ნარკვევებისაკითხავი

ვალერიან რამიშვილი – დედა ენა და მისი სწავლების საკითხები იაკობ გოგებაშავილის მოძვრებაში

1. დედაენის სწავლების ლინგვისტურ-მეთოდიკური  საფუძვლები

ენამ გულისა უნდა თქვას

ილია

ენა სულია სკოლისა.

იაკობი

დედაენა და იაკობ გოგებაშავილი ქართველი კაცის ცნობიერებაში განუყოფელი ცნებებია; ვამბობთ იაკობ გოგებაშავილს და თვალწინ დედაენა გვეხატება, ვახსენებთ დედაენას და უამალ იაკობ გოგებაშავილის მადლიანი სახე წარმოგვიდგება. ასე განუყრელად დააკავშირა, დაადუღაბა ისტორიამ ეს ორი ცნება. ასე გაითავისა ქართველმა ხალხმა დედაენისა და ერის დიდი ქომაგი იაკობ გოგებაშავილი.

იაკობ გოგებაშავილის სახელი განუყრელადაა დაკავშირებული სამშობლოსთან, ყველაფერთან, რაც მახლობელი, თბილი და ამღლებულია ქართველი კაცისათვის. იგი ეკუთვნის იმ რჩეულ ადმაიანთა დასს, რომელიც თავისი პროგრესული იდეებით მომავალს ეხმაურება, მომავლით ცხოვრობს, რომლის ჭეშმარიტი სიტყვა და საქმე მარადიული, უკვდავია. ამიტომ უწოდა მას აკაკიმ მომავლის გადია.

დიდ ქართველ მოღვაწეთა შორის იაკობ გოგებაშავილს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. მან მთელი თავისი სიცოცხლე ხალხის, ერის სამსახურს შეალია. მადლიერმა ქართველმა ხალხმა იგი დიდების კვარცხლბეკზე დააბრძანა, უკვდავების შარავანდედით შემოსა და სალოცავ ხატად გაიხადა.

იაკობ გოგებაშავილის შემოქმედებითს საუნჯეს, მის დანატოვარს დრო ფერს ვერ უცვლის, პირიქით, მეტ ელვარებასა ჰფენს, მარადიული სიცოცხლისა და მიმზიდველობის ძალას ანიჭებს.

იაკობი, ილიასა და აკიკისთან ერთად, ერის თავკაცი იყო და დღენიადაგ ქართველი ხალხის მომავალზე ფიქრობდა, ზრუნავდა მისი ეროვნული და სოციალური ცხოვრების გაჯანსაღებისათვის, ხალხის უკეთესი მერმისისათვის დაუცხომლად იბრძოდა. თავის სამოქმედო პრობრამის შესახებ იაკობ გოგებაშვილი წერდა: “კარგად მოგეხსენებათ, რომ საზოგადო ასპარეზზე მოქმედი ადამიანი მხოლოდ მაშინ ეწევა გულის წადილს და იმარჯვებს, როდესაც მას გარკვეული აქვს გზა ცხოვრებისა და შემუშავებული აქვს გეგმა და პროგრამა მოქმედებისა, ერთი სიტყვით, აღჭურვილი არის ნათელი, განსაზღვრულის მიმართულებით და ამასთან მხოლოდ ახორციელებს ამ თავის მიმართულებას, პროგრამასა” (ი. გოგებაშვილი, თხზ. ტ. 3, 1954, გვ. 244). მართლაც, მას მოღვაწეობის პროგრამაც და მიმართულებაც თავიდანვე ჰქონდა გარკვეული და ისიც კარგად იცოდა, რომ ამ პროგრამის განხორციელება გაბედული, თანმიმდევრული მოქმედების გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ წერს ის, რომ “რას ვიცავდი და როგორ ვიცავდი ჩემის ორმოცი წლის სალიტერატურო მოღვაწეობაში, ეს კარგად იციან მოსწრებულმა მკითხველებმა. ვიცავდი უმთავრესად: თვითმმართველობას, ავტონომიას, ხალხის განათლებას დედაენაზე, ქართულის ეკლესიის განთავისუფლებას, ანუ ავტოკეფალიას, ქართულის ტერიტორიის გასადსვლას ქართუველის გლეხების ხელში და სხვ. ყველა ამას ვიცავდი ორსავე ენაზე როგორც ქართულზე, ისე რუსულზე ერთნაირი გაბედულებით, ერთიანი მიმართულებით და შინაარსით. და ვერც ერთი ცილისმწამებელი ვერ მონახავს ჩემს ძველსა და ახალს ნაწერებში თუნდაც მცირეოდენს ორჭოფობას, ორგულობას. მე გამოვედი საზოგადო ასპარეზზე შემუშავებული პროგრამით, ღრმად მოფიქრებული რწმენით და ამ რწმენისათვის მე იოტის ოდენადაც არ მიღალატნია არც ერთხელ, არას დროს. მე არას დროს არ დამავიწყებია, თუ რისი შემძლეა ჩვენი პატარა ერი. “მაქსიმუმი შესაძლებლობებისა”, ასეთი იყო ჩემი დევიზი, და არას დროს შეუძლებელზე ჩვენს ერს არ ვაქეზებდი, რადგანაც ცაში წეროების დევნა საუკეთესო ღონისძიებაა, რომ ყველა შინაური ფრინველიც კი ხელიდან გამოეცალოს ხალხსა და თვითონაც სიკვდილის გზას დაადგეს” (ი. გოგებაშვილი, თხზ., ტ. 4, 1955, გვ. 286).

ერის სამსახური და ფანტაზიორობა ი. გოგებაშვილისათვის შეუთავსებელი ცნობებია. რეალური სინამდვილე – ამ სინამდვილის შეცვლის რეალური შესაძლებლობა და არა “ცაში წეროების დევნა”. ხალხის წინამძღოლობა უდიდეს პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ამას კარგად გრძნობს ი. გოგებაშვილი, როცა თავის სამოქმედო პროგრამას აგებს, თუ მისი შესრულების პირობებს ითვალისწინებს.

იაკობ გოგებაშვილის იდეური მრწამსი ჩამოყალიბდა, ერთი მხრივ, რუსული რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული პროგრესული ტრადიციების, იდეების სინთეზის საფუძველზე. იაკობმა თავისი მოქმედების დევიზად გაიხადა ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი ცხოვრების გარდაქმნა, ხალხის გამოფხიზლება და გათვითცნობიერება, სწავლა-აღზრდა დედაენაზე; ამისათვის მან ხელი მიჰყო განატლების კერების – სკოლებისა და სამკითხველოების – ფართო ქსელის გაშლას, საბავშვო მწერლობის, თეატრალური ხელოვნების აღორძინებას. მან, ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის ახალი სისტემის შექმნასთან ერთად, საქართველოში საფუძველი ჩაუყარა მოზრდილთა განათლებასა და სკოლამდელთა აღზრდას.

გ. ჩერნიშევსკის, ნ. დობროლიუბოვის, ბ. ბელინსკის, განსაკუთრებით კ. უშინსკის იდეებზე აღზრდილი ი. გოგებაშვილი კარგად იცნობდა რუსულ მწერლობასა და მეცნიერებას, ევროპულ კულტურას, ევროპის მწერლობას, სოციოლოგიას, პედაგოგიკას, ანტიკური ქვეყნების მწერლობასა და ფილოსოფიას. ამიტომ მის შრომაში ხშირად ვხვდებით გამოჩენილ მოაზროვნეთა და პედაგოგთსა ისეთ სახელებს, როგორიცაა: სოკრატე, პლატონი, დიოგენე, არისტოტელე, ლ. სენეკა, ა. ჰუმბოლდტი, ე. კანტი, ი. ჰერდერი, გ. სპენსერი, კ. კომენსკი, ი. პესტალოცი, ჟან ჟაკ რუსო, ფრ. დისტერვეგი, ნ. ვესელი, ნ. პიროგოვი, კ. უშინსკი, ბ. ბელინსკი, პ. უსლარი, ლ. ტოლსტოი… ქართველ მოღვაწეთა და მწერალთა სახელებს: ანტონ პირველს, ვახუშტ ბაგრატიონს, სულხა-საბა ორბელიანს, ნ. ბარათაშვილს, პ. იოსელიანს, დ. ყიფიანს, ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ნ. ნიკოლაძესა და სხვ.

იაკობ გოგებაშვილი იყო ფრიად განათლებული და მაღალი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნება, რომელსაც წილად ხვდა შეექმნა ქართული ეროვნული სკოლა ქართული კლასიკური საბავშვო მწერლობა, სათავე დაედო ქართული მეცნიერული პედაგოგიკისათვის, ქართული და რუსული ენების სწავლების მეთოდიკისათვის, შეედგინა დედაენისა და რუსული ენების უბადლო სახელმძღვანელოები. გარდა ამისა, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსი ჩვენს ეროვნულ ცხოვრებაში არ წამოჭრილა ისეთი დიდმნიშვნელვოანი საკითხი, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის კალამი არ შეხებია, სადაც მას თავისი მაღალგონიერი, ავტორიტეტული სიტყვა არ ეთქვას.

იაკობ გოგებაშვილი იყო სანიმუშო მოქალაქე და იშვიათი ადამიანური თვისებებით შემკული, გაუბზარავი, მთლიანი პიროვნება, დიდი ჰუმანისტი, მხურვალე პატრიოტი, ინტერნაციოანლისტი, დემოკრატი, კეთილშობილი, ქველმოქმედი, ზნეობრივად სპეტაკი, მეგობრებისა და ნათესავებიუს მოსიყვარულე, გაჭირვებასი მყოფი ადამიანების შემბრალე და ხელისგამწოდე, ადამიანებთან ურთიერთობაში ფაქიზი, მაგრამ უაღრესად პრინციპული. თუ ვინმეს შეამჩნევდა საზოგადო საქმის ღალატს, ორპირობას, გამცემლობას, უზნეობას, ანგარებას – საჯაროდ ამხელდა, ჰკიცხავდა, რათა მსგავსი რამ სხვას არ ჩაედინა.

იაკობ გოგებაშვილმა მთელი თავისი სიცოცხლე საზოგადოების სამსახურს შეალია. იგი თავისი ქვეყნის კეთილდღეობისათვის იბრძოდა არა მხოლოდ იდეურად – სიტყვით, კალმით, არამედ მატერიალურადაც. ოჯახს არ მოჰკიდებია, საკუთარი შვილები არ ჰყოლია, მაგრამ მშრომელი ხალხის შვილებს საკუთრად თვლიდა და მათ აღზრდა-განათლებაზე იყო გადაგებული. მისთვის სულ ერთი იყო ამერ-იმერი, თუში თუ მეგრელი, ხევსური თუ გურული, სვანი თუ იმერელი, ქართლელი თუ რაჭველი, კახელი თუ აჭარელი ბავშვი, ნათესავი თუ არანათესავი, ოღონდ, ნიჭი და სიბეჯითე გამოეჩინა, რათა მის განათლებაზე ეზრუნა. ზოგს საკუთარი ხარჯით ზრდიდა, ზოგს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აზრდევინებდა, ზოგს – ვისა და ზოგს – ვისა, ისე რომ ბოლომდე, დავაჟკაცებამდე, ყურადღებას არ აკლებდა… ამით ამზადებდა მომავალ ქველმოქმედ მამულიშვილებს, საზოგადო მოღვაწეებს, მასწავლებლებს, სამეურნეო საქმის სპეციალისტებს… მათზე ზრუნვა შეადგენდა მისი ყოველდღიური სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საგანს. ქველმოქმედის ასეთი ტიპი, მართლაც, იშვიათი მოვლენაა. საბედნიეროდ, ხალხს არაფერი დავიწყებია, კარგად აღუნუსხავს ყოველივე და თავისი დიდი ქომაგისა და მამის სიყვარული ღრმად ჩაუდუღებია გულის სიღრმეში. იქ მიუჩენია მისთვის მუდმივი სამყოფელი ადგილი; მისი გონების ნამოღვაწარი კი განუყოფელ სახალხო საკუთრებად გაუხდია.

იაკობ გოგებაშვილის მოძღვრება, მისი მდიდარი მემკვიდრეობა – საბავშვო მწერლობის შედევრები, უბადლო სახელმძღვანელოები, მისი პროგრესული იდეები, მათი განხორციელებისათვის შეუნელებელი, პრინციპული ბრძოლის მაგალითები – ქართველი ახალგაზრდობის სულიერი აღზრდის დაუშრეტელი წყაროა, ქართული ეროვნული კულტურის ცაზე მარად მოელვარე ვარსკვლავია, რომლის სხივები შეუდარებელი ძალით უნათებენ გზას მომდევნო თაობებს სამშობლოსა და კაცობრიობის წმინდა იდეალების სამსახურისაკენ.

იაკობ გოგებაშვილმა გონების თვალით გაზომა დედაენის ზემოქმედების ძალა და მასშტაბი პიროვნების სულიერი ცხოვრების ფორმირებაში და თავისი კონცეფცია სისტემის სახით ჩამოაყალიბა. ეს კონცეფცია დაედო საფუძვლად მის პედაგოგიკურ-მეთოდიკურ მოძღვრებას. მისთვის დედაენა ერის ბურჯია, ეროვნების არსებითი ნიშანია. დედაენა არამხოლოდ ურთიერთობის საშუალებაა, არამედ ადამიანის სულიერი ცხოვრების შემოქმედია, ვინაიდან ეროვნული კულტურის მთელი საგანძური ყველაზე სრულყოფილად, რეალურად თუ პოტენციურად დედაენაშია ჩაქსოვილი, ასახულია, შენახული. ამიტომ იაკობ გოგებაშვილი, როცა დედაენის რაობასა და როლზე მსჯელობს, მარტო პედაგოგიკური მიზნებით როდი იფარგლება, დედაენის ბედს უკავშირებს ერის ბედს, ხალხის განათლებისა და გამოფხიზლების, ეროვნული კულტურის აღორძინების საკითხებს. იაკობ გოგებაშვილს ღრმად სწამს, რომ ერის სულიერი ცხოვრება დედაენაზე აღზრდა-განათლების გარეშე ვერ აღორძინდება. ამ დებულების გასამაგრებლად მოაქვს ბევრი საბუთი: “განთქმული მეცნიერის კარლე ფოხტის აზრით, თუ ხალხი თავის დედაენას ცვლის სხვა ენაზე და ამ უკანასკნელზე იღებს განათლებას, იგი ვერ აიცილებს თავიდან გონების დაჩაგვრას, დამდაბლებასა და მეტნაკლებობით დაჰკარგავს შემოქმედებითს ნიჭს”. მაგალითად ასახელებს ერთს დასავლეთის კუთხეს გერმანიისას, სახელდობრ ელზასსა, რომელსაც შუა საუკუნეებში, როცა იგი “შეადგენდა ნაწილს გერმანიისას და განათლების იარაღად ხმარობდა თავის დედაენას, მსოფლიო ასპარეზზე გამოჰყავდა განთქმული მოღვაწენი, მაგრამ მას უკან, რაც ელზასი წაართვა საფრანგეთმა გერმანიას, შეიერთა და იქ გაამეფა თავისი ფრანგული ენა, ვეღარც ერთი მსოფლიო ნიჭის პატრონი ვეღარ აჩუქა ელზასმა კაცობრიობასო” (ი. გოგებაშვილი, თხზ., ტ. 2, 1954, გვ. 213).

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იაკობ გოგებაშვილი იყო არა მხოლოდ ქართული ენის სწავლების საკითხთა, არამედ ქართული ენის ბუნება-აგებულების სერიოზული მკვლევარიც. ის დედაენის საიდუმლოებას იკვლევდა გლობალურად – ენათმეცნიერული და ლიტერატურისმცოდნეობის თვალსაზრისით. ასე კომპლექსურად იმიტომ იკვლევდა, რომ სკოლაში სწავლების პრობლემატიკაზე მუშაობისას მისთვის ნათელი გახდა – ენის სხვადასხვა მხარე შეუსწავლელია და მათი სწავლების კანონზომიერების დადგენა შეუძლებელი იქნებოდა საგნის მეცნიერული ცოდნის გარეშე, სხვაგვარად სწავლების მეთოდიკა ვერ გახდებოდა მეცნიერული.

დედაენა ადამიანობის, ერის მეობის არსებითი ნიშანია, მეცნიერული თვალსაზრისით – უაღრესად რთული ეროვნული და სოციალური ფენომენი. ენის ბუნება-აგებულებას სწავლობს მეცნიერების სხვადასხვა დარგი: ლექსიკოლოგია, სემასიოლოგია, ფონეტიკა, გრამატიკა (მორფოლოგია, სინტაქსი), ეტიმოლოგია, სტილისტიკა… იგი მთლიანობაში ლიტერატურისმცოდნეობის თვალსაზრისითაც ხომ უნდა იქნეს შესწავლილი! ამდენად, ფართოა, მასშტაბური ენის სინამდვილე, რთულია მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მექანიზმი.

იაკობ გოგებაშვილი ქართული ენის ბუნება-აგებულების საფუძვლიანი მცოდნე იყო, ღრმად სწვდებოდა მის საიდუმლოებას, თავისებურებას, აღიარებდა მის თავისთავადობას, სიმდიდრესა და სიმშვენიერეს. ხალხის კალთაში აღზრდილს კარგად ჰქონდა შესისხლხორცებული ქართული ენის ბუნებრივი ფორმები და ყოველთვის ცდილობდა, სადად და მისაწვდომად ეწერა, ქართველ ხალხში დაენერგა საერთო-სახალხო ენის ფორმები, ლიტერატურული ქართულის ნორმები, მართებული მეტყველების სტილი.

ი. გოგებაშვილის ქართული ენის სიდიადე სიღრმისეულად ჰქონდა შეცნობილი: “ვისაც კი მეტ-ნაკლებობით შესწავლილი აქვს, თუ რაში მდგომარეობს სისრულე ენისა, მისი სიმდიდრე, აზრსა და გრძნობაზე ზედგამოჭრილობა და კაფიობა, არ შეიძლება არ დაგვეთანხმოს, რომ ქართული ენა ეკუთვნის მაღალ აგებულების ენათა დასსა. ჩვენმა ენამ გაფურჩქვნა თავისი ფორმები და დაამყარა თავის ორგანულს ნაწილებს შორის სრული ჰარმონია ძველადგანვე, მეთორმეტე საუკუნეში. ჰკითხეთ ლინგვისტებს, ენისმეტყველთა – რაში მდგომარეობს ღირსება ენისა, და ისინი დაგისახელებენ სიმარტივეს ბრუნვებისას, გრამატიკული სქესების არ ქონვას, თანდებულთა სიტყვას ბოლოში მოქცევასა, ხმოვანს დაბოლოებას სიტყვებისას, ხმა ასამაღლებლის დამორჩილებას განსაზრვრულს კანონზე, მრავალფეროვნებას და მოქნილობას ზმნის ფორმებისას, სიმდიდრეს სინონიმებისას, ლექსიკონისას. რომელმა განვითარებულმა ქართველმა არ იცის, რომ ყველა ეს ღირსება სრული კუთვნილებაა ქართული ენისა, რომელიც ამ ღირსებათა წყალობით ყველა ცოტაოდნად განსხვავებულს შემეცნებას, მდგომარეობას, მოქმედებას და ვითარებას განახორციელებს განსაკუთრებითი ზეგამოჭრილ ფორმათა, საადვილო გამოხატულებათა”… (ი. გოგებაშვილი, თხზ., ტ. 2, 1954, გვ. 205).

“ქართული ენა ისეთივე მდიდარია და მრავალმხროვანი, როგორიც არის ბუნება კავკასიონისა, სადაც ერთს პატარა მანძილზე პოლუსი, ტროპიკი და ზომიერი სარტყელი ერთად შეყრილან, სადაც საუკუნო თოვლით შემოსილი მთის წვერები ზევიდგან ძირს დასცქერიან: ბროწეულს, ლეღვს, ვაზს, ლიმონს, ფორთოხალს და სხვა ტროპიკულს მცენარეულობას და, სადაც რამდენსაც ნაბიჯს გადასდგამ, იმდენ ახალ-ახალ სურათს შეხვდები. ქართული ენა ისეთივე მრავალ-ფეროვანია, როგორიც არის ჩვენი ერის ისტორია, წარსული ცხოვრება, სავსე მრავალგვარის მოქმედბითა, თვისებითა, აზროვნებითა, გრძნობითა, დიდი სიხარულითა, ძლიერი მწუხარებითა და რომელიც წარმოადგენს იმ გვარს ღრმას და დაუსრულებელს დრამას, რომ ასი შექსპირიც ვერ ამოსწურავდა მას ძირამდის, ერთი რუსული მწერლისა არ იყოს”…”დიახ, ლინგვისტი, რომელიც ზედმიწევნით შეისწავლიდა ქართულ ენას, იტყოდა თითქმის იმასვე, რაც თქვა გამოჩენილმა სწავლულმა უსლარმა ქართულ ანბანზედ, რომელიც მან აღიარა თითქმის უსრულეს ანბანად ყველა ანბანთა შორის” (იქვე).

“ქართული ენა… შეადგენს ფრიად თავისებურ ლინგვისტურ მოვლენას და არავითარი კავშირი და მსგავსება არ აქვს ძველ კლასიკურ ენებთან”.. “ქართული ენა ისეთ განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს ენათა შორის და ლინგვისტიკაში, ისე ნაკლებად ჰგავს ევროპულ ენებს, რომ ზოგნი მეცნიერნი იძულებულნი არიან აღიარონ იგი განცალკევებულ თავისებურ ენად და არ მისცენ ადგილი არც თურანულ და არც ინდოევროპულ ენათა შორის” (იქვე, გვ. 218).

“რამდენადაც ხალხი დაბლა დგას აზრებით და განვითარებით, იმდენად უფრო ღატაკია სიტყვებით, ფრაზებით, საოცრად პატარა ლექსიკონი აქვს” (“პასუხად “კვალის რაზმსა”, “ივერია”N213, 1894).

“ქართული ენა მზარდია და ენის ცვლილებაში მისდევს თავის ბუნებრივ ალღოს” (“პასუხი ბატონ სილოვანს”, “ივერია”, N175, 1894)… “ჩვენ ლიტერატორნი, არ უნდა ვბაძავდეთ ძველის ბრმა თაყვანისმცემლებს და არ უნდა ვაღიაროთ დამახინჯებად ყოველი ცვლილება, რომელსაც ხალხი, სავსე უტყუარი ალღოთი და დამცველი მისი გენიისა, მოახდენს თავის დედაენაში. ყოველი ამისთანა ცვლილების ღირსეულად დაფასებისათვის ჩვენ უნდა ვხელმძღვანელობდეთ არა მარტო ძველი საგრამატიკო ფაქტებით, არამედ უფრო ქართული ენის უმაღლესი პრინციპებით და კანონებით და იმ იდეალებით, რომელნიც წინ მიუძღვიან ყოველი ენის ზრდას სიარულის გზაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში ხშირად ჩავთვლით პროგრესულ ცვლილებას ქართულ ენაში მახინჯ მოვლენად” (იქვე).

იაკობ გოგებაშვილი ისე, როგორც ილია ჭავჭავაძე, ქართული ენის ღრმა მეცნიერულ ცოდნას ამჟღავნებდა და თავისი დროის ქართული ენათმეცნიერული აზროვნების დონეზე იდგა. ამას ნათლად ადასტურებს მისი მეცნიერულ-პოლემიკური ხასიათის წერილები ქართული გრამატიკის საკითხებზე, რომლებიც გამოქვეყნდა “ივერიის” 1886 წლის სხვადასხვა ნომერში ‘საგრამატიკო ბაასის” სახით და შემდეგ “ორ-აზროვანი კილო ჩვენს პრესაში (საგრამატიკო შენიშვნა”, გამოქვეყნებული 1894 წელს.

ამ წერილებში ნათლად ჩანს ი. გოგებაშვილის შეხედულებანი როგორც ქართული ენის ბუნება-აგებულების შესახებ, ისე მისი პედაგოგიკურ-მეთოდიკური თვალსაზრისით ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს აგების პრინციპებსა და სწავლების საკითხებზე.

ი. გოგებაშვილს თავის წერილებში სწორად აქვს განსაზვრული ქართული ენის გრამატიკის სწავლების ზოგადდიდაქტიკური საფუძვლები და ბევრი კონკრეტული საკითხი კი მართებულად გადაწყვეტილი.

სტატია ქართული ენის გრამატიკის შესახებ იაკობ გოგებაშვილმა დაწერა მიხეილ ნასიძის წერილში – “ორი საგრამატიკო საგანი” (“ივერია”, N17, 1886) აღძრული საკითხების გამო.

მ. ნასიძე ამ წერილში ჰპირდებოდა საზოგადოებას, რომ გამოსცემდა გრამატიკის სახელმძღვანელოს და მას, როგორც ეს ი. გოგებაშვილმა შენიშნა, “არა მარტო ის უნდა, რომ გამეზიარა მკითხველისათვის თავისი საგრამატიკო მოსაზრებანი, არამედ ისიც სურდა, რომ მკითხველის მხრივ გამოეწვია ბეჭდვითი მსჯელობა და შეეტყო, რამდენად მტკიცე ნიადაგზედ დგას იგი და რამდენად მოწიფულად უნდა ჩაითვალოს მისი ნაწარმოები, დასაბეჭდად დამზადებული (ი. გოგებაშვილი, რჩ. პედაგოგ. და პუბლიც. ნაწერები, ტ. I, თბ., 1910, გვ. 159-160). მ. ნასიძე სთავაზობდა სკოლას ისეთ სახელმძღვანელოს, რომელშიც ქართული ენის საკითხები გაშუქებული იქნებოდა ტრადიციული, ანტონისეული გრმატიკის პრინციპების მიხედვით. “ანტონის გრამატიკა იყო არსებითად ფილოლოგიური, მაგრამ რაციონალური გრამატიკის მომენტებიც არ იყო მისთვის უცხო” (არნ. ჩიქობავა, ილია ჭავჭავაძე ენის შესახებ, თბ., 1938, გვ. 10). ამრიგად, იმდროინდელი ქართული ენის გრამატიკა იყო ფილოლოგიურ-რაციონალური, ე.ი. მ. ნასიძე ქართული ენის გრამატიკას ადგენდა ზოგადი, სხვა ენათა გრამატიკის წესების მიხედვით და არა ქართული ენის თავისებურების შესწავლის საფუძველზე. ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად ედო მე-19 საუკუნეში გამოცემულ ზოგიერთ გრამატიკას, როგორც ვიცით, მეცნიერული დამაჯერებლობით მოხსნა ი. ჭავჭავაძემ: “ხალხია ენის კანონის დამდები”. ქართული ენის კანონი ქართულ ენაშივე უნდა ეძიოს გრამატიკოსმა და არა მის გარეთ. უნდა შედგეს იმ ენის გრამატიკა, რომელზედაც ხალხის უმეტესი ნაწილი – მდაბიო ხალხი – მეტყველებს. ამ დებულებებით მოქმედებდა ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი იაკობ გოგებაშვილიც, როცა დაუპირისპირდა მ. ნასიძეს, რომელიც ანტიმეცნიერულ პოზიციაზე იდგა.

ი. გოგებაშვილი, როგორც პროგრესულად მოაზროვნე პედაგოგი და საენათმეცნიერო საკითხების მცოდნე, წინ აღუდგა მ. ნასიძის შეხედულებებს და ბევრი ისეთი სახელმძღვანელო მოსაზრება წამოაყენა, რომლითაც გარკვეული ენათმეცნიერული და მეთოდიკური ღირებულება აქვთ.

ი. გოგებაშვილის აზრით, “უმთავრესი და საუკეთესო ღონისძიება ენის შესწავლისათვის გახლავთ: ხალხის გონების ნაწარმოები, პოეზია და სიტყვა-კაზმული პროზა, ერთი სიტყვით, ლიტერატურა. ლიტერატურა არის ერთადერთი ცხოველი წყარო ენის სიმდიდრის შეთვისებისათვის… გრამატიკა არის მხოლოდ დამმხმარებელი ღონისძიება, რომელიც სარჩულად დაედო პრაქტიკულს ცოდნასა. მაგრამ გრამატიკამ რომ ეს სამსახური გაგვიწიოს, იგი უნდა იყოს შედგენილი ცოდნით და მარჯვედ იპყრობდეს უტყუარს კანონებს ენისას” (ი. გოგებაშვილი, რჩ. პედაგოგ. და პუბლიც. ნაწერები, ტ. I, 1910, გვ. 160).

ი. გოგებაშვილმა მ. ნასიძესთან პოლემიკიდან 8 წლის შემდეგ “კვალის” ენის ნორმების შესახებ, გამოაქვეყნა წერილი “ორ-აზროვანი კილო ჩვენს პრესაში (საგრამატიკო შენიშვნა)”, სადაც კვლავ გაილაშქრა ქართული ენის ფორმების შერჩევისას სხვა ენათა მაგალითების მიხედვით მოქმედების წინააღმდეგ. ასეთ იმიტატორებს იაკობი ამგვარი სარკაზმით უმასპინძლდებოდა: “ზოგნი ორ-აზროვანს ქართულ ფორმებს ამართლებენ იმით, რომ ფრანგულს ენაშიაც ხშირად იხმარება ამგვარი ფორმებიო… დიდებულს ფრანგს გამბეტას ცალი თვალი გამოთხრილი ჰქონდა; მოდით ჩვენა თითო თვალი გამოვითხაროთ და დავემსგავსებით გამბეტასა. როცა ასთის წლის წინათ ახალი ექსარხოსი მოვიდა საქართველოში და მის წინაშე წარსდგა ყურმოჭრილი მონა ქართველი დეკანოზი, მან შენიშნა, რომ ექსარხოსს წინა კბილი აკლდა. გამოვიდა თუ არა ექსარხოსის სადგურიდან ჩვენი ღირსეული დეკანოზი, იგი მივიდა კბილის ექიმთან და ამოაგლეჯინა სრულიად საღი წინა კბილი, რათა დამსგავსებოდა ექსარხოსს. სწორედ ამ დეკანოზის სასაცილო საქმე ემართებათ ჩვენში იმათ, ვინც ორ-აზროვან რეგრესულ ფორმებს ძალის-ძალად ამრავლებენ ჩვენს მწერლობაში, ნაცვლად პროგრესული ერთაზროვანი ფორმებისა, რომელიმე ევოპული ენის მიხედვით. ბატონებო, ევროპიდან უნდა გადმოვიტანოთ ღირსებანი და არა ნაკლოვანებანი” (იქვე, გვ. 309).

გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში საენათმეცნიერო საკითხებზე მუშაობდნენ ცნობილი სწავლულები: დ. ჩუბინაშვილი, დ. ყიფიანი, თ. ჟორდანია, ა. ქუთათელაძე და სხვ. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ამ დროს ადვილი არ იყო ახლის თქმა ქართული ენის გრამატიკის საკითხებზე. უნდა ვიფიქროთ, რომ ი. გოგებაშვილს ამ დროისათვის (მ. ნასიძესთან პოლემიკისას) უკვე დაწერილი ჰქონდა გრამატიკის სახელმძღვანელოს (“მოკლე გრამატიკა ქართული ენისა”) ნაწილი, მაგრამ აღარ განაგრძო მუშაობა, რადგან ამ საქმეში ავტორიტეტებად სხვებს (პროფესიონალ გრამატიკოსებს) თვლიდა. ის რომ კარგად გათვითცნობიერებული არ ყოფილიყო გრამატიკის საკითხებში, მეცნიერულად ასე მაღალ დონეზე ვერ აღმოჩნდებოდა ნასიძესთან პოლემიკისას. მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ 1880 წლიდან 1886 წლამდე ი. გოგებაშვილი სპეციალურად მუშაობდა ქართული ენის გრამატიკის საკითხებზე. 1886 წელს გამოქვეყნებული სტატიები უცილობლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ი. გოგებაშვილი რიგი გრამატიკული საკითხების გარკვევისას გასცდა თავისი დროის გრამატიკოსებს. ი. გოგებაშვილის მიერ გამოთქმულ ენათმეცნიერულ მოსაზრებებს თავის დროზე სახელმძღვანელო მნიშვნელობა ჰქოდა და ზოგიერთ მათგანს შემდეგშიაც არ დაუკარგავს თავისი საენათმეცნიერო და მეთოდიკური ღირებულება; ასეთებია: შვიდი ბრუნვის დაკანონება ქართულში, ბრუნვათა რიგის შეცვლა, ვითარებითი ბრუნვის ნიშნად დ-ს აღიარება (თ-ს ნაცვლად), მოქმედებითი ბრუნვის დაცვა ქართულში, “-ით” მოქმედებითი ბრუნვის ნიშანი, “ურთ” – მოქმედებითი ბრუნვაზე დართული თანდებული, ნაგენეტივარი ფორმის – “მეზობლისას”- მიცემითის კუთვნილებას მიჩნევა, სახელისა და ზმნიზედის ერთიმეორისაგან მართებულად გამიჯვნა, წოდებითი ბრუნვის დაცვა ქართულში და მის ნიშნად ო-ს (ვ-ს) მიჩნევა (წინააღმდეგ დ. ყიფიანის თვალსაზრისისა), ზმნის სრული და უსრულო სახის ფორმის სწორი კვალიფიკაცია და სხვ.

აქ დასახელებულ ზოგიერთ საკითხს სხვა გრამატიკოსის შეხებია, მაგრამ ახსნა და დასაბუთება ნაკლებად უცდია. მაგალითად, როცა ი. გოგებასვილი არკვევს ცვლილებათა (ვითარებით) ბრუნვას, როგორც ორგანულ ფორმას ქართული სახელისას და მსჯელობას სახელისა და ზმნისზედის განმასხვავებელ ნიშნებზე, ფართოდ იყენებს მორფოლოგიურ ანალიზს, ფორმათა შეპირისპირებას, მიმართავს ფორმის განვითარების ისტორიას, აანალიზებს ვითარებითი ბრუნვის სინტაქსურ ფუნქციას, რითაც ნათელს ჰფენს ამ გრამატიკულ კატეგორიის რაობას და დამაჯერებლად ასაბუთებს მის აუცილებლობას ქართულში. ენობრივი მოვლენის ამგვარ ანალიზს ლინგვისტურთან ერთად დიდი მეთოდიკური ღირებულება აქვს.

1894 წელს დაწერილი ენათმეცნიერული წერილებიც პოლემიკური ხასიათისაა: ი. გოგებაშვილი ქართული ენის საკითხებზე ეკამათება ა. წერეთელს, ს. ხუნდაძეს, დუტუ მეგრელს, მ. ჯანაშვილს, კ. დოდასვილს, გ. წერეთელს, “კვალის” რედაქციას. პირველი წერილი “პაწია სამაგიერო” ი. გოგებაშვილს დაუწერია ა. წერეთლის “ჭრელი ფიქრების” გამო, რომელიც შეიცავს ი. გოგებაშვილის იგავ-არაკის “ბულბული და გუგულის” კრიტიკას. თავის წერილში “ჭრელი ფიქრების” გამო, რომელიც შეიცავს ი. გოგებაშვილის იგავ-არაკის “ბულბული და გუგულის” კრიტიკას. თავის წერილში ა. წერეთელი უწუნებს ი. გოგებაშვილს ‘გაღიარებ” ფორმას და მოითხოვს, ის შეიცვალოს “აღგიარებ” ფორმით. ი. გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ ორივე კანონიერია: “აღგიარებ” ძველი ფორმაა, “გაღიარებ” ახალ ქართულში გავრცელებული და უფრო ადვილად წარმოსათქმელია. დავა ამ საკითხზე დიდხანს გაგრძელდა არა მხოლოდ ა. წერეთEლთან, არამედ კ. დოდაშვილთან, ს. ხუნდაძესთან და სხვ., მაგრამ ი. გოგებასვილი არ თმობდა თავის პოზიციას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ქართველთა ორი წილი და ზოგიერთი მწერალიც (ა. ფურცელაზე, ნ. ლომოური…) “ვაღიარებ” ფორმას ხმარობსო.

სადავო მარტო “ვაღიარო” – “აღვიარო” ფორმა არ იყო. ი. გოგებაშვილი ედავებოდა აკაკის ზოგიერთი სხვა სიტყვის მართლწერაში, ჟურნ. “კვალის” თანამშრომლებს იმერიზების ხმარებასი და ა. შ., სადაც იგი გვევლინება როგორც პროგრესულად მოაზროვნე ენათმეცნიერი. სადავო საკითხები ზოგი გრამატიკიდან იყო, ზოგი ფონეტიკიდან, ყველაზე მეტი კი სტილისტიკიდან.

ი. გოგებაშვილი, ეკამათებოდა რა კ. დოდაშვილს, სწორედ განმარტავს ფონეტიკური ანალიზის საგანს: “ჩვენი გრამატიკოსი (კ. დოდაშვილი, – ვ. რ.) ბრძანებს: როდესაც სიტყვას დაშლით მარტო ასოებზედ, ამას ფონეტიკური ანალიზი ჰქვიანო; მაგრამ თუ ასოებზედ და მარცვლებზედ დაჰყავით, მაშინ – კი ნება არა გაქვთ, ამას დაარქვათ ფონეტიკური ანალიზი. ბავშვური ჩხირკედელაობა რომ გაგიგონიათ, აი სწორედ ეს გახლავთ. მაშ, რა ვუყოთ საწყალ მარცვლებსა? ფონეტიკაში ადგილი არა აქვთ, ფონეტიკის ხმებს იკვლევს; ეტიმოლოგია მათ არ შეუშვებს, ჩვენი საქმის სიტყვის განხილვააო, სინტაქსი ხომ ახლოსაც არ მოიკარებს და სად ჯანდაბას გადაიხვეწნენ საცოდავნი?” (ი. გოგებაშვილი, თხზ. ტ. 2, 1954, გვ. 398-399).

ი. გოგებაშვილს საყურადღებო აზრები აქვს გამოთქმული ენის ზრდისა და განვითარების საკითხებზედაც: “ენის მეცნიერებას დიდი ხანია გამოკვლეული აქვს, რომ ყოველი ენა თავდაპირველად ძლიერ ღარიბია და ლექსიკონით და ფორმებით. ერთსა და იმავე სიტყვით იგი აღნიშნავს რამდენსამე საგანსა, შემეცნებასა, რის გამო ორ-აზროვნობა, სამ-აზროვნობა და მრავალ-აზროვნობა სიტყვებისა ახდენს აზრების არევ-დარევასა და ხუთავს გონების განვითარებასა”… “ენა, საღი ხესავითა, ფურჩქვნის ახალი სიტყვებსა და ფრაზებსა, ვითარდება, მდიდრდება და ბოლოს იმ სიმაღლემდე ადის, რომ ყოველთვის შემეცნებისათვის ჰქმნის საკუთარს შესაბამის სიტყვასა”… “ენები არა მარტო ძველს დროში იზრდებოდნენ, არამედ იზრდებიან ეხლაც. ეს ზრდა იმისაკენ არის მიმართული, ორ-აზროვნობის ნაშთები მოსპოს, ახალს სიტყვიერს ტანისამოსში გამოაწყოს აზრები, რომლებიც წინათ ისესხებოდნენ ხოლმე სხვა აზრებისაგან სიტყვებსა და ერთ-აზროვნობა გაამეფონ ენაში, რაც ირიცხება ძირითად ღირსებად. ქართული ენაც განიცდიდა არამც თუ ძველად, არამედ მახლობელ საუკუნოებში ამავე პროცესსა და ამ პროცესმა იგი გაათავისუფლა ბევრის ძველებურის ორ-აზროვნებისაგან”.

იაკობ გოგებაშვილი რომ პროგრესულ ენათმეცნიერულ თვალსაზრისზე იდგა და საამისო ფართო თეორიული განათლება ჰქონდა, ეს ფაქტი ნათლად ჩანს მის ლინგვისტურ-მეთოდიკურ წიგნებსა და წერილებში ქართული და რუსული ენების სწავლების შესახებ.

ამრიგად, ი. გოგებაშვილი არა მხოლოდ ქართული მეცნიერული პედაგოგიკისა და საბავშვო მწერლობის შემქმნელი იყო, არამედ თავისი დროსი ერთ-ერთი პროგრესულად მოაზროვნე ენათმეცნიერიც, რომელიც ენობრივ მოვლენებს დაკვირვებით იკვლევდა.

ი. გოგებაშვილმა თავისი მაღალი პედაგოგიკური და ენათმეცნიერული ცოდნა ფართოდ გამოიყენა ქართული წერა-კითხვის, ტექსტის ენობრივი ანალიზის, ელემენტარული გრამატიკის, მართლწერისა და სტილისტიკის სწავლებისა და მეტყველების განვითარების საკითხების მეცნიერული კვლევისათვის – ქართული ენის სწავლების მეცნიერული მეთოდიკის შესაქმნელად.

2. დედაენის უბადლო სახელმძღვანელოები

“ქართველი მოზარდი თაობა სწავლობს

თავის ეროვნულ ენას უმთავრესად ორი

სახელმძღვანელოს შემწეობით: “დედა-ენისა”

და “ბუნების კარის”. ეს ორი მთავარი ქართული

სახელმძღვანელო დგას იმავე სიმაღლეზე,

რომელზედაც დგანან საუკეთესო ევროპული

სახელმძღვანელოები”.

არტურ ლაისტი

იაკობ გოგებაშვილი ქართული და რუსული ენების სახელმძღვანელოების შეუდარებელი შემდგენელი იყო. იგი რვა დასახელების სახელმძღვანელოს ავტორია, ესენია: “ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის”, “დედა ენა”, I ნაწილი, “დედა ენა” II ნაწილი, “კოკორი”, “ბუნების კარი”, “დედანი ქართული წერისა”, “რუსკოე სლოვო”, I ნაწილი, “რუსკოე სლოვო”, II ნაწილი. თითოეული მათგანი აგებულია მაღალი დიდაქტიკურ-მეთოდიკური თვალსაზრისით, მათი ავტორი თავისი დროის სახელმძღვანელოების შემდგენელთა შორის გამოირჩევა ორიგინალური შეხედულებებით, დედაენის საიდუმლოების წვდომით. მაღალი ინტელექტითა და ჭეშმარიტი მეცნიერული ცოდნით. მართლაც, პედაგოგიკის ისტორიაში იშვიათად მოიძებნება ისეთი პირი, რომელიც ასე თანაბრად იყოს დაჯილდოებული მაღალი ლოგიკური აზროვნებითა და ასევე მაღალი მხატვრული შემოქმედებითი ნიჭით.

თითოეული სახელმძღვანელოს თავისი დანიშნულება, დიდაქტიკური შინაარსი და აგების ორიგინალური სტრუქტურა აქვს. ამის თაობაზე ი. გოგებაშვილი ცნობებს გვაწვდის სახელმძღვანელოების წინასიტყვაობებში, ცალკეულ წიგნებსა და იმ პოლემიკურ ლინგვისტურ-მეთოდიკურ წერილებში, რომლებიც წარმოდგენილია ცალკე სტატიების თუ ფელეტონების სახით მისი თხზულებების კრებულებსა და ტომებში. ესაა ზღვა მასალა, რომელთა ანალიზი ნათელ წარმოდგენას გვაძლევს იაკობ გოგებაშვილის მეთოდიკურ შეხედულებებზე. გარდა ამისა, ღრმა მეთოდიკური ორიგინალური აზრები ჩაქსოვილი თითოეული სახელმძღვანელოს დიდაქტიკურ კომპოზიციაში, აგების სტრუქტურაში, რომელთა დაკვირვებით შესწავლამ უნდა მოგვცეს ობიექტური ცოდნა დიდი პედაგოგის სახელმძღვანელო წიგნების აგების პრინციპებსა და მეთოდიკურ მიმართულებაზე.

მოკლედ განვიხილოთ ამ სახელმძღვანელოების დანიშნულება და აგების პრინციპები.

ა) “ქართული ანბანი”

იაკობ გოგებაშვილის “ქართული ანბანი და პრინციპული საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის” 1865 წელს გამოიცა, როცა მისი ავტორი 25 წლისა იყო. ასე რომ, ანბანის სახელმძღვანელოს შედგენაზე მას 23-24 წლის ასაკში უმუშავნია. პედაგოგიკის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ ასე ახალგაზრდამ შეადგინოს მოსწავლეთა სახელმძღვანელო წიგნი, ისიც ანბანის სახელმძღვანელო, რომლის შინაარსი და აგებულება ძალზე რთულია.

გენიალური ლევ ტოლსტოი, როცა მან ანბანის სახელმძღვანლო შეადგინა, ნ. სტრახოვს აღფრთოვანებით სწერდა: “დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი “ანბანით” სამარადისო ძეგლი დავიდგი”.

“ქართული ანბანი” იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკური შემოქმეების პირველი, მაგრამ ფრიადმნიშვნელოვანი ნაყოფია, რომელიც შედგენილია თავის დროისათვის პროგრესულ პედაგოგიკურ-დიდაქტიკურ თვალსაზრისზე. იგი იხსენება შესავალით – “მასწავლებლისათვის”, სადაც არა მხოლოდ წერა-კითხვის სწავლების ახალ სისტემაზე მსჯელობა, არამედ ქართული ენის სახელმძღვანელოს აგების ახალ პრინციპებზე, ქართული ენის სწავლების პროცესის ძირეულად შეცვლა-გაუმჯობესებაზე.

სახელმძღვანელო ორი ნაწილისაგან შედგება – საანბანო და ანბანის შემდეგ საკითხავი, სადაც პრაქტიკულად განხორციელებული და ხორცშესხმულია ის პედაგოგიკური და მეთოდიკური იდეები, რომლებიც სახელმძღვანელოს შესავალ ნაწილთი თეორიულ დებულებებისა და მეთოდიკური რეკომენდაციების სახით არის ჩამოყალიბებული.

1. “ქართული ანბანში” იაკობ გოგებაშვილმა პირველმა გამოიყენა (ქართული წერა-კითხვის სწავლების ისტორიაში) ბგერითი ანალიზური მეთოდი, რითაც უკუაგდო საუკუნეების მანძილზე გაბატონებული სქოლასტიკური სინთეზური მეთოდები. ეს აქტი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ქართული ანბანის სწავლების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

2. წერა-კითხვისა და, საერთოდ, ქართული ენის სწავლება ამ წიგნის მიხედვით დაეფუძნა შეგნებულობის, მისაწვდომობის, თვალსაჩინოების, აქტიურობისა და სისტემატურობის დიდაქტიკურ პრინციპებს; ნაცნობიდან უცნობზე, ადვილიდან ძნელზე, მარტივიდან რთულზე თანდათანობითი გადასვლის წესებს. ამგვარი სწავლების სისტემის შემოღება იმ დროისათვის დიდი ნოვატორობა იყო და ქართული პედაგოგიკური აზროვნების განვითარების ისტორიაში რევოლუციას უდრიდა.

3. ი. გოგებაშვილი პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის პოზიციიდან მეცნიერული არგუმენტებით აკრიტიკებს წერა-კითხვის სწავლების სინთეზური მეთოდების სქოლასტიკურ არსს და მოითხოვს ბგერა-ასოს სწავლების დაწყებას არა ასოებიდან, რომლებიც “არა ჰაზრს არ ხატავენ”, არამედ სიტყვიდან, რომელიც ყოველთვის “ხატავს რაიმე ჰაზრსა”. აზრიანი მასალა ხალისიან განწყობას უქმნის მოსწავლეს, შეაყვარებს სწავლას, გაუაქტიურებს გონებას, რის შედეგადაც “კითხვას უფრო გონივრულად და ჩქარა სწავლობს, – ეჩვევა კითხვას მარცვლებისას” შერწყმით, გაბმით და არა ასო-ასო, ჩათვლით.

4. ორიგინალურადაა აგებული კითხვის გასამტკიცებელი სავარჯიშოების სისტემა ჯერ ერთმარცვლიანი სიტყვებია. აქ სახელები და ზმნებია. ავტორი ადვილად ახერხებს – მათი კომბინაციით შეადგინოს ორსიტყვიანი ფრაზა (ძმა მკის), სამსიტყვიანი ფრაზა (კუ ფეხს ჰყოფს), ოთხსიტყვიანი ფრაზა (ბუ ხის თავზე ზის). შემდეგ სავარჯიშოში ორმარცვლიანი სიტყვბი ჯერ დამარცვლითაა მოცემული (ჩი-ტი, ღა-მე, გუ-შინ, ბუ-დე, შე-ნი, ფე-ხი, ძლი-ერ, ცი-ვი, გა-ხმა, ი-ცის, მი-ყვარს…) შემდეგ ფრაზებია დამარცვლული სიტყვებით (ყა-ნა გა-ხმა, პან-ტა მი-ყვარს…), შემდეგ ფრაზებში ეს და სხვა სიტყვები დაუმარცვლავია (ყანა გახმა. პანტა მიყვარს. მე ჩიტის ბუდე ვიცი…). ამ სამსიტყვიანი და ოთხსიტყვიანი ფრაზების აგებაც ორმარცვლიანი სიტყვების ანალოგიური ხდება. იაკობ გოგებაშვილი დასძენს: “ამ ფრაზებში თითო-ოროლა სხვა სიტყვები არიან გამორეულნი. ეს იმიტომ, რომ ცოტა ცოტათი ყმაწვილი შრომას შეეჩვიოს”… “პირველი ყურადღება მასწავლებისა იმაზედ უნდა იყვეს დამყარებული, რომ ყმაწვილმა რაც წაიკითხოს – ეყურებოდეს”. როცა მოსწავლე კარგად გაიგებს იმას, რაც წაიკითხა, “შემდგომ ისე თავისუფლად დაიწყებს კითხვას მოსწავლე, რომ მასწავლებლის შველა კიტხვაში თითქმის აღარც კი დასჭირდება”, ე.ი. დამოუკიდებელ კითხვას შეეჩვევაო.

ამით ნათლად ჩანს, რომ ახალგაზრდა პედაგოგის დიდაქტიკურ-მეთოდიკური კონცეფცია პოზიტიურ თვალსაზრისს ეყრდნობა.

5. წერა-კითხვის შესასწავლი სავარჯიშოების შემდეგ სახელმძღვანელოში მოთავსებულია ისეთი სიუჟეტური ტექსტები, რომლეთა შეგნებული კითხვა მოსწავლეს შესძენს ცოდნას ბუნებაზე: მცენარეებზე, ფრინველებზე, ცხოველებზე, წელიწადის დროებზე, ბუნების მოვლენებზე და ა. შ. აქვეა ხალხური შემოქმედების ნიმუშები, თეიმურაზის “ხილთა ქება” და სხვ. საბუნებისმეტყველო და გეოგრაფიული შინაარსის სტატიების დიდი ნაწილი იაკობ გოგებაშვილის კალამს ეკუთვნის. ეს სტატიები დაწერილია მხატვრული ენით, პატარებისათვის გასაგებად და მისაწვდომად, მაგრამ ზოგი მათგანი ვრცელია.

სახელმძღვანელოს ამ ნაწილში მოთავსებული მასალის შესახებ იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ ამგვარი სტატიების შესწავლა სახალისო და სასარგებლოა მოსწავლისათვის. მათი “კითხვა ყმაწვილისათვის ადვილი იქნება, გაგონება ამათი არ გაუჭირდება, ამ კითხვაში იპოვნის სიამოვნებას და თავის ცარიელს გონებას შეჰსძინებს იმ ცოდნაებსა, რომელთაც ითხოვს მისი ბუნება”… სასიამოვნო და სასარგებლოა იმის ცოდნა, “რაც კი გარშემო არტყია ყმაწვილს”. უპირველესად სწორედ ბუნების გაცნობა-შესწავლას მოითხოვს, რადგან ბავშვი ბუნებასთან ახლოა.

“ქართული ანბანის” მეორე გამოცემა 1867 წლის განხორციელდა. ამ გამოცემაშიაც წერა-კითხვა ბგერითი ანალიზური მეთოდით ისწავლება. ანბანის შემდეგი ნაწილიდან ამოღებულ იქნა ზოგი ვრცელი მასალა და მათ ნაცვლად უფრო ადვილად შესათვისებელი შეირჩა.

“ქართული ანბანის” მესამე (1868) გამოცემაში ი. გოგებაშვილმა ბგერითი ანალიზური მეთოდი შეცვალა სინთეზური, ე. ი. ძველი მეთოდით. ი. გოგებაშვილი ამას იმით ამართლებს, რომ მასწავლებლებმა, რომელთა დიდი ნაწილი “მღელვარებისა და პრიჩედნიკებისაგან” შედგება, ვერ აითვისეს ახალი პროგრესული ბგერითი ანალიზური მეთოდი და უფრო ადვილად იყენებენ შეჩვეულ სინთეზურ მეთოდსო, თუმცა შემდეგი გამოცემები ავტორმა დიდად გააუმჯობესა.

გაუმჯობესება განსაკუთრებით დაეტყო მეხუთე (1872) გამოცემას. ამ წელს იაკობ გოგებასვილმა გამოსცა მეთოდიკური წიგნი “დარიგება მასწავლებლისათვის თუ როგორ უნდა წაიყვანოს მასწავლებელმა სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში და პირველ საკითხავ წიგნში”. ამ დროისათვის ი. გოგებაშვილი უკვე ენციკლოპედიური სახელმძღვანელოს – “ბუნების კარის” (1868) ავტორია. “დარიგებიდან”, აგრეთვე “ბუნების კარის” წინასიტყვაობიდან ირკვევა, რომ იაკობ გოგებაშვილი დღითიდღე იზრდება, როგორც შემოქმედი პედაგოგი, ყალიბდება, როგორც მკვლევარი, მეცნიერი, რომელიც ემზადება წერა-კითხვის სწავლების უფრო სრულყოფილი სახელმძღვანელოს შესადგენად, ადგენს კიდეც “დედა ენას” (1875), რომელიც 1876 წელს გამოიცა.

ასე რომ, “ქართული ანბანი” და “დარიგება” “დედა ენის” წინამორბედის როლში გვევლინება. “დედა ენის” გამოცემის შემდეგ “ქართული ანბანი” სახლობაში სახმარებელი გახდა. იგი მეცხრე გამოცემიდან (1885) ასეთი სახელწოდებით გამოდის; “კოკორი ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახლობაში სახმარებელი”. “კოკორი” “დედა ენის” პარალელურად გამოდის და წარმატებით ემსახურება მოზრდილთა განათლების საქმეს. არსებობს მისი 13 გამოცემა; უკანასკნელად 1903 წელს გამოიცა.

ბ) “ბუნების კარი”

“ბუნების კარი” პირველად 1868 წელს გამოიცა. იგი იმთავითვე ქართველი ხალხის სამაგიდო წიგნად იქცა. “ბუნების კარს” ხალისით სწავლობდნენ არამხოლოდ სკოლის მოსწავლეები, არამედ მის მდიდარ მასალას დიდი ინტერესით კითხულობდა ყველა, ვინც კი კითხვა იცოდა.

“ბუნების კარი” დიდი მოცულობის სახელმძღვანელო იყო. მისი პირველი გამოცემა 335 გვერდს შეიცავდა, 22-ე გამოცემაში ეს რაოდენობა 632 გვერდამდე გაიზარდა. მოცულობის ზრდასა და ცვლილებას მასალის განახლება იწვევდა.

“ბუნების კარი” ბუნებასა და საზოგადოებაზე, წარსულზე, აწყმოსა და მომავალზე უხვ ინფორმაციას შეიცავს და ამიტომ, სახელმძღვანელოს ფუნქციასთან ერთად, იგი თავის დროზე პატარა ენციკლოპედიის როლსაც ასრულებდა. ასე რომ, “ბუნების კარმა” ქართველ ხალხში მეცნიერული ცოდნა შეიტანა და აქტიურად შეუწყო ხელი ერთიანი სალიტერატურო ქართული ენის ხალხში დამკვიდრებას, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართველთა დაახლოება-დაკავშირებას, ერის კონსოლიდაციას.

ქართველი ხალხის განათლების, მისი სულიერი ცხოვრების ამაღლებაში “ბუნების კარის” მნიშვნელობა დიდია.

“ბუნების კარის” სხვადასხვა გამოცემებს წინ უძღვის განსხვავებული შინაარსისა და მოცულობის ავტორისეული წინასიტყვაობანი, რომლებიც სხვადასხვა კუთხით ღრმად აანალიზებენ სახელმძღვანელოს აგების დიდაქტიკურ-მეთოდიკურ პრინციპებს, შინაარსის აქტუალობას, მასალათა დალაგების სისტემას, სწავლების იდეურ მიზანდასახულობასა და აღმზრდელობით ფუნქციას. ეს წინასიტყვაობანი წარმოადგენენ “ბუნების კარის” სწავლების მეცნიერულ მეთოდიკას, რასაც თავის დროზე მარჯვედ იყენებდნენ ქართული ენის მასწავლებლები მომავალი განათლებული და ღირსეული მამულიშვილების აღსაზრდელად. აქ გამოთქმული მოსაზრებანი დღესაც დიდ დახმარებას გაუწევენ ჩვენი სკოლის მასწავლებლებს ქართული ენის სწავლების დონის ამაღლებაში.

როცა ი. გოგებაშვილმა “ბუნების კარი” შეადგინა, მას უკვე ჰქონდა გამოცდილება ისეთი რთული სახელმძღვანელოს შედგენისა, როგორიც “ქართული ანბანია”, რომლეიც პირველად 1865 წელს გამოიცა. უკვდავი ‘”დედა ენა” კი “ბუნების კარის” გამოცემიდან 8 წლის შემდეგ გამოიცა. ასე რომ, “დედა ენას” წინ “ბუნების კარი” უძღოდა, როგორც სწავლების III და IV წლების სახელმძღვანელო და იგი ეყრდნობოდა “ქართული ანბანსა და პირველ საკითხავ წიგნს მოსწავლეთათვის”, რომელიც საინტერესო საბუნებისმეტყველო და გეოგრაფიულ საკითხავ მასალას შეიცავდა, ხოლო 1876 წლიდან მტკიცე საფუძვლად მას “დედა ენა” დაედო.

ბუნების კანონების, მისი საიდუმლოების იშვიათი გულთამხილავი იაკობ გოგებაშვილი კარგად გრძნობდა, რომ “ბუნება მრავალგვარი სიცოცხლით დუღს და დაუსრულებელი ცოდნის წყაროა”, რომ “ბუნება და ადამიანი ერთმანეთზე განუწყვეტლად მოქმედებენ. ადამიანს ბევრგვარი ცვლილება შეაქვს ბუნებაში, ვიდრე არ დაამყარებს შესაძლო ჰარმონიას მისსა და თავის მოთხოვნებს შორის” (ი. გოგებაშვილი, თხს., ტ. 3, 1954, გვ. 308).

ამიტომ ი. გოგებაშვილი, როგორც დიდი ჰუმანისტი, მოითხოვდა ბუნებასთან ადამიანთა სათუთ დამოკიდებულებას, ახალგაზრდობაში მისი სიყვარულის გრძნობის აღზრდას და დაცვის ინტერესის გაღვიღვება-განვითარებას, მოსწავლეებსა და მოსახლეობაში ეკოლოგიური განათლების ფართოდ დანერგვას, რაც დიდი პედაგოგის წინასწარმეტყველების იშვიათ ალღოს მიეწერება.

იაკობ გოგებაშვილი თავისი “ბუნების კარს” ფართო ამოცანების გადაწყვეტას უსახავდა მიზნად:P “ჩვენ მოწადინებული ვიყავით მოგვეცა ჩვენი სკოლისა და ოჯახისათვის იმისთანა სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება ერთსა და იმავე დროს გონების განვითარებასაც, გულის გაკეთილშობილებასაც, ნებისა და მისწრაფების განმტკიცებასაც. ერთი სიტყვით, ხელს შეუწყობს სულის ჰარმონიულად განვითარებას, რაც შეადგენს იდეალს სწავლისა და აღზრდისას და რომელზედაც არის დამოკიდებული ყოველი ერის წარმატება, ბედნიერება” (“ბუნების კარის” მე-10 გამოც. წინასიტყვაობიდან).

სხვა ადგილას ავტორი იუწყება, რომ “მიზანი ამ წიგნისა არის – გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და განხილვა, ერთი სიტყვით, უნდა გახდეს “ბუნების კარათა” (ი. გოგებაშვილი, თხზ., ტ. 6, 1958, გვ.7). ამიტომ ი. გოგებაშვილს უხვად შეაქვს მასში საბუნებისმეტყველო-ეკოლოგიური შინაარსის მასალა როგორც ორიგინალური, ისე სხვა გამოჩენილ პირთა მიერ შექმნილი. “საბუნებისმეტყველო წერილები შედგენილია ჩვენს მიერ საუკეთესო წყაროების მიხედვით, როგორც, მაგალითად, “ვესტნიკ ესტესტვენიხ ნაუკ”, თხზულებანი: ბრემისა, კარლ ფოხტისა, ბაგდანოვიჩისა, ვანგერისა და კიდევ სხვებისა” (იქვე, გვ. 442).

ამით “ბუნების კარმა” თავისი მიზანი დიდი წარმატებით შეასრულა და იგი “დედა ენასთან” ერთად ერის სალოცავ წიგნად იქცა.

ი. გოგებაშვილი “ბუნების კარს” მე-15 (1906 წ.) გამოცემის წინასიტყვაობაში აღნიშნავს: “ამ გამოცემაში შემდეგი ცვლილებები მოვახდინეთ: სხვადასხვა განყოფილება შევავსეთ ახალი მოთხრობებით და, გარდა ამისა, შევიტანეთ მთელი ახალი განყოფილება: “მოსავლის მცველნი”, “ქრესტომატიულ განყოფილებასი მოვაქციეთ ახალი ნიმუშები ქართული სიტყვიერებისა და, გარდა ამისა, ახალ წესზე დავაწყვეთ ლექსთა განყოფილება, ჩავურთეთ აგრეთვე პორტრეტები სამი წარჩინებულის პოეტისა: რაფიელ ერისთავის, აკაკი წერთლისა და ილია ჭავჭავაძისა (21-ე გამოცემაში კი მოთავსებულია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავის და ვაჟა-ფშაველას სურათები. – ვ. რ.)… ხსენებულმა საარსო ცვლილებამ სრული თანხმობა დაამყარა წიგნის სახელსა და მის შინაარსს შორის; ახლანდელი ფორმით ეს წიგნი სწორედ ბუნების კარია. ბუნების შესწავლას უჭირავს ორი ნაწილი წიგნისა, სიტყვიერების განყოფილებას – ერთი ნაწილი (ხაზი ჩვენია, – ვ. რ.). მაგრამ, როგორც აღინიშნა, “ბუნების კარი” საბოლოოდ განუყოფელი დარჩა, რამაც განსაზღვრა მისი თემატიკისა და შინაარსის მრავალმხრივობა, ანუ ენციკლოპედიური ხასიათი.

“დიდი ხანია ნათქვამია: ერთფეროვნება სიკვდილია, მრავალმხრივობა – სიცოცხლეო. ეს აზრი, მართალი დიდებისათვის, ორკეცი და სამკეცი მართალია პატარებისათვის, რომელთა ბუნება ითხოვს სხვადასხვა გვარს ჩაბეჭდილებას სხვადასხვა საზრდოს გონებისას. ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ჩვენს წიგნს მივეცით მრავალმხროვანი და მრავალფეროვანი სახე პირველ-დაწყებითის ენციკლოპედიისა და მოვაქციეთ შიგ თხრობანი და წერილები: ბოტანიკური, ზოლოგიური, ანატომიური, ფსიხოლოგიური, ფიზიკური, ყოფა-ცხოვრებით (დრონი წელიწადისანი), გეოგრაფიული, ისტორიული, ბელეტრისტული, მრავალი ლექსებითურთ. ამათან ერთი და იგივე საგანი ჯერ პროზით არის განმარტებული და მერმე იქვე ლექსით დასურათებული, რის გამოც პროზა და პოეზია მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ერთმანეთს ეხმარებიან ყოველს ნაბიჯზედ თვითოეულს განყოფილებაში” (მე-10 გამოც. წინასიტყვაობიდან).

როგორც აღინიშნა, ი. გოგებაშვილი ინტელექტუალურ აღზრდაზე წინ მოქალაქეობრივი, ადამიანური თვისებების აღზრდას აყენებდა. ამიტომ “ბუნების კარის” მე-10 გამოცემის წინასიტყვაობაში იგი წერს: “ჩვენი წიგნი რომ მარტო გონების გამდიდრეაბსა და განვითარებას მისდევდეს, ეს დიდი ნაკლოვანება იქნებოდა, რადგანაც პატიოსანის კეთილშობილის გრძნობების აღზრდა მოზარდის თაობის გულში კიდევ უფრო საჭირო და ძვირფასია, ვიდრე გონების გამდიდრება სხვადასხვა ცოდნითა”… “ამის ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს განთქმული ბეკონი, რომელიც ერთსა და იმავე დროს იყო პირელი სწავლულიც და პირველი ეგოისტი, საშინელი მექრთამე და საძაგელი გამცემი მეგობრისა (გრაფი ესესკი)”. ეს ფაქტი დღესაც საოცრი ძალით ჟღერს, ცხოვრებისეულია და ბრძნულად გვაფრთხილებს!

ი. გოგებაშვილი არამარტო დიდი პედაგოგი იყო, არამედ მაღალი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული დიდი საბავშვო მწერალიც, რომელსაც კარგად ემარჯვებოდა მეცნიერული ცოდნის მიმზიდველი ენობრივ ფორმაში მიწოდება. ის წერს: “რათა უფრო მიმზიდველი გაგვეხადა ყმაწვილებისათვის “ბუნების კარი”, მის შედგენის დროს გვერდი ავუქციეთ იმისთანა მშრალს მხარეებს საგნებისას, როგორიც არის კლასიფიკაცია მცენარეებისა და ცხოველების და მათი ანატომიური აგებულება, რაც შეადგენს პირდაპირ საგანს ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოსას. სამაგიეროდ დიდი ყურადღება მივაქციეთ მას, თუ რა დამოკიდებულება არსებობს მცენარეთა და ადამიანთა შორის, როგორ ცხოვრობს ცხოველი, როგორ იბრძვის არსებობისათვის, რა ადგილი უჭირავს ბუნებაში, რა დამოკიდებულება აქვს სხვა ცხოველებთან და მეტადრე ადამიანთან და თვით თავის სამშობლოსთან (ფრინველების მგზავრობა, ორგანულის ცხოვრება” (“ბუნების კარის” 21-ე გამოც. წინასიტყვაობიდან).

“ბუნების კარის” გამძლეობის, ფართოდ გავრცელებისა და სიყვარულის ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მისი შემოქმედების მხატვრული აზროვნებისა და მეტყველების სტილის თავისებურება, რის შესახებაც იგი შემდეგს გვაუწყებს: “რათა გაგვეადვილებინა ამოდენა წიგნის გათავება ორის წლის განმავლობაში, ჩვენს, წერილებს მივეცით უმეტეს წილად მოთხრობითი ფორმა, რომელიც ერთიორად და სამად უადვილებს მოსწავლეთა საგნის შეთვისებასა”.

“ბუნების კარი” თავისი მაღალი პედაგოგიკური მიმართულებით, მაღალმხატვრული თხზულებებითა და შემეცნებითი ხასიათის მეცნიერული ნარკვევებით (სტატიებით) წარმოადგენს დიდაქტიკურ-მეთოდიკურ პრინციპებზე აგებულ დედაენის მონუმენტურ სახელმძღვანელოს, რომლის ბუნებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ჭეშმარიტი მეცნიერული ცოდნის მიწოდებასთან ერთად უხვად იძლეოდა ქართული ახალგაზრდობის სულიერი, მორალური და პატრიოტული აღზრდის მდიდარ მასალას, ნერგავდა ახალგაზრდობასა და ხალხში ბუნების სიყვარულსა და ჭეშმარიტ ეკოლოგიურ განათლებას, ხელს უწყობდა ახალგაზრდობის მხატვრული და ლოგიკური აზროვნების უნარის, ესთეტიკური გრძნობების აღზრდას, ახალი სალიტერატურო ქართულის – დიდი ილიასა და სახელოვან სამოციანელთა დასის – მეტყველების ფორმების დანერგვას მოსწავლე ახალგაზრდობასა და მოსახლეობაში.

გ) “დედა ენა”

“დედა ენა” – ეს პირველი სიბრძნის წიგნი ათეული წლების მანძილზე სწორუპოვარი ძალით ემსახურება ქართველი ბავშვების სულიერი აღზრდის საქმეს. მადლიერმა ხალხმა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” 1976 წელს, გამოცემის 100 წლისთავზე, დიდი იუბილე გადაუხადა. ეს იყო ამ უკვდავი წიგნის განუსაზღვრელი დამსახურების საყოველთაო აღიარების ფაქტი.

რით დაიმსახურა “დედა ენამ” ფართო საზოგადოების ესოდენ განსაკუთრებული ყურადღება, სიყვარული და დაფასება? ასეთი დიდი გამარჯვება? “დედა ენამ” მილიონობით პქწია ქართველს გაუკვეთა ანბანი, მისცა მყარი ცოდნა და ახალი ტიპის ქართველი ახალგაზრდობის აღზრდას მტკიცე საფუძველი დაუდო.

“დედა ენა” არა მხოლოდ პატარების, არამედ მთელი ხალხის სახელმძღვანელო გახდა. “დედა ენამ” მკაცრად შეუტია უწიგნურებას, კუთხურობასა და ტომთა შორის კარჩაკეტილობას, განავრცო სიტყვა ქართული და ამერ-იმერნი ერთიანი სახალხო ენით აამეტყველა, დააკავშირა. მწიგნობრობის გავრცელებისა და ქართველი ხალხის კონსოლიდაციაში “დედა ენის” როლი ფასდაუდებელია. ერთი წუთით ყური ვუგდოთ შალვა დადიანს, როგორი ოსტატობით გვიხატავს ამ პროცესს: “დედა ენა” “ამაფეთქებული ნაღმოსნით მისრიალებდა ჩვენსს მიუვალს მთა-კლდეებში – თუშეთსა და სვანეთში, მიდიოდა ბარად, შეუყვებოდა აჭარასა და მესხეთს და ყველგან სძრავდა ენას საქართველოდ, ყველგან აფეთქებდა გრძნობას ეროვნულსა”.

“დედა ენა” იაკობ გოგეაშვილის მაღალი ინტელექტისა და მხატვრული შემოქმედებითი ნიჭის კეთილი ნაყოფია. “დედა ენის” შექმნის დროს ერთად მოქმედებდნენ ჩემი ქართული გონება და ჩემი ქართული გული”, – წერს ი. გოგებაშვილი. ასეთი დიდმნიშვნელოვანი წიგნი სხვაგვარად ვერ შეიქმნებოდა.

იაკობ გოგებაშვილის უბადლო სახელმძღვანელოები “ქართული ანბანი” “დედა ენა”, “ბუნების კარი” “დედანი ქართული წერისა” და “რუსკოე სლოვო” აგებულია პროგრესულ იდეებზე, მონუმენტურ დიდაქტიკურ პრინციპებზე, მეცნიერულ თვალსაზრისზე. მოვუსმინოთ ამის თაობაზე თვით იაკობ გოგებაშვილს: “სრული უფელბა გვაქვს ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმძღვანელონი არიან ნაყოფნი დიდაქტიკური მოსაზრებისა და პრაქტიკული გამოცდილებისა”. ვ. გაბიჩვაძესთან პოლემიკისას ის აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელოს შედგენა არ შეუძლია “გონება გაუხსნელ” კაცს, “არამედ განვითარებულ პირს, რომელსაც პედაგოგიურს გამოცდილებასთან მეცნიერება შესწავლილი აქვს”. “ყოველი პრაქტიკული გამოცდილება უსარგებლო და უაზრო მექანიკოსობაა და ამაოდ ჩაივლის, თუ მას წინ არ უძღვის მეცნიერული შესწავლა საგნისა, თუ საქმე მეცნიერულს პრინციპებზედ არ არის აშენებული”. ეს უკანასკნელი დიდ პედაგოგს თავისი წერის ბადის, თავის მაღალმეცნიერული წრის სისტემის დასაცავად აქვს ნათქვამი, იმ სისტემის, რომელიც 1939 წელს აკად. ვ. თოფურიამ აღადგინა “ქართული წერის დედნის” სახით და რომლის წინააღმდეგ არაერთხელ გაილაშქრა ზოგიერთმა პირმა, რომელთაც სურდათ, ეს დიდი ეროვნული საუნჯე შეეცვალათ თავიანთი ბავშვური ნაცოდვილარით.

იაკობ გოგებაშვილმა “დედა ენა” საკუთარ, მეცნიერულ, თოერიულ თვალსაზრისზე ააგო და იგი ასევე მეცნიერული საბუთებით დაიცვა. დიდი პედაგოგი “დედა ენის” ცილისმწამებლებსა და ორგულებს ასე აფრთხილებს: “დედა ენა” დაუთმობს თავის ალაგს არა რომელსამე ღატაკს წიგნაკს… არამედ იმისთანას, რომელიც უფრო მდიდარი იქნება მასზედ, იქნება უფრო სრული სახელმძღვანელო კითხვისა და წერისა ერთად, უფრო უკეთესად დააკმაყოფილებს მოთხოვნილებას იქითა და აქეთ საქართველოსას, საერო და სამრევლოს სკოლებისას ერთად და უფრო მეტად დაეხმარება გაერთიანებას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებისას”.

როგორც ითქვა, “დედა ენა” მთელი ამერ-იმერი ბავშვების ჭეშმარიტი სახელმძღვანელო იყო, საქართველოს ყევლა კუთხის ბავშვებისათვის გასაგებია საგნობრივი და ენობრივი მასალის შემცველი, მართლაც, სხვადასხვა კუთხის გამაერთიანებელი. ამ იდეის ხორცშესასხმელად იმერ სინონიმებსაც იყენებდა აკაკის დახმარებით; ამის მაგალითებია “დედა ენაში”: კომში, ანუ ბია; გოგრა, ანუ კვახი; “ჩურჩხელა, ანუ ჯანჯუხი” და ა. შ. ამით ი. გოგებაშვილი მისაწვდომობის პრინციპებს იცავდა.

“დედა ენის” საანბანო ნაწილი ი. გოგებაშვილმა ააგო წერა-კითხვის სწავლების ბგერით ანალიზურ-სინთეზურ მეთოდებზე, რომელიც მეტად მარჯვე აღმოჩნდა ქართულისათვის, იმ ენისათვის, სადაც ბგერა და ასო, კითხვა და წერა იდეალურად ესატყვისება ერთმანეთს. ეს მეთოდი ი. გოგებაშვილმა ქართულის, როგორც ფონეტიკური ენის, თავისებურებების მაქსიმალური გათვალისწინებით გამოიყენა. ამ თავისებურების ანგარიშის გაწევის საფუძველზე მან ანბანის სწავლების წერა-კითხვის ხერხის ნაცვლად კითხვა-წერის ხერხი გამოიყენა და ამით ქართთევლ ბავშვებს გაუადვილა კითხვისა და წერის ერთდროულად შესწავლის რთული პროცესი.

“დედა ენა” გამოსაცემად მზად იყო 1875 წელს და პირველად 1876 წელს გამოიცა.

ი. გოგებაშვილმა “დედა ენის” მე-5 გამოცემაში (1886) შეიტანა 1884 წელს გამოცემული წერის დედანის ნიმუშები ოთხხაზიან ბადეში და აქედან მოკიდებული “დედა ენა” ერთდროულად კითხვისა და წერის სახელმძღვანელო გახდა. კითხვისა და წერის ერთად და ერთდროულად სწავლების უპირატესობა იაკობ გოგებაშვილს მეცნიერულად აქვს დასაბუთებული თავის მრავალრიცხოვან მეცნიერულ შრომაში. ამის დამადასტურებელ დოკუმენტს თავად “დედა ენა” წარმოადგენს.

ანბანის განყოფილებაში ნორმალური სიტყვების შერჩევა და ბგერა-ასოთა თანმიმდევრობა ერთდროულად ეფუძნება სამ ძირითად პრინციპეს: ფონეტიკურს, ანუ ბგერითს, გრაფიკულს, ანუ გენეტიკურს, და სემანტიკურს, ანუ ნორმალურ სიტყათა მნიშვნელობის გასაგებითობას საქართველოს ყველა კუთხის ბავშვთათვის. ამ პრინციპთა ერთობლიობა ქმნის ქართული წერა-კითხვის სწავლების მეტად ოპტიმალურ სისტემას. ეს სისტემა უაღრესად ორიგინალურია და ერთდროულად ემყარება ქართული ენის ბუნების, დიდაქტიკასა და ბავშვის ფსიქიკის ღრმა ცოდნას. ეს რთული კომპლექსური თვალსაზრისი უდევს საფუძვლად ქართული ანბანის სწავლების მეთოდიკას.

“დედა ენის” დიდაქტიკის ღირებულებას დიდად ამაღლებს ის მრავალფეროვანი სხვადასხვა ჟანრის მასალა, რომლებიც იშვიათი პედაგოგიკური ნიჭით, მეცნიერული სიზუსტით, მაღალი გემოვნებით შეურჩევია, დაუმშვენებია და დიდი ოსტატობით დაულაგებია ავტორს მოსწავლეთა შემეცნებითი, საგანმანათლებლო და ესთეტიკური აღზრდის ერთიანი იდეის განსახორციელებლად პატარების პატრიოტული, ინტერნაციონალური, შრომითი, ზნეობრივი, ჰუმანური აღზრდისათვის, ღრმა ცოდნითა და მაღალი მოქალაქეობრივი თვისებებით აღჭურვილი ჰარმონიული პიროვნების აღზრდისათვის.

როცა “დედა ენის” სასწავლო მასალაზე ვლაპარაკობთ, ყურადღების ცენტრში დგას ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა დიდი ხვედრითი წონა სახელმძღვანელოში. ხალხურ შემოქმედბაში ი. გოგებაშვილი ხედავდა ხალხის მაღალებსა და მისწრაფებებს, სალიტერატურო ენისა და ბავშვთა მეტყველების ბუნებრივი განვითარების უმდიდრესს და დაუშრეტელს წყაროს, აზრის უშუალოდ და თავისუფლად გადმოცემის დიდ შესაძლებლობას.

როცა “დედა ენის” დიდაქტიკაზე ვსაუბრობთ, საკითხავი მასალის გვერდით ყურადღებას იქცევს საგანგებოდ შერჩეული სასაუბროები, სურათები, ზეპირი და წერითი სავარჯიშოები, რომლებიც დიდად უწყობენ ხელს ბავშვის ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ფრაზის აგებისა და თხრობის უნარის განვითარებას, ფანტაზიის, წარმოსახვის, ცნობისმოყვარეობის, დამკვიდრების, ლოგიკური აზროვნების უნარის განვიარებას, დამოუკიდებელი სასარგებლო შრომის ჩვევის გამომუშავებას.

“დედა ენამ” მიზნად დაისახა, ხელი შეეწყო ყოველმხრივ განათლებული, მშრომელი და ზნეობრივი სპეტაკი ახალგარდების აღზრდისათვის; ამან განსაზღვრა მისი ენციკლოპედიური შინაარსი და ხასიათი, მომავალი თაობის ზოგადი და პრაქტიკული განათლებით აღჭურვის აუცილებლობა.

“დედა ენა” გვაოცებს თავისი იდეური მთლიანობით, ჰარმონიულობით, პედაგოგიკურ-მეთოდიკური არქიტექტონიკით. მასში ყოველი ცალკეული მასალა – ანდაზა იქნება ის, ლოგიკურ-ენობრივი სავარჯიშო თუ საკითხავი ტექსტი – თავის ძირითად ფუნქციასთან ერთად, მთლიანის ორგანული კომპონენტია და მასალათა დალაგების სისტემაში საკუთარი ბუნებრივი ადგილი უჭირავს, გარკრვეულ როლს ასრულებს. წიგნის ასეთი ჰარმონიული აგებულება აძნელებს მისი ნაწილობრივი გამოყენების შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში ირღვევა მისი მთლიანობა, ვინაიდან გამოსაყენებელია სისტემა, რომელიც მეცნიერულ შეხედულებათა რთულ კომპლექსს, “დედა ენის” აგების პრინციპთა ერთობლიობას წარმოადგენს. ეს პრინციპი, სისტემა ჭეშმარიტად მონუმენტურია, უბერებელი. შეიძლება მასალა მოძველდეს და გამოიცვალოს, მაგრამ დიდი პედაგოგიკის მიერ შემუშავებული კლასიკური პრინციპები მარადიულია.

“დედა ენა” იდეურ-პროგრესული მიმართულებით მომავალს ეკუთვნის. მისი შემოქმედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური იყო, დიდი ილიას თანამებრძოლი, რევოლუციურ-დემოკრატიული სულისკვეთებისა და ხალხთა ეკონომიკური და უფლებრივი თანასწორობისა და ხალხთა ეკონომიკური და უფლებრივი თანასწორობისათვის მებრძოლი, მხურვალე პატრიოტი, ინტერნაციონალისტი და დემოკრატი, ამიტომ წერდა მისი საყვარელი მოსწავლე, შემდეგ გამოჩენილი მწერალი – ვასილ ბარნოვი: “იაკობს როცა ვიხსენებ უნებურად გული მიტოკავს; ის ჩვენი სინამდვილისათვის გაცილებით დიდი ადამიანი იყო, ვიდრე ეს წარმოდგენილი გვაქვს”.

იაკობ გოგებაშვილმა “დედა ენა” იმიტომ გაჰყო ორ ნაწილად, რომ პირველი ნაწილი ყველა სარწმუნოების ქართველს გამოეყენებინა; ამიტომ ამოიღო იქიდან “მართლმადიდებელი ეკლესიის ელემენტები”. “დედა ენის” მეორე ნაწილის ბოლოს მოთავსებული აქვს ისტორიული მოთხრობა “თავდადებული მღვდელი თევდორე”, რომელსაც ასეთი ბოლოსიტყვა ახლავს: “კაი ხანია, რაც საქართველოს აღარ მტრობენ და აღარ აწუხებენ აღარც ლეკები, აღარც სპარსელები და აღარც სხვა წინანდელი მტრები, ამის გამო ჩვენც, ქართველებს, გვმართებს ყოველ გვარს მტრობაზე მათ შესახებ ხელი ავიღოთ (და აღებული გვაქვს, საბედნიეროდ) და ვიქონიოთ კეთილი მეზობლობა, მეგობრული განწყობილება”, ან: “როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონებისათვის, არამედ თავისი საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ახლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავამაღლოთ, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების განვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისა” (ი. გოგებაშვილი, თხზ., 1, 1952, გვ. 373), ან კიდევ: ყოველი კაცი “ყველა ადამიანს უნდა უყურებდეს განურჩევლად წარმოშობისა და ეროვნებისა, როგორც თანასწორ ძმებს და უღირსად თვლიდეს და ზიზღით ეპყრობოდეს მდაბიო ინსტინქტებიტ შეპყრობილ იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ ადამიანთა ეროვნული განსხვავებით და შუღლსა და მტრობას სთესენ მათ შორის” (იქვე, გვ. 145).

იაკობ გოგებაშვილი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა დედაენაზე სწავლა-აღზრდას. ის ამ შემთხვევაში ეყრდნობა პედაგოგიკის დიდი კლასიკოსების თვალსაზრისს, განსაკუთრებით რუსული პედაგოგიკური აზროვნების მამამთავრის – კ. უშინსკის შეხედულებას: “ყრმა, რომელიც დედაენას შეისწავლის, ცხოვრებაში განუზომელი ძალებით შედის, მშობლიურ ენას რომ სწავლობს, არა მარტო პირობით ბგერებს სწავლობს ბავშვი, არამედ დედაენის მშობლიური ძუძუდან იწოვს სულიერ ცხოვრებას და ძალას” (კ. უშინსკი, რჩ. პედაგ. თხზულებანი, 1, თბ., 1948, გვ. 137). ერის არსებობისათვის, კ. უშინსკის აზრით, დედაენას განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს: “წაართვით ხალხს ყველაფერი და მას შეუძლია კვლავ დაიბრუნოს იგი, მაგრამ წაართვით ხალხს ენა და ის ვერასოდეს ვერ შექმნის მას, ხალხს შეუძლია თვით ახალი სამშობლოს შექმნა, მაგრამ ენისა კი – არასოდეს; მოკვდა ენა ხალხის ბაგეზე და მოკვდა თვით ხალხიც. მაგრამ თუ ადამიანის სული შეძრწუნდება ერთი ადამიანის მკვლელობის გამო, რაღა უნდა იგრძნოს ადამიანის სულმა მაშინ, როდესაც ხელყოფენ დედამიწის ზურგზე ღვთის ქმნილებათაგან ამ ყველაზე უდიდესი ქმნილების სიცოცხლეს?” (იქვე). გასულ საუკუნეში დიდი ილია საჯაროდ აცხადებდა: “ჩვენ რომ დაჟინებით და უკანდაუხევლად ვთხოულობთ დედაენისათვის სრულს და დაუბრკოლებელ გზას სასწავლებელში, – ეგ მარტო დედაენის სიყვარულით არ მოგვდის, ვთხოულობთ და ვნატრობთ იმიტომაც, რომ უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია”.

ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და ქართველი ხალხის სხვა მოწინავე შვილები ოცნებობდნენ ეროვნულ სკოლაზე, სადაც სწავლა-განათლება დედაენაზე იქნებოდა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიაჩნდათ შესაძლებლად ქვეყნის შეუფერხებელი ბუნებრივი განვითარება.

იაკობ გოგებაშვილის აზრით, ყოველ თავისუფალ ერს შეაქვს მსოფლიო კულტურის საგანძურში თავისი წვლილი, “რომელნიც ავსებენ შეერთებულად მსოფლიო ლიტერატურის მსოფლიო ზღვასა. ერთმა წარჩინებულმა მწერალმა კაცობრიობა დაადარა მგალობელთა დიდს გუნდსა, ხოროსა, რომლის ჰარმონია მხოლოდ მაშინ არის სავსე და სრული, როდესაც ყველა ხალხი, თავისი შესაბამისი ხმით, იღებს მონაწილეობას მსოფლიო ღაღადისში. შეწყდა რომელიმე ერის ხმა? გაღარიბდა კაცობრიობის ხოროს ჰარმონია, შესუსტდა მსოფლიო ღაღადისი, დანაკლულდა ზღვა თავისებურობისა, მიაკლდა ერთი თავისებური ლალი კაცობრიობის კულტურის დიდებულს სალაროსს” (ი. გოგებაშვილი, თხზ., ტ. 2, 1954, გვ. 239).

“დედა ენა”, მართალია, ღრმად ეროვნული წიგნია, მაგრამ ამავე დროს საკაცობრიო პროგრესული იდეალების შემცველია, სადაც ეროვნული ბუნებრივად ერწყმის საკაცობრიოს.

“დედა ენის” დიდაქტიკის პროგრესულობაზე მეტყველებს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტიც. იგი თავიდანვე (პირველი გამოცემიდანვე) განმავითარებელი სწავლების იდეაზეა აგებული. სახელმძღვანელოში სასწავლო მასალა ისეთი წესითა და ფორმითაა წარმოდგენილი, ისეთი მეთოდიკური აპარატურა ახლავს, რომ უზრუნველყოფილია სწავლების პროცესში მოსწავლეთა ყოველმხრივი აღზრდა-განათლება და ინტენსიური განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნებისა და მეტყველების კულტურის ამაღლება. ამის მაგალითებია ასეთი ზეპირი და წერითი სავარჯიშოები, დავალებები (მაგალითები მოგვაქვს “დედა ენის” 1876 წლის გამოცემიდან): “თქვენ რვეულში მიაწერთ შემდეგ სიტყვებსა, რომელი სასწავლო ნივთია, რომელი სათამაშოა, რომელი ხის ავეჯი და რომელი ჭურჭელი: ქილა… ხონჩა… ბურთი… ტაფა… ჯამი”…

“რით გვანან და რით განირჩევიან: კატა და ძაღლი, ძროხა და ცხვარი, ხარი და კამეჩი”.

“დაწერეთ, რა სარგებლობა აქვს ადამიანს ბალახებისაგან”.

“ორშაბათი არის დღე კვირისა… ზაფხული…. იანვარი… პარასკევი… ზამთარი… დილა… მაისი… შუადღე…”

“დაწერეთ, რას აკეთებენ გლეხები: ზაფხულში, ზამთარში, გაზაფხულზედ და შემოდგომაზედ”….

ასეთი სავარჯიშოებისა და დავალებების შესრულება მოითხოვს ბავშვის დამოუკიდებელი შემეცნებითი ძალების გააქტიურებას, სათანადო ლოგიკურ ოპერაციებს, რაც სასარგებლო ინფორმაციის მიღებასთან ერთად, ავითარებს ბავშვის დამოუკიდებელ აზროვნებასა და მეტყევლებას, რასაც დღეს დიდი ყურადღება ექცევა.

“დედა ენა” ენციკლოპედიური სახელმძღვანელოა; იგი გასაგები და ემოციური ფორმით აწვდიდა პატარებს ცოდნას ქვეყნის წარსულზე, საქართველოს ფლორასა და ფაუნაზე, ადამიანთა შრომა-საქმიანობაზე, მათს ურთიერთობასა და სულიერ ცხოვრებაზე.

იაკობ გოგებაშვილი დღენიადაგ ზრუნავდა “დედა ენის” ხარისხზე. მან თანდათანობით გააუმჯობესა წიგნის დასურათება, მისი შრიფტი; ბოლოს, “დედა ენას” თავისი დამუშავებული ხალხური სიმღერების ნოტებიც დაურთო (იაკობ გოგებაშვილი დიდებულად მღეროდა და ქართველ ახალგაზრდობას არც თავისი ტკბილი ჰანგები დააკლო).

ი. გოგებაშვილის “დედა ენა” მთავრდება განყოფილებით “მოთხრობები საღმრთო ისტორიიდგან” (პირველი წლის კურსი) შემდეგი მითითებებით: “მასწავლებელმა ეს მოთხრობები უნდა უამბოს ბავშვებს ცოცხალი სიტყვით და ამასთან ახმაროს დიდი საკლასო სურათები. როცა ამ სახით გაათავებინებს ყველა მოთხრობას ორივე აღთქმისას, მაშინ უნდა დაუბრუნდეს უკან და წიგნში გაამეორებინოს. თუ პირდაპირ წიგნში დააწყებინა კითხვა, მეტადრე ჯერედ კითხვაში გაუმართავს ბავშვებს, საქმეს გააფუჭებს”.

ამგვარად, იაკობ გოგებაშვილმა “დედა ენის” შესაქმნელად რუსთაველისებურად შემართა თავისი “სული, ცნობა და გონება” და მაღალი შთაგონებით მარადიული ძალა შთაბერა მრავალ ქარცეცხლში გამოვლილ, ფერფლიდან არაერთგზის ფენიქსებრ აღმდგარ ქართულ სიტყვას და იგი ყოველი ქართველის განუყოფელ საკუთრებად აქცია.

იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” მაღალ ღირსებებს კარგად ხედავდნენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც (შუხარტი, არტურ ლაისტი და სხვ.). 1943 წელს, როცა მრისხანე ომი მძვინვარებდა, ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ორგანოებმა გამოიტანეს დადგენილება – დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოები აგებულიყო იაკობ გოგებაშვილის პროგრესულ მემკვიდრეობაზე, კერძოდ, მისი “დედა ენის” პრინციპებზე. ამ საქმეს კვალიფიცური კომისია ჩაუდგა სათავეში და 1944 წელს უკვე გამოიცა ი. გოგეაშვილის “დედა ენის” პრინციპების მიხედვით შედგენილი საბჭოთა “დედაენა” (ნ. ბოცვაძისა და ე. ბურჯანაძისა).

კომისია, რომელიც 1943 წელს აანალიზებდა მრავალი ცივილიზებული ქვეყნის ენათა ანბანის სახელმძღვანელოებს, ღრმად დარწმუნდა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” დიდაქტიკის უნიკალურობასა და უპირატესობაში. კომისიის ყურადღება მიიქცია “დედა ენის” აგების მონუმენტურმა სისტემამ. მეცნიერული ინფორმაციების სიუხვემ, მდიდარმა ენამ და გადმოცემის ლაკონურმა სტილმა, ბავშვის სულის მოძრაობის საიდუმლოების ღრმა ცოდნამ, პატრიოტულმა მიმართულებამ…

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ისეთიმა დიდმა დიდაქტიკურმა აღმოჩენამ, როგორიცაა პირველ გაკვეთილად ორი ხმოვანისაგან შემდგარი სიტყვის – ი ა-ს შერჩევა; ხმოვანების ადრე მიცეამა მარჯვე ნორმალური სიტყვებით; აღმზრდელობითი საგანმანათლებლო ხასიათის მოკლე-მოკლე მაღალმხატვრული ემოციური ხასიათის საბავშვო ტექსტები, მათი დალაგების სისტემა, მდიდარი ენა და ნათელი სტილი, რითაც იაკობ გოგებაშვილის “დედა ენამ” ანბანის სახელმძღვანელოთა შორის საპატიო ადგილი დაიჭირა.

ჩვენი საუკუნის გამოცდასაც გაუძლო “დედა ენამ” . 1960 წლის აგვისტოში ვენესუელაში სწავლულმა ი. ესპინოზამ მოაწყო მსოფლიო ერების ანბანის სახელმძღვანელოების გამოფენა, სადაც იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” პრინციპებზე შედგენილმა “დედაენამ” ერთ-ერთი უპირველესი ადგილი დაიჭირა და სიგელით დაჯილდოვდა.

დედაენა საბჭოთა სკოლაში რიგითი სასწავლო საგანი კი არაა, არამედ სხვადასხვა საგნის სწავლების საშუალება; მან მტკიცე საფუძველი უნდა შეუქმნას რუსული ენის სწავლებას, რაზედაც თავის დროზე ამახვილებდა ყურადღებას იაკობ გოგებაშვილი. ამისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული წერა-კითხვის მაღალ დონეზე სწავლებას, პატარების მეტყველებისა და აზროვნების ინტენსიურ განვითარებას, რაც, პირველ რიგში, “დედაენის” გონივრულ გამოყენებაზეა დამოკიდებული.

ამჟამად მოქმედი “დედაენის” შემდგომი დიდაქტიკური სრულყოფა მოითხოვს კიდევ უფრო ფართოდ იქნეს გამოყენებული იაკობ გოგბაშვილის პროგრესული მემკვიდრეობა, თანამედროვე ენათმეცნიერების, პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და მეცნიერული მეთოდიკის მიღწევები.

დ) “დედანი ქართული წერისა”

“დედანი ქართული წერისა” პირველად 1884 წელს გამოიცა. დედნის მეორე გამოცემა განხორციელდა მისი გამოცემიდან 100 წლისთავზე (1983 წელს). იაკობ გოგებაშვილის ქართული წერის დედანსაც თავისი შემოქმედის ისეთივე დიდი ზრუნვის ბეჭედი აზის და მადლი მოსავს, როგორიც უკდავ “დედა ენას”. ‘დედან ენა” იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, “დედანი ქართული წერისა” კი – მხოლოდ ერთხელ, 1884 წელს, თუმცა გამოსაცემად 1882 წელსაც მზად იყო.

იაკობ გოგებაშვილს გულით ეწადა, დედანიც ისე ხშირად გამოცემულიყო, როგორც თავისი “დედა ენა”, მაგრამ ამას წინ გადაღობებია რამდენიმე ანგარიშგასაწევი დაბრკოლება. მოვუსმინოთ ამის თაობაზე თავად ავტორს: დედანის “მეორე გამოცემაზე შემდეგში ხელი ავიღეთ… მიზეზი გამოუცემლობისა ორი გახლდათ. პირველად ჩვენი დედანი ღირდა ექსვ შაურად, ყდით ჯდებოდა ორ აბაზად., “დედა ენაშიც” ამდენი უნდა მიეცათ მოსწავლეებს. ოთხი აბაზის გაღება კი ჩვენი ღარიბი ხალხისათვის სამძიმო იყო. დედნის გაიაფება შეუძლებელი იყო, რადგანაც იგი რთული იყო და ძვირად ჯდებოდა. ამიტომ დედანი შემოკლებით გადავიტანეთ “დედა ენაში”, რომელსაც მანამდე აკლდა წერის ნიმუშები, და ამასთან ფასი წიგნისა დავტოვეთ წინანდელი, მიუმატებელივ. მეორე მიზეზი ის გახლდათ, რომ ჩვენ არ გვინდოდა გაგვეწია კონკურენცია ქართველის კალიგრაფიებისათვის და გვსურდა გაგვეადვილებინა მათთვის რიგიანი ქართული დედნის გამოცემა მესამე, მეოთხე და შემდეგი წლებისათვის”.

როგორც ვხედავთ, დედნის ხელმეორედ გამოუცემლობის მთავარი მიზეზი ის გამხდარა, რომ იგი ძვირი ჯდებოდა და “ღარიბი ხალხისათვის სამძიმო იყო” მისი შეძენა. ამიტომ ავტორს წერის ნიმუშები ფასის გაუდიდებლად “დედა ენაში” შეუტანია. ამგვარი ქველმოქმედებისა და ჰუმანიზმის მაგალითით სავსეა იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის ულამაზესი ბიოგრაფია.

იაკობ გოგებაშვილის წერის დედნის გამოცემამდე და შემდეგაც რამდენიმე დედანი გამოიცა, მაგრამ მათგან უმეტესი ნაწილი ეყრდნობოდა სხვა ენათა დამწერლობას, სხვათა წერის ბადეს და უგულებელყოფდა ქართული წერის გრაფიკის თავისთავადობასა და თავისებურებას; ნაკლებად უწევდა ანგარიშს იმას, რომ ქართული მხედრული დამწერლობა არის ოთხხაზოვანი, პირდაპირი და მრგვალი. ამის გამო ი. გოგებაშვილი წერდა: “ჩვენებური ანბანი, ბეჭდური და ხელნაწერი, ბევრად განსხვავდება ევროპული ანბანისაგან და ამიტომ ვერ დაემორჩილება მის კანონებს უცვლელად. წერის კანონების შეცვლა, გაკვლევა და ზედ გამოჭრილს კალაპოტში ჩაგდება ჩვენი წერისა იყო რთული და ძნელი საქმე, სავსე ბევრგვარი დაბრკოლებით”. ამიტომაც გაუძნელდათ გამარჯვება ამ საქმეში იმ რამდენიმე პირთა, რომელთაც იკისრეს წინა წლებში ქართული წერის დედნის შედგენა და გამოცემა.

ქართული წერის “კალაპოტად” ი. გოგებაშვილს სამართლიანად მიაჩნდა ქართული კალიგრაფიისათვის მისადაგებული წერის ბადე, რომლის შესაქმნელად, როგორც თვითონ იუწყება, ბევრი დაბრკოლება გადაულახავს, სირთულე, დაბრკოლება გარდაუვალი იყო, ვინაიდან ქართული დამწერლობა არც ერთ სხვა დამწერლობას არ ენათესავება, ორიგინალურია, თავისთავადი. დიდ პედაგოგს კარგად ესმის, რომ გამართული წერის დედანი, რომელიც მეცნიერულ-დიდაქტიკურ თვალსაზრისზე იქნება აგებული, სასურველ დონეზე დააყენებს წერის სწავლებას, განათლების წარმატების საწინდარი გახდება. დედნის შექმნამდე ი. გოგებაშვილი წერდა: “საძირკველი განათლების არის წერა-კითხვის ცოდნა. ისიც ყველამ უწყის, რომ ამ საძირკველის ჩადგმას, უპირველესად, უპირველესად ყოვლისა, ეხმარება გონივრულად, მარჯვედ შედგენილი საკითხავი წიგნი და დ ე დ ა ნ ი. პირველი საკითხავი წიგნები ჩვენში კაი ხანია დაიბადნენ… მაგრამ ხეირიასნს დ ე დ ა ნ ს აქამდე ვერ ვეღირსენით”.. როცა დედანიც შეიქმნა, მის შემდგომ ცალკე გამოცემაზე ხელი აიღო, წერის ნიმუშები, კიდევ უფრო დახვეწილი და სრულქმნილი, “დედა ენაში” (V გამოცემაში) შეიტანა, რითაც “დედა ენა” გახდა კითხვისა და წერის ერთიანი, სწორუპოვარი სახელმძღვანელო.

ი. გოგებაშვილს ცალკე გამოცემულ დედანში (1884 წ.) ექვსხაზიანი ბადე ჰქონდა გამოყენებული, მაგრამ, როცა წერის ნიმუში “დედა ენაში” შეიტანა (1886 წ.), იქ ოთხხაზიანი ბადე დაამკვიდრა. აქედან მოკიდებული ქართული წერა-კითხვასთან დაკავშირებით ოთხხაზიან რვეულში ისწავლება. ამით დიდმა პედაგოგმა, ერთი მხრივ, ქართული წერის სწავლებას მტკიცე საფუძველი დაუდო, მეორე მხრივ, სამუდამოდ დაუკავშირა კითხვას წერის სწავლება. ქართული კითხვისა და წერის ერთად სწავლების აუცილებლობა კი იაკობ გოგებაშვილს მეცნიერულად მრავალგზის აქვს დასაბუთებული. ამის საფუძველს უწინარესად მას აძლევდა ქართული წარმოთქმისა და წერის იშვიათი სიახლოვე, ქართული ბგერის მხოლოდ ერთი გრაფიკული ნიშნით – ასოთი – აღნიშვნა ყოველგვარი დამატებითი გრაფიკული ნიშნის გარეშე (რა პოზიციაშიც უნდა იყოს ერთი ბგერა მეზობელ ბგერასთან). ქართულის ეს საქებარი თვისება კარგად ჰქონდა შენიშნული დიდ ილიას, როცა წერდა: “სავსეობა და სისრულე ანბანისა უეჭველად ნიშანია ენის წარმატებისა და განვითარებისა”. თ. ჟორდანია კი ამ თავისებურებას ჩვენი ენისას ასე ახასიათებდა: “ქართული ასოები რუსულად გამოხატავენ ყველა მარტივ ხმებს ჩვენის ენისას… ამ მხრივ ქართული ანბანი სამართლიანად აღიარებულია როგორც უნაკლო და წარჩინებული სხვა ერთა ანბანში”.

როცა ქართული ენის თავისებურებას გაეცნო დიდი რუსი ენათმეცნიერი პ. უსლარი, აღნიშნა, რომ ქართული ანბანი “თითქმის ყველა არსებულ ანბანზე უფრო უსრულყოფილესია. ყოველი ბგერა გამოიხატება განსაკუთრებული ნიშნით და ყოველი ნიშანი მუდამ ერთსა და იმავე ბგერას აღნიშნავს, ყოველ ევროპულ ენაში არსებობს დაბრკოლება – ორთოგრაფია. ქართველებისათვის კი, მათი ანბანის სისრულის მეოხებით, ეს სიძნელე თითქმის აღარ არსებობს”.

ქართველ და არაქართველ სწავლულთა ქართული ენისა და მისი გრაფიკის ამ თავისებურებებისა და ღირსების გამოვლენა-აღიარება გზას უღობავდა და უღობავს ყველა ბრმა იმიტატორს – შეცვალოს ი. გოგებაშვილისეული წერის ბადე სხვა ენის წერის ბადით.

იაკობ გოგებაშვილის “დედანი ქართული წერისა” და მისი წერის სწავლების პროგრასული სისტემა დაედო საფუძვლად ვარლამ თოფურიას “ქართული წერის დედანს”, რომელიც პირველად 1939 წელს გამოიცა და მას შემდეგ ქართული წერის სახელმძღვანელოა.

მსოფლიოში რამდენიმე ათასი ენაა, მაგრამ დამწერლობა თოთხმეტიოდეა და მათ შორის ერთ-ერთი ქართულია. “ქართული დამწერლობას, – აღნიშნავს ი. ჯავახიშვილი, – მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც ჩვენი ერის ინტენსიური კულტურული ცხოვრებისა და შემოქმედების ნაყოფია და რომლის შესწავლასაც ისეთივე ყურადღება უნდა მიეცეს, როგორც კულტურის ისტორიის სხვაგვარ გამოხატულებას”.

ქართველი მწიგნობრები ბევრს ზრუნავდნენ ქართული დამწერლობის ხელუხლებლობაზე, მისი სილამაზის დაცვასა და სრულყოფაზე. ქართულ კალიგრაფიას საგანგებოდ სწავლობდნენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთულ კულტურულ კერებშიც. “თუ ქართული მწერლობა უაღრესად განვითარდა მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში, – აღნიშნავს კ. კეკელიძე, – ეს ივერთა მონასტრის მეოხებითაც, სადაც თავმოყრილი იყო ქართველთა საუკეთესო კულტურული ძალები… აქ, ათონზე, შეიქმნა და ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სალიტერატურო, საგრამატიკო და კალიგრაფიული სკოლა”.

მაშასადამე, ქართული კალიგრაფიის შესწავლა შორეულ წარსულში ქართველ მწიგნობართა ყურადღების ცენტრში იდგა.

ქართული ანბანის “სავსეობა და სისრულე… უეჭველად ნიშანია ერის წარმატებისა და განვითარებისა” (ილია ჭავჭავაძე). განუსაზღვრელია წერის (ხელნაწერის) მაღალი კულტურის როლი ერის სულიერი ცხოვრების აღმავლობაში. მისი თვითმყოფადი კულტურის აყვავება უთუოდ განაპირობა საკუთარი დამწერლობის მაღალმა დონემ, ანბანის “სავსეობამ და სისრულემ”, იმან, რომ გვქონდა და გვაქვს “ანბანი უმარტივესი და უბუნებითესი ყოველ ანბანთაგან” (დ. ყიფიანი).

დამწერლობის, კალიგრაფიის ეროვნულ ხასიათსა და თავისებურებაზე საყურადღებო აზრი აქვს გამოთქმული ცნობილ ჩეხ მეცნიერს ჩ. ლოუკოტკას: “დამწწერლობის მიხედვით შეიძლება შევისწავლოთ ან, უკიდურეს შემთხვევაში, ვიმსჯელოთ მისი შემქნელი ხალხის აზროვნების ეროვნულ ხასიათზე”. (“Развитие письма” М., 1950, გვ. 16).

კალიგრაფიის შესწავლის პროცესში უვითარდება ბავშვს ნებისყოფა, ყურადღება, მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა, ეჩვევა აკურატულობას, სიფაქიზეს, რიტმულ მოქმედებას, უვითარდება სილამაზის შეგრძნების უნაირ, დედაენის სიყვარულისა და ეროვნული სიამაყის გრძნობა… ასე რომ, კალიგრაფიის შესწავლას აქვს დიდი შემეცნებითი და აღმზრდელობითი მნიშვნელობა.

საუკუნეზე მეტია იაკობ გოგებაშვილის დედნის მიხედვით ისწავლება სკოლაში ქართული მეხდრული ხელი. კალიგრაფია ისე არ იცვლება, როგორც ენის ლექსიკა-ფრაზეოლოგია. ნაწერის, კალიგრაფიის ერთიანობას ხელს უწყობს, არეგულირებს კარგად შედგენილი წერის დედანი.

თანამედროვე წერიდ დედანი ეყრდნობა იაკობ გოგებაშვილის წერის სწავლების კლასიკურ, მეცნიერულ სისტემას. კლასიკური მემკვიდრეობა ინახავს ეროვნული სულიერი კულტურის მთლიანობას და მისი ხელყოფა კი უგუნურად არღვევს ამ მთლიანობას. ქართული დამწერლობა, კალიგრაფია ჩვენი ეროვნული კულტურის ნიშანსვეტია და მას, როგორც ი. ჯავახიშვილი სამართლიანად აღნიშნავს, ისეთივე ფაქიზი მოვლა სჭირდება, როგორც ჩვენი ეროვნული კულტურის სხვა გამოხატულებას. იაკობ გოგებაშვილის წერის სწავლების კლასიკური მემკვიდრეობა ისეთივე ხელშეუხებელი უნდა იყოს, როგორც დიდია ილიას მემკვიდრეობა. თუნდაც იმიტომ, რომ ამ პროგრესულ სისტემას ეყრდნობა დღეს ქართული კალიგრაფიის სწავლების თეორია და პრაქტიკა.

ქართული დამწერლობა თავისთავადი და თავისებურია. მას არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ დამწერლობასთან. ამის თაობაზე თავად იაკობ გოგებაშვილს მოვუსმინოთ: “დიდი ევროპა და პაწია საქართველო წერაში სულ სხვადასხვა გზას ადგნენ საუკუნოების განმავლობაში”. (ი. გოგებაშვილი, თხზ., ტ. 5, 1957, გვ. 711). “ჩვენებური ანბანი ბეჭდური და ხელნაწერი ბევრად განსხვავდება ევროპული ანბანისაგან და ამიტომ ვერ დაემორჩილება მის კანონებს უცვლელად. წერის კანონების შეცვლა, გადასხვაფერება თანახმად ჩემი ანბანის თვისებისა, გზის გაკვლევა და ზედგამოჭრილს კალაპოტში ჩაგდება ჩვენი წერისა იყო რთული და ძნელი საქმე, სავსე ბევრგარი დაბრკოლებითა” (ი. გოგებაშვილი, რჩ. პედაგ. ნაწ. ტ. II, 1940, გვ. 216) და ეს განსხვავებული ბადეც ქართულისათვის ი. გოგებაშვილმა შექმნა.

ი. ჯავახიშვილის აზრით, ქართული “დამწერლობის ასოთა წესიერი გამოყვანისათვის ოთხხაზოვანი საწერი ბადეა საჭირო, ძველადაც ასევე ოთხ ხაზს შუა წერდნენ და ეხლაც ქართული წერის დედნის დასაწყისი ნაწილი ოთხაზოვანი საწერი ბადის სისტემაზეა დამყარებული თანამედროვე პალეოგრაფიაშიც ამ “ხაზოვნების სისტემის” საკითხს… ჯეროვანი ყურადღება აქვს მიქცეული: “ორხაზოვან სისტემასა” და “ოთხხაზოვან სისტემას” არჩევანი ერთმანეთისაგან” (ი. ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, 1926, გვ. 105).

ქართული ასოები რთულია: 27 ასო იწერება ხაზზევით და ხაზქვევით, 4- შუა ხაზში და 2-იც მთელ სიგრძეზე, ე.ი. ქართული ანბანი ოთხი განზომილებისაა. “თუ ანბანი რთულია, ბადეც რთული უნდა იყოს. როგორც ტანისამოსს ტანზე სჭრიან, ისე ბადეც ანბანზე უნდა იყოს გამოჭრილი” (ი. გოგებაშვილი, თხზ., ტ. 5, 1957, გვ. 681).

ბეჭდური ასოების წერის სწავლებისა და შემდგე ხელნაწერისას ქართული ბეჭდური და ხელნაწერი ასოების სიახლოვე, კითხვისა და წერის მაღალ დიდაქტიკურ დონეზე ერთად სწავლების ინტერესი მოითხოვს და აპირობებს. თავის თვალსაზრისს ი. გოგებაშვილი ფსიქოლოგიურადაც ასაბუთებს: “როცა ბავშვი კითხულობს რომელსამე ასოებსა და ზედმიწევნით წერს მათვე უცვლელად, სახე ასოებისა ერთი სამად და უფრო ცხადად, უფრო გარკვევით იხატება მის წარმოდგენაში და უფრო მტკიცედ რჩება სახსოვარში” (ი. გოგებაშვილი. თხზ., ტ. 8, 1961, გვ. 399-400). “ასწავლიდე კითხვას ერთის ასოებისას და აწერინებდე სხვა ასოებსა” აფერხებს როგორც კითხვას, ისე წერის სწავლებას. “კითხვა უწეროდ ხდება, წერა კი უკითხოდ ყოვლად შეუძლებალია. დიაღ, ვინც სწერს, იგი უთუოდ კიდეც კითხულობს. ეს აშკარაა: ამასთან, როცა ჩვენ ნაცნობ ასოს ვხატავთ, ანუ ვწერთ, მას ვუშვრებით სრულს ანალიზსა. ყველა მის შემადგენელს ნაწილს ცხადად ვარკვევთ, ამ ნაწილების დამოკიდებულებას დაწვრილებით ვითვისებთ. ამის გამო მთელი სახე ასოსი სავსებით იხატება ჩვენს გონებაში და მისი დავიწყება შეუძლებელი ხდება. ამ სახით ძვირფასი მაშველებელია კითხვისა და მეტად ხელს უწყობს მას იმდენადვე, რამდენადაც ხელს უწყობს ქარტის დახატვს საკუთარი ხელით რომელიმე ქვეყნის სახის მტკიცედ დახსომებასა”. ი. გოგებაშვილი თავის მოსაზრებას ფიზიოლოგიის მონაცემებითაც ასაბუთეს: “ისინი, რომელთაც ნათლად არ ესმით წერიდა და კითხვის ერთად სწავლების მნიშვნელობა, გვირჩევდნენ და გვირჩევენ ქართული წერა-კითხვის სწავლების დაწყებიდანვე ვაწერინოთ გაკრული ხელით. მაგრამ ეს მავნებელია როგორც კითხვისა, ისე წერისათვისაც. კითხვისთვის მავნებელია იმიტომ, რომ ერთგვარი განსხვავებულობა ხელნაწერ და ნაბეჭდ ასოთა შორის მაინც გამოიწვევს მოსწავლეთა დაბნეულობასა და შეაფერხებს წარმატებას კითხვაში. წერისათვის კი მავნებელია იმის გამო, რომ ხელნაწერს ასოებს არ შეიძლება მიეცეს ნორმალური სიდიდე, ისინი ძალაუნებურად ნაკლები ზომისანი უნდა დაწერონ, ხოლო ეს კი მარტო არა ჰიგინეურია, არამედ აბრკოლებს ხელის, რომლითაც ვწერთ თავისუფალ მოძრაობის განვითარებას” (ი. გოგებაშვილი, თხზ. ტ. 8, 1961, გვ. 236).

“ერთი მთავარი საღი მხარე, ეს დიდი ღირსება ჩვენი წერისა გახლავთ, – წერს ი. გოგებაშვილი, – სტამბურიდგან დაწყება და ნუსხურზე გადასვლა. და სწორედ ეს საღი მხარე, ეს დიდი ღირსება ჩვენის წერისა უნდათ ზოგიერთებს მოსპონ, გააუქმონ, საქმე უკუღმა დაატრიალონ” (იქვე, გვ. 407). ი. გოგებაშვილი დაურიდებლად კიცხავს იმათ, ვისაც “წინდაუხედავი რეფორმების” სურვილები, “ცუდ-უბრალო ცვლილებების ქავილი” აწუხებთ, რითაც არევ-დარევა შეაქვთ ქართული წერის სწავლების რეალურ სისტემაში. “ის პირნი, რომლებიც მოწადინებულნი არიან სათავეშივე გაამეფონ ნუსხური და დაარღვიონ ერთობა კითხვასა და წერას შორის, შეიგნებენ თავის მავნებელ შეცდომას”.

გარდა ამისა, ი. გოგებაშვილი წერის სწავლების დაწყებას კატეგორიულად მოითხოვს მოზრდილი ასოებით, წერის “ახალი სისტემა” კი – წვრილი ხელით, რაც პედაგოგიკური, ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გაუმართლებელია, მიუღებელია.

იაკობ გოგებაშვილის წერის დედანი და კალიგრაფიის სწავლების სისტემა გარკვეულ მეცნიერულ თვალსაზრისზეა აგებული. ი. გოგებაშვილის წერის სწავლების სისტემის წინააღმდეგ არა ერთხელ გაილაშქრეს ვ. გაბიჩვაძემ და სხვებმა, რომელთაც თავად ჰქონდათ შედგენილი ისეთი წერის დედანი, რომელიც ნაკლებად ითვალისწინებდა ქართული ხელის თავისებურებას. ი. გოგებაშვილი ფხიზლად იდგა ქართული დამწერლობის სადარაჯოზე და ყოველ არამართებულ გადახრას სათანადო შეფასებას აძლევდა. იგი ღრმად იცნობდა ქართული მხედრული ხელის ბუნებას, ნათლად ჰქონდა გათვალისწინებული მისი განვითარების ისტორია და პერსპექტივები. დიდი პედაგოგი დედნით აკანონებდა მხოლოდ მართებულსა და ტიპობრივს, ამიტომაც გაუძლო მისმა დედანმა და წერის სწავლების სისტემამ დროის დიდ გამოცდას.

ი. გოგებაშვილი აფრთხილებდა იმ პირებს, რომლებიც არ ითვალისწინებდნენ ქართული კალიგრაფიის თავისებურებას და არ ერიდებოდნენ მის ხელყოფას: “ნუ დავივიწყებთ, რომ წერა ერთ-ერთი დედაბოძია განათლებისა და ამ დედაბოძის გამრუდება უვნებლად ვერ ჩაივლის ერის განათლებისათვის”… ქართული ხელის “ხასიათის შეცვლა და დამახინჯება ჭეშმარიტის საუნჯის გათახსირება და გაფუჭება იქნება”. ხელი პიროვნების ინდივიდუალური ბუნების, ხასიათის გამომღავნებელ-ამსახველია, ეროვნული ფსიქიკის თავისებურების ღრმად აღმბეჭდავი და შემნახველია, ხალხის სულიერი კულტურის ძვირფასი მონაპოვარი და განძია. ლამაზ ხელს დიდი ესთეტიკური ღირებულებაც აქვს. ქართული კაცი ძველადაც გრძნობდა ამას. ოუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი თეიმურაზ ბაგრატიონი მ. ბროსესადმი წერილში იუწყებოდა “ქართველებს დიახ უყვართ მშვენიერი ხელი”. იაკობ გოგებაშვილიც ხაზგასმით ამბობდა: “ესთეტიკურ მხარეს, სილამაზეს წერაში ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს”.

3. მეტყველების განვითარების სისტემა

ჩვენ მათიც გვეამების,

რაცა ოდენ თქვან ნათელად.

შოთა

აზროვნება და მეტყველება ადამიანის დამახასიათებელი თვისებებია. აზროვნება მეტყველებასთან კავშირში ვითარდება ჯერ ოჯახში, უფროსებთან ურთიერთობაში, შემდეგ – ბაგა-ბაღში.

სკოლაში ეყრება საფუძველი აზროვნებისა, მეტყველებისა და სხვა ფსიქიკური უნარების (აღქმის, ინტერესის, ყურადღები…) ორგანიზებულად განვითარებას. ამ ამოცანის გადაწყვეტა ხდებოდა და ხდება თანდათანობით, კლასების მიხედვით საკლასო და კლასგარეშე კითხვისა და გრამატიკის დაწყებითი კურსის სწავლებასთან დაკავშირებით, რასაც კონკრეტულად ითვალისწინებდა ახლო წარსულში დედაენის პროგრამა და სახელმძღვანელოები (“ქართული ანბანი”, “დედა ენა”, “ბუნების კარი”) იმ მეთოდიკური რეკომენდაციების საფუძველზე, რომელთაც უხვად სთავაზობდა მასწავლებლებს თავისი მეთოდიკური წიგნებითა და წერილებით იაკობ გოგებაშვილი.

ეროვნული სკოლის პირველხარისხოვანი ამოცანა იყო და არის მეტყველების სრულყოფილი კულტურის დაუფლება. სრულყოფილი მეტყველება ენის ლექსიკა-ფრაზეულოგიის სიმდიდრეზე, მისი ფონეტიკისა და გრამატიკის ცოდნაზე დაფუძნებული მოქმედებაა პიროვნებისა, ქცევაა სუბიექტისა. პიროვნების ცოდნა-განათლების, ფსიქიკის თავისებურებებისა და შესაძლებლობების გამოვლენაა, რეალიზაცია მეტყველების საშუალებით ხდება და მისი უნარი და საერთო კულტურა მეტყველების დონის მაჩვენებლებით ფასდება.

ი. გოგებაშვილის აზრით, მოსწავლეთა მეტყველების კულტურის, წიგნიერების დონის ამაღლების საკითხი დედაენის საკითხთა სწავლების სისტემაში სკოლის ყოველდღიური ზრუნვის საგანია; მოსწავლეთა მეტყველების განვითარების მთავარი წყარო არის ლიტერატურა, ხალხური შემოქმედება. საყურადღებოა, რომ მის სახელმძღვანელოებში, განსაკუთრებით “დედა ენაში”, უხვადაა წარმოდგენილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, სადაც დიდი პედაგოგი ხედავს ხალხის სიბრძნეს, მის მაღალ იდეალებს, მისწრაფებებს, სალიტერატურო ენის, მეტყველების მოქნილ ფორმებს.

“დედა ენაში” საკითხავი მასალის გვერდით ყურადღებას იქცევს საგანგებოდ შერჩეული სასაუბროები, სურათები, ზეპირი და წერითი სავარჯიშოები, რომლებიც დიდად უწყობენ ხელს პატარების ლოგიკური აზროვნებისა და მხატვრული მეტყველების თანდათანობით განვითარებას, პრაქტიკული, დამოუკიდებელი ჩვევების გამომუშავებას, ბავშვთა ცნობისმოყვარეობისა და დამკვირვებლობის უნარის განვითარებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ფრაზის სწორად აგებისა და გაბმული მეტყველების ჩვევის გამომუშავებას.

“დედა ენის” პირველ გამოცემაში მოთავსებულია 24 სასაუბრო. თითოეულ მათგანს წინ უძღვის თემატიკურად მახლობელი საკითხავი ტექსტები, რომელთაც მოსდევს ანდაზები, გამოცანები და ბოლოს საწერი სავარჯიშო. მათ მჭიდრო კავშირი აქვთ სახელმძღვანელოს საერთო იდეურ შინაარსთან, დედაენის სწავლების მთავარ მიზანდასახულობასთან და სხვადასხვა სახის მასალის ურთიერთშეხამების სისტემასთან.

თითოეულ ნაკვეთში მიახლოებით ერთ თემასთან დაკავშირებული მასალაა მოთავსებული, რომელიც, როგორც წესი, მთავრდება თემატიკურად მახლობელი სასაუბროთი, ანდაზებით, გამოცანებითა და ა. შ. თუ როგორ ურთიერთობაშია ერთ ნაკვეთში მოთავსებული ეს მასალები, დასათაურებიდანაც ადვილად დავინახავთ. ნიმუშისათვის ავიღოთ “რიგი მეექვსის” მასალები: “ჩიტი და მელა” – ხალხური ზღაპარი, “თხა” – ლექსი, “ცალ-უღელა ხარი” – ხალხური, “ღორი” – ხალხური ლექსი, “მგელი და თხა” – არაკი ესოპესი, “დაჭერილი კურდღელი” – ხალხური, “თავისი თავის წყევლა”, “კურდღელი და მწევარი”, “ხარი” – ხალხური ლექსი, “კატა და ძაღლი” – ხალხური, “მელია და თხა” – არაკი ესოპესი, სასაუბრო (შინაური ცხოველები), ანდაზები, გამოცანები, საწერი (“დედა ენა”, 1876, გვ. 35-43).

აქედან ამჟამად მეტყველების განვითარებისათვის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა “სასაუბროს” შინაარსი და საწერი სავარჯიშოს მასალა. მოგვაქვს სასაუბროს შინაარსი, როგორც მოსწავლის ლოგიკური აზროვნებისა და მეტყველების განვითარების სპეციალური სავარჯიშო.

“ს ა ს ა უ ბ რ ო. ბღავილი რამ იცის? ხარმა, ძროხამ, ცხვარმა; ყროყინი რაღამ იცის? ჭიხვინი, კიკინი? ჭყვიტინი? ეს ცხოველები სად ცხოვობენ? ამიტომ რა სახელი ჰქვიათ? შ ი ნ ა უ რ ი ც ხ ო ვ ე ლ ე ბ ი. კიდევ რა შინაური ცხოველის შვილსა ჰქვია ხბო? ზაქი? ლეკვი? გოჭი? კვიცი? ბატკანი, ანუ კრავი? თიკანი? კოზაკი? მუტრუკი? რასა ჰქვიან დეკეული? მოზვერი? ბურვაკი?

რა გამოსადეგია: ხარი, კამეჩი, ცხენი, ძროხა, თხა, ცხვარი, კატა, ძაღლი, ვირი, ღორი, აქლემი? რამდენი ფეხი აბიათ ყველა ამ ცხოველებსა? ამიტომ რა საერთო სახელი ჰქვიანთ? – ო თ ხ ფ ე ხ ნ ი.

რასა სჭამს ხარი? კიდევ რომელი შინაური ცხოველები სჭამენ ბალახსა? ძაღლი რასა სჭამს? კიდევ რომელი შინაური ცხოველები სჭამენ ხორცსა? რითი ზრდიან თავის შვილებს შინაური ცხოველები? რომელ ოთხფეხებსა აქვთ გაყოფილი ჩლიქები? რომლებს გაუყოფელი? რომელები იცოხნიან? რომლები არ იცოხნიან?

რა ნაწილები აქვს ძაღლსა? ცხვარსა? აქლემსა? რით გვანან და რითი განირჩევიან: კატა და ძაღლი, ძროხა და ცხვარი, ხარი და კამეჩი, თხა და ცხვარი, ვირი და ცხენი, ცხენი და აქლემი, ძაღლი და ღორი?” (გვ. 40).

გარდა იმისა, რომ ამგვარი სასაუბროს საფუძველზე მდიდრდება ბავშვის ცნობიერება დიდძალი მეცნიერული ინფორმაციით, მასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვითარდება მეტყველება: მდიდრდება ლექსიკა-ფრაზეოლოგია, ეჩვევა მოსწავლე კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას, ელემენტარულ ლოგიკურ მსჯელობას, დასკვნების დამოუკიდებლად გამოხატვას.

საწერი სავარჯიშო მასალის ტექსტი კი შედგება საყრდენი სიტყვებისაგან, რომელთა მიხედვით მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა შეადგინონ წინადადებები: “ს ა წ ე რ ი. სასწავლო ნივთები… სათამაშო ნივთები… ჭურჭელი… საჭმელები… სასმელები… საცმელი… საფენი… ლოგინი…. იარაღი… შენობანი… შინაური ოთხფეხანი…

ბალახის მჭამელნი შინაური ოთხფეხნი: ხორცის მჭამელი ოთხფეხნი: რძის მძლეველნი ოთხფეხნი; ხორცის მძლეველნი ოთხფეხნი: ტყავის მძლეველნი ოთხფეხნი: საპალნის მზიდავი ოთხფეხნი; ჩლიქებ გაყოფილი ოთხფეხნი: ჩლიქებ გაუყოფელი ოთხფეხნი” (გვ. 42).

როგორც ვხედავთ, სასაუბროები და წერითი სავარჯიშოები ისეთი ხასიათისაა, რომ ბავშვის შემოქმედებითი, შემეცნებითი ინტერესის აღძვრას მოითხოვს და განმავითარებელი იდეის მატარებელია.

ასეთმა გონივრულმა სავარჯიშოების სისტემამ მრავალმხრივი, ჰარმონიული გახადა დედაენის სწავლება. “ეს მრავალფეროვანი შინაარსი, – წერს ი. გოგებაშვილი, – რომელიც იპყრობს უფრო საინტერესო მხარეებს საგნებისას, აყვარებს ბავშვებს ცოდნას, უვითარებს და უმდიდრებს აზრსა და ენასა”.

მასალა, რომელიც აზროვნებისა და მეტყველების განვითარებისათვის შეირჩევა, უნდა იყოს მარტივი, ბავშვის გონებისათვის მისაწვდომი.

“მარტივი საგნებისა და სურათების სინჯვა და აღწერა კითხვა-პასუხის შუამავლობით, ელემენტარული თვალსაჩინო სწავლა უნდა შეადგენდეს ყოველდღიურს სავარჯიშოსა. ეს ვარჯიშობა ბავშვს შესძენს რეალურ ცოდნასაც, დაკვირვების ნიჭსაც გაუფურჩქვნის და ენასაც თანდათან გაუმდიდრებს რელაური ლექსიკონით”.

ი. გოგებაშვილის აზრით, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ლოგიკურად როგორი შედგენილობისაა, როგორი ფორმისაა შესწავლილი მასალა. “სასტიკი პროგრამაც, სხვადასხვაფერობაც შინაარსისა და სხვა ამისთანა ღირსებანი სახელმძღვანელოსი თითქმის ამაოდ ჩაივლიან, თუ ყოველ წერილს არ აზის ბეჭედი დალაგებულის მსჯელობისა და თუ იგი სახელმძღვანელო მოსწავლეთა გონებაში არა ნერგავს იმისთანა მსჯელობის ოსტატობასა, არ აჩვევს ამ ხელოვნებასა. დალაგებულს და დაულაგებელს, აბდა-უბდა მსჯელობას შორის… დიდი განსხვავებაა.. ადამიანი, დალაგებულს მსჯელობას შეცვეული, ცხოვრებაში წარმოადგენს ნამდვილ ძალას და ადვილად ეწევა ყოველს თავის გულის წადილსა. დაულაგებელი გონების პატრონი კი უძლურია ყოველ საქმეში, თუნდაც მას ფაქტების ცოდნა არ აკლდეს. აი რისთვის ვცდილობთ, რომ ჩვენის წიგნის ყოველს მოთხრობას სავსებით დაეკმაყოფილებინა თვით სასტიკი მოთხოვნილებანი დალაგებულის მსჯელობისა, საღი ლოღიკისა, რომელიც შეადგენს უმაღლეს ნიჭს კაცისასა… რადგანაც დალაგებულს მსჯელობას სხვადასხვა ფორმა აქვს, ამის გამო სახელმძღვანელომ უნდა შეაჩვიოს მოსწავლენი ყოველს ამ ფორმასა და გაულესოს გონება სხვადასხვა მხრით. სწორედ ამიტომ “ბუნების კარის” ზოგ წერილში ნახმარია მოთხრობითი ფორმა, ზოგში აღწერითი, ზოგში შერეული – მოთხრობით-აღწერილი, ზოგი ემორჩილება ინდუქციას, ზოგი დედუქციას, ზოგი ანალიზს, ზოგი სინთეზს” (“ბუნების კარის” მე-10 გამოც. წინასიტყვაობიდან).

აი რა საღ და საიმედო საფუძველზე აქვს იაკობ გოგებაშვილს აგებული მოსწავლეთა მეტყველების განვითარების სისტემა. სავარჯიშოთა ამ სისტემისა და მეთოდიკურ შეხედულებათა გაცნობა-შესწავლას, რომელიც დიდმა პედაგოგმა შეიმუშავა მოსწავლეთა მეტყველებისა და აზროვნების ერთიანი განვითარებისათვის, დღესაც დიდი თეორიული და პქრატიკული მნიშვნელობა აქვს.

იაკობ გოგებაშვილის პროგრესული მემკვიდრეობა დიდი ხანია შევიდა ჩვენი ეროვნული კულტურის ოქროს ფონდში. მომავალი თაობის ვალია მისი მოვლა-პატრონობა და რაციონალურად გამოყენება დედაენის სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button