იაკობ გოგებაშავილი – ახალი ღვაწლი კვალისა
ყველა შეგნებულს მკითხველს მოეხსენება, რომ ქართველები, მეტადრე გლეხები, თავისი უვიცობის გამო ბუნების მეტყველებაში, ბევრს იმისთანა ცხოველს ემტერებიან და ხოცავენ, რომელიც ჟლეტავს მოსვლის მტრებსა: თაგვებსა, ჭია-მატლებსა, ბუზებსა და სხვა მწრებსა. ამ თავისი უგუნური მოქმედებით ქართველები ხელს უწყობენ გამრავლებას ჭირნახულის მტრებისას, იმცირებენ მოსავალსა და თავისს სიღარიბეს თვითონვე აძლიერბენ. ეს ნამდვილი სენია ჩვენის მეურნეობისა და იგი ღაღადებით ითხოვს წამალსა, მალამოსა. ცხადია ყველასათვის, რომ ამ სენის უებარ წამლად უნდა ჩაითვალოს – მოფენა ხალხში ჭეშმარიტის ცოდნის შესახებ სასარგებლო ცხოველებისა.
ევროპასა და რუსეთში კაი ხანია მიაქციეს ამ საგანს ყურადღება და დაბეჭდეს დაბიური თხზულებანი, რაშიაც ხალხს უხსნიან სარგებულობას ამა თუ იმ ცხოველისას, მის ბრძოლას მოსავლის მტრებთან, მნიშვნელობას მეურნეობისათვის. ჩვენს ლიტერატურაში-კი სრულიად არ მოიპოვება ამგვარი წიგნაკები. მართალია, “კონაში” ჩვენ მოქცეული გვაქვს ცხოვრება და მოქმედება ზოგი სასარგებლო ცხოველისა, მაგრამ ეს სხვათა შორის არის ნათქვამი და მიზნის მისაღწევად საკმარისად არ ჩაითვლება. საჭირო იყო ცალკე გამოცემა დაბიური ენით დაწერილი წიგნისა, რომელშიაც უნდა ყოფილიყო მოთხრობილი მოქმედება და ცხოვრება იმ სასარგებლო ცხოველებისა და ფრინველებისა, რომელთაც ჩვენი ხალხი, თავისი უმეცრების გამო, უწყალოდ ჟლეტავს, თავის საზიანოდ. სწორედ ამ განზრხვით ერთი წლის წინეთ გამოვეცით სახალხო წიგნი: “მოსავლის მცველნი ანუ სასარგებლო ცხოველები და ფრინველები”. ვიდრე წიგნის დაწერას შევუდგებოდით, ჩვენ ხელახლად და გულ-დადებით გადავიკითხეთ თხზულებანი: კარლე ფოხტისა (სასარგებლო და მავნე ცხოველები), ბრემისა (ცხოვრება ცხოველებისა), ვაგნერისა (მოთხრობანი ბუნების ისტორიიდან), ბაღდანოვიჩისა (Мирские захебетники), ოსტროგორსკისა და ზოგიერთი სხვა წიგნები ბუნების მეტყველებიდან.
რადგანაც აღწერილობითი ფორმა, მშრალი მეცნიერული კლასიფიკაცია, დაწვრილებითი აღწერა ცხოველების შინაგანი აგებულობისა ევროპის გლეხკაცობასაც კი ძლიერ აფრთხობს, ამიტომ ჩვენ მოვიქეცით სწორედ ისე, როგორც მოიქცნენ: გერმანისაში ვაგნერი და საფრანგეთში ჟიულ-ვერნი: ჩვენს წერილებს მივეცით, მონოგრაფიული ხასიათი, ავირჩიეთ მოთხრობითი, დრამატული ფორმა და მთავარი ყურადღება მივაქციეთ მას თუ როგორ სცხოვრობს, როგორ იბრძვის და როგორ ჟლეტს მავნე სულდგუმებს ესა, თუ ის ცხოველი, და რამდენად ძვირფასია ის სამსახური, რომელსაც იგი უწევს ჭირნახულს, მეურნეობასა.
შინაარსი ჩვენის წიგნისა მთლად ეკუთვნით ზემოდ მოხსენებულს ავტორიტეტებს ბუნების მეცნიერებაში. ყოველი ჩვენი აზრი მათ თხზულებაში მოიპოვება, იქიდგან არის ამოღებული. ჩვენი არის მხოლოდ არჩევანი სასარგებლო ცხოველებისა, ფორმა მოთხრობისა, დალაგებულება მსჯელობისა, მიმდინარეობა აზრისა.
ჩვენის წიგნის გამოსვლის შემდეგ ადგილობრივმა პერიოდულმა გამოცემებმა თავისი აზრი წარმოსთქვეს მასზედ. “მეურნემ” დაბეჭდა ერთი სამეურნეო ორ-კლასიანი სკოლის მასწავლებლის წერილი, რომელშიაც, სხვათა შორის, ნათქვამი იყო: “შესასწავლებლად მათის (სასარგებლო ცხოველების) მნიშვნელობისა ჩვენმა პედაგოგმა იაკობ გოგებაშვილმა ერთი ძვირფასი წიგნი შეძღვნა ჩვენს სამეურნეო ლიტერატურს ქართულს ენაზედ. ეს არის – ზემოხსენებული წიგნი (“მოსავლის მცველნი), რომელიც შეიცავს 64 გვერდსა. ეს საქმის ცოდნით შედგენილი მრავალ-სურათებიანი წიგნი დაწერილია პედაგოგის მიერ მდაბიო, გასაგები ენით. ვურჩევთ ყველა მეურნეს დაიმშვენოს თავისი ღარიბი სამეურნეო ბიბლიოთეკა ამ სასარგებლო წიგნით, რომელიც დიდს ნაყოფს და სარგებლობას მოუტანს პირად მას, როგორც მეურნეს (“მეურნე”, 1896 წლისა N22).
“ივერიაში” დაიბეჭდა ბიბლიოგრაფიული წერილი, რომლის ავტორი “კვალის” ერთი დამოუკიდებელი თანამშრომელთაგანი, წიგნის გამოსვლას მიეგება მხურვალე თანაგრნობით, აღიარა იგი “მშვენიერ შედგენილ წიგნად” და ისურვა მისი მოფენა ხალხში. ამასთანავე თანაგრძნობა განუცხადა წიგნს ერთმა ქართველმა დამსახურებულმა ლიტერატორმა გაზეთს “კავკაზში”.
სრულიად სხვა გვარად მოიქცა “კვალი”. ამას წინად მან დაბეჭდა ვეებერთელა წყალ-წყალა წერილი სამს ნომერში, რომელიც იმისთანა უმართებულო კილოთი და უმეცრებით არის დაწერილი, რომ ჩვენს ლიტერატურაშიაც-კი ძნელად მოიპოვება მისი სადარი.
კრიტიკანი და რედაქცია ყოველ – უკადრისს ხერხს და ღონისძიებას ხმარობენ, რათა დაამცირონ მკითხველის თვალში წიგნიც და მისი ავტორიც, გზა შეუკრან წიგნსა და ხელი შეუშალონ მის გავრცელებას ხალხში. წერილი თავდება ასეთი სიტყვებით: “ავტორს რომ სრულიად არ დაებეჭდა ეს წიგნაკი, მკითხველი საზოგადოება-კი არ წააგებდა, პირიქით მოგებაში დარჩებოდა; ჭეშმარიტებას მოკლებულს და ზღაპრულს ცოდნას არ შეითვისებდა, ფულს არ დახარჯავდა, დროს არ დაკარგავდა. ჩვენ ვურჩევთ იაკობ გოგებაშვილს ბუნების მეტყველებას თავი დაანებოს, აქ ვერაფერს გააწყობს”.
ხომ მამაცური დასკვნაა? საბუთებიც მამაცური უძღვის წინ. მოვიყვანთ რამდენსამე ნიმუშს. პირველს ჩვენს მოთხრობას ჰქვიან “დევნილი მეგობარი ანუ ზღარბი”. ზღარბის მეგობრობას ადამიანთან იმითი ვასაბუთებთ, რომ იგი ჟლეტს მეთქი შხამიან გველებსა და თაგვებსა. ღვაწლით შემოსილი რედაქცია თავისი კრიტიკანის პირით ჩასძახის მკითხველსა: დახეთ სადამდინ უწევს უვიცობა გოგებაშვილისა; წერილს არქმევს “დევნილი მეგობარი” და შიგ კი ლაპარაკობს შხამიანს გველებზედ და თაგვებზედ, გობებაშვილის აზრით, შხამიანი გველი და თაგვი ჩვენი მეგობრები ყოფილანო. მეორე მარგალიტი; გოგებაშვილს არა სცოდნია, რომ ზღარბი უმთავრესად თაგვების მჭრელი-კი არ არის, მწერების მჟლეტელიაო, კბილები მაინც გაუშინჯეთო. კბილებით ზღარბი ჰგავს ძაღლსა და კატასა, მაშასადამე ეს ორი შინაური ცხოველიც მწერების მჭამელნი უნდა იყვნენ. ფრინველებს კბილები სრულიად არა აქვთ, ამიტომ სწორედ სასწაულ მოქმედებას უნდა მივაწეროთ, რომ ეს უკბილო სულიერნი მწერებით იკვებებიან. რაც ჩვენ ზღარბზედ ცნობები გვაქვს მოქცეული წიგნში, ამოკრებილია ფოხტის წიგნიდან: “სასარგებლო და მავნე ცხოველები”. ფოხტი ძლიერ სასარგებლო ცხოველად რაცხს ზღარბსა და მფარველობას თხოულობს. ჩვენი კრიტიკანი კი სხვა აზრისაა, უთუოდ იმიტომ, რომ ეს ყოვლად საფუძვლიანი თხზულება მას არც-კი უნახავს თვალითა. მესამე მარგალიტი: “გოგებაშვილის უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ზღარბი მოსავლის მეველეა, იმის მაგიერ იმან გვიჩვენა, რომ ზღარბი ცხოველების სიცოცხლის მცველია”. ახლა არ იკითხავთ, რითი ვაჩვენე მე ეს მკითხველსა? იმითი, რომ ზღარბი გამოვიყვანე შხამიანი გველების და თაგვების მჟლეტელად!? ბატონებო, სად გაგონილა ასეთი უსაზღვრო სიცრუე და დაწამება ასეთი საარაკო უვიცობისა?
დაუმატეთ ამ სამს მარგალიტს სამიოდ-ოთხი წვრილმანი და უსაფუძვლო შენიშვნა კრიტიკანისა და თქვენ თვალ-წინ იქნება მთელი შინაარსი სამი ვეებერთელა წერილისა, რომელნიც წარმოუდგენენ ბუჩოს გროვას, სადაც აქა იქ მოიპოვება ღვარძლის და ფშუტას მარცვლები.
აშკარაა, კრიტიკანს არც კი გადაუფურცლავს ზემოდ მოხსენებულნი თხზულებანი გამოჩენილის ბუნების-მეტყველებისა, თუმცა მარტო უვიცობით ვერ აიხსნება ამგვარი წერილის დაბეჭდვა. გიორგი წერეთელსაც ძალად დაუვიწყებია ის მცირეოდენი ცოდნა ბუნების მეტყველებიდან, რომელიც წინად უჭყაოდა. კანცოვკების სპეციალისტკასაც დავიწყებია, რომ “ჯეჯილში” არც ერთს კანცოვკას კავშირი არა აქვს მოთხრობის შინაარსთან, და მე მიკიჟინებს ამ გვარს უკავშირობასა.
ამ სახით, სამის სიბოროტე, უმართებულობა და უვიცობა შეერთდნენ ერთად, რათა შეუკრან გზა ხალხში წიგნსა, რომელიც, რაც უნდა იყოს სასარგებლო და საჭირო ცოდნას შეიცავს ჩვენის ქვეყნის მხვნელ-მთესველთათვის და რომლის სანაცვლოს ჩვენს ლიტერატურაში ვერ დაასახელებენ იგინი, რადგან მეორე წიგნი არ მოგვეპოვება, რომელსაც საგნად ჰქონდეს სასარგებლო ცხოველების და ფრინველების ცხოვრება და მოქმედება.
იმას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ თანამშრომლებს “კვალისას” არავითარი ბრალი არა სდევთო იმ კრიტიკის დაბეჭდვაში. რომელსაც კი მათგანს წაუკითხავს დაბეჭდვამდე ეს კრიტიკული წერილი, ყველა წინააღმდეგი ყოფილა მისი დაბეჭდვისა; მაგრამ თვითონ რედაქციას დიდი სიამოვნებით გამოუჭიმნია თავისი გაზეთის ფურცლებზედ და დარწმუნებულია, თუმრ, რომ ჩვენ დაგვამცირა მკითხველების თვალსი და არა თავისი თავი შეარცხვინა მის წინაშე.
ან რატომ არ დაბეჭდავდა, როდესაც სტატია, როგორც სჩანს, დაწერილია შეკვეთით. თბილისში ბევრმა კარგად იცის, რომ “კვალის” რედაქცია აქეზებს ჩემს წინააღმდეგ, ვისიც წაქეზება-კი შეიძლება, უკვეთავს ჩემ წინააღმდეგ წერილებსა, სცვლის ამ წერილებს, ხან თვითონ სთხუზავს მათ და სცდილობს სხვა გაზეთებში დააბეჭდვინოს იგი, ან თვითონ დაბეჭდოს გაბრიყვებული პირების სახელით. კიდეც ამის გამო ვხედავთ რომ განუვითარებელნი პირნი, რომელთაც რიგიანი მოკითხვის ბარათის დაწერაც არ შეუძლიანთ, ხელს აწერენ წერილებს, რომელთაც გამოცდილი ფლიდი კალმის ნაწარმოების ბეჭედი ზედ აზის. ერთი გაბრიყვებულთაგანი ამ დღეებში თურმე გაუტყდა ბევრს თავისს ნაცნობს თბილისში, რომ გიორგი წერეთელმა გამაბრიყვაო გოგებაშვილის წინააღმდეგ და ისე ვნანობ, რომ გავლანძღავი, აქ რომ იყვეს ახლაო. სხვანი კი არამც თუ არ ნანობენ, პირიქით ამაყობენ, რომ ბრიყვულს და სიცრუით სავსე წერილებს, რომელიმე ინტრიგანის მიერ დაწერილს, თავისი სახელით ბეჭდავენ.
სწორედ ამ ბრმა პირადი მტრობით აიხსნება, რომ “კვალმა” არ იკმარა არც უკადრისი კილო კრიტიკისა, არც გაკიცხვა წიგნისა, რომელიც, ყოველ შემთხვევაში იპყრობს საჭირო და სასარგებლო ცოდნას ხალხისათვის, და ამას დაუმატა რამდენიმე არა საკადრისი ინსინუაციაც, რაც ფრიად სამარცხვინოა მეტადრე იმ გაზეთისათვის, რომლის რედაქტორ-გამომცემლად ქალი ითვლება.
ახლა როგორ მოვიყვანოთ ჭკუაზე “კვალის” რედაქცია, რომელსაც უკურნებელ სენად გადაექცა ჩემი და ჩემი წიგნების კიცხვა თითქმის ყოველ ნომერში? ბედად, ჩვენა გვყავს ერთი იმისთანა სახელოვანი ბუნების-მეტყველი, რომლის ავტორიტეტი ყველას თვალში უმაღლეს წერტილამდე არის ასული და რომლის მსჯავრის წინაშე ყველამ უნდა თავი მოიდრიკოს. ეს ბრძანდება დიდად პატივცემული პროფესორი ვასილი მოსეს ძე პეტრიაშვილი. მე იძულებული ვარ იგი შევაწუხო და მივმართო თხოვნით: გადიკითხოს ჩემი წიგნი “მოსავლის მცველნი”, და “კვალის” კრიტიკა და “კვალივე” დაბეჭდოს თავისი პასუხი შემდეგს ორს კითხვაზედ: ჭეშმარიტს, საჭიროს და სასარგებლო ცოდნა იპყრობს ჩემი წიგნი, თუ არა? “კვალის” კრიტიკა საფუძვლიანია და რიგიანი, თუ უსაფუძვლო, უმართებულო და მავნებელი?