ლიტერატურამოთხრობა

ნიკო ლომოური – ბედი უბედურთა

I
ამბავი, რომელიც მე მსურს მოგითხროთ თქვენა, მკითხველო, მოხდა წრეულ სოფელს გორიძირაში. ამ სოფელს სახელი, ვგონებ, თვით თვისის მდებარეობიდამ დარქმევია: იგი არის მოკრუნჩხული ერთს იმ მომწვარს და მოტიტვლებულს გორის ძირთაგანში, რომლის მსგავსთ ასე ხშირათა ხედავთ, რაკი ჩვენს კურთხეულს თბილისს ზემოთკენ შემოსცდებით. მოკრუნჩხულა-მეთქი იმისათვის ვამბობ, რომ ამ სოფელს უჭირავს ძლიერ პაწაწკინა ალაგი. თუმცა მასში ას კომლამდისინ გლეხობა და სამიოდ კომლი თავადაზნაური ცხოვრობენ. თუ შინაურულად არ იცით ამ სოფლის გარემოება, მის მცხოვრებთა რიცხვის გამოცნობაში თქვენი თვალი უსათუოდ მოტყუვდება. არც იქნება ეს საკვირველი. აქაურს გლეხკაცთ ისე მიუსხავთ და მიუკრუნჩხავთ ერთმანეთზედ თავიანთ ღრმად ჩათხრილი მიწური სახლები, რომ გეგონებათ ოციოდ მოსახლეზედ მეტი არ იქნებაო.

  • რათ სცხოვრობთ, ძმობილო, ასე შევიწროებულნი, ასე ერთი ერთმანეთზედ მიმსხდარნი, – ვკითხე ერთს გლეხს, როდესაც ამ გარემოებამ პირველად მიიზიდა ჩემი ყურადღება.
  • რა ვქნათ, შენი ჭირიმე, – მომიგო მან, – ჩვენ რო განზედ დავდგეთ, სახნავ-სათესი მინდორი სულ დაგვიპატარავდება. ჯერ ეხლაც არ გვყოფნის მამული და აბა, შენი კვნესამე, სოფელიც რო გაგვეჭიმ-გამოგვეჭიმა, რიღათი გვეცხოვრა?!

მართლაც-და ძლიერ ცოტა სახნავ-სათესი მიწა აქვს ამ სოფელს. თანასწორად რომ გაუყოთ ამ სოფლის მცხოვრებთ მიწა, ვგონებ, თვითეულს კომლს ხუთ-ექვს დღიურზედ მეტი არ შეხვდება. ეს მინდორი მათი სახნავ-სათესიც არის და საძოვარიცა. თუმცა ეს ასეა, მაგრამ გლეხკაცის თავგანწირული მუდმივი შრომა მაინც თავისას არ იშლის. თუ ცოტაოდნათ მაინც ამინდი შესწევს, გორიძირელებს სამყოფი ჭირნახული მოსდით ხოლმე. საუბედუროდ, ამ გვარი ამინდიანი წელიწადები ხშირად არ უდგება აქეთ მხარეს. ადამიანის უჯიათობას, მომავალზე უზრუნველობას და ხალხის უმეცრებას გაუწყვია ტყეები იმ მთებზედ, რომელნიც დღეს, მოხრიოკებულნი, მზისაგან დამწვარნი და დახურებულნი, შემოხვევიან ამ მხარეს თითქმის ყოველს მხრიდამ. ამის გამოისობით აქეთკენ გვალვა ძლიერ ხშირი სტუმარია. თქვენს მტერსაც ნუ დაადგება ის დღე, რაც დღეც ჩვენს გორიძირას დაადგება ხოლმე თუ გვალვამ რამდენსამე კვირას, ანუ თვეს გასტანა. პატარა რუ, რომელიც ზემოთ სოფლებზედ გამოდის და შემდეგ ჩამოდის გორიძირაშიაც, ყოველ ამ დროს საშინლად პატარავდება; ზემოთა სოფლების სარწყავებსაც ბევრს ვეღარას შველის ხოლმე ესა. აბა, გორიძირამდისინ ვინღა მოახწევინებს ამისთანა დროს წყალსა. მოურწყაობისაგან ვენახები და სიმინდი სულ მთლად ამოვარდებიან ხოლმე; ბალახი ჰქრება მინდორზედ, წყაროები შრებიან. გლეხკაცნი სწყევლიან თავიანთ ბედს და გაჩენის დღესა. მალ-მალ ჩხუბობენ ერთმანეთში… მათი და მათი ცოლ-შვილის ვაი-ვაგლახი უერთდება დამშეული, დასიცხული საქონლის ბღავილს და ტრიალებს ხოლმე მთელს ამ არემარეზედ ერთი საშინელი საცოდაობა. ქვეყნად მოვლინებული ჯოჯოხეთია გლეხობისათვის ამისთანა დრო. სწორეთ ამისთანა ჭირი დადგა წრეულ ჩვენს უბედურ გორიძირას.

II

თიბათვის პირველი რიცხვები იქნებოდა, როდესაც მე, ხუთი-ექვსი დღის მგზავრი, ვუახლოვდებოდი ჩვენი გორიძირის არემარეს. მზეს თუმცა კარგა დაბლა დაეწია დასავლეთისაკენ, მაგრამ მაინც საშინელი სიცხის ბუღი ტრიალებდა ჰაერში. სჩანდა, რომ ამ გვარი სიცხე ცოტა ხანი არ არის რაც აწევს აქაურობას: ხეებსა და ვაზს უდროოდ დაჰყვითლებოდათ ფოთლები; დაგვალულს სიმინდებს მწუხრად დაეკიდნათ ძირს თავიანთ დამჭკნარი ტოტები, გახურებულს მიწას ვეებერთელად დახეთქოდა ზემოთა პირი… ბევრიც რომ გეცქირნათ აქეთ-იქით, მწვანე ბალახს მაინც ვერსად ვერ დაინახავდით მთელს მინდორზე. მის ნაცვლად აქა-იქ ეყუნტნენ გარუჯული და გამხმარი ნარეკალები. რამდენიმე სული საქონელი ბღავილით ამაოდ დახეტიალობდა ამ მოტიტვლებულს მინდორზედ; გამხმარს მიწაზედ ხოხიალით და ეკლების ჭამით მათ საცოდავად დასდიოდათ სისხლი ტუჩებსა და ცხვირზედ. შევედი სოფელში. აქ უფრო უარესობა დამხვდა. ჩვენი პატარა რუ ისე დამშრალიყო, რომ მის ძირს თითქმის მტვერი ასდიოდა. მხოლოდ აქა-იქაღა დარჩენილიყვნენ პატარ-პატარა გუბეები და ესენიც ადამიანის სასმელად სრულიად არ ვარგოდნენ: მათში, ზედი-ზედ მიკრულნი ეყარნენ დამშეული და სიცხისაგან ენა გადმოვარდნილი კამეჩები და კუდების ნელი, ზარმაცული ქნევით იგერიებდნენ გუნდ-გუნდათ მათზედ მისეულს ბუზებს. რაც შეეხება ადამიანებს, ესენი კარგა ხანს ვერსად ვერ დავინახე სოფელში. სჩანდა საშინელს სიცხეს ისინი შეერეკნა მათ სოროს მსგავს მიწურს სახლებში. სოფელში ისეთი სიჩუმე იყო დამყარებული, თითქო აქ მცხოვრებნი აყრილან და სხვაგან გადასახლებულან სადმეო. მაგრამ, აი ჩავიდა მზე და მისი ცხარე სხივები მოშორდნენ დედამიწას. ჰაერი ცოტაოდენად გაინძრა; გრილმა ნიავმა წამოჰბერა ჩრდილოეთიდამ; სოფელში ნელ-ნელა გაჩნდა ხმაურობა. ადამიანთა და შინაურ პირუტყვ-ფრინველთ მოძრაობა.

  • ჩქარა, ჩემო დედამთილო, ჩქარა, თორემ სხვანი მიგვასწრობენ… – მოისმა ქალის ხმა იქვე ახლო ბაკიდამ.

ცოტა ხანს უკან ამ ბაკიდამ, თითქმის სირბილით, გამოვარდა მხარზედ კოკა მოდებული ერთი ახალგაზრდა ქალი. ამას ცუხცუხით გამოჰყვა სახლიდამ პატარა, დაბალის ტანის, კარგა მოხუცებული, მაგრამ ჯერ ისევ ჭარმაგი დედაკაცი; ამასაც ხელში კოკა ეჭირა. ესენი მოუდგნენ ერთმანეთს გვერდზედ და ჩქარის ნაბიჯით გასწიეს სოფლის ზემო ნაპირისაკენ. ამათ შემდეგ მოება კოკიანი ქალი ქალსა, გაჩნდა გაცხარებული მოძრაობა, რომელიც კარგა ხშირ ბინდამდისინ არ შეწყვეტილა. ამ მოძრაობის დენას გავყევი მეცა. გავედი სოფლის ზემო ნაპირას და გადავხედე ჩვენს პატარა “ცაქცაქა” წყაროს; დედაკაცების სიმრავლისა გამო კარგა ხანს თვალიც ვერ მოვკარ მე იმას. ისეთი მჭიდროობა იყო აქა, ისეთი ყაყანი, ლანძღვა და გინება ისმოდა იქედამ, რომ თქვენ გეგონებოდათ – ერთი რამ ხაზინა უპოვნია ამ ხალხსა, მისევია და ახლა თვის შორის იყოფს მასაო. ყველა ეს კი წყლის მეოხებით ხდებოდა.

  • ბაბალე, დედაშვილობასა, აგრემც ღმერთი შეეწევა ი შენ ერთ შვილსა, ბარემ მანდა ხარ და აამსე ე ჩემი კოკაც… – უთხრა ჩვენს ნაცნობს პატარა ბებერს ერთმა ლამაზმა, შავთვალწარბა, ახალგაზრდა გოგომ.
  • მოიტა, შვილო, მოიტა, – მიუგო მას ბებერმა; – აიმშოშ ე ჩემი კოკა, მერე შენც აგიმშებ.
  • გიჟი ხომ არა ხარ, ბებერო, – დაიძახა ერთმა მაღალმა, შუა ხნის დედაკაცმა; – აუმსო. რაა, იჯარით აგიღია შენ ე წყარო… აიმსე შენა და წადი ჯანაბასა.
  • ჯანაბაშაჩ წადი და დოზანაშაჩ, – დაიჩიფჩიფა მოხუცებულმა ბაბალემ, – მოგიხდია თავზედ ლეჩაქი და მთელ შოფელშ შენგან მოშვენება არა აქვშ… – სთქვა რა ეს, მოხუცებულმა გადასდგა იქით თავისი ავსებული კოკა და მისწვდა ლამაზი გოგოს კოკას.
  • ი შვილები არ დამეხოცება, რომ არ აგამსებინებ… – დაიძახა ერთმა ზორბა დედაკაცმა და გადმოსდგა თავისი კოკა წინა.
  • ეხლა ეს წამომეჩხირა აქა, – დაიყვირა მაღალმა დედაკაცმა და გადახტა წინა, მიაგდო გვერდზედ ლამაზი გოგოს კოკა და თავისი მიუდგა წყაროს.
  • მაშ თავზე ლეჩაქი აღარ მეხურება, რო შენც მე დამიბრიყო, ამდენი ხანია აქ ვიცდი და შენც ჩემზე წინათ უნდა აამსო… – დაიძახა სიანჩხლით ზორბა დედაკაცმა და გადაალაჯა წინ, მიჰკრა ფეხი წყაროსთან მიმდგარს კოკას; კოკა წაიქცა, ეცა ქვას და ზედ შუაზედ გადაიყარა.

ამის დანახვამ მაღალი დედაკაცი თითქო დაამუნჯა: ის კარგა ხანს გაშტერებული იდგა ერთს ალაგას; მაგრამ მისი გაფითრებული სახე და მაგრა მოკუმული ტუჩები კი ცხადათ აჩვენებდნენ მისი სულის და გულის მდგომარეობას. ის უცებ გადახტა და გააფთრებული ეცა ზორბა დედაკაცს. უკანასკნელი მომზადებული დახვდა: ჩაავლეს ერთმანეთს თმებში ხელი და კარგა ხანს უძრავად შეჩერდნენ ესე… შემდეგ გაიქნ-გამოიქნიეს ერთმანეთი. ამ ქნევაში მაღალმა დედაკაცმა დასძლია თავისი მოწინააღმდეგე, წააქცია და ქორივით დააჯდა ზემოდამ. ქვეშითას მიეშველა რძალი. ზემოთას – გასათხოვარი ქალი. ახლა ამათ შუა გაჩნდა ბღლაძუნი: ლოყების კაწვრა, ჩქმეტა და თმის ბდღვნა. დედაკაცები ჩაცვივდნენ შუაში და იწყეს მაჩხუბართა გაშველება. ჩვენი ბებრუხანა კი გამოძვრა, წამოიდო თავზე თავისი სავსე კოკა და ცუხცუხით გამოსწია შინისაკენ.

  • ბებერო, ბებერო, სად გაძვერი, სადა, – მოსძახეს ქვემოდამ სიცილით, – ასტეხე ჩხუბი და შენ კი მოძურწე შინისაკენ…
  • თვალებიჩ გამოხეთქიათ. ე ჩემი კოკა ხო ავამშე და ახლა თუნდა ერთმანეთიჩ დაგიჭამიათ, – იძახოდა პატარა მოკუნტული ბებერი და თანაც გამალებული გარბოდა შინისაკენ.
  • რძალი მოგიკლეს, რძალი, ბაბალე, – დაუძახეს კვალად ქვემოდან.
  • უი ჩემ დანელებაშა, – წამოიძახა ბებერმა და შესდგა, მობრუნდა უკან, მიიდო შუბლზედ გაშლილი ხელი და თავისი ბებრუხანა თვალებით გაიხედა წყაროსაკენ; საჩქაროზედ გაარჩია სხვებისაგან თავისი რძალი, რომელსაც ესარგებლა მოხსენებული ჩხუბით და თავის კოკა მიედგა თითქმის დამშრალ, თითის სიმსხოთღა გამომავალ წყაროსთვის.
  • ვენაცვალე, ჩემ მარიამაშა! იმაშ ხელ ვინ დააკარებს. მერე ავ დღეშ დააყრიშ იმაშ მაგიში ქმარი, – თავისთვის სთქვა ბაბალემ და მიბრუნდა ისევ შინისკენ. ამ დროს განმავლობაში მოჩხუბარნი დამშვიდდნენ; მარიამამაც აავსო კოკა, შეიდგა მხარზედ და სირბილით გამოუდგა უკან თავის დედამთილს: შუა გზაზედ დაეწია მას და ორივემ ერთად სიცილით და ლაპარაკით შეაღეს თავიანთ ბაკის კარი.

III

  • ჰეი, რა დედა მყევხარ, რა დედაი… მამაჩემიც რომ ცოცხალი ყოფილიყო ექამდისინ, ისიც ვერ მიზამდა შენოდნობას. ერთ გუთნეულად კი არ მიგცემ-და, – მოისმა ამათ შესვლის უმალვე დერეფნიდამ ხმა. ცოტა ხანს უკან გამოჩნდა ამ ხმის პატრონიც. ეს იყო მოსულის ტანის, ოცდაშვიდი, ოცდარვა წლის ახალგაზრდა ბიჭი: დამწვრის, მაგრამ ეშხიანის და სწორე სახისა, დაბერებული ხელებით და ძველი შარვალ-ქალამნებით. მას გვერდით ედო გახდილი, ჯერ კიდევ ახალი, მოყვითალო ჩოხა და იჯდა წითელ გულისპირიანი პერანგის ამარა; ხელში ეჭირა თვისი უმცროსი, ორი წლის ვაჟი, მხიარულად ისროდა მას მაღლა და მარდათ იჭერდა ისევ ხელებით. გატკრციალებული ბავშვი ხტუნაობდა მამას ხელში და კასკასობდა თავისი წმინდა ბავშვურის ხმით. უფროს, სამი წლის ქალს, მამის მუხლის ძირას დარბაისლურად მოეკეცნა და სიხარულისაგან გაცოცხლებულის თვალებით შესცქეროდა თავის პატარა ძმას. ორთავ პატარანი იყვნენ თავშიშველ-ფეხშიშველანი; მზისაგან დამწვარს ტანზედ ეცვათ მხოლოდ თითო გაჭუჭყიანებული პერანგი. თუმცა ეს ასე იყო, მაგრამ მათი ჯანის სისაღეს, ვგონებ, არა ერთი ქალაქელი მდიდრის ბავშვი შენატრებდა… დატკრუცულ ფუნჩულა ლოყებს წითლად გაჰქონდათ ღაჟღაჟი და დიდრონი გამომეტყველი თვალები სიცოცხლის ნაპერწკლებს ისროდნენ აქეთ-იქით. მამა ხედავდა ამას და მხიარულის გულით ეთამაშებოდა მათ. ამ გვარ ყოფაში იყო ჩვენი გიგო სოსიაშვილი, როდესაც მისმა დედამ და ცოლმა შეჰყვეს ბაკის კარებში თავი. მან მიიხედა კარებისაკენ და, რა დაინახა თავისი პატარა მოხუცებული დედა ვეებერთელა კოკის ქვეშ, შესძახა ზემოთ ნათქვამი სიტყვები.

მოხუცებულმა შეხედა თავის მომხიარულებულს შვილს და შვილიშვილებს; მისი ჩაცვივნული თვალების კილონი მოიხმუჭნენ და სახეს გადაეფინა გულითადი კმაყოფილების და სიხარულის ღიმილი.. მაინც კი არაფერი არა სთქვა რა შვილის მიალერსებაზედ. მან ჩაუარა შვილს წინა, ჩამოიღო კოკა მხრიდან და მიდგა კედლის ძირას. შემდეგ მოტრიალდა შვილისაკენ.

  • შვილო, გიგო, ვერა მორწყევი-რა დღეშაც?

ამ კითხვის წარმოთქმა და გიგოს მხიარულობის გაქრობა ერთი იყო: მან ნელ-ნელა დასვა ბავშვი ძირსა და ნაღვლიანის ხმით მიუგო დედას:

  • ვერა, დედა. დღესაც ვერა მოვრწყევი-რა. სიმინდი, სიმინდი ამოგვივარდა; მაგრამ რაა სიმინდი. ვენახი გახმა, ვენახი.

-,,ვენახი გახმა ვენახი” – განიმეორა, თითქო დაცინვით, ბებერმა. – თქვენ კი გულ-ხელი დაგიკრეფიათ და დაილაჯებით შოფელში. ჩემი შულიშ ცხონებამა, ე ჩიქილაში რო არ მრცხვენოდეშ, დღეშვე გავარდებოდი შინიდამ, ან რიყელებშ ზედ შევაკვდებოდი და ან წყალ აქეთ გამოუშვებდი…

  • აფსუს რო ვაჟკაცი არა ხარ, ჩემო დედა. რამდენი ვეჩიჩინე ხან ერთ, ხან მეორეს ამ ოჯახდაქცეულ ჩვენებურებს, მაგრამ პირჯვარი ვერავის დავაწერინე. დღეს პირობა გვაქვს: უნდა ლოცვის უკან შევგროვდეთ და წყლის თაობაზე გადავწყვიტოთ რამე.

გიგოს ჯერ არც კი გაეთავებინა უკანასკნელი სიტყვა, რომ ბაკის კარებიდამ მოისმა ხმა:

  • გიგო, გიგო, გამოდი, ხალხი გროვდება საყდრის კარებზე.

გიგო საჩქაროზედ წამოხტა, გადაიცვა ჩოხა და გავარდა კარზედ. მას წინ დახვდა ერთი შუათანა ტანის ჭაღარაშერთული, დაფიქრიანებულის სახის კაცი; ეს გახლდათ ქრისტესია ნაცრიაშვილი: მამასახლისი ამ სოფლისა. გიგომ ერთი კი შეხედა ამასა და შემდეგ გადაუხვია გზას: სირბილით გასწია პატარა აივნიანი ალიზის სახლისაკენ, რომელიც გიგოს სახლზედ კარგა მოშორებით იდგა.

  • ვანო, ვანო, შინ არა ხარ? – დაიძახა გიგომ, როდესაც ამ სახლს დაუახლოვდა.
  • შინ ვარ, შინა… – მოისმა სახლიდამ ხმა… და ცოტა ხანს უკან აივანზედ გამოჩნდა თვით ამ ხმის პატრონიც. ეს იყო ოცდაოთხი, ოცდახუთი წლის ახალგაზრდა, მოხდენილის მაღალის ტანის, მომღიმარე ეშხიანის სახისა. ტანთ ეცვა აქლემის ყელის მოყვითალო ჩოხა, ზედ გაწყობილის ახალუხით; ქართული განიერი შარვალი კოხტათა ჰქონდა ჩატანილი მაღალ საცვეთიან ყარაბაღულს წაღებში… თავზედ ეხურა წაბლის ფერი პატარა, ჩატეხილი კალმუხის ქუდი, გულზედ ლოთიფოთურად ჰქონდა ჩამოგდებული, ყელზედ თალხნათ შემოხვეული ქალაღა.

გთხოვთ იცნობდეთ, ჩემო ბატონო, ეს გახლავთ აზნაური ვანო მხიარულაძე!

დადგა თუ არა აივანზედ, ვანომ მიიდო ტუჩებზე სალამური: ჩაჰბერა, აათამაშა თითები და მთელს იმ არემარეს მოჰფინა მშვენიერი მხიარული ხმები. შემდეგ გააჩუმა სალამური და თვით დაიძახა:

“ხან მაქვს ყველი და პური,

ხანდისხან მშიერი ვარ;

მაგრა ბედს არ ვენდური,

ვარ და ბედნიერი ვარ”.

  • ჰო, ვიცი რაღაც ბედნიერი ხარ! – გააწყვეტინა ვანოს გიგომა. – შენ ი ერთ აზნაურსაებ მოგდის: ერთ ამპარტავან აზნაურას შიმშილით თურმე ცოლ-შვილი ეხოცებოდა, ხალხში კი გამოდიოდა და ლაპარაკობდა: სახლი და კარი პურითა და ღვინითა მაქვს სამსეო. ქონება ბანში ამომდისო…
  • მაშ რა ვქნათ, ჩემო გიგო, – მიუგო ვანომ, – სულ უბედურებაზედ ლაპარაკმა წაიღო გული და თავი… ხანდისხან ბედნიერებაზედაც უნდა ვსთქვათ რამე, თორემ ცუდათ არის საქმე…
  • ე მაგეებზედ კვლავ ვილაპარაკოთ… – უთხრა გიგომ, – ეხლა ხალხი გროვდება წყლის თაობაზე და წამოდი შენცა…
  • მართლა, აბა, მაშ წავიდეთ… – ვანომ საჩქაროზედ ჩამოირბინა პატარა კიბე და, გიგოსთან ერთად, გასწია საყდრის კარებისაკენ…
  • გიგო, რო იცოდე, მაშინ რომ ყმაწვილი იყო აქა, იმან ერთი პატარა წიგნი მომიტანა…,,არაკი” კი ჰქვიან, მაგრამ რაც შიგა სწერია, სრულებით მართალია. ეხლა ქართულათა ვთარგმნი; როცა სულ მოვრჩები, შენც წაგიკითხავ…
  • ოი, იმის ღმერთის ჭირიმე, იმისი! – დაიძახა გიგომ. – რა ბიჭია, რა ბიჭია და აბა, შენი ჭირიმე, ვანო, მალე მაათავე და მამეცი: მე თითონ წავიკითხამ: ამ სიბერის დროს წერა-კითხვაც ხო მასწავლე-და…
  • გათავება კი მალე იქნება, მაგრამ ამ უსინდისო კონასი მეშინიან: რაღაც ხმები ისმის მაგაზე.
  • გეშინიან? რისა, კაცო! გინდა ხვალვე ჩაუსაფრდე ე ჩვენ ორღობეში.
  • შენი ჭირიმე, შენი გიგო, რომ ყოჩაღი ბიჭი ხარ!.. წამოიძახა ვანომ და ორთავ ხელებით მოეხვია გიგოს ყელზედ… – არა, გიგო, ჯერ ნამდვილი არა ვიცით რა… უსამართლოდ ადამიანის სისხლში ადამიანმა ხელი არ უნდა გაისვაროს.

ესე, ამ გვარის ლაპარაკით მივიდა ეს ორი მეგობარი საყდრის კარებზედ, სადაც ხალხი კარგა ბლომად შეგროვილიყო კიდეც.

IV

მიმსვლელთ დიდ ხანს არ მოსდომიათ აქ უსაქმოდ ცდა: ცოტა ხანს უკან მოგროვდა მთელი სოფელი; მოვიდა მამასახლისიც. ხალხმა შექმნა ლაპარაკი.

  • აზნაურებსაც, თავადსაც შეატყობინეთ! – დაიძახა მოხუცებულმა სოლომონა ფარცხაძემ.
  • აზნაური, თავადი და გლეხი სულ ერთია დღესა! ყველამ ერთად უნდა მოვკიდოთ ხელი სასოფლო საქმესა… – მისძახა მას გიგომ.
  • შევატყობინოთ, შევატყობინოთ, – დაიძახეს აქეთ-იქიდამ.

გაგზავნეს ორი ბიჭი მათ მოსაწვევად. აზნაურები შინ არ დახვედროდნენ: ისინი სადღაც ხატობაში წაბრძანებულიყვნენ საქეიფოდ, თავადს კონა ხმამაღალაშვილს, სიცილად არ ჰყოფნოდა გლეხთაგან თვისი მიწვევა. მას ეს მიწვევა თვისი თავადიშვილობის შეურაცხყოფად მიეღო და გაგზავნილი ბიჭი სულ მათრახის ცემით გამოეგდო.

  • სახლი შეუკრათ კონას, სახლი… – დაიძახა სიბრაზით ვანომ.
  • დედა შეერთოს ცოლად, ვინც კონასთან სამეზობლოთ გაიაროს! ან ის გაატაროს სამეზობლოთ, – დაიძახა ახლა გიგომ.
  • ე წმინდის გიორგის მადლმა ამოიღოს ძირიან-ფესვიანათ, ვინც ეგრე არა ქნას, – სთქვა მოხუცებულმა სოლომონამ.
  • მაგაზედ გველი და ბრიყვი კაცი თავადიშვილობაშიაც კი არა მინახავს ჯერ მე… – სთქვა ვანომ. – რაკი ქალბატონის მუცლიდამ გამომძვრალა, დიდი რამ ჰგონია მაგას თავისი თავი. ყოველ სასოფლო საქმეში ეგ ჩვენი მოღალატეა ხოლმე.
  • სახლი შეუკრათ, სახლი – გაისმა რამდენიმე ხმა.
  • სახლი კი არა და ის არ გინდათ, – დაიძახა მამასახლისმა, – ე მანდ გვიჩივლებს და სულ აი, სატუსაღოში ამოგვართმევენ სულსა.
  • ნაცრიაშვილო, სულ შენა ხარ ჩვენი მტერი, სულ შენა. – დაუყვირა მამასახლისს მოხუცებულმა სოლომონამ და წამოდგა წინა. – ხალხო და ჯამაათნო, შეუკრათ სახლი, ვნახოთ რაღასაც გვიზამს ეგ ერთი კაცი მთელ სოფელს.
  • შეუკრათ… – დაიგრიალა ერთხმად ხალხმა.
  • დავარისხოთ, დავარისხოთ! – დაიძახეს აქეთ-იქიდამ.

რამდენიმე ბიჭი გაქანდა საყდრის ზარისკენ და ცოტა ხანს უკან გაისმა ზარის ხმა… ხალხმა საჩქაროდ მოიხადა ქუდი… სულგაკმენდილი, წარბშეკრული, მრისხანეთ იდგა ის, სანამ ზარის უკანასკნელი წკრიალი არ გაჰქრა ჰაერში. ზარი დააყენეს; ხალხმა ქუდები დაიხურა და ასტეხა ლაპარაკი.

  • ე რისთვინაც შევგროვდით ერთი ეს გავათავოთ-და, – დაიძახა მამასახლისმა.
  • აბა, თქვი, თქვი… – წასძახეს აქეთ-იქიდამ…

მამასახლისმა თავი დაუქნია გიგოს; გიგო საჩქაროზედ წამოდგა წინა და ხმა მაღლა დაიწყო:

  • აგერ ერთი წელიწადია, რაც სულ გვინდა შევგროვდეთ და ე რუზე გადავწყვიტოთ რამე, და ვერ მოვახერხეთ ერთათ თავის შეყრა. ეხლა ყველანი აქა ვართ და უსათუოდ უნდა გადავწყვიტოთ რამე.
  • გადავწყვიტოთ, გადავწყვიტოთ… – გაისმა რამდენიმე ხმა.
  • ე სიმინდ-ვენახები დაგვიხმნენ ამოდენა გვალვისაგან, – განაგრძო გიგომ, – ე ჩვენ რუს სულ აღარ გვანებებენ… რათა, ძმაო, ეს რუ ჩვენ მამა-პაპას და ჩვენც ისე გვიხმარია, როგორც რიყელებს… გამოვიდეთ კომლზე კაცი, წავიღოთ ბარი, ნიჩაბი და ავიდეთ რიყეში. თუ დაგვანებეს წყალი ხომ კარგი, თუ არა-და, ძალა ვიხმაროთ: თავები დავიხოცოთ და წყალი კი გამოვიყვანოთ; თორემ, ე წმინდა გიორგის მადლმა, შიმშილით დავიხოცებით წრეულ და ვენახებს სამუდამოდ გამოვეთხოვებით; თავათ კალიამ მოგვიძოვა და აგვიოხრა პური, თუ სიმინდებსა და ვენახებსაც არა უშველეთ რა, სულ დავნიავდებით… წავიდეთ, გამოუშვათ რუ.
  • წავიდეთ, წავიდეთ, – დაიგრიალა ხალხმა.
  • ბარ-ნიჩბები აიღეთ ხელში, თითო ოროლა პური გამოიხვიეთ კალთაში და ეხლავე წავიდეთ… – დაიძახა მოხუცმა სოლომონამ.
  • ეხლა დაღამდა, ბიძაჩემო, – უთხრა მას გიგომ, – ხვალ დილაზე წავიდეთ.
  • არა ერთი… – შეუტია სოლომონამ, – ე ხალხი ძლივ შეგროვდა. ეხლავე უნდა მივატანოთ, თორემ თუ ერთი დავიშალენით, ქრისტე ღმერთიც ვეღარ შეგვიყრის ასე ერთად თავსა.
  • მართალს ანბობს სოლომონა, მართალს, – დაიძახა ვანომ, – ეხლავე წავიდეთ.
  • ეხლავე ჯობიან, ეხლავე, – მიაძახა ვანოს ხუმარა ნინიკამ, – ერთ ღამეს ნუ დავწვებით, შვილოსან, ე ჩვენ დედაკაცებთან, რა არი.
  • ანგრე იყვეს, ანგრე… – დაიძახა ერთხმად ხალხმა.

გიგო გადახტა წინა.

  • აბა, მაშ ჩქარა ბარ-ნიჩბები… – დაიყვირა მან.

ხალხი უცბად დაიფანტა და საჩქაროზედ ბარ-ნიჩბებ მხარზედ გადებული შეგროვდა საყდრის კარებზედვე.

  • აბა, ვანო, გაგვიძეხ წინ… – უთხრეს აქეთ-იქიდამ ვანოს.

ვანო თავმომწონეთ გადვიდა წინ, გაიდო მხარზედ ერთი უშველებელი კეტი და ნელის ნაბიჯით დაიძრა. მას მიჰყვა მოხუცებული სოლომონა, მამასახლისი, გიგო და სხვანი. გაჩუმებული, დაფიქრიანებულის სახით გავიდა ეს კრება სოფლიდამ და დაადგა რიყის გზას.

V

მოკრიალებულს ცაზედ თავისუფლად იძროდა სავსე მთვარე. მისი მკრთალი შუქი უხვად მოჰფენოდა ჩვენს ნაცნობს, მზისგან დამწვარს, არემარეს. ჰაერი იდგა გაშტერებული: აღარსად იყო ის ცოტაოდენი ნიავიც კი, რომელმაც წეღან, მზის ჩასვლისას, დაჰბერა გახურებულს დედამიწას. მართალია ეხლა მზე აღარ იდგა, მაგრამ მის სხივთა მაგივრობას ეხლა მოტიტვლებული კლდიანი მთები ჰჩადიოდნენ. თონესავებ დახურებულნი ისინი ყოველის მხრიდამ მწუხარედ გადმოიცქირებოდნენ ძირს და მზეზედ არა ნაკლებ ახურებდნენ ჰაერს. ამ ჩუმს სიცხეს, თითქო, ყოველი სულდგმული დაებნიდა, მოეკლა. გაჩუმებულს მინდორს ზემოდამ დასცქეროდა გაშტერებული ჰაერი და ირგვლივ სუფევდა შეურყეველი სიჩუმე… მაგრამ, აი მოისმა რამდენიმე ადამიანის ფეხის ხმა, შემდეგ ლაპარაკიც. ჩვენი გორიძირელები გამოიშალნენ მინდორზედ.

  • ეიპე, ეიპე, – წამოიძახა ერთმა მათგანმა, – ერთი შეხედეთ, როგორი მოწმენდილია ე დალოცვილი ცაი-და.
  • ეჰ, შე დალოცვილო ღმერთო, – სთქვა მეორემ, – გვეყო ამდენი ტანჯვა, ჩამოგვიგდე ორიოდე წვეთი ნამი.
  • ღმერთო, წვიმა, ღმერთო, შენი მადლისა და შენი სახელის ჭირიმე… – გაისმა რამდენიმე ხმა.
  • გაათავე ლეწვა? – დაეკითხა ერთი გლეხი მეორეს.
  • რა ჯანაბა მქონდა, რო აქამდინ არ გამეთავებინა, – მიუგო უკანასკნელმა, ერთი ათიოდ დღის ყანა მქონდა: ჯერ კალიამ გამინადგურა; რაც იმას გადურჩა, ძმაო, ამ გვალვამ სუ ამიოხრა. სამი კალო ძლივ გამომივიდა; ცხრა კოდი პური იყო ჩემი წრევანდელი პურის მოსავალი…
  • ჰო, ჰო, ჰო! რა არი-და, – სთქვა მესამემ, – მე რაღა გულს უნდა დამაკლდეს მაშა! სამიოდ დღის ნახნავი მქონდა; გვალვამ ამომიგდო სულა: კოდ-ნახევარი ძლივ-ძლივობისას გამოვიდა. ვარ დაღონებული და დაძმარებული. არ ვიცი: ან ხემწიფეს საიდგან გავცე პასუხი, ან ღვდელსა და ან ერსა.
  • ხალხო, ე ვინ მოაჭენებს ცხენსა, – უკან ცქერით დაიძახა ერთმა გლეხთაგანმა. ხალხმა მიიხედა უკან, მაგრამ ამ დროს უკან მიხედვა საჭიროც აღარ იყო: ცხენოსანმა ჭენებით ამოურბინა ამ ხალხს გვერდზედ და ცოტა ხანს უკან დაიმალა რიყის ორღობეში.
  • კაცო, ეგ კონას ცხენი არ იყო! – დაიძახა ერთმა.
  • ის იყო, ისა! – სთქვა გიგომ. – ცხენიც კონასი იყო და ბიჭიცა. მაგ მოუსვენარს სწორეთ რიყელების შესატყობრათ გამოუგზავნია ეგ ბიჭი.
  • დაე, შეატყობინოს, – წარმოსთქვა ვანომ, – გამოვიდნენ თავიანთ ბატონებითა და ჩვენც აქ დავხვდებით რიყელებს! თქვენ მაგრა იყავით, ეგენი ჩვენ როგორ მოგვერევიან.
  • თუ ძალაზე მიდგენ, ერთი იქამდინ კი უცადოთ, რო იმათ დაგვარტყან და მერე დაუშინოთ ჩვენცა და სულ კუდით ქვა ვასროლინოთ… – სთქვა მოხუცებულმა სოლომონამ.

ხალხმა იწყო ხმამაღლივ ლაპარაკი; გასცხარდა, მოუმატა ფეხსა და პატარა ხანს უკან წყევლა-გინებით წაადგა გადმოსაგდებ რუსა.

  • ერთი შეხედე, ამ უღმერთოებს, როგორ მოუმსიათ ე ჩვენი რუ მიწითა და ქვითა, – სიბრაზით დაიძახა გიგომ.
  • ბიჭოს! ე ჩვენი რუ სარიყო რუზე კი არ ყოფილა გადაგდებული, სათავადაზნაურო რუზეა… მაშ, აბა, მაგრა უნდა ვიყვეთ. კონას ძმები და ყლაპიაანი ამოგვიცვივიან სწორეთ.
  • ვინც უნდა იყვნენ! – დაიძახა გიგომ, – ჩვენ რომ შიმშილით დავიხოცოთ, მაგათი დიდკაცობა რას გვარგებს ჩვენა. მობრძანდნენ და ვნახოთ. სანამ ისინი მოვიდოდნენ, ერთი ჩვენ დავასწროთ საქმის გაკეთება; მერე ვეღარას წაიღებენ ჩვენგან.
  • რაღასა დგეხართ, ხალხო! – დაიძახა მამასახლისმა, – ზოგმა ე ჩვენი რუდამ ამოყარეთ ქვა და მიწა, ზოგმაც იმათ რუში ჩაყარეთ ქვა და ბელტი…

ხალხი გაიყო ორათ. თვითეული ამ ორთანი საჩქაროდ დაადგა დანიშნულს საქმეს და მუყაითად იწყო მუშაობა, ვანო თავისი ბერკეტით ჩამოჯდა ერთს დიდს ქვაზედ და გლეხთ უწყო წაქეზება. მაგრამ მალე დაინახა, რომ,,ბარაქალის” თქმა გლეხობისთვის საჭირო არ იყო: დააგდო თავისი კეტი; ეცა იმ ქვას, რომელზედაც იჯდა და გადაგორებით წაიღო ის სათავადაზნაურო რუსაკენ… საათიც არ იქნებოდა ჯერ გასული, რომ საქმე ბოლოზედ მიაყენეს. სათავადაზნაურო რუ გაჰყვეს შუაზედ; ნახევარი ისევ ძველ გზაზედ გაუშვეს, მეორე ნახევარი კი თავიანთ სარუეზედ გადმოუგდეს. ამგვარად, თავდებოდა საქმე, როდესაც ერთმა გლეხთაგანმა დაიძახა:

  • არიქა, მოდიან.

ხალხი, ცოტა არ იყო, შეკრთა: გლეხთ, შეშინებულსავით იწყეს აქეთ-იქით ცქერა და ნაპირისაკენ გამოწევა.

  • აბა, ბარები და კეტები დაამზადეთ! – დაიძახა გიგომ.
  • დაიცადეთ, ჯერა! – სთქვეს ერთხმად მოხუცებულმა სოლომონამ და მამასახლისმა, – იქნება მშვიდობით დაგვანებონ წყალი.

ამ დროს ცხენ-და-ცხენ მოცვივდნენ რუზედ ორნი ძმანი ხმამაღალაშვილები, სამნი ძმანი, აზნაურნი, ყლაპიაშვილები. ამათ ყველას ეკრათ ხანჯლები და ორს მათგანს მხარზედ თოფებიცა ჰქონდათ გადადებული. მათ უკან მოჰყვათ ოცამდისინ გლეხკაცობა. ამათ ზოგს ეჭირათ კეტები და ზოგსაც ბარები.

  • ე რა ამბავია! – დაიღრიალა ჭახმაკმა მოხუცებულმა თონიკე ხმამაღალაშვილმა. – ესეც შეიძელით, რომ მე ჩემ საკუთარ რუს მიწყვეტამთ, თქვენ მამაძ… თქვენა. სუ ისე ამოგხოცამთ ექა, რო ერთი თქვენგანი ცოცხალი აღარ დაბრუნდეს შინა.
  • არა! შენი ჭირიმე, – წარსდგა წინ სოლომონა და კრძალვით მოახსენა, – ჩვენ ჩვენი წილი რუ გამოუშვით აქეთკენ; თქვენი წილი თქვენვე მოგართვით, შენი ჭირიმე.
  • როგორ თუ,,ჩემი და შენი წილიაო!” – დაიყვირა მიხეილ ყლაპიაშვილმა; – მამა გიცხონდა, დიდი მონაწილე არა ხარ ხმამაღალაანთი.
  • აშალეთ ეხლავე ე რაღაც მიგიქარავთ! – დაიძახა არჩილ ყლაპიაშვილმა, – თორემ, ი მამა-ჩემის სულის მზემა, სუ ამოგხოცამთ ექა.
  • ვერა, შენი ჭირიმე, ვერ ავშლით, – მიუგო სოლომონამ. – სახნავ-სათესი ამოგვივარდა უწყლობით. ვენახები და სიმინდები დაგვ…
  • აშალეთ-მეთქი! აშალეთ, თქვე… – დაიღრიალა თონიკემ.
  • ვერ ავშლით, ვერა! – დაიძახა ვანომ. გორიძირელებმა გაიმეორეს ეს სიტყვები.
  • ექ თავებ დავიხოცამთ და წყალი კი უნდა გავიყვანოთ… – დაიძახა გიგომ.
  • თავებ დაიხოცამთ-და, აბა! დაჰკარით ამ მამაძ…, ბიჭებო! – დაიყვირა რევაზ ხმამაღალაშვილმა და ხანჯალამოღებული ცხენდაცხენ გაჰქანდა ხალხისაკენ. მას მიჰყვნენ სხვა ცხენოსნებიც; მათთან მოსული გლეხ-კაცები ნელ-ნელა და უნდომრად წამოდგნენ წინა.
  • ხანჯალი რომ იშიშვლე, ბატონყმობის დრო ხომ არ გგონია ეხლა! – უთხრა რევაზს ვანომ და კეტმოღერებული გადმოუხტა მას წინ.
  • ვანო! – დაიძახა თონიკემ, – შენ რა გრჯის, ყმაწვილო, კეთილშობილი კაცი ხარ, შენ არც კი უნდა გაერიო ემათთანა ღორის ტილებში.
  • კეთილშობილი ის არის, ვისაც კეთილი სწავლა და სინდისი აქვს. ესენი ჩემი ძმები არიან და ეს საქმეც სასოფლო საქმეა… მისთვის მეც აქ უნდა ვიყვე…
  • იყვე და, რამდენი შენც მოგხვდეს, იმდენი მე მიშველოს ღმერთმა! – დასძახა მას რევაზმა და მიაგდო ცხენი ზედა. ვანო გადახტა იქით. რევაზი და მისი მომხრენი ჩაერივნენ გორიძირელებში. უკანასკნელნი შეშინდნენ და გაიფანტნენ აქეთ-იქით. ცხენოსნები თავიანთ გლეხებით შემოეხვივნენ ვანოს და მოხუცებულ სოლომონას; შემოეხვივნენ და დაუშინეს მათ მათრახები და კეტები. ვანომ დაატრიალა თავისი დიდი კეტი; შემოჰკრა თონიკეს ცხენს თავში და ჩააჩოქა ის; დაჩოქებულს ცხენზედ გადმოხტა და გაექანა გაფანტული გორიძირელებისაკენ.
  • კაცი მოგვიკლეს, კაცი! – დაიყვირა მან.
  • არიქათ, ბიჭებო! სოლომონა მოგვიკლეს, სოლომონა! – დაიძახა გიგომ და ბარმოღერებული გაჰქანდა რიყელებისაკენ; მას მიჰყვა თორმეტიოდ ყმაწვილი ბიჭი. გაჩნდა საშინელი კეტების ტრიალი. გორიძირელები შეცვივდნენ შიგ შუა რიყელებში, სადაც სამ-ოთხგან თავპირდამტვრეული და სისხლში მოსვრილი მოხუცებული სოლომონა დაცემულიყო მუხლებზედ და ქანცმილეული იგერებდა მტერსა. გიგომ დასტაცა მას ხელი და გამოიტანა თავიანთკენ; გაფანტულმა გორიძირელებმა, რა დაინახეს სისხლი, შემოიკრიფეს გაბედულობა და წამს შეგროვდნენ ერთად.
  • აბა, ბიჭებო! თქვენი ჭირიმეთ, მოგვყევით აქა! – დაიძახეს გიგომ და ვანომ და გაექანნენ რიყელებისაკენ. გლეხკაცობა გაბედვით მიჰყვა მათ და, სულგანაბული, დაერივნენ მოწინააღმდეგეთ. რამდენიმე წამის განმავლობაში მოჩხუბართ საძრაობა ვერ უყვეს ერთმანეთს. ვანო ეცა თონიკეს და მსწრაფლად გადმოიღო ის ცხენიდამ. გიგომ შემოჰკრა ბარი რევაზს და შუბლგახეთქილი, გულშეწუხებული დასცა ძირსა. ამის შემდეგ დაიძრნენ უკან რიყელები: თავპირდამსხვრეულმა თავადაზნაურებმა აფრინეს ცხენები, მათ მიჰყვა გლეხკაცობაც. გორიძირელები გამოუდგნენ უკან, მაგრამ რა დაინახეს, რომ მათ წინ გლეხების მეტი აღარავინ იყო, უკანვე მობრუნდნენ. მათ წინ დახვდათ ტყვედ დარჩენილი თონიკე. ბრძოლის ველზედ უგრძნობლად ეყარნენ აზნაური მიხეილ ყლაპიაშვილი და თავადი რევაზ ხმამაღალაშვილი.
  • დავხოცოთ, დავხოცოთ ეს ურჯულო თათრები! – დაიძახა სიბრაზით გიგომა და გაექანა რევაზისაკენ, მივიდა და შესდგა ზედ წიხლით. როგორც მოიღერა მუშტი, იმ დროს ეცა მას ვანო და გადაიყვანა იქითკენ.
  • ვაჟკაცი დაცემულ მტერს ხელს აღარ ახლებს! – უთხრა ვანომ გიგოსა, მაგრამ, როდესაც თვით გაუარა გვერდზედ თონიკეს, ვეღარ მოითმინა და ერთი კარგი წაუდო კისერში.
  • ესეც თქვენ კეთილშობილებას! – დაატანა ზედ. – ეს დრო ის დრო ნუღარ გგონია, როდესაც კაცებსა ჰჭამდი და ხმას ვერავინ გცემდა.

ამის შემდეგ დაშოშმინდა ხალხი. გორიძირელებმა იწყეს თავპირდამტვრეულების გაბანვა და მოსულიერება. მოხუცებულ სოლომონას სამგანა ჰქონდა თავი გატეხილი და ბეჭებშიაც ხანჯლით იყო დაჭრილი. თუმცა ეს გრძნობაზედ მოიყვანეს, მაგრამ საშინლად იყო დასუსტებული და ამისათვის მის წასაყვანად ურემი იყო საჭირო. ამ ურმისთვის სოფელში ორი ბიჭი გაჰგზავნეს. ვანოს თავი ჰქონდა ერთგან გატეხილი და მათრახისაგან ერთი ყურის ბიბილო მთლად მოგლეჯილი. გიგო სულ ერთიანად სისხლში იყო მოსვრილი. ხანჯლით ორგან იყო მსუბუქად დაჭრილი. თავი ჰქონდა გატეხილი ერთგან, მაგრამ ძრიელ ორიოდ-სამ სხვა გლეხ კაცსაცა ჰქონდათ თავები დამტვრეულები. რიყელებიც ყველანი მოასულიერეს, მაგრამ რევაზს ვერაფერი ვერა უშველეს რა. ამას შუბლი საშინლადა ჰქონდა გახეთქილი. მართალია მოჰბანეს და შეუკრეს შუბლი, მაგრამ სუსტი სუნთქვის მეტი აღარაფერი არ აჩვენებდა, რომ ამ კაცში სიცოცხლის ნიშანწყალი იდგა კიდევა.

  • ვაიმე, ძმაო! ვაი ჩემ სიცოცხლესა და ვაგლახი! – თავში ხელების ცემით დაიღრიალა თონიკემ, როდესაც თავისი უმცროსი ძმა ამ ყოფაში დაინახა.
  • ე მაგ ღრიალს შენ ის გირჩევნია, წახვიდე შინა, ურემი გამოგზავნო და წააღებინო ეგა, – უთხრა მას ვანომ. თონიკე სიხარულით გაექანა შინისაკენ, პატარა ხანს უკან მოიყვანა ურემი, დააწვინა ზედ რევაზი და გაბრუნდა უკანვე.

VI

მზე კარგა ხნის ამოსული იყო, როდესაც გაგზავნილმა ბიჭებმა გორიძირიდამ ურემი მოიტანეს. ვანომა და გიგომ სიფრთხილით აიღეს და დაუდვეს მოხუცებული სოლომონა ურემზედ. სოლომონამ ერთი ღრმად ამოიკვნესა, ვანო ავარდა ურემზედ, დაინახა, რომ სოლომონას შეკრული თავიდამ სისხლი გამოსდიოდა კიდევ. საჩქაროზედ მოიგლიჯა ყელიდამ თავისი საყვარელი ქალაღა და გულითადის მზრუნველობით შემოახვია ისიც თავზე უღმერთოდ ნაცემ მოხუცებულსა. სოლომონამ გაახილა თვალები და, რა დაინახა ვანო, გააღო პირი და ნელ-ნელა წარმოსთქვა:

  • შენი ჭირიმე, ვანო, შენი! საწყალი კაცი გებრალება, ღმერთი იქნება შენი შემწეცა.
  • ღმერთი კი არა, ხატი არ გინდა! – უთხრა მას ღიმილით ვანომ, – მე ჩემს სინდისს ვაკმაყოფილებ. ღმერთთან რა დავა მაქვს. ღმერთს მღვდლები, ბერები და მოლოზნებიც ეყოფიან.
  • ნუ ლაპარაკობ ეგრე, ნუ! შენ გენაცვალე, ვანო… – სთქვა სოლომონამ. შემდეგ დახუჭა თვალები და ერთი კიდევ გულიანად ამოიკვნესა. ვანო დააცქერდა მის სახეს. ეს სახე მომაკვდავის სახესა ჰგავდა. ღრმად ჩაცვინული თვალები უძრავად იყვნენ დახუჭულნი, გაყვითლებულს კანზედ აქა-იქა სჩანდნენ ცემისაგან აბურცული და გალურჯებული ხორცები, თითქმის მთლად გათეთრებულს წვერ-ულვაშიდგან წითლად გამოსჭვიოდნენ სისხლში მოსვრილი თმები. მთლად სახეზედ ჰქონდა გადაშლილი საშინელის ტანჯვისა და ვაების გამოხატულება. ყველა ამის დანახვამ აუჩუყა ვანოს გული, დიდი თვალები აევსო ცრემლით და მოჰყვა გულამოსკვნით ხმამაღალ ქვით-ქვითს.
  • ვანო, რა დაგმართვია, კაცო! – დაუძახა მას გიგომ, – დედაკაცი ხომ არა ხარ, რო ტირი! გადმოდი აქეთა. – ამ სიტყვებით ავარდა გიგო ურემზედ და გადმოიტაცა ვანო ძირსა. შემდეგ აქეთ და იქით სოლომონას მოუსხა ორი გლეხკაცი და გამოისტუმრა ურემი წინა.
  • რამდენი მეგობრები და ნათესავები დამხოცია, მაგრამ ერთი ცრემლი არ ჩამომიგდია მათზე… – სთქვა ვანომ. – მაგ მოხუცებულის სახემ კი დამძლია…
  • შე ოჯახქორო, რა დროს ტირილია! კაცები გაგვპარვიან აქედგან, – უთხრა მას გიგომ.
  • ჰო, მართლა, კაცო! – დაიძახა ერთმა გლეხმა. – ი რევაზმა რო შემოგვიტია ხანჯლითა, მაშინ მამასახლისი, ხუმარა ნინიკა და ერთი კიდევ ვიღაცა გაიქცნენ და აღარც მოსულან და აღარცა.
  • მესამე სოსიკა ბიჭი ყოფილა, – სთქვა გიგომ. – აი ე მეურმეებმა თქვეს, რო იმ სამთავეს ე ჩვენი გაყვანილი წყალი გაუყვიათ და რწყამენ თურმე თავიანთ სიმინდებს.
  • ეს სოფლის ღალატია! – დაიძახა სიბრაზით ვანომ.
  • აქ კინაღამ დაგვხოცეს, შვილოსან, და იმათ კი ეხლავე თავიანთ სარწყავებში გაუყვანიათ წყალი, – სთქვა ერთმა გლეხთაგანმა.
  • ძროხები უნდა დაუკლათ იმათ, ძროხები! – დაიძახა გიგომ.
  • ახი იქნება იმათზე, დაუკლათ! – მისძახა მას ვანომ.
  • დაუკლათ, დაუკლათ! – დაიგრიალა სიბრაზით ხალხმა.
  • მაშ, სოფელში რო შევიდეთ, ნუ დაიფანტებით! – სთქვა ერთმა ჭაღარაშერთულმა გლეხმა. – ესე ერთიანად ჯერ ერთს მიუხტეთ და დაუკლათ ძროხა, მერე – მეორეს, მერე – მესამეს.
  • ანგრე იყვეს, ანგრე! – დაიძახეს აქეთ-იქიდამ.

ამის შემდეგ დაიფიცა ყველამ, რომ როგორათაც ჩადენილს ამბავში, ისე მომავალ საქმეში არ უნდა ეღალატნათ ერთმანეთისათვის, უნდა ყოფილიყვნენ ყველანი ერთად და ავის თუ კარგისათვის ყველას ერთად მიეშვირა კისერი.

  • ახლა კი წავიდეთ შინისაკენ, – სთქვეს აქეთ-იქიდამ.

ხალხი შეჯგუფდა ერთად და ნელის ნაბიჯით დაიძრა სოფლისაკენ. ვანომ ამოიღო ჯიბიდან თავის განუშორებელი სალამური, დაუკრა და ნაღვლიანის ხმით დასძახა ზედ:

“ყველგან, სადაც გლეხი ცხოვრობს,

სუფევს ტანჯვა და ვაება;

ყველა გლეხის ოფლში სცურავს,

ყველა მისი სისხლით ძღება.

მუშა კაცის ოფლმა, ცრემლმა

მთლად ქვეყანა დაალბესა,

ისა შრომობს და სხვა ჰხარობს,

დახე ქვეყნის სიმრუდესა.

მაშ, ჩვენც ხელი გავიქნიოთ,

ხელი მუდამ მოცარული:

სიკვდილითა თუ სიცოცხლით,

მტერთ მიუწყოთ საწყაული.

ლაჩარია იგი კაცი,

ვინც ლოგინში მუქთად კვდება…,

საყვარლისა ტანჯვას ხედავს,

მღვდლებისაგან იჯიჯგნება”.

  • შენი ჭირიმე, ვანო, შენი! – უთხრა მას გიგომ, როდესაც ეს ლექსი გაათავა, – შენისთანათ ჩვენი ტანჯვა და ვაება არავინ არ იცის… აკი ამისთვინაც გებრალებით შენა.
  • ღმერთს ერწმუნე, რო ვინც კი ჩვენ ამბავს შეიტყობს, ყველას შევებრალებით, – სთქვა ერთმა გლეხმა.
  • შენმა მზემ, კონამ თუ იცის შენი ამბავი, აკი იმიტომ ებრალები, – უთხრა მას გიგომ.
  • ან კიდევ, ბიძაჩემმა ილიკომ თუ კარგად იცის თქვენი ცხოვრება, იმიტომ ტყავს ვერ გაძრობთ ხოლმე, თუკი შეგხვდათ სადმე! – სთქვა ვანომ.
  • რა ბრძანებაა, შენი ჭირიმე, ვანო, – დაურთო ჭაღარა შერთულმა გლეხმა, – ჩვენ დროში ათასში ერთი თუ გამოერევა ღვთინიერი კაცი და შეგვიბრალებს ჩვენა, თორემ სხვანი სულ ჩვენ დაჩაგვრასა და მტრობაში არიან.
  • ფიქრი არ არის, – სთქვა ვანომ, – დადგება ისეთი დრო, როდესაც თქვენ ერთი ორათ გადაუხდით თქვენს მტრებსა. ჯერ ერთი ეს სკოლა წავიყვანოთ კარგად, მერმე შევაგროვოთ ფული და ბანკი გავხსნათ, ბანკის სარგებლით გავხსნათ დეპო. დეპოს მოგებით ჩვენი სკოლიდან შეგირდები გავგზავნოთ ხოლმე სხვადასხვა სკოლებში, მომეტებულად სამხედრო სკოლებში, რომ იქ თოფ-იარაღის ხმარება თვით ისწავლონ კარგათ და მერე გვასწავლონ ჩვენცა… მაშინ…
  • უთაურები ვართ, ჩემო ვანო, უთაურები! – სთქვა გიგომ. – ეს სამი-ოთხი წელიწადია სულ მაგ სკოლაზე, ბანკზე და დეპოზე გვეჩიჩინები და ჩვენ ვერა შევისმინეთ რა. ე ერთი სკოლა ძლივძლივობისას გავხსენით და ეგეც ლამის ისევ ჩაგვეფუშოს. ხო იცი რასაც აკეთებდა ჩვენი ოსტატი. დალოცვილიშვილი, თითქო ღვინის სასმელად იყო აქ გამოგზავნილი, ისე ლოთობდა დღე და ღამე. ახლა ჩვენც დაუდევრები ვართ, ერთმანეთის მტრები, მოღალატენი! აი დღეის არ იყოს, სამმა კაცმა გვიღალატა და გამოგვეპარნენ შინ.
  • გვიღალატეს და ახლა ჩვენც მოგვიცადონ! – სიბრაზით დაიძახეს აქეთ-იქიდამ. გაჩნდა ხალხში ლაპარაკი; წყევლა, ლანძღვა, მუქარა აირია ერთმანეთში. ამასთანავე ხალხმა მოუმატა ფეხსა და საჩქაროზედ ჩაიარა გორიძირის ორღობე, გამგელებული შევარდა სოფელში, ჩაუარა რამდენსამე სახლს და შემოეხვია მამასახლისის კარებს.
  • გამოიყვანეთ ძროხა, გამოიყვანეთ! – დაუყვირა ხალხმა მამასახლისის ცოლს.
  • ძროხა გუშინ ჩარჩმა წაგვართვა ვალშია… – სთქვა შეშინებულმა დედაკაცმა.
  • მართლა, ხალხო? – დაიყვირა გიგომ.
  • მართალია, მართალი! – გაისმა რამდენიმე ხმა.
  • მაშ, ხარი დაუკლათ, ხარი!.. – დაიყვირეს აქეთ-იქიდამ.

საჩქაროზედ ორი ბიჭი გაგზავნეს მინდორში ხარის მოსაგდებად, თვით ხალხმა კი დაიგრიალა და ეცა ხუმარა ნინიკას სახლსა… ნინიკა კარებზედ დახვდათ.

  • გამოიყვანე ძროხა, გამოიყვანე ჩქარა!.. – შეუტიეს ნინიკას ერთხმად რამდენიმე გლეხმა.
  • თქვენი ჭირიმე, მაპატიეთ! – წარმოსთქვა ნინიკამ თითქმის ტირილით, – ხო იცით მაგ ერთი ძროხის მეტი არა მაბადია რა. ნუ დამიკლამთ! მაპატიეთ, თქვენი ჭირიმე.
  • ერთი ძროხის მეტი არა ჰყამს-რა, – მოისმა აქეთ-იქიდამ, – საწყალი კაცია.
  • ოღონდ ძროხას კი ნუ დამიკლამთ-და, ისეთ ბურვაკს მოგცემთ, რო კუდიდამ სუ ქონი გასდიოდეს, – სთქვა ცოტაოდნათ მომხიარულებულმა ნინიკამ. ხალხში გაისმა სიცილი.
  • რას იღრიჭებით, თქვე ოჯახდაქცეულებო, თქვენა! – დაიყვირა გიგომ, – ეგ არი თქვენი ფიცი. ეს სოფლის მოღალატეა… ძროხა უნდა დაუკლათ, ძროხა!
  • ძროხა, ძროხა! – დაიგრიალა ხალხმა.
  • თქვენი ღვთის გულისათვინ, ნუ დამიკლამთ ძროხას! – სთქვა კვალად ნინიკამა, – წვრილშვილი ვარ, ჩემ დედაკაცს ძუძუ გამშრალი აქვს… აი, ჰკითხეთ, თუ გინდათ. ერთ კაი ბურვაკ დაგიკლამთ; ეს ერთი ქეციანი ძაღლი მყავს, ემასაც თუ გინდათ ზედ დაგაკლამთ.
  • შენ კვდარსა და ცოცხალ დააკალ ეგა! – მოისმა აქეთ-იქიდამ სიცილით, – ეს, ძმაო, თავისას არ იშლის. საწყალი მარტოხელი კაცია, ვაპატიოთ!
  • გიგო! – დაიძახა ვანომ, – ძროხა ვაპატიოთ, ღორი დაუკლათ იმის მაგივრათ.
  • არ იქნება, ვანო, არა! – გაისმა რამდენიმე ხმა.
  • წამოდით, გამოიყვანეთ ძროხა! – დაიყვირა გიგომ და გასწია კარებმოხურულ ბაკისაკენ, მას მიჰყვა რამდენიმე გლეხი. ძროხა საჩქაროზედ გამოიყვანეს ბაკიდამ და დასცეს ძირსა. გიგომ ამოიღო ხანჯალი.
  • ნუ დამღუპამთ თქვენი ჭირიმე, ნუ დამისხამთ ცეცხლზე წყალსა, – მოისმა ნინიკას მომტირალი ხმა.
  • გიგო, არ დაჰკლა, გიგო! – დაიყვირა ვანომ, – აი ეს სამი მანათი და ერთი აბაზი მაქვს და ესეც იმ ღორისთვის დამიდვია. ოღონდ ძროხას ნუ დაუკლამთ ამ საცოდავ კაცსა.

გიგომ ერთი კი შეხედა ვანოსა, შემდეგ დაუსვა ხანჯალი ძროხის ყელს. ხალხმა სული განაბა. ცოტა ხანს უკან გაისმა დაკლული ძროხის ხრიალი და ფეხების ფართხა-ფურთხი. ხალხმა, თითქო, თავისუფლად ამოისუნთქა. გულხელდაკრეფილი ნინიკა წყევლითა და გინებით შევიდა სახლში; ხალხი კი აქედამ სოსიკა ბიჭის სახლისკენ გაჰქანდა.

  • გამოიყვანე ძროხა, გამოიყვანე! – დაუყვირეს აქეთ-იქიდამ სოსიკა ბიჭს, რომელმაც ის იყო, კონას კიბე ჩამოირბინა და ერთი ფაცაფუცით დაადო კლიტე თავის ბოსლის კარებს.
  • რათა! რისთვინა! – უპასუხა თამამად ხალხსა ლაზათიანად მოსულმა ახალგაზრდა სოსიკა ბიჭმა.
  • იმათა, რომ გვიღალატე! გამოიპარე რუდამა და დაუწყე შენ სიმინდს რწყვა მაშინ, როცა ჩვენ თავებს ვიხოცამდით იმ წყლისთვინა… – მიუგო ვანომ.
  • მე თქვენი ლაპარაკისა არა ვიცი რა… – სთქვა ამაყათ სოსიკა ბიჭმა, – ჩემი ძროხა აი ბოსელშია და, აბა, ვინც კაცი ხართ და ერთ ბუზ აუფრენთ იმასა.

ამ სიტყვებმა საშინლად ააღელვა ხალხი. იწყო მან ხმაურობა, ჟღავი-ჟღუვი, მაგრამ ვინ რას ამბობდა, გარკვევით არა ისმოდა-რა.

გავტეხოთ კლიტე, გავტეხოთ! – დაიძახა ვანომ. გიგო გადახტა ბოსლის კარებისაკენ, ეცა კლიტეს, მოსწია და მოამტვრია ღერო. რამდენიმე გლეხი შევარდა კარღია ბოსელში და იქიდამ გამოაგდო ძროხა. წაქცევა და ყელის გამოჭრა ამ ძროხისა ერთი იყო. სოსიკა ბიჭის ცოლ-შვილმა შეჰქმნა ერთი საშინელი ტირილი და თავში ცემა. თვით პატრონი კარგა ხანს გაშტერებული იდგა. უნდოდა გაეღიმა, თითქო რაღაც ნიშნი მოეგო მოძალადე ხალხისათვის, მაგრამ დიდხანს ვერ გასძლო ამგვარ მდგომარეობაში. ძირდაცემულმა, ყელგამოჭრილმა ძროხის ხრიალმა გასტეხა მისი მოთმინება და მის თვალებიდამ ზედი-ზედ გადმოვარდა რამდენიმე წვეთი ცრემლი. ის გაშმაგებული სახით გადახტა წინ და ორთავ ხელებით ეცა ყელში გიგოს. უკანასკნელმა იწყო მისი მოგერება, მალე გააშვებინა ხელი და მუცელში წიხლის კვრით გადააგდო იქით. სოსიკა ბიჭი დაეცა მიწაზე, შეიწუხა გული და მკვდარივით უძრავად გაიჭიმა. ახლა ამაზედ გაჩნდა მის ცოლ-შვილსა და ნათესავებში თავში ცემა და ვაი-ვაგლახი. ხალხიც, ცოტა არ იყო, შეკრთა წინაპირველად, მაგრამ რა შენიშნა, რომ სოსიკა ბიჭი ცუღლუტობდა, ანება მას თავი და მიბრუნდა მამასახლისის კარებისაკენ. მინდვრიდამ მოგდებული შვიდ-რვა თუმნიანი ხარი დასცეს ძირს და გამოსჭრეს ყელი. ამის შემდეგ სამთავ დაკლული საქონელი შეაგროვეს ერთგან, დაატყავეს, დასჭრეს და დაურიგეს სოფელს.

  • კონას არ მიუგზავნოთ-რა, კონას!.. – დაიძახა ვანომ.
  • იმას სახლი შეუკარით, გაგზავნა როგორ იქნება… – მოისმა აქეთ-იქიდამ.

ამის შემდეგ ხალხი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდა. ხუმარა ნინიკამ კი აიარა კონას აივნის კიბე და შევიდა მის სახლში.

VII

ამ სახლში ნინიკას დახვდნენ თვით სახლის პატრონი თავადი კონა ხმამაღალაშვილი, აზნაური ილიკო მხიარულაძე და მამასახლისი ქრისტესია ნაცრიაშვილი. სამოც წლამდისინ მიღწეული, მომღიმარე, პატარა პლუტური თვალებით შემკული, გახუნებული ფარჩის ახალუხის ამარა იჯდა კონა ტახტზედ და დაბალის ხმით ებაასებოდა იქა მყოფთ, რომელნიც მასზედ კარგა მოშორებით ისხდნენ სკამებზედა.

  • შენც მე მომძებნე? მოდი, შვილო, მოდი! – ალერსიანის ხმით უთხრა კონამ ნინიკას, როდესაც ამ უკანასკნელმა შეაღო პირველის კარები.
  • ღმერთმა შენი ნუგეში და იმედი ნუ მომიშალოს, შენი ჭირიმე! – სთქვა ნინიკამ, – დაგვაწიოკეს, შენი ჭირიმე!.. ერთი ძროხა მყავდა, ისიც დღეს დამიკლეს…
  • დაგვღუპეს, დაგვღუპეს. შენი ჭირიმე! – დაიწყო მამასახლისმა, – ათთუმნიანი ხარი დამიკლეს. ეს სულ კი სოსიაშვილისაგან მოხდა.
  • სულ, სულ იმისაგან!.. – დაუმატა ნინიკამ.
  • სოსიაშვილიც ხომ სათოკეა, მაგრამ ის ისე არ არის დამნაშავე, როგორც ვანო!.. – სთქვა კონამ, – სულ იმან არია ეს სოფელი. ღმერთი მაგას არა სწამს, საყდარში ეგ არ დადის, მღვდლებს, ბერებს, ჩინოვნიკებს მუქთამჭამელებს ეძახის, თავადაზნაურობა დასაძრახისი ხარისხისააო… ყველაფერში თანასწორობა და თავისუფლება უნდა იყოსო… ამისთანა ლაპარაკმა გააგიჟა ხალხი. ორიოდ-სამი კაცის მეტი სოფელში ძაღლად არავინ მაგდებს.
  • გაირყვნა, კნიაზო, ადამიანი გაირყვნა! – წარმოსთქვა ლაქუცით ილიკომ, – ვერა ქნეს კაი საქმე, გლეხები რომ გაანთავისუფლეს! მას შემდეგ წახდა ქვეყანა, დაივიწყეს უფროს-უნცროსობა და ვიღაც ბიჭ-ბუჭებმა გაბედვით იწყეს, ბატონო, სულ პირველსა და დიდ რამეებზე ლაპარაკი. ვაი დედასა მტრისასა!
  • ხემწიფე მრავალ მოწყალეა, – წარმოსთქვა კონამ, – მაგრამ ხალხი არ ვარგა, ხალხი.
  • მართალი ბრძანებაა, შენი ჭირიმე, – სთქვეს ერთხმად მამასახლისმა და ნინიკამ.
  • აუდევნებია სოსიაშვილი და ამ ქალაქ დღე სულ იმასთანა გდია!… – სთქვა ვანოზედ აზნაურამ, – ეგ ოჯახდაქცეული გვარს არცხვენს, გვარსა.
  • მე, – იწყო კვალად კონამ, – მონდობილი მაქვს მთელი ე ჩვენი მხარე, აქ მე თვალყური უნდა ვადევნო – ვინ რა წინააღმდეგობას იტყვის, ანუ ჩაიდენს, მერე უნდა დავასმინო… მე ეგ ვანო ბევრ რამეში მყავს დაჭერილი. აქამდინ ვითმინე და ახლა კი მოთმენა აღარ შემიძლიან. ჩემ გარდა სხვებიც არიან დანიშნული, იმათ რომ გაიგონ მაგის საქციელები და დაასმინონ, მე მაშინ საყვედურს მივიღებ და მოვაკლდები ჩემს ეხლანდელ ალაგსაც. ამასთანავე, საქმე გააჭირა მაგ შეჩვენებულმა. მე დღესვე ქალაქ წავალ და, მალე მტერი მე მომიკვდეს, მალე მე ეგ მოგაშოროთ თქვენა.

ხუმარა ნინიკა შეიშმუშნა, თავი მაღლა აიღო, თითქო რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ვეღარ გაბედა, დაღონებულის სახით გაშტერდა… შემდეგ თავი ჩაღუნა, გულიანად ამოიოხრა.

  • ეგები ე სოსიაშვილი მოგვაშოროთ როგორმე, ბატონო!.. – წარმოსთქვა მამასახლისმა.
  • დიახ, დიახ! შენი ჭირიმე, ბატონო!.. – დაიძახა ნინიკამ, – სუ გიგოს ბრალია, სულა!…
  • მაგას სხვანაირად მოევლება, – განაგრძო კონამ, – ჯერ ერთი: იქ ჩემი ძმისთვის ბარით თავი გაუტეხნია. დილას ვნახე. ძიელ შეწუხებულია. ჩვენ, რასაკვირველია, ვიჩივლებთ. თქვენ ძალადობით ძროხები დაგიკლათ, სოსიკა ბიჭს ხომ კლიტეც გაუტეხა და კინაღამ კიდეც მოკლა… ამაზე თქვენ, სამთავენი, იჩივლებთ… მე და ეს ილიკო მოწმეებათ დაგვწერეთ… სხვა მე ვიცი.
  • ერთი კაი ქეიფი კი გამაწევინეთ-და, ვინ მამაძ… არ გიმოწმებთ, თუ საჭირო იქნება, სუ ფიცილით ავამსებ სუდსა… – სთქვა ილიკომ.
  • სოსიკა ბიჭსა შეატყობინეთ და ხვალ ამოდით რიყეში, იქ მიხეილ ყლაპიაშვილი დაგიწერთ ქაღალდსა და გაგზავნით სუდისკენ.
  • სოსიკა ბიჭს რო თქვენ უბრძანოთ, უფრო კარგი იქნება… – მოახსენა მამასახლისმა.
  • იმას ბრძანება აღარ უნდა. მე იმას კაი დარიგება მივეცი წეღან და კარგადაც აასრულა… – სთქვა კონამ და წამოდგა ფეხზედ.

ყველანი წამოიშალნენ, დაუკრეს კონას თავი და მობრუნდნენ კარებისაკენ. ამ დროს აივანზედ ამოვარდა ერთი რიყელი აზნაურიშვილი და, რა დაინახა კონა, შეღრიალა მომტირალის ხმით:

  • ბატონო კონა! შენი ძმა, რევაზ, გამოგვეთხოვა! ასე დაგვღუპა და დაგვანელა. ვაი ჩემ თავსა, რომ მე ამ დღეს შევესწარი!..

კონა გაშეშდა ერთ ალაგას, მისი გაჭყეტილი თვალები კარგა ხანს უძრავად იცქირებოდნენ ამბის მომტანისაკენ. შემდეგ გიჟივით ხელი გაიქნია და ერთი საშინელი დაიღრიალა:

  • ვაიმე, ძმაო! ვაი, ჩვენ დაღუპვასა! – დავარდა ისევ ტახტზე და თავსა და პირში წაიშინა ხელები. მეორე ოთახიდან გამოვარდა კონას მეუღლე, რიფსიმე, და მივარდა ქმარსა, კარზე მიმავალნიც ისევ მიბრუნდნენ უკან. ამათ ჩვეულებრივ ჯერ მიუსამძიმრეს და შემდეგ დაუწყეს ნუგეშის ცემა. კონამ კარგა ხანს იღრიალა და იცა თავში. ბოლოს, როგორც იყო, დაჩუმდა, შეაკაზმინა ცხენები, გაიყოლა თან აზნაურა ილიკო და თავის კნეინით გასწია რიყისაკენ. როდესაც ამ ცხენოსნებმა გიგოს სახლს აუარეს გვერდზედ, კონამ გულში ხელი ჩაიკრა და ხმამაღლა დაიძახა:
  • მაშ ამ გულზე მიწა დამეყაროს, თუ მე შენ ციმბირში არ გიკრა თავი.

VIII

  • მე ვიცი მაგათ წვიმა მოუვათ… – უთხრა მგზავრებზედ მამასახლისმა ნინიკას, როდესაც ესენი ორთავენი ერთად, გამოვიდნენ კონას კარ-მიდამოდან. – ე ღრუბლები როგორღაც აიშალა.
  • ნეტა ერთი ღმერთმა ბრძანოს და წვიმა მოვიდეს, – ამოოხვრით სთქვა ნინიკამ, – მაგათ რა უშავთ, ძმაო. ეხლავე იქ დაიბადებიან.
  • ღმერთო, წვიმა, ღმერთო! – დაიძახეს თითქმის ორთავემ ერთად.

უცებ ცამ დაიგრიალა და გაისმა ქუხილის ხმა. ამ ხმამ მთელი სოფელი თითქო ღრმა ძილიდან გამოაღვიძაო. სოფელში გაჩნდა ხმაურობა: ხალხი გამოიფინა ბანებზედ.

  • ღმერთო, წვიმა, ღმერთო! – ისმოდა ყოველის მხრიდან… ქალი, კაცი, მოხუცი, ბავშვი სულ ერთიანად შეღაღადებდა ღმერთსა და შესთხოვდა წვიმას. თითქო მართლა ღმერთმა შეისმინა ეს თხოვნა: ცა დაიფარა ლურჯ-მოშავო ღრუბლებით, გაჩნდა ჰაერში ჭექა-ქუხილი; შხაპუნა წვიმამ დაუშვა კოკისპირულად. უცებ ჰაერში გაისმა რაღაც გრიალი, ზუზუნი, გავიდა ორიოდ წამიც და უბედურმა გორიძირელებმა ცხადათ დაინახეს გვალვაზედ არა ნაკლები თავიანთ ამომგდები მტერი – სეტყვა. ხალხი მიიმალ-მოიმალა. ცოტა ხანს უკან საყდრის ზარებს აუყენეს რაკარუკი, მაგრამ სეტყვა თავისას არ იშლიდა. ნახევარ საათის განმავლობაში მსხვილ თხილის ტოლა სეტყვას გაჰქონდა შესაზარი გრიალი მთელს ამ არემარეზე. მიწა მოიფინა სეტყვით, გაჩნდა ნიაღვრები. დაქანებული მთიდამ მოეცა სოფელს წყლის დიდრონი ნაკადულები.
  • არიქათ, გვიშველეთ, თქვენი ჭირიმე! ქრისტიანები ვინა ხართ, გვიშველეთ, ვიხრჩობით! – გაისმა უცებ დედაკაცის ხმა. ამ დაძახებამ მთელ სოფელში ასტეხა ხმაურობა.
  • ხალხო! უშველეთ, უშველეთ!.. კაციაანი ნიაღვარმა წაიღო! – მოისმა ვანოს ხმა. პატარა ხანს უკან გამოჩნდა თვით ვანოც. თავშიშველ-ფეხშიშველა ის ყვირილით გარბოდა კაციაანთ სახლისაკენ; აი, მივიდა კიდეც ამ სახლთან. ნიაღვრის ვეებერთელა ნაკადული მისცემოდა ღრმად ჩათხრილ მიწურს, ჩამოეგდო კარები და გრიალით შედიოდა სახლში. ვანო საჩქაროზედ გადახტა წყალში და ბარბაცით შეჰყვა მას სახლშია, სახლი ნახევრობამდისინ წყლით იყო სავსე. ძაღლი, ქათამი, ინდაური, კასრი, გოდორი და სხვა სულ ერთმანეთში იყვნენ არეულნი. ზოგი ამათგანი იხრჩობოდა, ზოგიც მოეტივტივებინა აქაფებულს წყალს და გაჩქარებით მიჰქონდ-მოჰქონდა აქეთ-იქით. სახლის პატრონთ ცოლ-ქმართ, ბავშვები ფქვილის გოდრებზედ შეესხათ, თვით კი, რაც მოხვდებოდათ, აყრიდნენ კარებს.
  • გვიშველე, შენი ჭირიმე, ვანო, გვიშველე! – დაიძახეს ცოლ-ქმართ, როდესაც ვანო მათ წინ გაჩნდა.
  • ქვემო კედელი ხევისაკენ არის, აბა მივაწვეთ იმას, ეგები გადავანგრიოთ, – სთქვა ვანომ და გაჰქანდა კედლისაკენ, მივიდა ამ კედელთან, მიაბჯინა ზურგი და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მიაწვა მას. ცოლ-ქმარნი მიეშველნენ ვანოს, ამ დროს სახლში შემოცვივდნენ შვიდი-რვა გლეხკაცნი და ესენიც მიეხვივნენ ქვემოთა კედელს. კედლის ერთმა ნაწილმა დაიგრიალა და გადაწვა ხევში. დაგუბუბულს წყალს მიეცა გზა, ოჯახობა გადურჩა დაღუპვასა, მშველელნი გამოცვივდნენ აქედამ და გაჰქანდნენ ახლა მეორე გლეხის სახლისაკენ, საიდანაც ისმოდა საშინელი ჟრიამული.
  • არიქათ, ბიჭებო! ჩვენ სოლომონას შევარდნია ნიაღვარი, – დაიყვირა ვანომ და მოუმატა სირბილს. უცებ გაუსხლტა ფეხი, დაეცა ძირს და თავი დაჰკრა ქვასა… სისხლი თქრიალით ჩამოედინა შუბლზედ, მაგრამ ვანომ თითქო ვერც კი იგრძნო ესა: სწრაფად წამოხტა ისევ ფეხზედ და ერთს წამს თავის ამხანაგებით მიიჭრა მოხუცებულ სოლომონას სახლთან. აქ უფრო დიდი ნაკადული შედიოდა სახლში; მეორე უბედურებაც მასში მდგომარეობდა, რომ სახლი მთლად მიწაში იჯდა და არა ჰქონდა გასანგრევი კედელი.
  • ნიაღვარი გადუგდეთ იქით, ნიაღვარი! – დაიძახა ვანომ. რამდენიმე გლეხი ეცა ნაკადულს, ზოგნი შეცვივდნენ სახლში. კარებთან ესენი შეეფეთნენ გიგოს, რომელსაც ხელში ეჭირა სოლომონა და მოიწევდა კარებისაკენ, მაგრამ აი, მიჰკრა მას მძლავრმა ნაკადულმა, დასცა ძირს და გორაობით წაიღო ქვემოთკენ. ახლად შესულები მიეშველნენ გიგოს და სოლომონა საჩქაროზედ გამოიტაცეს კარზედ, მაგრამ ეს შველა გვიანღა იყო. დასუსტებულ ავადმყოფ მოხუცებულისთვის ლოგინში მოესწრო ნიაღვარს, ეყლაპებინა რამდენჯერმე წყალი და გიგოს ხელში დამხრჩვალიყო საწყალი. ამის გამოტანის შემდეგ უვნებლად გამოასხეს სახლიდამ მისი ცოლ-შვილიც… კარებზედ გაჩნდა ერთი საშინელი ტირილი და წიოკობა. მთელი სოფელი თავს დაედო ამ უბედურთა. ასე გასინჯეთ ბავშვებიც კი დასტიროდნენ კეთილ, ჭკვიან მოხუცებულ სოლომონას. პატარა ხანს უკან ჩვენმა ბებერმა ბაბალემ წაიყვანა თავის სახლში სოლომონას ცოლ-შვილი, თითონ გარდაცვალებული კი საყდარში წააღებინა მღვდელმა. რამდენსამე სხვა გლეხკაცთაც შეუვარდათ სახლში ნიაღვარი. ერთს მათგანს დაუხრჩო ხბო, მეორეს ხარი… სხვანი მშვიდობით გადურჩნენ უბედურებას, მაგრამ ვენახები, ვენახები!..

IX

გავიდა სამი, თუ ოთხი დღე ამ ამბის შემდეგ. ამ დროს განმავლობაში არც კონა და არც მისი მომხრე გლეხნი სოფელში არსად არა სჩანდნენ. გორიძირელებმა ვერ შენიშნეს ესა. მათ გულს სხვა დიდი ჯავრი და სევდა აწვა, იგინი ჰგლოვობდნენ სეტყვისაგან განადგურებულს თავის ვენახებს. იყო კვირა დღე, გორიძირის ტაძარში წირვა იდგა… ხალხი არაჩვეულებრივ ბლომად შეგროვილიყო ამ ტაძრის კარებწინ და სევდიანის, მწარეთ დაღრეჯილის სახით, იწერდა ხანდისხან პირჯვარს:,,ღმერთო, მოგვხედე, ღმერთო, შენ მადლსა და შენ სახელსა”. გაისმოდა ხოლმე გლეხების მწუხარე ხმა ყოველ ამ დროს. რა დამართვია ამ საცოდავ ხალხს, რას დაუხოცნია ასე უწყალოდ ეს უბედურების შვილნი. ერთს მათგანს აღარ ედო თვისი ნამდვილი ფერი და სახე. ჩაცვივნული თვალები საცოდავათ გამოიცქირებოდნენ თვის მორღვეულს ბუდეთაგან, გამხდარს, გაყვითლებულს სახეზედ ისეთი ღრმა სევდა და ვაება ჰქონდათ გადაშლილი, თითქო მასზედ თავის დღეში არც ერთხელ არა ჰქონიყვეს ადგილი მხიარულების გამოხატულებას.

  • დავიღუპენით, ძმაო, დავიღუპენით! – წამოიძახა ერთმა გლეხმა.
  • იდიდოს, ღმერთო, შენი სახელი!.. – დაუმატა მეორემ, – თუ გაგვაჩინე, მოგვიმართე კიდეც ცოტა რამ ხელი, თუ არა და, ბარემ სუ ერთ დღეს მიიბარე ჩვენი სული და მოგვარჩინე ამ წვა და დაგვასა.
  • ეხ, ძმაო! – დაიძახა მესამემ თავის ქექით, – აღარც რა ღმერთი ყოფილა საწყალი კაცისათვინ.
  • ე მაგ ლაპარაკსა, შვილოსან, – დაიძახა ერთმა მოხუცებულმა გლეხმა, – ისა სჯობიან, რომ ე ჩვენ თავს ჩვენვე რამე უწამლოთ. თუ ღმერთმაც აიღო ჩვენზე ხელი ე ჩვენ მაინც ნუ ვახდენთ ერთმანეთსა. ღმერთ ერწმუნე, რო კინაღამ მოვკალი გუშინ ჩემი დედაკაცი. გაბრაზებულმა სხვა ვეღარა მოვახერხე რა. ვენახიდგან გამოვედი… ე წმინდა წირვის მადლმა, რო ძლივ მოვადგამდი ფეხებსა. შევხედოთ, კაცო და, ე დათუას უღელი კამეჩი გადასულა ჩემ სიმინდში და აოხრებს იქაურობას… გავიმაგროთ, ხალხო, საქონელი… ე სიმინდები არ არი წამხდარი, თითქო კიდეც არგო სეტყვამა; ეგები ე სიმინდი მაინც მოგვივიდეს რამე.
  • ე წმინდა გიორგის მადლმა, კინაღამ შემომაკვდა ჩემი ბიჭი ეგ რო გავიგე, – უპასუხა დათუამ, – მა რაა, ძმაო, საქონელი პირუტყვია, თუ ჩვენ არ დავიჭირეთ, იმათ რა ჭკუა აქვთ.
  • დათუა! – დაიძახა ერთმა გლეხმა, – ი შენ ლომა კამეჩს რა დამართვია, კაცო! ფეხი, თითქო, ამოვარდნილი აქვს.
  • მა რა ჯანაბაა, ამოვარდნილი აქვს. ი ნიაღვარში გზა ვეღარ გაეგნო და ცალი ფეხი ჩვენებიანთ პატარა ბანში ჩავარდნოდა…
  • ჰეი, ჰეი, ჰეი! – ამოოხვრით სთქვა ახლა სხვა გლეხმა, – დიდი ცოდო არ დაატრიალა ი ოხერმა სეტყვამა. რიყეში, კაცო, მთელი ყლაპიაანთ უბანი სუ წაულეკნია ნიაღვარსა. მოეცა, თურმე, მთიდან წყალი და იმათი წივილ-კივილი ცაში ადიოდა, ორი, თუ სამი ბავშვი დაეხრჩო. ყლაპიაანთ თეიმურაზასთვინ მთვრალისათვინ მოესწრო სეტყვასა. გუშინ, თურმე, იპოვნეს რიყეზე ლამქვეშა.
  • ჩვენი სოფლისთანა ზარალი კი არა სოფელს არ მოსვლია, ძმაო, – სთქვა მოხუცებულმა გლეხმა, – ერთი ჩვენი სოლომონა ერთ ქალაქათა ღირდა…
  • მოგვმადლე უფალო, უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე!.. – მთქნარებით მისძახა დიაკვანს ერთმა გლეხთაგანმა.
  • ღმერთო, შენი მადლისა და შენი სახელის ჭირიმე! – ერთხმად დაიგრიალა ხალხმა პირჯვრის წერით.

ამის შემდეგ მობაასეთა შორის კარგა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, ამ დროს უცებ ორღობიდამ მოისმა რამდენიმე ბავშვის ტირილი და ჟღავი-ჟღუვი. ხალხმა მიიხედა იქით. შვიდი-რვა პატარა ბავშვი გულებდახეთქილები, საშინელის წივილ-კივილით გამოცვივდნენ ორღობიდამ და, ქორისაგან შეშინებულ ჩიტებივით, შეიმალნენ სადაც კი თავშესაფარი რამე დახვდათ. ბავშვები დაჩუმდნენ, ახლა ძაღლებმა ასტეხეს გაბმით ყეფა და ყმუილი ისე, როგორათაც იციან მათ მგლის დანახვაზედ.

  • ადე, კაცო, გავიქცეთ, – დაიძახა ერთმა გლეხმა, – მა ბავშვებს სწორეთ მგელი გამოუდგათ. – რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭმა საჩქროთ წამოავლეს ქუდებს ხელი და ის იყო აპირებდნენ ორღობისკენ გაქცევას, რომ ამ დროს იქიდამ გამოვიდა შვიდი-რვა ცხენოსანი კაცი. ზოგიერთს ამათგანს რუსული სამხედრო ტანისამოსი ეცვა და შარვლებზედაც რაღაცა წითელი ზოლები უჩნდა. კონას სახლის წინ მათ ვიღაც დედაკაცი დააყენეს, ჰკითხეს რაღაც და, რა მიიღეს მისგან ჯეროვანი პასუხი, შემოჰკრეს ქუსლი ცხენებს და, ჭენებით მიიჭრნენ ჩვენი ვანოს სახლთან… ამათგან სამნი გადმოხტნენ ცხენებიდამ და გულდაგულ შევიდნენ ვანოს ოთახში. დანარჩენთ ამოიღეს ხმალი და შემოეხვივნენ სახლს გარშემო. საყდრის წინ მდგომი გლეხობა შეშინდა: ჯერ ვანოს სახლს მიაკერეს თვალები, შემდეგ გაოცებულის სახით შეხედეს ერთმანეთს, მაგრამ რაკი ერთმანეთის სახეზე შიშის მეტი ვერა ამოიკითხეს რა, წამოავლეს ქუდებს ხელი. ზოგი ტაძარში შევიდა, ზოგმაც ვენახებისკენ მოუსვა. ორიოდ-სამმა გლეხმა კი შემოიკრიფეს გაბედულობა და ქუდმოხდილი ნელ-ნელა გასწიეს ვანოს სახლისკენ. მათ იქვე ახლო მიუერთდა ფერწასული გიგოც.
  • რა არის, გიგო, რა ანბავია ესა! – დაეკითხნენ მას გლეხნი.
  • რაღაც ცუდი ანბავი-კია და, რა არი, არ ვიცი, – მიუგო გიგომ.

ამ გვარის ლაპარაკით მივიდნენ ესენი და დადგნენ ვანოს ოთახის ფანჯრების პირდაპირ. ამ დროს გაიღო ფანჯარა და ერთმა მოსულთაგანმა გამოსძახა გლეხებს:

  • აქ მოდით, აქა!.. მოწმეებათ დაესწარით.

გლეხებმა ტორტმანით გასწიეს ვანოს სახლისკენ; აიარეს პატარა კიბე და შევიდნენ ოთახში. ვანო, ცოტა ფერშეცვლილი, ნიდაყვით დაბჯენოდა ფანჯრის ქვემო ფიცარს და გაშტერებული შესცქეროდა ხელებში ერთს გაბერილ უცხო კაცს, რომელიც იდგა მის მაგიდასთან და ნელ-ნელა სინჯავდა და ათვალიერებდა მის წიგნებსა და ქაღალდებს. აი მორჩა გაბერილი კაცი წიგნების სინჯვას, შუბლი შეიკრა და უკმაყოფილოთ მიჰყარა ეს წიგნები იქით. ახლა გამოსწია მაგიდის უჯრას და იქიდამ ამოიღო ერთი ბღუჯა ხელნაწერი ქაღალდები. ვანო უცებ გასწორდა, მარჯვენა ხელი წაივლო თმაზე და ჩუმათ წაიბუტბუტა:

  • ვაი, ვაი! ი გიგოც რომ გააბან! – და დააჩერდა ქაღალდებს.

გაბერილმა გასინჯა ერთი, ორი, სამი ქაღალდი, მეოთხე ქაღალდს მიჰკრა ხელი და გადააგდო გასინჯულ ქაღალდებში. ვანო თითქმის შეხტა სიხარულით. ჩვეულებრივი ფერი გადაეკრა მის სახეს და მომცინარის თვალებით შეიხედა კარებისაკენ. გიგო ამ წამს ციურ მანანასავით ნატრობდა… მისი და ვანოს თვალები შეხვდნენ ერთმანეთს, გიგომ მიიხედ-მოიხედა და შემდეგ თვალებით დაეკითხა ვანოს, ეს რა ამბავია შენ თავსაო. ვანომ თავი გაუქნია და თვალებითვე მიუგო: არაფერი, რაღასაც ჩირთი-ფირთობენო. ამ დროს გაბერილმა კაცმა ხელში აიღო პატარა ხელნაწერი რვეული, დაუძახა და მისცა მოწმეების დამძახებელს. მან გადაათვალიერ-გადმოათვალიერა ეს რვეული და რაღაც დაბალი ლაპარაკის შემდეგ დაუბრუნა ის ისევ გაბერილს კაცსავე. ამან რვეული დაიდო წინ და მოუბრუნდა ვანოს.

  • ეს რვეული ვის ეკუთვნის?!

ვანომ აუჩქარებლივ გადახედა ამ რვეულს და ცოტაოდენი სიჩუმის შემდეგ, გულდამშვიდებით მიუგო:

  • ეგ რვეული ჩემია.
  • ვისი ნათარგმნია?..
  • ჩემი!
  • რა მიზნით სთარგმნე შენ ესა?
  • ფული მომცა სხვამ და გადავთარგმნე.
  • ვინ არის ის სხვა?
  • არ ვიცი! მანამდისინ არ ვიცნობდი და შემდეგ მე ის აღარ მინახავს.

ეს ლაპარაკი სულ მართლად დასწერა გაბერილმა კაცმა და ბოლოს მოაწერინა ვანოს ხელი. მოწმეების მაგივრათაც,,მათის ხელის ჩამორთმევით” ხელი ერთმა მოსულთაგანმა მოაწერა. ეს ქაღალდი და რვეული გაბერილმა კაცმა ჩაიდო უბეში, შემდეგ ფშვენით წამოდგა ფეხზედ და უთხრა ვანოს:

  • თქვენ დაჭერილი ბრძანდებით! – სთქვა ეს და გამოსწია კარებისაკენ, გამოირეკა წინ მოწმეები და გამოვიდა კარზედ. ცოტა ხანს უკან გამოიყვანეს ვანოც, შესვეს ცხენზედ და გააქანეს ქალაქისაკენ.
  • ვანო, სად მიჰყევხართ, სადა!.. – დაუყვირა ვანოს გიგომა.
  • ვირის აბანოში! – მოისმა ვანოს ხმა.

იმავე დღეს, საღამო ჟამზედ, პოლიციის ბოქაული რამდენიმე იასაულით მობრძანდა გორიძირაში… მან უცებ დაიჭირა გიგო, შეუკრა ხელები და წაიყვანა სატუსაღოში.

X

საშინელი შიშის ზარი დასცა ამ ამბებმა ჩვენს ტანჯულ გორიძირელებს. ყოველ მათგანს ეგონა, რომ აი, ან ეხლა, ან ეხლა მოვლენ და ყველას ქალაქს წაგვასხამენო. დედაკაცების და ბავშვების ბღავილ-თავშიცემას აღარ აჰქონდა დასასრული. მამაკაცნი, მწარეთ სულითა და გულით დაცემულნი, დარეტიანებულივით წელმოწყვეტილნი, იმალებოდნენ თავიანთ ქოხმახებში და წინათვე გულში ეთხოვებოდნენ თავის საცოდავ მშობელთ და ცოლ-შვილთ. ამგვარს ყოფაში გაატარეს გორიძირელებმა ხუთი, თუ ექვსი თვე. ამ დროს განმავლობაში კონა და მისი მომხრე გლეხნი სწორეთ თვითმპყრობელ მეფეებად გადაიქცნენ. მათს სიტყვას და ბრძანებას ყურმოჭრილ ყმასავებ ასრულებდა მთელი სოფელი. ამასთანავე, რაც კი რამ გააჩნდათ გლეხთ, მიწისა, თუ ხის მოსავალი, სულ ყველა კონასთან მიჰქონდათ ძღვნად და მუხლმოდრეკით ევედრებოდნენ მას, მოებრუნებინა მათზე გული და დაეხსნა იგინი მომავალი ტანჯვისაგან. პატიოსანი, ბრწყინვალე თავადი და მისი უგუნური, წმინდა თავადიშვილები, ამპარტავნებით სავსე მეუღლე კნეინა რიფსიმე მრისხანეს სახით ხვდებოდენ გლეხთ და მოჰყვებოდნენ ხარხარს, როდესაც მათგან მიტანილს ოფლსა და სისხლს გვერდს მოუსხდებოდნენ ხოლმე. ერთს დღეს ამ გვარად უსხდნენ ცოლ-ქმარნი ერთს კალათს მშვენიერს ყურძენს, დასცინოდნენ გლეხთა უგუნურებას და თანაც ნელ-ნელა შეექცეოდნენ ამ უგუნურების ნაყოფს. ამ დროს გაიღო მათი ოთახის კარი და შიგნით ქუდმოხდილი შემოვიდა ქალაქიდამ მოსული მოჯამაგირე. ამან რამდენჯერმე გადასდგა ფეხი და ბატონს მიართვა დაბეჭდილი წერილი. ეს წერილი ბატონმა ფაცი-ფუცით გახსნა და წაიკითხა. კმაყოფილების და გულითადი სიხარულის ღიმილი გადაეკრა მთლად მის სახეს. წაკითხული წერილი თავის მეუღლეს გარდასცა, თვით კი, ფრთებშესხმულივით წამოხტა ფეხზედ, გაჰქანდა, დაეცა ორთავ მუხლზედ ოქრო-ვერცხლით მოჭედილ ხატის წინ და ხელგაპყრობით შეჰღაღადა მას:,,დიდება შენს სიძლიერესა, ყოვლად შემძლებელო ღმერთო, მფარველო ყოვლის ჩემისთანა კაცისაო. აღგისრულებ, შენმა მადლმა და შენმა სახელმა, რაც აღთქმა დაგიდე”. სთქვა რა ეს, წარმოდგა ფეხზედ და დაუყვირა ბიჭს:

  • ჩქარა, სოსიკა ბიჭი, მამასახლისი და ნინიკა მომგვარეთ აქა. – ბიჭი გაიქცა და ათიოდ წამის შემდეგ მოიყვანა სამთავე დასახელებულნი გლეხნი.
  • აი რა წიგნი მივიღე დღეს მე ქალაქიდამ… – უთხრა მათ კონამ აივანზედ და თვით წერილისათვის შებრუნდა სახლში, გამოარბენინა იქიდამ წერილი და ხმამაღლა წაუკითხა:

“თქვენო ბრწყინვალებავ, კნიაზო კონა. პირველად უმდაბლესად თავს გიკრამ და მერე მოგახსენებთ მას, რისაც გაგებაც გწადიანთ თქვენ. ვანო მხიარულაძე, მართალია, ძმებმა პირობით გამოაშვებინეს ციხიდამ, მაგრამ ჭლექი ისე გაძლიერებოდა მას ციხეში, რომ ორი კვირის მეტი ვეღარ იცოცხლა. დღეს ასაფლავებენ იმასა. გიგო სოსიაშვილის საქმე უფრო კარგად წავიდა. კაცისმკვლელობისთვინ, კლიტის გატეხისთვინ და კიდევ რაღაებისთვინაც ციმბირში გაგზავნა გადაუწყვიტეს და ამ თვის გასულს ჰგზავნიან. თქვენი მორჩილი მონა აზნაური მიხეილ ყლაპიაშვილი”.

  • რახან ეგრეა, – დაიძახა სოსიკა ბიჭმა, – წავიდეთ ეხლავე და ახლა ჩვენ დავკლათ გიგოს ძროხა.
  • ანგრე იყვეს, ანგრე! – დაუკრა მას კვერი მამასახლისმა.
  • წადით, წაიყვანეთ ე ჩემი ბიჭებიცა და ეხლავე დაკალით, – უბრძანა მათ კონამ.
  • ეხლა ნახირში ეყოლებათ, შენი ჭირიმე, იმათ ძროხაი… – სთქვა ნინიკამ.
  • მაშ საღამოზე მიუცვინდით… – უთხრა მათ კონამ და შევიდა სახლში.

გლეხკაცნი წამოვიდნენ და მოჰფინეს მთელ სოფელს ვანოსი და გიგოს ამბავი. ახლა ამ ამბებმა ასტეხეს სოფელში ალიაქოთი. შეიტყო ეს ამბავი გიგოს პატარა მოხუცებულმა დედამ.. მისმა უბედურმა ცოლ-შვილმა… ცოფიან ძროხასავებ, სრულიად არა ადამიანის ხმით, შეჰქმნა ბღავილი საცოდავმა ბებერმა. ამდენს ხანს შემაგრებული ცრემლი ეხლა წასკდა და საღამომდისინ, თითქო, სულ ცრემლად დაიცალა ის. ბუნებით პატარა ტანისა, მოხუცებულობისაგან დალეული ბაბალე დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, სწორედ მუშტის ტოლა გახდა. ის იჯდა დერეფანში, მოსთქვამდა შესაზარის ხმით, იბდღვნიდა გათეთრებულს თმასა, იკაწრავდა ძვლებზედ შავად მიმხმარს ლოყებს, იგლეჯდა პაწაწკინა მიმჭკნარ ძუძუებს; ხანაც პირქვე დაცემული ჰგლეჯდა და ჩაბღუოდა მიწას.

“შვილო, მე რო არ წამექეზებინე, იქნება არ წასულიყავი. მე, აყეფებული, რათ გაქეზებდი! რათა გჭრიდი, შვილო, ყელსა! დედის ხელით მოკლულო შვილო! ვის დაუყარე შენი პატარა შვილები!.. დაიქცეს და დაიღუპოს შენი სამართალი… ოი, ერთი დამანახვა როგორმე შენი თავი, შე სისხლისმსმელო, შენა. სად დამიღუპე შვილი, სადა…” ბებერს მისძახოდა რძალი, ამათ – გიგოს პატარა ქალ-ვაჟი და მთელს იმ არემარეზედ ტრიალებდა ერთი საშინელი საცოდაობა. ამ საცოდაობამ კონას გულამდისინაც მიაწია: მან დაუძახა წეღანდელს გლეხებს და უბრძანა, რომ ძროხის დაკვლა მათ სამი დღით გადაედოთ. გლეხთ აღასრულეს ეს ბრძანება. სამი დღის შემდეგ, საღამო ჟამზედ, ეს გლეხნი და კონას ორი ბიჭი შეგროვდნენ ერთად და, როდესაც ნახირი მოვიდა, მიუცვივდნენ გიგოს დანიავებულ სახლობას, ეცნენ ძროხას და ბებერი ბაბალეს წინ დასცეს მიწაზედ. მოხუცებული ჯერ ვერ მიხვდა თუ რასა სჩადიოდნენ ესენი, მაგრამ როდესაც სოსიკა ბიჭმა ხანჯალი ამოიღო, ის წამოვარდა ფეხზედ და გამწარებული ეცა ძროხას.

  • ბიჭო, რათ მიკლამთ ძროხაშა… რა დამიშავებია თქვენთვიშა… – დაიჩიფჩიფა ხმაწასულმა ბებერმა.
  • შენმა შვილმა რო ძროხები დაგვიხოცა და მეც კინაღამ მომკლა, შენ ალა ალა ხო არა გგონია… – დაუყვირა მას სოსიკა ბიჭმა.
  • გენაცვალეთ, ნუ დამღუპამთ, ნუ დამანელებთ… ე ობლებიშ შარჩენად მინდა ძროხაი…
  • დაიკარქე იქითა, – შეუტია ბაბალეს მამასახლისმა და წაავლო მას ხელი, რომ იქითკენ გადაეგდო. ბებერმა მოხვია ორთავ ხელები ძროხის კისერს და აღარა შორდებოდა მას.
  • მე დამკალით, მე! თქვენი ჭირიმე!.. -კვნესით დაიძახა ბებერმა…
  • გაგვეცალე, ბებერო, გაგვეცალე!.. – დაუყვირეს აქეთ-იქიდამ.
  • ნუ დამღუპამთ, თქვენი ჭირიმე. ოღონდ ძროხაშ ნუ დამიკლამთ და აჰა, მე დამკალით… – სთქვა ბაბალემ და მართლა გადუღო კისერი ხანჯალამოღებულ სოსიკა ბიჭს.
  • შენ თუ დაგკალით, შენმა მზემ, ასეთ წვენ კი გაიკეთებ, რო იმის ჭამით ვეღარ დავძღეთ… – სთქვა ხუმარა ნინიკამ.

ბებერი გადააგდეს იქითკენ და ძროხას საჩქაროზედ მოსჭრეს თავი. ამ თავს ტირილით მოუსხდნენ გვერდზედ გიგოს პატარა შვილები. ჯერ ისევ თბილმა თავმა ყურები გაანძრია და პირი გააღო. ეს შენიშნეს ბავშვებმა, უცებ გაჩუმდნენ და სიხარულით შესცინეს ერთმანეთს..

  • ჩვენი დედო ცოცქალია სიდა, ალაა?
  • ჰოდე, დილილმე, ცოცქალია ჩვენი დედოი.
  • სიდა, პილი ლო აგალ გააგო.
  • ექლა გააგებც… დაიცა…

პატარები გაშტერდნენ და დაუწყეს ძროხის თავს ცქერა… მაგრამ ძროხის თავმა აღარც პირი და აღარც ყურები აღარ გაანძრია.. პატარები დაღონდნენ და ცოტა ხანს უკან იწყეს ისევ ტირილი. მოვიდა მათთან მათი დედა და შეიყვანა ისინი სახლში.

  • დაიცა, მოვიდეც მამაი… იცე მოგკლამს ლოო, – უკან მოხედვით დაემუქრა ვიღაცას გიგოს პატარა ბიჭი.

ამ ამბავმა სულ ბოლო მოუღო საცოდავ ბებერს. იმ ღამესვე გააცივა იმას და მეორე დღეს ისე შეწუხდა, რომ აზიარებინეს კიდეც. ბევრი აღარა უცოცხლია რა მას ამის შემდეგ… ვახშმობის დრო იქნებოდა, როდესაც დაიძახეს: ბაბალე მოკვდაო.

დიახ, ჩემო ბატონო, ბაბალე მოშორდა ამ,,ძაღლ წუთისოფელს”, წამოიკიდა, მკითხველო, თქვენი ჭირი თავის ბებრუხუნა ზურგზედ და გაუდგა იმ გზას, რომელზედაც გავლილი ბევრი გვინახავს და გამოვლილი კი აღარავინა.
ეს ხანა არის ამოღებული აკაკის ერთი ლექსიდამ. ვსარგებლობ აქ ამით იმის გამოისობით, რომ ამ ლექსს ხშირადა მღერის ხოლმე ჩვენი პროვინციალური, ცოტა რისამე გაგებული, ახალგაზრდობა (ავტორი).

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button