იაკობ გოგებაშავილი – ბურჯი ეროვნებისა
1
გაგიგონიათ მებაღე, რომელიც უზმოდ მონატრული ყოფილიყოს ხილის უხვის მოსავლისა და ხეხილებისთვის კი ძირი და ფესვები ეთხაროს, ეფუჭებინოს, ეხმოს? განა, არ გაგიგონიათ?..
გადაავლეთ ახლა ყურადღებით თვალი ჩვენის მოზარდის თაობის აღზრდა-სწავლასა და თქვენ დარწმუნდებით, რომ ჩვენს შორის მოიპოვებიან არა ერთნი და ორნი მშობელნი, რომლებიც ამ საარაკო, არ გაგონილს მებაღეს მოგაგონებენ. მართლა-და რომელი მშობელი არა ნატრობს თავისი შვილებისათვის გამჭრიახს ჭკუასა, ღრმა გრძნობასა, მტკიცე ხასიათსა, ერთი სიტყვით, – კაცურს კაცობასა? გარნა ზოგნი, ჩვენდა სამწუხაროდ, თვითონვე საკუთარი ხელით ძირს უთხრიან თავიანთის შვილების სულის განვითარებასა, ფესვებს უხმობენ მათ გონების და გრძნობის დასრულებასა, აყვავებასა.
როგორ და რა გზით? იგინი ნორჩის თაობის აღზრდა-სწავლაში ადგანან იმისთანა უკუღმართს გზასა, რომელიც ძლიერ დამაქვეითებელია აზროვნებისაც, გულისაც, ხასიათისაც და რომელიც ფუქსავატობის დედაა, ძიძა და გამდელი.
რაში მდგომარეობს ეს უკუღმართი გზა?
ტურგენევი ერთს თავის თხზულებაში ამბობს: “ხშირად, როდესაც სრული სასოწარკვეთილება, მომერეოდა ხოლმე ჩემის სამშობლო ქვეყნის მომავლის შესახებ, ერთად-ერთს ნათელ წერტილად შავს ჰორიზონტზედ, ერთადე-ერთს გამამხნევებელ იმედად უიმედო მდგომარეობაში მომევლინებოდა ხოლმე ჩემი სამშობლო რუსული ენა, და ჩემს გულში ვამბობდი: ხალხმა, რომელმაც შეჰქმნა ამისთანა მდიდარი და მშვენიერი ენა, არ შეიძლება, ადრე თუ გვიან, არ დაახწიოს თავი ახლანდელს გაჭირვებულს მდგომარეობას, არ გავიდეს წარმატების ფართო გზაზედ და არ დაეწაფოს შორს მომავალში მაინც ბედნიერის ცხოვრების წყაროსა”.
არა ნაკლების საფუძვლიანობით შეუძლიან სთქვას შეგნებულმა ქართველმა ესევე სიტყვები ჩვენს დედა-ენაზედ. ვისაც კი მეტ-ნაკლებობით შესწავლილი აქვს, თუ რაში მდგომარეობს სისრულე ენისა, მისი სიმდიდრე, აზრსა და გრძნობაზედ ზედ გამოჭრილობა და კაფიობა, არ შეიძლება არ დაგვეთანხმოს, რომ ქართული ენა ეკუთვნის მაღალ აგებულობის ენათა დასსა. ჩვენმა ენამ გაფურჩქნა თავისი ფორმები და დაამყარა თავის ორგანიულს ნაწილებს შორის სრული ჰარმონია ძველთაგანვე, მეთორმეტე საუკუნეში. ჰკითხეთ ლინგვისტებს, ენის-მეტყველთა – რაში მდგომარეობს ღირსება ენისა, და ისინი დაგისახელებენ: სიმარტივეს ბრუნვებისას, გრამატიკულის სქესების არ ქონვას, თანდებულთა სიტყვის ბოლოში მოქცევასა, ხმოვანს დაბოლოებას სიტყვებისას, ხმა ასამაღლებელი დამორჩილებას განსაზღვრულს კანონზედ, მრვალფეროვნებას და მოქნილებას ზმნის ფორმებისას, სიმდიდრეს სინონიმებისას, ლექსიკონისას. რომელმა განვითარებულმა ქართველმა არ იცის, რომ ყველა ეს ღირსება სრული კუთვნილებაა ქართული ენისა, რომელიც ამ ღირსებათა წყალობით ყველა ცოტაოდნად განსხვავებულს შემეცნებას, მდგომარეობას, მოქმედებას და ვითარებას განახორციელებს განსაკუთრებით, ზედ-გამოჭრილი ფორმითა, საადვილო გამოხატულებითა!
დიაღ, ქართული ენა ისეთივე მდიდარია და მრავალ-მხროვანი, როგორიც არის ბუნება კავკასიონისა, სადაც ერთს პატარა მანძილზე პოლუსი, ტროპიკი და ზომიერი სარტყელი ერთად შეყრილან, სადაც საუკუნო თოვლით შემოსილი მთის წვერები ზევიდგან ძირს დასცქერიან: ბროწეულს, ლეღვს, ვაზს, ლიმონს, ფორთოხალს და სხვა ტროპიკულს მცენარეულობას, და სადაც რამდენსაც ნაბიჯს გადასდგამ, იმდენს ახალ-ახალს სურათს შეხვდები. ქართული ენა ისეთივე მრავალ-ფეროვანია, როგორიც არის ჩვენი ერის ისტორია, წარსული ცხოვრება, სავსე მრავალ-გვარის მოქმედებითა, თვისებებითა, აზროვნებითა, გრძნობითა, დიდი სიხარულითა, ძლიერი მწუხარებითა, და რომელიც წარმოადგენს იმ გვარს ღრმას და დაუსრულებელს დრამას, რომ ასი შექსპირიც ვერ ამოსწურავდა მას ძირამდის, ერთი რუსული მწერლისა არ იყოს. ჰკითხეთ ჩვენს იღბლიანს მეზობლებსა: რა გშურთ ქართველებისაო, და ისინი თქვენ დაგისახელებენ ჯერ გაფურჩქვნილს, განვითარებულს ქართულ ენასა და მერე გაერთებულს, შეკუმშულს ტერიტორიასა, მიწა-წყალსა.
დიაღ, ლინგვისტი, რომელიც ზედმიწევნით შეისწავლიდა ქართულს ენას, იტყოდა თითქმის იმასვე, რაც სთქვა გამოჩენილმა სწავლულმა უსლარმა ქართულს ენაზედ, რომელიც მან აღიარა თითქმის უუსრულეს ანბანად ყველა ანბანთა შორის.
მაგრამ ვაფასებთ ჩვენ ამ დაუფასებელს საუნჯესა? გვესმის ჩვენ მისი უმაღლესი ღირსება და მნიშვნელობა? ქართული ენა ამ ჟამად ჰგავს მშვენიერს ფოლადის სახსნისსა, რომელიც უგუნურს პატრონს კუნჭულში მიუგდია, იშვიათად ჰხმარობს და ჟანგს აჭმევინებს. ამიტომ, ობიექტურად, თავის-თავად მდიდარი და განვითარებული, ქართული ენა სუბიექტურად, ჩვენს პირში, არის ღატაკი და დღე ნაკლულს არსებას მოგაგონებთ.
კიდევ ისე სამწუხარო არ იქნებოდა ქართული ენის აბუჩად აგდება, რომ ამ მოვლენას ვხედავდეთ მხოლოდ სასწავლებლებში; მაგრამ სავაგლახო და სავალალო ის გახლავთ, რომ იქაც კი, სადაც დედა-ენა უნდა შეუცილებლად უფლობდეს და სუფევდეს, მას ეპყრობიან, აქა-იქა მაინც, სწორედ ისე, როგორც ავგული დედინაცვალი ექცევა ათვალისწუნებულს თავისს გერსა. ეს მომაკვდინებელი სენი ცოტ-ცოტათი ეპარება ქართულს სახლობრივ სფერასაც და ისიც რომელსა? არა მარტო გადაბირებულს მოხელეთა ოჯახობასა და ზოგიერთა გაფუქსავატებულს არისტოკრატებსა, არამედ თვით ჩვენს განათლებულს დასსაც კი გადასდებია. არა ერთს განათლებულს ქართველს სახლობას შეხვდები, სადაც მოზარდი თაობა ლაპარაკობს და ტიტინებს რომელსამე უცხო ენაზედ და ქართულისა კი ჭაჭანებაც არ ისმის. უფრო კიდევ სამწუხარო ის არის, რომ ამ გვარ სახლობათა რიცხვში ჰხედავთ მესამოცე და მეოთხმოცე წლების ზოგიერთა პატრიოტებსაც, რომელნიც ლიტერატურაში ცხარ-ცხარე სიტყვებს ხარჯავდნენ მამულისშვილობაზედ და საქმე კი იმითი გაათავეს, რომ თვითონაც უღალატეს ეროვნებას და თავიანთ სახლებიდგანაც გამოაძევეს ქართული ენა. ამ ვაჟბატონებს რომ ჰკითხოთ, რად დაგებათ პირი უკუღმაო, ბოდიშის მოსახდელად ზოგნი დგისახელებენ იმ გარემოებას, რომ ჩვენ ბედის წერამ უცხოელს ქალებს გადაგვკიდაო; მაგრამ განა ეს შესაწყნარისი საბუთია? განა კაცმა რომ უცხო ტომის ქალი ცოლად შეირთოს, უნდა მოაშოროს შვილები დედა-ენას, სამშობლოს და გადაბირების გზაზედ დააყენოს?… ამაზედ კიდევ უფრო უარესი ის გახლავთ, რომ ზოგჯერ დედაც ქართველია და მამაცა, არც ერთი არ არის მოკლებული არც განათლებასა, არც გრძნობასა და არც აზროვნებასა; მაგრამ სახლობაში კი ბრმა მიმდევარნი არიან უგუნურის მოდისა და მასში ამყარებენ, ეროვნული ატმოსფერის მაგიერ, გადამბირებელს მიმართულებასა.
ეროვნულს სკოლას შეეძლო მეტნაკლებობით შეესუსტებინა მავნებლობა ამ გვარის ოჯახის უკუღმართობისა; მაგრამ სად არის ამ გვარი სკოლა? ჩვენს სკოლებში ყველაფერს აქვს ადგილი, გარდა ეროვნებისა.
ჩვენ არ გამოვეკიდებოდით იმ აზრის განმარტებას, რომ ის მშობელნი, რომელიც თავისს შვილებსა ზრდიან გარეშე დედაენის გავლენისა, სწყვეტენ კავშირსა მათსა და სამშობლოს შორის, უკარგავენ თავისს ქვეყანასა მამულიშვილებს, ამცირებენ იმ რაზმს ქართველებისას, რომელნიც ემსახურებიან სამშობლოს წარმატებასა, მის ბედნიერებასა, რომ ეს მშობბელნი, ერთი სიტყვით, დამნაშავენი არიან სამშობლო ქვეყნის წინაშე. არ გამოვეკიდებით იმის გამო, რომ მაღალი მცნება კაცობრიობის საუკეთესო ნაწილისა: “გიყვარდეს ერი შენი უმეტეს თავისა შენისა”, ისეთი მაღალი სწავლაა, რომელსაც ყველას გონება ვერ შესწვდება და რომლითაც ყველა გული ვერ იხელმძღვანელებს. ჩვენ სხვა, ყველასათვის გასაგებ მხრიდგან მოვუვლით საგანსა და, იმედი გვაქვს, დღესავით ცხადად დავამტკიცებთ, რომ ნამდვილს კაცურის გონებისა, გრძნობისა და ხასიათის აღზრდა ბავშვებში, მათი პირადი ბედნიერიება, რომელიც ყველა მშობელსა სწყურის, შეუძლებელია მაშინ, როდესაც მათს აღზრდაში მეტნაკლებობით უარ-ყოფილია დედა-ენა, ეს ძირითადი ეროვნული ძალა, მთავარი ბურჯი ეროვნებისა, – რომ ისინი, ვინც ამ გამაცხოველებელს ძალას მხარს უქცევენ, თავისავე ხელით უთხრიან სამარესა თვისი შვილების ჯეროვანს განვითარებას, ნათელს მომავალს, მათს სანატრელს ბედსა და ჰხდებიან ნამდვილნი დამნაშავენი მათ წინაშე…
2
ღრმა კავშირი დედა-ენისა ერის სულთან და ხორცთან, მის წარსულ ცხოვრებასთან. დედა-ენის უარყოფას სწავლა-აღრდაში მოსდევს დიდი დაქვეითება ადამიანის ყოველ მხრივ.
დედა-ენა გარეგნობით როდია ადამიანის არსებასთან შეკავშირებული, იგი როდი ჰგავს ტანისამოსსა, რომლის გამოცვლა ადვილად და უვნებლად შეიძლება. მას აქვს ღრმად გამდგარი ფესვები ადამიანის ტვინში, ნერვებში, ხმის ორგანოებში, ძვალსა-და რბილში, მთელს მის ბუნებაში; იგი არის ძვირფასი იარაღი, რომელიც ბუნებას ზედ გამოუჭრია ადამიანის სულსა და ხორცზედ, მის ფსიქოლოგიურს და ფიზიოლოგიურს აგებულებაზედ. ყოველს ადამიანს დაბადებიდგან ჰყვება მიდრეკილება და ნიჭი დედა-ენის ადვილად და ღრმად შესწავლისა სწორედ იმ გვარად, როგორც ბულბულს ჰყვება დაბადებითგანვე ბულბულის გალობის ნიჭი, იადონს – იადონურის გალობის ნიჭი და სხვა. ბავშვის ყოველ აზრს, წარმოდგენას, გრძნობას და სულის მოძრაობას მხოლოდ დედა-ენა ჰხატავს სინამდვილით და სისრულით.
ამასთან დედა-ენა არის ძვირფასი სალარო, დაუსრულებელი რვეული, რომელშიაც დაცულია მთელი სიმდიდრე ხალხის გონებისა, ფანტაზიისა და გულისა, ნაფიქრისა, ნაგრძნობისა და ნამოქმედარისა და რომლის შესწავლა ბავშვს აკავშირებს მთელის ერის სულთან და გულთან, მის ხანგრლივ ისტორიულს ცხოვრებასთან და ავსებს მას სულიერის ღონით და მხნეობით. ამიტომ, როდესაც რომელიმე მშობელი თავისს შვილს დედა-ენას აშორებს და უცხო ენას ასწავლის, რასა შვრება ის ამითი? იგი ხელიდგან ართმევს თავის შვილს ერთად-ერთს ძლიერს ღონისძიებას გონების სწორე გახსნისათვის სიპატარავის დროსა, მის ბუნების შესაბამს იარაღსა, რომლის ხმარება და გამოყენება ბავშვს ძლიერ ეადვილება, და ძალად აჩეჩებს ხელში იმისთანა შეუსაბამო იარაღს, რომლის მოხმარების შეთვისება ძლიერ ძნელია და რომელიც არას დროს არ გაუწევს ბუნებითის იარაღის სამსახურსა.
ამ გვარი უკუღმართობა ჰბადავს უთანხმოებას, წინააღმდეგობასა ბავშვის მეტყველებისა და მის სულის და ხორცის შუა და, რომ ამ წინააღმდეგობას დამღუპველი გავლენა უნდა ჰქონდეს ბავშვზედ, ადვილი მისახვედრია. ბავშვი, დაბადებიდგანვე მოკლებულია დედა-ენის გამაცხოველებელს გავლენას, ისე ძნელად ისწავლის ჯეროვნ აზროვნობას და ისეთივე უხეირო ჭკუის პატრონი გამოვა, როგორც უხეირო მემუსიკედ შეიქმნება ადამიანი, მესკრიპკედ დაბადებული და მეფორტოპიანედ ძალად გაზრდილი, ანუ უფრო უკეთ: ამ გვარი ბავშვი ეგვანება საცოდავს მერცხალს, რომელსაც ძალ-დატანებით მერცხლის ჭიკჭიკს უკრძალავენ და შოშიას სტვენას ასწავლიან. ამ უკუღმართი გზით აღზრდილი ბავშვი ვერას დროს ვერ ავა იმ გონების სიმაღლემდის, რომელიც შეეფერება მის ბუნებითს ნიჭსა, ვერ მიეწევე, ვერ ეღირსება ჯეროვანს სიღრმეს აზრისას და გრძნობისას, მეტ-ნაკლებობით გამოვა ნეკერ-ნეკერა, ქარაფშუტა პირი, უხასიათო ადამიანი და იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებს თავისს სიცოცხლეში, რის გაკეთების ნიჭიც მისთვის ბუნებას მიუცია. ასე აშკარად სჯის ბუნება ყველას, ვინც კი მას ჰღალატობს, არღვევს მის კანონებსა და უკუღმართად იქცევა.
ის მოვლენა, რომ ზოგი ადამიანი ზედმიწევნით სწავლობს უცხო ენებსა, სრულიად არ ეწინააღმდეგება დედა-ენის ორგანიულს შეხორცებასა მისს ბუნებასთანა. უხელო ადამიანები ხშირად ფეხითა სჭრიან და აკეთებენ თითქმის ყველა იმას, რის გაკეთებისთვისაც ღმერთს ჩვენთვის ხელი მოუნიჭებია; მაგრამ ნუ თუ ამ ფაქტს შეუძლიან ვისიმე თვალში შეამციროს ხელების უბადლობა, შეუდარებლობა სხვა-და-სხვა საქმის გაკეთებისათვის! ამავე აზრის დასასრულებლად მარჯვე მაგალითს წარმოადგენ ამერიკის ერთი შროშანი. ეს შროშანი საოცარი ოსტატობით ჰბაძავს ყველა ფრინველის გალობასა და ყველა ცხოველის ხმაურობასა, ბულბულის გალობიდან დაწყებული ძაღლის ყეფამდე. გარნა მხოლოდ თავისი ბუნებრივი სტვენა უხდება მას, მხოლოდ ამ სტვენით ჰხატავს კაფიოდ და სრულიად ნამდვილს მოძრაობას და გრძნობას სულისას, მარტო ამ თავისი სტვენით ასიამოვნებს მსმენელსა, აწონებს თავსა და თავისს არსებობის თავისებურებას და სარგებლობას ამტკიცებს.
მეტადრე ერთს ფრიად სიმპატიურს სფერაში აშკარავდება უძლურება ყევლა უცხო ენისა. ეს გახლავთ ნაზის გრძნობის, ალერსის სფერა. ბავშვი, მოშორებული და მოკლებული დედა-ენას, ვერას დროს ვერ მიესაყვარლება თავისს მშობელთა და ნათესავთა სრულის გრძნობის გამომხატველ სიტყვებით, ვერასდროს ვერ იპოვნის იმისთანა ღრმად გულში მოსახვედრს გამოხატულებათა, როგორნიც არიან “შენი ჭირიმე”, “შენ გენაცვალე”, “შენ გეთაყვანე”, “თავ შემოგევლე”, “წამლად დაგედე” და მრავალი სხვანი. ამისთანავე უძულრებას ენისას იგივე ბავშვი გამოსცდის დიდობაშიაც თავისს გულის სატრფოს წინაშე, რომელსაც გულის ენის მაგივრად თავისი მხურვალე გრძნობა და სიყვრული უნდა განუცხადოს მექანიკურად დასწავლილი, ცივი სიტყვებითა, მეხსიერების ენითა და ამით შეასუსტოს, შელახოს, და შეურაცხჰყოს თავისი ძლიერი გრძნობა და თავისი წმინდა გულის ტრფიალი.
კიდევ უფრო უძლურია უცხოე ენა აღზარდოს, გაფურჩქნოს და სრული ძლიერებით გამოხატოს ის მაღალი და ღრმა მოძრაობა სულისა, რომელსაც ჰქვიან სარწმუნოებრივი გრძნობა. სარწმუნოება, სასოება მთლად და სავსებით სუფევს ადამიანის გულში, და მხოლოდ გულში. ღმერთი არის მეუფე გულის, და მხოლოდ გულისა. ის მხურვალე გრძნობა, რომლითაც ადამიანი მიმართავს უფალსა, სავსებით გამოიხატება მხოლოდ დედა-ენით, იმიტომ რომ მხოლოდ დედა-ენა არის ენა გულისა, გრძნობისა. სხვა ენა აქ ყოვლად უძლურია. მხოლოდ დედა-ენაზედ შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ…
დიაღ, მხოლოდ დედა-ენა არის ენა სულისა და გულისა, – ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა.
3
მეცნიერთა და პედაგოგთა აზრი დედა-ენის მნიშვნელობაზე. აზრი შლეიხერისა, უშინსკისა, ვესსელისა, კარლე ფოხტისა, პოტებნიასი.
ეს მარტო ჩვენი აზრი არ არის. იგი ეკუთვნის ჩინებულ და განთქმულს პედაგოგებს და მეცნიერებს, რომელნიც ისეთის ძალით, ანალიზით და მჭერ-მეტყველებით ჰხატავენ მავნებლობას დედაენის უარყოფისას და მის გაცვლისას უცხო ენაზედ, რომ ჩვენი სიტყვები შეადგენენ მხოლოდ მკრთალს კოპიოს, სუსტს აჩრდილს მათის მსჯელობისას.
გამოჩენილის სწავლულის შლეიხერის აზრით, დედა-ენა არის თავისებური ყვავილი და ნაოფი, რომელიც ამოდის და მწიფდება იმ თავისებურს აგებულობაზე ტვინისა, ხმის ორგანოებისა, ნერვებისა, ძვლებისა, ხორცისა, სხეულისა და სულისა, რომელიც მინიჭებული აქვს ბუნებიდგან ყოველს ადამიანს და ერსა და ამიტომ ისე კარგად არაფრით იცნობება ერი, როგორც ენითაო. ამიტომ მხოლოთ თავისი დედა-ენა შეუძლიან ადამიანს შეისწავლოს სავსებით და იხმაროს იგი სრული სიმარჯვით. უცხო ენების შესწავლა და მოხმარება დედა-ენასავით ისევე შეუძლებელია, როგორც ოთხით, ან ხელებით, სიარული ისე, როგორც კაცი დადის ფეხებითაო (Загран. Вестник, 1876, ტომი მეათე, გვერდი 2-3).
“დედა-ენა ბევრით უფრო მჭიდროდ არის შეკავშირებული ადამიანის შინაგან არსებობასთან, ვიდრე რომელიმე სხვა ენა, თუნდ კარგადაც შეთვისებული, და მისნი ფესვნი ყველაზედ ღრმად არიან გამდგარნი კაცის ბუნებაში”, ვკითხულობთ რუსულს პედაგოგიურს ჟურნალში “Русская Школа”. “დედა-ენასთან კაცი დაკავშირებულია არა მარტო ფიზიკურად, არამედ მორალურადაც. ეს არის ენა ლოცვისა, პოეზიისა, ზნეობრივის და მოქალაქეობრივის მოვალეობისა. იგი მრავალი ძაფით არის მიბმული ჩვენ სულთანა, მის ლოგიკურს ნიჭთანა, მის მუსიკალურს, მგრძნობიარე მხარესთან. არიან პირნი, რომელთაც აზროვნება, ფიქრი შეუძლიათ რამდენსამე ენაზედ; მაგრამ არა გვგონია, რომ ვისმე გრძნობა შეეძლოს გარეშე დედა-ენისა. მე უნდა დავიცვა და შევიმუშაო დედა-ენა, რადგანაც გი არის უძვირფასესი საუნჯე ადამიანისა და მასთან ავხორცებულია ჩემი ერის აზრი, გონების განვითარება, შემოქმედებითი ძალა” (“Русская Школа”, იანვრის წიგნი, გვერდი 25-26).
“ენა ერისა, – ამბობს უშინსკი, დიდ პედაგოგად აღიარებული თვით მოწინააღმდეგეთაგანიც კი, – არის საუკეთესო ყვავილი მისი ცხოვრებისა, ყვავილი დაუმჭკნარი, რომელიც მუდამ, შეუწყვეტლივ იფურჩქნება. ენაში იხატება მთელი ერი და მისი სამშობლო. ენაში, ერის შემოქმედების ძალის წყალობით, იქცევა აზრად, სურათად და ხმად ცა სამშობლოსი, მისი ჰაერი, მისი ფიზიკური მოვლენანი, მისი ჰავა, მისნი მინდორ-ველნი, მთანი და ღელენი, ტყენი და მინდორნი, ელვა-ჭექანი და ქარიშხალნი, იხატება მთელი ის ღრმა, სავსე აზრით და გრძნობით ხმა სამშობლო ბუნებისა, რომელიც ისე ხმა-მაღლა ჰღაღადებს კაცის სიყვარულში მის ხშირად ველურის სამშობლო ქვეყნისადმი, სამშობლო ჰანგებში, სიმღერებში, სახალხო პოეტების ლექსებში. გარნა დედა-ენის კამკამა სიღრმეში იხატება არა მარტო ბუნება სამშობლო ქვეყნისა, არამედ მთელი ისტორია ერისა სულიერის ცხოვრებისა; თაობანი ერთი მეორის შემდეგ ჰქრებიან, მაგრამ ნაყოფნი მათის მოქმედებისა რჩებიან ენაში ჩამომავლობის საკუთრებად. დედა-ენის სალაროში სტოვებენ თაობანი ერთი მეორის შემდეგ ნაყოფსა: გულის ღრმა მოძრაობისას, ისტორიულის მოქმედებისას, რწმუნებისას, აზრისას, სტოვებენ კვალთა გამოვლილის სიხარულისას და მწუხარებისას. ერთი სიტყვით, მთელს ნაშთსა და ნაყოფსა თავისის სულიერის ცხოვრებისას ხალხი იცავს და ინახავს დედა-ენაში. დედა-ენა არის უცხოველესი და უმტკიცესი კავშირი, რომელიც აერთებს წარსულთა, ცოცხალთა და მომავალთა თაობათა და ჰხდის მათ ერთს დიდს, ისტორიულ ცოცხალ ორგანიზმად. იგი არამც თუ გამომხატველია ხალხის სიცოცხლისა, იგი არის თვითონ ეს სიცოცხლე. როდესაც ჰქრება ერის ენა, ერი აღარ არსებობს. და ქვეყანაზედ არ მოიძებნება იმაზედ აუტანელი ძალ-დატანება, როდესაც ჰსურთ ერს წაართვან ეს მემკვიდრეობით საუნჯე, შექმნილი და შეძენილი მის წინაპართა ურიცხვ თაობათა ღვაწლით”. “ამასთან დედა-ენა არის უდიდესი მოძღვარი ერისა. როცა რომელიმე თაობა სწავლობს დედა-ენას, იგი იძენს აზრისა და გრძნობის ნაყოფს ათასთა წინანდელთა თაობათა, რომელნიც დიდი ხანია მიწად არიან ნაქცევნი. რაც კი უნახავთ და გამოუცდიათ, რაც კი უგრძვნიათ და უფიქრრიათ ამ აურაცხელ წინანდელ თაობათა, გარდაეცემა ბავშვსა დედა-ენის შუამავლობით ადვილად და უშრომელად, და ბავშვი შედის ცხოვრებაში უდიდესი ძალით აღჭურვილი”.
“როდესაც ბავშვი სწავლობს დედა-ენას, მარტო გარეგანს ნიშნებს და ხმებს როდი ითვისებს. იგი სვამს სულიერს სიცოცხლეს და ძალას დედა-ენის მშობლიურ ძუძუდაგან. დედა-ენა უხსნის ბავშვს ბუნებას ისე, როგორც ვერ აუხსნიდა ვერც ერთი ბუნების მეტყველი; იგი ასწავლის ხასიათს ადამიანებისას, რომელნიც ბავშვს გარს არტყიან, საზოგადოებისას, რომელშიაც იგი ტრიალებს, მის ისტორიას და მისწრაფებათა ისე, როგორც ვერ ასწავლიდა ვერც ერთი ისტორიკოსი. მას შეჰყავს ბავშვი ხალხის რწმუნებათა და პოეზიის ტაძარში ისე, როგორც ვერ შეიყვანდა ვერც ერთი ესტეტიკოსი. ბოლოს, დედა-ენა შესძენს ბავშვის აზრს იმისთანა ლოგიკურს მოსაზრებათა და ფილოსოფიურს შეხედულებათა, რომელთაც მას ვერ შეაძენინებდა ვერც ერთი ფილოსოფოსი” (“პედაგოგიური თხზულებანი” უშინსკისა, გვ. 200-201).
ამიტომ, როდესაც დედ-მამა თავის შვილებს აშორებს დედა-ენასა და მის ნაცვლად აზეპირებინებს რომელსამე უცხო ენასა, რასა შვრება იგი ამითი? უდიდეს და უბადლო მოძღვარს ხელიდგან ართმევს თავისს შვილებსა და აბარებს მათ უხეირო და უსულდგმულო მასწავლებელს. სრულიად საჭირო არ არის შორს გამჭვრეტი ჭკუა, რომ ამისთანა ბავშვს კაცმა უწინასწარმეტყველოს უნუგეშო მომავალი.
“თუ ენა, რომელზედაც ჩჩვილი ბავშვი იწყებს ლაპარაკსა”, ამბობს იგივე უშინსკი, “ეწინააღმდეგება დაბადებიდგან დაყოლილს ეროვნულს აგებულებასა, ეს ენა ვერას გზით ვერ იქონიებს იმისთანა ძლიერს გავლენას ბავშვის სულიერს განვითარებაზედ, როგორსაც უთუოდ იქონიებდა დედა-ენა, ვერას დროს ვერ ჩაატანს ისე ღრმად მის სულსა და სხეულში, ვერას დროს ვერ გაიდგამს იმისთანა ღრმასა და საღს ფესვებს, რომელთაც მოსდევთ მდიდარი და უხვი გაფურჩქვნა, აყვავება სულიერი ბუნებისა” (იქვე, გვერდი 207).
ვესსელი, აგრეთვე გამოჩენილი რუსთა პედაგოგი, დედა-ენის უსწვლელობას ჰრაცხავს მეტად მავნებელ და დამამხობელ შეცდომად არამც თუ ცალკე პირისათვის, არამედ მთელი ხალხისათვის: “ხალხს რომ დედა-ენა არ ვასწავლოთ, ეს იქნება აკრძალვა ხალხის აზრის გახსნისა, მისი სულიერი ნიჭიერების განვითარებისა, ეს იქნება ხალხის დატოვება ბავშვურს მდგომარეობაში, და თუ ხალხს თავისი ენის მაგივრად სხვა ენის სწავლაზედ დავაყენებთ, უფრო უარესს ვიზამთ: ჩვენ დავუმახინჯებთ ბუნებითს, თავისებურს გონებრივს გახსნასა, ჩვენ დავასახიჩრებთ მთელს მის სულიერს ბუნებასა”.
განთქმული მეცნიერის კარლე ფოხტის აზრით, თუ ხალხი თავისს დედა-ენას სცვლის სხვა ენაზე და ამ უკანასკნელზე იღებს განათლებას, იგი ვერ აიცილებს თავიდგან გონების დაჩაგვრას, დამდაბლებას და მეტ-ნაკლებობით დაჰკარგავს შემოქმედებითს ნიჭსა. მაგალითად ასახელებს ერთს დასავლეთის კუთხეს გერმანიისას, სახელდობრ ელზასსა, რომელსაც შუა საუკუნეებში, როცა იგი შეადგენდა ნაწილს გერმანიისას და განათლების იარაღად ხმარობდა თავისს ნემეცურს – დედა-ენას, მსოფლიო ასპარეზზე გამოჰყავდა განთქმულნი მოღვაწენი; მაგრამ მას უკან, რაც ელზასი წაართვა საფრანგეთმა გერმანიას, შეიერთა და იქ გაამეფა თავისი ფრანგული ენა, ვეღარც ერთი მსოფლიო ნიჭის პატრონი ვეღარ აჩუქა ელზასმა კაცობრიობასაო, თუმცა საფრანგეთმა მასში დაამყარა იმისთანა თავისუფლება და წეს-წყობილება, რომელიც ბევრად სჯობდა ყოველ მხრივ წინანდელსა და ელზასელების გული სრულიად და სავსებით მოინადირაო.
“ენა, ამბობს პროფესორი პოტებნია, იგივეა, რაც თვალი. როგორც მცირეოდენი ცვლილება თვალისა და სამხედველო ნერვებისა ძალა-უნებურად სცვლის ჩაბეჭდილებათა, ისე ცოტაოდენი ცვლილება ენისა სცვლის აზრის ნაწილებს, ელემენტებსა. გავლენა ცოტაოდენის ენის ცვლილებისა ადამიანის აზროვნებაზე მარტოოდენია და უბადლო. ენა უბრალო ხმარების კრება კი არ არის, არამედ თვით აზრია ხალხისა, თვით სულია მისი. სწორედ ამის გამო ისე ძნელია ენის წართმევა, დენაციონალიზაცია. ენის დაკარგვას, დენაციონალიზაციას შეიძლება დაემორჩილოს კერძო ადამიანი, მაგრამ მთელი ხალხი კი არასოდს. და ეს იმიტომ, რომ ეს დენაციონალიზაცია მეტად მავნებელია ერისათვის. როცა უცხო ენა ხალხის ენის ფორმებს ფუშავს და ანგრევს, იგი ამასთან ფუსავს და ანგრევს მის აზრებს, მის სულსა და გულსა და ამყარებს საძაგელს სულიერს ნაოხრობას, რის გამოც ხალხი სწრაფად მიდის უკან-უკან… ამიტომ, რაც უფრო მეტს თავისებურებას დაიცავს ენა და მეტს ჟამს გასძლებს, მით უფრო მეტს კეთილდღეობას და დღეგრძელობას შესძღვნის თავისს შემქნელს ერსა”… (“Вестник Европы” 1895 წლისა, სექტემბრის წიგნი, სტატია: “Язык и народность”).
ჩვენ შეგვეძლო ამ გვარი ციტატებით და მაგალითებით აგვევსო თუნდა მთელი წიგნი; მაგრამ დავჯერდეთ მოყვანილ სწავლულების და პედაგოგების მსჯელობასა და მოწმობასა, მით უმეტეს, რომ მათ სიტყვებში სრული ძალით და გარკვევით არის გამოთქმული მავნებლობა, რომელიც მიუცილებლად მოსდევს დედა-ენის უარ-ყოფას და მის გაცვლას რომელსამე უცხო ენაზედ.
4
გონებრივი და ზნეობრივი დაცემა უცხოეთში გადასახლებულთა. მაგალითი საქართველოს წარსულიდგან.
დედა-ენის გაცვლა უცხო ენაზედ მაშინაც კი ადაბლებს კაცის გონებასა და უსუსტებს ზნეობრივს ძალასა, როდესაც იგი სტოვებს თავისს სამშობლო ქვეყანას, შორდება მის ბუნებას და ვარდება უცო ბუნებისა და ცხოვრების გავლენის ქვეშას. ამ შემთხვევაშიაც იბადება წინააღმდეგობა კაცის ეროვნულ აგებულებისა და მის მეტყველების შუა და ამ წინააღმდეგობის წყალობით ეს გადაკარგული პირი რამდენისამე ხარისხით ძირს ჩამოდის სულიერად. თუ იგი გენიოსად იყო დაბადებული, გამოვა მხოლოდ შესანიშნავი ნიჭის პატრონი, თუ ნიჭიერად იყო გაჩენილი, საშუალო ნიჭის ადამიანი შეიქმნება და თუ ბუნებისაგან დაყოლილი ჰქონდა უბრალო ნიჭი, მტკნარს სიტუსტეზედ ჩამოხტება. ეს ხდბა იმიტომ, რომ ეროვნული აგებულება ყოველს კაცს ძლიერ მტკიცედ აქვს შესისხლორცებული და ამ აგებულების შეცვლა ითხოვს უცხო ბუნების და ცხოვრების მეტად დიდის ხნის გავლენასა. მშვნივრად აქვს ახსნილი უშინსკის ეს სიმტკიცე ეროვნულ აგებულებისა: “შეხედეთ ადამიანებს, რომელნიც უცხოეთში გადასახლებულან, და თქვენ დარწმუნდებით, თუ რა გამძლეა ეროვნული აგებულება კაცში. თაობანი იცვლებიან ერთი მეორის შემდეგ და მეათE თაობაც კი ვერ შეხორცებია უცხო ქვეყნის ხალხის ორგანიზმსა, დარჩენილია გარეშე, თითქო უსულო რამე შეუჩხირიათო. შეიძლება ადამიანმა კიდეც დაივიწყოს სახელი თავისი სამშობლოსი, მაგრამ ეროვნული ბუნება კი დიდხანს შერჩება, ვიდრე ახალ-ახალი ტალღები უცხო სისხლისა არ წაშლის მას. ასე ღრმად ჩასდგა ქვეყნის შემომქმედმა საძირკველი ეროვნებისა ადამიანის ბუნებაში”.
შეადარეთ ნიჭით, მხნეობით და სულიერი ძალით ჩამომავალნი ქართველთა, რომელნიც იმ საუკუნის დამდეგს გადაიხვეწნენ რუსეთში და გადაგვარდნენ, იმათ მამა-პაპათა, რომელნიც აგრთვე გადაასხლდნენ რუსეთში, მაგრამ ქართველობა მტკიცედ შეირჩინეს, და თქვენ დაინახავთ, რომ რამდენადაც ეს უკანასკნელი იყვნენ ძლიერნი, იმდენად პირველნი არიან უძლურნი და ყოველს მნიშვნელობას მოკლებულნი. მაშინ, როდესაც ვახუშტი, იოსებ სამებელი და მათნი თანაშემწენი, აღზრდილნი და დასრულებულნი ეროვნულს ნიადაგზე, რუსეთში ნაყოფიერად შრომობდნენ ქვეყნისათვის, მიუხედავად დიდის გაჭირვების, და ღრმა კვალი დასტოვეს ჩვენს ცხოვრებაში, ახლანდელი რუსეთის ქართველები, იმ გადახვეწილთა ჩამომავალნი, ყოვლად გამოუსადეგარნი არიან საქართველოსთვის და რუსეთისთვისაც. პირველისათვის იმიტომ, რომ იგინი დაბადებიდანვე მოკლებულნი არიან დედა-ენის, მშობლიურის ბუნებისა და ცხოვრების გამაცხოველებელს ზედ-გავლენას, მეორისათვის იმიტომ, რომ ჩამომავლობით აგებულება, სისხლისა და ნერვების თვისება აქამდის ეწინააღმდეგება მათს ახალს ენას, ახალს მდგომარეობას და ცხოვრებას. იგინი მოგაგონებენ საბრალო კახურს ვაზსა, თავისს სამშლობლოდგან ჩრდილოეთს გადარგულს, რომელიც, მოკლებულია თავისს შესაბამს ნიადაგს, ღონიერ და გემრიელ ღვინის მაგიერ აძლევს პატრონს მჟავე და წყალწყალა სასმელსა.
5
რამდენიმე ენის სწავლება ერთსა და იმავე დროსა.
დიდი მავნებლობა ამისი.
თუმცა უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც ვხედავთ ჩვენს ცხოვრებაში იმასაც, რომ ერთის უცხო ენის მაგივრად ჩჩვილს ბავშვს ასწავლიან ორსა და სამს უცხო ენას ერთად. ეს გახლავთ ორკეცი და სამკეცი უკუღმართობა, რომელსაც მოსდევს სწორედ საშინელი შედეგი ბავშვის გონებისა და ხასიათისათვის. იშვიათი ნიჭის ბავშვი უნდა იყოს, რომ გაუძლოს ამ უკიდურესს უგუნურებასა და არ გატუტუცდეს. ამ შემთხვევაში ენები ერთმანეთს ხელს უშლიან, ერთი ენა მეორეს არ აცლის მოკიდოს ფესვები ბავშვის ბუნებაში, შეუხორცდეს იმის მეხსიერებას და გონებას. ბავშვის აზრი და გრძნობა მოკლებულია შეძლებას და შეიმოსოს რომელიმე განსაზღვრულ მეტყველების ტანისამოსით და ამის გამო იხუთებ, უდღეურდება. ბავშვი უხეიროდ სწავლობს ღატაკს რუსულს, ღატაკს ფრანგულს, ღატაკს ნემეცურს და ჰხდება საზოგადოდ ღატაკის მეტყველების პატრონი. “ჩვენ გვინახავს ბავშვები ამ გვარად აღზრდილნი”, ამბობს იგივე უშინსკი. “ესენი ყოფილან ან მტკნარნი ტუტუცნი, ან სრულიად მოკლებულნი რაიმე შემოქმედებით ძალასა, რომელიც იპოვება თვით სუსთ-გონებიან ბავშვშიაც კი, თუ იგი დამახინჯებულის ბავშვების ნახვა თვალებს აუხელდა იმ მშობლებს, რომელნიც მსგავსადვე ზრდიან შვილებსა. საბრალო ბავშვებო! რა საშინელი მკვლელობა ჩაუდენიათ თქვენს მშობლებს. მათ თქვენ არამც თუ მოუწყვეტიხართ სამშობლოსა, პოეზიასა, ხასიათსა, სასულიერო საზრდოს, არამედ ადამიანები გადაუქცევიხართ სამასხარო თოჯინებად, თანახმად მოდის მოთხოვნილებისა”.
უგუნური მშობლები კი, როდესაც თავისს ჩჩვილს ბავშვებს რამდენსამე ენაზედ მოტიტინეს ჰხედავენ, აღტაცებაში მოდიან და დიდებულის მომავლი საწინდრად სთვლიან ამას, ის კი არ იციან, რომ ამ გვარის აღზრდით თავისი შვილების მომავალს საფლავში ჰმარხავენ თავისივე ხელით.
ზოგნი დედა-ენას უარს არ ჰყოფენ, მაგრამ მასთან ერთად ჩჩვილ ბავშვებს ასწვლიან ერთს რომელსამე სხვა ენას. ხშირად ხდება ისე, რომ მშობელნი ელაპარაკებიან ერთს ენაზედ, გამდელი და მოსამსახურენი მეორე ენაზედ. ამ გვარის მშობლების აზრით, მათნი შვილნი ექვსი-შვიდის წლის განმავლობაში ისწავლიან ორს ენასა და წინ გაუსწრობენ იმ ვაჟებს და ქალებს, რომელთაც მარტო დედა-ენაზედ ელაპარაკებიან. მაგრამ რა ძლიერ სტყუვდებიან! თუმცა ეს წესი ისეთი დამღუპველი არ არის, როგორც ერთად სწავლება რამდენისამე უცხო ენისა, მაგრამ მისი მავნელობა კი აშკარაა. ჩაბეჭდილებანი უცხო ენისა, ასუსტებენ და ჰშლიან დედა-ენის ჩაბეჭდილებათა, ბავშვს ხან ერთი ენა ავიწყდება, ხან მეორე, და დედა-ენას იგი მეშვიდე წელიწადში ხმარობს ისე, როგორც ნამდვილი ქართველი ბავშვი მეოთხე წელში. ენის შეთვისების შეყენებას მიუცილებლად მოსდევს აზრისა დ გრძნობის შეფერხება და ამიტომ ამ გვარად აღზრდილნი ბავშვნი უკან რჩებიან როგორც მეტყველებაში, ისე აზროვნებაში.
“ბავშვს ჯერ დედა-ენა უნდა ასწავლო და მერე უცხო ენა, ერთი – მეორის შემდეგ. თუ ერთს დროს დააწყებინე ორივე ენის სწავლება, ბავშვს გონებას დაუბნევ”, ამბობს პედაგოგთა მამათმთავარი კომენიუსი…
ზოგნი სცვლიან ბუნებრივ რიგს ენების სწვლებისას და ჯერ აკვნიდგანვე ასწვლიან რომელსამე უცხო ენასა და შემდეგ დედაენაზედ აწყებინებენ ლაპარაკს. რომ ეს უკუღმართი წესი მავნებელი უნდა იყოს ბავშვისათვის და გონების გახსნა უნდა დაუგვიანოს და შეუსუსტოს, ეს მკითხველმა უკვე კარგად იცის, მაგრამ სავალალო აქ კიდევ სხვა ვნებაა. დედა-ენა მის ბუნებაში, ძლიერ შველის და ეწევა აზროვნებისა და მგრძნობიარობის სიღრმავესა. უცხო ენა კი, როგორც ვთქვით, ვერას დროს ვერ ჩაატანს ღრმად კაცის ბუნებაში, როგორც მისთვის შეუსაბამო ნიადაგში, და ვერას დროს ვერ გაუწევს დედა-ენის სამსახურს კაცის აზროვნებას და გრძნობას. ამ შემთხვევაში არამც თუ თითონ უცხო ენა კაცის ბუნების ზედა პირზე სლიკინობს, დედა-ენისათვისაც უკვე შეუძლებლად ჰხდის ღრმად გაიდგას ფესვები, რადგანაც, ერთი შეურყეველი ფსიქოლოგიურის კანონის ძალით, პირველი ენის ჩაბეჭდილებანი გზაზედ ეღობებიან მეორე ენის ჩაბეჭდილებათა, არ უშვებენ ქვევით და სტოვებენ მათ ტვინის ზედა-პირზე. სხვა სიტყვით რომა ვსთქვათ, აქ უცხო ენა მოგაგონებთ იმ ავს ძალღსა, რომელიც თივაზედ იწვა, ვერც თვითონა სჭამდა და არც სხვას აჭმევდა. დიაღ, ძირითადს კუნჭულებს ბავშვის ბუნებისას გადაეღობება ხოლმე ზევიდან უცხო ენა და ვერც თითონ უწევს მათამდი და აღარც სამშობლო ენას უშვებს ძირს. ამ გვარად აღზრდილი ბავშვებისაგანაც პედაგოგები კეთილს არაფერს მოელიან. “ამ გვარად აღზრდილი კაცი”, ამბობს უშინსკი, “ვერ შეიძლება იოტის ოდენა რამე შეჰმატოს ხალხის გონებითს სიმდიდრეს, ვერ შეიძლებს უცხოური გადააქციოს ეროვნულად; ვერას დროს ვერ შეიგნებს თავსს ერსა და ვერას დროს ვერც ერისაგან იქნება იგი შეგნებული, იქნება უსარგებლო წევრი საზოგადოებისა, იქნება საბრალო კაცი, სამშობლოს მოკლებული, და მას ვერას უშველის, რაც უნდა ცხარე პატრიოტობის მასკა ჩამოიცვას”.
6
განსაკუთრებული ადგილი, რომელიც უჭირავს ქართულს ენას ევროპიულ ენათა შორის. ორკეცი მავნებლობა მისი გაცვლისა რომელსამე
ევროპულს ენაზე…
ამ გვარი მავნებელი გავლენა აქვს დედა-ენის გაცვლას უცხო ენაზედ მაშინაც კი, როდესაც ეს დედა-ენა განუვითარებელია, გაუშლელია და სდგას დაბალ ხარისხზედ. მით უმეტესად მავნებელი უნდა იყოს ზურგის შექცევა იმისთანა დედა-ენისა, როგორიც არის ქართული ენა, განვითარებული, გაშლილი, კულტურული, მდიდარი როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმითა, ენა სრულის ორგანიზაციისა, უამღლესი ხარისხისა.
მეორე მხრივ, ჩვენი ქართული ენა ისეთს განსაკუთრებულს მოვლენას შეადგენს ენათა შორის და ლინგვისტიკაში, ისე ნაკლებად ჰგავს სხვა ევროპიულს ენებს, რომ ზოგნი მეცნიერნი იძულებულნი არიან აღიარონ იგი განცალკევებულ თავისებურ ენად და არ მისცენ ადგილი არც ტურანულ და არც ინდო-ევროპიულ ენათა შორის.
ამის გამო ყოველი ევროიპიული ენა, რომელიც კი ქართველის ბავშვის გონებაში დაიჭერს დედა-ენის ადგილს, დაბადებს დიდს წინააღმდეგობას მის მეტყველების და აგებულების შორის და მის გონების ვარჯიშობას, მოძრაობას და განვითარებას სწორედ ისევე დაუშლის, როგორც ჩვენს სხეულს აბრკოლებს შეუსაბამო ტანისამოსი, რომელიც ზედ არის გამოჭრილი, ზოგან ვიწროა, ზოგან განიერი, ზოგან მოკლე და ზოგან გრძელი. ამ შემთხვევაში, ვიმეორებთ, უღრმესი მხარენი ბავშვის ბუნებისა რჩებიან უსაზრდოოდ, უმოქმედოდ, უვარჯიშოდ, ჭკნებიან და მიეცემიან ატროფია, გაუქმებას. აქ ბავშვის ბუნებას მოსდის იგივე, რაც მოუვა ხოლმე ღრმა სიმსუქნის მქონე მიწასა, რომელსაც იმის მაგიერ, რომ გუთნით მოხნან ღრმად, ზევიდან სჩიჩქნიან უღონო კავით; ყანის აღზრდაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ზედა პირი მიწისა, და ქვემოთა მისნი მსუქანნი ნაწილნი კი უქმად რჩებიან, და ამიტომ მოსავალი ამ გვარად მოხნულს მიწას მოჰყავს მცირე და მდარე.
დიაღ, მარტოოდენ დედა-ენას შეუძლიან გაუწიოს ბავშვის ბუნებას დალოცვილი გუთნის სამსახური, მხოლოდ მას ძალუძს ღრმად შესძრას იგი, მოჰხნას, შეამუშაოს და ავარჯიშოს ძირიან-ფესვიანად. ხოლო ვინც დედა-ენის მაგივრად ჰხმარობს უცხო ენასა, ამ სუსტ ამჩიჩქნავს კავს, იგი აუცილებლად აღზრდის თავისს შვილებში ზედაპირობას აზრისას, ფუქსავატობას მსჯელობისას, ქარაფშუტობას გრძნობისას და სისუსტეს ხასიათისას. ამ გვარად აღზრდილი ბავშვი თავისს დღეში ვერ გამოსცდის იმ სანეტარო აღტაცებას, რომელშიაც მოჰყავს ბუნების კანონზედ განვითარებული ყმაწვილი ხელოვნურს ხალხოსნურს ლექსსა, ან სხვა მშობლიურს ლიტარატურულს მადლიანს ქმნილებას, ვერას დროს მისი ნერვები ვერ ეღირსება იმ საამურს ციებ-ცხელებას, გამაცხოველებელს ჟრუანტელს, რომელსაც ჰბადავს ყველა დაუმახინჯებელს ყმაწვილში მშობლიური ჰანგი, სიმღერა, საუკეთესო გამომხატველი ერის სიხარულის და ნაღველის, – ვერას დროს ვერ იგრძნობს იმ კეთილშობილს აღტაცებას და აღმაფრენას, რომელსაც გამოიწვევს ხოლმე მოქმედება რომელისამე გმირი მამულიშვილისა.
7
სამეტყელო შემოქმედებითი ნიჭი. სრული გაუქმება მისი ადამიანში დედა-ენის უარყოფით… მაგალითები რუსეთსა და ჩვენში. ბელინსკი, პლეშჩეევი.
ორი დიდი პოეტი საქართველოისა.
ამითი არა თავდება სია იმ მავნე შედეგთა, რომელნიც მოსდევს დედა-ენის უარ-ყოფას. მხოლოდ დედა-ენა ხსნის ყოველს ადამიანში ერთს განსაკუთრებულს ნიჭსა, რომელიც მიმადლებული აქვს მხოლოდ მეტყველს ადამიანს. ამ ნიჭს ევროპიულს ენაზედ აქვს განსაკუთრებული ტერმინი, სახელი, ხოლო ქართული და რუსული ენა-კი მოკლებულია ამ ტერმინსა. ეს ნიჭი გახლავთ ალღო ენისა. მდგომარეობს იგი იმაში, რომ ბევშვიც კი სრულის გრამატიკულის კანონების დაცვით ჰთხზავს იმისთანა სიტყვებსა და ფრაზებს დედა-ენაზედ, რომელნიც არავისაგან არ გაუგონია, არ უსწავლია, და რომელნიც მის მშობლიურ ენის ბუნებას და ხასიათს სრულიად ეთანასწორებიან, ეთანხმებიან, ჰთხზავენ თავისუფლად და ავარჯიშებს თავის მეტყველების შემოქმედებითს ძალა. როგორ ხდება ესა? ისე, რომ დედა-ენა გამომდინარეობს ბავშვის ბუნებიდგან, როგორც ხმა საკრავ იარაღიდგან, ანუ, სულ რომ მდაბიური გამოხატულება ვიხმაროთ – ბავშვში ჩასახულია დაბადებიდგან დედა-ენა, და მის გარშემო მყოფნი თავისიანნი უფრო ბებიის როლს თამაშობენ, ვიდრე მასწავლებლისას. მაინც და მაინც, თუ ბავშვი ერთის მხრივ სწავლობს დედა-ენასა, ითვისებს მას გარეგან ზედ-გავლენის ქვეშ, მეორეს მხრივ შინაგანი მოთხოვნილებისა და მიდრეკილების წყალობით ჰქმნის მას, ჰბადებს, ჰშობავს. ენის ალღო გახლავთ ერთად-ერთი წმინდა წყარო ენის გამდიდრებისა, მისი გაფურჩქვნისა, განვითარებისა, მრავალის თავისებურის სტილისა. მოაკელით ადამიანებს ეს ნიჭი, – და ერის ენის სიცოცხლე შესდგება, შეჩერდება, გაქვავდება, და დაშრება წყარო ცოცხალის მეტყველებისა. არც ერთს უცხო ენას არ შეუძლიან ავარჯიშოს ალღო ენისა; იგი არ გამომდინარეობს ბავშვის ბუნებიდგან, არამედ მთლად გარედგან შედის მეხსიერების შუამავლობით. იგი ბავშვის აგებულობასთან არც ერთის ძალით არ არის დაკავშირებული, შორს არის მის სულსა და გულზედ, მის მიდრეკილებასა და მიმართულებაზედ. ამიტომ ბავშვი უცხო ენა სწავლობს მხოლოდ მეხსიერებითა, იხსომებს ყოველს სიტყვასა და ფრაზასა და მთლად მოკლებულია შეძლებას შემოქმედებითი ძალა ამუშაოს, ალღო ენისა ავარჯიშოს და განავითაროს. ამითი აიხსნება ის კარგად ცნობილი მოვლენა, რომ არც ერთს მწერალს, რომელსაც კი უცხო ენაზედ უწყვია წერა, არ შეუქმნია თავისებური სტილი და მეტ-ნაკლებობით ყოფილა უცხო და ღარიბის ენის პატონი. აქედან ცხადად დაისკვნება, რომ მოლაპარაკე მარტო უცხო ენაზედ მეტყველი არსებაა მხოლოდ და ნახევრობით და არა სავსებით.
ეხლა წარმოიდგინეთ, რომ უცხო ენაზე უბნობს და დედა-ენა დავიწყებია არა კერძო პირს, არამედ მთელს ხალხსა. რას ემგვანება იგი? არსებათა ხროვას, რომელნიც მხოლოდ ნახევრობით არიან მეტყველნი და სრულ ადამიანებად არ ჩაითვლებიან. რა ბედი მოელის ამისთანა ნახევარა ხალხს? დაქვეითება, გაღატაკება, დაცემა, აღმოფხვრა, გაქრობა.
რომ შემოქმედებითი ძალა დიდს მონაწილეობას იღებს დედა-ენის შეთვისებაში და უცხო ენის სწავლის დროს კი უქმად არის, ამას აშკარად გვამცნევს ის ფაქტი, რომ ზოგჯერ უგონიერესნი და უნიჭიერესნი პირნი, სუსტი მეხსიერების პატრონნი, მთელს თავისს სიცოცხლეში ერთს უცხო ენასაც ვერ შეისწავლიან ხოლმე, თუმცა ბევრსა ცდილობენ, და ამავე დროს დედა-ენის ღრმა ცოდნაში დ მის მარჯვე ხმარებაში ნამდვილს ვირტუოზობას იჩენენ და სამაგალითო, კლასიკურის ენით სწერენ და ლაპარაკობენ. ამ გვარნი პირნი ბევრნი მოიპოვებიან ყველა ქვეყანაში, ევროპასა, რუსეთსა, ჩვენში. მაგალითად, საკმარისია დავასახელოთ სახელოვანი რუსეთის კრიტიკოსი ბელინსკი. იგი სწერდა და ლაპარაკობდა ისეთი მშვენიერი, ისეთი ძლიერი და ისეთი მდიდარ რუსულ ენით, რომ ბადალი არა ჰყავდა და ახლაც არა ჰყავს. ამავე დროს მან გამოიჩინა საოცარი სისუსტე უცხო ენების შესწავლაში და მთელს თავისს სიცოცხლეში, წინააღმდეგ თავისი მხურვალე წადილისა და დიდის ხნის ცდილობისა, ვერ შეითვისა ვერც ნემეცური და ვერც ფრანგული, თუმცა ამ ენებს რუსულს ენასთან ახლო ნათესაობა აქვთ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ბელინსკის უკუღმართი მშობელნი ჰყოლოდა და ბავშვობიდანვე რუსული ენის მაგიერ ესწავლებინათ უცხო ენა. რა გამოვიდოდა? ბელინსკი მოაკლდებოდა მშვენიერს ცოდნას დედა-ენისას, შეეხუთებოდა აზრი და გრძნობა და უცხო ენასაც ხეირიანად ვერ შეითვისებდა. – და ამის პირდაპირი შედეგი იქნებოდა ისა, რომ იგი სახელოვანისა და შეუდარებელის კრიტიკოსის ნაცვლად, გამოვიდოდა უხეირო მწერალი, მოკლებული ძალასა, თავისებურობასა და გავლენასა.
მეორე საგულისხმო მაგალითი მოჰყავს პროფესორს პოტებნიას, სახელდობრ რუსთა პოეტი პლეშჩევი. ეს პოეტი ეკუთვნოდა არისტოკრატიულს ოჯახობას, სადაც გამეფებული იყო ფრანგული ენა, და რუსული ენა – განდევნილი. მარტო ფრანგული ენა ესმოდა მას თავისს სახლობაში, ესმოდა ყველა თავისი ნათესავებიდგან, მახლობელ ნაცნობებიდგან და თვითონაც მხოლოდ ამ უცხო ენაზე ლაპარაკობდა პატარაობიდანვე. კერძო წერილებსაც კი მარტო ფრანგულს ენაზე სწერდა მთელს თავისს სიცოცხლეში. ერთი სიტყვით, ფრანგულმა ენამ დაიჭირა მისს გონებაში, მისს სულსა და გულში ადგილი პირველის ენისა, ეროვნულის დედა-ენისა. ეს უკანასკნელი მან შემდეგში შეისწავლა, როგორც მეორე ენა. და უყურეთ, რა ნაყოფი გამოიღო ამ უკუღმართმა აღზრდამ. პლეშჩეევი სწერდა ბევრს ფრანგული პროზით და თითქმის ისევე თავისუფლად, როგორც ბუნებრივი ფრანცუზი სწერს; მაგრამ მისი ნაწერები მოკლებული იყო თავისებურობას და ძალას, თუმცა იგი დაჯილდოვებული იყო ბუნებით დიდი ნიჭით. ეს კიდევ არაფერი. საქმე ის იყო, რომ ამ ბუნებრივს პოეტს სრულიად არ შეეძლო ფრანგულად დაეწერა პატარა ლექსიც კი. თუმცა ძალიან გულით კი უნდოდა. რად? იმიტომ რომ ფრანგული ენა იყო მისთვის მეხსიერების ენა, ლექსების წერა კი ითხოვს ენას გრძნობისას, ენას გულისას და სამეტყველო მუსიკისასა. დიაღ, მეტყველებას თავისი მუსიკა აქვს, თავისი ჰარმონია, და ამ მუსიკის საიდუმლოს ენა უზიარებს მხოლოდ ღვიძლს თავისიანებს, მხოლოდ სამშობლოს ძეთა და ასულთა! სხვას არვის. ამის გამო ლექსების წერას პლეშჩევი ახერხებდა მხოლოს რუსულს ენაზე, თუმცა ბევრად ნაკლებად იცოდა ფრანგულზე. სწერდა კარგს, მგრძნობიარე ლექსებსა და მესამე ხარისხოვან პოეტებში დაიჭირა ადგილი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ პლეშჩეევს სრულიად არ ესწავლა რუსული და ფრანგული ენის ამარა დარჩენილიყო. მაშინ მისი პოეტური ნიჭი სრულიად ამაოდ ჩაივლიდა. რუსულად ვერას დასწერდა დედა-ენის უცოდინარობის გამო, და ფრანგულადაც ვერ მოახერხებდა, რადგანაც ამ ენას კავშირი არა ჰქონდა მის ეროვნულს გულთან და გრძნობასთან. პოტებნიას აზრით, პლეშჩეევი ბუნებით დიდი ნიჭის პატრონი იყო, და ეს ნიჭი მას დაუჩაგრა და შეუმცირა იმ გარემოებამ, რომ დედა-ენის ადგილი მისს სწავლა-აღზრდაში დაიჭირა უცხო ენამ და არა რუსულმა. ეჭვს გარეშეაო, ამბობს პოტებნია, რომ პლეშჩეევი ბევრად უკეთეს ლექსებს დასწერდა და თავ პოეტთა შორის დაიჭერდა ადგილსა, თუ რომ მისს სწავლა-აღზრდაში რუსულს ენას სჭეროდა ადგილი დედა-ენისაო.
რუსეთიდგან დავბრუნდეთ საქართველოში და ვიკითხოთ: რა მოუვიდოდ ორს დიდს პოეტს საქართველოისას, რომ მათ ქართული ენა არ ესწავლათ და აღზრდილიყვნენ მხოლოდ რუსულ ენაზე? სრული დაქვეითება მათი დიდი პოეტური ნიჭისა და მტკნარი უფერულობა იქნებოდა ამის აუცილებელი შედეგი. ქართულად იგინი პოემებს ვერ დასწერდნენ, დედა-ენის უცოდინარობის გამო და რუსულად ვერ მოახერხებდნენ უხეირო ლექსების დაწერასაც კი. მოთხრობანი და სხვა მათნი ქმნილებანი, რუსულ ენაზე დაწერილნი, სავსებით მოკლებულნი იქნებოდნენ თავისებურობას ენისას და შინაარსისას, და დიდი პოეტების და დიდი მამულიშვილების მაგივრად იგინი გამოვიდოდნენ უბრალო, უფერულნი კალმოსანნი. წინააღმდეგ ამისა, თუ მათს აღზრდა-სწავლაში მეტი ადგილი სჭეროდა დედა-ენასა და ეროვნებას, მათი შემოქმედებითი ნიჭი, მათი თავისებურობა იმატებდა, უფრო მაღალს ხარისხზე ავიდოდა და ისინი ქართულს ლიტერატურას გაამდიდრებდნენ უფრო კიდევ დიდებული და თავისებური სხვა-და-სხვა ქმნილებითა.
8
მნიშვნელობა ჩვენთვის ევროპული ენების შესწავლისა საზოგადოდ და
კეროდ რუსული ენისა. რა წესით და რა რიგით უნდა ხდებოდეს
ეს შესწავლა.
არა გვგონია, რომ ჩვენს მკითხველებს შორის აღმოჩდნენ იმდენად უბირის და ჩლუნგის გონების პატრონნი, რომ გადაასხვაფერონ ჩვენი სიტყვები და დაგვაბრალონ უცხო ენათა შესწავლის უარყოფა. როდესაც რუსსო ჰქადაგებდა, რომ ყოველი დედა, თუ მას ჰსურს ჯანმრთელნი შვილნი აღზარდოს, თავისს წმინდა მოვალეობად უნდა სთვლიდეს, საკუთარი ძუძუ აწოვოს მათ და მშობლიური რძით გაზარდოს, ეს, რასაკვირველია, იმას კი არ ნიშნავდა, რომ ბავშვებს დედის რძის მეტს ნურას მიაკარებთო, არამედ იმასა, რომ ბავშვის ბუნება ჯერ დედის რძით უნდა საზრდოობდეს, იზრდებოდეს და როდესაც საკმარისად შემაგრდება, მაშინ სხვა საჭმლის ძლევაც უნდა დაუწყონ. ყოველი საღის ჭკუის ადამიანი ასე ჰფიქრობს დედა-ენის შესახებაც. პირველს სულიერს საზრდოს დედა-ენა უნდა აძლევდეს ბავშვსა და როდესაც ეს საზრდო გაამაგრებს გონებასა, მაშინ დედა-ენა უნდა გახდეს საძირკველად, რომელზედაც აშენდება უცხო ენათა გონივრული შეთვისება.
ევროპულ ენათა შესწავლას და ცოდნას ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ყველასათვის და განსაკუთრებით ჩვენთვის, რომ ამ მნიშვნელობის გაზვიადება შეუძლებელია. კარლემ მეხუთემ, ავსტრიის და ისპანიის იმერატორმა, რომელიც დიდს კმაყოფილებას ჰხედავდა ენების შესწავლაში, სთქვა: “როდესაც რომელსამე ახალს ენას ვსწავლობ, მე ისე ვგრძნობ ჩემს თავს, თითქოს ახალი სული მიდგებოდესო”. დიდმა პოეტმა და ბრძენმა გერმანიისამ გიოტემ ამას დაუმატა: “ვინც დედა-ენის გარდა არა ენა არ იცის, მან რიგიანად არც ეს დედა-ენა იცისო”. დაწინაურებულნი ევროპიელნი, რომელთაც აქვთ თავისი საკუთარი უმდიდრესი ლიტერატურა, რომელთა დედა-ენა სავსეა მრავლის მეცნიერულის თხზულებით და ლიტერატურული ქმნილებით, და რომელთა კულტურა მიწეულია უმაღლეს ხარისხამდე, ისინიც კი საჭიროდ ჰრაცხვენ სხვა ევროპიულ ენები ისწავლონ. განათლებულნი ფრანციელები, ინგლისელები, გერმანელები ცდილობენ ერთმანეთის ენები შეითვისონ და თავიი ერის გონებითს საუნჯეს დაუმატონ გონებითი სიმდიდრე თავიანთის განათლებულის მეზობლებისა.
მით უმეტესად საჭიროა ჩვენთვის ევროპიული ენების შესწავლა, ჩვენთვის, რომელთაც არ შეგვიძლიან დავიკვეხოთ არც მდიდარი ლიტერატურა, არც ფართო მეცნიერება და არც მაღალი კულტურა… მხოლოდ მტერს შეუძლიან ურჩიოს ქართველებს: შეაქციეთ ზურგი უცხო ენებსა და დარჩით მარტო დედა-ენის ამარაო. ეს იქნება მეორე უკიდურესი უკუღმართობა, არა ნაკლებად მავნებელი პირველის უკუღმართობისა. მისი მიუცილებელი შედეგი იქნებოდა: სიღარიბე ქართული აზრისა, სიღატაკე ქართული მეცნიერებისა, სივიწროვე გონების ჰორიზონტისა, შეჩერება პროგრესისა, წარმატებისა, დამყარება უძრავის ცხოვრებისა. ამიტომ, ყოველმა მოკეთემ ქართველებისამ დაჟინებით უნდა ურჩიოს მათ: ისწავლეთ, რაც შეიძლება ღრმად და ზედმიწევნით, ევროპული ენები და სვით ევროპიული მეცნიერება ხარბად და გაუმძღრად… მაგრამ ამასთან არას დროს არ უნდა დაივიწყოთ, რომ ყოველი ევროპიელი ჯერ საფუძვლიანად ითვისებს თავისს მშობლიურს ენასა და მხოლოდ მასუკან შეუდგება ხოლმე უცხო ენების ცოდნის შეძენას.
რაც შეეხება კერძოდ რუსულს ენასა, ჩვენთვის, ქართველებისათვის, მას მრავალ-გვარი მნიშვნელობა აქვს. იგი არის, პირველად, სახელმწიფო ენა, სავალდებულო ყველა ქვეშევრდომ ხალხთათვის; მეორედ, იგი კულტურული ენაა, რომლის დახმარებით ვითვისებთ ევროპიულს განათლებას და რომესაც მიუცილებლად მოელის მნიშვნელობა ერთის მსოფლიო ენისა; მესამედ, იგი არის ენა ხალხისა, რომლის ბედთან ისტორიამ და ხალხის სურვილმა შეაერთა ბედი საქართველოსი. ამიტომ რუსული ენა უნდა მიუცილებლად მისდევდეს ქართულ ენასა, როგორც სკოლაში, ისე სახლობაში, და ქართველები უნდა ვცდილობდეთ სრულად შევითვისოთ ეს ენა და მისი ლიტერატურა.
მხოლოდ, რათა ეს შეთვისება იყოს ჩვენთვის სარგო და სასარგებლო, საჭიროა იგი ემორჩილებოდეს ბუნებისა და პედაგოგიის კანონს, რომელიც მოითხოვს, რომ მეორე ენა სახლობაში ისწავლებოდეს მასუკან, როცა ბავშვი კარგად გაიმართება დედა-ენაში, დაახლოებით მეშვიდე წლიდგან, და სკოლაში არა უადრეს მეორე წლისა. თუ ჩვენ, ქართველები, ჭკუიტ მოვიქცევით და ამ რიგსა და კანონს არ ვუღალატებთ, რუსულის ენის შეთვოსება არამც თუ არ ავნებს ქართულს ენას, არამედ ძლიერ დაეხმარება მის წარმატებასა და აყვავებას. ამ რიგზედ დაყენებული სწავლება ენებისა მოზარდ თაობას შემოქმედებითს ძალას გაუძლიერებს, შედარებითს ნიჭსაც უვარჯიშებს, რადგან ყოველ ნაბიჯზე უცხო ენას ადრებინებს დედა-ენასთან და უხსნის მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებასა, ენის ბუნებას ღრმად შეათვისებინებს და ორკეცს მეტყველობას მიანიჭებს. ამ სანატრელის შედეგისათვის ჩვენ გვმართებს მხოლოდ მტკიცედ ავასრულოთ დედა-ენის, რუსულის და სხვა ენების შესახებ ის მოძღვრება, რომელიც მაცხოვარმა გამოხატა სიტყვებით: “მიეცით ღმერთსა ღმერთისა, კეისარსა კეისრისა”. ძლიერ ადვილია კაცმა წამოროშოს: ხიდს ქვეშ ქართული, ან რუსულიო. ამისთვის საჭიროა მხოლოდ მოძრაობა ტუტუცურის ენისა და სულელის ყელისა. მაგრამ, ვინც საქმეს სჯის გონებით და სინდისით და ვისაც სამშობლოს სიკეთე და ბედნიერება სათამაშო ბურთად არ მიაჩნია და ჰეროსტრატულის სახელის მოპოვება უმთავრეს თავის მიზნად არა აქვს დასახული, იგი ყოველთვის იტყვის: რათა ტაატით არ იაროს საქართველოს ეროვნების ეტლმა, ან არ გაჩერდეს ერთს ადგილას, საჭიროა მასში შევაბათ ძირში ქართული ენა და ყევრად მოვუბათ რუსული ენა და სხვა ენები. მაშინ, და მხოლოდ მაშინ, ეტლი ჩვენი ეროვნების ჯეროვანის სისრაფით ივლის ცხოვრების გზაზედ და მიაღწევს სამშვიდობო სადგურსა.
აქ ერთი გარემოება ითხოვს აღნიშვნას. ჩვენთვის, ქართველებისათვის, ბევრად უფრო ძნელია რომელისამე ევროპული ენის შესწავლა, ვიდრე სხვა ევროპიელებისათვის. უმთავრესი მიზეზი ამისა ის გახლავთ, რომ ჩვენი ენა ძლიერ განირჩევა ევროპიულ ენათაგან და ამ უკანასკნელს ენებს კი ახლო ნათესაობა აქვთ ერთმანეთში. ამიტომ ჩვეულებრივს ნიჭის პატრონი ქართველი ჭკუით მოიქცევა, თუ ქართულს და რუსულს გარდა შეეჭიდება მხოლოდ ერთს რომელსამე ევროპიულს ენასა და ისწავლის მას კარგად, ზედმიწევნით, ღრმად. სამისა და ოთხის ევროპიულის ენის გამოდგომა ამისთანა პირს არ მოუხდება: ვერც ენებს შეისწავლის ხეირიანად და აზროვნობაც დაუქვეითდება, რადგანაც შინაარსით გამდიდრების მაგიერ სულ ფორმებით გამდიდრებაში იქნება გაბმული. ეს ჩვენი რჩევა, რასაკვირველია, არ შეეხება განსაკუთრებულის ნიჭის პატრონებსა, რომელთაც შEუძლიანთ სრულიად შეითვისონ რამდენიმე ენა და თავისი გონების სიმდიდრესაც ზარალი არ მისცენ. რაც შეეხება დროს, საიდგანაც უნდა იწყებოდეს ევროპულის ენის სწავლება, ამ დროდ უნდა ჩაითვალოს ის ჟამი, როდესაც ყმაწვილი რუსულ ენაზე თავისუფლად იწყებს ლაპარაკს და გაიმართება, რაც მეთორმეტე წელიწადზე ადრე მოულოდნელია. მეტი იქნება ამას დავუმატოთ, რომ როგორც რუსულის ენისა, ისე ევროპულის სწავლების დროს დედა-ენაში ვარჯიშობა არ უნდა შესწყდეს, რათა ბავშვმა შეითვისოს მთელი სიმდიდრე სამშობლო ენისა და შეიქმნას ნამდვილი მეტყველ არსებად სრულად და სავსებით.
9
დედა-ენის მნიშვნელობა ეროვნების და განათლების აღორძინებისათვის.
მაგალითები სხვა-და-სხვა ისტორიიდგან.
თუ მსოფლიო ისტორიას გადავათვალიერებთ, იქაც ვპოვებთ დამტკიცებას იმ აზრისას, რომ ზურგის შექცევა დედა-ენისა დიდად ვნებს ხალხსა, აქვეითებს და უკან სწევს. არა ერთხელ მომხდარა ხალხთა ისტორიულს ცხოვრებაში, რომ მაღალი წოდება რომელისამე მცირე, მეორე ხარისხის ტომისა განზედ გასდგომია თავის ენასა, უარ-უყვია იგი, აღარ უკადრნია და დედა-ენად დროებით გადაუქცევია სახელმწიფო ენა, ენა დაწინაურებულ ხალხისა. ამ მოვლენას ვხედავთ, სხვათა შორის, ავსტრიის სლავიანების და უნგრეთის ისტორიაში. იყო დრო, ამბობს ერთი რუსი მეცნიერი, როდესაც უნგრეთის მაგნატები და სლავიანთა პანები აღარ კადრულობდნენ დედა-ენას, ათვალწუნებული ჰქონდათ და თავისს შვილებს აკვნიდგან ნემენცურს ენაზედ ალაპარაკებდნენ. მერე რა გამოვიდა აქედგან? ამ ვაჟბატონებს ეგონათ, რომ თავიანთ შვილებს დაწინაურებდნენ, მაღალგონების ხარისხზედ აიყვანდნენ. ის კი არა თუ გონების სისუსტე და სიმახინჯე მოიმკეს. ისტორია ამოწმებსო, განაგრძობს იგივე ავტორი, რომ ეს ხანა უნგრელების და სლავიანებისა მათ წარსულში იყო სრულიად უნაყოფო; თითქმის ვერც ერთს გამოჩენილს ნიჭის პატრონს ვერ მოსძებნიდით მათ შორის და იმდენად სუსტი სჩანდნენ გონების ძალით და მხნეობით, რომ მათი მომავალი აღარავის სწამდა და მათს განქარწყლებას მოელოდნენ. მაგრამ როდესაც ერთნიც და მეორენიც მიხვდნენ თავისს დაცემის მიზეზსა, მიაქციეს ჯეროვანი ყურადღება დედა-ენას, მშობლიურს ლიტერატურას და ისტორიას, ეროვნულს მილებში დააწყებინეს დენა ევროპიულს განათლებას, მაშინ გაცოცხლდნენ, მოღონიერდნენ, არა ერთი მაღალ-ნიჭიერი პირი გამოიყვანეს საზოგადო ასპარეზზედ, წინ წასწიეს თავისი ცხოვრება და ამჟამად სავსენი არიან ბრწყინვალე მომავლის იმედით. რუსეთშიაც ვხედავთ მსგავსსავე მოვლენას. უნიჭო სუმაროკოვების, ხერასკოვების, ტრედიაკოვსკების მაგიერ გამოვიდნენ სალიტერატურო ასპარეზზედ გრიბოედოვი, გოგოლი, პუშკინი, ლერმონტოვი, ბელინსკი მას შემდეგ, როდესაც მაღალს წოდებაში ფრანგულის თაყვანის-ცემა შემცირდა და ჯეროვანი პატივი მიენიჭა რუსულ ენას და ლიტერატურას როგორც ოჯახობაში, ისე სკოლაში.
არა ნაკლებ საგულისხმიერო მაგლითს წარმოგვიდგენს ერთი კუთხე ინგლისის სახელმწიფოსი, სახელდობრ უელსი. უელსს უჭირავს დასავლეთის კუთხე ინგლისის კუნძულისა და იპყრობს დაახლოებით იმდენსავე მცხოვრებლებს, რამდენსაც საქართველო. უელსელები ჩამომავლობით ძლიერ განირჩევიან ინგლისელებისაგან და ლაპარაკობენ სრულიად სხვა ენაზედ. წინად მათ ზურგი შექცეული ჰქონდათ დედა-ენისაკენ, არ ზრუნავდნენ თავისს მშობლიურს ლიტერატურაზედ. მოკლებულნი იყვნენ ეროვნულს სკოლებსა და მხოლოდ ინგლისური სკოლები არსებობდა მათ შორის, და რა შედეგი მოჰყვა ამ გზა-დაბნეულობას? ის შედეგიო, ამბობს იგივე ავტორი, რომ უელსელნი არამც თუ თითონ იყვნენ უვიცნი, ბრიყვნი და ღატაკნი, არამედ, თვითონ ინგლისის წარმატებასაც ხელს უშლიდნენ, რადგანაც პარლამენტში ჰგზავნიდნენ ძველის წესების დამცველებსა, ობსკურანტებსა, რეტროგრადებსა. მაშინ ინგლისში უელსელები ისე მასხრად ჰყავდათ აგდებული, როგორც ჩვენში მოხისელები და რუსეთში პაშხონელები… მაგრამ იცვალა დრო. უელსელებმა შეიგნეს თავისი დამღუპველი შეცდომა, მიაქციეს ყურადღება დედა-ენასა, დამართეს ეროვნული სკოლები, მიჰყვეს ხელი სამშობლო ლიტერატურის აღორძინებას, შეადგინეს მრავალი სახელმძღვანელო და სახალხო წიგნები დაარსეს ჟურნალ – გაზეთები დედა-ენაზედ და ისთ წარმატებაში შევიდნენ, რომ არამც თუ თავისი საქმე გაიჩაღეს, არამედ თვითონ ინგლისზედა, იმავე რუსის მეცნიერის სიტყვით, სასარგებლო ზედგავლენა მოიპოვეს. აქ ფრიად შესანიშნავია ერთი ფაქტი; სახელდობრ ისა, რომ ინგლისელები, რომელნიც წინად უარყოფდნენ უელსელების დედა-ენასა და ეროვნობას, ცხადად მიხვდნენ, რომ ეს უარყოფა ორივე მხარისათვის მავნებელია და ამიტომ გულწრფელი მონაწილეობის მიღება იწყეს უელსელის ენის და ლიტერატურის შემუშავებაში, აღორძინებაში, ასე რომ ამჟამად სახელმძღვანელონი და სახალხო წიგნები, დაბეჭდილნი უელსელს ენაზედ, ნახევრობით დაწერილნი არიან თვით ინგლისელებისაგანო, ვკითხულობთ იმავე ავტორის თხზულებაში.
ბრწყინვალედ ამართლებს ამავე აზრს შოტლანდიის და ბრეტონის მაგალითი. ეს ქვეყნები დასახლებულნი არიან ერთი და იმავე თესლის ხალხებითა, კელტთა ჩამომავლობითა. მხოლოდ ბრეტონი სძევს დასავლეთს საფრანგეთში, შოტლანდიას კი უჭირავს ჩრდილო ნაწილი ინგლისის სახელმწიფოსი. უკანასკნელი ქვეყანა მეჩვიდმეტე საუკუნეში მეტად უიმედო მდგომარეობაში იყო. უკიდურესი სიღატაკე, უვიცობა, სიმხეცე, სიზარმაცე, ძარცვა-გლეჯა და სრული სიველურე მთელს ხალხს მოდებული ჰქონდა. ყველა მეზობელი ხალხი ზიზღით უყურებდა შოტლანდიელებსა. მათი გამობრუნება, ადამიანად ქცევა აღარავის სწამდა. შინაურნი და გარეულნი უქადნენ გახრწნას, გადაშენებას, გაქრობას. მაგრამ მეთვრამეტე საუკუნის დამდეგში შოტლანდიის პარლამენტმა იხმარა ერთი ღონისძიება, რომელიც უებარი აღმოჩნდა. მან გამოსცა ბრძანება, რათა ყოველს სოფელში გახსნილიყო სკოლა და სწავლა-აღზრდა მოწყობილიყო შოტლანდიურ ენაზე. ბრძანება ესე აღსრულებულ იქნა სავსებით. და რა მოხდა? ეროვნულმა სახალხო სკოლამ მოკლე ხნის განმავლობაში სწორედ სასწაული ჰქმნა. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შოტლანდიის ერი ავიდა იმდენადვე მაღლა თავისს მეზობელს ხალხებზე ჭკუა-გონებით, ზნეობით და დოვლათით, რამდენადაც იგი წინად უკან იყო ჩამორჩენილი. ყოველი მეზობელი ხალხი, წინანდელი ზიზღის მაგივრად, ახლა შოტლანდიელებს შესცქეროდა პატივისცემით და შურით და დღესაც შოტლანდია წარმოადგენს ერთს უბედნიერეს კუთხეს მთელის ევროპისასა… ასე გვამცნევს სახელოვანი ინგლისელი ისტორიკოსი და მეცნიერი მაკოლეი, რომლის აზრი ამ საგნის შესახებ მკითხველს შეუძლიან გაიცნოს ვრცლად ჩვენი რუსული წიგნიდგან: “Как улучшить кавказскую народнувю школу” (გვერდი 3-6).
სრულიად სხვა სურთს ვხედავთ ბრეტონში. ბრეტონელები ნიჭით შოტლანდიელებს, როგორც მონათესავე ხალხს, არც წინად დაუვარდებოდნენ და არც ახლა დაუვარდებიან. მაგრამ კეთილდღეობით კი განუზომლად უკან სდგანან. ბრეტონი წარმოადგენდა და წარმოადგენს ერთ ღარიბს, უვიცს და ცრუმორწმუნეობაში ჩაფლულს კუთხეს საფრანგეთისას. იმდენს რეტროგრადს, იმდენს რეაქციონერს დეპუტატს საფრანგეთის პარლამენტში არც ერთი კუთხე არა ჰგზავნის, რამდენსაც ბრეტონი. და ეს უკან ჩამორჩენა ბრეტონს წილად ერგო მხოლოდ იმის გამო, რომ იქ ხალხის განათლება მოწყობილი იყო არა ბრეტონულს ენაზე, არამედ ფრანგულზე. სწორედ ამ მიზეზს აბრალებენ ბრეტონის დაქვეითებას და უკან ჩამორჩენას, როგორც თვითონ განათლებული ბრეტონელები (მაგალითად გოლი), ისე სხვებიც და თვით რუსის პუბლიცისტნი, მაგ. “Вестник Европы”-სა.
ერთი სიტყვით, ხალხთა განათლების ისტორია სავსებით ამართლებს ყოფილი კავკასიის მზრუნველის ნევეროვის აზრსა: Нее образовании без возможно – полного знания своего родного языка, как арудия мысли, და ფიხტე უფროსის შემდეგ მსჯელობასა: “მხოლოდ იმ ხალხს შეუძლიან პროგრესის გზაზე იაროს, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს თავისს დედა-ენაზე”…
ამას ისიც გვინდა დაუმატოთ, რომ ევროპაში წინათ შეუნიშნავთ ერთი ფრიად სავალალო შედეგი დედა-ენის უარყოფისა. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ახალი თაობა, აღზრდილი თავისი ენის, ქვეყნის და ისტორიის უვიცობაში და აბუჩად აგდებაში, გულს იცრუებს დედ-მამასა და ნათესავებზედ და ხშირად შვილებრივის სიყვარულის მაგიერ სიძულვილს უჩვენებს მათ და ამ სახით ირღვევა ოჯახობა, სახლობა, ეს ქვაკუთხედი ყოვლის ერის სიმტკიცისა და წარმატებისა. ამ შემთხვევაში დედ-მამა თავისის უკუღმართობის გამო ისევე საშინლად ისჯება, როგორც დაისაჯა შჩედრინის ერთი გმირი, რომელმაც შვილის ბედნიერებისათვის ყოველი საძაგლობა ჩაიდინა და ბოლოს შვილის სიყვარულის მაგიერ მისი ზიზღი და სიძულვილი მოიმკო.
10
მაგალითები საქართველოს წარსულიდგან და აწმდგომიდგან.
ქართველთა ტომთა ცხოვრებაში კიდევ უფრო თვალი ამხელს მაგალითებს ვხედავთ. თუ რა კარგი შედეგი მოსდევს მას, როდესაც ქართული სკოლა წინ უძღვის რუსულს სკოლას ქართველის განათლებაში, ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოგვიდგენს გმირი ნაპოლეონის დროისა სახელოვანი სარდალი ბაგრატიონი. ამ სახელ-განთქმულმა ქართველმა ჯერ ქართული სკოლა საერო და სამხედრო გაათავა და შემდეგ ვაჟკაცობის დროს რუსეთში წავიდა. რუსული ენა მთელს თავისს სიცოცხლეში იმდენად ნაკებად იცოდა, რომ მისი რუსული ლაპარაკი უფრო მტვრევა იყო. გარნა ვისაც შლოსერი და სხვა ისტორიკოსები ყურადღებით უკითხნია, ეცოდინება, რა მაღლა აყენებენ ამ სამხედრო ქართველს გმირსა. იგინი უპირატესობას აძლევენ მას ნაპოლეონის უნიჭიერესი მარშლების წინაშე და აღიარებენ, რომ თვით ნაპოლეონსაც საქმეს უჭირებდა ბრძოლის ველზედ და მარჯვედ ეწინააღმდეგებოდაო. ეს მაგალითი გვიმტკიცებს, რომ ქართული სკოლა, დამთავრებული რუსულის სკოლით, ზრდის ერთის მხრით ძლიერს სიყვარულს სამშობლოსას, მეორე მხრივ ერთგულებას რუსეთისას.
აქ შეიძლება მკითხველს გაახსენდეს გამოჩენილი პროფესორი თარხნიშვილი და ჩასთვალოს იგი წინააღმდეგ მაგალითად. მაგრამ ეს დიდი შეცდომა იქნება. პროფ. თარხნიშვილი ჩვიდმეტ წლამდინ არა სასწავლებელში არ შესულა. იზრდებოდა თავისს სახლობაში და მეტი ნაკლებობით ეროვნულის ცხოვრების გავლენის ქვეშ იყო. მხოლოდ ჩვიდმეტ წლისა გაემგზავრა იგი პეტერბურგს, სადაც იგი მოკლე ხნის განმავლობაში საუნივერსიტეტო ეგზამენისთვის მოამზადა ბესარიონ ღოღობერიძემ. ყოველ შემთხვევაში აქ წინააღმდეგობას ჩვენის აზრისას დაინახავს მხოლოდ აჩქარებული გონება, რომელიც სჯის საგანს ზედაპირი ჩაბეჭდილების მიხედვით და არა სინჯავს საქმეს საარსო მხრით. მეცნიერი და პედაგოგი იტყვის: უეჭველია, თარხნიშვილს ბუნებისაგან ჰქონდა მინიჭებული მეტად ძლიერი გონება და ეს გონება რომ აღზრდილიყო დასაწყისში დედა-ენის, მშობლიური ლიტერატურის და ისტორიის გამაცხოველებელ გავლენის ქვეშ, უფრო კიდევ მომეტბულს ძალას, მომეტებულს შემოქმედებით ნიჭს გამოიჩენდაო.
უფრო კიდევ ხმა-მაღლა ღაღადებს ამ შემთხვევაში შედარება აჭარლებისა და შავშელ-ერუშელებისა. უკანასკნელნი ძველ საუკუნოებში განთქმულნი იყვნენ თავისი მამაცობით, გამბედაობით, ვაჟკაცობით და შეადგენდნენ წინა ბურჯს საქართველოსას. მაგრამ შემდეგში მათ ძალა-უნებურად უღალატეს ეროვნებას და დედა-ენას, გასცვალეს იგი ოსმალურს ენაზედ და ჩვეულებაზედ, და რა შედეგი მოიმკეს? ვისაც კი ბ-ნ ყაზბეგის მოგზაურობა წაუკითხნია ყოფილს ოსმალეთის საქართველოში, ეცოდინება, რომ ეხლა შავშელ-ერუშელები ყოვლად საცოდავნი, მხდალნი და წყალ-წაღებულნი არიან. წინად მათ შურის თვალით უყურებდნენ მეზობელნი, ახლა კი დაბრიყვებულნი და მასხრად აგდებულნი ჰყავთ. სრულიად სხვა სურათსა ვხედავთ აჭარაში. მართალია, აჭარლებმაც სარწმუნოება შეიცვალეს, მაგრამ ენასა და ეროვნებას არ უღალატეს და თავით ფეხებამდის დარჩნენ ქართველებად. და დახეთ, რა ვაჟკაცობით, გამბედაობით და მხნეობით არიან შემკულნი!
მაგრამ შროს სად მივდივართ, გარშემო მივიხედ-მოვიხედოთ და უფრო გასაოცარს და საგულისხმო მაგალითებს დავინახავთ. პირველს მაგალითს წარმოადგენს ჩვენი ნასწავლი ქალობა. არც ერთს სხვა ერის ქალების აღზრდაში არ არის ისე უდიერად და უგუნურად უარ-ყოფილი დედა-ენა, და ყველაფერი მშობლიური, როგორც ქართველ ქალების აღზრდა-სწავლაში. მეორე მხრით არსად ნასწავლი ქალობა ისე დაქვეითებული არ არის, როგორც ჩვენში. გულწრფელად რომ გამოვტყდეთ, ათიოდე მანდილოსანს გარდა, მთელი ჩვენი ნასწავლი ქალობა წარმოადგენს თავსუბუქა არსებათა გროვას, რომელნიც მოკლებულნი არიან საღს ადამიანურს აზროვნებასა, მაღალს მისწრაფებასა, დამჯდარს ხასიათსა, და წამის ჩაბეჭდილებანი მათს ათამაშებენ, როგორც ქარი ბურბუშელას. ქართველმა ქალმა ვერ იჩინა თავი ვერც ერთს მეცნიერბაში, ვერც საზოგადო საქმეებში. ახლანდელი ქართველი ქალი აჩრდილიც არ არის წინანდელის მანდილოსნისა, რომელიც წარმოადგენდა მტკიცე, განსაზღვრულს და მეტად პატივსაცემს ტიპს, აღზრდილსა და დამთავრებულსა ეროვნულს ნიადაგზედ. იგი აგრეთვე ბევრად უკან ჩამოურჩება ახლანდელს უბრალო წოდების ქართველ ქალსაც, რომელიც თავისს სფერაში ძალაა და არა უძულრება, როგორც პირველი.
ახლა გავიხსენოთ ჩვენი ზოგიერთი არისტოკრატიული გვარეულობანი, საიდგანაც ქართული ენა და ქართული ეროვნება გამოძევებულია, და მივცეთ ჩვენს თავს საკითხი: მოიპოვება ამ გვარეულობათა შორის ამჟამად ერთი მაინც, მაღალის ნიჭის და შესანიშნავის მხნეობის პატრონი? დიოგენის ფარნითაც რომ ეძებო, მათ შორის ვერ აღმოაჩენ ამ გვარს პირსა.
მეორე მხრითაც თუ მოვუვლით საქმეს, აღმოჩნდება, რომ ჩვენი მაღალ-ნიჭიერნი მომქმედი პირნი, რომელნიც ჩვენს ამპარტავნობას შეადგენენ და შეადგენენ დღესა, რომელთაც გაავლეს ჩვენს ცხოვრებაში ღრმა და ნაყოფიერი კვლები და რომელთა სახელი იხსენიება და იდიდების, ვიდრე ქართველთა ერი იცოცხლებს დედა-მიწს ზურგზედ, გამოვიდნენ იმ სახლობათაგან, სადაც ქართულს ენას და ყველა ქართულს საუნჯეს დიდის პატივით და სიყვარულით ეპყრობოდნენ. ამასთან იმასაც შევნიშნავთ, რომ, თუ ჩვენში იპოვებოდნენ და იპოვებიან უცხო ენების მშვენივრად მცოდნენი, ეს იყვნენ და არიან ის პირნი, რომელთაც პატარაობიდანვე ქართული ენა ზედ-მიწევნით შეუსწავლიათ და ამ ცოდნაზედ აუშენებიათ რუსულის, ფრანგულის, ინგლისურის და ნემეცურის ენების შესწავლა. მაგალითად საკმარისია დავასახელოთ დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ორბელიანი, გიორგი ერისთავი, კონსტანტინე მამაცაშვილი, ივანე მაჩაბელი, ნიკო დადიანი და სხვანი.
11
ეროვნობის დაცვა ევროპასა და ჩვნში. ჩვენი ქამობა. ევროპიელი მწერლების მიერ გამოსარჩლება ჩვენის წარსულისა.
უდიდესი მნისვნელობა დედა-ენისა და ეროვნებისა ხალხის სიცოცხლისა და წარმატებისათვის კარგად შეიგნეს ევროპაში, მეტადრე ბოლო ხანებში, და ყველა პატარა ერი, დიდს სახელმწიფოსთან შეერთებული, სცდილობს დაამტკიცოს, რომ იგი ღირსია დაცულ იქმნას თავისის ენით, ლიტერატურითი, ხალხოსნობით. საუკეთესო ღონისძიებად ამ წადილის მისაღწევად მათ მიაჩნიათ გამორკვევა და გამოაშკარავება თავისი წარსულის ცხოვრების ღირსებისა, ღვაწლისა, თავისებურობისა. ხშირად ამ გამოკვლევას აქვს ადვოკატური, გამოსარჩლებითი ხასიათი; ღირსებანი დიდდებიან, ნაკლულევანებანი მცირდებიან, მაგრამ მას სარჩულად უძევს უწმინდესი გრძნობა – მამულის სიყვარული – და უზენაესი მიზანი – დაცვა თავისის ერის სიცოცხლისა, ამ “ღვთის უდიდესი ქმნილებისა ქვეყნიერებაზედ”, უშინსკის სიტყვით. ამ გამოსარჩლებას იშვიათად არ მოსდევს უსიამოვნო შედეგი მოსარჩელეთათვის; მაგრამ მათ ამ შემთხვევაში ამხნევებს ის დიდებული ეთიკური ანუ ზნეობრივი აზრი, რომელიც ერთმა ჩვენმა პოეტმა ლამაზად გამოსთქვა ამ ლექსით: “რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს, ეგ ვერაფერი სიყვარულია, საქმე ის არის, კაცს ის უყვარდეს, ვინც ბედისაგან დაჩაგრულია”.
ჩვენ შორის რაღასა ვხედავთ? ხშირად სრულიად წინააღმდეგსა. საარაკო უკუღმართობის გამო ყოველს ღონისძიებასა ვხმარობთ, რომ ჩვენის წარსულის ყოველი ღირსება დავმალოთ, უარ-ვყოთ ყოველივე მისი თავისებურობა და ღვაწლი, გავათახსიროთ, დავამციროთ, მიწასთან გავასწოროთ, ამითი გამოვუთხაროთ ძირი ჩვენს აწმდგომსა და მომავალსა და გარეშე პირთ ვათქმევინოთ ესა: რამდენიმე ათასი წელიწადი ქართველებს გქონდათ საკუთარი ისტორიული ცხოვრება და სახელმწიფო, ხანდახან ძლიერიც, და იოტის ოდენა კი კულტურისათვის, თქვენივე სიტყვით, არა გაგიკეთებიათ-რაო. ეს უტყუარი საბუთია იმისა, რომ თქვენი ეროვნება უძლურია, უნიჭოა, ფუქსავატია და სრულიად ღირსი არ არის დაცვისა და სიცოცხლისაო; თქვენ თუ მასალად გამოდგებით სხვა ერისთვის, თორემ საკუთარისა და თავისებურის ცხოვრებისათვინ თქვენთვის ბუნებას არ მოუნიჭებია არც ძალა და არც შნო.
მთელი მსოფლიო ისტორია მხლოდ ერთს მაგალითს წარმოგვიდგენს იმისთანა უშვერ უარყოფისას, რომელსაც დიდი სიამოვნებით სჩადიან ჩვენ შორის ზოგიერთნი. ეს მაგალითი გახლავთ დაცინვა ქამის-მიერ თავისი მშობელი მამისა. მაგრამ აქ მსგავსებასთან განსხვავებასაც ვხედავთ, სასარგებლოდ ქამისა.
პირველად ქამმა სიმთვრალე და სიტიტვლე მამისა როდი მოიგონა, ცილი როდი დასწამა; ეს სიტიტვლე და სიმთვრალე იყო ნამდვილი ფაქტი, სამწუხარო ამბავი. ჩვენნი უკუღმართნი კი თვითონ იგონებენ სხვა-და-სხვა სიტიტვლეს, სხვა-და-სხვა სისულელეს, აბრალებენ მას ჩვენს წარსულსა, ცილსა სწამებენ და მასხრად აკეთებენ.
მეორედ, ქამმა მამის სამწუხარო მდგომარეობა, შინაურებშიაც კი ყველას არ შეატყობინა, გაუზიარა მხოლოდ თავისს ძმასა და სხვას არავის. ჩვენ კი გავრბივართ ხუთი ათასი ვერსის სიშორეზედ და ვბეჭდავთ უცხო ენაზე: მთელი ისტორია საქართველოს წარმოადგენს უდაბნოსა არაფრობისასა, უვიცობისას და ტუტუცობისასო. ამ ვერანა უდაბნოში ერთი ოაზისიც არ მოიპოვებაო. თვით რუსთაველმა, პირველმა პოეტმა საქართველოსამ, თავისით ვერაფერი შექმნა და სპარსულიდგან ისესხა თავისი: “ვეფხის-ტყაოსანი”, და ისიც როგორ ისესხაო? ისე უხეიროდ და დედნების გაუგებრად, რომ იგი სავსეა უაზრობით და სისულელითო. და ეს უნიჭო ნასესხი მთელს საქართველოს ერს შვიდის საუკუნის განმავლობაში დიდებულ და თავისებურ ქმნილებად მიაჩნდა და “დაბადებას” გვერდს უყენებდაო. ეს კიდევ არაფერიო. თვით სახლობა, ეს ქვაკუთხედი ყველა ერის არსებობისა, ისეთი ველურია საქართველოში, ისე გახრწნილია, რომ მსგავს რასმე იპოვნითო მხოლოდ ველურს ჰოტენტოტებშიო, რომელნიც ირიცხებიან ადამიანთა და მაიმუნთა შორის.
მართალია, ავტორი შემდეგში სრულიად მორჯულდა, მაგრამ მისმა ველურმა აზრმა მაინც მავნე კვალი დასტოვა.
ამაზედ უკეთესი დღე არ დააყენა ჩვენს წარსულს ერთმა ჩვენებურმა პროფესორმა. მან ამ თორმეტის წლის წინად ლაღად გამოაცხადა, რომ “ვეფხის-ტყაოსანი” თარგმანია ლექსად სპარსული პროზაული მოთხრობისაო, და მის დედანს მოკლე ხნის განმავლობაში აღმოვაჩენო. მთელი თორმეტი წელიწადი ეძება დიდი ძებნით და მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა ვერც ევროპაში და ვერც აზიაში; მაგრამ თქვენ გგონიათ გატყდა თავის შეცდომაში… აბა რა საკადრისია. ეს ხომ ლაჩრობა იქნებოდა. ის ეხლაც გამალებული ეძებს “ვეფხის-ტყაოსნის” დედანს და, მანამ ცოცხალი იქმნება, ამ ძებნას არ მოიშლის… იგი კიდევ უფრო შორს წავიდა უკანასკნელ წლებში. მკითხველი კარგად იცნობს საბა-სულხან ორბელიანის არაკ-იგავების კრებულს, რომელსაც ჰქვიან მშვენიერი სახელი “სიბრძნე-სიცრუისა”. დღემდინ ამ თავისებურს თხზულებას ქართულის ნიჭის ნაწარმოებად სთვლიდნენ ყველანი – უცხოელნიცა და ქართველებიცა. მისს სრულ თავისებურობაში არავის ეჭვი არ შეუტანია. ჩვენმა ურწმუნო თომა-პროფესორმა კი არც აცივა, არც აცხელა და ერთს თავისს თხზულებაში გაატარა ის აზრი, რომ “სიბრძნე-სიცრუისა” ნასესხი, თარგმანი უნდა იყოს მეტ-ნაკლებობითაო. რად უნდა იყოს. რა საბუთია, რა მოსაზრებით, ამაზე იგი კრინტსაც არა სძრავს.
დიაღ, “სიბრძნე-სიცრუისა” სწორედ ნათარგმნი უნდა იყოს იმიტომ, რომ მისი ავტორი ქართველია და ქართველს ხომ თავისით არაფერი შეეძლო და არც ახლა შეუძლიან. ეს აღმოჩენა სავსებით ეკუთვნის იმავე პროფესორსა. იგი მთელს ძველს ქართულს ლიტერატურას თარგმანს ეძახის, უმეტეს ნაწილად სომხურ ენიდგან. ქართული ნიჭი მას სრულიად არა სწამს და არც არას მოელის მისგან. ამ აზრს წინად უფრო მკვახედ ამბობდა, ახლა მორბილდა; მაგრამ მხოლოდ მორბილდა; აზრი კი არ შეუცვლია, თუმცა ბევრი ახალი ფაქტი აღმოჩნდა მის გასამტყუნებლად. მეტად შესანიშნავია, რომ ჩვენს პროფესორს თითქმის პირად შეურაცხყოფად მიაჩნდა, როცა ქართველი მოღვაწეები კრიტიკულად ეხებოდნენ მის უკუღმართს აზრებსა და იცავდნენ ჩვენის წარსულის თავისებურობას და დაურიდებლად ყრილობდა მათზე ჯავრსა. იგი ერთს ოფიციალურს გამოცემაში, სახელდობრ “Журнал Министерства Народного Просвещения”-ში, თავის მოწინააღმდეგეებს იხსენიებდა, როგორც შოვინისტებს, მეომარ პატრიოტებს, რასაც შეეძლო სახიფათო ჩრდილი მიეყენებინა მეტადრე მათთვის, რომელნიც ავტორისავით სახელმწიფო სამსახურში იყვნენ…. მაგრამ სამართალი მოითხოვს ვთქვათ, რომ ავტორის უკანასკნელი გამოკვლევანი იმედს იძლევიან მისს სრულს მოქრისტიანებაზე. ღმერთმა ჰქმნას…
სამწუხარო აქ კიდევ ის არის, რომ ჩვენი სიმები და იაფეტები ვერა ლაგმავენ ჩვენი ქამების თავნებობას და უკუღმართობას და ვერ იცავენ ჯეროვანი ძალით ჩვენს წარსულს. მის ღვაწლთა და ღირსებათა. სამაგიეროდ, უცხო ტომის მწერლები გულმხურვალე მოსარჩლენი გამოდიან საქართველოს წარსულისა. გამოჩენილი ორიენტალისტების აზრით, ძველმა ქართველებმა – ურარტიელებმა – მსოფლიო ისტორიაში პირველად ააფრიალეს დროშა კაცთმოყვარეობისა მტერთა შესახებ და ამ დიდებულს პრინციპს ქართველნი მტკიცედ ადგნენ მთEლს თავისს ისტორიულს ცხოვრებაშიო: “საქართველოს ისტორია ისეთს დაუსრულებელს და ღრმა დრამას წარმოადგენს, რომ ასი შექსპირიც ვერ ამოლევსო”, სთქვა ისეთმა რუსმა პუბლიცისტმა, რომელიც ძლიერ ძუნწობდა კეთილის თქმაში არა რუსთა შესახებ (სუვორინი); “ქართველებმა თუმცა საეკლესიო სტილი ბიზანტიელებისაგან გადმოიღეს, მაგრამ ისე გააუკეთესეს, რომ ზოგს რამეში პირველი ადგილი დაიჭირეს მთელს საქრისტიანოშიო” (კონდაკოვი);
“ვეფხის-ტყაოსანი” ნამდვილი ქართული ნაწარმოებია, თავისებური ნაციონალური ქმნილებაა და მისი მსგავსი არ მოიპოვება მთელს სპარსულს ლიტერატურაშიო, სთქვა ჯერ საჯარო ლექციაში და მერმე ცალკე წიგნაკში აწ განსვენებულმა გულაკმა, რომელმა ზედმიწევნით იცოდა აღმოსავლეთის ლიტერატურა და მეტადრე სპარსული; ვეფხის-ტყაოსანი”, ეს ნაციონალური ქმნილება, იპყრობს იმისთანა დიდებულს აზრებსა, რომელნიც ღირსნი არიან მოიფინონ მთელს სამყაროშიო (“облететь всю вселенную”), გამოსთქვა თავისს მაღალ ნიჭიერ სტატიაში, რომელიც დაბეჭდილი იყო რამდენსამე წლის წინად გაზეთ “Кавказ” – ში, ბარონ სუტნერმა, ფრიად განათლებულმა გერმანელმა და გამოჩენილმა მწერალმა ნემეცურ ხელოვნურს ლიტერატურაში… და სხვანი და სხვანი…
უცხოელნი ჩვენს “ვეფხის-ტყაოსანს” იცნობენ უბრალო, მშრალი პროზაული ნათარგმნით, რომელშიც მთლად გამქრალია ის მომხიბლავი სიმდიდრე და მუსიკა ენისა, რომელიც შეადგენს ერთს უმთავრესს ღირსებას ჩვენის ნაციონალურის ქმნილებისას. რამდენად უფრო მაღლა დააყენებდნენ იგინი შოთას უკვდავ პოემას, თუ მათ ქართული ენის ცოდნა ნებას აძლევდეს თვითონ დედნის კითხვით გამოსცადონ ის ნეტარება, რასაც ჰგრძნობს ქართული გული და გონება…
დიაღ, უცხოეთის მწერალნი, რომელნიც გულმოდგინედ იძიებენ ჩვენს წარსულს, პოულობენ მასში იმისთანა თავისებურს მოვლენათა, რომელნიც არ მოიძებნებიან არც ერთ სხვა ერის ისტორიაში და ამით სრულს იმედს ჰბადავენ ჩვენში და სხვებში, რომ თუ ჩვენს ქამობას თავს დავანებებთ და მხნედ შევუდგებით ჩვენის ეროვნობის აღორძინებას, ევროპიულ განათლებას ვადენინებთ ეროვნულს მილებში. შევძლებთ თავისებური წვლილი შევიტანოთ იმ დიდებულ მსოფლიო სალაროში, სადაც იკრიბება მთელის კაცობრიობის ჭკუის, გულის, ფანტაზიის და ხასიათი ნაყოფი.