რიუნოსკე აკუტაგავა – ძურიანო კიტისკე
1
ძურიანო კიტისკე წარმოშობით სიძენის პროვინციის სინოკის მაზრის სოფელ ურაკამადან იყო. დედ-მამა ადრე დაეხოცა და პატარაობიდანვე იმავე სოფელში დაუდგა მსახურად ვინმე ოტანა საბუროძის. ძურიანო კიტისკე დაბადებიდან მოსულელო გახლდათ და ამხანაგები გამუდმებით მასხრად იგდებდნენ, პირუტყვივით ჩაგრავდნენ და ყველაზე მძიმე სამუშაოს მას ასრულებინებდნენ.
და ამ კიტისკემ თვრამეტი-ცხრამეტი წლის ასაკში შეიყვარა საბურიძის ერთადერთი ქალიშვილი _ კანე. კანე, რა თქმა უნდა, აინუნშიაც არ აგდებდა მსახურის გრძნობებს. ამას ისიც დაემატა, რომ გულბოროტმა ამხანაგებმა მალე შეამჩნიეს კიტისკეს გასაჭირო და უფრო მეტად დაუწყეს დაცინვა. კიტისკე სულელი კი იყო, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ამდენ წვალებას და ერთხელ, ღამით, ჩუმად გაიპარა სახლიდან, რომელიც მისთვის უკვე მშობლიური გამხდარიყო.
გავიდა სამი წელი, კიტისკესი კი არაფერი ისმოდა.
სამი წლის შემდეგ, მათხოვარივით ჩამოძენძილი, კვლავ დაბრუნდა ურაკამაში. დაბრუნდა და ისევ საბუროძის ოჯახში დაიწყო მუშაობა. ახლა უკვე გულთან აღარ მიჰქონდა ამხანაგების დაცინვა, საქმის მეტი არაფერი ახსოვდა, თავაუღებლივ შრომობდა. პატრონის ქალიშვილის _ კანეს ერთგული იყო ძაღლივით. კანე უკვე გათხოვილიყო და ქმართან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა.
ასე გავიდა ერთი-ორი წელი. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ოღონდ ეგ იყო, ამხანაგებმა კიტისკეს ქცევაში რაღაც საეჭვო შენიშნეს. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილებმა თვალთვალი დაუწყეს და შეამჩნიეს, რომ იგი დილა-საღამოს პიეჯვარს იწერდა და ლოცვას ბუტბუტებდა. მსახური მაშინვე პატრონთან დაასმინეს. საბუროძის ალბათ შეეშინდა, ამ ამბავმა ცუდი რამ არ მომწიოსო, და კიტისკე მაშინვე სოფელ ურაკამას სამმართველოში წააყვანინა.
როცა მცველებს კიტისკე ნაგასაკის ციხისკენ მიჰყავდათ, მას შიშის ნიშანწყალიც არ ემჩნეოდა. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, კიტისკეს მოსულელო სახე ამ დროს ისე გასხივოსნებოდა, კაცი იფიქრებდა, ციურ შუქს გაუცისკროვნებიაო.
2
კიტისკემ მოსამართლესთან გულახდილად აღიარა, ქრისტიანების სექტას ვეკუთვნიო. მაშინ მოსამართლეს ადა კიტისკეს შორის შემდეგი დიალოგი გაიმართა:
მოსამართლე _ რა ჰქვიათ შენი სექტის ღმერთებს?
კიტისკე _ ბერენის ქვეყნის პრინცი, ესუ კირისტო-სამა და პრინცესა მეზობელი ქვეყნიდან _ სანტა მარია-სამა.
მოსამართლე _ როგორი შესახედავნი არიან?
კიტისკე _ ესუ კირისტო, რომელიც ძილში გვეცხადება ხოლმე, ლამაზი ყმაწვილია, იისფერი ოფურისოდე აცვია, პრინცესა სანტა-მარიას კი _ ოქროსა და ვერცხლის ძაფით ნაქარგი კაიდორი.
მოსამართლე _ რატომ გახდნენ ისინი ამ სექტის ღმერთები?
კიტისკე _ ესუ კირისტო-სამას შეუყვარდა და პრინცესა სანტა-მარია, სიყვარულისგან მოკვდა და ამიტომ გახდა ღმერთი. უნდა ეხსნა ისინი, ვინც მასავით იტანჯებოდნენ.
მოსამართლე _ ვინ მოგაქციათ ამ რწმენაზე?
კიტისკე _ სამი წელიწადი დავეხეტებოდი სხვადასხვა ადგილებში და მაშინ, ზღვის ნაპირას, გამანათლა ერთმა უცნობმა წითურმა კაცმა.
მოსამართლე _ როგორ მოგნათლეს?
კიტისკე _ ჯერ ნაკურთხი წყალი მომასმევინა, მერე ძურიანოდ მომნათლა.
მოსამართლე _ აღსასრულის დღე დაგიდგა, შენ კი რაღაც ტყუილებს ჩმახავ!
კიტისკე _ არა ვტყუი. ყველაფერი სრული ჭეშმარიტებაა.
მოსამართლეს უვნაურად მოეჩვენა კიტისკეს მონაყოლი, არაფრით რომ არ ჰგავდა იმ ქრისტიანების საუბარს, რომლებიც ადრე ჰყავდა დაკითხული. კიდევ რამდენჯერმე ჩაეკითხა, განურისხდა, დაემუქრა, მაგრამ კიტისკე მაინც მტკიცედ იდგა თავის ნათქვამზე.
3
ბოლოს, ამ ქვეყნის კანონების მიხედვით, ძურიანო კიტისკეს ჯვარზე გაკვრა მიუსაჯეს.
დანიშნულ დღეს მსჯავრდადებული მთელ ქალაქში გაატარეს, მაღლობზე აიყვანეს და უმოწყალოდ მიაჭედეს ჯვარზე. ჯვარი გამოკვეთილად ჩანდა ცის ფონზე, ბამბუკის ღობის ზეგარდმო. მაღლა თავაწეული კიტისკე ხმამაღლა ლოცულობდა. მან წარბშეუხრელად გადაიტანა ჯალათების შუბების დარტყმა. ლოცვა რომ დაიწყო, მის თავზე, ცაში, ღრუბლის ქულები მოგროვდა და ჯვარცმის ადგილას საშინელი თქეში წამოვიდა. როდესაც ცა კვლავ მოიწმინდა, ძურიანო კიტისკემ უკვე სული განუტევა, მაგრამ იმათ, ვინც ღობის მიღმა იდგა, კვლავ ცხადად ჩაესმოდათ ყურში ის ლოცვა, სულ ახლახან რომ აღავლენდა ჯვარცმული.
ეს სულ უბრალო ლოცვა იყო: “ო, ბერენის ქვეყნის პრინცო, სადა ხარ ახლა? დიდება შენდა!”
როცა მისი ცხედარი კვრიდან ჩამოხსნეს, ჯალათები გაოცდნენ: ცხედარი საოცარ სურნელს აფრქვევდა, ბაგეზე კი ქათქათა თეთრი შროშანა გაფურჩქნოდა.
ასეთია ძურიანო კიტისკეს ცხოვრება, როგორც ამას მოგვითხრობენ “ნაგასაკი-ტიომონსიო”, “კოკიო-იძი”, “კეიკო ჰაისიოკუდანი” და სხვანი. მე იაპონელ მარტვილთაგან ყველაზე უფრო ეს სულელი წმინდანიანი მიყვარს.
სექტემბერი, 1919წ.