ლიტერატურამოთხრობა

რიუნოსკე აკუტაგავა – საუბარი ლიტერატურაზე

ჩვენი თხზულებანი გაზეთებსა და ყოველგვარ ჟურნალებში იბეჭდება. წინათაც ასე იყო, ახლაც არაფერი შეცვლილა.

ევროპიდან ერთმა მეგობარმა ღია ბარათი გამომიგზავნა ნორტ-დამის გამოსახულებით. ვუყურებდი და კვლავ ფიქრი ამეკვიატა. საქმე ისაა, რომ არქიტექტურა რამდენადმე გაბატონდა ფერწერაზე. მიქელანჯელოს უზარმაზარი ფრესკები რომანული არქიტექტურის გავლენით გაჩნდა. ვან დეიკის მომცრო სურათებიც გუთურმა არქიტექტურამ განაპირობა. როგორც ჩანს, ლიტერატურულ ნაწარმოებსაც იმ ყოველთვიური ჟურნალ-გაზეთების დაღი აზის, სადაც ის იბეჭდება. ახლანდელი რომანები გაზეთის სულითაა გამსჭვალული. ახლანდელ მოთხრობებს მომავლის თვალით რომ გადავხედოთ, მაშინ ალბათ სტრიქონთა შორის მთელ ჟურნალს დავინახავდით. იქნებ ეს, უბრალოდ, ჩემი ფანტაზიაა, მაგრამ ის, რომ ჩვენს ნაწერებში გაზეთი ან ჟურნალი ტივტივებს, რეალურზე სარწმუნო ფანტაზიაა და ექსპრესიონისტულ ფილმს მოგვაგონებს.

ჩვენი ჟურნალ-გაზეთები წელიწადში ათასზე მეტ რომანსა და მოთხრობას აქვეყნებენ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალზე მოკლეა. ლიტერატურის სახეობათაგან რომანი ყველაზე უკეთ ასახავს ცხოვრებას. ამავე დროს ცხოვრების ხასიათი იცვლება და რომანის ზემოქმედება მცირდება ლიტერატურის სხვა სახეებთან შედარებით. გუშინდელი რომანი უნდა წავიკითხოთ გუშინდელი ცხოვრების შესაცნობად. ამ რომანებს პირველ რიგში შემეცნებითი ღირებულება აქვს და არა ის, რომ აგვაღელვოს და გული აგვითრთოლოს.

ჩემი დროის მწერლები ტადანაო კიოსა თუ ბერი სიუნკანი ადამიანურ სახეებს ქმნიან. მაგრამ ისინი ადრე თუ გვიან გარდაიქმნებიან ტადანაო კიოს თუ ბერ სიუნკანისეულ “ადამიანურზე გაცილებით უფრო” დამაჯერებელ სახეებად. ყველაზე წმინდა, ნათელი გრძნობა, მაგალითად, მამაკაცისა და ქალის სიყვარული, ყოველთვის გვაღელვებს, თუნდაც ის “გენძის ამბავში” ამოვიკითხოთ. მაგრამ ვის ეყოფა სიჯიუტე, ასეულ ფურცელს გააწყალებინოს თვალი ცხოვრებისეული სიმართლით სავსე რამდენიმე სტრიქონისათვის. საუკუნეებს რჩება მხოლოდ ის, რაც დიდი გამომსახველობითი ძალით გადმოგვცემს ამ წმინდა, ნათელ გრძნობას. ლირიკული ლექსები იქნებ ამიტომ სძლებენ რომანზე დიდხანს. იაპონური ლიტერატურა ნამდვილად ძალზე მდიდარია, მაგრამ არც ერთ ნაწარმოებს არ უწერია ისეთი დიდი ხნის სიცოცხლე, როგორც “მანიოსიუს” ტანკას.

რომანი და პიესა რომ ჟურნალისტიკასთან ახლოს არის, ამაზე ზემოთ თქმულიც მეტყველებს. მკაცრად რომ ვთქვათ, ეპოქის გარეშე არც მწერალს შეუძლია არსებობა და არც ნაწარმოებს. ასეთია ის ხარკი, რომელიც რომანმა აუცილებლად უნდა გაიღოს, მაქსიმალური გამომსახველობით რომ გადმოსცეს ცხოვრება. აკი ვამბობდი, ლიტერატურის არც ერთ სახეობას არ უწერია ისეთი დღე, როგორც რომანს. ამავე დროს, არც ერთი სახეობა არ ცხოვრობს ისეთი დაძაბული ცხოვრებით, როგორც რომანი. ამრიგად, რომანი უფრო მეტადაა შემკული ლირიკული ტონებით, ვიდრე თვით ლირიკული ლექსი. რომანი ჩვენს თვალწინ წამიერად გაელვებულ პეპელას მოგვაგონებს.

პროლეტარული ლიტერატურის დიდი იმედი მაქვს. ეს სრულიადაც არ არის ირონია. გუშინდელი პროლეტარული ლიტერატურა მწერლებისაგან აუცილებლად მოითხოვდა საზოგადოებრივ შეგნებას. მაგრამ “გენძის ამბავი”, “გენძის ამბავად” არც ავტორის არისტოკრატიზმს გადაუქცევია და არც სასახლის ცხოვრების ცოდნას. ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.

კრიტიკოსები ე.წ. ბურჟუაზიულ მწერლებს მოუწოდებენ, საზოგადოებრივი შეგნება შეიძინეთო! ამ სიტყვებს არ ვეწინააღმდეები. მე მხოლოდ ეს მინდა ვუთხრა მწერლებს, პროლეტარულს რომ უწოდებენ თავიანთ თავს: შეიძინეთ პოეტური სული…

მწერლის ათი მცნება

1. მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ ლიტერატურის ყველა სახეობიდან პროზა ყველაზე ნაკლებმხატვრულია. ჭეშმარიტი მნიშვნელობით, მხოლოდ პოეზიაა ლიტერატურა. კუთვნილი ადგილი პროზას მხოლოდ იმის წყალობით უკავია, თუ რამდენად მოიცავს პოეზიას. ამრიგად, ისტორიული და ბიოგრაფიული ნაწარმოები ფაქტიურად პროზაა.

2. პროზაიკოსი, გარდა იმისა, რომ პოეტია, ისტორიკოსი და ბიოგრაფიცაა ერთდროულად. მაშასადამე, ის განუყრელად უნდა დაუკავშირდეს (გარკვეულ ეპოქაში, გარკვეულ ქვეყნის) ადამიანთა ცხოვრებას. ამას გვიდასტურებს იაპონელ პროზაიკოსთა თხზულებანი მურასაკი-სიკიბუდან მოყოლებული და დამთავრებული იჰარა საიკაკუთი.

3. პოეტი ის კაცია, ყველას თავის სულს რომ გადაუხსნის (ავიღოთ თუნდაც სასიყვარულო ლირიკა, რომელიც ქალის მოსახიბლავად არსებობს). რამდენადაც პროზაიკოსი არა მხოლოდ პოეტია, არამედ ისტორიკოსიცაა და ბიოგრაფიც, ამიტომ მემუარისტიც უნდა იყოს. აქედან – პროზაიკოსი ჩვეულებრივ ადამიანზე მეტად განიცდი თავის ტანჯულ ცხოვრებას. პროზაიკოსში მომეტებულად არ უნდა ჭარბობდეს პოეტი. თუ პოეტურობა ჭარბობს მემუარისტობას ან ბიოგრაფობას, მაშინ პროზაიკოსის ცხოვრება აუცილებლად გადაიქცევა მძიმე ტრაგედიად (ნაპოლეონი ან ლენინი პოეტები რომ გამხდარიყვნენ, მაშინ უსათუოდ ორი შეუდარებელი პროზაიკოსი დაიბადებოდა).

4. ზემოთ მოყვანილი სამი პუნქტი გვიჩვენებს, რომ პროზაიკოსის ტალანტი სამ ტალანტზე დაიყვანება. პოეტის ტალანტი, ისტორიკოსისა ანუ ბიოგრაფის ტალანტი და ყოფითი ტალანტი. ჩვენი წინაპრები ყველაზე რთულად თვლიდნენ ამ სამ ტალანტს შორის წონასწორობის შენარჩუნებას (ადამიანები, რომლებიც ამას ყველაზე რთულად არ თვლიან – ჩვეულებრივ მოკვდავნი არიან). ის, ვისაც მწერლობა სურს, მძღოლსა ჰგავს, საავტომობილო სკოლა რომ არ დაუმთავრებია და სრული სიჩქარით მიაქროლებს ქუჩაში მანქანას. მას არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს.

5. მწერალს არ სეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს, ამიტომ ის უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ საკუთარ სასიცოცხლო ძალებს, ფულს და ცხოვრებისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას (შესწევდეს უნარი მოუწობლად ცხოვრებისა). მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ რარიგ მოულოდნელიც უნდა იყოს, ცნებები – მწერლობა და მშვიდი ცხოვრება სეუთავსებელია. ის, ვინც წყნარ ცხოვრებას ესწრაფვის, უმჯობესია, მწერლობას ნუ მოეკიდება. უნდა გვახსოვდეს – მწერალი, რომელზეც შეიძლება ითქვას, შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწევაო, ის მწერალი, ვისი ბიოგრაფიის დეტალებიც უბრალოდ უცნობია.

6. მიუხედავად ამისა, თუ მწერალს მაინც სურს შედარებით მშვიდად იცხოვროს, მაშინ სამ ტალანტთაგან ყველაზე მეტად ცხოვრებისეული ტალანტი უნდა გამოიწრთოს. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ცხოვრებისეული ტალანტის წყალობით ის აუცილებლად დატოვებს თვითმყოფად მემკვიდრეობას. ცხოვრებისეული ტალანტი ნიშნავს საკუთარ ბედის ბატონ-პატრონობას (ამასთან, არ არის გარანტია, რომ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონობა შეიძლება), აგრეთვე ზრდილობისა და თადარიგიანობის გამოჩენას ნებისმიერ, ყველაზე წყალწღებული იდიოტის მიმართაც კი.

7. ლიტერატურა – სიტყვების საშუალებით თვითგამოხატვის ხელოვნებაა. მაშასადამე, მწერალმა შრომა არ უნდა დაზოგოს სიტყვის დასახვეწად. თუ კაცს სიტყვის სილამაზით აღფრთოვანება არ შეუძლია, მაშინ არ ფლობს მწერლისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს. საიკაკუს “ჰოლანდიელ საიკაკუს” უწოდებდნენ არა მარტო იმ დროისათვის მიღებული პროზის კანონთა დარღვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ პოეზიიდან ამოხაპული სიტყვის მადლი შეიცნო.

8. რომელიმე ქვეყნის პროზაული ნაწარმოები რომელიმე ეპოქის განსაზღვრულ კანონებს ემყარება (რომლებიც ისტორიული ვითარებითაა განპირობებული). კაცი მწერლობას რომ გადაწყვეტს, ამ კანონებს უნდა მისდევდეს.ეს ხელსაყრელია, რადგან: 1) შეიძლება საკუთარი ნაწარმოები შექმნათ წინამორბედთა მხრებზე დაყრდნბით; 2) თუკი არ გადახვალ საზღვარს, ლიტერატურული ქოფაკები არ შეგიყეფენ. ოღონდ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ამ გზით აუცილებლად თვითმყოფადი ნაწარმოების ავტორი შეიქმნები (სულაც არ არის საჭირო ვამტკიცოთ, რომ ერთი არ ეწინააღმდეგება მეორეს). გენიოსი, უბრალოდ, არღვევს უველა ამ კანონს (ამავე დროს, უცნობია ანგრევს თუ არა ის ამ კანონებს იმდენად, რამდენადაც ადამიანებს ეჩვენებათ). გენიოსები ცაში სხვადსხვა სიმაღლეზე ფრენენ, ე.ი. ლიტერატურაში სოციალურ პროგრესის (ანუ ცვლილების) გარეთ მოძრაობენ და არ შეუძლიათ მდინარების მიმართულებას მიჰყვნენ. ის შეიძლება ლიტერატურული მზის გარეთ მდგომ პლანეტას შევადაროთ. ამის გამო მისი არც სიცოცხლეში ესმით და არც სიკვდილის შემდეგ აღიარებენ სწრაფად (ეს მარტო პროზას კი არა, საერთოდ მთელ ლიტერატურას ახასიათებს).

9. კაცი მწერლობას რომ ესრაფვის, მოვალეა, ფრთხილად მოექცეს ფილოსოფიურ, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებათა იდეებს. სანამ ადამიანი მხეცია, მანამ ნებისმიერ იდეას თუ თეორიას არ შეუძლია ადამიანის ცხოვრებაზე გაბატონება, ყველაფერს ისე უნდა ვუცქერდეთ, როგორც ცხოვრებაშია და გამოვხატოთ ისე, როგორც არის – სწორედ ამას ჰქვია ნატურიდან გადაღება. საუკეთესო მეთოდი, რომელიც მწერალმა უნდა აირჩიოს, ნატურიდან გადაღებაა. სიტყვები – “როგორიც ის არის” უნდა გავიგოთ: “როგორც ის ხედავს” და არა “როგორც ისე ხედავს მაშინ, როცა თამასუქს უყურებს”.

10. ნებისმიერი მცნება პროზაული ნაწარმოების შექმნისა არ არის ქოროს მცნება: რა თქმა უნდა, ჩემი “ათი მცნებაც” არ არის ოქროსი. ვისაც უწერია მწერლად ქცევა, გახდება კიდეც. ვისაც არა – არა.

შენიშვნა: მე ყველაფერში სკეპტიკოსი ვარ. მაგრამ უნდა გამოვტყდე, რამდენჯერაც ვცადე სკეპტიციზმი შემენარჩუნებინა პოეზიასთა შეჯახებისას, არ შემეძლო სკეპტიკოსი დავრჩენილიყავი. ამავე დროს უნდა ვაღიარო, პოეზიასთან შეჯახების დროსაც, მთელი ძალით ვცდილობდი ჩემი სკეპტიციზმი შემენარჩუნებინა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button