ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – ხორასნელი ჭაბუკი

ხომ მიგდებთ ყურს? აი, რა გულსაკლავ ამბავს მოგვითხრობენ მეისტორიენი:თემურლენგი ბაღდადში ატარებდა ზამთარს. მივიდა მაცნე, მოჰყვა მეორე, მერე მესამეც – პირქვე დამხობილებმა მოახსენეს „სამყაროს მბრძანებელს“: ისევ აიშალნენ ქართველები, ისევ გამოიღეს ხელი, ჟლეტენ ჩვენს რაზმებსა და ურდოებს, გამაგრდნენ ციხეებში და უარს ამბობენ მორჩილებაზეო. თემურმა მხოლოდ წუთიერი გარინდებით გამოხატა განრისხება, ბაღდადიდან აიყარა, თავრიზს ამოვიდა, აქ ოთხ თვეს დაჰყო, ლაშქარი შეასვენა, შეავსო და მაისის ნახევარში საქართველოსაკენ დაიძრა.ასი კარნაი (უზარმაზარი ღოროტოტო) და ასი ვეება დოლი ჭექდა და დვრინავდა, ასი ათასი ცხენის ფლოქვებით ავარდნილი მტვერი ღამესავით მოაბნელებდა ხეობებს, ასი ათასი გაფხავებული შუბი და ზედგამობმული ცხენის ძუა მოჰხევდა და მოაწივლებდა ჰაერს, ბრიალებდა ქალაქები და სოფლები, მიწისძვრისაგან ჩამოშვავებულებივით ინგრეოდა ციხეები, იკაფებოდა ბაღები და ვენახები, ცხენებს უჭირდათ დახოცილთა გვამებში ბრუნვა და გაღიზიანებულები ეწვდებოდნენ ერთმანეთს კბილებით.მაინც აღმოჩნდა გაუტეხელი ციხე, ბირთვისად წოდებული – ას ორმოცდაათი ადლის სიმაღლე კლდის წვერზე აზიდული, ორმხრივ ღრმაღელეჩამომდინარი, ღრანტიანი, „ვიწრო ალაგი, რომე კაცისგან არ დაიდგომებოდა“.არ გამოდგა არც შერიგების ნიშნები, არც დასაშინებლად აგებული სიმაგრეები, არც ლოდსატყორცნები და არც თავგანწირული ყიჟინა-იერიშები ერთადერთი ვიწრო მისასვლელით. ქართველები ციხიდან გადმოყრილი ლოდებითა და მორებით სულ ადვილად იგერიებდნენ მოიერიშეებს, მერე ისხდნენ, მშვიდად პურობდნენ, ცას უშვერდნენ ყანწებსა და ჯამებს, – ბევრი ჰყავდათ საქონელი, ბევრი ქვევრი ჰქონდათ ღვინით სავსე. ოქრომკედით ნაქსოვი კარვის წინ მდგარი თვით „უბედნიერესი დამპყრობელი“ კი, დღეები დღეებს მისდევდა და, შუბლშეკრული შეჰყურებდა თითქოსდა ღრუბლებზე მიხატულ ციხეს.ერთ დღეს ვეზირებმა ერთი უცნაურად მომზირალი ქურთი მოჰგვარეს – სახელად ბიჩაგი, მუშაითი, საბელზე მოთამაშე, ოსტატი კლდეებზე და კედლებზე ცოცვისა, მაოცარი. ეს ბიჩაგი ღამით ქართველთა ციხეში ჩაპარულიყო, თხა დაეჭირა, თავი მოეჭრა, თავი დაბლა ჩამოეტანა ნიშნად, ტანი კი იქვე დაეტოვებინა, ციხეში. ისიც მიამბო ბიჩაგმა – რამდენი საკლავი ჰყავდათ ქართველებს, რამოდენა ქვევრები ჰქონდათ ღვინით სავსე, რამოდენა ორმოები – ხორბლით, როგორ ისხდნენ, როგორ პურობდნენ და მოილხენდნენ კიდეც.თემურს შვების ნათელმა გადაუარა სახეზე, ეამა ნამეტნავად ქართველ მეციხოვნეთა დამშვიდებულობა, ღვინის სმა და დროს ტარება. ბრძანა, დაეგრიხათ გრძელი და მტკიცე აბრეშუმის საბელები, იმ საბელებისაგან გაეკეთებინათ კიბეები, დაევალა ბიჩაგს, მოეძებნა მისი ხელობის კაცნი. წავიდა ბიჩაგი და მოიყვანა ორნი, – ისინიც მუშაითნი, მაოცარნი, ისინიც ტანმსუქნი და იდუმალი სიზვიადით მომზირალნი. თვითონ თემურმა მიიხმო ახლოს და ჩააცქერდა თვალებში, მერე გამოარჩია ორმოცდაათი მკვირცხლი და ხელღონიერი ვაჟკაცი, აუწყა, რაც ევალებოდათ მისი და ალაჰის ბრძანებით, გაუმასპინძლდა, როგორც უმასპინძლდებიან საპატიო სტუმრებს…და როცა მიიწურა მთვარე, გადადგა ოცდამესამე დღეში, აიკიდა საბელის დიდი, მძიმე ჩათო ბიჩაგმა, აიკიდეს მისმა თანმხლებმა მუშაითებმაც და ჩრდილებივით უხმაუროდ წავიდნენ ქართველთა ციხისაკენ. ნელ-ნელა, ღამის შავი ჰაერის ყნოსვით და მიწაზე ყურის ხშირ-ხშირი დადებით მიცოცავდნენ კლდეზე, ავიდნენ, შეისვენეს გალავნის ძირას, ხელზე ხელის მოჭერით გადასცემდნენ სანიშნებელს და სათქმელს. აცოცდნენ გალავანზედაც, ჩაიპარნენ ციხეშიც. ციხის ეზოში ერთი ხე იდგა, საბელები იმ ხეს გამოაბეს, ჩაუშვეს დაბლა, იქ დაბლადადარაჯებულებმა საბელებს კიბეები ჩააბეს, ნიშანი მისცეს და მუშაითებმაც ამოჭიმეს მაღლა.ციხის შეუვალობით გულდაიმედებულ ქართველებს „აოხრების ძილით ეძინათ“ (ბრჭყალებში ჩასმული სიტყვები მეისტორიეს ეკუთვნის). ამოვიდა კიბეებით თემურის მიერ დარჩეული ორმოცდაათი კაციც, მათ შორის ერთი ხორასნელი ლამაზი ჭაბუკი, იერით ჯერაც ისევ ყრმა; დადგნენ გვერდიგვერდ, გამოიღეს ხმლები, მაგრამ ხორასნელმა, რაღაც ჭაბუკური რწმენისა თუ გულოვანებისა გამო, არ იკადრა მძინარე ქართველთა ხოცვა, ასწია ხმალი მაღლა და დაიძახა დიდი ხმით: – ალაჰ, ალაჰ! – ღმერთო, ღმერთოო! შეძრწუნდნენ თათრები, წამოცვივდნენ ქართველები, დაიწყეს ცეცხლების გაღვივება, აანთეს სანთლები, მაშხალები, დაუშინეს ხმლები ზოგს თავისიანს, ზოგს თათარს; ვაი, რომ დაგვიანებით! ციხის კართან მიჭრილმა თათრებმა ბუკს სამჯერ ჩაჰბერეს. ეს კი ნიშანი იყო, დაბლიდან იერიში მოეტანათ. აქუხდნენ ღოროტოტოები და დოლები, დაიძრა თემურის ჯარი, ზოგი კიბეებით, ზოგი კლდეებზე ცოცვით, ზოგიც ერთადერთი მისასვლელი გზით, გაიღო ციხის კარი და იხუვლა თათრობამ შიგ…საბრალო ქართველები! სანამდე ღონე შესწევდათ, გააფთრებით იბრძოდნენ, თითომ ხუთი თათარი მაინც მოკლა, მაგრამ ეს მხოლოდ ბრჭყალის წაჭრა იყო გველეშაპისათვის. მოიგრაგნებოდა და მობღაოდა რაზმი რაზმებზე. სამოცამდე ქართველმა, დაჭრილმა და დასახიჩრებულებმა, დამორჩილების ნიშანი გამოჰკიდეს კოშკიდან, მაგრამ არა ქნა, არ შეიწყალა თემურმა. მაშინ, „ვისაც შეძვრის ღონე ჰქონდა, წაიკრეს ხელი ხმალთა, ცემით თათრის ლაშქარში შამოერივნენ და კიდევ მრავალი კაცი მოკლეს და თვითონაც ზედ შეაკვდნენ“.მზე რომ ამოვიდა, ბრძოლა უკვე დამთავრებული იყო, მაღალი, შეწუხებული კვამლი ადიოდა ციხიდან, ისმოდა ყრუ ტკაცატკუცი, ტყვე დედაწულის კრულვა, ქვითინი, გმინვა.თემური კარვის წინ იჯდა. მოჰგვარეს გასისხლიანებული, მხრებშეკოჭილი ხნიერი ციხისთავი. პირადად ჰკითხა თემურმა, ვისი მოშველიების იმედი ჰქონდა ციხეში ჩაკეტილს. ხმა არ ამოუღია ციხისთავს. დაამხეს, მიწა აალოკეს, აათხრევინეს, მაინც არ იღებდა ხმას. მაშინ ხელით ანიშნა თემურმა და წაიყვანეს ჯალათებმა, ტანჯვა-წამების საქმეთა დიდმა მცოდნეებმა, ციხისთავს გააყოლეს სხვა შეპყრობილი ქართველებიც.სულ ბოლოს მოჰგვარეს ჭაბუკი ხორასნელი, ისიც დაჭრილი, ფერდაკარგული, მაგრამ ფეხზე მაინც ამაყად მდგარი. თემურმა უკვე იცოდა ჭაბუკის დანაშაული, ამაზე არაფერი უკითხავს. მან მხოლოდ ის გამოჰკითხა – სადაური იყო, რა ხელობის კაცი ჰყავდა მამა, იცოდა თუ არა თვითონ მან, ჭაბუკმა, წერა-კითხვა, და როცა გაიგო, მამამისი წიგნების გადამწერი ყოფილიყო, თვითონ ჭაბუკმა თითქმის ზეპირად იცოდა ყურანი, წაკითხული ჰქონდა მრავალი დიდ-დიდი წიგნი, – თემური ხომ მფარველობდა მეცნიერებს და ხელოვან ხალხს, – ერთხანს მდუმარემ, კოპებშეკრულმა უყურა ჭაბუკს, მერე შეიბრალა.ბრძანა: უწამებლად, მჭრელი ცულით მოეკვეთათ თავი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button