ლიტერატურამოთხრობა

რიუნოსკე აკუტაგავა – ტიკამაცუ მონძაემონი

ძიუნიტირო ტანიძაკისა და ჰარუო სატოსთან ერთად თოჯინების თეატრში ვიყავი. დიდი ხანია მარიონეტების სპექტაკლი არ მენახა. თოჯინა მსახიობზე ლამაზია, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ამოძრავებენ. თოჯინების გამთამაშებელი შავ სამოსიანი მსახიობი უსიამო გრძნობას იწვევს, ასეთი ფიგურები გოიას ნამუშევრებში უკანა პლანზე მოჩანს ხოლმე. ასე გეგონება, ეს შავი ფიგურები, როგორც შენი ნაღვლიანი ბედისწერა, სადღაც მიგერეკებოდეს…

ახლა თოჯინებზე კი არა, ტიკამაცუ მონძაემონზე მინდა გესაუბროთ. ძიჰეისა და კოჰარუს ვუყურებდი და ავტორზე დავიწყე ფიქრი. რეალისტ საიკაკუს საპირისპიროდ, ტიკამაცუს იდეალისტად თვლიან. ტიკამაცუს მსოფლმხედველობას არ ვიცნობ. ზეცას რომ შეღაღადებდა, ალბათ ჩვენს არასრულყოფილებაზე თუ შესჩიოდა. შესაძლოა, დღევანდელი დღის შემყურე, შიშით ელოდა ხვალინდელს. ახლა დაბეჯითებით ვინ მოგცემს ამის პასუხს? მისი დრამების მნახველმა ნამდვილად შემიძლია დავამტკიცო, რომ ტიკამაცუ იდეალისტი არაა. იდეალისტი?.. როგორ შეიძლება მას იდეალისტი ვუწოდოთ? საიკაკუს შემოქმედება და მსოფლმხედველობა რომანტიკულია. ოცნებისაკენ ლტოლვას თუ რომანტიზმს ვუწოდებთ, მაშინ ტიკამაცუც რომანტიკოსია. მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ასპექტით, ის ჭეშმარიტი რეალისტია. მისი რეალისტური დრამა ადამიანის სულის ყველაზე იდუმალ კუნჭულს აღწევს. დრამაში, ცხადია, გენროკუს ეპოქის დამახასიათებელი ლირიკული ლექსებიც გვხვდება…

ტიკამაცუს ხშირად იაპონელ შექსპირს უწოდებენ. მისი შემოქმედება უფრო მეტადაა შექსპირული, ვიდრე ფიქრობენ. ჯერ ერთი, შექსპირის მსგავსად, თითქმის ყველას აღემატება ინტელექტით (გავიხსენოთ თუნდაც მოლიერის ინტელექტი). მეორეც, მისი დრამები სავსეა ბრწყინვალე სტრიქონებით და, ბოლოს, თვით ყველაზე მძაფრად დრამატულ ქარგალშიც კი კომედიური სცენაა ჩასოვილი. მაყალთან მოფუსფუსე ღარიბი ბერის მაყურებელს ხშირად გამხსენებია დიადი “მაკბეტის” ლხინი.

ტიოგიუ ტაკაიამას გამოკვლევების გავლებით, ტიკამაცუს ყოფით დრამებს მისავე ისტორიაულ დრამებს ამჯობინებენ. მაგრამ არც ისტორიულ დრამაში გვევლინება ტიკამაცუ რომანტიკოსად. ამ თვისებითაც შექსპირს ენათესავება. შექსპირმა სამუდამოდ შეაჩერა თავისი საათი რომში. ტიკამაცუმ ეპოქის უგულვებელყოფაში შექსპირსაც გაუსწრო. უფრო მეტიც, ღმერთების საუკუნეც გენროკუს ეპოქის სამყაროდ გადააქცია. პარადოქსულია, მაგრამ მისი პერსონაჟების ფსიქოლოგიური მონახაზები ხშირად სრულიად რეალისტურია. მაგალითად, ისტორიულ დრამაში “ნიხონ ფურისოდე ხაძიმე” ძმების – კოტანას და სოტანას (პიესის გმირები) ჩხუბი ყოფითი დრამის სცენად წარმოგვესახება, ხოლო კოტანას ცოლის და თვით კოტანას სულიერი მდგომარეობა მამის მოკვლის შემდგომ ჩვენი დროისათვისაც მახლობელია. უფრო მეტიც, სუსანოო-ნო-მიკოტოს სიყვარული, გავბედავ და ვიტყვი, მარადი სახით შემორჩა ისტორიის ფერიცვალებას.

ტიკამაცუს ისტორიული დრამა, ბუნებრივია, უფრო მეტადაა გაჟღენთილი ფანტაზიით, ვიდრე ყოფითი დრამა და სწორედ ამ ფანტაზიის წყალობით ათის უფრო მომხიბვლელი, რასაც ვერ ვიტყვით ყოფით დრამაზე.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button