იაკობ გოგებაშავილი – ახალი წყალობა სუვორინისა
ბ-ნი სუვორინის გაზეთი “ახალი დრო” ქართველებს ძლიერა სწყალობს. სულ იმის ზრუნვაშია, რომ გაგვამდიდროს რუსი მოხელეებით…
ამას წინად ამ ლაღმა გაზეთმა არც აცია, არც აცხელა და თამამად გამოსთქვა ის აზრი, რომ ქართველს სახელმწიფო გლეხებს მეტი მამულები უნდა მოვუჭრათ, ჩამოვართვათ და რუსეთიდგან იქ გადავსახლოთ გლეხობიო…
და აი ბ-ნ სუვორინს მოუწადინებია, რათა თხელი უფრო კიდევ გაათხელოს, და მჭიდრო უფრო კიდევ გაამჭიდროვოს.
მართლა და რუსს გლეხებს თავისს უფართოესს ქვეყანაში ერთიხუთად მომეტებული მამული აქვთ, ვიდრე ქართველებს გლეხედბს საქართველოში. ისინი ხალვათად დგანან ძლიერ და მოკლებულნი არიან იმ სივიწროვეს, იმ ნაკლებულობას მიწისას, რომელიც ჩვენებურ გლეხს სულს უხუთავს, ნებას არ აძლევს მიწურს ქოხს თავი დაახწიოს, ზევით მზის შუქზედ ამოვიდეს და ხოტა ადამიანურად იცხოვროს, სიღატაკეს მეტნაკლებობით თავი დააღწიოს, ვალი შეიმციროს…
მაგრამ აქ მარტო ეკონომიური უდიერობით როდი თავდება საქმე. ისტორიული და იურიდიული უსამართლობაც ზედ ემატება.
საქმე ის არის, რომ საქართველოს ისტორიაში ვერც ერთს მაგალითს ვერ შეხვდებით, რომ სახელმწიფო გლეხს ჩამორთმეოდეს თუნდა ერთი ადლი მიწა, თუ არა დანაშაულისათვის. გარნა ქართველს სახელმწიფო გლეხებს, ისეთივე ერთგულებს, სხვა ქართველებისათვის, თავისი მეფის ხელმწიფე იმპერატორისა, როგორც რუსი გლეხები, მხოლოდ ის დანაშაულობა მიუძღვით სუვორინის წინაშე, რომ ღმერთმა ისინი ქართველებად გააჩინა. მაგრამ ასეთი გაჩენა მხოლოდ მაშინ იქნება აღიარებული დანაშაულად, როდესაც ბ-ნი სუვორინი დაამტკიცებს, რომ ღმერთს დიდი შეცდომა მოუვიდა, როდესაც ყველა რუსებად არ დაბადა და ქართველს ერსაც მისცა ქვეყანაზედ ადგილი.
დიახ, ქართველს სახელმწიფო გლეხს ჩვენში ყოველთვის მიაჩნდა მთელი თავისი უძრავი მამული თავისს საკუთრებად, რომელსაც მას ვერავინ, თვით მეფეც, ვერ ჩამოართმევდა. ჩვენი მეფენიც ამ კანონს სასტიკად ემორჩილებოდნენ და არ არღვევდნენ მას, რათა არ შეერყიათ სამაგალითო ერთგულება მხვნელ-მთესველთა. სუვორინს-კი ეს შერყევა ფეხებზედ ჰკიდია, ოღონდ-კი თავისი სკვითური ინსტინკტი მოიკლას. მაგრამ ყველაზედ გულ-ასამღვრევი მხარე ბ-ნი სუვორინის პროექტისა სხვა გახლავთ.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენში მესაკუთრე გლეხები, რომელთაც სყიდვით შეუძენიათ უძრავი მამული, ბევრნი იყვნენ და არიან. ისიც მოგეხსენებათ, რომ ამ გლეხებს ხშირად აუტეხდნენ ხოლმე დავიდარაბას მემამულენი, თავად-აზნაურნი და სხვა უფრო მასზე ძალოვანნი და მოსვენებას არ აძლევდნენ. ბევრნი ამისთანა გლეხნი დაადგნენ იმ აზრსა, რომ, თუ ჩვენ მფარველი არ ვიშოვნეთ, მოდავენი დავი-დარაბას არ მოგვიშლიან და სულ ამ ტანჯვაში ვიქნებითო. ამ მფარველად მათ აირჩიეს ხაზინა და გამოაცხადეს თავისი თავი მამულითურთ სახელმწიფო გლეხებად. ესე ხდებოდა წინა წლებში, ესე ხდება ეხლაც, მეტადრე გამიჯვნის დროსა, როდესაც შეცილების შიშით უარს ამბობენ გლეხები თავისს უძრავს საკუთრებაზედ და სახელმწიფოთ სდებენ მას იმ იმედით, რომ ხელმწიფე თავისს დღეში არ იკადრებს მათი კუთვნილების ჩამორთმევასა. მრავალთა მაგალითთა შორის ჩვენ მოვიყვანთ ერთსა, თავის-თავად ძლიერ საინტერესოსა.
ორმოციანს წლებში სოფელს ვარიანში ამოწყდა, ამოიბუგა ერთი საბატონო გლეხი, რომლის კარ-მიდამოზედ და მამულზედ გადმოსახლდა სხვა სოფლიდგან თავისუფალი სახლობა გლეხისა, გვარად სირბილაძე. ამ სახლობამ მალე შეისყიდა ეს მამული მებატონესაგან სრულ საკუთრებად, მშვენივრად გააკეთა იგი და მალე შეიქმნა მდიდარ მოსახლედ, რადგანაც ვარიანში მეტად კარგი მოსავალი იცის როგორც პურისა, ისე ღვინისა. მებატონემ მოინდომა ეს გამდიდრებული სახლობა სათლელ დუმად გაეხადნა, ისარგებლა იმითი, რომ ნასყიდობა ფორმით არ მოპმხდარიყო და შარი უგდო, ჩემი მამული შენ არ გიყიდნია, ხიზანი ხარ, ან მემსახურე, და ან ჩემს მამულს თავი დაანებეო. ასტყდა დავა, გლეხები დიდხანს იცავდნენ მხნედ თავისს უფლებას, მთელი თავისი შეძლება მოახმარეს ამ დავასა, უფროსი მათგანი მოხუცი ტეტია სირბილაძე პეტერბურგშიაც კი წავიდა ფეხითა, რადგან ეგონა, იქ ქრთამს ადგილი არ ექნებაო; მაგრამ ძალადობამ, ქრთამმა, უსამართლობამ და უდიერობამ თავისი გაიტანა. მებატონემ მოიგო საქმე, დააწიოკა გლეხები, აჰყარა მამულიდგან და გარეკა ღვთის ამარა. გლეხებს ძლიერ ენანებოდათ თავისი მამული, რომელშიაც იმოდენა ოფლი ჩაღვარეს და ისევ არჩიეს აეღოთ ურიის ვალი და ხელმეორედ შეესყიდათ იგი კანონიერი დოკუმენტებითა. არჩიეს და ასეც მოიქცნენ. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდა ბოლოს და ბოლოს. ამას წინედ გამიჯვნის დროს ეს გლეხები თურმე შიშმა აიტანა, ვაი თუ ჩვენი წინანდელი მოდავენი კიდევ წაგვედაონ, კიდევ დაგვტანჯონ, საქმე გაგვიჭირონო, და სახელმწიფოდ გამოაცხადეთ თავისი თავიცა და მამულიცა და ისიც ჩააწერინეს გამიჯვნის დავთრებში. როდესაც წარსულს ოქტომბერში ვკითხე, რად ჩაგიდენიათ სულელობა, ორჯერ ნასყიდ საკუთრებაზედ რად აგიღიათ ხელი, სხვისთვის რად დაგითმიათ თქვენი მამულ-დედული, პასუხად მივიღე ეს სიტყვები: ხელმწიფეს რად უნდა ჩვენი მამული, რად იკადრებს მისს ჩამორთმევასა, პირ-იქით ისეთ მფარველად გვეყოლება, რომ დავას ვეღარავინ გაგვიბედავსო.
ბ-ნი სუვორინი კი არამც თუ მფარველობას არ უწევს, სამაგიეროდ ქადაგებს: ეს სამჯერ და ოთხჯერ ნასყიდი მამულები ქართველს გლეხებს ჩამოვართვათ და იქ გადავსახლოთ ჩრდილოეთიდგან ჩვენებური გლეხებიო.
ჩვენ, რა საკვირველია, “ახალი დრო”-ს მოსარჯულებლად არა ვსწერთ ამ სტრიქონებსა. კარგად მოგეხსენებათ, რაც უნდა ბევრი იკითხოთ მგლის თავზე სახარება, იგი მაინც თავისას არ დაიშლის. ჩვენ სახეში გვყავშ, პირველად, ის დავიდარაბის მოყვარე მემამულენი, რომელთაც ისე დაშინებული ჰყავს გლეხები, რომ ეს უბედურები სუვორინის მუჟიკების ლუკმად ჰხდიან თავისს საკუთრებასა; მეორედ, თვითონ ეს გლეხები, რომელნიც საარაკო გრიბულს მოაგონებენ, იმ გრიბულს, რომელსაც წვიმისა შეეშინდა და აღელვებულს მდინარეში კი გადავარდა; მესამედ, ის აგენტები მთავრობისა, რომელნიც აბრიყვებენ მესაკუთრე გლეხებსა და გამიჯვნის დროს სახაზინოდ ადებინებენ ორჯელ და სამჯერ ნასყიდს მამულებსა. დროა შეიგნონ ჩვენმა თავად-აზნაურებმაც და გლეხებმაც, თუ რა დამღუპველი შედეგი მოსდევს მათთვის და ქვეყნისათვის პირველების უკუღმართობას და მეორების წინ დაუხედველობასა. დროა აგრეთვე თავისი წმინდა მოვალეობა ხალხისადმი შეასრულოს ნასწავლმა ქართველობამ, რომელიც წვრილმან რამეებზედ დაუსრულებელს ეპისტოლეებს სწერს და მთავარნი ვარამნი ხალხის ცხოვრებისა კი მივიწყებული აქვს, რომელიც სიტყვით დიდი მოყვარულია ხალხისა და საქმით კი იშურებს მცირეოდენ თანაგრძნობას, რიგიანს დარიგებას, ხელმძღვანელობს დიდი გაჭირვების დროსა. ხოლო რა დიდი სიკეთის მოტანა შეუძლიან ამ უბრალო დარიგებასაც კი, დავრწმუნდი ამ შეომოდგომას გამიჯვნის საქმეების გარჩევის დროს გორში, სადაც მოგროვილი გლეხობა, ძლიერი მხნეობით, მოთმინებით, სინდისით, ნამუსით და ბუნებრივი ჭკუით, სწორედ უსუსური ბავშვების გროვას მოგაგონებდა, როცა გამიჯვნის კანონებს და კაზუისტიკას შეეხებოდა საქმე.
უარესი გაჭირვება აღარ შეიძლება. მივეშველოთ ყველა, ვისაც კი რამე შეგვიძლიან. აუხსნათ თვალები, სწორე გზა დავანახოთ, ხიფათს გადავარჩინოთ ხალხი. მადლი, დიდი მადლი იქნება. ჯერ კიდევ დრო არ დაგვიკარგავს, გამიჯვნა ახლად დაიწყო და მხოლოდ მცირედი ნაწილი გაამიჯვნა. ბევრს გადავარჩენთ საშინელს ხიფათსა, თუ გულით მოვინდომებთ შველასა.