ვაჟა-ფშაველა – ტყის კომედია
მოქმედება პირველი
გამოსვლა პირველი
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი.
(დაბურულ ტყეში დიდ მუხის ფესვებთან აბუზულა და სტირის. მის გვერდზე პატარა ამოჩიჩქნილი ორმო მოსჩანს. მეორე თაგვი მორბის, პირველს ვერ ამჩნევს, უნდა გასცდეს).
თებრონე, თებრონე! მოიხედე აქეთ, ყურს აღარ მიგდებ? გამიგონე, მოდი აქ, მომხედე! (მეორე თაგვი შედგება).
მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. დილამშვიდობისა! რა იყო, რა ამბავია? (მიუახლოვდება). სონა, შენა? რა დაგმართნია, რა გატირებს?
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. რაღა რა მატირებს?! დავიღუპე, დობილო, დავიღუპე! აი, დაჰხედე ამ ორმოს. იმ შეჩვენებულს, იმ წყეულს ვიღაცას დაუცარიელებია. მერე, იცი, რა თხილი მქონდა შენახული, სულ საუკეთესო, გადარჩეული. ამოუთხრია, ამოუღია ვიღაც რჯულზე ხელაღებულს! დამსვა ცარიელზე იმ ღვთისაგან წყეულმა, ეგები ჩემის ცოდვით კბილები დასცვივდეს და თვალები დაეთხაროს.
მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. შხამად შეარგოს! არა, იმ ოხერს, რა ამაგი ჰქონდა გაწეული, რომ ეგრე უღმერთოდ და უნამუსოდ მოქცეულა?!. მაჩვი, ღორი, ან დათვი იქნებოდა. (თვალებს დიდად ახელს). უეჭველია, თაგვთაგანი მაგას ვერ გაბედავდა ვერავინ, რადგან შევუტყობდით და დაისჯებოდა სასტიკად. სხვის საკუთრების ესე უხათროდ მოპყრობა კაი საქმე არ არის.
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. რის კარგი, გენაცვალე! ასეთი უხათრო ზნეობა და ყოფაქცევა თუ გამეფდა ტყეში, სათაგვეთი სულ გასწყდება, ამოვარდება. ხუმრობა საქმეა?! საით სადა ვზიდე, სულ თითო თხილობით ვაგროვე, ვაკოწიწე; ზამთარში, განა არ იცი, როცა თოვლს დასდებს, საზრდოს შოვნა ძნელია და ვაი იმის ბრალი, ვისაც საკუჭნაოში არაფერი აბადია, ამოსძვრება სიმშილით სული. მერე, ამ ორმოს საქორწილოდ ვუფრთხილდებოდი. განა არ იცი, ბიჭი დასაქორწილებელი მყავს და გოგოც გასათხოვარი. აბა, ეხლა საით როგორ გავუძღვე ამოდენა ხარჯსა! ერთადერთი ორმო თხილიღა მაქვს შენახული, აგერ იქ, ხევ-გაღმა და იმით რომელ ერთ ხარჯს გავუძღვე?
მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. (თავს აქეთ-იქით იქნევს). მაშ, მაშ! ჰმ! ჩვენში კი დარჩეს და ერთი რამ უნდა გითხრა. მართალია, ღორსა, მაჩვსა და დათვს დავაბრალე (თხილის ორმოს ათვალიერებს), მაგრამ არა, ეს არც ერთის ბრალი არ უნდა იყოს! ორმოს ზედ მუხის ფესვი აფარია. ყოჩაღ, გცოდნია სად და როგორ გააკეთო ორმო. ეგრე უნდა. ღორს ან მაჩვს რომ ამოეთხარა, უეჭველად ფესვს ამოგლეჯავდენ და დიდათაც ამოსთხრიდენ; მე, ვიდრე ხერხს ვისწავლიდი, სად როგორ გამეკეთებინა თხილის ორმოები, ბევრი თხილი შევწირე იმათ გაუმაძღარს ლაშ-პირს… ეს თაგვის ოინია. (დაბალ ხმაზე). სიმშილაანთიდან მუდამ ღამე ორონტრიალის, ტაშ-ფანდურის და ჭიანურის ხმა ისმის; საიდან? როგორ? (პირველი თაგვი ყურებს ასცქვეტს).
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. სთქვი, სთქვი! (სახე უბრწყინდება). რაღაც ახალი გინდა სთქვა და იქნება გამოდგეს.
მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. ახალს ამბავს გეტყვი და შენ იცი, რომ გულში გექნება და ჯერჯერობით არ გამოამჟღავნებ. ცოტა ხანს ყური ვუგდოთ… ჰოო, იმას გიამბობდი, სიმშილაანი, განა არ იცი, რაც ოფლის პატრონნი ბრძანდებიან. ამ ორის კვირის წინად თავად სიმშილა დადიოდა და დამთხოვარაობდა კარდაკარ, ჩემთანაც მოვიდა: ღონეს გამხადე, ერთი ათიოდე თხილი მასესხეო. მე უარი ვუთხარი და წავიდა. ვგონებ… ვგონებ კი არა, ნამდვილია, რომ სხვებმაც არაფერი მისცეს და ყველა იმას ეუბნებოდა, ამ ზაფხულს სად იყავი, რატომ არ იშრომე, არ გაისარჯეო. აბუზული დადიოდა.
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. უყურე შენ! უყურე, დაიცა, აქ საქმეა! მოიცა, მერე?
მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. მერე შევხედო, მეორე, მესამე დღეს ჭიანურისა და არხალალო-ვარხალალოს ხმა ისმოდა სიმშილაანთაგან. ბიჭოს!.. ეს რა ამბავია? – მე ჩემთვის ვიფიქრე, – ნუთუ ყველა ეს სიმშილის ბრალია? თავად სიმშილა ისეთ ბუქნაში ამოდიოდა, რომ ქუდი ცაში და ტანისამოსი ცეცხლში გადადიოდა.
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. ჰოო, მაშ, ბევრი კვალის კვლევა საჭირო აღარ არის. რასა ჰმალავდი, წეღანვე ემაგრე იტყოდი, შე კარგო ადამიანო?!
მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. ეს განა მარტო მე შევნიშნე, მთელი ქვეყანა გაოცებულია სიმშილაანთ ლხინ-გახარებით; ქევხაანთზე კაი ოჯახი სად არი ამ ჩვენ არემარეში და ისინი მესამედადაც კი არა ჰლხინობენ. რა ვიცი, რამ გააგიჟა ეგ ხალხი, თუ იმათ თავს ერთი რამ ამბავი არ არის? ეს დაიხსომე. მე ეჭვით ვლაპარაკობ, ხოლო თავის თვალით არაფერი მინახავს და ყურით რაც მესმის, იმას მოგახსენებ.
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. უეჭველია, სიმშილაანთ იქით არ ვეძებ. მიკვირდა, განა არა, ამ ერთ კვირაში, სულ, აი, ამ ზვარეში მხვდებოდა, აქ დაეთრეოდა. მეც ხომ ყარაულად არ უდგევარ ჩემ ორმოებს: ხან ერთ ბინაზე ვარ, ხან – მეორეზე, ხან – მესამეზე. შაიგულებდა და მემრე ერთ ღამეს გადაჰზიდავდენ. მე შენ გითხრა, გასაწყვეტებს უკაცურობა შეაწუხებდათ, ბუზებივით ირევიან. მაშ დედაკაცი არ ვიქნები, ისეთი დღე არ დავაწიო, თავის გაჩენის საათსა სწყევლიდეს. იქნებ იმას ფიქრობდეს, ქვრივ-ოხერია, ვინა ჰყავს პატრონი, შამრჩება, არაფერიაო!.. მოიცა, ამ კავებს გავიყრეინებ, თუ ვერ ვაწვნიო!.. (ამ დროს ცაზე ძერა გამოჩნდება და თავს დასტრიალებთ).
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. თებრონე, თებრონე! ჩქარა თავს ვუშველოთ.
მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. რაო? რა ამბავია?
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. შეიხედე მაღლა, ჰხედავ, როგორ თვალებს გვაცეცებს ის… ისა?
მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. (ცაში იცქირება). უჰ, ღმერთმა დაგწყევლოს! (ორივენი სოროში შეძვრებიან).
გამოსვლა მეორე
(სოროს კარებზე გამოჩნდება მესამე თაგვი ც ე ლ ქ ა)
ც ე ლ ქ ა. (მისჩერებია სოროს კარებს). ოჯახის პატრონო, ოჯახის პატრონო! შინ არავინა ხართ?
ხ მ ა ს ო რ ო დ ა ნ. შინა ვართ, ვინა ხარ?
ც ე ლ ქ ა. სიდედრო, შენ? მე ვარ ცელქა, შენი სიძე. (იტყვის რა ამას, იჭიმება და ულვაშებს ისწორებს).
ხ მ ა ს ო რ ო დ ა ნ. შინ შემოდი, მანდედამ რას იძახი? აბა, მაღლა აიხედე, შენს თავს რა ამბავია?
ც ე ლ ქ ა. (იცქირება ცაში). აქ არაფერიც არ არის.
ხ მ ა ს ო რ ო დ ა ნ. როგორ არა, ეხლახან ძერა დალახლახებდა, თავზე არ დაგეცეს.
ც ე ლ ქ ა. ჰმ, მა რაღა ბიჭობაა ჩემი, ძერამაც შემაშინოს, მით უმეტეს აქ ძერა არსადა სჩანს, მხოლოდ მუხაზე ერთი ჩხიკვი ზის და ნისკარტით ტალახიან ფეხებს იწმენდავს. მე ვერც კი მხედავს, შენც, ჩემო სიდედრო, გარედ გამოიხედო, ძალიან კარგი იქნება, რადგან მშვენიერი მზიანი დღეა, ცოტა რამ სალაპარაკო მაქვს, მეჩქარება.
ხ მ ა ს ო რ ო დ ა ნ. აქ, შვილო, სხვა სტუმარიცა მყავს, ამას მარტოკა თავს ვერ დავანებებ. (სონა და თებრონე სოროდან იჭყიტებიან).
ს ო ნ ა. მშვიდობა შენს მობრძანებას, სიძევ ბატონო!
თ ე ბ რ ო ნ ე. მშვიდობა შენთან, ვაჟკაცო ტოლ-უპოვარო!
ც ე ლ ქ ა. ღმერთმა მოგცესთ მშვიდობა, ძვირფასნო მანდილოსანნო.
ს ო ნ ა. სიძევ ჩემო! მინდოდა შენი მოსვლა და სწორედ იღბალზე მოხვედი.
ც ე ლ ქ ა. მგონია, ჩემო სიდედრო, რომ მე წარამარა და უიღბლოდ არ უნდა დავდიოდე.
ს ო ნ ა. საქმიდანაცა სჩანს. სწორედ აგრეა. მეც იღბალი მქონია, რომ მოხვედი. შენი თავი ჩემთვის ძალიან საჭირო იყო.
ც ე ლ ქ ა. ცოტა რამ სუნი ავიღე საქმისა… ყურებში რაღაც დამაწყდა.
ს ო ნ ა. ოჰ, ოჰ, სიძევ, მე ხომ დავიღუპე, დამღუპა ვიღაცამ, იმ დასაღუპავმა, პირდაპირ დამღუპა, მთელი ორმო თხილი მოუპარია ვიღაცას და დავუგდივარ ცარიელზე. (გაისმის ამ დროს შაშვების და ჩიტების ფთხრიალი, ჟივილ-ხივილი, „ჩხი-ჩხიოს“ ყვირილი ჩხიკვისა. ისმის ძლიერი ფეხის ხმა, ბარტყუნი და ბურტყუნი, ხეების ლაწალუწი. გამოჩნდება დათვი. ცელქა მუხის ფესვს მოეფარება. სოროში თაგვები გაინაბებიან).
დ ა თ ვ ი. (თავისთვის. იცქირება აქეთ-იქით, დაბლა). აღარა ღირს სწორედ ამ ტყეებში სიცოცხლე, ლამის სიმშილით სული ამომხდეს, ახლა ვის წყალობით? ვიღაცა ჭია-მატლებისა; ჩიტები ვარო, თაგვებიო; პირდაპირ ლუკმას გაცლიან პირიდან, ნეტა რა ასოტანისა და შეხედულობის პატრონები! ჩიტები კუნელს, ასკილს, ზღმარტლს აღარ უშვებენ ხეზე და თაგვები – თხილს, კაკალს, წაბლს, წიფელას – დედამიწაზე, წადი და იცხოვრე! ჯერ კიდევ ორი თვე ზამთარია. ნეტავი შემეძლოს, ხელი მიმიწვდებოდეს, სულ გავჟუჟო ეს გასაწყვეტები! (დათვს თავზე ჩხიკვი დასჩხავის. დათვი ბუზღუნით ტყეში მიიმალება.)
ც ე ლ ქ ა. აი გაგიხმა თავი! შენ გინდა ცხოვრება და სხვას არა?
თ ა გ ვ ე ბ ი. მეხი კი დავაყარეთ მაგის ტურტლიან თავსა! (ცელქას) წავიდა?
ც ე ლ ქ ა. სერი გადაიარა. ეტყობა, საფანელი შემოჰკლებია, რომ აგერე სწყრება.
თ ა გ ვ ე ბ ი. (გამოვლენ გარეთ, სოროს პირზე დაყუნტდებიან). ესემც წასულა – აღარ მოსულა!
ც ე ლ ქ ა. ამინ და ეგრე იყოს! ძალიან მეწყინება, თუ არ დაგიშლიათ…
ს ო ნ ა. ჩემო სიძევ, შენ გენაცვალე, მე ეგ არ მაჯავრებს, დათვის წყრომა ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. ვინძლო დამეხმარო. უნდა ვეცადოთ, ქურდი როგორმე გამოვაჩინოთ.
ც ე ლ ქ ა. ჩემო სიდედრო, შენ ნუ გეშინიან. ქურდი გამოჩენილია. მორჩომილია. მთელმა ქვეყანამ იცის. ულვაშს მოვიპარსავ, თუ ჩემი ეჭვი ტყუილი გამოდგება.
ს ო ნ ა. ვინა გგონია? (თებრონეს მიუბრუნდება) ყოჩაღია ჩემი სიძე, შენ არ დაიჯერებ, ეცოდინება.
თ ე ბ რ ო ნ ე. შეიძლება, არ არის საკვირველი!..
ს ო ნ ა. (ცელქას) თქვი, შე კაი კაცო, ჩვენთან რასა ჰმალავ?
ც ე ლ ქ ა. დასამალი რაა? სიმშილაანთ გაიტანეს შენი ქონება.
ს ო ნ ა. ყოჩაღ, ჩემო სიძევ, ყოჩაღ, როგორ მიუგნია. აი, სიძე ამისთანა უნდა!
თ ე ბ რ ო ნ ე. (ცელქას) დღეგრძელი ხარ!.. სწორედ აგრეა, ჩვენც, ვიდრე შენ მოხვიდოდი, სწორედ ამ საგანზე გვქონდა სჯა და ჩვენც ეჭვი იმათზე მივიტანეთ.
ც ე ლ ქ ა. უეჭველია. ყველაც, ვინც კი გაიგო, სიდედრო, შენი ორმოს გატეხა-გაქურდვა, სიმშილაანთ აბრალებს. ეს ერთი კვირაა, დიდ ზეიმებსა ჰმართავენ თურმე.
თ ე ბ რ ო ნ ე. (თავმომწონედ, სონას) რო გითხარი, ქალო, ნახე? მაშ, ტყუილი არ მითქვამს.
ს ო ნ ა. (თებრონეს) იცოცხლე, ქმარ-შვილი გიცოცხლოს! (ცელქას) მაშ ჩემო ძვირფასო სიძევ, როგორ მოვიქცეთ, რას მირჩევ? მე მგონია, ასე აჯობებს, შენ ეხლავე გასწი და, საცა იყოს და არ იყოს, გზირს, მამასახლისს, ნაცვალს შეატყობინე. თითო წამი ძვირფასადა ღირს, დააკარ პური თორნეს, ვიდრე ცხელია. ამაღამვე თავს დავესხათ, სახლი გავუჩხრიკოთ. არ შეიძლება, ნიშანი რამ არ ვიპოვოთ.
თ ე ბ რ ო ნ ე. დიაღ, დიაღ, სწორედ მაგრე უნდა მოიქცე, სჯობს მოგვარება საქმისა, არ დაყოვნება ხანისა. წადი ეხლავე, გასწი!
ს ო ნ ა. აბა, ჩქარა! ეცადე, არ გიაზრონ სიმშილაანთ, რისთვისაც დასდიხარ და არ გაფრთხილდენ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
თ ე ბ რ ო ნ ე. მტერი დაგიმარცხოს!
ც ე ლ ქ ა. მივდივარ. მშვიდობით! (გარბის კუდაბზეკილი. ისმის ტყეში ღოროტოტოს ხმა, ძაღლების ყეფა: ღაფ, ღაფ, ღაფ! გამორბის კურდღელი. ხამუშ-ხამუშ შესდგება, ყურს უგდებს, თრთის, კანკალებს. მორბიან შვლები, ირმები თვალდაფეთებულნი. ისმის თოფის ჭახა-ჭუხი. ჩიტები ხეებზე ბუზღუნებენ, იწყევლებიან, იქოლებიან, თაგვები სოროში გარბიან).
მოქმედება მეორე
გამოსვლა პირველი
(ღამეა. სიმშილაანთ ბინა. კერაზე ცეცხლი ანთია. ცხრა-ათი სული ფუსფუსებს. სიმშილა, ოჯახის უფროსი თაგვი, ცეცხლაპირას შემოწოლილა).
ს ი მ შ ი ლ ა. (წამოიწევს) აბა, ერთი, დედაკაცო, „სონასეული“ მოიტა, ვახშამი გავაჩაღოთ. (სონასეულს ნაქურდალს თხილს ეძახდა). ხელადაში ღვინო იქნება, ისიც მოიტა, სონა-ქალი უნდა ვადღეგრძელოთ, – მე და ჩემმა ღმერთმა, ძალიან თხილი შეუნახია და ის დალოცვილიშვილი რომ არცა კითხულობს?! იქნება იმას თავისი ორმო ისევ სავსე ჰგონია?.. ხა, ხა, ხა! იმედიც კაი საქონელია! როცა ჰნახავს, საქმე მაშინ არი, მაგრამ მინამდე ჩვენ კიდეც გავათავებთ. ბლომად არის კიდევ?
კ ე კ ე ლ ა. (ცოლი.) ჯერ კიდევ ბლომად არის. ამ დალოცვილმა ძალიან ბარაქა გამოიღო…
ს ი მ შ ი ლ ა. სადა გაქვს შენახული?
კ ე კ ე ლ ა. ბრძამის კალათში. თხილი იყოს, თორემ ბუნაგზე არ დავღონდები.
ს ი მ შ ი ლ ა. მოიტა და ყველას ჩამოურიგე თითო თხილი. მე, ხომ იცი, ერთი არა მყოფნის, მაშასადამე, ორი უნდა მომიტანო. თქვენ კი, ბიჭებო, საკრავები მომართეთ.
კ ე კ ე ლ ა. ამ საათში. (მიდის და მოაქვს თხილი და ურიგებს ყველას). დაიჭით, ჩამომართვით, შაირგეთ და გაიხარეთ!.. (შვილები ჭიანურსა და ფანდურს აწყობენ) ესეც ღვინო, ესეც ყანწი. (მოიტანს და დაუდგამს ქმარს გვერდით ხელადას, რომელსაც ყანწი აქვს პირში დაცული).
ს ი მ შ ი ლ ა. აგაშენოს ღმერთმა, ჩემო დედაკაცო, ყოჩაღ! აი, ეხლა მომწონხარ, აი ეხლა კი ხარ კაი დედაკაცი. (ასხამს ღვინოს ყანწში და ილოცება( დიდება ღმერთსა, დიდებული ღმერთი შეგეწიოთ, ჩემო ცოლო და შვილებო, აგავსოთ პურითა, ღვინითა და თავში ტვინითა. ეს უკანასკნელი კი ყველასა სჯობია, მე და ჩემმა ღმერთმა… ურააა! აბა, ბიჭებო, ჭიანური! ჩქარა მორჩით, რა დაგემართათ, გული ნუ გამისიეთ…
შ ვ ი ლ ე ბ ი. ეხლავ, ემ საათში! აჰა, დაჰკა, ბიჭო, დაჰკა! (გაისმის ჭიანურის და ფანდურის ხმა. ერთი დოლს უკრავს).
ს ი მ შ ი ლ ა. (ცოლს) ბარემ, ფეხზე ხარ, მოდი ერთი შენებურად დაუარე, პატარა გული გამიხალისე!
კ ე კ ე ლ ა. მაგაზე ადვილი რაღაა, შე კაი კაცო?!. (თამაშობს. ისმის ხმა გარედან: ოჯახის პატრონო, ოჯახის პატრონო! საკრავების ხმა შესწყდება. პასუხს აღარ უცდიან და სიმშილაანთ კერაზე გამოიჭიმება მამასახლისი თავის იასაულებით, ჩაფრებით, ცელქა, სონა, თებრონე და სხვანი).
მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. აგაშენოსთ ღმერთმა! კაი დროს მოვედით! სიდედრსა ვყვარებივართ. ჩვენ კი არ დაგვპატიჟებთ?!. (ყველანი ფეხზე ადგებიან).
ს ი მ შ ი ლ ა. მობრძანდით, თქვენი ჭირიმე, სტუმარი ღვთისაა.
ს ო ნ ა. აბა, რა? რატომ არ დაგპატიჟებთ! ვერ დაგიხვდებათ თუ? ნაქურდალი, მე შენ მოგახსენო, ცოტა აქვს! ფასი არ გასვლია და პატივი. აი, შე წაწყმედილო, შე უღმერთოვ, შენა! რაზე დამღუპე და დამანიავე, შე დასაღუპავო, შე ღვთისაგან წყეულო! (დაეწვდება დაბლა, იღებს თხილსა) ეს საიდან მოიტანე? საიდან? ჩქარა მიპასუხე!
ს ი მ შ ი ლ ა. ღმერთმა ნუ გიცის. როგორ საიდან? თუ შენა გაქვს თხილი, ჩვენ რაღა დაგვემართა, რო არა გვქონდეს?..
მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. ეხლა ჩხუბისა და ლაპარაკის დრო არ არის. მე ჩემი სამსახური უნდა შევასრულო. ეს ადამიანი გიჩივისთ თქვენ ქურდობაზე, ამისთვის თქვენ, სიმშილაანო, ერთი ორმო თხილი მოგიპარიათ, რომელიც დიდ ნაკაფ მუხის ფესვებს ქვეშ ჰქონია შენახული და ამიტომ საჭიროდ ვცნობ სახლი გაგიჩხრიკოთ.
ს ი მ შ ი ლ ა. (მამასახლისს) თქვენი ნებაა, გაჩხრიკეთ, მაგრამ ეს კი უნდა გითხრათ, რომ თხილი თხილსა ჰგავს, სერი და დამღა არა აქვს, რომ იმითი იცნოს დამკარგავმა თავისი საქონელი… მაშასადამე…
ს ო ნ ა. უყურეთ, უყურეთ, ამ წაწყმედილს, ამასა! მაგ ხრიკებით გინდა გახვიდე ფონსა? ვერ მოგართვით, განა არავინ იცის, რომ ეს ერთი თვეც არი, რაც თქვენ ჯერი გაგითავდათ და მთელი სოფელი შესძარით თხოვნითა და ხვეწნითა. თუ გქონდათ საზრდო, ქვეყანას რაღაზე აწუხებდით, თქვე ამოსადაგავებო?
მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. გაჩუმდით, ლაპარაკის დრო არ არის. (ნაცვალს) შენ სანთელი მოანთე. (მიდის და ათვალიერებს სახლის კუთხეებს. კედლის ბოძის გვერდით პოულობს ბრძამის კალათს) ეს რა არის? აქ რაღაც ჩხაკუნობს. საიდან მოვიდა აქა? ხმა ღვთისა – ხმა ერისაო, – ტყუილად კი არ იძახოდა ხალხი, მთელი დუნია. (უშენს სიმშილას მათრახებს) შე ავაზაკო, შე ყაჩაღო! (სიმშილა ხან ერთ კუთხეში გარბის, ხან მეორეში).
ს ი მ შ ი ლ ა. სიტყვა მათქმევინეთ, სიტყვა! ეს ხომ უსამართლობაა… საქმის გამოუძიებლად…
ს ი მ შ ი ლ ა ს ც ო ლ ი. კაცს ნუ მიკლავთ, თქვე დასალევნო! (მამასახლისს) რა დაგიშავა, შე დასამიწებელო, რო უწყალოდ მათრახებს უშენ?
მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. შენცა გნებავს მათრახები? (გადაჰკრავს იმასაც) შენ ამათ უყურებ? რომ არცა ტყდებიან! მოიტათ, ბიჭო, თოკები, შებოჭეთ ეს ავაზაკები დიდ-პატარიანათ. ხვალ ყრილობას წარვუდგინოთ და ვნახოთ მაშინ ამათი ყოფა!.. აბა, ჩქარათ… (გზირ-ჩაფრებს მოაქვთ თოკები და ჰკონავენ სათითაოდ, ისმის წრიპინი და წრუწუნი თაგვებისა).
ს ო ნ ა. (ჩუმად მამასახლისს) ოი, შენს მარჯვენას კი ვენაცვალე! ემაგრე, ემაგრე! რაც შეიძლება, დატანჯე ეგ გასაწყვეტები, დაწვი და დადაგე. ეგ თხილიც შენი ფეშქაში იყოს და სხვასაც მოგართმევ, ოღონდ მაგათ ჯავრს ნუ მაჭმევ.
მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. (სონას) შენ არხეინად ბრძანდებოდე, ეხლა მე ვიცი, უნდა სამაგალითოდ დავსაჯო, ისე, რომე ორმობით რა სათქმელია, ცალი თხილიც კი არავის დაეკარგოს ამის შემდეგ… (მხლებლებს) აბა, გასწით, წაიყვანეთ ეგ ტუსაღები, მეც თქვენთან ერთად მოვდივარ. (გზირ-ჩაფრები მიათრევენ ტუსაღებს, ისმის ხმელი ფოთლის შრიალი, გაღმიდან ბუს კივილი).
ს ო ნ ა. (მამასახლისს მისდევს თან და მისძახის) გაუფრთხილდით, მამასახლისო, გზაში არ დაგექცნენ, თოკები არ დაჭრან, ფრთხილად იყავით. ხვალ მეც ყრილობაში გიახლებით… ვაჰმე, როგორ დამღუპეს და დამანელეს მაგ დასაღუპავებმა და დასანელებლებმა!.. (ტუსაღები არ მისდევენ, რის გამოც კბილით და კლანჭებით მიეზიდებიან, ისმის ხმაურობა, ლანძღვა-გინება, მათრახების და ჯოხების ლაწალუწი. ამ დროს ორი მხრიდან წინადან ესმით მელების ხავილი „კაუ, კაუ!“)
მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. შესდექით, აქ საფრთხე მოგველის.
მ ხ ლ ე ბ ლ ე ბ ი. მელები, მამასახლისო, მელები! ჩვენთვის გზა შეუკრავთ!
მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. გაგვაფუჭებენ, თუ თავს არ ვუშველეთ. (მელების ხმა თანდათან ახლოვდება) ბიჭებო, თავს უშველეთ, ესენი, ეს ავაზაკები, ხვალაც ჩვენს ხელთ არიან.
მ ხ ლ ე ბ ლ ე ბ ი. არიქათ საფარი, თორემ დავიღუპენით!
მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. ფრთხილად, თავ-პირი არ დაიმტვრიოთ! (თაგვები გარბი-გამორბიან, გაიფანტებიან, ხოლო ტუსაღები რჩებიან შეკონილნი ერთ ალაგას).
წყარო: tagiweb.com