ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – წისქვილში რომ წავედი

ჩემი დათუნა ახლა ხუთი წლისაა. სამი წლისაც არ იქნებოდა, ერთხელ ეს ამბავი მოვუყევი და მას შემდეგ ალბათ ასჯერ მაინც მექნება ნაამბობი. როგორც კი დავსვამ, აბა, დაწყნარდი, დაშოშმინდი-მეთქი, იმწამსვე ამას მეკითხება:

_ წისქვილში რომ წახვედი, იმისას მომიყვები?

მე, რომ იტყვიან, ყელში მაქვს ამოსული ეს „წისქვილში რომ წავედი“, მაგრამ თუ მინდა, რომ ცოტა სული მოითქვას, თუ მინდა, რომ ოდნავ მაინც განიმუხტოს მისიგანუწყვეტელი ფართხალ-ტრიალით დაძაბული ჰაერი, იძულებული ვარ, ას მეერთედაც დავიწყო. და დავიწყო მხოლოდ და მხოლოდ ასე, ამ კილოზე:

_ მაშინ, გენაცვალე, ომი იყო. ჩვენა და გერმანელები ვომობდით. თქვენ რომ ახლა დიდ არჩევანში ხართ ხოლმე, არა ეს არ გვინდა, არა ის არ გვინდაო, ჩვენ ხშირად ცარიელიმჭადიც კი მოგვნატრებია. აბა!

ჯერ ხომ სიმინდის შოვნა იყო ცეცხლი, დაფქვა პირდაპირ ცეცხლზე ნავთი ხდებოდა. კარგი მეწისქვილეები ფრონტზე იყვნენ, ბებრებსა და ბიჭბუჭობას კი დღეშითხუთმეტჯერ ეშლებოდათ თითო თვალი. ვერ მოასწრებდნენ ორი-სამი ნაკრაულის ჩამოფქვას და _ აბა, გაილესაო, გადმოაგდებდნენ ქვას. გვეჭირა ათი-თორმეტი წლისბიჭებს საკოდლები და კაკ-კუკ! კაკ-კუკ! ვურაკუნებდით ალთაბალთას. საფქვავი კი, საფქვავი ემატებოდა. ზოგჯერ კვირაზე მეტხანს ველოდით ხოლმე ჯერს. ერთწისქვილში რომ ვერას გავხდებოდით, მეორეში მივდიოდით, თუ იქაც არაფერი გამოვიდოდა, მესამისკენ მივძუგძუგებდით. აღმა-დაღმა გვქონდა დაქსელილი მთელი ივრისპირები.

ერთხელ, _ ნოემბერი იყო, ბოლო რიცხვები, _ დავფხვენით ასე, ფუთ-ნახევრამდე შვიდკვირია. ღამით დავფხვენით, გახურებულ ღუმელთან, კაჭუჭის დახლითგახალისებულებმა. ორ დღე და ღამეს ღუმელქვეშ გვქონდა გაფენილი, მესამე დილას კი, ჯერ არ გათენებულიყო, ჩავყარეთ ტომარაში, ორად გადავყავით, გადავგრიხეთ, გადავიკიდე ხურჯინივით და მიდი, სიბნელეში! _ მივრბივარ წისქვილისკენ და თან აქეთ-იქით ვიხედები, _ აბა, დამინახა თუ არა ვინმემ, რა ყოჩაღი ბიჭი ვარ-მეთქი. თითქოს ჩემი ჯიბრით, კაცი არ შემხვედრია გზაზე, წისქვილში კი მთელი ენგიდუნია დამხვდა. ისეთი ყაყანი იდგა ქალებისა, სარეკელას ხმა აღარ ისმოდა. ერთი კი შევედი, თვალი მიმოვავლე, მერე ისევ წამოვიკიდე ჩემი ტომარა _ მე ამ დედაკაცებს ხომ არ ვუყურებ, გაღმა წიქვილში გავალ, იქ დავფქვავ-მეთქი, _ და რის ნოემბრის ბოლო, რა ცივიწყალი! ცამეტი წლისა ვარ, შარვალი ტოტებით ყელზე მაქვს შემოხვეული და მიდი-შვილი! მივდივარ და მივაჩქაფუნებ თეძოსთავამდე შემოწვდენილ იორს, ნაპირზეგასული, ცოტა ხანს ბაღდადურს ვუვლი გასახურებლად, მერე ვიცვამ და თითქმის მივრბივარ. მაგრამ გაიქეცი, არ გაიქეცი! გაღმა წისქვილშიც ბლომად დამხვდნენ. ერთი ეგიყო, აქ კაცები სჭარბობდნენ. ისხდნენ ის კაცები, რა თქმა უნდა, მოხუცები, ჩასცქეროდნენ მიწას და ხანდახან თუ გადაუგდებდნენ ერთმანეთს თითო სიტყვას.

მეტი რა გზა მქონდა! ამოვუდგი ჩემი საფქვავი სხვა საფქვავებს უკან, დავჯექი და მეც იმ კაცებივით ჩავაჩერდი მიწას.

როდემდე ვიჯდებოდი ასე?! წავედი, სახევებელი და ბელღარები მოვინახულე. წისქვილს ბაღები აკრავს, ის ბაღებიც ჩამოვიარე, გავჩხრიკე, გამოვჩხრიკე. ერთგან წვრილ-წვრილი სტაფილოები ვნახე, მეორეგან _ ტოტზე შემხმარი ატმები, რამდენსამე დაჩამიჩებულ მტევანსაც მივაგენი. საყვავედ დატოვებული კაკლები ხომ იყო და იყო! წამოვალ, ვნახავ, აბა რა ამბავია რიგში-მეთქი. ცოტა ხანს ჩემს ტომარასთან ვტრიალებ. დააყრის ვინმე ცოტა ბლომად და ისევ ბაღებში მივდივარ, _ ხან კაკლებს ვესვრი კეტს, ხანაც ვაშლებზე ვიბღოტები. ერთი საათი კიდევ იქნებოდა დღე და, ჩემი ჯერიც მოვიდა. ერთ მოხუცს აქვს დაყრილი სამი ლიტრა, ის ჩამოვა და მე უნდა დავაყარო. და აი, სწორედ ამ დროს არ მოვარდება ერთი თეთრცხენიანი კაცი! ცხენზე ორი, თითქმის სავსე ტომარა აქვს გადაკიდებული. თვითონაც ზედა ზის.  ყელებჩაჭმუჭნული ჩექმებიაცვია, გაპრიალებულ, შემელოტებულ თავზე თუშური ქუდი ჰხურავს. იმ ქუდზე მეტყევეობის თითბრის ნიშანი უკეთია. ხელში ძველებური ტარმოჭედილი მათრახიუჭირავს. გადმოხტება, ცხენს წისქვილის დერეფნის ბოძზე მიაბამს და დაჭარხლებული, დაბიჟვინებული, მათრახის ჩექმაზე ტყაპუნით შედის მეწისქვილის ოთახში. იქიდანჯერ შეხვედრით ნასიამოვნები ადამიანის ამოძახილები მოისმის, მერე კარში გამოიხედავენ, _ მეწისქვილე და ის კაცი თვალებით მე მომძებნიან და ისევ შიგნით შედიან.

მათ გამოხედვაში ცუდი რაღაც ვიგრძენი, ცოცხალი თავით ჩემს ჯერს არავის დავუთმობ-მეთქი; დავავლე ჩემს ტომარას ხელი, ავედი ზემოთ და იმასღა ველი _ ჩამორეკოს, რომ ხვიმირაში გადავუშვა. მაგრამ იმ მათრახიანმა კაცმა და მეწისქვილემ ცხენიდან გადმოღებული ტომრები შემოიტანეს. მათრახიან კაცს მათრახი მკლავზე აქვსჩამოკიდებული. მეწისქვილე შორიდანვე ხვდება, რა გუნებაზეც ვდგავარ ხვიმირასთან და იქიდანვე მეძახის:

_ გადმო, გენა, გადმო. მეტყევეებისაა, ამ კაცს უნდა დავუფქვათ.

ცეცხლი მომედო და მუხლები ამითახთახდა. მინდა, ათასი რამე ვუთხრა, ვუთხრა კი არა, ვუყვირო: რათა, კაცო, რა სამართალია ეს?! მე რომ ახლა არ დავაყარო, როდისღაწავიდე შინ! ხომ დამიღამდა! თანაც პურის გემო არ მინახავს დღეს! მაგრამ ვერაფერს ვამბობ. მუხლზე შემოდებულ ტომარას მარწუხებივით ვუჭერ ხელებს დაგაბოროტებული თვალებით ვიყურები ძირს. მეხივით ჩამოვარდება ზარი. მეწისქვილე ჭოჭონაქისკენ წავიდა და ახლა იქიდან მიყვირის:

_ გადმო, ბიჭო, არ გესმის! ყრუა ეს მამაძაღლიშვილი?

მათრახიანი კაცი ერთ ტომარას აიღებს, ხვნეშით ამოვა მაღლა, თან მათრახი ისევ მაჯაზე დაჰკაკუნებს. მხარულით მეწევა გვერდზე, მეწევა კი არა, მაგდებს. ჰოდა, აი აქ კიამოხეთქა ტირილმა და ყვირილმა ერთად:

_ რათა, კაცო, რათა!

_ რათა და, თავი რომ გექცეს ქვათა, კაი გაუგონარი შენა ჰყოფილხარ! _ მიყვირის მეწისქვილე. მერე ისევ მათრახიან კაცს მიუბრუნდება, _ მიდი, დააყარე, რას უყურებ მაგლაწირაკსა!

მე ახლაც არ ვიცი, რა მოხდა. თვითონ ვერ შეიკავა იმ მათრახიანმა კაცმა თავი, თუ მე ვკარი მხარი თუ მუხლი. ტომარა გააგდო, ხელები ჰაერში გაასავსავა, უკან გადავარდადა იქ, ძირს, მძიმედ გაადინა ზღართანი საჯდომით…

ხომ არ დაგავიწყდათ, ამ ამბავს დათუნას რომ ვუყვები? აქ ის წამოხტება და სიხარულით გადაკოტრიალდება ხალიჩაზე, მერე მოვა, ისევ იღლიაში შემომიფუთფუტდება დაიქ გაყუჩდება თვალებგაბრწყინებული.

მე განვაგრძობ:

_ ჰოდა, გაადინა ზღართანი საჯდომით, ვიღაცებს სიცილი წასკდათ. აქ ხალხი იცინის ჩემზეო. წამოვარდა, შემოხტა მაღლა და ის მათრახი _ ერთი თუ ორი გადამიჭირა დაგადამიჭირა თავს ზემოდან, ბეჭებში. მაშინ კი ნამდვილად დავეჯახე, და დავეჯახე ისეთი გამეტებით, რომ თუნუქის რკალს გადააწყდა, იქიდან საფქვილე ყუთზე გაადინაბრაგვანი, ყუთი ამობრუნდა და ჩანჩქერივით წამოსულ ფქვილში გაეხვია გულაღმა გადაფეხვილი.

აქ ერთხელ კიდევ შეჰყიჟინებს და გადაკოტრიალდება დათუნა.

_ ისიც დავინახე, როგორ დაიფრუტუნა და გააქნია თავი, როგორ გაისვა მაჯა სახეზე… და როგორც კი ჩემკენ წამოვიდა მთვრალივით ნაბიჯარეული, გინებით _ მოსარიდებლად გადავხტი უკან. მაგრამ აქეთ კედელს მივაწყდი. შემოვბრუნდი, აქეთაც კედელი იყო, მტვრიანი თუ ფქვილიანი, ბრმასავით მივუსვ-მოვუსვი ხელები, ალბათქვის მოგლეჯა მინდოდა. ვიგრძენი, რომ რაღაც მძიმე და ცივი საგანი მომხვდა ხელში. ვნახე, ურმის ღერძი იყო, თვლების ხახუნით ბოლოებჩაჭდეული რკინის ღერძი, მთელი ძალით დავეჭიდე, ავწიე მაღლა, შევბარბაცდი, მაგრამ გავძელ… და დავინახე, როგორ გაჩერდა ფქვილით შეგანგლული მათრახიანი კაცი და ნამდვილი შიში, შორიდანვე შესამჩნევი შიში ჩაუდგა თვალებში.

მერე ვიღაცები გვეცნენ მეც და იმასაც. მე გარეთ გამათრიეს, იმ მძიმე ღერძის წართმევასაც მიპირებდნენ იქვე, მაგრამ, სანამ კარგა მანძილზე არ გამაცილეს წისქვილს, ხელიარ გავუშვი. იქ ცოტა დავმშვიდდი, ფიქრის საშუალება მომეცა და ტირილი დავიწყე. მარტო ჩემი თავი კი არ შემეცოდა,  შემეცოდნენ: ჩემი ძმა, ჩემი და, დედაჩემი და უხმოტირილი დავიწყე. რომ მნახეს ტირისო, იმ სხვაგნებურებსაც შევეცოდე და დამიყვავეს: _ კარგი, შვილო, რაც მოხდა, მოხდა, მოითმინეო. თანაც გამომკითხეს: ვინ ვიყავი, ვისი შვილი ვიყავი. მამაჩემის ხსენებაზე თავის ქნევასა და სინანულს მოჰყვნენ: აფსუს, ვაჟკაცოო, აფსუს, რა კაცი იყოო! ცოტა ხნის მერე მეწისქვილეც მოვიდა, ჩემდაგასაოცრად, გაღიმებული, ენადამტკბარი. ეს რა კრაზანა ბიჭი ჰყოფილხარ, რა უქენი იმოდენა კაცსაო. წამო, რაც მოხდა, მოხდაო, უნდა შეგარიგოთ, ეგა და მამაშენიძმაკაცები ყოფილანო. ამ ლაპარკში იყო, რომ ის მათრახიანი თვითონ მოვიდა ჩვენთან. ტასაცმელი გაებერტყა, მაგრამ მაინც ეტყობოდა, ფქვილში რომ იყო ნაგორავები, იმანაც გამიღიმა და ხელი გამომიწოდა _ შევრიგდეთო. მივხვდი, მამაჩემის სახელმა დაატკბო ყველანი, და ისევ ცრემლი წამსკდა. აბა, ეგეთია კარგი მამა!

დათუნა ქვემოდან შემომცინის.

ძალის-ძალით გამაწვდევინეს ხელი. წამიყვანეს მეწისქვილის ოთახში. პატარა სუფრა გაშალეს, მეც გვერდით დამისვეს. პურიც მაჭამეს და ღვინოც დამალევინეს, მაგრამ ჩემისიმინდი მაინც დასაფქვავი დამრჩა. იმ მათრახიანი კაცისა ეყარა. ის კი, კარგა შეღამებული იყო, მაშინ ძლივს ჩამოვიდა. აჰკიდა ცხენს, ჰაიტ, ვირისთავოო, წამომკრა კეფაში, ახლა უკვე ხუმრობით, ხომ მცემეო, არა, ხომ მცემე, შეგრჩეს, შვილო, შეგრჩესო, _ და წავიდა.

მე კი დავრჩი იმ ღამეს წისქვილში. დავფქვი, მოვიკუნჭე ერთ კუთხეში ჩემი ტომრიანად და ისე ვიყავი მთელ ღამეს. დარდი მაქვს: ჩვენებმა ხომ არ იციან, აქ რომ ასე ვარ. ძალიან შეწუხდებიან-მეთქი. სხვა მესაფქვავეებს ტომრებზე მიწოლილებს სძინავთ, მეწისქვილეც კი წაიძინებს ხამუშ-ხამუშ, მე კი ეს დარდი არ მასვენებს. ჩამთვლემს დაგავახელ თვალებს. წამოვდგები, გარეთ გავდივარ, აბა, თენდება თუ არა-მეთქი, რას შეატყობ, კუნაპეტი ღამეა. წისქვილის ხმა ისმის, მეტი არაფერი. ბოლოს ძილში ჩამესმა: ვიღაცა იძახდა _ გათენებულა კიდეცაო. წამოვხტი, კარი გავაღე. მართლაც და, თითქოს ჯანღი რამ გათხელდაო, აგრეა ნაცრიატები. მაშინვე გადავიკიდე ჩემი ტომარა დაწამოვედი. მეწისქვილემ მითხრა, რა გეჩქარება, ბიჭო, მოიცა, ცოტა ინათოსო. მაგრამ მე რაღა დამაყენებდა! მივეც თავი ბაღებს და მოვდივარ. თანდთან უფრო მკაფიოვდებახეები, მიწა, ბალახები. როგორც გითხარი, ნოემბრის ბოლოა, ნისლი ბარშია ჩამოსული და სცრის, თუ ის ნისლი მედება სველად სახეზე!

ბაღების მერე ნასიმინდარია, იმ ნასიმინდარში ხმელი შალაფა დგას. მივარღვევ, მივბარგანაობ. გავალ იქითა მხარეს, შევიქაქანებ და, ბიჭოს, ეს რა არის?! ორმოციოდენაბიჯზე სამი ლანდი ტრიალებს. ძაღლები არიან, ძაღლებს აქ რა უნდათ! მგლები და… ეე, გამახსენდა. აქ ცხენი ეგდო, არ ვიცი, თათრებს მოუკვდათ თუ იორმა დაახრჩო. ნამდვილად მგლები არიან და იმ ცხენს ჭამენ-მეთქი. შიშმა ამიტანა. რა ვქნა, უკან მივბრუნდე და გავიქცე? ვაითუ უფრო გამომიდგნენ. არა და… ჩავჯექი. კბოდეა პატარა, იმას ვეფარები. თან ფრთხილად, ფრთხილად ქვებს ვილაგებ კალთაში. ისინი კი ფაციფუცობენ, ერთმანეთს ახტებიან, სამნი არიან. თანდათან უფრო იკვეთებიან ნისლიდან.. და უცებ _ გაშეშდნენ, სამივემ ჩემკენ მოიხედა. მერე ერთმა შეიწკმუტუნა, შეხტა, ჰაერშივე შებრუნდა და მთებისაკენ წავიდა ხტუნვა-ხტუნვით. ის ორიც დაედევნა _ უხმოდ, ძუნძულით.

კარგად რომ გათენდა და ნისლმაც ზევით-ზევით აიწია, მაშინ ძლივს გავბედე ადგილიდან დაძვრა, გადავიკიდე ტომარა, ჩავუარე იმ დაჯიჯგნილ ცხენს. ვფიქრობ: ეს რაამბები გადამხდა ამ ერთ ღამეში-მეთქი. გავედი რიყეზე და ვხედავ _ ორნი გამოდიან წყალში, ჩემი ძმა და ჩემი ბიძაშვილი.

_ ეე! _ ვუყვირი მე.

_ ეე! _ მიყვირიან ისინიც და ფეხსაცმელს იქნევენ ჰაერში.

*

დათუნა კალთაში გადამიწვება გულაღმა. უხარია, მათრახიანმა კაცმა რომ არ მომკლა, მგლებმა რომ არ შემჭამეს. ჩემი მეუღლე კი მკაცრი მასწავლებელივით დაგვადგებათავზე:

_ ნუთუ არ შეგიძლია, მაგოდენა არ დაიღრიალო? ანდა, უბრალოდ, სწორად დასხდეთ?

მე და დათუნა წამოვსხდებით, ერთი ასეთი შემოხედვაც და დათუნა თავისი საწოლისკენ მიიძურწება, მე ჩემი სამუშაო მაგიდისკენ მივაფრატუნებ ფლოსტებს…

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button