ლიტერატურამოთხრობა

რიუნოსკე აკუტაგავა – ამბავი ერთი შურისგებისა

კვანძი

ხიგოელ თავად ხოსოკავას ვასალებს შორის ირიცხებოდა ვინმე სამურაი, სახელად ტაოკა ძინდაიუ. ადრე იგი ხიუგელი იტოს სახლის რონინი იყო, შემდეგ კი თავად ხოსოკავას ვასალთა წინამძღოლის, ნაიტო სანზაემონის წარდგინებით ამ თავადებმა თავიანთ სამსახურში მიიღეს და ასოცდაათი კოკუ დაუნიშნეს ჯამაგირად.

გაზაფხულზე, კამბუნის მეშვიდე წელს, სამხედრო ასპარეზობაზე მან შუბებით ბრძოლაში ექვსი სამურაი დაამარცხა. ასპარეზობას უფროსი ვასალების თანხლებით ესწრებოდა თვით თავადი ხოსოკავა ცუნატოსი. მას ძალზე მოეწონა შუბით მოასპარეზე ძინდაიუ და მოისურვა ხმლებითაც გაემართათ ბრძოლა. მაშინ ძინდაიუმ ხელთ იპყრა ბამბუკის საკენწლაო ხმალი და ერთმანეთის მიყოლებით სამი სამურაი მიაწვინა. მისი მეოთხე მოწინააღმდეგე იყო სენუმა ხეიო, რომელიც ტომის ჭაბუკ სამურაებს ფარიკაობაში წვრთნიდა. ძინდაიუ დაერიდა ფარიკაობის მასწავლებლის სახელს და გადაწყვიტა მისთვის გამარჯვება დაეთმო. თუმცა ისე ოსტატურად სურდა წაეგო ორთაბრძოლა, რომ გამარჯვების დათმობის განზრახვა საქმეში ჩახედულთათვის ცხადი ყოფილიყო. როგორც კი ერთმანეთს შეერკინნენ, ხეიო მიუხვდა განზრახვას და ბრაზით აენთო მეტოქის მიმართ. და როცა ძინდაიუ განზრახ გადავიდა თავდაცვაში, ხეიომ მთელი ძალით აძგერა მას ხმალი. ხმლის წვერი მძლავრად მიებჯინა ყელში ძინდაიუს და იგი მეყსეულად პირქვე დაეცა. საბრალო შესახედავი იყო ამ დროს ძინდაიუ. ასპარეზობის შემდეგ ტუნაცოსი, რომელმაც წეღან მას შუბი შეუქო, მოიღრუბლა და მადლობის ერთი სიტყვაც არ დასცდენია.

ამ მარცხის შემდეგ, ძინდაიუს ბევრი დასცინოდა ზურგს უკან. “რას იზამს ძინდაიუ ბრძოლის ველზე, შუბის ბუნი თუ გადაემტვრა? ვაი მის დღეს! საკენწლაო ხმალსაც კი ვერ ხმარობს, როგორც რიგიან მებრძოლს შეეფერება”. ამგვარი მითქმა-მოთქმა შეიქმნა კლანის სამურაებს შორის. ბევრს შურიც ალაპარაკებდა, განსაკუთრებით მისი რანგის სამურაებს. მაგრამ როგორ მოქცეულიყო მისი წარმომადგენელი ნაიტო სანძაემონი, რა პასუხი უნდა გაეცა თავადისათვის? ამიტომ მოიხმო მან ძინდაიუ და მკაცრად უთხრა: “შენ ისე სამარცხვინოდ დაამარცხებინე თავი, რომ საქმეს არ მოევლება იმის უბრალო აღიარებით, რომ იმედი გამიცრუე. ან გახვალ ახალ სამჯერად ასპარეზობაში, თუ არა და, თავადის წინაშე დანაშაულის გამოსასყიდად ხარაკირის გავიკეთებ”. ძინდაიუს მხედრული ღირსება ისედაც შელახული იყო მითქმა-მოთქმით. ამიტომ დაუყოვნებლივ ყურად იღო სანზაემონის სიტყვები და სურვილი გამოთქვა ერთხელ კიდევ შერკინებოდა ფარიკაობის მასწავლებელს.

მოკლე ხანში თავადის თანდასწრებით ისინი კვლავ შეიბნენ. პირველ შეტაკებაში ძინდაიუმ ბამბუკის ხმალი მოწინააღდეგის ხელს აძგერა. მეორე შეტაკებაში ხეიომ სახეში აძგერა ხმალი ძინდაიუს. მაგრამ მესამე შეტაკებაში სინდაიუმ კვლავ აძგერა ხმალი მოწინააღმდეგის ხელს. ცუნატოსიმ შეაქო ძინდაიუ და ბრძანა ორმოცდაათი კოკუთი გაეზარდათ მისი ჯამაგირი. ხეიო დაბოღმილი განშორდა თავადს და თან გასიებულ ხელს ისრესდა.

გავიდა სამიოდე დღე, და აი, ერთ წვიმიან ღამით ერთ-ერთი სამურაი, კონო ხეიტარო, განგმირული ნახეს სეიგანძის ტაძრის გალავანთან. ხეიტარო თავადის ერთ-ერთი დაახლოებული ვასალი იყო, ორასი კოკუ ეძლეოდა ჯამაგირად. ანგარიშსა და წერაში გაწაფულ მოხუცს მოშურნე არ უნდა ჰყოლოდა. თუმცა მეორე დღესვე გამოირკვა, ვინ უნდა ყოფილიყო მისი მკვლელი: ამ დღეს უეცრად მიიმალა სენუმა სეიო. ძინდაიუ და ხეიტარო სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ. მაგრამ აღნაგობით წააგავდნენ ერთმანეთს. ამას გარდა, ორივე ერთსა და იმავე ღერბს ატარებდა: მიოგას ყვავილს წრეში ჩახატულს. ღერბი ლამპარზე იყო გამოხატული, რომლითაც მსახური გზას უნათებდა ღამით მიმავალ ხეიტაროს. ამან შეაცდინა ხეიო. მოსასხამში გამოხვეულ ხეიტაროს სახე არ უჩანდა და აი, ძინდაიუს ნაცვლად მოხუცი შემოაკვდა.

ხეიტაროს თვრამეტი წლის მემკვიდრე დარჩა, მოტომე. მან საჩქაროდ გამოითხოვა ნებართვა გამგზავრებულიყო შურის საძიებლად თავის ჭაბუკ მსახურთან, ეგოსი კისაბუროსთან ერთად. ძინდაიუმაც მოისურვა ხლებოდა მოტომეს, სეიტაროს სიკვდლში თავს დამნაშავედ თუ გრძნობდა. საჭურველმტვირთველად წასვლა მოითხოვა აგრეთვე ერთმა სამურაიმ, ცუძაკი საკონმა, მოტომეს ძმადნაფიცმა.

რადგან ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, თავადმა ცუნატოსიმ შეიწყნარა ძინდაიუს თხოვნა, მაგრამ საკონი არ გაუშვა.

მოტომემ ძინდაიუსადა კისაბუროსთან ერთად წესი აუგო გარდაცვლილ ხეიტაროს და დატოვა კუმამოტოს ციხე-გალავანი, სადაც უკვე ცვიოდნენ ალუბლის ყვავილები.

1

ცუძაკი საკონი, რომელსაც უარი უთხრეს საჭურველთმტვირთველად გამგზავრებაზე, რამდენიმე დღე სახლიდან არ გამოსულა. მას სწყინდა, რომ მოტომესთან დადებული ძმადნაფიცობის ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდად იქცა. აწვალებდა ფიქრიც, ვაი თუ ამხანაგების დასაცინი გამხდარიყო, მაგრამ ყველაზე უფრო შფოთავდა იმის გამო, რომ მისი მეგობარი მოტომე მხოლოდ ძინდაიუს უნდა მინდობოდა. და აი, იმ ღამით, როცა სამმა შურისმგებელმა დასტოვა კუმამოტო, იგი მშობლების იდუმალ წავიდა სახლიდან, რათა ადევნებოდა თავის ძმადნაფიცსა და მის მხლებელს ძინდაიუს.

პროვინციის საზღვარზევე მთებში დაეწია მათ. მგზავრები ამ დროს საფოსტო სადგურის ერთ დუქანში ისვენებდნენ. საკონი ხელგართხმით შეევედრა ძინდაიუს, მეც თქვენთან ერთად წამიყოლეთო. მკაცრად დაუხვდა ძინდაიუ: “იქნებ გგონია, არაფერი გამეგებოდეს მხედრულ საქმეში?” არ ეტყობოდა, ადვილად დათანხმებულიყო. მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა მოლბა, გვერდულად გადახედა მოტომეს, კისაბუროს შუამავლობამაც თითქოს გასჭრა, და ძინდაიუმ ნება დართო საკონს წაჰყოლოდა მათ. ქალივით ნაზი მოტომე, რომელსაც ჯერ რძე არ შეშრობოდა პირზე, სიხარულს ვერ მალავდა, ხოლო საკონს თვალები ცრემლებით ევსებოდა და მადლობას უხდიდა კისაბუროს.

ოთხივე თანამგზავრმა იცოდა, რომ ასანოს კლანში ხეიოს უმცროსი და ჰყავდა გათხოვილი. ამიტომ უპირველეს ყოვლისა გადალახეს მოძიგასეკის სრუტე და დაადგნენ ტიუგოკუს შორეულ გზას ხიროსიმას ციხე-გალავნისაკენ. მაგრამ იქ მისვლისთანავე სამურაების სახლში მომუშავე ერთი მკერავი ქალისაგან შეიტყვეს, რომ ხეიოს მცირე ხანი დაუყვია ხიროსიმაში, შემდეგ უჩუმრად მაცუიამაში გადასულა, სადაც სიძეს ნაცნობი ჰყოლია. ამიტომ მგზავრები დაუყოვნებლივ დასხდნენ ხომალდზე და გაგანია ზაფხულში, კამბუნის მეშვიდე წელს უხიფათოდ მიადგნენ მაცუიამას ციხე-გალავანს.

მაცუიამაში ოთხთავემ სახე ამიგასათი დაიფარესდა აქეთ-იქით იწყეს ხეტიალი, ეგების სადმე მტრის კვალს წავაწყდეთო. მაგრამ ეტყობა ფრთხილობდა ხეიო და ადვილი არ იყო მისი სამყოფელის მიგნება. ერთხელ საკონმა დალანდა მოხეტიალე შემლოცველის სამოსში გადაცმული კაცი, ხეიოს მიამგვანა იგი, დიდხანს უთვალთვალებდა, მაგრამ ბოლოსეს აღმოჩნდა სულ სხვა ვინმე, რომელსაც არაფერი საერთო არა ჰქონია ხეიოსთან. ამასობაში დაუბერა შემოდგომის ქარმა და სამურაების სარკმლების წინ, ხშირი ბალახით დაფარული ბლისკინებიდან წყალი გზებზე გადაიღვარა. ამის გამო ოთხი მგზავრის გული მოუთმენლობამ შეიპყრო, განსაკუთრებით საკონს სწადდა მტერთან შეხვედრა. თითქმის ყოველ დროს, დღითა და ღამით, დაეხეტებოდა იგი მაცუიამას შუკებში და ზვერავდა თითოეულ გამვლელს. გულს ედვა, პირველს ჩაეცა შურისგების მახვილი. ძინდაიუს რომ დაესწრო მისთვის, მისი მხედრული ღირსება საბოლოო შეილახებოდა: მან ხომ ყველაფერი მიატოვა ამ ქვეყნად, სახლკარიცა და პატრონიც. ეს ფიქრი აწვალებდა საკონს.

ერთხელ, მაცუიამაში მისვლიდან ორი თვის შემდეგ, ზღვის ნაპირზე მიამავლმა საკონმა შეამჩნია ყოველმხრივ დახურული გავალაკი, რომელსაც ორი ჭაბუკი მსახური ახლდა. მხლებელნი ნავს ამზადებდნენ და თან მეთევზეებს აჩქარებდნენ. როცა სამზადისს მორჩნენ, გავალაკიდან გადმოვიდა ერთი სამურაი. თუმცა მან სასწრაფოდ ჩამოიფარა ამიგასა, მაგრამ წამიერად გაელვებულ სახეში საკონმა სენუმა ხეიო შეიცნო. ერთხანს შეყოყმანდა საკონი: ეჰ, სად არისო ახლა მოტომე. მაგრამ თუ ხეიოს აქვე არ მოკლავს, იგი კვლავ სადმე გადაიმალა, და თუ ზღვაში გავიდა, ვინღა შეაჩერებს? არა, მოცდა არ ეგების. ორთაბრძოლაში უნდა გამოიხმოს.

ერთ წამში გაუელვა ამ აზრმა. არც უფიქრია ბრძოლის სამზადისზე, ჩამოიგლიჯა ამიგასა და შესძახა: “სენუმა ხეიო! ცუძაკი საკონი ვარ, კონო მოტომეს ძმადნაფიცი და საჭურველმტვირთველი. ვერა მცნობ?” იმას კი ამიგასაც არ აუხდია, არც შერხეულა. მხოლოდ მოიხედა საკონისკენ და მშვიდად უთხრა: “აჩქარებულხარ! ვინმე სხვაში ნუ გეშლები”. უცაბედად შედგა გაწბილებული საკონი. იმწამსვე სამურაის ხელი მისწვდა მახვილის ვადას და საკონი საშინელმა დარტყმამ ძირს დაანარცხა. ისღა ოასწრო ქვედაცემულმა საკონმა, რომ დაბლა ჩამოშვებულ ამისგასას ქვეშ ცხადად გაერჩია ხეიოს სახე.

2

საკონის მოულოდნელი მკვლელობის შემდეგ, დანარჩენი სამი თანამეგზური სრული ორი წელი ხეტიალობდა მტრის საძებრად. მათ თითქმის მთელი ტოკაიდო მოვლეს, მაგრამ ვერა და ვერ მიაგნეს ხეიოს კვალს.

დადგა კამბუნის მეცხრე წლის შემდგომა. მგზავრები გაჰყვნენ გადამფრენ გარეულ იხვებს და მიაღწიეს ედოს სანახებს. იმედოვნებდნენ, ეგების ხმაურიან ედოში, სადაც მრავლად იყო მოხუციც და ახალგაზრდაც, აზნაურიცა და უაზნოც, გაეგოთ მტრის ამბავი.

უპირველეს ყოვლისა სასტუმროში დაბინავდნენ, კანადას ერთ-ერთ შიდა ქუჩაზე. შემდეგ ძინდაიუმ მოხეტიალე სამურაის სახე მიიღო, ქუჩა-ქუჩა დადიოდადა სიმღერით ირჩენდა თავს. მოტომე მეწვრილმანედ გადაიქცა და ზურგზე კალათამოკიდებული ეზო-ეზო დახეტიალობდა. ხოლო კისაბურო ერთ დიდებულს ხამლების მტვირთველად დაუდგა.

მოტომე და ძინდაიუ დღე ცისმარე ქალაქში დაწანწალებდნენ. გამოცდილი ძინდაიუ, რომელიც გასამრჯელოს დაფლეთილი მარაოთი აგროვებდა, ბეჯითად ზვერავდა ყოველ დუქანსა და სამიკიტნოს. მან არ იცოდა, რა იყო დაღლა. მაგრამ ჭაბუკი მოტომეს გული შემოდგომის ნათელ დღეებშიც კი, როცა იგი ნიხონბასიზე ჩაივლიდა ხოლმე, უფრო და უფრო ღონდებოდა უიმედობით. ეჩვენებოდა, რომ საბოლოოდ მთელი მათი ცდა მტერზე შურისგებისა ფუჭად ჩაივლიდა.

ამასობაში ცუცუბას მთიდან დაუბერა შემოდგომის ქარმა, სუსხიანი დღეები დაიჭირა და ერთ მშვენიერ დღეს მოტომე გაცივდა. დროდადრო სიცხეს აძლევდა. მაგრამ ცხელების მიუხედავად იგი კვლავინდებურად ზურგზე კალათამოკიდებული გამოდიოდა სავაჭროდ. ძინდაიუ კისაბუროსთან შეხვედრისას აქებდა მოტომეს გამძლეობას. ერთგულ მსახურს თვალები ცრემლებით ევსებოდა. მაგრამ ვერც ერთი ვერ ამჩნევდა მოტომეს ჩუმ ნაღველს, რასთანაც არადჩასაგდები იყო მისი სნეულება.

დადგა კამბუნის მეცხრე წლის გაზაფხული. იმ ხანად მოტომემ ჩუმჩუმად იოსივარას საროსკიპოში იწყო სიარული. იქ დაუახლოვდა ვინმე კაედეს, ასულს იძუმიას სახლიდან. ე.წ. “მეორე რანგის მეძავს”. არა მხოლოდ მოვალეობის გამო ექცეოდა სინაზით ეს ქალი მოტომეს. კაედოსთან მოალერსე მოტომეს მცირე ხნით მაინც უკუეყრებოდა სულის დამთრგუნველი სევდა.

ერთხელ, როცა ყველას პირზე ეკერა სიბუიას აყვავილებული ალუბლები, კაედეს გულითადობით აღძრულმა მოტომემ უამბო ქალს შურისძიების ამბავი. და მისდა მოულოდნელად ქალისაგან შეიტყო, რომ თურმე ხეიოს შენაგვარი ერთი სამურაი მაცუიას ტომის სამურაების თანხლებით იძუმიაში სალაღობოდ მოსულა. კაედე წილად იმ სამურაის ხვდომია და საბედნიეროდ კარგად ახსოვდა მისი გარეგნობა და აღკაზმულობა. კიდევ მეტი: მათი საუბრიდან უნებლიეთ შეიტყო, რომ ორ-სამ დღეში ამ სამურაებს უნდა დაეტოვებინათ ედო და მაცუიას გამგზავრებულიყვნენ. დიდად გაიხარა მოტომემ. მაგრამ იმ ფიქრმა, რომ მტრის კვალზე ადევნებული ვეღარ მობრუნდებოდა ედოს და კაედესაც სამუდამოდ გაეყრებოდა, გუნება მოუწამლა. იმ დღეს ჩვეულებრივზე მეტად დათვრა. ხოლო სასტუმროში დაბრუნებისას ყელიდან სისხლი ამოსკდა.

მეორე დღიდანვე ჩაწვა მოტომე. მაგრამ რატომღაც დაუმალა ძინდაიუს, რომ მან თითქმის მიაგნო მტრის ადგილსამყოფელს. ძინდაიუ კვლავინდებურად დადიოდა სამათხოვროდ და თავისუფალ დროს ავადმყოფს უვლიდა. და აი, ერთხელ, როცა მან შემოიარა ფუკიას ქუჩის ბალაგნები, საღამოთი სასტუმროში დაბრუნებულს დახვდა საკუთარი ხელით განგმირული მოტომე, იგი ანთებულ ლამპართან იწვა, კბილებში წერილი ჰქონდა გაჩრილი. თავზარდაცემულმა ძინდაიუმ ქაღალდი გაშალა. წერილში მტრის ამბავი და თვითმკვლელობის მიზეზი ეწერა: “მე დავუძლურდი, სენი მერევა. მტერზე შურისგების იმედი გადამიწყდა…”სისხლით შეთხვრილ წერილში იდო მეორე წერილიც. ძინდაიუმ სწრაფად გადაიკითხა ნაწერი, შემდეგ ფრთხილად მოსწია ლამპარი და წერილი ცეცხლს მისცა. ალმა ქაღალდი აიტაცა და წამიერად გაანათა ძინდაიუს მოღრუბლული სახე.

ეს იყო სააქაოსა და საიქიოში ერთად ყოფნის ხელშეკრულება, რომელიც მოტომემ ამ წლის გაზაფხულზე კაედესთან შეჰკრა.

3

კამბუნის მეათე წლის ზაფხულზე ძინდაიუმ და კისაბურომ მიაღწიეს მაცუიას გალავანს. როცა ოხასის ხიდზე შედგეს ფეხი და ცამდე აღმართულ ღრუბლებიან მწვერვალებს გაჰხედეს, მათი გული აღაფრთოვანა ამ დიდებულმა სანახაობამ, და გაიფიქრეს: მას მერე, რაც დავტოვეთ მშობლიური კუმატო, მეოთხე ზაფხულს ვეგებებოდი უკვე.

მალე კეხასის ხიდის მახლობელ ფუნდუკში ჩამოხდნენ და მეორე დღიდანვე შეუდგნენ მტრის ძებნას.

შემოდგომის პირზე მათ შეიტყვეს, რომ სამურაი ონტი კოძაემონის სახლში, რომელიც თავად მაცუდაირას ვასალებს მხედრულ სამქეში წვრთნიდა, იმალებოდა ხეიოს შენაგვანი ერთი სამურაი. ორთავ გაიფიქრეს: როგორც იქნა მივაღწიეთო მიზანს. ბრაზითა და სიხარულით ფეთქდა ძინდაიუს გული: ამიერიდან ხეიო მხოლოდ ხეიტაროს მტერი როდი იყო, საკონის მტერიც იყო იგი, მოტომეს მტერიც. მაგრამ ხეიო უფრო მეტად ძინდაიუს დაუძინებელ მტრად იქცა, მტრად, რომელმაც სამი ფათერაკიანი წელი გაატარებინა მას. ამის გაფიქრებისას ძინდაიუ, _ თუმცა მუდამ მშვიდსა და აუჩქარებელს ეს არ შეჰფეროდა _ მზად იყო სახლში შევარდნოდა ონტის და ბრძოლაში ჩაბმულიყო.

მაგრამ ონტი კოძაემონი მთელს სანიდოში პირველი მოხმალავე იყო. ამას გარდა მას მრავალი ერთგული მოწაფე ჰყავდა. ამიტომ ძინდაიუს უნდა მოეთმინა, ვიდრე ხეიო მარტოდმარტო არ გამოვიდოდა სახლიდან.

ვერა და ვერ მოიხელთა ასეთი შემთხვევა: არც დღისით და არც ღამით სახლიდან არ გამოდიოდა ხეიო. ამასობაში მათი ფუნდუკის ბაღში მურტის შტოებს ყვავილები დასცვივდა და ქვებზე არეკლილი მზის სხივები უფრო და უფრო მკრთალდებოდა. ამ დამაღონებელ ლოდინში შეხვდნენ ისინი საკონის მკვლელობის წლისთავს. საღამო ხანს კისაბურო წავიდა მახლობელ ტაძარში და საკონის სულის მოსახსენებელი წესი დაუკვეთა. როგორ განცვიფრდა, როცა იქ საკონისა და ხეიტაროს სახელებით წარწერილი მოსახსენებელი დაფები დახვდა! წირვის შემდეგ კისაბურომ სხვათა შორის გამოჰკითხა ბერს ამ დაფების ამბავი. უფრო მეტად გააოცა იგი ბერის პასუხმა: ამ ტაძრის მლოცველის, ონტი კოძაემონის ერთ-ერთი დაახლოებული პირი თვეში ორჯერ, ამ მიცვალებულთა სიკვდილის დღეს, მოდის აქ და მათ სულებს მოიხსენებს, დღესაც აქ იყოო, _ გულუბრყვილოდ დასძინა ბერმა.

ტაძრიდან გამოსულმა კისაბურომ თითქოს იგრძო, როგორ შეემატა მას განსვენებული მამა-შვილის, კონოსა და საკონის სულიერი ძალა.

ძინდაიუმ სიხარულით მოისმინა კისაბუროს ნაამბობი. უხაროდა, რომ ბედი, როგორც იქნა, მათკენ შემტრიალდა, მაგრამ ბრაზობდა კიდეც: როგორ ვერ შევამჩნიეთ, თუ ხეიო ამ ტაძარში დადიოდაო. “რვა დღის შემდეგ ჩემი მოხუცი ბატონის გარდაცვალების დღეა. სწორედ ამ დღეს მოგვიწევს შურისგება. აქ გადაწყდება ჩვენი ბედიც!” ამ სიტყვებით დაასრულა კისაბურომ სასიხარულო ამბავი.

ძინდაიუსაც აღელვებდა ეს აზრი. მაგრამ არც ერთს არ უფიქრია, თუ რა ამბავი ტრიალებდა ხეიოს გულში, როდესაც იგი დროდადრო მათ მიცვალებულებს მოსახსენებელ წესს უგებდა.

ახლოვდებოდა ხეიტაროს გარდაცვალების დღე. ორივენი ლესავდნენ მახვილებს და მშვიდად ელოდნენ სანატრელ ჟამს. ეჭვი არ იყო, ვერაფერი დააბრკოლებდა შურისძიებას. ძინდაიუ იმაზეც ფიქრობდა, როგორ უნდა მიმალულიყვნენ ვალის აღსრულების შემდეგ.

და ბოლოს დადგა ეს დღეც. მზის ამოსვლამდე ლამპის შუქზე შეიკაზმნენ. ძინდაიუმ ირისის ყვავილებით დატვირთული ტყავის შარვალი და მტკიცედ ნაქსოვი შავი ჩესუჩის კურტაკი ჩაიცვა, კურტაკს ზემოთ ამავე ქსოვილის ხაორი მოისხა, რომელზეც საგვარეულო ღერბები იყო გამოსახული. წელზე შეიბა ხასებე ნორინაგას გამოჭედილი დიდი ხმალი და ერთიც მომცრო ხმალი, რაი კუმიტოსის ნახელავი. კისაბუროს არ ჰქონდა ხაორი, მაგრამ ტანთ უბრალო და მსუბუქი მოსასხამი მოისხა. გადაჰკრეს თითო ცივი საკე, მეფუნდუკესთან ამ დღის ანგარიში გაასწორეს და ხალისიანად გაცუდნენ კარში.

ქუჩა ჯერ კიდევ უკაცრიელი იყო. მაინც ჩამიფარეს ამიგასა და ნაცნობი ტაძრის კარიბჭისაკენ გაემართნენ. მაგრამ ორი კვარტალიც არ გაევლოთ, რომ ძინდაიუ უეცრად შეჩერდა და თქვა: “მოიცა! მეფუნდუკეს ხურდა არ დაუბრუნებია. წავალ და იმ ოთხ მონის გამოვართმევ”. არ მოეწონა ეს კისაბუროს: “რა ოხრად გინდა ის ოთხი მონი? განა ამისთვის ღირს გაბრუნება?” გული არ უთმენდა სეკოინის ტაძრამდე კისაბუროს, მაგრამ ძIნდაიუ სხვას ფიქრობდა: “ხურდის დარდი არა მაქვს. ქვეყნის აღსასრულამდე ვერ მოვინელებ ამ სირცხვილს: სამურაი ტაოკა ძინდაიუ ისე აღელვებულა შურისგების წინ, რომ თურმე მეფუდუკესთან გასწორებისას ანგარიში შეშლიაო. შენ წადი. მე კი ფუნდუკში გავბრუნდები”. ეს თქვა და უკან შეტრიალდა. ძინდაიუს გულშეუძრაობით გაოცებული კისაბურო მარტოდმარტო გაემართა შურისგების ადგილისაკენ.

სულ მალე კვლავ შეხდნენ ერთმანეთს ტაძრის კარიბჭესთან. იმ დღეს მსუბუქი ღრუბლები დაცურავდნენ ცაში, მზის მკრთალი შუქი ანათებდა მათ, ხანგამოშვებით უსიამოდ ცრიდა. თითოეული მათგანი კარიბჭის სხვადასხვა მხარეს მიჰყვებოდა გალავანს, რომლის თავზე უკვე ცვიოდა უნაბის გაყვითლებული ფოთლები.

შუადღემ მოაღწია, მაგრამ ხეიო არ ჩანდა. კისაბურომ ვეღარ მოითმინდა და მეკარეს ჰკითხა, თუ მოვაო დღეს ხეიო. მეკარესაც უკვირდა, რომ იგი რატომღაც არ მოდიოდა.

სუნთქვაშეკრულნი იდგნენ ისინი ტაძრის გალავანთან. ამასობაში დრო უწყალოდ გადიოდა. მწუხრის ჩრდილები დაეფინენ მიდამოს, ჰაერში გაისმოდა უნაბის ხეებზე მომხსდარი ყვავების ჩხავილი. ლოდინით შეღონებული კისაბურო მიუახლოვდა ძინდაიუს და წასჩურჩულა, ონტის სახლისათვის ხომ არ მიმეკითხაო. ძიუნდაიუმ უარის ნიშნად თავი გააქნია.

მალე ტაძრის კარიბჭის ზემოთ ღრუბელთა შორის აქა-იქ აკიაფდნენ მეჩხერი ვარსკვლავები. გალავანს მიყრდნობილი ძინდაიუ შეუპოვრად ელოდა ხეიოს. ვაითუ შეიტყო ხეიომ, რომ მას მტრები ჩასაფრებიან და იქნებ გვიან ღამით შეუმჩნევლად მოვიდეს ტაძარში?

ბოლოს ზარმა ღამის პირველი ჟამი მოასწავა. შემდეგ დარეკა მეორე ჟამმა. ღამის ცვარით დასველებული შურისმგებელნი არ შორდებოდნენ ტაძარს.

კვანძის გახსნა

ძინდაიუ და კისაბურო სხვა ფუნდუკში გადავიდნენ და კვლავ იწყეს ხეიოს ძებნა. გამოხდა ხანი და ერთ საღამოს ძინდაიუს საშინელი გულისრევა და ფაღარათი აუტყდა. შეშფოთებული კისაბურო ისე იყო ექიმის მოსაყვანად უნდა გაქცეულიყო, მაგრამ ძინდაიუმ არ გაუშვა. ეშონოდა, უდროოდ არ გამომჟღავნებულიყო მათი საქმე.

მთელი დღე საწოლში იწვა ძინდაიუ, აფთიაქში ნაყიდი წამლის ამარა. მაგრამ გულისრევამ და ფაღარათმა არ გაუარა. ბოლოს კისაბურომ ვეღარ აიტანა ყოველივე ამის გულგრილად ცქერა და, როგორც იქნა, ექიმის მოყვანაზე დაიყოლია ავადმყოფი. კისაბუროს თხოვნით მეფუნდუკემ გამოიძახა ამ ადგილებში სახელგანთქმული ექიმი მარუკი რანტაი.

რანტაი თვით მოხუცი მუკაი რეირანის მოწაფე იყო და საუკეთესო მკურნალის სახელი ჰქონდა გავარდნილი. გარდა ამისა, ნამდვილ სამურაისავით ცხოვრობდა: დღე და ღამე სვამდა და ფულზე სულაც არ ფიქრობდა. ამიტომაც ყველანი მასთან მიდიოდნენ სამკურნალოდ. კლანის უწარჩინებულესი ვასალებიცა და უპოვარი პარიებიც.

რანტაის ავადმყოფისათვის მაჯაც არ გაუსინჯავს, ისე გაოიცნო მისი სენი. მაგრამ ვერც ამ სახელოვანი ექიმის წამლებმა უშველეს სნეულს. კისაბურო თავს ევლებოდა ძინდაიუს, თან ღმერთებს მის განკურნებას შესთხოვდა. ხოლო თვით სნეული მთელი დაუსრულებელი ღამეები ისუნთქავდა ნახარში ბალახების ორთქლს და მხურვალედ ლოცულობდა, რათა როგორმე გაეტანა თავი დათქმული სურვილის აღსრულებამდე.

ამასობაში შემოდგომაც იწურებოდა, წამალზე დამავალი კისაბურო ხშირად აყოლებდა თვალს გადამფრენი ფრინველების მწკრივს, რომლებიც სერავდნენ შემოდგომის უიმედო ზეცას. და აი, ერთხელ მკურნალ რანტაის სახლის წიგნაკში იგი შეეყარა სამურაოს ერთ მსახურს, რომელიც რანტაისთან მასავით წამლისათვის მისულიყო. კისაბურო იმწამსვე მიხვდა, ავადმყოფი სამურაი ონტი კოძაემონის სახლიდან უნდა ყოფილიყო. როდესაც მსახური წავიდა, კისაბურო მიუბრუნდა ნაცნობ მოწაფეს და ჰკითხა: “ხედავ, ისეთი ვაჟკაციც კი, როგორიც ონტი კოძაემონია, ვერ ასცდენია ამ სენს”. “არა, ონტი-დონო არ არის ავად, მის სახლში ჩამომხმარი სტუმარია ავად”. ასე მიუგო გულუბრყვილო მოწაფემ.

ამიერიდან წამალზე მიმავალი კისაბურო ცდილობდა როგორმე გაეგო ხეიოს ამბავი. თანდათან ყველაფერი გამოწვლილვით გამოიკითხა, და აღმოჩნდა, რომ იმ დღიდან, როდესაც მას გალავანთან ელოდებოდნენ, ხეიოს იგივე სენი შეჰყრია, რაც ძინდაიუს. ცხადი გახდა, რატომ არ მოვიდა იმ დღეს ხეიო სეკოინის ტაძარში. როდესაც ძინდაიუმ ეს ამბავი შეიტყო, კიდევ უფრო გაუმწარდა სნეულება. ხეიო რომ მოკვდეს, როგორღა მოახერხოს ძინდაიუმ სისხლის აღება. კიდეც რომ გადარჩეს ხეიო, ხოლო ძინდაიუ სიცოცხლეს გამოესალმოს, ხომ ამაოდ ჩაუვლის ამდენი წლის წვალება. ძინდაიუ ღრღნიდა სასთუმალს და განკურნებას შესთხოვდა ღმერთებს. ამასთანავე არ შეეძლო არ ელოცა თავისი მტრის, სენუმა ხეიოს გადარჩენისათვის.

მაგრამ ბედი ბოლომდე სასტიკი აღმოჩნდა ტაოკა ძინდაიუს მიმართ. სენი დღითი დღე ძლიერდებოდა, ვერ შველიდა რანტაის წამალი. დღეს თუ ხვალ აღასასრული უნდა დამდგარიყო. მწარედ გატანჯულს ერთი წამითაც არ ავიწყდებოდა შურისგების ვალი. კისაბუროს მომაკვდავის კვნესასთან ერთად ეს სიტყვებიც ესოდა: “ჰოი, ბოდისატვა ჰატიმან! ერთხელ ღამით, როდესაც კისაბურო წესისამებრ წამლობდა სნეულს, ძინდაიუ იაშტერდა მას და ამოიკვნესა: “კისაბურო!” სული მოითქვა და განაგრძო: “გასრულდა ჩემი სიცოცხლე”. ხელებით დაყრდნობოდა ფარდაგს და თავის აწევის ღონეც კი მიხდოდა.

მეორე დღეს რაღაც ფიქრმა გაუელვა ძინდაიუს და კისაბურო ექიმის მოსაყვანად გაგაზავნა. საკეს სუნით გაჟღენთილი, ნამთვრალევი რანტაი დაუყოვნებლივ მოვიდა ავადმყოფთან. “მადლი მომიხსენებია ესოდენი მზრუნველობისათვის”, _ ძლივს აღმოთქვა ძინდაიუმ და საწოლიდან წამოიწია. “მაგრამ ვიდრე სული მიდგას, ერთი რამ მინდა გკითხოთ. მომისმენთ?” რანტაიმ მზადყოფნის ნიშნად თავი დაუქნია. და ძინდაიუმ ხვნეშით უამბო მკურნალს იმ შურისგების ამბავი, რისთვისაც ზვერავდნენ სენუმა ხეიოს. ძლივს ისმოდა მისი ხმა, მაგრამ ყოველი სიტყვა ამ გრძელ მონათხრობში ღირსეულად ჟღერდა. რანტაის წარბები აექაჩა და დიდი გულისყურით უსმენდა. ძინდაიუმ თხრობა დაამთავრა და ქოშინით იკითხა: “უკანასკნელად ეს მინდა ვიცოდე: რა დღეშია ხეიო? ცოცხალია თუ არა?” კისიბურო უკვე ტიროდა. რანტაისაც ვერ შეეკავებინა ცრემლი. იგი დაიხარა სულთმობრძავისაკენ და ყურში წასჩურჩულა: “მშვიდად იყავით. ხეიო-დონა გარდაიცვალა. დღეს დილით, ვეფხვის ჟამს, მე მოწამე გავხდი მისი სიკვდილის”. ძინდაიუს მწარე ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ამავე დროს ჩამომხმარ ლოყაზე ცივად გადაურბინა სახეზე. ამავე დროს ჩამომხმარ ლოყაზე ცივად აუკიაფდა ობოლი ცრემლი. “ხეიო! ხეიო! კურთხეული ყოფილა შენი ღმერთი”. _ ნაღვლიანად წაილუღლუღა ძინდაიუმ და თითქოს რანტაისადმი მადლობის ნიშნად საწოლზე დახარა გაბურძგნული თავი.

და გათავდა.

კამბუნის მეათე წელს, მთვარის კალენდრით მეათე თვის მიწურულში, მსახური კისაბურო გამოეთხოვა რანტაის და მშობლიური კუმამოტოს გზას დაადგა. სამგზავრო გუდაში ეწყო სამი კაცის _ საკონის, მოტომესა და ძინდაიუს _ თმების ბღუჯა.

ეპილოგი

კამბუნის მეთერთმეტე წლის პირველ თვეში სეკოიონის ტაძრის სასაფლაოზე მიცვალებულთა სამახსოვროდ ოთხი ფილა დადგეს. მათი დამდგმელი გულმოდგინედ იმალებოდა და არავინ იცოდა, ვინ უნდა ყოფილიყო იგი. მაგრამ როცა ეს ფილები უკვე დადგმული იყო, დილაადრიან ტაძრის კარიბჭეში შემოვიდა ბერად გადაცმული ორი კაცი, ქლიავის აყვავებული რტოები ეჭირათ ხელში. ერთი მათგანი გახლდათ ამ ქალაქში განთქმული მკურნალი მარუკი რანტაი. მეორე კი _ სნებაშეყრილი, საწყალობელი სახის კაცი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა სამურაის იერი. მოსულებმა ქლიავის რტოები ფილებზე დააწყევს. მერე ოთხივე ფილას ნაკურთხი წყალი ასხურეს და წავიდნენ.

გამოხდა ხანი. ობაკუს ტაძარში წმინდა ერინის დღესასწაულზე გამოჩნდა მოხეტიალე ბერი, იმ სნებაშეყრილი ბერის შენამგვარი, რომელმაც მაშინ, წლების წინათ, ხსენებული ოთხი ფილა მოინახულა. გარდა იმისა, რომ მისი ბერული სახელი იყო ძიუნკაკუ, მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

მაისი, 1920წ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button