბრუნებ ზურგს ნიავსა თუ ქარს. ისინი თითქოს თავს იმართლებენ, რაღაცებს ჩამზუზუნებენ ყურებში, მაგრამ მე მათი ნათქვამის გაგონებაც არ მსურს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button