ლიტერატურამოთხრობა

რიუნოსკე აკუტაგავა – თოვლია

1

გაზაფხულის თბილი დღე იდგა. თოვლია ცოცხალი ღობის გასწვრივ, უჩუმრად მიძუნძულებდა ქუჩაში. ღობის რტოებზე კვირტები აფეთქებულიყო, შიგადაშიგ კი ალუბლის ხეებიც ერთოდ ვერაფერს ამჩნევდა, დრუნჩი ჩამოეშვა და მიწის ყნოსვა-ყნოსვით მიცუნცულებდა თავისთვის.

როგორც იქნა, ჩათავდა ღობე. მოსახვევში შესვლა ვერც კი მოასწრო, რომ ელდანაკრავივით გაშეშდა ადგილზე.

ანდა რა საკვირველი იყო; შვიდ-რვა საჟენზე ძაღლისმჭერი იდგა, ზურგსუკან თოკს მალავდა და თვალს არ აცლიდა პატარა, შავ გოშიას, რომელიც მინდობილად შეექცეოდა მის მიერ მიგდებულ პურის ნატეხს. ძაღლისმჭერის არ შეშინებია თოლიას, იგი შავი ფინიას დანახვამ შეაშფოთა… მაწანწალა ძაღლი რომ ყოფილიყო, ჯანდაბას მისი თავი, რა ენაღვლებოდა! მაგრამ ძაღლისმჭერი ხომ მეზობლის ძაღლს, მის საუკეთესო მეგობარს – მურას უტრიალებდა, რომელსაც თოვლია ყოველდილა ცვდებოდა და ეანცებოდა.

ის იყო უნდა შეეძახა, მურა, გაფრთხილდიო! რომ ძაღლისმჭერმა თვალები დაუბრიალა. ეს გამოხედვა თითქოს აფრთხილებდა, აბა, ერთი გაბედე და კრინტი დასძარი, პირველს შენ გაგაბამ მახეშიო. ახლა კი იგრძნო შიში, რომელმაც უმალ გადაავიწყა, გასაფრთხილებლად რომ აპირებდა შეყეფვას; უფრო სწორად, კი არ გადაავიწყდა, კრიჭა შეუკრა. თოვლია დაფრთხა, ადგილზე ვეღარ გაჩერდა. გულდაქანებული შეჰყურებდა ძაღლებზე მონადირეს და ნაბიჯ-ნაბიჯ იხევდა უკან. შემდეგ მესერს ამოეფარა და თავქუდმოგლეჯილმა გაკურცხლა.

სწორედ ამ დროს, ეტყობა, საბრალო მურას ყულფი ჩამოაცვეს კისერზე, გაისმა შემზარავი, გაბმული წკავწკავი. მაგრამ თოვლია არც კი შეჩერებულა; უკანმოუხედავად მიქროდა, ირგვლივ კენჭებს ფანტავდა, ურნებს პირქვე ამხობდა და თავს რომ ვეღარ იკავებდა, გუბეებში მიკოტრიალებდა. აი, იგი თავქვე დაეშვა და კინაღამ მანქანის ბორბლებქვეშ მოყვა. ნუთუ ასე გადარია შიშმა? არა! ასე თავპირისმტვრევით იმიტომ გარბოდა, რომ ჯერ კიდევ ყურებში უწიოდა მურას წკავწკავი:

– ჰავ-ჰავ! მიშველეთ! ჰავ-ჰავ! მიშველეთ!

2

სირბილისგან გულამოვარდნილმა თოვლიამ, როგორც იქნა, სახლამდე მიაღწია, მესერში, მისთვის დატოვებულ ხვრელში გაძვრა, ბეღელს გვერდი აუქცია და სახლს უკან, თავის ჯიხურთან აღმოჩნდა. ქარივით გაინავარდა ბაღში. აქ მას უკვე აღარც თოკი აშინებდა და არც სხვა ფათერაკი. ამასთან… – ჰოი, ბედნიერებავ! ბაღში, მწვანე მოლზე, მისი ოატრონი გოგო და ბიჭი ბურთს თამაშობდნენ. ერთი ნახტომით გაჩნდა მათთან და კუდის ქიცინით დაიწყო:

– ძვირფასო გოგონავ! ძვირფასო ყმაწვილო! ყური მიგდეთ! გეტყვი, რა შემემთხვა დღეს! ეს –ეს არის ძაღლისმჭერს შევხვდი! – ჩაარაკრაკა ჯერ კიდევ სუნთქვაშეკრულმა თოვლიამ (თუმცა ბავშვებს რა გაეგებოდათ ძაღლური ენის – მათ ეს ჩვეულებრივი ყეფა ეგონათ).

გოგონა და ბიჭი, რაღაცით გაოცებულნი, ასეც მოფერებიან და საგონებელში ჩავარდნილმა თოვლიამაც ხელახლა დაიწყო:

– გოგონა! თუ იცით, ვინ არის ძაღლისმჭერი! უსაშინლესი კაცია! მე კი თავს ვუშველე, მაგრამ აი, ჩვენი მეზობლის მურა დაიჭირა.

გოგომ და ბიჭმა ერთმანეთს გადახედეს და მცირე ხნის შემდეგ ასეთი საუბარი გააბეს:

– ჰარუო-სან! თუ იცი, ვისია ეს ძაღლი?

– მართლაც და საიდან გაჩნდა ეს ძაღლი, დაიკო?

“როგორ თუ ვისია?!” ახლა კი მართლაც გაოგნდა თოვლია.

თოვლიას გოგოს ლაპარაკიც შესანიშნავად ესმოდა და ბიჭისაც. ჩვენ გვგონია, ძაღლებს არ ეყურებათ ჩვენი ენა, რადგან თვითონ არ გაგვეგება მათი… სინამდვილეში ძაღლები იმიტომ ითვისებენ ადამიანებისგან ათას რაღაცას, რომ ძალიან კარგად ესმით ჩვენი საუბარი. აი, ჩვენ რომ არაფერი გაგვეგება მათი, ამიტომაც ვერ ვსწავლობთ სიბნელეში გზის გაგნებას, ვერა ვგრძნობთ ოდნავ შესამჩნევ სულს და ბევრ სხვა რამეს, რაც მათ ჩვენზე უკეთ იციან.

– ვისი ძაღლიაო?! მე ვარ, თოვლია!

მაგრამ გოგონა კვლავ ალმაცერად შეჰყურებდა.

– ეგებ ეს მეზობლის ძაღლის, მურას ძმა არის?

– შეიძლება, დაეთანხმა საზრიანი ბიჭი, – ეს ძაღლიც ხომ მასავით კუპრისფერია.

თოვლიამ იგრძნო, როგორ წამოებურძგნა ბეწვი. კუპრისფერიო?! ეს შეუძლებელია! აკი მაშინაც კი რძესავით ელვარებდა, როცა ჯერ კიდევ ლეკვი იყო.

თოვლიამ თათებზე დაიხედა. დიახ, თათებიც და არა მარტო თათები, მკერდიც, მუცელიც და ლამაზი ბომბორა კუდიც, ყველაფერი ფსკერდამწვარი ტაფასავით გაშავებოდა; ერთიანად შავი იყო, ღამესავით შავი.

თოვლია აწრიალდა. აქეთ ეცა, იქით ეცა და ბოლოს მთელი ხმით აყეფდა.

– ვაიმე, ჰარუო-სან, მეშინია! ეს ძაღლი უთუოდ ციფიანი იქნება! – საცოდავად აფშლუკუნდა გოგო. მაგრამ ბიჭი მამაცი გახლდათ. უცებ თოვლიას მარცხენა ფერდი აეწია… აი, კიდევ გაიშხუილა მის თავთან წკეპლამ… თოვლიამ ძლივს აიცდინა დარტყმა და მთელი ძალით მესერისკენ მოკურცხლა, სადაც ჭადრის ქვეშ ღია ყვითლად შეღებილი თავისი ჯიხური ეგულებოდა. ჯიხურთან მისულმა თავის ნორჩ პატრონებს გამხედა და კიდევ ერთხელ შეჰყეფა:

– გოგონა! ბიჭუნა! მე ხომ თქვენი თოვლია ვარ! დაე, ვიყო შავი, მაგრამ მაინც ისეც ის თოვლია ვარ!

ჯავრისა თუ გულისწყრომისგან თოვლიას ხმა უწყდებოდა, მაგრამ ეს არ შველოდა – გოგო და ბიჭი მაინც ვერას გაუგებდენ ამით. “საძაგელი ძაღლი! კიდეც რომ იყეფება!” – გაჯავრებით დააბაკუნა ფეხი გოგონამ. ბიჭმა კი… ბიჭმა ბილიკიდან კენჭები წამოკრიფა და გამეტებით დაუშინა თოვლიას.

– ერთი ამ თავხედს დამიხედეთ! ჩამოსახლებაც რომ მოგვინდომა! აი, შენ! ესეც შენ!

ქვები სეტყვასავით მოფრინავდნენ თოვლიასკენ. ერთმა მათგანმა ყური სისხლით შეღება. ბოლოს თოვლიამ კუდი ამოიძუა და მესერს გადაევლო.

მესერს გადაღმა მხიარულად დაფარფატებდა თეთრი პეპელა, რომლის ვერცხლისფრად დაწინწკლული ფრთები მზის სხივებზე კიაფობდა.

– რაო, ძმობილო, უპატრონოდ დარჩი? – ჩაუწრიპინა პეპელამ.

თოვლიამ გული ამოაყოლა ოხვრას, მცირე ხანს ტრამვაის ბოძთან იყურყუტა და შემდეგ ჩანჩალით დაადგა უცნობ გზას.

3

სახლიდან გაგდებულმა თოვლიამ ქალაქში დაიწყო წოწიალი. დაძრწოდა ქუჩა-ქუჩა, დაძვრებოდა პარკებში, დაწანწალებდა მოსახვევ-მისახვევებში, მაგრამ სიშავეს მაინც ვერსად გაექცა. ხან სადალაქოების შესასვლელებთან, მუშტრებისთვის დადგმულ სარკეებში გამოჩნდებოდა მისი გამოსახულება, ხან გუბეებში დალანდავდა თავს, რომელშიც წვიმის შემდეგ გაკრიალებული ჩარგვალი ციალებდა, ხან კოპწიად მორთული ვიტრინების მოსარკულ მინებში ირეკლებოდა მისი კუპრისფერი, ხანაც სარკის მაგივრობას დიდი, მაგიდებზე გამწკრივებული შავი ლუდით სავსე კათხები უწევდა…

ერთხელ, როცა თოვლია უჩუმრად მიცუნცულებდა პარკის ღობის გასწვრივ, ჭიშკართან ავტომობილი მოგრიალდა და მის გაკრიალებულ, გალაქულ ძარაზე გარკვევით, როგორც სარკეში, დაინახა პარკის ღობის რიკულები, მასზე გადმოკიდებული რტოები, რომლებიც ის-ის იყ მწვანდებოდა; მათ ქვეშ კი ღობესთან მდგარი დიდი, შავი ძაღლი შენიშნა… თოვლიამ ნაღვლიანად ამოიოხრა და პარკში შევარდა. თავჩაქინდრული დაეხეტებოდა ხეების ქვეშ, რომელთა ახალგაშლილ, თითოფოთლებში მსუბუქი ნიავი დაშარიშერებდა. სიწყნარეს მხოლოდ ყვავილებს მისეული ფუტკრის ზმუილი არღვევდა და არსად ჩანდა სარკის მსგავსი რამ, გარდა მცირე ტბორისა და თოვლიაც დიდის გულმოდგინებით უვლიდა მას გარს. პარკში სიწყნარე სუფევდა, რამაც კინაღამ დაავიწყა თავისი ვარამი, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა მოჩვენებითი სიმშვიდე. ის იყო აყვავებულ ბუჩქებს შორის შარაზე გამოვიდა, რომ ბაღის კუთხიდან ძაღლის გამაწვრილებელი ყეფა მოესმა:

– ჰავ-ჰავ! მიშველეთ! ჰავ-ჰავ! მიშველეთ!

თოვლიას ტანში გასცრა. შემზარავმა წკმუტუნმა მურას საშინელი ხვედრი გაახსენა. კუდი ამოიძუა და კვლავ თავის შველა დააპირა, მაგრამ განგაში წამიერი გამოდგა: მხნეობა მოიკრიბა, შეტრიალდა და მრისხანედ შეჰყეფა.

– ჰავ-ჰავ! მიშველეთ! ჰავ-ჰავ! მიშველეთ! – მოესმა განმეორებით.

– ჰავ-ჰავ! გამაგრდი! ჰავ-ჰავ! მოვდივარ! – გამოეხმაურა თოვლია.

და ისარივით გაიჭრა შეშინებული ძაღლისკენ.

ახლოს რომ მივიდა ძაღლისმჭერის მაგიერ სკოლიდან მომავალი, მოსწავლის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ბიჭი დაინახა, რომელთაც წითური ლეკვისთვის კისერში თოკი ჩაებათ, ძალისძალად მიათრევდნენ და ერთ აურზაურში იყვნენ.

ლეკვი მთელი ძალით უძალიანდებოდა და განწირული ხმით გაჰკიოდა:

– “მიშველეთ, მიშველეთ!”

ბავშვები არაფრად აგდებდნენ მის წკავწკავს, წიხლისკვრით აიძულებდნენ ფეხის გადადგმას და მხიარულად იცინოდნენ.

თოვლია წუთით არ დაყოვნებულა, ყეფით ეცა ბავშვებს. მოულოდნელობისგან ბიჭები დაფრთხნენ. და მართლაც, აგუზგუზებულ თვალებიანი და დაღრჭენილ ეშვებიანი, მეტისმეტად შემზარავი შესახედავი იყო ჩვენი თოვლია.

ბიჭები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ; ერთი მათგანი კი ისე დაიბნა, რომ გაზონში გაიხლართა. როცა თოვლიამ ისინი კარგა მანძილზე გაჰფანტა, ლეკვს მოუბრუნდა და თითქმის გაჯავრებული ხმით უთხრა:

– წამოდი, სახლამდე მიგაცილებ.

თოვლია პარკის გასასვლელისკენ გაიქცა და გამხიარულებული ლეკვიც უკან აედევნა; ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა, ხან მერხების ქვეშ მიძვრებოდა, ხან კი ყვავილებში მიაბოტებდა, მირბოდა და ყელზე შებმულ თოკსაც მიათრევდა მიწაზე…

ერთი საათის შემდეგ თოვლია წითური ლეკვის თანხლებით იაფფასიანი კაფწს წინ იდგა. ნახევრადბნელ კაფეში დღისითაც კი ენთო ელექტროშუქი. შიგნიდან გარამოფონის ჩახლეჩილი ხმა ისმოდა.

– აი, აქ ვცხოვრობ, ამ კაფეში. თქვენ სადღა ცხოვრობთ, მამილო? – ჰკითხა თოვლიას ლეკვმა და კუდი ამაყადგაიქიცინა.

– მე? მე… აქედან კარგა მოშორებით, სულ სხვა ქუჩაზე – ნაღვლიანად ამოიოხრა თოვლიამ. – წავედი…

– მოითმინეთ, რა, მამილო! ძალიან ბრაზიანი პატრონი გყავთ?

– პატრონიო? რატომ მეკითხები?

– თუ ბრაზიანი არ არის, ამაღამ ჩვენთან დარჩენილიყავით. მაშინ დედიკოსაც საშუალება მიეცემა, ჩემი გადარჩენისთვის მადლობა მოგახსენოთ… სახლში ყველანაირი გემრიელი საჭმელი გვაქვს – რძე, ყავა, ბიფშტექსიც…

– გმადლობ, დიდად გმადლობ… გამასპინძლება შემდეგისთვის გადავდოთ, რადგან ჯერ კიდევ არ მომიმთავრებია ზოგიერთი საქმე. დედიკოს მოკითხვა გადაეცი.

თოვლიამ ცას ახედა, ერთი ამოიოხრა და წასასვლელად მიბრუნდა.

– მამილო, მამილო! – ლეკვმა წყენით გაჰკრა დრუნჩი, – თქვენი სახელი მაინც მითხარით. მე ნაპოლეონი მქვია, შინაურულად ნაპოტიანს, ნაპოკოს მეზახიან, თქვენ?

– მე თოვლია მქვია.

– თოვლია? აი, უცნაური სახელი! თქვენ ხომ მთლად შავი ხართ…

თოვლიას სუნთქვა შეეკრა.

– და მაინც თოვლია მქვია.

– რაკი ასეა, მაშინ, მამილო თოვლიას დაგიძახებთ. მამილო თოვლია, მალე გვეწვიეთ, თანაც ყოველ მიზეზგარეშე!

– აბა, ნაპოტიან, ნახვამდის!

– კარგად ბრძანდებოდეთ, მამილო თოვლია! ნახვამდის, ნახვამდის.

4

შემდეგ… ალბათ დაგაინტერესებთ, რა შეემთხვა შემდეგ თოვლიას. კაცმა რომ თქვას, არცა ღირს სიტყვის გაგრძელება – ისედაც ყველაფერი ცნობილია გაზეთებიდან. პრესაში მრავალი ცნობა გამოქვეყნდა შავ ძაღლზე, რომელსაც არაერთხელ უხსნია მრავალი გაჭირვებული აშკარა დაღუპვისაგან. ფილმიც კი გადაიღეს – “გმირი ძაღლი”. ეს შავი ძაღლი, რა თქმა უნდა, თოვლია გახლდათ. იმათ კი, ვინც შემთხვევით ვერც გაზეთების წაკითხვა თავის დროზე და ვერც ფილმის ნახვა შეძლო, ვთავაზობთ ამონაწერებს ამ გაზეთიდან.

“ტოკიო ნიტინიტი”, 18 ივლისი. გუშინ, დილის 8სთ.40წთ. იმ დროს, როცა ჩქარი მატარებელი ოუდან სადგურ ტაბატის მახლობლად გადასასვლელზე გადადიოდა, მეისრის უყურადღებობიდ შედეგად ფირმა “ტაბატა იტინისან კაისიას” მუშაკის სიბაიამა ტეცუტაროს ოთხი წლის ბიჭი სანეჰიკო ლიანდაგზე აღმოჩნდა და კინაღამ მატარებლის ქვეშ მოჰყვა. მავე წუთს ლიანდაგზე ელვისებური სისწრაფით აიჭრა დიდი შავი ძაღლი და ბიჭუნა პირდაპირ ბორბლებიდან გამოსწაცა ორთქმავალს. შემთხვევის ადგილზე ხალხი მოგროვდა, ატყდა ერთი აურზაური. ამასობაში ძაღლი ისე გაუჩინარდა, რომ მისი კისერი მაინც ვერ დაამშვენა მედალმა განწირულთა გადარჩენისათვის, რამაც რკინიგზის მესვეურნი ძალიან დააღონა”.

“ტოკიო ასახი სიმბუნი”, 1 აგვისტო. ამერიკელ ედუარდ ბერკლეის მეუღლეს, რომელიც ზაფხულის სეზონს კარუიძავაში ატარებს, ჰყავდა სპარსული ჯიშის კატა, რომელიც სოაცრად უყვარდა. ახლახანს აგარაკზე შეპარულა უშველებელი გველი და კატას სცემია. კატას მოულოდნელად საიდანღაც მოვარდნილი, ყველასათვის უცნობი შავი ძაღლი მიშვლებია, რომელსაც ოცწუთიანი ბრძოლის შემდეგ დაუფლეთია გველი. ამის მერე გულადი ძაღლი თვალს მიფარებია. მ-ს ბერკლეი 50 დოლარს სთავაზობს მას, ვინც ძაღლის ადგილსამყოფელს შეატყობინებს”.

“კოკუმინ სიმბუნი”. პირველი ნორმალური სკოლის სამი მოსწავლე, რომლებიც იაპონიის ალპების გადალახვისას უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ, 7 აგვისტოს ჩამოვიდნენ კამიკოტის ცხელ წყაროებთან. ალპინისტთა ეს ჯგუფი, ჰოტაკაიამასა და იარიგატაკეს შორის ასცდენია გზას; ღვართქაფსა და გრიგალში მოყოლილთ, თავშესაფარს მოკლებულსა და შიმშილისგან მისავათებულებს, აშკარა დაღუპვა ელოდათ. მოულოდნელად ხეობაში, რომისთვისაც ალპინისტებს შეუფარებიათ თავი, საიდანაც დიდი, შავი ძაღლი გამოჩენილა და წინ გაძღოლია მათ. ძაღლს გაყოლილი ალპინისტები ერთი დღე-ღამის სიარულის შემდეგ, როგორც იქნა, კამიკოტამდე მისულან. როგორც კი საკურორტო შენობების სახურავები გამოჩენია, ძაღლს სიხარულისგან რამდენიმეჯერ შეუყეფია და ბამბუკებში გაუჩინარებულა. ალპინისტებს მიაჩნიათ, რომ ძაღლის გამოჩენას ისინი ღმერთების მფარველობას უნდა უმადლოდნენ”.

“ძიძი სიმპო”, 13 სექტემბერი. ხანძარმა ნაგოიაში ათ ადამიანზე მეტი იმპსხვერპლა; ქალაქის თავმა კი კინაღამ ერთადერთი შვილიც დაკარგა. ვიღაცის დაუდევრობით სამი წლის ტაკენორი ალმოდებულ მეზოზინში დარჩენილა, მაგრამ იმავე წამს, როცა ბავშვს ცეცხლი უნდა წაჰკიდებოდა, ერთ შავ ძაღლს უტაცია პირი და გარეთ გამოურბენინებია. ქალაქის თავმა ქალაქ ნაგოიას მიდამოებში მოხეტიალე ძაღლების ხოცვა აკრძალა”.

“იომიური სიმბუნი”. ოდავარაში საგასტროლოდ ჩამოსულ მიიაგის სამხეცეში, რომელმაც რამდენიმე დღეში თავის გარშემო აურაცხელი მაყურებელი შემოიკრიბა, 25 ოქტომბერს, ციმბირულმა მგელმა უეცრად გამოამტვრია თავისი გალიის წნული, დაგლიჯა ორი დარაჯი და ჰაკონეს მიმართულებით გაიქცა. ოდავარას პოლიციის ხელისუფლებმა მთელი თანამშრომლები ფეხზე დააყენეს და ქალაქს ალყა შემოარტყეს. დღის 4ს.30წ. ხსენებული მგელი ძიუძის ქუჩებში გამოჩნდა და საიდანღაც მოვლენილ შავ ძაღლს შეება. ძაღლი მთელი ძალით იბრძოდა, ბოლოს ყელში სწვდა კბილებით და მიწაზე დაანარცხა იგი. ამ დროს პოლიციელებიც მივცვივდნენ და დამბაჩებით დაცხრილეს მგელი. ეს მგელი – Lუპუს გიგანტუს-ის სახელს ატარებს და ამ ჯიშის ყველაზე მძვინვარე ნაირსახეობას მიეკუთვნება. სამხეცის პატრონს მგლის მოკვლა უკანონობად მიაჩნდა და საპოლიციო უბანს სასამართლოზე გადაცემას უპირებს”.

და ასე შემდეგ…

5

შემოდგომის ერთ ღამეს, სულიერად და ხორციელად დაქანცული თოვლია სახლში, თავის პატრონებთან დაბრუნდა.

გოგონა და ბიჭუნა დიდი ხნის დაძინებული იყვნენ. სახლში უკვე ყველა დაწოლილიყო. მიყუჩებულ ბაღში გაზონის თავზე, ნეკერჩხლის რტოებს ზემოთ. ვერცხლისფერი მთვარე ეკიდა. ტანდაცვარული, დაღლილი თოვლია ღია ყვითლად შეღებილი ძველი ჯიხურის წინ მიეგდო, წინა თათები გაშალა, მთვარეს მიაჩერდა და აჩურჩულდა:

ოჰ, მთვარევ, მთვარევ! ჩემს თვალწინ დაიღუპა საწყალი მურა. მე კი მას ვერაფრით მივეხმარე. ალბათ ამიტომაც დავისაჯე! მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს პატრონებს, გოგონასა და ბიჭუნას დავცილდი, რა არ გადამხდა: გულადად ვებრძოდი ყოველგვარ ხიფათს, რადგან ჩემი თანმხლები სიშავე ყოველთვის ჩემს სილაჩრეს მოახსენებდა და თავს მჭრიდა. სიშავის ზიზღის გამო, მისგან თავის დაღწევის მიზნით ვვარდებოდი ცეცხლში, ვებრძოდი გველს, ვეჭიდებოდი მგელს, მაგრამ თითქოს თვით სიკვდილიც კი გამირბოდა… ძალა აღარ შემწევს, დავიტანჯე. ერთადერთი სურვილიღა დამრჩა – ერთხელ კიდევ დავინახო ჩემი საყვარელი პატრონები… ეჰ! მათ რომ ჩემი ცნობა შეძლონ! მაგრამ ეს წარმოუოდგენელია! ხვალ, როგორც კი გოგონა და ბიჭუნა მომკრავენ თვალს, კვლავ მაწანწალა ძაღლად ჩამთვლიან. იქნებ ბიჭმა ეკეპლის ცემითაც ამომხადოს სული. ახლა ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია. მხოლოდ ერთხელ დავინახო ისინი – ეს ერთადერთი დაუოკებელი სურვილიღა დამრჩა, ოი, მთვარევ! განა ასე ძნელია ჩემი სურვილის შესრულება… ერთხელ კიდევ შემახედა ჩემი საყვარელი პატრონების თვალებში! მხოლოდ ამისთვის მოვლასლასდი შუაღამისას შორეთიდან გემუდარები, მთვარევ ნათელო, გამომიწოდე მოწყალე ხელი, ამისრულე ერთადერთი ნატვრა-სურვილი…

დაასრულა თუ არა, დრუნჩი თათებში ჩამალა და ღრმა ძილს მიეცა.

– აი, სოაცრება, ჰარუო სან!

– რა მოხდა, დაიკო?!

თოვლია ბავშვების წკრიალა ხმამ გამოაღვძა. ძაღლის ჯიხურთან მდგარი გოგო და ბიჭი განცვიფრებული ეჰყურებდნენ ერთმანეთს. თოვლია ბალახს ჩააჩერდა. ზუსტად ასევე გაოცდნენ მაშინ გოგო და ბიჭი, როცა განგებამ იგი კუპრისფრად აქცია. იმ დღის გახსენებამ ნაღველით აავსო თოვლია. ინანა კიდეც დაბრუნება. სწორედ ამ დროს ბიჭუნა შეხტა და მთელი ხმით შეჰყვირა:

– მამა! დედიკო! თოვლია დაბრუნდა:

თოვლიაო! თოვლია ადგილიდან წამოფრინდა. მზად იყო გაქცეულიყო, მაგრამ გოგონა წინ გამოწვდილი ხელებით კისერზე დაეკიდა. თვალებში ჩახედა გოგოს და მის გუგებში დაინახა მკვეთრი ანარეკლი ნაკერჩხლის ქვეშ მდგარი ღია ყვითელი საძაღლე ჯიხურისა, ჯიხურის წინ კი ბრინჯის მარცვალივით ნამცეცა თეთრი ძაღლი. თვალი ვერ მოეწყვიტა ამ თეთრი ძაღლის ანარეკლისთვის.

– შეხე, ტირის თოვლია! – თქვა გოგონამ, უფრო მაგარდ მიიკრა ძაღლი მკერდზე და ძმისკენ შემობრუნდა.

ბიჭი…

ო, რა თვითკმაყოფილებით იყურებოდა იმ წუთში ბიჭი, – პატარა ხომ აღარა ხარ, რა გაზლუქუნებს!..

ასე გახდა თოვლია კვლავ ქათქათა თეთრი და დაუბრუნდა თავის საყვარელ პატრონს – გოგონას და ბიჭუნას. მაგრამ მათთვისაც და საერთოდ, ყველასთვის, დღემდე საიდუმლოდ დარჩა, რომ თოვლია სწორედ ის მამაცი შავი ძაღლი გახლდათ, რომელმაც მრავალ ადამიანს აჩუქა სიცოცხლე და ამით სამარადისო დიდება მოიპოვა.

საიდან ვიცი ყოველივე ეს? – მკითხავთ ალბათ. ეს მე მთვარემ მიამბო ერთ ღამეს, პირბადრმა მთვარემ.

ივლისი, 1923წ.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button