ზღაპარისაბავშვო

უქნარა შვილი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელსაც მეტად ზარმაცი და უქნარა შვილი ჰყავდა. სანამ ძალა მოსდევდა, არჩენდა შვილს, არაფერს აკლებდა, მაგრამ ბოლოს მოხუცდა და ოჯახის შენახვა გაუჭირდა. იფიქრა, ბიჭი თავისი უქნარობით დაიღუპებაო, დაუძახა ერთ დღეს და გამოსაცდელად უთხრა: – მე საცაა მოვკვდები და ჩემი ქონება სხვა უნდა დავუტოვო, რადგან შენ, სულ ერთია, ვერ მოიხმარ, უქნარობით გაანიავებ. მუშაობა გეზარება, სულ მცირეოდენი ფულის შოვნაც კი არ შეგიძლიაო.

– რატომ არ შემიძლიაო, – იწყინა ბიჭმა.

– თუ შეგიძლია, წადი, შენი ნაშოვნი ფული მოიტანე და ქონებასაც მაშინ დაგიტოვებო.

ბიჭი ხომ არაფრის გამკეთებელი იყო და გადაწყვიტა, ქონება ეშმაკობით ჩაეგდო ხელში. სახლში ჩუმად აიღო მამის ფული, წავიდა, ქუჩა-ქუჩა უქმად იხეტიალა, საღამოს დაბრუნდა შინ, მამას მისივე ფული მოუტანა და უთხრა:

– გადავყევი მაგის შოვნასო.

მამამ შვილის მოტანილი ფული დაყნოსა, გადააბრუნ-გადმოაბრუნა და ბუხარში შეუძახა.

– ეს შენი ნაშოვნი არააო! – უთხრა შვილს. ბიჭმა გაიცინა და გაეცალა. მეორე დღეს ისევ ჩუმად აიღო მამის ფული. ქუჩა-ქუჩა უქმად იხეტიალა, საღამოს კი იმდენი ირბინა, გაოფლიანდა, შევარდა მამასთან და უთხრა:

– ხომ ხედავ, როგორი გაოფლილი მაქვს შუბლი, ძლივს ვიშოვე ეს ფულიო.

მამამ შვილის მოტანილი ფული დაყნოსა, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, ბუხარში შეუძახა და უთხრა:

– მატყუებ, ეს შენი ნაშოვნი არააო!

ბიჭმა გაიცინა და გაეცალა. იგი მიხვდა, რომ საქმე წახდა, მამა ჭკვიანი კაცი იყო და ვერ მოატყუებდა. ამიტომ გადაწყვიტა, მართლა საკუთარი ოფლით და შრომით ეშოვა ფული. მთელი კვირა იმუშავა, ზოგს რა გადაუზიდა, ზოგს რა გაუკეთა, მოაგროვა ცოტაოდენი ფული და მიუტანა მამას. მამამ შვილის მოტანილი ფული დაყნოსა, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, ბუხარში შეუძახა და უთხრა:

– არა, ეს შენი ნაშოვნი არააო!

ახლა კი გადაირია ბიჭი, ორივე ხელით ეცა ბუხარში შეგდებულ ფულს, გამოიტანა და იყვირა:

– რა ჰქენი, მამაჩემო, მაგის შოვნას მე ერთი კვირა გადავყევი და შენ ცეცხლში ყრიო!

მამამ უთხრა:

– ახლა კი მჯერა, შვილო, შენი. მაგ ფულზე ისე დაგეწვა გული, ნამდვილად შენი შრომითაა ნაშოვნი. ასეა, ფულის შოვნა ძნელია, იმუშავებ, გექნება და იცხოვრებ, არ იმუშავებ და შიმშილით ამოგძვრება სულიო.

ამის შემდეგ მამამ დაუტოვა შვილს ქონება, ხოლო თვითონ მშვიდად გაემგზავრა იქ, საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან.

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button