ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – მიმართვა

კარგად მოგეხსენებათ, რომ ხალხის განათლება დედა ბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილ-დღეობისა, ბედნიერბისა. ისიც კარგად აქვს შეგნებული ყველა მოაზრე ქართველსა, რომ სკოლა არის უპირველესი და უძლიერესი წყარო ხალხის განათლებისა. შინაური სწავლება, ესრედ წოდებული თვითსწავლა, აჩრდილიც არ არის ამ უებარის ღონისძიებისა. სად შეერთებული ძალა მრავალთა და სად კერძო პირის ცოდილობა? სად სკოლა, აღჭურვილი ყოველი პედაგოგიური იარაღით, ხალხით და სად ცალკე პირის განცალკევებული შრომა, მოკლებული ჯეროვანს ოსტატობასა! თვითსწავლა კარგი, ძალიან კარგი დამატებითი ღონისძიებაა სკოლისა; მაგრამ თავის-თავად-კი იგი ისეთივე უძლურია როგორც მეტყველებისათვის დამატებითი წინადადება, მოკლებული მთავარს წინადადებას. მეტადრე ეს უნდა ითქვას დაბალს ხალხზედა, რომელიც სკოლის გარეშე საუკუნო მონაა უმეცრებისა, რადგანაც უსწავლელმა როგორ გაავრცელოს სწავლა, უვიცმა ცოდნა, უზრდელმა ზრდილობა! ერნი, მდიდარნი სკოლებით, მდიდარნი არიან განათლებითაც. ხოლო სადაც სიღატაკეა სკოლებისა, იქ მკვიდრად არის ფეხმოდგმული სიღატაკე განათლებისაცა.

ჩვენმა ხალხმა მეტ-ნაკლებობით შეიგნო ეს ელემენტარული ჭეშმარიტება და განთავისუფლდა თუ არა ბატონ-ყმობის უღელიდგან, ერთგულად შეუდგა სკოლების გახსნასა.

მაგრამ, ბატონებო, სკოლა ორპირი იარაღია. მას შეუძიან დიდი სიკეთეც შესძღვნას თავის პატრონსა და დიდი ზარალიც მიაყენოს. ბავშვი, სკოლაში ნასწავლი შეიძლება გაუზომელად მაღლა იდგეს გონებით, ხასიათით, ზნეობით და მხნეობით, იმაზედ, ვისაც ბედმა სკოლა არ აღირსა და შეიძლება ბევრად უარესი იყოს მასზედ. ეს იმაზედ გახლავთ დამოკიდებული, თუ რა რიგად არის მოწყობილი სკოლა, რავდენად მიისწრაფება თავისი პედაგოგიურის დანიშნულებისაკენ, რავდენაც სწორე გზას ადგია, რავდენად არის დაშორებული ყოველგვარს უკუღმართობასა.

ჩვენს სახალხო სკოლაზედ წინედაც ისმოდა სამდურავი და ახლაც ისმის და ეს სამდურავი დღითი-დღე მატულობს, იზრდება. მრავალი კორესპოდენცია, რომელიც იბეჭდებოდა ჩვენს პერიოდულს გამოცემებში, წარმოგვიდგენს ჩვენს სახალხო სკოლას არა როგორც ჯანსაღს ორგანიზმს, არამედ როგორც დასნეულებულს დაწესებულებას, რომელსაც არავითარი სიკეთის მოტანა არ შეუძლიან. მაგრამ ის ცნობები, რომელიცა გვაქვს ჩვენს სახალხო სკოლებზედ, საკმარისი არ არის დავადგინოთ ყოველ-მხრივანი დიაგნოზი, და სწორედ ამგვარი დიაგნოზია საჭირო, რათა ჩვენს საზოგადოებას შეეძლოს შესაბამი წამალი მოუპოვოს ამ სახალხო სენსა. ამ დიაგნოზისათვის გვაკლია დაწვრილებითი ფაქტიური ცნობები ჩვენის სკოლების მოქმედების შესახებ წინედ და ახლა. უნდა კარგად, ზედმიწევნით შევიტყოთ მათი დასაბამი, წარსული და აწინდელი მდგომარეობა. ამ ცნობების შეკრება ადვილად შEუძლიანთ იმ ნასწავლ ქართველებსა, რომელნიც სოფლად სცხოვრობენ, ან ხშირად დაიარებიან იქა, რათა გაუადვილოთ მათ ამ საქმის კისრვა და შესრულება, ჩვენც დავადგენთ აქ საკითხებს, რომლებზედაც პასუხს მიუგებენ ის ქართველნი, რომელნიც იკისრებენ სახალხო სკოლის საქმის გამოძიებას, გამოკლევას და გამოქვეყნებას რომელიმე ქართული პერიოდული გამოცემის შუამავლობით.

რავდენიმე წელიწადია, რაც სკოლა დაარსდა ამა თუ იმ სოფელში? რავდენ კლასიანია იგი? რავდენს წელიწადს გრძელდება კურსი? რავდენი მასწავლებელია მასში? რა და რა საგნებს ასწავლიან? ავდენი გაკვეთილია დღეში და კვირაში? როდის იწყება სწავლა და როდის თავდება? სულ წელიწადში რავდენს თვეს სწავლობენ? რავდენი გაკვეთილი აქვს ნარგუნები კვირაში და რომელი სახელმძღვანელოებით ასწავლიან ქართულს ენასა? რუსულსა? არითმეტიკასა? რავდენს ხანს ასწავლიან ქართულს ენაზედ საგნებსა და რა დროდგან იწყებენ საღმრთო სჯულსა და სწავლას რუსულს ენაზედ? რავდენს ასწრობენ პირველს და შემდეგ განყოფილებებში ქართული ენიდგან და სხვა საგნებიდგან? რა წარმატებით სწავლობენ ქართულს წიგნსა და სხვა საგნებსა ამა თუ იმ განყოფილებაში კერძოდ და საზოგადოდ სკოლაში?

რას იღებს ჯამაგირად თითოეული მასწავლებელი? მარტო სოფელი ინახავს სკოლასა, თუ სხვა სახსარიც აქვს? რავდენს იხდის სოფელი სკოლის ხარჯად წელიწადში? ეს ფული მთლად იხარჯება სკოლაზედ, თუ არა? თუ რჩება ძირს რამე, სად მიდის ეს ფული? სახელმძღვანელოები ქართულის ენისა, რუსულისა და საგნებისა სკოლის დირექციიდან მისდის, თუ თვითონ მოწაფეები ყიდულობენ თავისი საკუთარი ფასით? საკმაოდ აქვს სახელმძღვანელოები სკოლასა, თუ არა?

რავდენად გაუვრცელებია სკოლას ხალხში ქართულის წიგნის ცოდნა და რუსული ენისა? რავდეს დაუსრულებია სკოლის დაარსებიდგან სრული კურსი? მათში რავდენს შეურჩევია იგი და რავდენად? რავდენს გაუგრძელებია შემდეგში თვითონ, შინად, სწავლა წიგნისა და ქართულის მწიგნობრობის მიმდევარი გამხდარა? რავდენი გადაულა სოფლის სკოლიდგან სხვა სასწავლებელში და რა წარმატებით უსწავლია?

ჰქონია და აქვს სკოლას გავლენა ხალხის ზნეობაზედ და სარწმუნოებაზედ, თუ არა? სკოლაში ნამყოფნი ჯაფის მოყვარეობით, ხასიათით, ადამიანობით, კაცთ-მოყვარეობით და ღვთის სიყვარულით სჯობიან თუ არა იმათ, ვისაც სკოლაში არ უსწავლია? მადლიერია სოფელი სკოლისა, თუ უმადური? ეს სამდურავი წინადაც ყოფილა, თუ ახალი მოვლენაა? რა მიზეზის გამო ემდურება სოფელი სკოლასა? რა ღონისძიებანი უხმარია სოფელსა, რომ თავიდგან აეცლიებინა სკოლისათვის ეს მავნე მიზეზები?

სკოლაში მარტო გლეხის შვილები სწავლობენ თუ აზნაურებიცა? რავდენნი არიან პირველნი და რავდენნი მეორენი? უფასოდ სწავლობენ აზნაურთა შვილები, თუ ფასს იხდიან. და რავდენსა?

ვაჟებთან ქალებიც სწავლობენ? რა თვალით უცქერის გლეხობა ორი სქესის ერთად სწავლებასა? რა გავლენა აქვს ვაჟებზედ და ქალებზედ მათ ერთად სწავლებასა? რომელნი უფრო ბეჯითად და კარგად სწავლობენ და იყენებენ ცხოვრებაში ნასწავლსა, ვაჟები თუ ქალები? და სხვანი.

როცა აღნიშნული ცნობები სოფლის სკოლების შესახებ დაისტამბება ჩვენს პერიოდულს გამოცემებში, მაშინ ჩვენ თვალ-წინ დაგვიდგება სრული და გაურკვეველი სურათი ხალხის განათლების დაქვეითებისა ჩვენს ქვეყანაში და აშკარა შეიქმნება, თუ რა ღონის ძიებანი უნდა იქმნან ნახმარნი, რათა სკოლა გახდეს ხალხის განათლების წყაროდ და არა მისი გონებს დაჩაგვრის იარაღად.

მაგრამ მარტო ეს არ კმარა. საჭიროა ჩვენ ამავე დროს ზედმიწევნით ვიცოდეთ, რა გვარად არიან მომართულნი სკოლები იმ ხალხთ შორის, რომელნიც შეადგენენ ნაწილსა რუსეთის იმპერიისას, და აგრეთვე იმ ხალხებში, რომელნიც ეკუთვნიან გერმანიას, ავსტრო-ვენგრიას, ინგლისს და სხვა სახელმწიფოებს ევროპისას, მაგრამ ამაზედ ჩვენ ცალკე მოვილაპარაკებთ.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button