ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშავილი – ბათუმის სკოლის შესახებ

ერთი უპირველესი საქმე, რომელსაც “წერა-კითხვის საზოგადოება” შეუდგა ამ ათის წლის წინად, იყო სახალხო სკოლის დაარსება ბათუმში. განზრახვა, რომელმაც გამოიწვია ამ სკოლის დაფუძნება, მდგომარეობდა იმაში, რომ ახლად შემოერთებული მაჰმადიან ქართველთა შვილები მიეზიდნა, პირველ-დაწყებითი განათლება მიეცა მათთვის, გაემართნა ქართულს წერა-კითხვაში, მათის შუამავლობით შემდეგში გაევრცელებინა აჭარა-ქობულეთში ქართული წიგნის ცოდნა და ამ გზით განეახლებინა კავშირი ღვიძლთა ძმათა შორის, რომელნიც ულმობელმა ბედმა ერთმანეთს გაჰყარა წარსულს სუკუნეებში ათასის წლის ძმურის ისტორიის ცხოვრებისა და ერთად მოქმედების შემდეგ.

სკოლის დანიშნულება დიაღ მაღალი და მიმზიდველი იყო, და “წერა-კითხვის საზოგადოებას” არ დაუზოგავს არაფერი, რათა ბათუმის სკოლა ამ დანიშულებას მოსწეოდა.

საზოგადოება იყო ღარიბი ფულით, მაგრამ ამ სკოლაზედ-კი სწევდა იმოდენა ხარჯსა, რომლის გაღებას მხოლოდ მდიდარი საზოგადოება გაჰბედავს… სკოლის სახლში აძლევდა იმდენს, რომ ამ ფულით მთელს სამაგალითო სკოლას შეინახავდა სხვა ადგილას; მასწავლებელს ჰქონდა დანიშნული იმოდენა ჯამაგირი, რომელიც არც ერთს პირველ-დაწყებითს სკოლის მასწავლებელს არ ეძლევა ჩვენში. მასწავლებლად წესდებოდნენ განვითარებულნი, მხნენი და სწავლების ოსტატობაში დახელოვნებულნი კაცნი. წიგნები და სხვა სამოსწვლო ნივთეულობა თავის დროზედ უხვად ეგზავნებოდა. საზოგადოებამ ამას ისიც დაუმატ, რომ იმავე თავითვე გაამწესა მაჰმაის სჯულის მასწავლებელი მოლა და მას წელიწადში ჯამაგირად დაენიშნა ოცდ-და-ოთხი თუმანი ფული, რომელიც არც ერთს პირველდაწყებითი სკოლის სჯულის მასწავლებლებს ჩვენს ქვეყანაში არ ეძლევა. ამასაც არ დასჯერდა გამგეობა საზოგადოებისა. რათა გაეადვილებინა სოფლებიდან ჩამოყვანა მაჰმადიანთ ბაშვების სკოლაში სასწავლებლად, მან თავისი ფასით დაიქირავა და დღემდინ ქირაობს თავშესაფარს სადგურს აჭარა-ქობულეთის ქართველთა შვილებისათვის და ამ სსგურის გამგეობა და პატრონობა მიანდო ყურანის მასწავლებელს მოლას. საერთოდ რომ ვსთქვათ, “წერა-კითხვის საზოგადოებას” ბათუმში სკოლის შენახვაზედ მის დაარსებიდან აქამომდე დაუხარჯავს 20,000 მანეთზედ მეტი. კარგი მშობლიური ზრუნვა გახლავთ, განა?

ხოლო ნაყოფი სრულიად არ შეეფერება ამოდენ ხარჯსა და ზრუნვას. ის დანიშნულება, რომელის გულისთვისაც ჰხარჯავდა ძლიერ ხელმოკლე საზოგადოება იმოდენა ფულსა, რომ იმითი მთელს ხუთს და ექვსს სკოლას აწარმოებდა და გაუძღვებოდა სხვა ადგილებში, განუხორციელებელი, მიუხწეველი შეიქმნა ბათუმში. მაჰმადიან ქართველთა შვილები, რომლეთათვის უმთავრესად დაარსდა, არსებობდა და არსებობს ბათუმის სკოლა, თითო-ოროლობით შემოდიოდნენ და შემოდიან ამ სკოლაში, ასე რომ მათი ნამდვილი რიცხვი თითქმის არც ერთს წელიწადს თოთხმეტზე ზევით არ წასულა მთელის ათის წლის განმავლობაში. ყოველმა ცდამ, რომ ამ გვარს მოწაფეების რაოდენობას ემატნა წლითი-წლობით, ამაოდ ჩაიარა. ამაზედ უარესიც მოხდა: ბოლოს წლებში მაჰმადის სჯულის მოწაფეთა რიცხვმა მეტად იკლო. ნაცვლად წინანდელის თოთხმეტისა, ამ ჟამად სწავლობს მხოლოდ შვიდი მაჰმადიანი მოწაფე ბათუმის სკოლაში.

ეს თითო-ოროლა აჭარა-ქობულელიც სწავლას ბეჯითად არ ეკიდებოდა და არც ეხლა ეკიდება. ხშირად აკლდებოდნენ და აკლდებიან გაკვეთილებსა, სცდებიან სწავლას მაშინაც, როდესაც ქრისტიანების დღესასწაულებია და მაშინაც, როდესაც მაჰმადიანთა უქმეები სდგას. ამის გამო ესენი სკოლის ყოველს განყოფილეაბში ძალა-უნებურად ცალკე განყოფილებას შეადგენენ. ცხადია, რომ ამან ძლიერ უნდა დააბრკოლოს სწავლის ჯეროვანი მსვლელობა მთელს სკოლაში და შეამციროს წარმატება ქრისტიანი ქართველებისაც.

ნათქვამიდან არავის არ გაუჭირდება გამოიყვანის ის დასკვნა, რომ ბათუმი შეუსაბამო ადგილი აღმოჩნდა მაჰმადიან ქართველთა შორის განათლების გავრცელებისათვის. თითონ ბათუმში ძალიან მცირედ სცხოვრობენ როგორც ბეგები, ისე დაბალი წოდების მაჰმადიანი ქართველები, ხოლო სოფლებიდან ჩამოყვანა შვილებისა ძლიერ უძნელდებათ. მიუცილებლად ის გარემოებაც მოქმედობს აქა, რომ ბათუმის სკოლაქში ქართველი მაჰმადიანები იძულებულნი არიან ერთად ისწავლონ ქრისტიან ქართველებთან. პირველთა სიმცირეზედ დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს მათ მშობელთა შიშსა, ვაი თუ ერთად ყოფნამ და სწავლამ ქრისტიან ბავშვებთან ჩვენ შვილებში მაჰმადიანობა შეარყიოსო.

ცხადია, რომ ბათუმში სკოლის დაარსება შეცდომა იყო და დიდიც. ხოლო ეს არ ესაყვედურება გამგეობას “წერა-კითხვის საზოგადოებისას”. შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია და, ღმერთს გარდა, უსაქმო ძილისგუდა. ვინც ჰმოქმედობს, იღწვის, შეცდომას ვერას დროს ვერ ასცდება. გარნა გონიერი მომქმედი, შეიგნებს რა თავისს შეცდომას, ჯიუტურად როდი შეჩერდება მასზედ, იგი სცდილობს, რაც შეიძლება მალე გაასწოროს თავისი შეცდომა და საქმე კეთილად წარმართოს. სწორედ ამ გვარად იქცევა გამგეობა “წერა-კითხვის საზოგადოებისა”. მას უკვე მოუწადინია მაჰმადიან ქართველთათვის დაარსოს ცალკე სკოლა და ადგილად ამოურჩევია ქობულეთი. თავდარიგსაც უკვე შესდგომია. ამ კეთილის განზრახვის განხორციელება ახლა თითონ ქობულეთელებზედ არის დამოკიდებული. უმთავრეს ხარჯს – ჯამაგირს მასწავლებლისას, სკოლის ავეჯეულობის გაკეთებასა და წიგნების გზავნას სკოლაში, ყოველ შემთხვევაში, თითონ “წერა-კითხვის საზოგადოება” იკისრებს. დანარჩენს მცირე ხარჯს: მოლის ჯამაგირსა და სახლის ქირას ქობულეთი უნდა გაუძღვეს. სადაც-კი საქართველოში სკოლაა, სოფელი იხდის ორმოცამდე თუმანს წელიწადში, და ქობულეთს ნუ თუ ამის ნახევრის გადახდა გაუძნელდება!…

ხოლო ქობულეთში სკოლის დაარსება იქნება პირველი ნაბიჯი “წერა-კითხვის საზოგადოების” მოქმედებისა მაჰმადიან საქართველოში. ამას უნდა მოჰყვეს მეორე ნაბიჯი გამართვა სკოლისა აჭარაში, მაგალითად, ქედაში. მეორე ნაბიჯს უნდა მოჰყვეს შემდეგი ნაბიჯები, რათა საზოგადოება მოეწიოს თავის წადილსა: – განათლების მოფენას სამხრეთ-საქართველოში და განახლებას ძმურის კავშირისას ჩვენსა და აჭარელ-ქობულეთელთა შორის ეროვნულს ნიადაგზე…

საჭირო განმარტება .

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button