ქართული გვარები

ირემაშვილთა გვარი

ირემაშვილი, ირემაძე, ირემაული, ირმისაშვილი ერთფუძიანი გვარსახელებია. მათ საერთო ფუძე აქვთ – ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი “ირემა”. ეს გვარები ერთმანეთს მხოლოდ ფუძით ემსგავსებიან და არავითარი ნათესაური კავშირი მათ შორის არ არსებობს.

ნათესაობა ვერ დგინდება ირემაშვილთა გვარის შიგნითაც. ჩვენ ვერ ვადასტურებთ, ვთქვათ, ქვემოქართლელ და შიდაქართლელ ირემაშვილთა საერთო წარმომავლობას. ირემაშვილი მრავალძირიანი გვარი ჩანს. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ირემას შთამომავალთ ირემაშვილობა გაუგვარდათ.

სოციალური მდგომარეობით ირემაშვილები საბატონო და საეკლესიო გლეხები ყოფილან. ქართულ საისტორიო საბუთებში ირემაშვილთა გვარი XV საუკუნიდან იხსენიება.

KARIBCHE

1412-1442 წლების მეფეთ მეფის ალექსანდრე I-ის შიომღვიმისადმი შეწირულობის სიგელში მეფის მიერ მონასტრისთვის შეწირული მამულის მომიჯნავედ დასახელებულია ძალისელი გლეხი ირემაშვილი. სოფელი ძალისი მცხეთის რაიონში მდებარეობს.

1665 წელს ქვემო ქართლიდან, აზნაურ თურქესტანიშვილის მამულიდან თბილისში გადმოსახლებული გლეხი მამუკა ირემაშვილი, თბილელი ეპისკოპოსის დახმარებით და მეფის დასტურით, თავს აღწევს აზნაურის ყმობას და თბილისის სიონის ეკლესიის ყმა ხდება. საერთოდ, საბატონო გლეხებში დიდი იყო სურვილი იმისა, რომ სამეფო ან საეკლესიო გლეხთა კატეგორიაში გადასულიყვნენ.

1685-1703 წლების საბუთებში ქვემო ქართლის სოფელ ახალდაბაში იხსენიებიან საბატონო გლეხები: გოდერძი, მახარა, სეფია და სვიმონ ირემაშვილები. ისინი აზნაურ თურქესტანიშვილთა ყმები იყვნენ.

1688 წლის წყალობის სიგელში გლეხი ირემაშვილი ჩანს ქვემო ქართლის სოფელ ერტისში. ის თურქესტანიშვილის ყმა ყოფილა, მაგრამ გიორგი მეფეს მამულით აზნაურ მიქელაძისთვის გადაუცია.

1694 და 1697 წლებში შიდაქართლელი მასია და ბერუკა ირემაშვილები მოწმეებად არიან დასახელებულნი თავად ჯავახიშვილთა და აზნაურ მამაცაშვილთა ნასყიდობის წიგნებში. როგორც ჩანს, ეს ირემაშვილები მტკვრის გაღმა-გამოღმა ცხოვრობდნენ დღევანდელი კასპისა და ქარელის რაიონების ტერიტორიაზე.

1707 წლის ერთ განჩინებაში ხუცესი ირემაშვილის საკვამლო იხსენიება ქვემო ქართლში, საგერმანოზიშვილო მამულში, სოფელ მცოვრეთში.

1722-1740 წლებში შედგენილი მცხეთის საკათალიკოსო ყმათა ნუსხაში დასახელებულია შიდა ქართლის სოფელ სასხორში მცხოვრები გლეხი ბერუა ირემაშვილი.

1785 წლის შანშე მილახორის არზაში იხსენიება მოხელე, ღალის ამკრეფი ირემაშვილი ადამა.

ზეპირი გადმოცემით, კავთისხეველი ირემაშვილები ჩასახლებულან ქვემო ხანდაკში (კასპის რაიონი) და გოროვანში (მცხეთის რაიონი) მცხეთის რაიონის სოფელ წეროვნიდან, სადაც ამჟამად ირემაშვილები საკმაოდ მრავლად არიან. სამი ძმა წასულა შიგნით კახეთის სოფლებში ვაქირში, ვაზისუბანსა და შილდაში. თუმცა დღეს ქართლისა და კახეთის ირემაშვილები ერთმანეთში აღარ ნათესაობენ. შესაძლოა, ეს ფაქტი გარდასულ თაობათა სიმრავლით აიხსნას.

ქართლში ირემაშვილთა ნაწილი მიზეზთა და მიზეზთა გამო გრიგორიანულ სარწმუნოებაზე გადასულა, ხოლო სარწმუნოების შეცვლა ეროვნების შეცვლასაც ნიშნავდა საქართველოში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ირემაშვილთა გვარის მეომრები (ვინაც რჯული არ შეიცვალა) “ჟამსა ერთობისასა” კომლზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის შუაგულ – “მეფისა ალმის მპყრობელთა” სადროშოში, ხოლო “შემდგომად განყოფისა” ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში.

ამჟამად ირემაშვილები ცხოვრობენ: ქართლის გაღმამხარში და მუხრანის ველზე, ქვემო ქართლში – ალგეთის ხეობაში, გარე და შიგნით კახეთში, კახეთის გაღმამხარში და ჰერეთში, განსაკუთრებით მრავლად არიან: კასპის, მცხეთის, თეთრიწყაროს, გურჯაანის, ყვარლისა და საგარეჯოს რაიონებში.

თბილისში ქართლ-კახეთის ირემაშვილთაგან დაახლოებით 250 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ირემაშვილთა საერთო რაოდენობა 2200 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ირემაშვილთა!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button