ზოგადი განათლებალიტერატურამოთხრობასაკითხავი

შოთა ჩანტლაძე – ქალი

ვიცი, თქვენ უმიზეზოდ გამოხვედით ქუჩაში. ეხლა მიდიხართ ნაბიჯით მიზეზიანით. მიდიხართ მაღალი, მიდიხართ ზორბა, მაღალი თეძოებით და მაღალი ფეხებით, ყელით თეთრით და მაღლით, თმებით გაშლილით და მსუბუქით. ჭრელი და მოლაპლაპე და შემოტმასნილი კაბით. მიდიხართ ქუჩაში ნაბიჯით ჩქარით და მიზეზიანით. მიდიხართ ქუჩაში ყელაზიდული, მიდიხართ ამაყი და მქროლი. მამაკაცების ჩერდებიან ფეხსაცმელები, შეჩერებით უეცარით, ფართოვდებიან თვალები მათი, რათა მთლიანად დაიტიონ სხეული თქვენი. ესოდენ მაღალი და ზორბა. გებჯინებიან თვალები ათასობით, თქვენი სხეულის ყოველ ნაკვთზე სხდებიან თვალები, თვალებზე კიდევ თვალები, უამრავი, რომლებიც იყურებიან ერთმანეთში და აღწევენ თქვენამდე.

თუ ვინმემ გაბედა აიღოს ფუნჯი და მოისურვოს თქვენი დახატვა, მე ვისურვებდი დაგხატოთ ასე:

დახატონ სხეული, რომელიც შედგება თვალებისაგან.

ქალი – თვალები მამაკაცების.

მიდიხართ, მიდიხართ, მიდიხართ, მიდიხართ ნაბიჯით ჩქარით, მიდიხართ და კი არ მიდიხართ, მიდიხართ და ცეკვავთ.მინახავს მე ცეკვები უამრავი, რომლებიც აცეკვებენ სისხლს, რომლებიც აღძრავენ ფეხებს, მაგრამ სულ სხვაა ცეკვა თქვენი . იგი აჩერებს ფეხებს მოარულებს, იგი აჭრედებს ფეხებს ფილაქნებზე. მიდიხართ, მიდიხართ, მიდიხართ, მიდიხართ და აგებჯინებათ თვალი უამრავი და ყველა თვალებში კივის სიხარულით ვნება და გაოცება, წყურვილი აღმოხეთქილი და გადმოღვარული.

ქუჩის კუთხეში, მაღალ, თეთრ სახლთან, დგას ახალგაზრდა ჭაბუკი უწვერული. იგი მაღალია, სუსტი და ფერმკრთალი. თმები აქვს ქერა და თვინიერი. თვალები ფართო და თაფლისფერი. ეს თვალები გიყურებენ თქვენ. ამ თვალებში არ არის გაკვირვება, ამ თვალებში არ არის ვნება. ამ თვალებში არის სისველე, რომელიც ჯერ ცრემლად არ გადაქცეულა. ო, ქალბატონო, გევედრებით, იწამეთ ღმერთი და შეიბრალეთ ჭაბუკი იგი. ო, ქალბატონო, გევედრებით, იწამეთ ღმერთი და მის თვალებში ჩამდგარ სისველეს , რომელიც ჯერ ცრემლებად არ გადაქცეულა, ნუ გადააქცევთ ცრემლებად!..

1958 წ.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button