რევაზ ინანიშვილი – ბებიას შეგონებანი
ბებია აკვანშივე შემაგონებდა, _ ჩუმად, ჩუმად, თორემ ქონიანი შავი კატა მოვა და წაგიყვანსო. საშინელებაა შავი კატა, მით უმეტეს _ ქონიანი. ერთხელ, უკვე ჯოხის ცხენზეგადამჯდარმა, ძველი სახლის სახურავზე დავინახე, რბილი, თანაც ღონიერი ნაბიჯებით მიდიოდა და რაღაცნაირი მუქარით მიიქნევდა თავს. კიდევ კარგი, რომ ბებია ახლოსიყო და მის კალთას მოვეფარე აცახცახებული!
ჯოხის ცხენზე გადამჯდარსვე, ვენახის ბილიკისკენ რომ მიმიწევდა პატარა გული, _ ის ბილიკი შედიოდა დაბურულ ხილნარში, ხეებზე ისხდნენ სხვადასხვა ფერის ლამაზიჩიტები და გალობდნენ, _ ჯოხის ცხენზე გადამჯდარს და უცებ შეჩერებულს, ბებია მაშინებდა თავგლეჯელებით. გაჰყვებოდა ბილიკი ბილიკს, ვენახის ბოლოში, კუნლიანებში და ჩალიანებში, ისხდნენ ის თავგლეჯელები, კბილებდაკრეჭილი ცხრაბეწვა თავგლეჯელები ნამდვილად იქ იყვნენ ჩაკუნტებულნი. იქიდან გამოცურდაერთხელ ოქროს საყურეებიანი დიდი გველი. წიოკით გავიქეცი ისევ ბებიასაკენ. ბებიამ დამამშვიდა ლოცვით, _ გულო, ნუ შეგეშინდება, გულო, ჩაჯექ ალაგასა… გულო, ნუშეგეშინდება, გულო, ჩაჯექ ალაგასაო…
მერე ბებია მაშინებდა ეშმაკებით, ქაჯებით. შებინდდებოდა თუ არა, შინ უნდა გავქცეულიყავი, თორემ ეშმაკი მაცდუნებდა, გამიტყუებდა. გადაიქცეოდა პატარა ბატკნადანდა ნუკრად, ჩამირბენდა გვერდზე, მე გავედევნებოდი, ბატკანი ან ნუკრი არც გამექცეოდა, არც დამეჭერინებოდა. ვირბენდით ეგრე, მერე ეშმაკი ისევ ეშმაკადგადაიქცეოდა, მტაცებდა ხელს, წამომიგდებდა ზურგზე და გამაძუგძუგებდა თავის შვილებთან. ეშმაკის შვილები კიდევ, ეშმაკუნები, ამაგდებდნენ რქებით, გადამაგდებდნენდა გადმომაგდებდნენ, გადამაგდებდნენ… და გადმომაგდებდნენ. ქაჯმა ღიტინი იცოდა. ქაჯი გიღიტინებდა, გიღიტინებდა და ეგრე ღიტინით დაგაოსებდა, მოგკლავდა.
უკვე ბიჭობაში შესულს, მდინარეზე გაჩვეულს, შეძრწუნებული სახით მაფრთხილებდა ბებია, _ წყლიდან ალი არ ამდევნებოდა! ალი შიშველი, პატარა ლამაზი ქალი იყო. კოჭებამდე დასთრევდა ოქროსფერი თმა. იმ თმაში ხან გაეხვეოდა, ხან გამოჩნდებოდა, თუ აგედევნებოდა, სახელს დაგიძახებდა, მიიხედავდი, დაინახავდი სულოქროსფრად განათებულს, გამოგიჩენდა მარტო გიზგიზა თვალებს და ვაშლისოდენა ძუძუებს, და ის გიზგიზა თვალები და ვაშლისოდენა ძუძუები ისე მიგიზიდავდნენ, როგორც მაგნიტი იზიდავს რკინას. მიგიკრავდა, გაგახვევდა თმაში და ობობასაგან სისხლგამოცლილ ბუზსავით გამხმარს გიპოვნიდნენ ერთი კვირის შემდეგ.
ცოტა ხანიც და ღიმილიანი შიშით მეჩურჩულებოდა ბებია, _ ქალს უნდა უფრთხილდე, შვილო, ბოლოქანქალასავით მოსიარულე ქალს! ცოლის მოყვანას რომ დააპირებ, კარგად დააკვირდი, იდაყვმწვეტმა და ჭრელთვალებიანმა ქალმაც არ შემოგაპაროს თავი. იდაყვმწყვეტი და ჭრელთვალებიანი ქალი გაცივდება ყინულის ლოლუასავით, გაეყინება თვალებიც და შენც გაგთოშავს, სულ მობღუნძულს გატარებს ოთხფეხსავით.
მეშინოდა ქალისაც.
სულ ბოლოს კი, როცა ერთხელ კოლმეურნეობის ბრიგადირს ვეჩხუბე, აი, რა შემაგონა ბებიამ, _ ადამიანს, შვილო, ერთი ყველაზე საშინელი მტერი ჰყავს და იმისდასამორჩილებლად ოცდათორმეტი ბურჯი მოგვცა ღმერთმა. ხომ მიხვდი, რომელ მტერზე გეუბნები, მაგან დაღუპა მამაშენი, ბიძაშენი და პაპაშენი, ისიც არ ვიცით, სადჩააყრევინა ძვლებიო.
ვერ მივხვდი-მეთქი, ვერა…
ამ შეგონების მერე ბებია მალე მოკვდა…
ჩემი ოცდათორმეტი ბურჯი ხელიერთპირად დაამხო ცინგამ.
საბრალო ბებია!
რა ლამაზ სამყაროს მიქმნიდა თავისი შეგონებებით: რა ლამაზები იყვნენ ქონიანი კატები, ცხრაბეწვა, კბილებდაკრეჭილი თავგლეჯელები, ქაჯები, ეშმაკები, ალები, ბოლოქანქალასავით მოსიარულე, თვით ყინულის ლოლუასავით გაცივებული ქალებიც კი… რა ლამაზი იყო ოცდათორმეტი თეთრი ბურჯი, მათ შორის მომწყვდეული ჩვენიუსაშინლესი მტრით.
საბრალო, საბრალო ბებია!