იაკობ გოგებაშავილი – დეკანოზ ვოსტორგოვის პროექტი
I
სამინისტრო სკოლები ჩვენში არსებობს აგერ ოცი და ათი წელიწადი მეტია. ხოლო სამრევლო სკოლების სიცოცხლე ჩვენში დაიწყო თხუთმეტი წლის წინად. იმ დროს საქართველოს ექსარხოსად იყო მთავარეპისკოპოსი პავლე. მან შეადგინა გეგმა ჩვენებურის სამრევლო სკოლების, დაეკითხა რა წინად ყოვლად სამღვდელო გაბრიელს, ეპისკოპოსს იმერეთიას და მაშინდელს მზრუნველს სამოსწავლო ოლქიას – ბ-ნს იანოვსკის. გეგმა ესე დამტკიცებული იქმნა უწმინდესის სინოდის მიერ 1885 წელში. ამ გეგმამ დააწესა სამი წლის კურსი და საგნების სწავლებ ქართულ ენაზე. რუსული ენა დაიდო როგორც ცალკე საგანი და მისი ლექსიკური სწავლება უნდა დაწყებულიყო პირველის წლის ნახევრიდგან, როცა უკვე ქართულ ანბანს გაათავებდნენ სკოლაში; ხოლო რუსული წერა-კითხვა დადებული იყო მეორე წლის დასაწყისიდგან. გეგმაში აღნიშნული იყო რაოდენობა დღიურის გაკვეთილებისა და მათი განაწილება საგანთა შორის. პირველი გაკვეთილი დანიშნული ჰქონდა და აქვს საღმრთო სჯულსა, მეორე და მესამე ქართულს ენას, მეოთხე რუსულს ენას და მეხუთე არითმეტიკას და გალობას. ამ სახით, ქართული ენა მთავარ-საგნად იყო აღიარებული. ეს გეგმა სავალდებულო და საერთო იყო როგორც ქალაქის, ისე სოფლების სკოლებისათვის. ყველა ქართლ-კახეთის სასოფლო სკოლები ქართულს სკოლებად ითვლებოდნენ, რადგანაც, თუ მათში აგილობრივი სომეხნი და ნაოსარნი სწავლობდნენ, ესენიც შინ და გარეთ ლაპარაკობდნენ და ლოცულობდნენ ქართულ ენაზე. ვერ ვიტყვით, რომ ეს რიგიანი გეგმა ყველა სკოლებში სრულდებოდა ჯეროვანი სინდისიერებით. ზოგს სკოლებში ესრედ წოდებული უგუნური ერთგულება ამახინჯებდა მას და ამცირებდა იმ სარგებლობას, რომლის მოტანა მას შეეძლო. ყოველ შემთხვევაში, სკოლების უმრავლესობა ხელმძღვანელობდა მხოლოდ ამ გეგმით. ეს გეგმა თხუთმეტი წლის განმავლობაში უცვლელად დარჩა, მხოლოდ ერთი მუხლი იქმნა შეცვლილი იმა ათის წლის წინად: ლექსიური გაკვეთილები რუსულის ენისა დაიდო პირველის წლის დასაწყისიდანვე, თანახმად ადგილობრივის სასულიერო მთავრობის შუამდგომლობისა, რომელიც შეწყნარებული იქმნა სინოდისაგან. სხვა მხრივ გეგმა ხელუხლებელი იყო დღემდინ.
შარშან სასულიერო უმაღლესმა მთავრობამ საჭიროდ დაინახა სამრევლო სკოლების კურსი არა რუსთათვის უფრო ხანგრძლივი შეექმნა და მოუმატა მეოთხე წელიწადი. თანაც მოსწერა ადგილობრივს მთავრობას, რათა საგნების განაწილება ოთხს წელიწადზე მოეხდინათ, ნაცვლად წინანდელის სამის წლისა. ქართლ-კახეთის საეპარქიო საბჭომ საგნების გასანაწილებლად ამოირჩია კომისია სამი თვის წევრისაგან, რომელთაგან ერთი იყო რუსი (მამა გოროდცევი) და ორი ქართველი (ტატიშვილი და ფერაძე), ამ კომისიამ საჭიროდ დაინახა დარჩენილიყო უწინდებურად ერთი ტიპი ქართულის სკოლისა როგორც ქალაქებისათვის, ისე სოფლებისათვის, სწავლება საგნებისა ქართულს ენაზე სამს წელიწადს, ხოლო მეოთხე წელიწადს რუსულს ენაზე. რუსულის ენის სწავლებაც მან შესაძლოდ დაინახა პირველივე წლის დასაწყისიდგან. როგორც სჩანს რუსულის და ქართულის გაზეთების ცნობებიდგან, ხსენებულს საბჭოს არ შეუწყნარებია კომისიის აზრი და შეუმუშვებია სხვა პროექტი ახალის გეგმისა, რომელიც უნდ გაიგზავნოს სინოდში დასამტკიცებლად.
ეს ახალი პროექტი ერთის ტიპის სკოლების მაგივრად აწესებს საქართველოსათვის ორი ტიპის სკოლება. ქალაქებში ყველა ქართულს სკოლაში სწავლება პირველივე წლიდგან უნდა მიდიოდეს რუსულს ენაზე და სახელმძღვანელოებად რუსულის ენისა მეორე წლიდგან მაინც უნდა იხმარებოდნენ ის წიგნები, რომელნიც რუსეთში იხმარებიან და შედგენილნი არიან რუს ბავშვებისთვის; რუსულის ენაზე უნდა მიდიოდეს სწავლება საგნებისა იმ სასოფლო სკოლებშიც, სადაც ქართველებში ურევიან ოსები და სომხები, თუნდა ეს უკანასკნელები ლაპარაკობდნენ მარტო ქართულად; ქართული ენა ამ სკოლებში ისწავლება, როგორც ცალკე საგანი, და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ მასწავლებელმა იცის ეს ენაო. მხოლოდ იმ ქართულს სკოლებში, სადაც არც ნაოსარი და არც სომეხი არ ურევია, სწავლება საგნებისა სწარმოებს ქართულს ენაზე, მაგრამ რუსულად თარგმანითა; მეოთხე წელიწადს-კი ყვლაფერი უნდა ისწავლებოდეს მარტო რუსულის ენაზე. ამავე მიმართულებისანი არიან სხვა მუხლებიც ამ ახალის პროექტისა, რომელიც უმთავრესად არის ნაყოფი დეკანოზის ვოსტორგოვისა, რომელმაც ამ რამდენსამე თვის წინად დაიჭირა ადგილი ქართლ-კახეთის საეპარქიო მეთვალყრისა, ნაცვლად ბ-ნი ნ. ტატიშვილისა.
II
წინა სტრიქონებში ჩვენ დაუპირისპირეთ ფაქტიურად სამრევლო სკოლების ძველი გეგმა, დამტკიცებული სინოდისაგან და ახალი პროექტი, შემუშავებული ქართლ-კახეთის საეპარქიო საბჭოს მიერ. ახლა გვწადიან განვუმარტოთ მკითველს, რამდენად შეუსაბამონი არიან ის ცვლილებანი, რომელნიც ახალს პროექტს შეაქვს ძველს გეგმაში.
უპირველესად ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ უწმინდესი სინოდი გეგმის შეცვლას როდი თხოუობდა; იგი ავალებდა საბჭოს საგნები გაენაწილებინა ოთხის წლის კურსის მიხედვით, ნაცვლად წინანდელის სამის წლისა. საბჭო-კი ძირიანად სცვლის თვით გეგმასა. იგი ქალქის ქართულ სკოლებში და იმ სასოფლო სკოლებში, სადაც ურევიან მცირეოდენი მოწაფენი არა ქართულის ჩამომავლობისანი, თუნდა ისინი მარტო ქართულს ენას ლაპარაკობდნენ, უარყოფს სწავლებას ქართულს ენაზე, მუნჯურს მეთოდის საშუალებით სწადიან ასწავლოს პირველს წელიწადს რუსულის ენა და მეორე წლიდგან მთელი სწავლება მოაწყოს ამავე ენაზე. ამისთანა სკოლებში თვით ქართული ენა, როგორც საგანი, სავალდებულო აღარ არის. პროექტში ნათქვამია: ქართულს ასწავლის მასწავლებელი, თუ ეს ენა მან იცისო. მაშასადამე, ამისთანა სკოლებში მხოლოდ ბენდიერ შემთხვევას შეუძლიან ქართველსაც არგუნოს წილად მასწავლებლობა. სინოდის გეგმა კი ყველამ ამ გვარს სკოლებს როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში რაცხდა ქართულ სკოლებად, ქართულს ენზედ სწავლება, ქართული ენა, როგორც საგანი, სავალდებულონი იყვნენ და მხოლოდ ქართველს მასწავლებელს შეეეძლო დაეჭირა აქ ადგილი.
დღესავით ცხადია, თუ რამდენად უკუღმართია ახალი პროექტი. მისი განხორციელება სწორედ ჯოჯოხეთად გახდის სკოლებსა. ბავშვების გონების დაბნევა და დახშობა იქნება ამისი პირდაპირი შედეგი. თვითონ სოფლებსაც არევ-დარევს, განხეთქილები დაბადება. დღემდინ ქართველი გლეხობა ნაოსართა და სომეხთ ძმურად ეპყრობოდა და თავისიანებისაგან არ არჩევდა. მაგრამ ეს ძმრუი განწყობილება სრულიად ჩაიშლება და განხეთქილებად გადაიქცევა, თუ სოფელი ქართულ სოფლად აღარ იქნება ცნობილი და მისი სკოლა ქართულს სკოლად მხოლოდ იმის გამო, რომ ამ სოფელში სცხოვრობს რამდენიმე კომლი ოსებისა, ან სომხებისა. მაშინ ქართველი გლეხები მეტ-ხორცად ჩასთვლიან ამ თავისს მეზობლებსა, ყოველ ღონისძიებას იხმარენ, რომ იგინი განდევნონ სოფლიდგან, მათს შვილებს დაუშლიან სკოლებში შესვლასა, და დატრიალდება ერთი ვაი-უბედურება. სხვაგან ყველგან სკოლა ჰბადებს და აძლიერებს კეთილ-გონიერებას და გულ-კეთილობას, ჩვენში-კი იგი დასთესავს და ააღორძინებს სიველურეს, სიბრაზეს და გულ-ბოროტებასა.
ოფიციალური ცნობებით დეკ. ვოსტორგოვი ქართული სკოლების რიცხვს საზღვრავს ოც-და-თოთხმეტით (34); ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს რიცხვი შემცირებულია; ამისთანა სკოლები, სადაც ქართველობა შეადგენს დიდს უმრავლესობას, ბლომად უნდა იყვნენ მოქცეულნი იმ სკოლების კატეგორიაშიაც, სადაც რიცხვი ქართველის ბავშვებისა ვითომ მცირეა სხვებზე. ასე, რომ ქართული სამრევლო სკოლების რიცხვი ქართლ-კახეთის ეპარქიაში უნდა ადიოდეს ასამდინ.
ქალაქისა და სოფლის სკოლების შორის ახალი პროექტი დიდს საზღვარსა სდებს. მისი აზრით, სოფლის და ქალაქის ბავშვები იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან რუსულის ენის შესახებ, რომ მეორეებს შეუძლიანთ პრიველს წელიწადს მუნჯური მეთოდით ისწავლონ რუსული ენა და მეორე წლიდან ყველა საგნები ისმინონ ამ ენაზე. რაში მდგომარეობს ეს განსხვავება? მხოლოდ იმაში რომ ქალაქის ბავშვებს ესმით ქუჩებში ასეთი დამახინჯებული ფრაზები: хароши угли, кисли малако, аблок хароши, халодни вода, და რამდენიმე რუსულის გინება. სხვა ცოდნა რუსული ენისა სრულიად არ მოიპოვება იმ დაბალის წოდების ბავშვებში, რომელნიც ქალაქად შედიან სამრევლო სკოლებში. მაგრამ განა ეს ცოდნა? იგი ბევრად უარესია მტკნარს უცოდინარობაზე. ბავშვი, რომელსაც გონებაში გასჯდომია ხსენებული დამახინჯებული ფრაზები, უფრო ძნელად შეთვისებია ამავე ფრაზებს კანონიერი ფორმით, ვიდრე ის ბავშვი, რომლის გონებაში არც ერთი რუსული სიტყვა არ მოიძებნება. უკანასკნელს შემთხვევაში მასწავლებელი სწორე რუსულს ფრაზებს სწერს, ასე ვსთქვათ, გონების სუფთა ფიცარზე, პირველს შემთხვევაში კი ფიცარი დაბღაჯნილია უგვანო ფრაზებით, – ჯერ ეს უგვანობა უნდა წაშალოს და მერმე დასწეროს ჯეროვანი ფრაზები. ხოლო ბავშვის გონებიდგან ცრუ ცნობები ერთი ასად უფრო ძნელად იშლება, ვიდრე ფიცრიდგან. ეს ყველა მასწავლებელმა იცის. ცხადია, თუ რა შეუსაბამოს და უკუღმართს წესს უქადის ქალაქის სკოელბს პროექტი.
ყველაზე საოცარია მუნჯურის მეთოდის შემოღება სამრევლო სკოლებში. ეს მეთოდი ჯერ აღიარებული არ არის თვით განათლების სამინისტროსაგან. ამ სამინისტროს მიერ მოწონებული სახელმძღვანელოები სავალდებულოდ ჰხდიან მშობლიურის ენის შემწეობას რუსულის ენის სწავლებაში. მაგალითად, ვოლპერის სახელმძღვანელო, რომელიც სახელგაკეთებულია სამინისტროსაგან, პირდაპირ თხოულობს დედა-ენის მონაწილეობას და დამატებად დაბეჭდილი აქვს წიგნის ლექსიკონი ორს ადგილობრივს ენაზედ თარგმანითა. კაზანის გუბერნიაში ეს მეთოდი სრულიად უარ-ყოფილია იმისთანა გამოჩენილი პედაგოგებისაგან, რომელნიც არიან: ილმინკსი, ანასტასიევი, დირექტორი საოსტატო ინსტიტუტისა, და ბობროვნიკოვი, დირექტორი საოსტატო სემინარიისა. მართალია, ოდესის სამოსწსავლო ოლქში იხმარება ეს მეთოდი, მაგრამ საცდელად.
კავკასიაში მუნჯური მეთოდი მეფობს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიაში; მაგრამ აქაც ძლიერ ხშირად ხმარობენ თართმანს, როგორც ეს შეამოწმა, სხვათა შორის ოფიციალურმა გამოკვლევამ ბ-ნი ალექსი ჭიჭინაძისამა; ჩრდილო-კავკასიაში თარგმანს ჯეროვანი ადგილი უჭირავს, როგორც ეს სჩანს ადგილობრივი სამაგალითო გაკვეთილებიდგან, რომელნიც იბეჭდებიან ოფიციალურ გამოცემაში: “Циркуляр по управлению Кавказским Учебным Округом”. ამ ჟამად ბ-ნი ლევიცკი ცდილობს განკის გუბერნიაც გააბედნიეროს თავისი “სახელოვანი” Курс-ით; მაგრამ ჯერ კოჭი ალჩუდ არ უჯდება. ერევნის და ბაქოს გუბერნიები და ყარსის ოლქი თავისუფალნი არიან ამ სამასხარო მეთოდისაგან, ღვთის მადლითა.
რაც შეეხება სასულიერო სფერას, აქ მუნჯურის მეთოდის შემოღEბა ყოვლად შეუსაბამოა. მოციქულებიდგან დაწყობილი მართლ-მადიდებელი ეკლესია ყოველთვის ხმარობდა დედაენას, როგორც საუკეთესო ღონისძიებას ქრისტიანულის სწავლის გავრცელებისათვის. უწმინდესის სინოდის მოქმედებანიც წარსულში და აწმყოთი სავსებით ეთანხმებიან ამ საღს ტენდენციასა. ვისაც წაუკითხავს მიწერ-მოწერა სინოდის ობერ-პროკურორისა პობედონოსცევისა და პედაგოგი ილმინსკისა, რომელიც მთელს სწავლებას ამყარებდა დედა-ენის შემწეობაზე, იმან კარგად იცის, რომ ეს ფრიად გავლენიანი გვამი, ბ-ნი პობედონოსცევი, სრულიად თანაუგრძნობს ილმინსკის სისტემას, რომელიც უარჰყოფს მუნჯურს მეთოდსა.
საკვირველი არ არის. მუნჯური მეთოდით შეიძლება ბავშვმა შეისწავლოს მხოლოდ ხილული, ხორციელი, ნივთიერი მხარე ენისა და ისიც დიდი ვაი-ვაგლახით; მაგრამ იგი მეთოდი უძლურია გააცნოს მოწაფეებს უხილავი, სულიერი და ღვთაებრივი მხარე მეტყველებისა, ხოლო ეს უკანასკნელი მხარე უმთავრესია სამრევლო სკოლებში. ეს მეთოდი უსათუოდ გაამეფებს სკოლებში მხოლოდ წარმართულს მატერიალიზმს და მთლად განსდევნის ქრისტიანულს იდეალიზმსა. ამიტომ მისი შემოღება სამრევლო სკლებში ისეთივე შესაფერია, როგორც ეშმაკის შესვლა სამოთხეში.
თუ ქალაქის სკოლის და შორეულის სოფლის გეგმა ყოველი თავისი მუხლით არღვევს და სთრგუნავს პედაგოგის მოთხოვნილებასა, სანაცვლოდ წმინდა ქართულის სასოფლო სკოლის გეგმა ცოტაოდენს შეღავათს აძლევს. აქ პირველს წლიწადს საღმთო სჯულს ბავშვები სწავლობენ დედა-ენაზე. ამავე ენის საშუალებით ისმენენ ამ საგანს მეორე წელიწადსაც; მაგრამ უნდა ქართულად შესწავლილი გაიმეორონ რუსულს ენაზე კითხვების შემწეობით; მესამე წელიწადს პარალელურად სწავლობენ ქართულსა და რუსულს ენაზე; მეოთხე წელიწადს-კი მხოლოდ რუსული ენა მეფობს საღმთო სჯულშიაცა.
საღმთო სჯული ძლიერ რთული საგანია; ამ მხრივ მას არც ერთი საგანი არ შეედრება. მისი შეგნებით შეთვისება, მეტადრე დაბალს სასაწვლებელში, მხოლოდ დედა-ენის საშუალებით არის შესაძლო. ამიტომ ყველა სარწმუნოების ხალხს მინიჭებული აქვს უფლება ასწავლოს საღმრთო სჯული თავისს დედა-ენაზე. ასაწვლოს არა მარტო დაბალს სასწავლებელში, არამედ საშუალოსა და მაღალში. ასეა ევროპაში, ასეა აზიაში, ასეა ამერიკაში, ასეა რუსეთში და ყველგან. რატომ ჩვენ ერსაც არ უნდა მიენიჭოს ეს სიკეთე? რად უნდა შეადგენდეს იგი სამწუხარო გამოკლებას ხალხთა შორის?
სასოფლო სკოლაში მეორე და მესამე წელიწადს ბავშვები ჯერ იმდენად სუსტნი არიან რუსულის ენის ცოდნაში, რომ მთთვის გაკვეთილების თარგმანი რუსულად სწორედ ტანჯვა იქნება. რასაც ქართულად შეისწავლიან ერთს გაკვეთილზე, იმის თარგმანს რუსულად უნდა მოანდომონ სამი-ოთხი გაკვეთილი. ამის გამო, მხოლოდ მცირედ ნაწილს საღმრთო სჯულის პროგრამისას მოასწრებენ. არ არგებს ეს წესი არც რუსულს ენასა. ბავშვის რუსული სავსე იქნება დამახინჯებული სიტყვებით და ფრაზებით, ემსგავსება უგვანო ჟარგონს, რომელიც ისე ღრმად გაიდგამს ფესვებს ბავშვის გონებაში, რომ შემდეგშიაც სწორე რუსულის შეთვისება თითქმის შეუძლებლად გახდება. სხვა გვარი ვნბაც მოჰყვება ამასა. ის ტანჯვა და წვალება, რომელსაც ბავშვები გამოივლიან რუსულად თარგმანის დროს, გულს გაუგრილებს საღმრთო სჯულზე და გაათახსირებს მათს თვალში. გამოჩენილი კაზანის პედაგოგი ბატონი ბობროვნიკოვი, დირექტორი საოსტატო სემინარიისა, ძლიერ მავნებლად სთვლის საღმრთო სჯულის სწავლებას რუსულს ენაზე, ვიდრე ბავშვები ამ ენას კარგად არ შეითვისებენ. იგი იმ ვაჟბატონებს, რომელნიც გაიძახიან, რომ მუნჯური მეთოდით ჩინებულად შეიძლება საღმრთო სჯულის სწავლებაცო, ადარებს იმ შარლატნებსა, რომელნიც გაზეთებში აცადებენ ქვეყნის მოსატყუებლად: კუზმინის ბალახი არჩენს ყველა ავადმყოფობასაო.
ოფიციალურს გაზეთ “Кавказ”-ში დაბეჭდილ ცნობიდანა სჩანს, რომ მეოთხე წელიწადს ქართველს სამრევლო სკოლებში მხოლოდ ხუცურს ასწავლიანო, – ცოცხალს ქართულს ენას-კი აღარ ექმნება ადგილიო. ამის შედეგი ის იქნება, რომ სამრევლო სკოლიდან ქართულის წიგნის ხეირიან ცოდნას ვერ გამოიტანენ, და აი რად: რუსეთის სამრევლო სკოლებში ისწავლება მარტო რუსული ენა, მარტო ამ ენაზე ასწავლიან ყველა საგნებსა, და მაინც კურს დასრულებული ბავშვები ძალიან ხშირად ივიწყებენ წერა-კითხვასა. ჩვენს სკოლებში ქართულს ენას ბევრად ნაკლები გაკვეთილები აქვს ნარგუნები, ვიდრე რუსეთში რუსულს ენასა, საგნებიც, უმეტეს ნაწილად, ისწავლება ამ უკანასკნელს ენაზე, და ამის გამო, მესამე წლის დამლევს, ჩვენს ბავშვებს იმის ნახევარი ცოდნაც არ ექნება თავისი დედა-ენისა, რამდენადაც აქვთ თავისისა რუსის ბავშვებსა, რომელნიც, მიუხედავად ამისა, მაინც ხშირად ივიწყებენ წიგნის კითხვასა, როგორც უკვე აღვნიშნეთ. ეს მცირედი ცოდნა ქართულის ენისა კიდევ უფრო შემცირდება მეოთხე წელიწადსა, როდესაც ბაშვები მთელს სწავლას ისმენენ რუსულს ენაზე დ ხმარობენ მხოლოდ რუსულს სახელმძღვანელოებსა. პირდაპირი შედეგი ამისი იქნება ქართულის წიგნის სრული დავიწყება მოკლე ხნის განმავლობაში სკოლის კურსის დასრულების შემდეგ. აი რისთვის არის უკიდურსად საჭირო, რომ მეოთხე წელიწადსაც დაეთმოს ცოცხალს ქართულს ენას ყოველ დღე თითო გაკვეთილი მაინც.
დეკ. ვოსტორგოვის სამრევლო სკოლები ვერავითარს სიკეთეს ვერ მოუტანენ ჩვენს დაცემულ ხალხსა, უფრო კიდევ ძირს დასწვენ, – და ბევრად უკეთესი იქნება დაიკეტნენ იგინი ჩვენში. მოგეხსენებათ, რომ სკოლა ორპირი ხანჯალია: აუკეთესებს და ასპეტაკებს ხალხს, თუ იგი გონივრულად არის მოწყობილი; აუგუნურებს და აველურებს, თუ უკუღმართობის გზაზედ არის დაყენებული.