ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – მასწავლებელთათვის

“ქართული ანბანის” I გამოცემის წინასიტყვაობა

ყველა ახალი მიღების მაშინ, როდესაც ძველში შეამჩნევენ ნაკლულევანებას. რა ნაკლულევანება აქვს ჩვეულებრივ ანბანების მეთოდს? პირველი და უმთავრესი ნაკლულევანება ამ მეთოდისა მდგომარეობს იმაში, რომ ანბანი იწყების ასოებიდგან. ასოები ცალ ცალკე არა საგანს არა აჩვენებენ, არა ჰაზრს არა ხატავენ. ამიტომ სწავლის დაწყება ასოებიდგან ყმაწვილისათვის არის მავნებელი. აი მისცეს ყმაწვილს ხელში ანბანი და ეუბნებიან: ეს ასო არის ა, ეს ბ და სხვანი. ყმაწვილის თავში, რასაკვირველია, არა ჰაზრი არ იხატება. ამიტომ პირველ შეხვედრაზედ ყმაწვილს სწავლა ეჩვენება, როგორც ერთი უაზრო საგანი. ამ მეთოდს, მაშასადამე, შეუძლიან პირველათვე შეაძულოს სწავლა ყმაწვილსა და წაართვას მას წადილი სწავლისა!

მეთოდი ზოლოთოვის, რომელზედაც არის შედგენილი ეს ანბანი, არღვევს ზემოხსენებულს ნაკლულოვანებას. ეს ანბანი იწყების სიტყვებიდგან. მაშასადამე, ყმაწვილი პირველივე დაინახვას სწავლაში ჰაზრსა; ამიტომ, რომ ყველა სიტყვა ხატავს რაიმე ჰაზრსა, აჩვენებს რომელიმე საგანსა. მაშასადამე პირველათვე ყმაწვილი შეხედავს სწავლას, როგორც გონივრულ საგანს და წახალისდება… აი ყმაწვილს მასწავლებელმა წააკითხა სიტყვა: დე-და. – ყმაწვილი წარმოიდგენს თავის დედასა, ამასთანავე თავის სახლს, მამას, ძმებს, ადგილს. ერთი სიტყვით, ეს ერთი სიტყვა რამდენმე საგანს მოაგონებს, რამდენმე ჰაზრს წარმოუდგენს გონებაში ყმაწვილსა. მოსწავლე იგრძნობს მაშინვე კავშირს ბუნებასა, ცხოვრებასა და სწავლას შუა. და რადგანაც ყოველს ყმაწვილს უყვარს ბუნება და ცხოვრება, სწავლაზედაც წახალისდება. გარდა ამისა, ყმაწვილი ამ მეთოდზედ თითონ კითხვას უფრო გონივრულათ და ჩქარა სწავლობს, – ეჩვევა კითხვას მარცვლების და ასოების ჩათვლით. ბოლოს ეს მეთოდი უადვილებს მასწავლებელს ცხად – გასაგონებლად ყმაწილს აუხსნას განრჩევა ხმოვანი და უხმო სოებისა.

იქნება ბევრმა განიკვირვებით თქვას: როგორ უნდა ისწავლოს სიტყვების კითხვა ყმაწვილმა, როცა ასოები ჯერ არ იცის. შეუჩვევრობა არის მიზეზი ამ გაკვირვების. როცა მასწავლებელი გაიცნობს ამ მეთოდსა, მაშინ ადვილად ეჩვენება სწავლა ამ ანბანში. აი როგორ უნდა ასწავლოს ამ მეთოდზედ: მასწავლებელი გამოთქვამს პირველ სიტყვას (ბა-გა) ისე, რომ ყოველს მარცვალს ცხადათ განარჩევს, მოსწავლე გაიმეორებს. სწორედ აგრეთვე წაიკითხავს და გაამეორებინებს მეორე სიტყვას (დე-და). შემდგომ ორივეს ერთათ გაამეორებინებს. აგრეთვე წაიკითხავს მესამე სიტყვას და მოსწავლეს გაამეორებინებს. შემდგომ სამივეს ერთათ გაიმეორებენ. მერე წაიკითხვენ სწორეთ აგრეთვე შემდგომ სამს სიტყვას: გუ-და, აბ-გა, ად-გა. შემდეგ მოსწავლეს ჰკითავს მასწავლებელი, მიჩვენე, მაგალითებრ. აბ-გა, ანუ გუ-და, და სხვანი. ბოლოს წაიკითხვენ აგრეთვე დანარჩენს სამს სიტყვას: ბე-დი, გო-გო, ო-ბი. მერე მასწავლებელი მოითხოვს, რომ მოსწავლემ უჩვენოს, ან თვითონ რომელსამე სიტყვაზედ ხელს დაუფარებს და ეტყვის: წაიკითხე. როცა ყველა სიტყვის წაკითხვა და ჩვენება ეცოდინება მოსწავლეს, მაშინ მასწავლებელი მარცვლებს დააწყებინებს. ჯერ თვითონ წაიკითხავს მარცვლებს და უჩვენებს, რომელი მარცვალი რომელს სიტყვაშია; მერმე ამავე მარცვლებს წაიკითხავს მოსწავლე; მასწავლებელი მოითხოვს, რომ მოსწავლემ ნასწავლს სიტყვებში ყოველი მარცვალი უჩვენოს. როცა მარცვლებსაც ყმაწვილი დაისწავლის, შემდგომ ასოებს დაიწყებენ ამ სახით:

პირველათ წააკითხე ყმაწვილს მარცვალი. ჯერ თვითონ მასწავლებელი გამოთქვამს მარცვალს და გააგრძელებს ხმას ამ სახით: ბა-ა-ა-ა. მაშინ ყმაწვილი იგრძნობს, რომ აქ ორი ასო ყოფილა. შემდგომ მასწავლებელი ხელს დაუფარებს და ჰკითხავს: რა დარჩა? – მოსწავლე მიუგებს ა. აგრეთვე გააცნობს შემდგომს ხმოვანს ასოებსა და აუხსნის აქვე, ხმოვანი ასონი ამათ იმიტომ ჰქვიანთ, რომ მთელს ხმასა ხატავენ, ყოველი ხმოვანი ასო მოსწავლემ უნდა გამოსთქვას ისე, რომ უხმო ასო არ მიუმატოს, უნდა სთქვას ა და არა ან. აგრეთვე უნდა ასწავლოს უხმონი ასოებიც. კიდევ წააკითხე მარცვლები ბა; დააფარე ხელი ა და ჰკითხე: რა დარჩა? – ყმაწვილი უთუოდ იტყვის ბა, ანუ ბუ, ან ბე. მაშინ აუხსენ, რომ არც ა, არც უ, არც ე აქ არ არის, და გამოათქმევინე ასო ბ ცალკე ისე, რომ ხმოვანი ასო არ მიუმატოს; მთელი ხმა არ გამოვა. მაშინ აუხსენ ყმაწვილს, რომ ამისთანა ასოს ჰქვიან უხმო, რადგანაც მარტოკა თვითონ მთელს ხმას არ ხატავს. სხვა უხმო ასოებსაც აგრეთვე ასწავლის. ბოლოს უხმოს და ხმოვანს ასოებს ერთათ გაამეორებინებს. კარგია კიდევ, თუ ნასწავლი ასოებიდგან მასწავლებელი შეადგენს მარცვლებს და ზეპირათ ყმაწვილს ჰკითხავს ესა და ეს მარცალი რა ასოებიდგან შესდგება. შემდგომს სიტყვებს, მარცვლებს და ასოებს სწორედ ამ რიგათვე ასწავლის. თუ მასწავლებემა წადილიანათ გაათავებინა ამ ნაირათ ასოების სწავლა, შემდგომ ისე თავისუფლად დაიწყებს კითხვას მოსწავლე, რომ მასწავლებელის შველა კითხვაში თითქმის აღარც კი დასჭირდება.

ჩვენ ვცდილობდით, რომ ყმაწვილისათვის გაგვეადვილებინა კითხვის მიჩვევა და გაგონება წაკითხულისა. ამიტომ შემდგომ ანბანისა მოვაყოლეთ ერთმარცვლოვანნი სიტყვები, რომლებიც გამოსათქმელათ ყმაწვილისათვის ადვილნი არიან ყველა სიტყვებზედ. ამ სიტყებიდგან, ერთი ორი სხვა სიტყვის მიმატებით, ფრაზები შევადგინეთ, და ამით ფრაზებს კითხვა ყმაწვილს ძრიელ გაუადვილეთ. ამას მოსდევენ სიტყვები ორმარცვლოვანნი, სამ-მარცვლოვანნი, ოთხ-მარცვლოვანნი. ამ სიტყვებიდგან შედგენილია ფრაზები. ამ ფრაზებში თითო ოროლა სხვა სიტყვები არიან გამორეულნი. ეს იმიტომ, რომ ცოტა ცოტათი ყმაწვილი შრომას მიეჩვიოს.

პირველი ყურად-ღება მასწავლებლისა იმაზედ უნდა იყვეს დამყარებული, რომ ყმაწვილმა რაც წაიკითხოს – ეყურებოდეს. ამისათვის, ფრაზების კითხვის დროს, მასწავლებელმა ყმაწვილისაგან ყოველთვის უნდა მოითხოვოს ფრაზის ჰაზრი: ვისზედ არის ლაპარაკი და რა არის ნათქვამი. მაგალითებრ ყმაწვილმა წაიკითხა ფრაზა: “მე ჩიტის ბუდე ვიცი”, მასწავლებელი ჰკითხავს: ვისზედ წაიკითხე? – ჩემზედ. შენი თავი რომელი სიტყვით აჩვენე? სიტყვით: მე, რა სთქვი შენზედ? – ის, რომ ვიცი. რა იცი? – ბუდე. რის ბუდე? – ჩიტისა. აგრე უნდა დააჩვიოს მასწავლებელმა ყმაწვილი ყოველის ფრაზის გარკვევას. შემდგომ დაბეჭდილია ძალიან ადვილი წასაკითხი სიმღერა ანბანი თავდება ანდაზებით.

ანბანის შემდეგ არის დაბეჭდილი პირველი საკითხავი წიგნი ყმაწვილებისათვის. ყოველი ამ გვარი წიგნი ისე უნდა იყვეს შედგენილი, რომ ყმაწვილი სწავლაზედ წაახალისოს, მოსწავლეს პირველივე სწავლა მოაწონოს. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც წიგნი იქნება შედგენილი იმისთანა სტატიებისაგან, რომლების კითხვა – ყმაწვილთათვის ადვილი იქნება, გაგონება ამათი არ გაუჭირდება, ამათ კითხვაში იპოვნის სიამოვნებას, და თავის ცარიელს გონებას შეჰსძინებს იმ ცოდნაებსა, რომელთაც ითხოვს მისი ბუნება. რომელნი საგნები რიან ადვილად გასაგონი, სასიამოვნო და სასარგებლო ყმაწვილის გონებისათვის? – ბუნება, საზოგადოთ და ყოველი, რაცკი გარშემო არტყია ყმაწვილს. ვისაც ცოტაოდენი მაინც ყური მიუგდია ყმაწვილების კითხვებისათვის, ის ამ ჰაზრის ჭეშმარიტებას ცხადათ იგრძნობს. ყოველი ყმაწვილის კითხვა შეეხება ბუნებას და მის საგნებსა. სად არიან ის ფრინველები ზამთარში, რომლებსაც ზაფხულში ჩვენ ვხედავთ, საიდგან წარმოსდგება ქარი, წვიმა და სხვანი, – აი რის ცოდნას თხოულობს ყოველი ყმაწვილი. თვითონ დიდები ვერ უხსნიან ყმაწვილს საქმეს, ატყუებენ. ზნეობითი, ისტორიულნი და სხვა საგნები ყმაწვილის გონებას ჯერ სულ არ ეხებიან. ამიტომ მხოლოდ ის ირველი წიგნი უნდა იყვეს სასიამოვნო და სასარგებლო ყმაწვილისათვის, რომელიც შესდგების ბუნების და იმის საგნების აღწერაებითგან, რომელიც დაბიურათ ხსნის ბუნების მოვლენებს. პირველათ მოსწავლეს შეუძლიან წახალისდეს მარტოკა ამისთანა წიგნზედ: მარტოკა ამისთანა წიგნს შეუძლიან მოაწონოს და შეაყვაროს სწავლა ყმაწვილს. ეს ზემოხსენებული ჰაზრი გვქონდა სახეში, როცა შევადგინეთ ეს პირველი საკითხავი შემდგომ ანბანის წიგნი მოსწავლეთათვის. ამიტომ, რამდენიმე ზღაპრების შემდეგ პირდაპირ იწყება აღწერა სხვა და სხვა ბუნების საგნებისა. ჯერ არიან აღწერილნი რამდენიმე მეცნიერნი, შემდგომ ცხოველები: ფრინველები და ოთხ-ფეხები. რადგანაც ყმაწვილისათვის უფრო სასიამოვნოა პირუტყვების ცხოვრება, ზნეობა და ჩვეულება, ამიტომ უმეტესი ნაწილი ამ აღწერებისა შეიცავს ამას. შემდგომ არის აღწერილი ოთხი დრო წელიწადისა. მერმე არიან ახსნილნი ბუნებითი მოვლენანი. წიგნი თავდება გეოგრაფიული სტატიებით. მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ სტატიების სმენა გაუადვილოს ყმაწვილს; მან აუხსნელათ არა სტატია არ უნდა გაუკვეთოს ყმაწვილს. ჯერ თვითონ წაუკითხავს სტატიას და ყოველფერს აუხსნის მერმე ზეპირად ათქმევინებს სტატიის ჰაზრებს, შემდგომ დაუნიშნავს საკითხავთა.

წინასიტყვაობა “ბუნების კარისა” I გამოცემისა

ჩვენი საზოგადოება ერთგულად ცდილობს, რომ, სხვათა შორის, ყმაწვილების უგუნური აღზრდით თავისი უცოდინარობა დაამტკიცოს. იმას აქამდის ხეირიანათ ვერ შეუგნია, თუ რა მნიშვნელობა აქვს საშუალო ენის სწავლებას ყმაწვილის გახსნაში. პედაღოღიის ასკიომაა, რომ ბავშვმა პირველათ თავისი ენა უნდა ისწავლოს, თუ დედ-მამას ამის გონების სწორე გახსნა უნდა. ჩვენი საზოგადოება სრულიად ამის წინააღმდეგს ღაღადებს: ყმაწვილი ქართული ენის სწავლას მერმეც მოესწრობაო. ეს სწორეთ იმას ჰგავს, რომ სახლის შენება ვინმემ ბანიდგან დაიწყოს და ამბობდეს, საძირკველის ჩაგდება მერმე შეიძლებაო. ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ ეს ჰაზრი კარგი განძრახვიდან იბადება: ჩვენს საზოგადოებას მოუთმენლად უნდა, რომ ყმაწვილობამ მალე შეისწავლოს რუსული ენა. ამაზედ კანონიერი და მშვენიერი სურვილი ძნელათღა იქნება, მაგრამ ეს მოუთმენლობა საქმეს ბევრით აფუჭებს. უბრალო მაგალითით ავხსნით ამას. ჩვილ ბავშვს ჯერ დედის რძითა ზრდიან, რათა? ამიტომ, რომ იმის სუსტ და ნორჩ ბუნებას მძიმე საჭმლის ატანა არ შეუძლიან. დედ-მამამ რომ ბავშვს მაშინვე მძიმე საჭმელის ძლევა დაუწყოს, რა წამოსდგება აქედგან? ყმაწვილი დასნეულდება და იქნება თანაც გადაჰყვეს. ესავე უნდა ვსთქვათ ყმაწვილის სულიერ მხარეზედ, ბავშვის გონება კარგა ხანი ნორჩი და სუსტია; იმას შეუძლიან აიტანოს მხოლოდ მსუბუქი შრომა, როცა ამ გვარი შრომით გონება გაიღვიძებს და შემაგრდება, მაშინ მძიმე შრომის ატანასაც შეიძლებს. ეს არის ბუნების კანონი და დაუსჯელად არ დარჩება ის, ვინც ამას ეწინააღმდეგება. თავის ენა ყმაწვილისათვის ადვილი სასწავლებელია, ამით უნდა ისაზდოვოს და გაიხსნას გონება. შემდეგ ყველა უცხო ენას ადვილად მიხვდება და ჩქარა შეისწავლის, თუ ყმაწვილს გონება თავის ენაზედ გახსნილი არა აქვს, უცხოე ენის სწავლაში მეტათ ბევრს ეწვალება, დროსაც ბევრს დაკარგავს და გვარიანათაც ვერ შეისწავლის. მალ-მალ გვესმის მშობელთაგან შკოლებზედ სამდურავი: მასწავლებლები ცუდი არიან და ჩვენი შვილები რუსულს გვარიანად ვერა სწავლობენ და გაუხსნელნი გამოდიანო. მაგრამ ეს შკოლების ბრალი არ არის. თვითონ დედ-მამაა დამნაშავე. ესენი თავის შვილებზედ შკოლაში მიცემამდის სრულიად არ ზრუნავენ, არა ცდილობენ, რომ შინ ყმაწვილს თავისი ენა კარგათ ასწავლონ, გონება გაუხსნან და შკოლაში მომზადებული მისცენ. სასწავლებელში შესვლის დროს რომ ყმაწვილმა თავისი ენა გვარიანათ იცოდეს, რუსულ ენას ორჯერ უფრო ადრე შეითვისებს. საკვირველია, რომ ეს უბრალო ჭეშმარიტება ჩვენ საზოგადოებას აქამდის ვერ შეუგნია.

თქვენა გსურთ, რომ ყმაწვილმა შკოლაში მშვენიერი რუსული კითხვა ისწავლოს? მეტათ გნოიერი სურვილია! მაგრამ ამისი მოწევნა გინდათ, ყმაწვილს ჯერ ქართული კითხვა კარგად ასწავლეთ; ეს უნდა კითხულობდეს თავისუფლათ, ხმას ამაღლებდეს იმ სიტყვებზედ, რომელთაც უფრო დიდი ძალი აქვთ წინადადებაში და ადაბლებდეს იმათზედ, რომელთაც მცირე მნიშვნელობა აქვთ, უნდა კარგათ ესმოდეს, რასაც კითხულობს და თავის სიტყვით გიამბობდეთ წიგნში წაკითხულსა, – ყოველ თავის ჰაზრს ცხადათ და თავისუფლათ უნდა ხატავდეს. რომელი ყმაწვილიც შინვე ისწავლის ამ გვარათ ქართულ კითხვას, იმას ძალიან ადვილათ შეუძლიან რუსულ კანონიერ კითხვაში მალე დახელოვნდეს, ამიტომ რომ ის მიხვედრილია თავის ენაზედ, თუ რაში მდგომარეობს კარგი კითხვა.

თქვენ მონდომილნი ხართ, რომ თქვენმა ბავშვმა შკოლაში რუსული ენის გრამმატიკა წინდათ შეისწავლოს? დიახ, მშვენიერი წადილია! მაგრამ ეს კეთილი სურვილიც მაშინ აგისრულდებათ, როცა ყმაწვილს შინვე კარგად მიახვედრებთ თავისი ენის გრამმატიკასა. ესეც პედაღოღიის აკსიომაა. ბავშვს თუ თავისი ენის კანონების ცოდნა არა აქვს უცხო ენის გრამატიკა უაზრო საგნათ ეჩვენება და რამდენსამე წელიწადს ეწვალება, მინამ მიხვდებოდეს, თუ რა მეცნიერებაა გრამმატიკა. თუ შენ, მკითხველო, ქართული გრამმატიკა პატარაობისას არ გისწავლია და პირდა და პირ რუსული გრამმატიკა აგიღია ხელში, განა ეს გჩვენებია სწავლებელ რათმე, რომელიც მასწავლებლებს მოუგონიათ ყმაწვილების სატანჯველათ? ყოველი ყმაწვილი უნდა მოელოდეს ამასვე, რომელსაც დედ-მამა თავის ენის კანონებს და ფორმებს ადრევე არ გააცნობს. სულ რომ ცოტა ვსთქვათ სამჯერ ჩქარა შეისწავლის რუსულ გრამმატიკას ის ყმაწვილი, რომელმაც ქართული გრამმატიკა იცის, მანამ ისა, რომელმაც არ იცის, ეს ისეთი უბრალო ჭეშმარითებაა, რომ სულ მცირე ჭკუის ადამიანისათვის ცხადი უნდა იყვეს.

თქვენ, რაღა კითხვა უნდა, გსურთ, რომ სასწავლებელში თქვენმა შვილმა საზოგადო გეოგრაფია დაწვრილებით ისწავლოთ, თუ ამ გულის წადილს სრული მოწევნით გინდათ, თქვენ ყმაწვილს თავის სამშობლო ქვეყანა კარგად გააცანით. ეს მით უფრო ადვილია, რომ ეს ცოდნა ყმაწვილებს გაგიჟებით სურთ. ვინ არ იცის, რომ მშობლებს მოსვენება არა აქვთ ამგვარ ბაშვების კითხვებიდგან: ჩვენს იქით რა ქვეყანაა, ვინა ცხოვრობს იქა, როგორი ადგილია? ვინ არ იცის ის ფაკტი, რომ ყმაწვილებს მგზავრობა გარშემო სოფლებში და ქალაქებში საშინლათა სურთ და მოგზაურობის ამბავს ერთგულათ ყურს უგდებენ ხოლმე. თუ დედმამა ყმაწვილს ამ სურვილს დაუკმაყოფილებს და თავის სამშობლო ქყვეყანას გააცნობს, დარწმუნებული უნდა იყვეს, რომ საზოგადო გეოგრაფიის შესწავლა იმისათვის მეტათ ადვილი საქმე იქნება.

უეჭველია მონდომილნი ხართ, რომ თქვენი შვილი კაცობრიობის საზოგადო ისტორიის ცოდნაში დახელოვნებული ადვილათ გახდეს და მცოდნე კაცი გამოვიდეს! ამისი ასრულებაც ბევრით დამოკიდებულია საქართველოს ისტორიის სწავლაზედ. ყმაწვილმა უნდა ჯერ თავის ქვეყნის წარსული ცხოვრება გაიცნოს და მერმე ადვილათ შეისწავლის კაცობრიობის უწინდელ თავგადასავალს. ესეც ადვილი საქმეა, მხოლოდ წადილს მოითხოვს. ყმაწვილებს მოთხრობის სმენა მეტათ უყვართ და მალეც იხსომებენ. დედ-მამამ უნდა ეს ბავშვის მიდრეკილება კარგათ მოიხმაროს და საინტერესო მოთხრობებით გააცნოს თავისი სამშობლო ქვეყნის უწინდელი ბედი და უბედობა.

ერთი სიტყვით, ვისაც კი სურს, რომ ყმაწვილი გონების გახსნაში და სწავლაში სწორ გზაზე დააყენოს და განათლების მიღება გაუადვილოს, ის უთუოდ უნდა ეცადოს – სწავლა იმ საგნებიდან დააწყებინოს, რომლებიც ყმაწვილზედ უფრო ახლო არიან, მის გრძნობა-გონებას იზიდავენ და ადვილათ შეითვისებიან. თვალ-ყურ მგდებელ მასწავლებლებს შეუნიშნავთ, რომ ყმაწვილები, რომლებიც გონიერ მშობლებს შინ კარგა მოუმზადებიათ ქართულ ენაში, რუსულ ენას და საზოგადოთ საგნებს ადვილათ სწავლობენ და უკეთეს მოწაფეებათ ითვლებიან. ჩვენმა საზოგადოებამ ამ მაგალითებს უნდა მიბაძონს, თუ არა სურს, რომ ახალმა თაობამ ბოლოს ცუდათ მოიხსენოს.

“ჭკუაზედ ახლოა, რასაც ამბობ, იფიქრებენ ბევრნი, მაგრამ როგორ შეგვიძლია ჩვენ შვილებს მაგდენი რამ ვასწავლოთ და გონება გაუღვიძოთ, როცა ჩვენ თვითონ თითქმის არაფერი არ ვიცით?” ძნელათღა იქნება ამაზედ სამწუხარო გარემოება, მაგრამ ამ სენს უებარი წამალიც აქვს. გსურთ გაიგოთ ეს წამალი? ისწავლეთ! აი უცოდინარობის უებარი წამალი. სიბერემდის სწავლა კაცს არ მოსწარბდებაო. თქვენგან სწავლის დაწყება და მიყოლა ორ ძვირფას სიკეთეს დაბადებს: ერთი მხრით თვითონ გონება გაგიმდიდრდებათ ცოდნითა და გაგინათდებათ, მეორე მხრით მოიპოვებთ ღონისძიებას, რომ გახდეთ ნამდვილი დედ-მამა თქვენის შვილებისა და მათ გონებაში პატარაობისვე დანერგვით თესლი ჭეშმარიტის და სწორე განხსნისა.

“სხვა არა იყვეს რა, წიგნები არ არის ქართულ ენაზედ, რომ კაცი სწავლას შეუდგეს”, იტყვის ზოგიერთა. ეს ტყუილია. ქართული ენა მართალია ღარიბია წიგნებით, მაგრამ ბეჯითი და მოსურნე ადამიანი თავის სამყოფს კიდევ იპოვნის ძველ და ახალ ენაზედ. თუნდაც ნათქვამი ჰაზრი მართალი იყვეს, მით ჩვენი საზოგადოება თავს ვერ გაიმართლებს. რატომ არ არის, აქამდის ქართულ ენაზედ საკმაო წიგნები? ვინ არის ამაში დამნაშავე? თვითონვე ქართული საზოგადოება. ის ითხოვს წიგნებსა და იმიტომ ესენიც არ იბადბიან ქვეყანაზედ. ბევრს ყმაწვილ კაცს სურს და ცოდნაც ნებას აძლევს, რომ სხვა და სხვა მეცნიერებაზედ წიგნები შეადგინოს, მაგრამ კითხვა: ვინ მოითხოვს და ვინ მოიპოვებს? იმას ხელიდგან კალამს აგდებინებს სამუდამოთ. თქვენ წიგნების მოთხვნილება გამოიჩინეთ და ის გლახებიც არ არიან ჩვენი ნასწავლი ყმაწვილები, რომ თქვენი სურვილი არ დააკმაყოფილონ. უიმისოთ წიგნების გამრავლება ქართულ ენაზედ შეუძლებელია.

რა არის მიზეზი, რომ თქვენ წინ მდებარე წიგნებმა ქვეყანა იხილა? მოთხოვნილება. ამ გვარ წიგნში ყმაწვილობა საჭიროებს და მოპოვებაც სურთ. მაგრამ ეს მოთხოვნილება ძირიელი არ არის. ყმაწვილებს უფროსები ქართული ენის სიყვარულის მაგალითს არ უჩვენებენ და გარემოებაც მათ ამაზედ არ ახალისებს. მეტაფორულათ რომ ვსთქვათ, ჩვენ ყმაწვილებს სუსტი მადა აქვთ ქართული წიგნების კითხვისა. ამისთანა მადას თუ გემრიელი საჭმელი არ შეხვდა, უყურადღებო დარჩება. ამიტომ ჩვენი ყმაწვილებისათვის შედგენილი წიგნი რამდენათაც სასარგებლო უნდა იყვეს, იმდენათ სასიამოვნო. რომელი საგნები არიან უფრო სასიამოვნო და სასარგებლო ყმაწვილის გონებისათვის? ბუნება საზოგადოთ და ყოველი, რაც ყმაწვილს გარშემო არტყია. ყოველი ყმაწვილის კითხვა შეეხება ბუნებას და მის საგნებსა. რითი საზრდოებენ გარეულნი პირუტყვნი, როგორ ატარებენ ცხოვრებას, სად არიან ის ფრინველები ზამთარში, რომლებიც ზაფხულში ჩვენ ქვეყანაში სცხოვრობენ, საიდგან წარმოსდგება ქარი, წვიმა, თოვლი, ქუხილი და ელვა, – აი რა კითხვები ებადება ყველაზედ ხშირად ყმაწვილს გონებაში. ამიტომ ნამდვილათ საინტერესო წიგნი ჩვენი ყმაწვილებისათვის უნდა იყვეს ის რომელიც შესდგება ბუნების დ იმ საგნების აწერათაგან, რომელიც დაბიურათ ხსნის ბუნების მოვლენაებსა. ეს ჰაზრი გვქონდა ჩვენ სახეში, როცა შევუდექით ამ წიგნის შედგენასა. უმთავრესი მიზანი ამ წიგნისა არის – გაუხსნას ყმაწვილს თანა-გრძნობა ბუნებისა, შეიყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა, ერთი სიტყვით უნდა გახდეს ბ უ ნ ე ბ ი ს კ ა რ თ ა. აი რისთვის ჩვენ დიდი ადგილი მივეცით პირუტყვის ცხოვრების, მათი ზნე და ჩვეულების აღწერასა. აქედგან ყმაწვილი შეიტყობს, თუ ბუნება რა მდიდარია სხვა და სხვა ცხოვრებითა და ნიჭირებითა; პირუტყვზედ ის თავის ჰაზრს შეიცვლის, უწინდებულათ უგუნურ მაშინებათ აღარ შეუცხავს და ცხადით იგრძნობს, რომ ზოგი ამათგანი სულიერი სისრულით ახლოა თვითონ ადამიანზედ. ყმაწვილი მიხვდება, რომ ბუნება მრავალ გვარი სიცოცხლით დუღს და დაუსრულებელი ცოდნის წყაროა. თუ ამ წიგნის სტატიები ყმაწვილს ზედმიწევნით მაინც აგრძნობინებენ, რომ ბუნების გამოძიება არ არის წყარო ერთი მხრით ჭეშმარიტი სარგებლობისა და მეორე მხრით ღრმა სიამოვნებისა, მაშინ ჩვენ შრომას ამაოთ აღარ ჩავაგდებთ.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს წიგნი თავის დანიშნულებას ყოვლის მხრით ვერ აასრულებს, ამიტომ რომ ნაკლულოვანება ბლომათ აქვს. ჩვენი პლანი ნახევრობითაც ვერ ავასრულეთ, ამიტომ რომ წიგნის შედგენაში მუყაითი შრომა ვერ გავსწიეთ; ჩვენ იძულებული ვიყავიტ ნაწყვეტ-ნაწყვეტით გვეშრომა და ჯეროვანი გულის ყური ვერ მოვახმარეთ გარდა ამისა წინი თან იწერებოდა და თან იბეჭდებოდა. ამიტომ საზოგადოთ სტატიები ვერ არიან საკმაოდ შემუშავებულნი; ბევრი საჭირო სტატიებიც დააკლდა წიგნსა; აგრეთვე ზოგი სტატიები ნათარგმნია რუსულიდან, თუმცა უმეტესი ნაწილი ჩვენგნივ არის შედგენილი. სულ უმთავრესი ნაკლულოვანება ცხოველების სურათების უქონლობაა. პედაღოღია ამბობს, უჩვენე ყმაწვილს თვალით ის საგანი, რაზედაც ელაპარაკები, ან მისი სურათი მაინც, თუ გსურს, რომ იმან იმისი ჭეშმრიტი წარმოდგენა გამოიხატოს გონებაში. ჩვენ წიგნში ყმაწვილი ვერა ნახავს იმ ცხოველების სურათებს, რომლებზედაც ლაპარაკია, და თუ ესენი არ უნახავს, იმათ სახეს გონებაში ვერ წარმოიდგენს. ეს დიდი ნაკლულოვანებაა! თავის გასამართლებლათ ჩვენი იმას ვიტყვით, რომ ეხლა სრულიად შეუძლებელი იყო სურათებით გამოცემა. შემდგომისათვის კი თავდარიგს დავიჭერთ, რომ პეტერბურგიდან გამოვიწეროთ. ზემოთხსენებულმა ნაკლულევანებამ დაბადა მეორე ნაკლულოვანებაც: გარეული ცხოველების აგებულება და სახე აღწერილი არ არის. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ გვარი აწერა რაც უნდა დაწვრილებით იყოს, სრულიად უსარგებლოა, რადგანაც ყმაწვილი ვერ შეძლებს პირუტყვის ნიშნები ისე შეაერთოს, რომ მთელი სურათი გამოვიდეს. შინაური პირუტყვების სახე კი ვრცლად არის ნაჩვენები.

ჩვენ ძველისმოყვარე პირებს ამ წიგნის ენა, რასაკვირველია, არ მოეწონებათ. ესენი სხავ ზომით აფასებენ ენის ღირსებას: რამდენიც ენა ძველი და გაუგებარია, იმდენი უფრო დიდის მოწიწებით უყურებენ საცინელი ის არის, რომ ეს ახალი ენის მძულვარე პირები თვითონვე ცხოვრებაში ამ ენას გულარხეინათ ხმარობენ და ლაპარაკში მისი სმენა სრულიად არ ეჩოთირებათ; მაგრამ ნახამენ თუ არა ამ ცოცხალ ენას წიგნში, მაშინვე თავზედ ცეცხლს გადაიყრიან: “წახდა, მოითხარა და დაიღუპა ჩვენი ენა”, გაიძახიან ხშირათ. “უწინდელი კეთილშობილი ენის მაგივრათ, ახლა ტეტიური უბრალო ენა შემოიღეს, რომელიც მუშას და ფილოსოფოს ერთი სიადვილით ესმით. მეტი ენის მოთხრა კიდევ გინდათ”. მაგრამ ვისიც გონება დახშული არ არის, იმას ამ გვარი სჯა სიცილითაც არ ეყოფა, ის ენის ღირსებას ამის სიცხადით და სიადვილით ზომამს. ამ გვარი პირი ამ წიგნის ენაში სხვა ნაკლულოვანებაებს მოსძებნის; ის ბლომათ იპოვნის რუსიზმებს, შიგა და შიგ ლექსთა თხზულებაში შენიშნავს ურიგობასა, ერთსა და იმ სიტყვის დაბოლოებაში განასხვავებას შეამჩნევს. ეს ნაკლულოვანებანი ერთის მხრით წიგნის შედგენის სიჩქარით წარმოდგნენ, მეორე მხრით ჩვენი ენის შეუმუშავებლობით. ქართული ენა ჯერ თავის კალაპოტში არ არის ჩავარდნილი და გრამატიკული ფორმები დამდგარნი არ არიან. მე მხოლოდ ერთს მაგალითს ვუჩვენებ. როცა წინადადებაში არსებითი სახელი მრავლობით რიცხვზედ არის. ზმნაც ამ რიცხვზედ უნდა დიხმარებოდეს, თუ არა; რასაკვირველია, იტყვით. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ასე არ არის; მაგალითად, ამბობენ: სკამები დგას და არა დგანან, სანთლები ანთია, და არა ანთიან, ხეები ინძრევა და არა ინძრევიან, რა კანონს მისდევს ეს ბოლო ფორმა და როდის უნდა იხმარებოდეს, ეს ძნელი გამოსარკვევია.

ადგილობრივ თვისებას ამ წიგნს აძლევს საქართველოს გეოგრაფია. დამფასებელმა უნდა სახეში იქონიოს, რომ ეს სტატიები ყმაწვილებისთვის არიან შედგენილნი და არა უფროსებისთვის. ჩვენ გვსურდა, რომ ყმაწვილს ამ სტატიების კითხვაში სიამოვნება ენახა და წახალისებულიყო თავის სამშობლო ქვეყნის დაახლოებით გაცნობაზედ, ამიტომ ჩვენ უფრო დიდი ყურადღება მივაქციეთ ხალხის ცხოვრებას, მის წარმოშობას, ჩვეულობას და ზნეობას, მანამ თვითონ ადგილის აღწერასა. მასალების უქონლობამ და სიჩქარემ შეძლება არ მოგვცა, რომ საქართველოს გეოგრაფია უფრო ვრცლად შეგვედგინა. შემდგომისათვის კი იმედი გვაქვს, რომ ვრცლად საქართველოს გეოგრაფია გამოვცეთ. კარტა ამაზედ ვრცელი შეუძლებელი იყო, რადგანაც მეტათ ძვირათ დაჯდებოდა და წიგნის ფეხს გაადიდებდა. ეს მოკლე კარტაც ოც და სამი თუმანი დაჯდა. აქ საჭიროთ ვრაცხთ განუცხადოთ მადლობა უ. ვახტანგ თულაშვილს, რომელმაც შეადგინა ამ წიგნის დამატებული საქართველოს კარტა.

წიგნი თავდება ლექსებითა. ჩვენ სამწუხაროთ ამ ხანათ საყმაწვილო ლექსები მეტი ვერ ვიშოვნეთ. ამგვარ წიგნში რამდენიც ბევრი ლექსი იქნება, იმდენი უფრო მეტს სარგებლობას შესძინებს ყმაწვილსა. საზოგადოთ ჩვენი წიგნი მეორე გამოცემისათვის ბევრ ცვლილებას და გარდაკვეთებას მოითხოვს. საჭიროა ერთი ორათ მაინც იმატოს, რომ დააკმაყოფილოს ჩვენი ყმაწვილობა. მაშინ წიგნი ორ ნაწილათ გამოვა: პირველს ნაწილს საგნათ ბუნება ექნება, მეორეს ადამიანი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button