იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ჩიტი-ჩიორა. გაზაფხული რომ დადგა, სხვა ჩიტების მსგავსად, ჩიორამაც ერთი ხშირტოტიანი ხე მონახა და მოხერხებულ ადგილას ბუდე ჩადგა. ჩაჯდა შიგ, სამი კვერცხი დადო და სამი კვირის თავზე პატარა ჩიორები გამოჩეკა. როგორც ყველა დედა, ჩიორაც თავს ევლებოდა თავის შვილებს, დაჰხაროდა, დასჭიკჭიკებდა, უზიდავდა პეპლებს, ბუზებს, ჭია-მატლებს, აჭმევდა და ზრდიდა.
ერთ კვირაში ბარტყებს შიშველი ტანი ჭრელი და რბილი ბუმბულით შეემოსათ. დედა-ჩიორა უფრო გახალისდა, მალე ფრთებიც წამოეზრდებათ ჩემს პაწიებს და ბედნიერად დავაფრენო, ფიქრობდა გულში და ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ მისი შვილები უხიფათოდ იზრდებოდნენ. მაგრამ სიხარული მალე მწუხარებად შეეცვალა: ერთმა წყეულმა მელამ ბუდეს მიაგნო, ხის ძირას კუდზე დაყუნცდა და ჩიორას ასძახა:
– ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!
– რაო, ბატონო მელაო? – ჩამოსძახა ჩიორამ.
– ერთი შვილი გადმომიგდე,
თორემ შავ დღეს დაგაყენებ:
ცულს მოვიტან ცუნცულასა,
ხელეჩოს და წალდუნასა,
ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,
შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა.
შეეშინდა საცოდავ ჩიორას და ერთი ბარტყი გადმოუგდო. მელამ დაავლო ბარტყს პირი, იქვე, ბუჩქებში შეაცუნცულა და თავფეხიანად გადასანსლა. ისევ უკან დაბრუნდა, დაყუნცდა ხის ძირას და ჩიორას ასძახა:
– ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!
– რაო, ბატონო მელაო?
– ერთი შვილი გადმომიგდე,
თორემ შავ დღეს დაგაყენებ:
ცულს მოვიტან ცუნცულასა,
ხელეჩოს და წალდუნასა,
ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,
შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა.
ისევ შეეშინდა საცოდავ ჩიორას, იფიქრა, იქნებ ჩამომეხსნასო და მეორე ბარტყიც გადაუგდო. წუწკმა მელამ ჰაერშივე სტაცა პირი, ისევ ბუჩქებში შეაცუნცულა და გადასანსლა. ტუჩები მადიანად მოილოკა, ისევ უკან გამოცუნცულდა, დასკუპდა ხის ძირას და ჩიორას ასძახა:
– ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!
– რაო, ბატონო მელაო?
– ერთი შვილი გადმომიგდე,
თორემ შავ დღეს დაგაყენებ:
ცულს მოვიტან ცუნცულასა,
ხელეჩოს და წალდუნასა,
ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,
შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა.
მწარედ დაღონებულმა ჩიორამ აიყვანა მესამე ბარტყიც და მელიას გადაუგდო. თვითონ აფრინდა, წავიდა შორს, შემოჯდა ერთი ხის ტოტზე და მოთქმით ატირდა.
იქვე ერთი მონადირე დადიოდა. გაიგონა ჩიორას მოთქმა, მივიდა და ჰკითხა:
– რა იყო, ჩიორავ, ასე მწარედ რა გატირებსო?
– რაღა რა მატირებს, სამი შვილი მყავდა და ერთმა წუწკმა მელიამ სამივე შემიჭამაო.
– ვერ მაჩვენებ იმ წყეულსაო? – ჰკითხა მონადირემ.
– რატომ ვერ გაჩვენებ, ალბათ ახლაც იქვე გდია და ჩემს დაბრუნებას ელოდებაო.
– მაშ, გამიძეხ, მაჩვენე და იმის ჯავრს მე ამოგყრიო, – უთხრა მონადირემ.
ჩიორა გაუძღვა მონადირეს და მიიყვანა თავის ბუდესთან, მელა მართლაც იქვე იყო, კუდზე დაყუნცული მაღლა იყურებოდა და ჩიორას დაბრუნებას ელოდებოდა. მონადირემ დაუმიზნა თოფი, ესროლა და სული გააფრთხობინა.
ასე მიეზღო სამაგიერო წუწკსა და მტაცებელ მელიას, ხოლო ჩიორამ იმ წელს კიდევ ჩადო ბუდეში სამი კვერცხი, ისევ დაჩეკა ბარტყები და უვნებლადაც დააფრინა.
ჭირი – იქა, ლხინი – აქა,
ქატო – იქა, ფქვილი – აქა.