ლიტერატურამოთხრობა

რიუნოსკე აკუტაგავა – როგორ განეშორა თავი ტანს

დასაწყისი

ხე სიაო-ერს ხმალი გავარდა ხელიდან, რაღაც ჩაერჭო ყრუ ხმაურით კისერში და წამსვე იგიც ანგარიშმიუცემლად ჩაეჭიდა ცხენის ფაფარს. მეომარი უნაგირს გადაეკიდა თუ არა, მერანმა ხმამაღლა დაიჭიხვინა (ეტყობა, ისიც დაჭრილი იყო), კისერი წაიწვდინა, ერთმანეთზე აჩხორილ გვამებს ნახტომებით გადაევლო და თავი მისცა უკიდეგანო ველებს, სად კაცის სიმაღლე გატყევებული გაოლიანი აზრდილიყო. ტყვია დაადევნეს მხედარს, მაგრამ სიზმარეული დაძახილივით მოესმა თოფის გასროლის ხმა ხე სიაო-ერს.

იტალღებოდა შმაგად მიმქროლავ მერნის მიერ თელილი გაოლიანი. ხან მეორე მხრიდან ეტყლაშუნებოდნენ ალერდის ღერები ცხენოსნის მაზარას, ხანაც ნაწნავს მისწვდებოდნენ, კისრიდან ამოჩქეფილი შავი სისხლით აფორაჯებდნენ მის სხეულს. გრძნობდა მძიმედ დაკოდილი, ფარსაგი რამ სჭირდა. “ყელი გამომჭრეს მაგ ძაღლთაპირებმა! გამომჭრეს ყელი!” _ ხმიანობდა მის დაბინდულ გონებაში ფიქრი, და უსაზმნოდ სცემდა ქუსლებს ცხენის გაოფლილ ფერდებს.

მოულოდნელად მოხდა ყოველივე. ჩინელ მსტოვართა რაზმი, რომელსაც ხე სიაო-ერი ახლდა, ბანაკიდან მდინარით გამიჯნულ დასახლებას ჩხრეკდა. სად იყო, სად არა, აღმომავალი მზის ქვეყნის ცხენოსანი პატრული გამოტყვრა. ისე უეცარი იყო ეს შეხვედრა, ვერც ერთმა მხარემ ვერ მოასწრო შაშხანების გადმოღება. ჩინელებმა, მოლანდეს თუ არა წითელქობიანი ქუდები და მუნდირები, ხმლები იშიშვლეს, ქოფაკებივით დაკრიჭეს კბილები და ეკვეთნენ დუშმანს. ვისღა ახსოვდა სიკვდილი. ერთი აზრი უტრიალებდა ყოველ მათგანს _ მოესპო მტერი. ამიტომაც მოაბრუნეს მყის ცხენები და შმაგად შეუტიეს იაპონელ მხედრებს. მტერიც იგივე გრძნობებს მოეცვა. ხე სიაო-ერისა და მისი ამხანაგების მარჯვნივ თუ მარცხნივ იმავ წამს ერთი მეორის მიყოლებით აილანდა სახეები, თოთქოსდა სარკეში არეკლილი ჩინელთა დაკრეჭილ კბილებიანი გამოსახულებები, და ამასთან ერთად იელვა ხმლებმაც. მერე გაქრა დროის შეგრძნება. ხე სიაო-ერს საოცრად ცხადლივ დაახსომდა, ქარიშხლისაგან შეძრულივით რომ ირხეოდა გაოლიანის ტევრი. აყელყელავებული ბალახის მოქანავე თავთავებს ზემოთ კი ეკიდა ბრინჯაოსფერი მზე. ვერასგზით მოეგონებია, რამდენ ხანს გასტანა შეტაკებამ. ბრძოლის დროს იგი დამთხვეულივით სცემა ყიჟინას, ალალბედზე იქნევდა ხმალს. თვალი ჰკიდა მეყსეულად, პირი ორლესულისა წითლად რომ შეღება სისხლმა, არც არაფრად ჩაუგდია, ოღონდ ეს იყო, მახვილის ტარი გაალტო ოფლმა. სასა გაუშრა მხედარს, ენას ვეღარ აბრუნებდა. სწორედ ამ დროს მისი ცხენის წინ საიდანღაც ამოყვინთა იაპონელი მეომრის სახემ. თვალები ლამის ბუდიდან ამოსცვენოდა, პირი დაეფჩინა, შუაზე გაჩეხილი ქუდიდან ჩანდა პირწმინდად გადაპარსული თავი. ხე სიაო-ერმა მთელი ძალით დაჰკრა მახვილი. მაგრამ არც მტრის ქუდს მოხვედრია იგი, არც თავს. ჰაერშივე შეეჯახა იაპონელის იარაღს, ირგვლივ ამტყდარ ჯგრიალშიც კი მკაფიოდ და საზარლად დაიჟღრიალეს ხმლებმა და მორკინალთა ნესტოებს ეცა ალესილი ფოლადის ძელგი სუნი. მერე ჩინელის თავზე აღიმართა მზეზე მოელვარე ხმლის პირი, წრე მოავლო და მაშინ იგრძნო ხე სიაო ერმა, ყინულოვანი რამ ყრუ ხმაურით ჩაერჭო კისერში.

მიაქანებდა ბედაური ტკივილისაგან გაოგნებულ მეომარს გაოლიანით მოფარულ უკიდეგანო ველზე. მიწყდა კაცთა გნიასი, ცხენთა ჭიხვინი და ერთმანეთს შეხლილ მახვილთა ჯახანიც. მიჩუმათდა ყველაფერი. გმინვა სიკვდილის შიშით გასენილი, ცხენის ზურგზე გაკრული ხე სიაო-ერი. მზეს მისჩერებოდა, ისევე რომ ნათობდა, როგორც იაპონიაში. არა და არ სურდა განშორება წუთისოფელთან. ბოღმით აღვსილიყო მათ მიმართ, ვისი ხელიც ერია ამ საქმეში. საკუთარ თავზეც მოსდიოდა ჯავრი. ერთმანეთს მისჯროდა ეს გრძნობები. ხან ერთი ჩეუჩნდებოდა, ხან მეორე და აწვალებდა გაუთავებლივ. ასეთი განცდებით გათანგულს სწადდა ებღავლა ხაფი ხმით, ვკვდები, სული მხდებაო! იაპონელი ჯარისკაცები სურდა ელანძღა, ანდა დედ-მამა მოეხმო საშველად, მაგრამ დაჭრილს იმდენად გასცლოდა ძალა, უაზრო ხავილიღა ამოსდიოდა პირიდან. “ვაჰ, დედასა, ჯერ რძე არ შემშრობია პირზე და რა დავაშავე ნეტავ ისეთი, აგრე ძაღლურად რომ ვკვდები. წყეულიმც იყოს ჩემი მკვლელი იაპონელი, ის ოცეულის მეთაურიც, ვინაც მზვერავად განმაწესა, წყალს წაუღია იაპონიისა და ჩინეთის ჩხუბიც. რა მესაქმებოდა ამა ყოველთან. აფსუს, რის გამო ვტოვებ მზის გულს. ახია ჩემზე! ბრბოსა და დრო-ჟამის დუდუკზე ვცეკვავდი. განა ბრიყვი არა ვარ და რეგვენი?! გულ-ღვიძლს უსერავდა დარდი.

ცას წვდებოდა ხე სიაო-ერიგ გმინვა. ცხენი მიაქროლებდა ფაფარში ჩაფრენილ მხედარს. დროდადრო მერნის თქარათქური წამოაფრენდა ხოლმე მწყრის ჩოჩრებს, მიგელავდა დუჟმორეული ცხენი, არად უჩნდა მხედარი, ძლივს რომ იმაგრებდა მის ზურგზე თავს. ამ სრბოლას საზღვარი აღარ დაედებოდა ალბათ, მაგრამ მალე ველი ჩათავდა, ცხენ-მხედარი დამრეც ფერდობზე ჩაეშვა და მღვრიე მდინარეს გაუსწორდა. განგებამ ტირიფნარი დაუხედრა, სადაც ჩამოცვენილი ყვითელი ფოთლები აზვინულიყო. “ავაHმეო”, შესძახა და წყლისპირა ლაფში ჩაენარცხა.

ცხენიდან გადმოფრენილს რატომღაც საკუთარი სახლის სამზადში ღადარზე შედგმული კარდალი წარმოესახა, ლომფერი ალის ენები დალანდა. “ჰეი, ჰეი, გუზგუზებს ცეცხლი”, _ გაიფიქრა და დაკარგა გონი.

გაგრძელება

ეგდო ამ უკაცრიელ ალაგას, სისხლითა და ქვიშით მოსვრილი. ტკივილს ახლა სრულიად ვეღარ გრძნობდა. ცნობა კი წაერთვა, მაგრამ რამ შნაგანი მზერით ხედავდა ტირიფების მოალერსე მაღალსა და ლურჯ ზესკნელს. აროდეს ენახა აგრე უსაშველოდ შორეული, ღრმა და ნაზურმუხტევი ცის გუმბათი, რომელზეც დაჩნდებოდნენ შედედებული ქაფის მსგავსი ღრუბლები და უმალ უჩუმრად გადაქრებოდნენ, თითქოსდა გახვრეტილნი ტირიფის მოქანავე ტოტების მიერ.

მერე და მერე ნაირგვარმა საგნებმა ჩრდილებივით იწყეს რიალი. გამოკრთა ზმანება დედისეული წვირიანი კაბისა, რომლის კალთას ვინ მოთვლის, რამდენგზის ჩაბღაუჭებია და დაუნამავს სიხარულისა და წუხილის ცრემლით. ახლა კი, როს უნებურად წაეპოტინა, ხელი ვეღარ შეავლო. დოლბანდივით დათხელდა სამოსი. ვითარცა ქარში, ისე მოჩანდა ქსოვლიში ღრუბელთა ბოლქვები. მერე ის იყო გამოცურდნენ მშობლიურ სახლს უკან გადაჭიმული, ხვატისაგან გარუჯული სესამის მინდვრები. თავის თავს ეძებდა ამ ველებზე ხე სიაო-ერი და ძმებს თვისას, მაგრამ ძეხორციელი არ ჩანდა არსად. მზის სხივი ლიცლიცებდა მარტოღა ალაგ-ალაგ მომჭკნარ, ძირს დაცვივნულ ფოთლებსა და ყვავილებზე, ირიბად რომ გადაჭრეს ჰაერი და ისე გაქრნენ, გეგონებოდათ, ვიღაც უჩინარის ხელმა გახვეტაო.

შემდეგ ცის ფონზე უცნაური არსება თუ საგანი აიგრიხა. დააკვირდა ხე სიაო-ერი და “დრაკონის ფარანი” შეიცნო. სწორედ იმგვარი, მისი ქვეყნის ადათისამებრ, 15 იანვარს, ღამით რომ დაატარებდნენ ხოლმე ქუჩებში. ხუთი თუ ექვსი კენი იქნებოდა სიგრძით. ბამბუკის ღეროს წითლად ნაფერადები ქაღალდი ჰქონდა შემოკრული, ქანაობდა ცა-მყარზე თითქოსდა მიკერებული ფარანი. ამ ნათელ დღეს რატომღაც ანთებული სანთელი კიაფობდა მასში. ცოცხალი გველეშაპი გეგონებოდათ ეს ფარანი, ისე აცნაცუნებდა გრძელ ულვაშებს. ნება-ნება უგანა ურჩხულმა, ჩქამიც თვალსა და ხელს შუა გაქრა.

ამჯერად ხე სიაო-ერის სატრფოს ჩამოქნილი ფეხები აიხატა ცის კაბადონზე. სან სუნსაც არ აღემატენოდა ტერფების სიგრძე. ჩინეთში ხომ დიდ პატივშია მოხდენილი ფეხი დიაცისა და გოგონებს პატარაობიდანვე საკრავს ახვევდნენ ფეხზე. სალუქ თითებზე ლამაზად იკვეთებოდა თეთრი ფრჩხილები. დაკოდილის სულში მსუბუქი სევდა აღიძრა გარდასულ დროთა გამო. ძილში რომ მწერი გიკბენს და ვერ გაგიგია, კაცს რა გაწუხებს, აგრე ბუნდოვანი. კვლავ იხილავს, ნეტარძ, ნანდაურს?! მერედა როგორ? ცხრა მთას იქით იმყოფებოდა ახლა მისი მიჯნური.

ჩამოქნილი წვივები თანდათან წარიშალა, ღრუბელთა ჩრდილებს მიეფარა და მაშინ ხე სიაო-ერის გულგვამიდან ამოინთხა სევდა-ნაღველი. უჩუმრად გაწოლილიყო მის ზემოთ ქლიავისფერი ცა, ქვემოთ კი, სადაც ხალხი თავის გატანჯულ წუთისოფელს მიათრევდა, ქროდა მსუბუქი ნიავქარი. ხე სიაო-ერმა ამოიოხრა. ასეთ დარდს ჯერაც არ გაესენა მისი გული. მერე კვლავ იძალა ზმანებებმა. ელვის უსწრაფესად გადიქროლა წითელქობიანი ქუდებით მორთულმა იაპონელ ცხენოსანთა რაზმმა და ასევე სწრაფად გაუჩინარდა.

კაეშანმა გათანგა ხე სიაო-ერი. “ვინ უწყის, იქნებ მაგათაც მაჯლაჯუნა აწევთ გულზე, ნეტავ აჩრდილნი არ იყოთ, ერთმანეთს ვანუგეშებდით, მაგრამ რაღა დროს, აწ ყოველივე გვიანი არის”. კურცხალი მოადგა თვალზე, ამაზრზენი ეჩვენა მთელი თავისი ადრინდელი ცხოვრება. მზად იყო დაეჩოქა და პატიება ეთხოვა და თავადაც შეენდო ყველასთვის.

თუ გადავრჩი, აუცილებლად გამოვისყიდი ცოდვებსო, სლუკუნებდა თავისთვის, უსაზღვროდ ღრმა და მელნისფერი ცა კი გოჯიგოჯ მოიწევდა დაბლა, და ამ ნალურჯევ ზღვა-ოკეანეში აქა-იქ კრთოდნენ იგი ვარსკვლავნი, დღისითაც რომ ნათობდნენ ხოლმე. ცოტაც და გადაქრა მორიალე აჩრდილთა ხსენებაც. ხე სიაო-ერმა მთრთოლვარე ბაგეებიდან ერთხელ კიდევ ამოუშვა ოხვრა და მძიმედ დახუჭა თვალები.

დასასრული

ჩინეთისა და იაპონიის დაშოშმინება-დაზავების შემდგომ გავიდა წელი. ერთხელ, ადრიან გაზაფხულზე, იაპონიის საელჩოს მისაღები ოთახის მაგიდას უსხდნენ სამხედრო ატაშე მაიორი კიმურა და იაპონიიდან ახლადდაბრუნებული სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის ინჟინერი, მეცნიერებათა კანდიდატი იამაკავა. ყავას შეექცეოდნენ, თამბაქოს აბოლებდნენ და დარბაისლურად მასლაათობდნენ. მართალია გაზაფხული იდგა, მაგრამ ბუხარში მაინც ენთო ცეცხლი. ოთახი ისე იყო გახურებული, მოსაუბრეთ ოფლით ენამებოდათ პირისახე. მაგიდაზე შემოდგმულ, ქოთანში ჩარგულ, მეწამული ფერის ჯუჯა ქლიავიდან დროდადრო დიოდა ნამდვილიჩინური სურნელი. ერთხანს დედოფალ სითაიჰოუზე ისაუბრეს, ჩინეთ-იაპონიის ომიც მოიგონეს. უეცრივ მაიორი კიმურა ადგა, თითქოს რაღაც აზრმა გაუელვაო, გაზეთ “შენჯოუ ჯიბაოს” შეკვრას დასწვდა, თაროდან მაგიდაზე გადმოიტანა და იამაკავას მზერით მიანიშნა წასაკითხი ადგილი. ინჟინერმა ცნობისმოყვარეობით ჩახედა ფურცელს.

“ამა და ამ ქუჩაზე მდებარე სადალაქოს მფლობელს, ვინმე ხე სიაო-ერს, _ იტყობინებოდა გაზეთი, _ არაერთხელ გამოუჩენია სიმამაცე ჩინეთ-იაპონიის ომში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ კი გადაყვა ქალებსა და ღვინოს. ამა და ამ დღეს იგი რესტორანში სვამდა ნაცნობთან ერთად. ისინი წალაპარაკდნენ. მოხდა ჩხუბი. ხე სიაო-ერი კისერში დაჭრეს და იქვე გათავდა. უცნაურია ის, რომ ჩხუბის დროს მოკლულს იარაღი არ შეხებია. იგი არც არავის უხმარია. ხე სიაო-ერის გაეხსნა ომისდროინდელი ნაჭრილობევი. დამსწრეთა გადმოცემით, როცა ის შეხლა-შემოხლის დროს დაეცა და მაგიდა გადააბრუნა, თავი უეცრივ მოწყდა სხეულს და სისხლით მოთხვრილი გაგორდა იატაკზე. ხელისუფალთ ეჭვები აღეძრათ მაინც და გამალებით ეძებდნენ დამნაშავეს. გასაგებია მათი საქციელი, მაგრამ თუკი ლიაო ჯაი თავის “უჩვეულო ამბებში” აგვიწერს მსგავს შემთხვევებს, რად არ უნდა ვირწმუნოთ, რომ ხე სიაო-ერსაც…” და ასე შემდგომ.

_ რას ნიშნავს ეს? _ გაოცდა ინჟინერი.

მაიორმა კიმურამ თამბაქოს ბოლო გამოუშვა პირიდან და მოწყალედ გაიღიმა.

_ მართლაც რომ საკვირველი ამბავია! ასეთი რამ მხოლოდ ჩინეთში თუ მოხდება.

_ განა შესაძლებელია ეს საერთოდ სადმე მოხდეს?

ინჟინერმა იამაკავამ ღიმილით ჩაფერფლა პაპიროსი საფერფლეში.

მაიორი შეყოვნდა და მერე წარმთქვა:

_ საქმე ის არის, რომ მე ვიცნობდი კიდეც მაგ ხე სიაო-ერს.

_ ო, იცნობდით კიდეც? გახსოვდეთ, რომ ბოლოს და ბოლოს ატაშე ბრძანდებით და არ გეკადრებათ გაზეთის რეპორტიორებისდაგვარად ზღაპრების შეთხზვა.

_ ჰმ, ზღაპრებიო… როცა მე დამჭრეს, სწორედ ეს პიროვნება იწვა ჩემთან ერთად საველე ლაზარეთში. მაშინ ჩინურსა ვსწავლობდი და პრაქტიკისათვის რამდენჯერმე გავესაუბრე. გაზეთში ხომ წერია, რომ იგი კისერში იყო დაჭრილი, ჰოდა, ათი შესააძლებლობიდან ცხრა არის იმის დასტური, რომ სწორედ ეგ კაცი შემხვდა ლაზარეთში.

_ საოცარია, საოცარია, თუ გაზეთს დავუჯერებთ, ეგ ხე-სიაო-ერი დიდი ლოთი-შფოთი ვინმე ყოფილა. კაცმა რომ თქვას, ასეთი კაცის სიკვდილი დასანანი არც არის. თუ მოკვდა, მით უკეთესი მისთვის და ყველასათვის.

_ ეგ მერე, მაშინ კი ეს იყო ერთი ალალი, ჩუმი, კარგი კაცი, გამორჩეული ტყვეთა შორის. ამიტომაც განსაკუთრებით უყვარდათ ექიმებს და გულითადად მკურნალობდნენ კიდეც. საინტერესო ამბებს ყვებოდა თავის თავზე. ახლაც მახსოვს მისი მონათხრობი, როგორ ჩავარდა ცხენიდან მდინარისპირა ლაფში, როგორ გასცქეროდა ტირიფნარიდან ზეცას და ეზმანებოდა დედის კაბა, ქალის ფეხები და აყვავებული სესამის მინდვრებიი.

მაიორმა კიმურამ პაპიროსი ჩააქრო, ტუჩებთან ყავის ფინჯანი მიიტანა, ჯუჯა ქლიავს გახედა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: ასე ამბობდა, სწორედ მაშინ შემზარდა მთელი ადრინდელი ცხოვრებაო.

_ ჰო, მაგრამ როგორც კი დამთავრდა ომი, მაშინვე ქეიფს მიჰყო ხომ ხელი? არა, ადამიანი ჩალის ფასადაც არ ღირს!

ინჟინერი იამაკავა სკამის ზურგზე გადაესვენა, ფეხები გაწვართა და იქედნური ღიმილით თამბაქოს კვამლი ჭერისაკენ გაუშვა.

_ თქვენ ამბობთ, ადამიანი ცალის ფასადაც არ ღირსო? ალბათ გგონიათ, ხე სიაო-ერი თავს იკატუნებდა, ვითაოდაც მამა აბრამის ბატკანი იყო?

_ სწორედაც.

_ მე კი აგრე არ ვფიქრობ. იგი არა და არ თვალთმაქობდა. ასე გრძნობდა იმ წამს, როცა, გაზეთის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, მისი თავი განეშორა ტანს. ასე გრძნობდა ჩხუბის დროსაც, როცა ის მაგიდას დააჯახეს და ძირს დასცეს. მაშინ გაეხსნა ალბათ ძველი ჭრილობა და გრძელნაწნავიანი თავიც მყის გაგორდა იატაკზე. დედის კაბამ, ქალის ფეხებმა და სესამის აყვავებულმა ველებმაც, ომის დროს რომ ელანდებოდა, ახლაც ბუნდოვნად გაიარეს მის თვალწინ. მართალია, ამჯერად ჭერი ფარავდა ცარგვალს, მაგრამ ის მაინც ხედავდა ვის ლაჟვარდს. და იმ დროს კვლავ მთელი სიმწარით იგრძნო თავისი საძაგელი წარსული. გვიანღა იყო. ადრე იაპონელმა სანიტრებმა შეამჩნიეს და გონდაკარგული თან წაიყვანეს, ახლა კი მისი თანამეინახე დაუზაოგავად სცემდა მუშტებითა და წიხლებით. და სინანულით შეპყრობილმა ხე სიაო-ერმა სული განუტევა.

ინჟინერმა იამაკავამ მხრები აიჩეჩა და გაიცინა:

_ დიდი მეოცნებე ჩანხართ. მაშ, რითღა აიხსნება, რომ ასეთი განცდების მერე გალოთდა?

_ ეს იმიტომ, რომ ადამიანის ფასი მართლაც გროშია, ოღონდ სრულიად სხვა აზრით. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ ჩალის ფასადაც არ ღირს. მხოლოდ ის არის მეტნაკლებად ღირსეული, ვინც უწყის ეს ჭეშმარიტება. თორემ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, სწორედ ისე წავაგოთ თავი, როგორც ხე სიაო-ერმა… დიახაც, ამ აზრით უნდა ვკითხულობდეთ გაზეთებს.

ესა თქვა მაიორმა კიმურამ, ერთვარად დამოზღვრითი კილო დაატანა ყოველ სიტყვას, გაიღიმა და ახალი პაპიროსი გაიწყო.

იანვარი, 1918წ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button