ლიტერატურამოთხრობა

რიუნოსკე აკუტაგავა – ხინა-თოჯინები

აი, ყუთიდან ამოვიდნენ…

ნუთუ შემეძლო დამვიწყებოდა მე თქვენი სახე,

წყვილი სადღესასწაულო თოჯინისა?

ბუსონი

დედაბრის ნაამბობი

მხოლოდ ნოემბერში გადაწყვიტეს, რომ ხინა-თოჯინები იოკოჰამელი ამერიკელისთვის მიეყიდნათ…

ჩვენი სახლი, რომლის საგვარეულოს ფუძემდებელი კინო კუნია იყო, იმთავითვე მევახშეობას ეწეოდა – სესხს აძლევდა ფეოდალებს. პაპაჩემი სიტიკუ კი ძველებური ლამაზი ნივთების დიდი მცოდნე გახლდათ. მისი შეძენილი ხინა-თოჯინები ტრადიციულად ოჯახის ქალიშვილის, ე.ი. ჩემი კუთვნილება იყო და მეტად ძვირფას ნივთებად ითვლებოდა. მაგალითისათვის ავიღოთ იმპერატორი და დედოფალი. დედოფლის გვირგვინს თვალისმომჭღელი მარჯანი ამშვენებდა; იმპერატორის ტყავის გალაქულ ობიზე კი, რომელიც შემკული იყო იასპით, აქატითა და აგალმატოლიტით, შიგადაშიგ გერბები ამოექარგათ. აი, ასეთი იყო ეს თოჯინები.

რადგან მათი გაყიდვაც კი გადაწყვიტეს, ალბათ მიხვდებით, რარიგ უნდა გასჭირვებოდა მამაჩემს – იჰეიუს, კი-ნო კუნიას შთამომავალთაგან მეთორმეტე თაობის წარმომადგენელს. ბაკუფუს დაცემისა და საერთო კრახის შემდეგ ვალის გადახდა მხოლოდ კასიუ-სამას ძალუძდა და იმანაც სამი ათასი რიოს მაგიერ მხოლოდ და მხოლოდ ასი რიო დაგვიბრუნა. ჩვენი ვალი ინსიუ-სამასაც ჰქონდა, მაგრამ ოთხასი რიოს ნაცვლად, აკამაგასეკური სატუშე გამოგზავნა გირაოდ. უბედურს ქვა აღმართზე დაეწიაო, ნათქვამია და რამდენჯერმე სახლიც დაგვეწვა. ხელი მოგვეცარა ქოლგებით ვაჭრობაშიც, რასაც იმჟამად ვეწეოდით. და ბოლოს, თავი რომ იოლად გაგვეტანა, ყოველგვარი ფასეული ნივთი ერთიმეორის მიყოლებით გაგვქონდა გასასყიდად.

ამ დროს გამოჩნდა ანტიკვარი მარუსა და მამაჩემს შეუჩნდა, რაც არის, არის ხინა-თოჯინები გაყიდეო… ამ კაცმა კარგა ხანია თქვენი ჭირი წაიღო… მელოტი გახლდათ და მის ქაჩალ თავზე საოცარი სანახავი არაფერი იყო ალბათ: კეფაზე შავი სალბუნივით ჰქონდა ნასვირინგევი. თვითონ მიგვიყვა – ახალგაზრდობაში დაესვირინგებინა – სიქაჩლეს დამიმალავსო. მაგრამ, მისდა საუბედუროდ, ბოლოს ერთიანად გამელოტებულა და ზედ კინკრიხოზე შავ ლაქადღა შერჩენოდა ის ნასვირინგევი. მამას ვეცოდებოდი, მაშინ ხომ სულ თხუთმეტი წლისა ვიყავი, და მართალია მარუსა საშველს არ აძლევდა, თეჯენებს მაინც ვერ იმეტებდა გასაყიდად.

ბოლოს თოჯინები ჩემმა ძმამ, ეიკიტიმ გაყიდა… დღეს აღარც ის არის ცოცხალთა შორის; მაშინ კი თვრამეტი წლის, საოცრად ფიცხი ჭაბუკი გახლდათ. ეიკიტი განათლებული ყმაწვილი იყო – ხელიდან ვერ გააგდებინებდით ინგლისურ წიგნებს; ამასთან პოლიტიკაც იტაცებდა. როცა საუბარი ხინა-თოჯინებზე ჩამოვარდა, სიცილადაც არ ეყო, თოჯინების დღესასწაული მოძველებული ზნე-ჩვეულებაა, რაღა საჭიროა ამ გამოუსადეგარი ნივთების შენახვაო. რამდენიჯერ უკამათია ამის შესახებ დედასთან, რომელიც ძველი წესების ერთგული ქალი იყო; მაგრამ რაკიღა თოჯინების ღირებულება წლის ბოლომდე მაინც გაგვატანინებდა თავს, ალბათ, ამიტომ, დედა, რომელსაც კარგად გაეგებოდა მამაჩემის გასაჭირი, მაინცდამაინც წინააღმდეგობას აღარ უწევდა ძმას. ამრიგად, თოჯინების იოკოჰამელ ამერიკელზე მიყიდვა ნოემბრის შუა რიცხვებისთვის გადაწყდა. მე? მე ვინ რას მეკითხებოდა მაშინ, ქარაფშუტა გოგოს! მაინც, არც თუ ისე ძალიან მტკენია გული… მით უმეტეს, რომ მამა იისფერი ატლასის ახალი ობის ყიდვას შემპირდა.

მოლაპარაკების მეორე საღამოს მარუსა გვეახლა; მანამდე იგი იოკოჰამაში ყოფილიყო წასული.

მესამე ხანძრის შემდეგ აღარ აგვიშენებია სახლი… უბრალოდ, გადარჩენილ ნაწილში მოვაწყვეთ საცხოვრებელი, რომელსაც გვერდით ფარდულის მაგვარი რაღაც მივუშენეთ დროებით. მაშინ მოდაში იყო და ჩვენც გვქონდა ოჯახური აფთიაქი – კარადების თავზე, ნაირნაირი ჩინური აბებითა და შინაური წამლებით რომ იყო გამოტენილი. კოპწიად ყელყელაობდნენ ფირფიტები, რომლებზედაც ოქროს ასოებით იყო წარწერილი სახელწოდებები. იქვე, ჩაუქრობლად ენთო ზეთის ლამპარი. იქნებ თთქვენ ეს არაფერს გეუბნებათ? ძველებური ლამპარი იყო, რომელშიც ნავთის მაგიერ საწვავ ზეთს ვასხამდით. ახლაც, ჩინური წამლების – მანდარინის ცედრისა ან რგოლოვანი რევანდის სუნზე, უნებურად კვლავ ის ლამპარი მახსენდება. სასაცილოა, არა? იმ საღამოსაც, წამლების სუნში ათქვეფილი მკრთალი სინათლე იღვრებოდა ლამპარიდან.

მელოტი ანტიკვარი მარუსა და გაკრეჭილი, აბურძგნულთმიანი მამაჩემი იმ ლამპარის ქვეშ მოკალათებულიყვნენ.

– მაშ, ასე, აი, თანხის ნახევარი… დაითვალეთ…გეთაყვა…

ეს იყო ფულის დასტა, რომელიც ჩვენში მიღებული სალამ-ქალამის მოთავებისთანავე ამოიღო მარუსამ. შეთანხმებისამებრ, ბე იმ დღეს უნდა მიეღო მამას. მამაჩემმა ხელი გაუწოდა და უსიტყვოდ დახარა თავი და აი… დედის ბრძანებით მეც სწორედ იმ დროს შემოვედი, რათა ჩაი მიმერთმია. როდესაც ფინჯნების ჩამორიგება დავაპირე, მარუსამ ხმამაღლა თქვა: “ასე არ ივარგებს!” შევკრთი, მაგრამ როგორც კი ანტიკვარს შევხედე, მივხვდი, რომ მისი ნათქვამი მე არ მეხებოდა, ამას ჩაიზე კი არა, იმ ფულზე ამბობდა, გულმოდგინედ შეხვეული წინ რომ ელაგა.

– ბევრი არაფერია, მაგრამ მადლობის ნიშნად…

– როგორ გეკადრებათ, გეთაყვა, აიღეთ უკან!

– რას ამბობთ… თავს ნუ მომჭრით…

– ხუმრობა გვერდზე იყოს, ბატონო, და მართლა ნუ მომჭრით თავს – უცხონი რომ არა ვართ! მამათქვენისგან ისე ვარ დავალებული… მოდი, ნუ დავწვრილმანდებით და ამით დავამთავროთ… ქალიშვილო! დღეს რა ლამაზი თმის ვარცხნილობა გამშვენებთ!

გულგრილად მოვისმინე მათი თავპატიჟი და სახლის საცხოვრებელ ნაწილში გავბრუნდი.

ზომით იგი დაახლოებით ოცი ძიო იქნებოდა. ეს საკმაოდ ფართო სადგომი გავსებული იყო კომოდით, გრძელი ხიბატით, დიდი სკივრითა და სხვადასხვა დანიშნულების თართებით; ამიტომ იგრძნობოდა განსაკუთრებული სივიწროვე. ამ პირობებში ყველაზე მეტ ყურადღებას ხებუერას ოცდაათამდე ხის ყუთი იქცევდა. ალბათ, უთქმელადაც მიმიხვდებით, რომ ეს გასაყიდი თოჯინების ჩასალაგებელი ყუთები იყო. ყუთები ფანჯრის ძირას ელაგა. რაკი ლამპარი ფარდულში გაეტანათ, ოთახს ფარანიღა ანათებდა. ამ ძველი ფარნის შუქზე დედა ტომსიკას კერავდა წამლებისათვის. ძმა კი ძველისძველ მაგიდას მისჯდომოდა და თავის ინგლისურ წიგნებში იქექებოდა. როგორც ყოველთვის, ყველაფერი თავის რიგზე იყო, მაგრამ როდესაც დედას დავაკვირდი, შევამჩნიე, რომ თვალები ცრემლებით ავსებოდა.

ჩაი რომ შევიტანე, სიმართლე უნდა ვთქვა, რომ დედისგან შექებას ველოდი. ამ დროს ვხედავ, რომ იგი ტირის… იმდენად დავიბენი, რომ თანაგრძნობას ვერ გამოვხატე, ძმის შორიახლო ჩამოვჯექი და ვცდილობდი დედისათვის არ შემეხედა. ამ დროს ძმამასაც გადმომხედა, რამდენჯერმე მე და დედა ეჭვის თვალით შეგვათვალიერა, შემდეგ უცნაურად ჩაიცინა და კვლავ გარდიგარდმო გამწკირევული სტრიქონების კითხვა განაგრძო. არასოდეს განმიცდია მის მიმართ, წარამარა თავისი განათლებით რომ ყოყლოჩინობდა, ისეთი სიძულვილი, როგორც იმ წუთში. დედასაც კი დასცინის! – გამიელვა თავში და რაც ძალა და ღონე მქონდა, ბეჭებში ჩავცხე ხელი.

– ეს რაღა იყო ვითომ? – მკითხა გაბრაზებულმა ძმამ.

– კიდევ დაგარტყამ! – ხელი მოვუქნიე აცრემლებულმა. წამით დამავიწყდა, რა ფხუკიანიც იყო. ხელის დაშვება ვეღარ მოვასწარი, იმავე წამს სილა გამაწნა.

– ტუტუცო!

ავქვითინდი. ამ დროს ძმას რკინის არშიანი მოხვდა. იგი გაბრაზებით მიეჭრა დედას. ამან კიდევ უფრო გააცეცხლა დედა და აკანკალებული, მილეული ხმით, ერთი მაგრად გამოთათხა ძმა.

მანამდე ვტიროდი საცოდავად, სანამ მამა, რომელმაც ის ის იყო ანტიკვარი მარუსა გააცილა, ლამპიანად შემობუნდებოდა… მის დანახვაზე მარტო მე კი არა, ძმაც უმალ გაყუჩდა. ჩემზე რომ არაფერი ვთქვათ, მასაც ისე არავისი ეშინოდა, როგორც ჩვენი სიტყვაძვირი მამისა.

იმ საღამოს გადაწყდა – თვის ბოლოს, თანხის მეორე ნახევრის მიღების შემდეგ, თოჯინები იოკოჰამელ ამერიკელს გადაეცემოდა. ღირებულება? ახლა რომ ვიგონებ, სასაცილოდ არ მყოფნის – რამდენადაც მახსოვს, სულ რაღაც ოცდაათი იენი იყო, მაგრამ მაშინ ეს გვარიანი თანხა გახლდათ.

ახლოვდებოდა თოჯინებთან გამოთხოვების დღე, როგორც უკვე მოგახსენეთ, ისე ძალიან აღარ მწყდებოდა გული… მართალია, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი გახლდით, მაგრამ კარგად მესმოდა, რომ დღეს თუ ხვალ მაინც უნდა გამოვთხოვებოდი თოჯინებს. ახლა იმასღა ვნატრობდი, ვიდრე თოჯინებს ახალ პატრონს ჩააბარებდნენ, ერთხელ კიდევ შემევლო მათთვის თვალი; ერთხელ კიდევ დავმტკბარიყავი ამ ოთახში იმპერატორისა და დედოფლის ყურებით, ორკესტრის ხუთი წევრით, მარჯვნივ ალუბლითა და მარცხნივ ტაბიბან-ციტრუსით, ფარნებით, თეჯირებით, გალაქული, ოქროს მტვერშეფრქვეული პაწია მაგიდებითა და კარადებით. და მაინც, რამდენჯერაც ვთხოვე, იმდენჯერ უარით გამომისტუმრა ჩემმა ჯიუტმა მამამ. სხვისი ნივთების ხელში ტრიალი, აბა, ვის გაუგია – ამბობდა იგი, – რაკი ბე მიღებული მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უკვე სხვისი საკუთრებააო.

თვის ბოლოს ქარიანი ამინდები დაიჭირა. დედა, არ ვიცი იმის გამო, რომ გაციებული იყო, თუ იმიტომ, რომ ქვედა ტუჩი ჰქონდა დასიებული, თავს უქეიფოდ გრძნობდა და საუზმეც არ მიურთმევია. როგორც კი სამზარეულო მივალაგ-მოვალაგეთ, იგი ხიბატთან ჩამოჯდა ხელზე თავდაყრდნობილი. შუადღისას, როცა თავი წამოსწია, დავინახე, რომ ტუჩზე სიმსივნე გადიდებოდა და წითელ კარტოფილს დამსგავსებოდა; ციებ-ცხელებიანივით ანთებულ თვალებზე ეტყობოდა, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. შიშისაგან გულგახეთქილი მამასთან, ფარდულში შევიჭერი.

– მამა! მამა! დედა ძალიან ცუდადაა!

მამა და მასთან ერთად ჩემი ძმაც, რომელიც იქვე იყო, ოთახში შეცვივდნენ. დედის შემზარავმა სახემ ორივეს თავზარი დასცა, მამაც კი, რომელიც უბრალოდ არასდროს აღელვებულა, გაშეშებულივით იდგა და სიტყვის თქმა ვერ მოეხერხებინა. დედამ, როგორც იქნა, ძალა მოიკრიბა და ღიმილით თქვა:

– რამ შეგაშფოთათ, არაფერია საშიში… ტუჩი გავიკაწრე ოდნავ და… ახლავე საჭმელს მოვამზადებ, მოგშივდებოდათ!

– ეიკიტი! გავარდი ახლავე და ჰომა-სანს დაუძახე! – შეაწყვეტინა მამამ გაბრაზებით.

ჩემი ძმა თავქუდმოგლეჯილი გავარდა ქუჩაში, სადაც საზარელი ღმიულით დათარეშობდა ქარი.

ჰომა-სანმა, ექიმმა, ჩინური მედიცინის შესანიშნავმა მცოდნემ, რომელსაც ჩემი ძმა დაცინვით ექიმბაშს ეძახდა, შეხედა თუ არა დედას, დაბნეულმა გულხელი დაიკრიფა. დედის ტუჩის სიმსივნეს კარბუნკული ერქვა. ოპერაცია რომ გაგვეკეთებინა, ალბათ ეშველებოდა, მაგრამ ვინ ფიქრობდა იმ დროს ოპერაციაზე – მაშინ მხოლოდ ნახარშებს ასმევდნენ და წურბელებს უკიდებდნენ ავადმყოფს. ეს იყო და ეს მთელი მკურნალობა.

მამა ერთთავად საწოლთან ედგა და ჰომა-სანის გამოწერილ ნახარშს უმზადებდა. ჩემი ძმა კი ყოველ დღე თხუთმეტ სენად ღირებული წურბელის საყიდლად დარბოდა. მე, ძმას რომ არ გაეგო, ჩვენს მახლობლად მდებარე ინარი-სამას ტაძართან მივდიოდი უჩუმრად და ასჯერ მაინც შემოვუვლიდი გარშემო. ასეთ ვითარებაში თოჯინებზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო და არც ერთი ჩვენგანი ზედაც არ ვუყურებდით კედელთან ჩამწკრივებულ ხებუერას ოცდაათ ყუთს.

და აი, 29 ნოემბერს, ხინა-თოჯინებთან გამოთხოვების წინა დღეს, როგორც კი წარმოვიდგინე, რომ უკანასკნელად ვიყავი მათთან, დაუოკებელი სურვილი აღმეძრა, ერთხელ მაინც გამეხსნა ყუთები. რამდენიც უნდა მეხვეწა, ვიცოდი, მამას მაინც ვერ დავითანხმებდი. დედას გამოვუტყდები-მეთქი, გადავწყვიტე, მაგრამ იგი ამ დროს თავს უარესად გრძნობდა – მხოლოდ სითხის გადაყლაპვა შეეძლო. ამას ისიც დაერთო, რომ პირში სისხლიანი ჩირქი უგროვდებოდა. მართალია, ჯერ თხუთმეტი წლისა ვიყავი, მაგრამ თოჯინების ნახვის გულისთვის, აბა, როგორ შევაწუხებდი ასე მძიმე ავადმყოფს! გამბედაობაც არ მყოფნიდა! დილიდან მოყოლებული, რვა საათამდე ხმაამოუღებლად ვეჯექი სასთუმალთან და თვალს არ ვაშორებდი გაწამებულ დედას.

წარამარა რკინისბადიდან ფანჯარასთან მიწყობილი ხებუერას ყუთები მელანდებოდა; ვიცოდი, რომ ეს ყუთები, ხინა-თოჯინებით სავსე ყუთები, როგორც კი ირიჟრაჟებდა, შორეულ იოკოჰამაში, ვიღაც გადამთიელის სახლში გადაიბარგებდა… ვინ იცის, იქნებ ამერიკაშიც ამოეყო თავი. ვფიქრობდი და მოთმინების ძაფი მიწყდებოდა.

დედას დაეძინა თუ არა, დრო ვიხელთე და ფეხაკრეფით გავედი ფარდულში. მართალია შიგ მზის სხივებიც კი ვერ ატანდა, მაგრამ გუნება მაინც გამომიკეთდა, რადგან აქედან მთელი ქუჩა ხელისგულივით მოჩანდა. მამა თავის ანგარიშებში ჩაფლულიყო, ჩემი ძმა კი სააფთიაქო ფილთაქვაში ძირტკბილას ალაგებდა მთელის გულისყურით.

– მამა, თუ ღემრთი გწამს, გევედრები…

შევყურებდი მამას და კვკავ ხვეწნით ვუმეორებდი ჩემს ახირებულ სათხოვარს. მამაჩემი პასუხის ღირსადაც არ მთვლიდა. ბოლოს, თავი რომ მოვაბეზრე, მითხრა:

– აბა, ახლა ამისთვის გვცხელა? შენ ეი, ეიკიტი! სანამ მთლად არ დაბნელებულა, მარუსასთან გადაირბინე.

– მარუსასთან? მერე და, რა მინდა მარუსასთან?

– ლამპა უნდა გადმოიტანო.

– ვერ გავიგე რა ლამპაზე მელაპარაკები…

მამას ჩაეცინა და მე გადმომხედა.

– ვერაფერს გააგებინებ ამ კაცს… ამასწინათ ვთხოვე, რომ ლაპმა ეყიდა ჩვენთვის.

– მაშ, ლამპარი აღარ გვექნება?

– ლამპარმა მოიხადა თავისი ვალი.

– ვინ მოთვლის. კიდევ რამდენი რამაა გადასაყრელი… უამრავი ძველმანი! ლამპის შუქზე დედაც უკეთ იგრძნობს თავს.

მამამ საანგარიშოს ჩახაკუნი განაგრძო. რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მაქცევდა, მით უფრო მიძლიერდებოდა თოჯინების ნახვის სურვილი. მე კვლავ მივუახლოვდი და მხარზე შევეხე.

– მამა…

– დამეხსენ! – არც კი შემობრუნებულა, გაბრაზებით მომიგდო მამამ. გვერდიდან ძმის ალმაცერი მზერაც ვიგრძენი და უსიტყვოდ გავბრუნდი ოთახში. დედას გაღვიძებოდა და ანთებული თვალებით დაჰყურებდა თავის წინ წამოწეულ ხელს. როგორც კი თვალი მომკრა, ხმააწევით მომმართა:

– რატომ გააჯავრე მამა?

დაბნეულობისაგან ვერაფერი ვუპასუხე.

– კვლავ წამოროშე რამე?

ხმაში სისუსტეშეპარული, დაჟინებით შემომცქეროდა:

– ნუთუ ვერ ხედავ, რა დღეში ვარ… რაც უნდა გითხრას მამა, დაუჯერე!.. რას უყურებ მეზობლის გოგოს! უნდა? იაროს ყოველდღე თეატრში!

– თეატრი არ მინდა, ოღონდ…

– თუ გინდა ეგრე იყოს! თეატრის გარდა რამდენი რამ მოგტაებს თვალს – ლამაზი თმასარჭი, მოხდენილი საყელოები…

სანამ დედა ლაპარაკობდა, ისეთმა სევდამ და სინანულმა შემიპყრო, რომ ქვითინი ვეღარ შევიკავე.

– არა, დედა… მე არაფერი… მე არაფერს არ ვთხოულობ, ოღონდ თოჯინების გაყიდვამდე…

– თოჯინები? რა თოჯინების გაყიდვამდე? – თვალები გაუფართოვდა დედას.

ენა დამება. ამ დროს ოთახში ჩემი ძმა ეიკიტი შემოვიდა. იგი მაღალი იყო, ზემოდან დამხედა და მკაცრად მითხრა:

– ტუტუცო, კვლავ თოჯინებზე ლაპარაკობ?! დაგავიწყდა, რა დღე გაყარა მამამ?

– ნუ იგესლები მორიელივით!

დედამ უღონოდ მილულა თვალები, მაგრამ ჩემი ძმა, თითქოს არც სმენიაო, ჩემს კიცხვას განაგრძობდა:

– თხუთმეტი წლის გოგო ხარ და თავში ჭკუის ნატამალი არ გაგაჩნია! ნახა ამანაც საქმე – თოჯინები!

– რა შენი საქმეა, შენი ხომ არ არის! – შევეპასუხე.

სიტყვას სიტყვა მოჰყვა; ბოლოს ძმამ თმით დამითრია და იატაკზე დამაგორა.

– მეტიჩარა!

ლაზათიანი გატყეპვა არ ამცდებოდა, დედა რომ არ ჩარეულიყო საქმეში; ძლივსძლივობით წამოიწია ბალიშიდან და სუნთქვაშეკრულმა გაბრაზებით თქვა:

– რა ჩაიდინა ეხლა ისეთი ო-ცურუმ! აღარ მოეშვები, რას ერჩი!

– რას ვერჩი და თავისნათქვამა და ჯიუტია!

– აბა, რა გითხრა… შენ მარტო ო-ცურუ კი არა, საკუთარი დედაც კი არ გიყვარს… მეც… – დედას თვალები ცრემლებით ევსებოდა და ენაც საცოდავად ებმოდა. – შენ მეც არ გიყვარვარ… და ეს რომ ასე არ იყოს, რა გადაგაწყვეტინებდა ჩემი ავადმყოფობის დროს თოჯინების გაყიდვას! ჯანდაბას ყველაფერი, მაგრამ მაგ საწყალ ო-ცურუს რაღას ერჩი? რატომ ექცევი უცხოსავით? შენ რომ დედა გიყვარდეს…

– რას ამბობ, დედა! – შესძახა ეიკიტიმ, სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა. არც მანამდე და არც შემდეგ ძმის ცრემლები არ მინახავს. მშობლები რომ გარდაგვეცვალა, მაშინაც კი არ უტირია. თავისი ცხოვრება პოლიტიკას შესწირა და, სანამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდებოდა, კლედასავით მაგარი და ცივი კაცი იყო… აღშფოთებული დედაც კი განაცვიფრა ეიკიტის ცრემლებმა, ღრმად ამოიოხრა და ხმის ამოუღებლად გადაწვა ბალიშზე.

ერთი საათის შემდეგ ფარდულში გამყიდველი ტოკუძო შემოვიდა, რომელიც კარგა ხანია არ გამოჩენილიყო. ძველი პროფესია სახელადღა შემორჩა, თორემ რა ხანია თევზს აღარ ყიდდა. ახლა რიქშა იყო. რას არ ყვებოდნენ მასზე – ათასგვარ თავშესაქცევ ამბავს. ერთი მათგანი, რომელიც მისი გვარის შესახებ მოგვითხრობს, კარგად დამამახსოვრდა. რევოლუციის შემდეგ ტოძოკუმაც ისურვა თურმე გვარის ტარება, მაგრამ რაკი მოიწადინა, ხეირიანი მაინც ხომ უნდა ყოფილიყო და ამიტომაც ტაკუგავა ირჩია; როცა ამის შესახებ განცხადება შეიტანა, ერთი მაგრად გამოულანძღავთ; სხვაგვარად არც შეიძლება მომხდარიყო! თავის წაცლითაც კი დამუქრებიან თურმე, თუ ჭკუით არ იქნებოდა. ტოკუძუმ ფარდულის შემოსასვლელთან მოაყენა თავისი ეტლი, რომელიც პიონებისა და ლომების სურათებით გაელამაზებინა. მითხრა, დღეს სამუშაო არა მაქვს და აიძუცუბარას ქვის სახლებიან ქუჩებში გაგასეირნებო.

– რას იტყვი ო-ცურუ? – მკითხა მამამ და გვერდულად გადმომხედა.

დღეს რიქშით გასეირნება ბავშვებისთვის აღარაფერს ნიშნავს, ჩემთვის კი ეს მაშინ ყველაზე დიდი სიხარული იყო. მაგრამ უცებ დათანხმება, როცა დედა კვლავ ცუდად გრძნობდა თავს, თანაც ზემოაღწერილი სცენის შემდეგ, ძალზე უხერხულად მომეჩვენა და მაინც, ოდნავ გასაგონად მივუგე: “მინდა”.

– მაშინ წადი და დედას სთხოვე დასტური. ტოკუძო ხომ საგანგებოდ შენს გასასეირნებლად მოვიდა.

დედას თვალიც არ გაუხელია და როგორც ვფიქრობდი, ღიმილით თქვა:

– საუცხოოა!

საბედნიეროდ, ჩემი ბოღმა ძმა შინ არ გახლდათ – მარუსასთან იყო გასული. გადამავიწყდა ცრემლები, ჩიტივით შევაფრინდი ეტლს და მუხლებზე შალის წითელი საბანი გადავიხურე… არახრახდა ბორბლები და წავედით…

საჭიროდ არ ვთვლი მოგიყვეთ, თუ როგორი იყო მაშინ ეს ქალაქი. მოგითხრობთ მხოლოდ ტოკუძოს უკმაყოფილო ბურტყუნზე. ქვის სახლებიან ქუჩაში არც კი ვიყავით გასული, რომ ცხენოსან ეკიპაჟს შევეჩეხეთ, რომელსაც ევროპელი ქალბატონი მოჰყავდა. რის ვაი-ვაგლახით უქცია გვერდი ტოკუძომ და ენის წკლაპუნით აბუტბუტდა:

– ეჰ, ვერ გამოგივიდა კარგად. ქალიშვილი ძალზე მსუბუქია და ფეხსაც ამიტომ ვეღარა ვდგამ მტკიცედ… ქალიშვილი! ცოდვაა რიქშა… ისე, ოც წლამდე ახალგაზრდა არც კი უნდა ჩაისვას კაცმა…

ქუჩიდან რიქშამ ჩვენი სახლის მოსახვევში გადაუხვია. ამ დროს ეიკიტიც შემოგვხვდა. ხელში ბამბუკის შებოლილსახელურიანი ლამპა ეჭირა და აჩქარებული ნაბიჯით მიდიოდა. დამინახა თუ არა, მანიშნა, მოიცაო! და ლამპა გამომიწოდა. ტოკუძომაც სწორედ მაშინ მოატრიალა ხელნა და ეტლი პირდაპირ მასთან მიაგორა.

– გმადლობთ, ტოკუ-სან! საით გაგიწევიათ?

– ქალიშვილს ედოს ვათავისუფლებინებ.

ჩემი ძმა, რომელსაც დამცინავი ღიმილი უკიაფებდა სახეზე, ახლოს მოვიდა.

– ო-ცურუ, სახლში გაიყოლე ეს ლამპა. მე ნავთზე უნდა შევიარო.

ჯერ კიდევ არ მქონდა დავიწყებული ჩვენი ამასწინანდელი კინკლაობა და ისე ჩამოვართვი ლამპა, კრინტიც არ დამიძრავს. ჩემმა ძმამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე კვლავ ჩემკენ შემობრუნდა, მომიახლოვდა და ეტლის დამცველ ფარზე დაყრდნობილმა, თქვა:

– ო-ცურო, მეტს ნუღარ ჩამოუგდებ მამას თოჯინებზე საუბარს!

მე წინანდებურად ვდუმდი. ამას წინათ ხომ სისხლი გამიშრო, ეს აღარ მაკმარა და არც ახლა იშლიდა თავისას. არაფერად აგდებდა ჩემს უგუნებობას და წყნარად განაგრძობდა:

– მამა მარტო იმიტომ კი არ გიკრძალავს მათ ნახვას, რომ ბე უკვე მიღებული აქვს. თოჯინების ხელახალი გამოჩენა ყველა ჩვენგანს სინანულს მოგვრის და გულს ატკენს. შენ ამაზე არც კი დაფიქრებულხარ! გაიგე? ჰო და, თუ გაიგე, მეტი აღარ წამოგცდეს, რომ მათი ნახვა გსურს…

ჩემი ძმის ხმაში მისთვის უჩვეულო გულჩვილობა ჟღერდა. მაგრამ იგი უცნაური კაცი გახლდათ. ის იყო, მომეჩვენა, ხმაში სევდა გამოერია-მეთქი და უკვე მუქარაზე გადავიდა:

– თუ სწორად გამიგებ, აღარც ჩემგან მოგხვდება! – მომიგდო გაღიზიანებული ტონით და ისე სწრაფად გაბრუნდა, ტოკუძოსაც არ გამოთხოვებია.

საღამოს მაგიდას ვუსხედით ოთხივე, ვახშამს შევექცეოდით. მართალია, დედა იწვა და იგი სუფრის წევრთათვის არ უნდა მიმეთვალა, მაგრამ იმ საღამოს ვახშამი მაინც ჩვეულებრივზე უფრო მხიარული აღმოჩნდა. ალბათ, მიხვდებით, რატომაც… მბჟუტავი ზეთის ლამპარის ნაცვლად ოთახს ახალი ლამპის შუქი აჩახჩახებდა. ჭამისას მეც და ჩემი ძმაც დროდადრო მას შევყურებდით, საოცრად ლამაზ ლამპას, რომელიც თავისი მოკაშკაშე ალის მინისგამჭვირვალე ჭურჭელში ჩასხმულ ნავთსაც კი აციმციმებდა.

– დღესავით ანათებს. – კმაყოფილი სახით გადასძახა მამამ დედას.

– ლამისაა დაგვაბრმავოს, – შეშინებულივით უპასუხა დედამ.

– ეგ იმიტომ გეჩვენება, რომ ლამპარსა ხარ მიჩვეული… მაგრამ რაკიღა ერთხელ აანთებ, ლამპარი სამუდამოდ მიგავიწყდება.

– თავიდან ყველაფერი აბრმავებს კაცს, კაშკაშა ლამპაც და ევროპული მეცნიერებაც. – წაიფილოსოფოსა ყველაზე მეტად გახარებულმა ჩემმა ძმამ.

– და მაინც, როცა შეეჩვევი, ალბათ განსხვავებაც ქრება. მალე დადგება ის დროც, როცა ეს ლამპაც დაკარგავს თავის ელვარებას…

– ვინ იცის! შეიძლება ასეც მოხდეს… ო-ცურუ, ბრინჯის ნახარში მოუმზადე დედას?

– არ უნდა. – გავიმეორე დედის ნათქვამი.

– როგორ, სულ არ გინდა ჭამა?

მამის პასუხად დედამ ღრმად ამოიხვნეშა.

– ოჰ, ეს ნავთის სუნი… აი კიდევ ერთი დასტური, რომ ძველი დროის კაცი ვარ.

აქამდე წყნარად ვატრიალებდით ხასებს, მაგრამ დედას თითქოს აღარ უნდოდა ლამპის დავიწყება, – კვლავ მისი კაშკაშა შუქის ქებათაქებას განაგრძობდა. შესიებულ ბაგეზეც კი მოჰფენოდა რაღაც ღიმილის მსგავსი ნათელი.

თერთმეტს გადაცილებული იყო, დასაძინებლად რომ დავწექით. თვალი კი მოვხუჭე, მაგრამ ძილი მაინც არ მომეკარა. ძმამ უკვე ორჯერ გამაფრთხილა თOჯინების თაობაზე. თიტქოს შევურიგდი კიდეც იმ აზრს, რომ მათი ამოლაგება და დათვალიერება არავითარ შემთხვევაში აღარ შეიძლებოდა, სურვილი კი… მაინც არ მაძლევდა მოსვენებას ძველებურად. იმის გაფიქრებაც კი, რომ ხვალ ყველაფერი დამთავრდებოდა და შორს წაიღებდნენ ხინა-თოჯინებს, ცრემლებით მივსებდა თვალებს. ვითომდა რა მოხდება, რომ ახლა, როცა ყველას ღრმა ძილით სძინავს, ჩუმად ამოვალაგო ისინი? ანდა, წავიღო ერთი ყუთი და სადღაც გადავმალო? მაგრამ, რომ წამასწრონ! ვჭოჭმანობდი. მართალი თუ გნებავთ გითხრათ, ჯერ არ მახსოვს ოდესმე ასეთი საზარელი აზრები მომსვლოდეს თავში, როგორც იმ ღამით. ოო! ხანძარი მაინც გაჩნდებოდეს! მაშინ თოჯინები დაიწვებოდა, მაგრამ უცხო კაცს მაინც არ ჩაუვარდებოდა ხელში. ან ამერიკელსა და მელოტ ანტიკვარ მარუსას მაინც შეჰყროდა ქოლერა. მაშინ თოჯინები ჩვენ დაგვრჩებოდა, აი, როგორი სურვილები მიტრიალებდა თავში, მაგრამ არ გამომეტყუნებოდა, მაშინ ხომ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. ამ ფიქრებში წასულს მალე ჩამეძინა კიდეც.

არ ვიცი, რამდენი ხნის მერე, უეცრად გამეღვიძა. ფარნის მკრთალ შუქზე ოთახში ვიღაც დადიოდა. ვირთხა ხომ არ არის? თუ ქურდია? იქნებ გათენდა კიდეც? ამ ვარაუდებით დაბნეულმა გაუბედავად მიმოვიხედე და დავინახე, რომ ჩემი საწოლის შორიახლო, ღამის კიმონოს ამარა, პროფილით ჩემკენ მობრუნებული მამა იჯდა.

მამა!

მაგრამ მარტო მამის გარეგნობას კი არ განვუცვიფრებივარ! მის წინ ჩემი თოჯინები ელაგა – ჩემი ხინა, რომელთათვისაც თოჯინების დღესასწაულის შემდეგ თვალი აღარ მომეკრა.

სიზმარია?!

სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი ამ სასწაულს. ფარნის სუსტ შუქზე ვხედავდი სპილოს ძვლის სკიპტრიან იმპერატორს, ბრწყინვალე გვირგვინოსან დედოფალს, მარჯვნივ ციტრუს – ტატიბანს და მარცხნივ – ალუბლის ხეს; პაჟს, რომელსაც გრძელტარიანი, მზის საჩრდილობელი გაშლილი ქოლგა ეპყრა ხელთ; სეფე-ქალს ლანგრით ხელში, ოქროს სახეებიან გაკრიალებულ სატუალეტო მაგიდას და ლაქწასმულ კომოდს; ნიჟარებით გაკოპწიავებულ თეჯირებს, მაგიდებს, ფინჯნებს, მოხატულ ფარანს, ფერადი ოქრომკერდით ეკერილ ბურთულებს… შევცქეროდი მამის პროფილს…

დღესაც არ ვიცი, ის თოჯინები სიზმარში ვნახე თუ ცხადში. როგორც უნდა ყოფილიყო, ცხადო თუ სიზმარი, მე ახლაც თვალწინ მიდგას, თუ როგორი სინაზით შეჰყურებდა თოჯინებს ჩემი მობერებული, მაგრამ მაინც მკაცრი და გაუტეხელი მამა; თვალწინ მიდგას და ვხვდები, რომ მასაც ჩემსავით ენანებოდა თოჯინებთან განშორება.

აღარც მახსოვს, როდის დავიწყე ამ მოთხრობის წერა. ამჟამად კვლავ მივუბრუნდი მას არა მარტო ბ-ნ ტაკიტას თხოვნით, არამედ უფრო იმიტომ, რომ ამ დღეებში, იოკოჰამაში, ინგლისელის სასტუმრო დარბაზში ვნახე ქერათმიანი გოგონა, რომელიც ძველი ხინა-თოჯინის მოგლეჯილი თავით თამაშობდა. შეიძლება იმ თოჯინებსაც, რომელზედაც ამ მოთხრობაშია ლაპარაკი, მწარე ხვედრად ერგოთ მოხვედრილიყვნენ ერთ ყუთში რეზინების თოჯინებისა და ტყვიის ჯარისკაცების გვერდით.

თებერვალი, 1923წ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button