ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – გუთნის სალესავი

რა ახსოვდა პაპას ყველაზე კარგად თავისი ბავშვობიდან? რა და, პირველად რომ წაიყვანეს გუთანზე მეხრედ.

როგორც ყველაზე პატარა, ყველაზე თვინიერი და გამწევი ხარების უღელზე დასვეს; როგორც ყველაზე წკრიალა ხმის მქონე, ამღერეს და ამღერეს ოროველა; ხოლო შუადღისას, საქონელი რომ გამოუშვეს, თითო ჯამი კორკოტი შეჭამეს, თითო მოწაფება წყალი დალიეს კოკიდან და აქეთ-იქით მიწვნენ თვალის მოსატყუებლად. დაუძახა პაპას მოხუცმა გუთნისდედამ მოკაუჭებული თითით.

– მოდი აქ, შვილო, შენ ყველაზე ყოჩაღი ხარ! – მისცა ერთი დიდი, მოგრძო ქვა და თავზე ხელი გადაუსვა, – აგერ, ქვემოთ, ობოლ თელასთან რომ გუთნეულია გამოშვებული, ხომ ხედავ? ჩადი და ეს გუთნის სალესავი იმათ გუთნისდედას მიეცი. ნათხოვარი გვაქვს და სირცხვილია, დროზე რომ არ დავუბრუნოთო.

პაპა მართლა ძალიან ყოჩაღი ბიჭი იყო. შეიდო ის ქვა მხარზე და სულ სირბილ-სირბილით ჩაუტანა ობოლ თელასთან გამოშვებული გუთნეულის გუთნისდედას. იმ გუთნისდედამ ქვა ჩამოართვა, გადაატრიალა, გადმოატრიალა, წაძინებული მეხრეები გააღვიძა, იმათაც აჩვენა და ჰკითხა:

– განა ეს ჩვენი გუთნის სალესავიაო?

მეხრეებმა ხელები გაასავსავეს, არა, არა და არაო.

მაშინ ის ქვა ისევ მხარზე შეუდო პაპას ობოლ თელასთან გამოშვებული გუთნეულის გუთნისდედამ და უთხრა:

– შენ, შვილო, გეტყობა, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ იმ თქვენს წუწკ გუთნისდედას ასე უთხარი, ეგეთები არ იყოს, ეს ჩემი სალესავი არ არის და არც მივიღებ, მე რაც მოგეცი, ის გამომიგზავნე-თქო.

აუტანა პაპამ ის ქვა თავიანთ გუთნისდედას და დანაბარებიც გადასცა. გუთნისდედა შეწუხდა, თავის მეხრეებს მოუხმო და გამოიკითხა:

– განა ეს სალესავი არ გვქონდა წამოღებული? ვასო, შენ არ გამოართვიო?

ვასომ კეფის ფხანა დაიწყო, დაირცხვინა:

– არა, ეგ არ არის. ის, აგერ, იქით, ძეძვის ძირში მაქვს შენახულიო.

წავიდა და უფრო დიდი ქვა მოიტანა.

– აი, წაუღე და მიაშავე იმ არსაცხონებელსაო.

შეიდო პაპამ ის დიდი ქვაც მხარზე, არ იმჩნევს, რომ მძიმეა, გაირბინა რამდენიმე ნაბიჯი წელში გაღუნულმა და ატყდა უცებ ერთი სიცილ-ხარხარი. მიბრუნდა პაპა და რასა ხედავს: ზოგი მეხრე მიწაზე გორავს, ზოგს ორივე ხელით უჭირავს მუცელი, გუთნისდედა კი თავისი მოკაუჭებული თითით ეძახის:

– დააგდე, შვილო, ეგ ქვა და ამოდი აქ.

დააგდო ის ქვა პაპამ და ავიდა ზევით. ახარხარებული მეხრეები გარს შემოეხვივნენ. გუთნისდედამ მხარზე ხელი გადასდო და დაარიგა:

– ძალიან ყოჩაღი ბიჭი ხარ და დღეის ამას იქით ცოტა ფხიზლად იყავი. უნდა იცოდე, რომ გუთანს სალესავით არ ლესავენო.

მეც მახსოვს, ჩემს პატარაობას, მე და პაპა რომ სოფლის სალაყბოზე გავდიოდით, იქ ერთი მთლად გათეთრებული, ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი მაშინვე ამას ჰკითხავდა ხოლმე პაპას:

– ბიჭო, გიორგი, აპირებთ თუ არა შენა და ის შენი წუწკი გუთნისდედა ჩემი სალესავის დაბრუნებასო.

პაპაჩემიც, ის პაპაც და სხვა პაპებიც იცინოდნენ, თავებს აქანქალებდნენ, ჯოხებს აბაკუნებდნენ და ცრემლიან თვალებს ხელის ზურგებით იწმენდდნენ.

– ეჰ, ნეტავ იმ დროს, ნეტავ იმ დროს, არსენა ძიაო, – ამბობდა პაპა და თავზე მოფერებით მისვამდა ხელს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button