მედიკო მებურიშვილის გახსენება
1960-იანი წლების თბილისს ახსოვს მედიკო მებურიშვილი, ულამაზესი ქალი.
რუსთაველის ასახვევში, მეცნიერებათა აკადემიასთან, იდგა “შახტიორების სახლი”. სპორტული მაღაზია იყო შიგ. ამ მაღაზიის ბოლოში უნდა აგეხვიათ, საიდანაც აღმართიანი ქუჩა იწყებოდა. ამ ქუჩაზე ცხოვრობდა მედიკო.
სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. უკრავდა როიალზე, განსაკუთრებით თანამედროვე კომპოზიციებს…
მედიკო მებურიშვილმა პირველმა შეიღება წითლად თმა თბილისში.
უყვარდათ მაშინდელ ცნობილ თბილისელ ბიჭებს, ცნობილი ოჯახებიდან…
იმ თაობას ახსოვს რუსთაველზე მოსეირნე წყვილი: მედიკო მებურიშვილი და მერაბ გიგინეიშვილი, ორი ულამაზესი ადამიანი.
მერაბ გიგინეიშვილის მამა იყო სამედიცინო ინსტიტუტის გინეკოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი…
მერაბი თბილისის “დინამოს” საფეხბურთო კლუბში თამაშობდა კახა ასათიანთან ერთად.
მერაბს ჰოლივუდელ კინოვარსკვვლავს ადარებდნენ: მაღალი, “პრაბორით” დავარცხნილი თმით, ეცვა ამერიკული ცისფერი “ბატენის” საროჩკები და ამერიკული “ინსპექტორები”… იყო ხმაურიანი, მოჩხუბარი, ნარკოტიკებსაც იღებდა.
მედიკო და მერაბი ძალიან ხშირად ერთად დადიოდნენ რუსთაველზე… მათი შემხედვარე, ხალხი ჩერდებოდა.
მოგონებებიდან:
“მახსოვს, ბიჭები ლაღიძის წყლებთან ვიკრიბებოდით ხოლმე და ვსაუბრობდით. ერთ დღესაც დავინახეთ, რომ მედიკო და მერაბი გამოჩნდნენ ქუჩის ბოლოში. მახსოვს, 50–მდე ბიჭი როგორ ავეკარით კედელს და როგორ დავუკარით მათ ტაში. ორი სილამაზე მოდიოდა!”
გიგინეიშვილი ნარკოტიკმა “შავებთან” დააახლოვა… რაღაც ეტაპზე მედიკომაც დაიწყო ნარკოტიკების მიღება…
სასტუმრო “ივერიის” გვერდზე, სადაც დღეს “კავშირგაბმულობის” შენობა დგას, იყო ძველი, დიდი სახლი, რომლის პირველ სართულზე მდებარეობდა კაფე (“ჩორნი კაფეს” ეძახდნენ). კაფეში მუსიკალური ფირფიტების ავტომატი იდგა. რკინის ფულს ჩააგდებდი, და ფირფიტას დადებდა და უკრავდა…
იქ იკრიბებოდნენ იმ დროის “გამორჩეული” ახალგაზრდები. მათ შორის იყვნენ მედიკო მებურიშვილი, მერაბ გიგინეიშვილი, ჯიმა გაბისკირია. ამერიკული ტანსაცმლები ეცვათ… მანერებიც ამერიკულ სტილში…
მედიკო სულ ახალგაზრდა, 21 წლის, გარდაიცვალა. ამბობენ, ნარკოტიკის ჭარბმა დოზამ იმსხვერპლა.
იგი იპოვნეს მკვდარი, ლიფტში, სანაპიროზე მდებარე, კამოს ქუჩის N 4 სახლში.
მედიკოს სიკვდილმა შეძრა მთელი ქალაქი… დასაფლავებაზე ზღვა ხალხი მოვიდა. სასტუმრო “ივერიის” წინ მოედანი ვერ იტევდა მოზღავებულ ხალხს. ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებული იყო.
ეს ჩუმი, მრავალათასიანი პროცესია იყო რაღაც სიმბოლური, ჩუმი პროტესტი იმ საშინელი სისტემის წინააღმდეგ, რომელშიც ცხოვრობა უწევდათ ადამიანებს, და რომელშიც ცდილობდნენ თუნდაც ერთხელ, ვიზუალურად მაინც შეესუნთქათ რაღაც მილიგრამი დასავლური თავისუფლების…
სასტუმრო “ივერია” ახალი აშენებული იყო, და უცხოელები გაშტერებულები გადმოჰყურებდნენ აივნებიდან. იღებდნენ ფოტოებს.
იმ საღამოს “ამერიკის ხმის” რადიოთი გადმოსცეს კომენტარები თბილისში, არნახული ხალხმრავლობის დასწრებაზე, ვიღაც ლამაზი ქართველი ახალგაზრდა ქალბატონის დაგრძალვაზე….