იაკობ გოგებაშვილი – მოწიწებით ეპისტოლე ჩვენის რეფორმატორის
მოწიწებით ვიწყებ ამ ჩემს პასუხს, რადგანაც ჩემგან გადაჭრით თხოულობს მოწიწებასა ჩვენი გრამატიკოსი, ახალის მართლწერის შემქნლეი და მქადაგებელი. მკითხველმა სტრიქონებს შორის ხშირად უნდა ამოიკითხოს მოწიწება, თორემ მრისხანე სილოვანი უკიდურესად გაგვიწყრება.
ის, რასაც ახლა სჩადის ბ-ნი სილოვანი, ცოტა არ იყოს, წააგავს ერთს ამბავს ქალაქ სტამბოლის წარსულისას. მეთხუთმეტე საუკუნეში დიდი კონსტანტინეს ქალაქს გარს ერტყა აუარებელი ჯარი ოსმალთა და ლამობდა მის აღებასა. ერთგულნი ვაჟკაცნი თავისი ქვეყნისანი შეიარაღებულნი იდგნენ ქალაქის კედლებთან და მზად იყვნენ თავიანთი სიცოცხლე შეეწირნათ სამშობლოს დაცვისათვის. თვით ყმაწვილი იმპერატორი ბიზანტიისა ქალაქის კედლებს არ შორდებოდა, მედგრად ებრძოდა მტერსა და გადაწყვეტილი ჰქონდა, ზედ შეჰკვდომოდა, თუ მტერი ქალაქს შემოესეოდა. და აკი კიდეც ზედ შეაკვდა.
მხოლოდ ერთს წრეს ბიზანტიელებისას მაგრე რიგად არ აწუხებდა საშინელი განსაცდელი სამშობლოსი. ესენი იყვნენ სქოლასტიკოს გრამატიკოსები, რომელნი ინავოლის ხელმძღვანელობით მთელს დღე-ღამეებს ატარებდნენ დაუსრულებელს ცხარე ბაასში სქოლასტიკურის წვრილმანების შესახებ. ამ უბადრუკებმა კონსტანტინეპოლის აღებაც კი დროიანად ვერ შეიტყვეს, და მხოლოდ მაშინ მოვიდნენ გონსა, როდესაც საკამათო სადგურში თავზე წაადგნენ ხმალ-ამოღებულნი გამარჯვებულნი ოსმალნი.
ჩვენი ქვეყანა გარეგანი მტრის შიშისაგან თავისუფალია სრულიად; მაგრამ მაინც ათასი უბედურება სიცოცხლეს გვიწამლავს.
ბ-მა სილოვან ხუნდაძემ იმის მაგივრად, რომ თავისი და თავისი გაზეთის ძალ-ღონე უმთავრსად მოანდომოს ბრძოლას ძირითადთა სენთა წინააღმდეგ, მთავარ საგნად მან გაიხდა რაღაც პროვინციალურის მართლ-წერის შემოღება და გავრცელება, და ისეთი ჭირვეულობით მიჰყავს ეს უმნიშვნელოვანელო საკითხი, რომ ჰბადებს განხეთქილებას იმერთა და ამერთა შორის. სადამდინ მიდის ეს მისი ვნებით სავსე ჭირვეულობა ცხადად სჩანს იქიდან, რომ მან ბ-ნს გრიგოლ ყიფშიძეს იმერეთის სიძულვილი დააბრალა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა დაიწუნა ბ-ნ სილოვანისაგან ნაქები ზოგიერთი ადგილობრივი ტერმინი, ეს ხომ ნამდვილი პროვოკაციაა, რომელიც ხელს უწყობს ძმათა შორის განხეთქილებასა, პროვინციალურს სეპარატიზმსა, და ყოველს მტერს ჩვენის ქვეყნისას სიტკბოებით ავსებს.
ვინც “კოლხიდას” არა კითხულობს, იგი ვერ წარმოიდგენს იმ უკიდურესს კიცხვას, რომელსაც ჩვენი გრამატიკოსი კადრულობს იმათ წინააღმდეგ, ვინც კრიტიკულად უცქერის მის მართლ-წერასა. იგი არ ერიდბა იმისთანა უშვერს სიტყვებსაც კი, როგორიც არამზადა, ვირი და უმსგავსი.
მაგრამ გვერდი ავუქციოთ ამას და საარსო მხარეებს ვათხოვოთ ყური.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ინტერესი ქართულის ლიტერატურისადმი მეტად სუსტია. თვითონ ისინიც, ვინც ქართველ მწერლების თხზულებებს ყიდულობენ, იშვიათად კითხულობენ და მხოლოდ თაროზე უწყვიათ სადგომის დასამშვენებლად. ეს არის შედეგი ჩვენი ქვეყნის ანორმალურის მდგომარეობისა. ნორმალურს მდგომარეობაში, როდესაც ეროვნულს ცეცხლს ათასი მტერი წყალს არ ასხამს და არ აქრობს, ჩვენის მაღალ-მნიჭიერის მწერლების თხზულებანი ისეთსავე პატივში იქნებოდნენ, როგორს პატივშიაც არის სახარება იმ ქვეყნებში, სადაც რელიგიური იდეა მეფობს.
ვინ წარმოიდგენდა რამდენსამე წლის წინათ, თუ ამ ეროვნულის ცეცხლის მქრობელთა შორის თვალსაჩინო ადგილს დაიჭერდა ბ-ნი სილოვან ხუნდაძე. მაგრამ მოულოდნელი აცხადდა. როგორ და რა გზით? რასაც იგი ამბობს ჩვენის მაღალ-ნიჭირ მგოსნების შესახებ, იმას შეუძლიან ხელი შეუწყოს გულგრილობას ჩვენის ლიტერატურისადმი და ნაციონალურის ცეცხლის ჩაქრობას. მოისმინეთ, რას ბრძანებს ჩვენი უებრო გრამატიკოსი: “მე ვსთქვი და ახლაც ვამბობ, რომ არც ილია ჭავჭავაძის, არც ორბელიან-ბარათაშვილის და არც სხვების ენა სავსებით სესაწყნარებელი არ არის მეთქი, რადგანაც მათ ენაში მრავალი სიმახინჯე მოიპოვება, მრავალი დაძველებული ფორმები, მრავალი ცხადი უკანონობა”. ასე რომ დღემდი ქართველებს, მეტადრე კი ამერებს, ჰქონიათ მხოლოდ მახინჯი ლიტერატურა და მარტო ახლა უნდა მოველოდეთ ნამდვილს, საღს, ჭეშმარიტს, კანონიერ ლიტერატურას ჩვენი რეფორმატორის სილოვანისა და მისი დამქაშებისაგან. ვაი ჩვენი ბრალი, ვაი ჩვენს საარაკო სიბეცეს გონებისას და ზნეობისას!..
თუ ი. ჭავჭავაძეს, ბარათაშვილს, გრ. ორბელიანს და სხვებსაც ენის სიმახინჯე უკიჟინა ბ-ნმა სილოვანმა, ადვილი წარმოსადგენია, რა დღეს დააყენებდა იგი, – თავის ჭკუაში, რასაკვირველია თქვენს უმორჩილეს მოსამსახურეს, რომელმაც მისი “სახელოვანი” მართლ-წერა ვიწრო პროვინციალიზმის ნიადაგზე აღმოცენებულად აღიარა. მაგრამ ვიდრე ჩვენის რეფორმატორის გრამატიკულს “მარგალიტებს” გავითვალისწინებდეთ, საჭიროა კბილებზე ვიკრათ მისებურად, მისი კეთილი სვინდისიერობა.
ჩვემი სტატია ახალის რუსულის ქრესტომატიის შესახებ მე გავუგზავნე დასაბეჭდად არა “კოლხიდის” რედაქციას, არამედ პირადად ბ-ნს სილოვანსა, და მასვე მივწერე წერილი და ვთხოვე, ჩემს მართლწერას ნუ გადააკეთებთ მეთქი. წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებულს გამხდით ერთი სტრიქონიც აღარ მოგაწოდოთ თქვენს გაზეთში დასაბეჭდად მეთქი. ჩვენმა სილოვანმა ჩემის სტატიის დაბეჭდვა დააგვიანა მთელი კვირით და მართლ-წერაშიც თავისებური ცვლილება მოახდიან. მაგალითად, ჩემს სიტყვებს: სკოლაში, შუალა სასწავლებელში, მოხდა, ასეთი ფორმა მისცა: შკოლაში, შვალა სასწავლებლებში, მოხთა და სხვანი. ეს თავისი საქციელი, ჩვენმა სილოვანმა დააგვირგვინა ასე: ვიდრე ჩემი წერილი მთელი კვირის განმავლობაში მის მაგიდის უჯრაში იდო, მან დაამზადებინა ვეებერთელა საპასუხო წერილი, სავსე სიცრუით და ცილის წამებით, მისცა ამ წერილს ბრაზიანი რედაქცია და მეორე-მესამე დღეს გამოსჭიმა იგი თავისს გაზეთში.
ახლა მოისმინეთ, რას ბრძანებს ჩვენი გრამატიკოსი და რითი იმართლებს თავსა “კოლხიდის” მკითხველების წინაშე: “ბ-ნი გოგებაშვილის ბარათი, რომლითაც იგი ზევით მის მიერ დასახელებულის წერილის დაბეჭდვინებას მთხოვდა, ხელად არ მაქვს, რადგანაც უმნიშვნელო ბარათებს არ ვინახავთ (აბა მაღალ-მნიშვნელოვანი სილოვანისათვის უმნიშვნელო გოგებაშვილის ბარათი რა შესანახია), თუ არა, დოკუმენტალურად დავუმტკიცებდით, რომ მას ჩემთვის ამ გვარი ხოვნით, როგორც იგი ასახელებს, არ მოუმართავს”. სრულიად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი გრამატიკოსი ასეთს სიცრუეს იკადრებდა.
სამწუხაროდ, ჩემმა მოწინააღმდეგემ ჩემი სიტყვების გადასხვაფერებაც არ დაითაკილა; მე მივმართე პატარა წერილით “კოლხიდის” მკითხველებს, რომელიც ბ-ნმა სილოვანმა თავისს გაზეთში არ დაბეჭდა და რომელსაც თავაზიანად ადგილი დაუთმო მეორე ქუთათურმა გაზეთმა “მნათობმა”. ამ წერილში ბოდიშს ვიხდიდი “კოლხიდის” მკითხველების წინაშე, რომ ამ გაზეთის “პედაგოგს” მე ვუპასუხებ არა “კოლხიდის” სვეტებზე, არამედ “სახალხო გაზეთში”, და ამის მიზეზი არის მეთქი ახლად მოვლენილი რეფორმატორი სილოვანი, რომელიც ჩემს მართლ-წერას სცვლის თავისს მართლწერად მეთქი.
“ჩემი მართლ-წერა კი”, – ვამბობდი, მიმაჩნია ქართულ ლიტერატურულ მართლ-წერად, რომელსაც მისდევდნენ ბოლოს დრომდე საზოგადოდ ქართველი მწერლები იმერნი და ამერნი, ყველა ჩვენებური პერიოდული გამოცემანი აღმოსავლეთის და დასავლეთის საქართველოისა და მათ შორის თვით სილოვანიც მეთქი. ახლანდელი მართლ-წერა კი ჩვენი რეფორმატორისა პროვინციალურია, პროვინციალურს გემოსა და გამოთქმაზე დამყარებული”. ამ ადგილს ასეთი კუდი გამოაბა ბ-ნმა სილოვანმა: “გოგებაშვილი ბრძანებსო: ჩემს მართლ-წერას მისდევდნენ ყველა ქართველნი მწერალნი (ჩემზედ ადრე დაბადებულნიც) და თვით ბ-ნი ხუნდაძეცაო” საკადრისია ესა? ჩემს სიტყვებში გამოთქმულია მხოლოდ შემდეგი სიმართლე, რომელიც ყველამ კარგად იცის: ბოლოს ხანამდინ ქართულ ლიტერატურაში მიღებული იყო ერთი მთავარი მართლ-წრა, მცირეოდენი ინდივიდუალური განსხვავებით, რომელსაც მე მივდევდი… ახლა კი ჩვენმა რეფორმატორმა ეს საზოგადო მართლწერა მახინჯად გამოაცხადა, კერძო, – ადგილობრივი, პროვინციალური მართლწერა შესთხზა, მონასტერი არია, მწვავე საკითხად გახადა ის, რაც ყველას გადაწყვეტილად მიაჩნდა ბოლოს დროიდან და გააჩაღა ფრიად მავნებელი ჩხირკედელაობა, პროვინციალურ სეპარატიზმთან დაკავშირებული.
სამწუხაროდ, სხვა შემთხვევაშიც ჩვენი გრამატიკოსი სიმართლეს აშკარად ღალატობს და სიცრუეს ფარ-ხმალად ხმარობს. მკითხველს კარგად მოეხენება, რომ გაზეთებში დაბეჭდილს სტატიებში ბლომად გამოერევა ხოლმე კორექტურული შეცდომები. ჩვენი უკანასკნელი წერილიც არ არის თავისუფალი ამისთანა დეფექტისაგან. სამოცდა მეთორმეტე წელში გადადგომამ და თითქმის გამუდმებულმა ავადმყოფობამ მხედველობა ძლიერ შემისუსტა და კორექტურული შეცდომა ადვილად მრჩება შეუმჩნეველი. და აი ეს სტამბის შეცდომანი ბ-ნს სილოვანს მოჰყავს დასამტკიცებლად ჩემის ენის უცოდინარობისა. დავასახელებთ მაგალითებს. სიტყვა “დაწყება” ხუთჯერ არის ნახმარი ჩემს სტატიაში. ამ ხუთში მხოლოდ ერთხელ შეპარულა “დაწყობა”. ოთხჯერ კანონიერის ფორმის ხმარებას ხელს აფარებს და ერთს უკანონოს ავლებს ხელსა, და აღნიშნავს მას დიდი ასოთი, რათა აფიქრებინოს მკითხველს, ვითომ მე იმდენად უვიცი ვიყავი, რომ არ ვიცოდე, თუ რა განსხვავებაა “დაწყებასა” და “დაწყობას” შორის: ასეთივე ოინი იკადრა ბ-ნმა სილოვანმა შესახებ ფრაზისა; ქართული მწერლები. მესამე ჩემს ფელეტონში ორჯერ ზედიზედ ნახმარია კანონიერი ფორმა: ქართველი მწერლები. შემდეგ ფრაზაში პირველი სიტყვა თავდება მარცვლით ული ნაცვლად “ელისა”. ჩვენი გრამატიკოსი სცდილობს მკითხველს მოაჩვენოს აღნიშნული უკანონო დაბოლოება, როგორც შედეგი ჩემის უცოდინარობისა. ბარაქალა! თვით იმისთანა აშკარა კორექტურული შეცდომები, როგორ შეუმკოდ, ზოგიერთა ვოსტორგოვივით, ენის შეცდომად გამოჰყავს მკითხველის თავლში. მაგრამ თვითონ გრძნობს, რომ ამას მკითხველი წვრილმან რამეებად ჩასთვლის და ასეთს ხერხსა ხმარობს: “ჩვენ შეგვეძლო ოცჯერ მეტი სიმახინჯე ენისა დაგვესახელებინა; მაგრამ მკითხველი დაგვემდურებოდა, თავი ნუ მოგვაბეზრე გოგებაშვილის ენის სიმახინჯითაო, და ამიტომ მეტს არაფერს ვიტყვითო”. ეს ჩვეულებრივი ოინია ჩვენის გრამატიკოსისა: სადაც საბუთები არ აბადია, იქ ფონში გასვლისათვის [მიმართავს] მამაცურს ფშუტს ფრაზას, რათა მკითხველს თვალი აუბას და სიმართლე არ დაანახოს. რამდენად ეშინიან მას სიმართლისა სჩანს, სხვათა შორის, იქიდან, რომ ჩემ უკანასკნელ წერილის გათავებას არ დაუცადა და მის წინააღმდეგ გამოჭიმა “კოლხიდაში” წიკლაკიანი წერილი, რომლითაც უნდოდა დაეჩრდილა ჩემის წერილის სიმართლე მკითხველთა თვალში და შთაბეჭდილება შეესუსტებინა; მაგრამ ამაოდ ჩაუარა, ვგონებ, ამ არა საკადრისმა ხერხმაც.
დავსტკბეთ ახლა ჩვენის რეფორმატორის საგრამატიკო სიბრძნით და გავითვალისწინოთ ჩემი უვიცობა ქართულს გრამატიკაში.
მე მაქვს ნახმარი: მივწერავ. ბ-ნი სილოვანი ამას მახინჯ ფორმად სთვლის და ბრძნაებს: უსათუოდ უნდა იყოსო: მივწერ. ჩემ მიერ ნახმარ ფორმას გაიგონებთ ყველგან ქართლსა და კახეთში და იქნებ დასავლეთ საქართველოშიც, ზოგიერთა კუთხეში მაინც ახლა ვიკითხოთ: საიდან გაჩნდა ამ ზმნის ბოლოში მარცვალი ავ? იქიდან, ბატონებო, რომ ამ ზმნას ორი დასაწყისი სახე აქვს: წერა და წერვა, პირველი სახე სახელი არსებითია, მეორე – ზმნის ფორმას შეადგენს. სწორედ ამ უკანასკნელმა დაბადა “ვ წ ე რ ა ვ”, როგორც ზმნებმა: კერვა, კითხვა და ხედვა წარმოშობს: ვკერავ, ვკითხავ და ვხედავ. სასტიკის გრამატიკოსის თვალსაზრისით თუ შევხედავთ საგანს, უკანასკნელი ფორმა უფრო კანონიერია, ვიდრე პირველი მაგრამ “ვ წ ე რ” უფორ მსუბუქია, არავითარ ორ აზროვნობას არა ჰბადავს და ამიტომ ბევრნი მას ამჯობინებენ. ყოველ შემთხვევაში არავის საფუძველი არა აქვს მახინჯ ფორმად ჩასთვალოს “ვ წ ე რ ა ვ”, მას თუ მეტი არა, ნაკლები საბუთი მაინც არ აქვს თავისი არსებობისათვის.
ჩემს სტატიაში არის: მუნჯურს მეთოდზე. უნდა იყოსო: მუნჯურ მეთოდზე. რა საბუთით? რისთვის აშორებთ ზედშესრულს მიცემითის ბრუნვის დაბოლოებას, როდესაც ეს დაბოლოება განსაზღვრულ მნიშვნელობას აძლევს მას? მაშ იხმარეთ ასეთი ფორმაც: მუნჯურ მეთოდმ, მუნჯურ მეთოდო, და ამ შეკცვეცით გაფურჩქვნილი ფორმა ქართულის ბრუნვისა კუდა ფორმათ გადააქციეთ. ეს ხომ უკან დახევა იქნება ჩვენის ენისა, რადგანაც ზედშესრულის უზრუნველობა ნაკლია განუვითარებელი ენისა. ნაკლია მეთქი, მოგახსენებთ, მით უმეტეს, რომ ზედშესრული წინ უძღვის სახელ არსებითსა ჩვენს ენაში და თუ იგი მოკლებულია ბრუნვის დაბოლოებას, მკითხველი იმყოფება გაუგბარს მდგომარეობაში იქამდინ, ვიდრე სახელ არსებითს ბოლომდინ არ წაიკითხავს.
მე მაქვს: ა მ შ ვ ე ნ ე ბ ს. უნდა იყოსო; აშვენებს. პირველი ფორმა უფრო კანონიერია, ვიდრე მეორე, თუმცა არც ეს არის მახინჯი. ქართლ-კახეთში მხოლოდ პირველს ფორმას გაიგონებთ, და მან დაბადა აქ მეტად სიმპატიური სახელი ქალისა – მშვენო. სახალხო პოეზიაში მხოლოდ პირველი ფორმა იხმარება. და ამის საფუძველს იძლევა თვით გრამატიკული წარმოშობა სიტყვებისა. როცა სახელ არსებითი ზედშესრულებულის და მიმღეობის ფორმას მიიღებს, ძლიერ ბევრს შემთხვევაში თავში მოიბამს ასოს მ. ხვნა – მხვნელი, სმა – მსმელი, ხსნა – მხსნელი, ქადაგება – მქადაგებელი, ზრახვა – მზრახველი და მრავალნი სხვანი. ამ მაგალითების მსგავსად სახელს არსებითს შ ვ ე ნ ე ბ ა თავში მოუბამს ასო მ და გამოსულა – მშვენიერი. ეს ფორმა ჩუბინაშვილს ბევრს ძველს და ახალს წიგნში შეხვედრია და ასე განმარტებს იგი თავის ლექსიკონში: მშვენიერი – ლამაზი, მშვენიერი ქალი, მშვენიერი ადგილი, მშვენიერ მეტყველება” და სხვანი. თავისს რუსულ-ქართულს ლექსიკონში რუსულს სიტყვას – прекрасный სთარგმნის ასე: მშვენიერი. აქვს მას ასეთი ფორმაც იქვე: მშვნება, შვენობა. ერთი სიტყვით, ამ სიტყვის თავში ყოველ შემთხვევაში სვამს ასოს მ. იგი მოკლედ იხსენიებს, მეორე ფორმასა სხვა ადგილას: შვენება, შვენიერი. სამწუხაროდ, ჩვენ მეორე მელექსიკონეს საბა ორბელიანს კრინტიც არა აქვს დაძრული. ამ სიტყვის შესახებ. სახალხო პოეზიაშიც ასეთი გამოხატულებას შეხვდებით: მშვენიერი ხარ, ხოხობო, ბოლონი გაგეშალოსა. ერთი სიტყვით, ფორმა “მშვენიერი” უნდა ჩაითვალოს საზოგადო ეროვნულ ფორმად, ხოლო მეორე ფორმა მშვენიერი პროვინციალიზმად, თუმცა მახინჯ ფორმას მას ვერ ვუწოდებთ.
II
“ბობოლას გამყრელიძესათვის ეთქვა”, ნათქვამია ჩემს წერილში. ჩვენი გრამატიკოსი ამას იწუნებს და ამბობს: უნდა იყოს გამყრელიძისათვისო. საფუძვლიანი შენიშვნაა. ბერს ქართველს კალმოსანს მოსდით ასეთი პატარა დეფექტი და აი რა მიზეზით: ბევრი საკუთარი სახელი, რომელიც ბოლოვდება ასოთი ე, ნათესაობითს ბრუნვასი არ იკარებს მარცვალსა ისა და თავდება მარცვლით ესა. ვამბობთ და ვწერთ: პავლესათვის, პეტრესათვის, მაქსიმისათვის, იოანესათვის და არა პავლისათვის, პეტრისათვის, მაქსიმისათვის, იოანისათვის და სხვანი. ვეჩვევით ამ ფორმას და უნებლიედ გადაგვაქვს იგი იმ სიტყვების დაბოლოებაშიც, სადაც შეიძლება ვიხმაროთ ნათესაობით ბრუნვის მარცვალი ისა, მეტადრე ეს მოსალოდნელია სავადო საგაზეთო სტატიებში.
ჩვენს გრამატიკოსს უპოვნია ჩემს წერილში ასეთი ფრაზაცა: რუსეთულს მგოსანთა შორის. უნდა ყოფილიყოო: რუსეთის მგოსანთა შორისო. თუ მე მკითხავთ, ერთსაც და მეორესაც ემჯობინებოდა ფორმა: რუსელ მგოსანთა შორის, რომელიც სრულიად შეესაბამება ამ ჯურის სიტყევბის შემადგენლობას: ქართული ენა- ქართველი მწერალი, გერმანული ენა – გერმანელი მწერალი, ინგლისური ენა – ინგლისელი მწერალი, სპარსული ენა – სპარსელი მწერალი, ჩინური ენა – ჩინელი მწერალი და სხვანი. მაგრამ ბალა ის არის, რომ ეს ფორმა – რუსული მწერალი – ჩვენს ენას არ შეუწყნარებია და ამის გამო იძულებული ვართ ვიხმაროთ – რუსთა მგოსანთა შორის, ან რუსეთის მგოსანთა შორის.
ფორმას “ხათრიჯამიანად იყავი” ბ-ნი სილოვანი ავალაბრულ ქართულად სთვლის. შორს ნუ წავა, ჩაიხედოს ჩუბინასვილის ლექსიკონში და გაიგებს, რომ ეს ფორმა ყარამანიანშიაც კი იხმარება. მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ იგი მე არაფრად მეპიტნავება; ხოლო იძულებული ვარ ხანდახან ვიხმარო, რადგანაც მისი სანაცვლო სიტყვა არ მოგვეპოვება. ფრაზა – ხათრიანად იყავი – სავსებით ვერა ხატავს აზრსა და ჩვენის გრამატიკოსისაგან ათვალწუნებულის ფორმის მაგივრობას ვერ იქმნს.
ჩვენი მოწინააღმდეგე გვიწუნებს აგრეთვე სიტყვას “ვისმეს” და მართალიც არის. წყეული ასო ს ჩვენს გრამატიკოსს ჭირივით ეჯავრება, ექსორია უყო თვით მიცემითს ბრუნვას ბოლოდან, სადაც იგი ფრიად საჭიროა, და აქ ეს ასო ჩაჩხირულია სიტყვის შუაშიც და ბოლოშიც. მოდი და ნუ მოხვალ ბრაზზე. უსიკვდილოდ ერთი “ს” ამ სიტყვიდან უნდა განდევნილ იქმნას და იგი უნდა იწერებოდეს: ან ვ ი ს მ ე, ან ვ ი ნ მ ე ს.
ბ-ნ სილოვანს მეტად სძულს ასო უ და ულმობელად სდევნის, სპობს იქაც, სადაც უსაჭიროესია. ზოგნი ფიქრობენ, თუ ჩვენმა სილოვანმა ‘”ვეფხის ტყაოსანი” გამოსცა, რუსთაველის ლექსს: შუა უძევს დიდი ზღვარი, ასე გადააკეთებსო: შვა უძევს. რატომაც არა! თუ შუალა მისი მართლწერით გამოდის შ ვ ა ლ ა, შ უ ა ც უნდა გამოვიდეს შ ვ ა. მართალია, ეს სრულიად სხვა ზმნაა, აზრი სავსებით იცვლება, მაგრამ ამისი დარდი ჩვენს გრამატიკოსს არ შეაწუხებს, ოღონდ კი მის მიერ მოძულებული უ განდევნოს. ექსორიას უშვრება ამ ასოს სიტყვიდანაც – შემთხუზველს, სთვლის მას მახინჯ ფორმად და გვიბრძანებს ვწეროთ – შ ე მ თ ხ ზ ვ ე ლ ს. მაგრამ ამ ბრძანებას რომ დავემორჩილოთ და ხუთის უხმო ასოს ზედიზედ გამოთქმამ ენა გვაკვნეტინოს ყველას, რითი გვიზღავს ამ ზარალს ჩვენი სასტიკი სილოვანი? არა, ბატონებო, თვითონ მან იკვნიტოს ენა და ისისხლიანოს, ჩვენ კი გაგვათავისუფლოს ამ სიმახინჯისაგან… სწორედ საოცარია სიბეცე ჩვენი გრამატიკოსის ამ შეთხვევაშიაც. მას აქამდე ვერ შეუგნია, რომ ზედმეტი სიმცირე სიტყვებში ხმოვანი ასოებისა ადამიანის ენას უახლოვებს პირუტყვთა ხმაურობას, რომელიც შესდგება მხოლოდ უხმო ბგერათაგან. გატაცება გამიგონია ვიწრო პროვინციალიზმით; მაგრამ ამ გვარი კი არასოდეს.
დაგვრჩა განსახილველად ორი ჩვენი საარსო ფორმა, რომელსა სიმახინჯედ სთვლის ბ-ნი სილოვანი. აი ეს ფორმები, ვაღიარებ, დასხდნენ. ამ ორი ფორმის შესახებ, ოცის წლის წინად, მე ვრცელი კამათი მქონდა “ივერიის” ფურცლებზე “კვალის” რედაქციასთან; მაგრამ, რადგან ძველს მკითხველებს დავიწყებული ექნებათ მაშინდელი ჩემი საბუთები და ახლებს არ ეცოდინებათ, ამიტომ ცოტა ვრცლად შევეხები ამ ფორმებსა.
ძველი ფორმა პირველის სიტყვისა არის აღვიარებ. ახალი – ვაღიარებ. ეს უკანასკნელი ფორმა გავრცელებულია მთელს აღმოსავლეთს საქართველოში, ზემო იმერეთში, რაჭაში და იქმნება სხვა იმერის კუთხეებშიაც. წიგნებს მკაძმველმა ვასილ ყიფიანმა, ქვემო იმერეთის მცხოვრებმა, მითხრა: ა ღ ვ ი ა რ ე ბ მხოლოდ ეკლესიაში გევსმისო, ეკლესიის გარდა კი გლეხები ყოველთვის ვამბობთ: ვაღიარებ ან ვაღიარებ. რას შეუცვლია ძველი ფორმა ახალ ფორმად ხალხის ხმარებაში? ძველს ფორმაში პირის მაჩვენებელი ასო ვ პრეფიქსის ბოლოში იჯდა, ახალს ფორმაში მას ადგილი უცვლია, პრფიქსის წინ მოქცეულა და ახალი სახე ზმნისა შეუქმნია. რად მომხდარა ეს ცვლილება? რის გამო აუცდენიათ თავიდან ეს ცვლილება სხვა ზმნებს, რომლებიც ამავე კატეგორიას ეკუთვნიან? რატომ არავინ არ ამბობს: ვაღაშენებ, ვაღადგენ, ვაღბეჭდავ და სხვანი? არავინ ამბობს ასე იმიტომ, რომ პრეფიქსს აქ ისეთი პატარა მნიშვნელობა აქვს, რომ უამისოდაც ზმნა თავის-თავად სრულს აზრსა და შემეცნებას ხატავს: აღ-ვაშენებ, აღ-ვადგენ, აღ-ვბეჭდავ, აღ-ვმართავ, აღ-ვზრდი, აღ-ვწერ და სხვანი. სრულიად სხვა დამოკიდებულებას ვხედავთ პრეფიქსისა და ზმნის შორის სადაო ფორმაში. უპრეფიქსოდ ეს ზმნა განსაზღვრულს არაფერს ნიშნავს, და თუ ნიშნავს, სრულიად სხვა რამეს, ვიდრე საჭიროა. ერთი სიტყვით, აქ პრეფიქსი ორგანიულ ნაწილად გამოდის ზმნისა: მე აღ-ვიარებ, შენ აღ-იარებ, ის აღ-იარებს, იგი აღ-იარებდა, აღ-იარებდეს, აღ-მიარებია და სხვანი. ჩააკვირდით ზმნის ნაწილს ამ სიტყვისას და თქვენთვის ცხადი შეიქმნება, რომ იგი თავის-თავად განსაზღვრულს შემეცნებას ვერ გვაძლევს. წაუმძღვარეთ წინ პრეფიქსი აღ და მასინ სრულს აზრს მიიღებთ. ამის გამო სიტყვა იქცევა მარტივ ზმნად და იკანკლედოება როგორც ყველა მარტივი ზმნა, რომელსაც პირის მაჩვენებელი ყოველთვის თავში უზის. თვით დასაბამი ამ სახათაბალო სიტყვისა სიბნელით არის მოცული. ზოგნი დასაბამად სთვლიან აღიარებას, ზოგნი ახსარებას. უაღრესობა ახალის ფორმისა იმაში მდგომარეობს, რომ პირის მაჩვენებელი ასო ზმნის დასაწყისშია მოქცეული, და მკითხველი, თუ მსმენელი, იმავე წამს იგებს, რა შემეცნებასთან აქვს საქმე. სწორედ ამის გამო ეს ფორმა მოდბულია მთელს ხალხში, და რაც უნდა იბობოქროს ჩვენმა გრამატიკოსმა, თავისას ვერ გაიყვანს, პროგრესულს ფორმაზე ხელს ვერ ააღებინებს ვერც ხალხსა და ვერც ფართო საზოგადოებასა.
მეორე სადაო ფორმა არის დ ა ს ხ დ ნ ე ნ. ჩვენი სილოვანი ამასაც მახინჯ ფორმად სთვლის და თხოულობს, რომ ვსწეროთ უსიკვდილოდ – დ ა ს ხ დ ე ნ. მას რომ ზედ მიწევნით შესწავლილი ჰქონოდეს ენის ზრდის პროცესი, ამას თავის დღეში არ იტყოდა. ეს ზრდა იმისაკენ არის მიმართული, რომ ორაზროვნობა მოსპოს, ახალს სიტყვიერს ტანისამოსში გამოაწყოს ის აზრები, რომელნიც წინად ისესხებოდნენ ხოლმე სხვა აზრებისაგან სიტყვიერს ტანისამოსსა, და ერთ აზროვნობა გაამეფოს ენაში, რაც ირიცხება მის ძირითად ღირსებად. ამის გამო, ვისაც ენაში შეაქვს ორ-აზროვანი ფორმები, იგი უკან სწევს მას და რგრესის გზაზე აყენებს. სწორედ ასეთს რეგრესს უწყობს ხელს ჩვენი რეფორმატორი, როდესაც თხოულობს – ზმნების დაბოლოება დ ნ ე ნ შეიცვალოს დ ე ნ – ად. ამ ერთი ასოს გამოტოვებით პაწაწა ეკონომიას ჩავდივართ; მაგრამ, სამაგიეროდ, აქ იბადება არა მარტო ორ-აზროვნება, არამედ ერთმანეთში ერევიან სხვა-და-სხვა ზმნები, სხვა-და-სხვა დრონი, სხვა-და-სხვა რიცხვნი. ავიღოთ სიტყვები წადენა და წასვლა. ბ-ნი სილოვანი ამ ზმნებს ერთნაირად აბოლოებს მრავლობით რიცხვში მარცვლით დენ. ნაცვლად ფრაზისა: ისინი წავიდნენ, იგი სწერს: ისინი წავიდენ. რა გამოდის? მომავალს დროს ზმნისას წ ა დ ე ნ ა (ცხვირიდან სისხლი წავიდენ) იგი ხმარობს, როგორც წარსულს დროს ზმნისას წასვლა. ერთი ზმნის მესამე პირის ნაცვლად მრავლობითის რიცხვისა (ისინი წავიდნენ) იგი გვიბრძანებს ვიხმაროთ პირველი პირი მომავალის დროისა მხოლობითი რიცხვის ფორმით. (სისხლს წავიდენ). ამაზე უარესი არევ-დარევა გაგიგონიათ? ეს ხომ ნამდვილი ანტი-გრამატიკული დომხალი გამოდის. და ამ დომხალის მდგომარეობაში აყენებს არა რამდენსამე ზმნას, არამედ ბევრსა, ძალიან ბევრსა. მოვიყვანთ მაგალითებს სილოვანისებურად: ა ვ ი დ ე ნ ისინი ზევით (წარსული დრო მრავლობითის რიხვისა და მესამე პირი), ა ვ ი დ ე ნ მე ბოლსა (მომავალი დრო და პირველი პირი მხოლობითი რიცხვისა), მოვიდენ ისინი ჩვენსას, მოვიდენ მე ოფლსა; ადგენ სტუმრები ზეზე, ადგენ შენ წიგნსა; მიდგენ ბავშვები იქით, მიდგენ შენ არძასა: შეუდგენ მოგზაურები მთასა, შეუდგენ მე მას ქაღალდსა; იდგენ ქალები ბანზე, იდგენ რასმე გონებაში; გავიდენ ისნი მდინარეში, გავიდენ მე წყალსა; ჩავიდენ ისინი ძირსა, ჩავიდენ მე ცუდს საქმესა, და სხვანი და სხვანი. ერთი სიტყვით, ერთი და იგივე ფორმა იხმარება აქ ოთხის სხვა-და-სხვა შემეცნების გამოსახატავად, რაც ჭირად სჭირთ მხოლოდ უღატაკეს ენებსა. ასეთი გაღატაკება ენისა რომ მოიწადინოს უვიცმა ვინმემ, გასაკვირველი არ არის; მაგრამ გრამატიკოსის მხრივ ამისთანა საქციელი უტყუარი მოწმეა იმისი, რომ იგი შეპყრობილია ვიწრო პ;როვინციალიზმით და ხელს უწყობს ეროვნულს ენის რეგრსსა.
მართალია, ძველს დროში იხმრებოდნენ როგორც დნენ, ისე დენ. თვით სახარებაში პირველი ფორმა ხშირად შეგვხდებათ:L ნეტარ-იყვნენ. შემდეგში პირველი ფორმა, როგორც პროგრესიული, მოეფინა ჩვენს ხალხშიც და ლიტერატურაშიც, და იგი იხმარებოდა ყველა მწერლისაგან, როგორც ამერეთში, ისე იმერეთში და ყველა პერიოდულს გამოცემაში მეფობდა იქით და აქეთ საქართველოში. ამის გამო ახლა, ამ ჟამად ზმნის დაბოლოება დ ნ ე ნ უნდა ჩაითვალოს საზოგადო ნაციოანლურ ფორმად, რომელიც სპობს ორ-აზროვნობას, აუქმებს სავებითს ფორმების არევ-დარევას და ენას ანიჭებს უტყუარს ღისებას. შეკვეცილი დაბოლოება კი დ ე ნ ამ ჟამად პროვინციალური ფორმაა, რომელსაც ქართული შეგნებული ლიტერატურა ვერ შეიწყნარებს, თუ არ უნდა, რომ გაფურჩქვნილი და განვითარებული ფორმა შესცვალოს კუდა, შეკვეცილს ფორმაზე, რომელიც, ვიმეორებ, ჰბადავს დიდს არევ-დარევას ფორმისას და ქართულს ენას უკანა სწევს.
ბ-ნი სილოვანი მიწუნებს ჰ ხმარებასაც; მას ეს ასო მეტ ბარგად მიაჩნია. მაგრამ აქაც შემცდარი ბრძანდება. ამ ასოს გაუქმებით იმისთანავე არევ-დარევა ფორმებისა მოხდება, რომელიც წინად აღვნიშნეთ. მოაკელით ზმნას ჰყვავის ასო ჰ და გამოვა ნათესაობითი ბრუნვა სახელ არსებითისა – ყვავის. ავიღოთ კიდევ ფრაზა: სილოვანს ფულები ჰქონია. მოვაკლოთ უკანასკნელს სიტყვას ასო ჰ, და რას მივიღებთ: ფული ქონი-ა. ავიღოთ ფრაზა: გიორგის ტვინი ჰქონია, რაც ნიშნავს გიორგის ნიჭიერებასა. გამაკლეთ უკანასკნელს სიტყვას ასო ჰ და გიორგი გამოვა უტვინო, სულელი, უნიჭო. საზოგადოდ, ბევრი ზმნა, რომელშიაც იხმარება ასო ჰ, უამისოდ გარდაიქცევა სახელი არსებითად და შესმენილი – ქვემდებარედ. მაგალითებით ცხად ვყოფ ამასაც: ჩაჰკრა (შესმენილი ზმნა) თავში ხელი, ჩაკრა (ქვემდებარე სახელ არსებითი) პურისა ძნელია; ჰქმნა კეთილი საქმე, ქმნა სიტყვაზე ძნელია, ღმერთმა შეჰქმნა ცა და ქვეყანა, შექმნა ქვეყნისა ღმერთმა ინება; ჰკრა ვირმა წიხლი, კრა წიხლსა ვირმა იცის, – გაგჯრ ტაკვესი, გაკრა ტალკვესისა; მიჰყო მან პირი და გალანძღა, მიყო მან კარგი საქმე და სხვანი და სხვანი.
სწორედ ასეთსავე ვნებას აყენებს ჩვენი გრამატიკოსი ქართულს ენას, როცა სპობს ასოს ს ზმნის დასაწყისში. ამ შეკცვეცითაც იგი ზმნას ჰხდის სახელ არსებითად და შესმენილს ქვემდებარედ. სცემა (შესმენილი – ზმნა), მან, – ცემა (სახელი არსებითი და ქვემდებარე) ცუდია, შესდგა ბოთლი – შედგა ის გზაზე, ასცდნენ ისინი ხიფათს – აცდენ საქმეზე მას. მოსცდა ის საქმესა – მოხდა საჭიროა, გასდგა სურა გარედ – გადგა თვითონ განზე, გასჭრა ვაშლი იმან – გაჭრა ვაშლისა მინდა, გასწერა მამასახლისმა ხარჯი – გაწერა ხარჯისა დაგვიანდა, მისწერა ნიკომ წერილი – მიწერ წერილისა აღარ მოუნდა, სწერა ვანომ – წერა ვანოსი მოსწონთ, სჭამა ვანომ – ჭამა უნდა ვანოს; ბავშვს მისძინებია – მე ბავშვი მიძინებია, გამოსჭრა ქალმა საკერავი – გამოჭრა უნდა საკერავისა, დასჭრა შეშა – დაჭრა შეშისა მეძნელება, მოსცდა ყანა – მოცდა არ შემიძლიან და მრავალნი სხვანი. ერთი სიტყვით, ასო ს მოშორებით ბევრი ზმნა სრულიად ჰკარგავს თავისს განსაზღვრულს მნიშვნელობას, ჰკარგავს თავისს ჯეროვანს სახეს და სრულიად სხვა რამედ იქცევა. ასეთი გარდაქმნა სიტყვისა კი წმინდა რეგრესიულია და ენის გაღატაკებას უწყობს ხელსა.
როგორც მკითხველი ყველა ზემოთ ნათქვამიდან თვისი ბედნიერი თვალით ჰხედავს. თუ ჩემს ნაწერში ურევია მართლწერის დფექტები, ეს დეფექტები წვრილმანია და უნებლიეთნი, რომელნიც არავითარ ზიანს ჩვენს ენას არ აყენებენ. სამაგიეროდ, დეფექტები ბ-ნი სოლოვანისა ნებისთნი და საარსონი არიან და იმდენად დიდნი, რომ ქართულს ენას უკუქცევით მიმრთულებას აძლევენ და რეგრესის მსხვერპლად გახდიან, თუ ქართველმა დაწინაურებულმა საზოგადოებამ თავის მხრივ ჯეროვანი ღონისძიება არ იხმარა.
აი საშინელი კრიზისი, რომელსაც განიცდის ჩვენი ბედკრული სამშობლო, იოტის ოდენაც არ არის დამოკიდებული ტრადიციულს ქართულს მართლწერაზე. ხვალვე რომ თავისი მართწერალ გაამეფოს საქართველოში ბ-ნმა სილოვანმა, ცრემლთა დენა ქართველთა შორის და ტანჯვათა რაოდენობა თუ არ იმატებს, არ იკლებს. მართლწერას ენაში მხოლოდ მაშინ აქვს ლომი მნიშვნელობა, როცა მისი დარღვევა არღვევს აზროვნებას, ხელს უშლის მას. მაგალითად, რუსული სიტყვები Ъесть и есть სრულიად სხვა და სხვა შემეცნებას ნიშნავენ. აგრეთვე სიტყვები: мать и мат бить и быть და სხვანი. ჩვენი ენა ამ სენს დღემდე მოშორებული იყო იმდენად, რომ ვამაყობდით ჩვენი უაღრესობით რუსული ენის წინაშე, რომლის თავსატეხი მართლწერა ვერ ცაუყენებია ჯეროვანს კალაპოტში მეცნიერტა აკადემიასაც კი. ჩვენმა სილოვანმა ეს რუსული სენი ლამის შეჰყაროს ქართულს ენასა და ჯოჯოხეთს ახალი მუგუზალი შეუკეთოს, დიაღ, ჯოჯოხეთისა.
აურებელნი ჭირ-ვარამნი სამარის კარისაკენ უშვრებიან პირს საქართველოსა, და ამ დამღუველის კრიზისის წინააღმდეგ, ტაქტიური, სისტემატიური და დაუცხრომელი ბრძოლა წმინდა მოვალეობას შეადგენს ყველა ქართველისათვის, რომელსც ცოტაოდენად მაინც უღვივის გულში ცეცხლი მამულიშვილობისა. მაგრამ ამ ტაქტიკურ ბრძოლისათვის უკიდურესად საჭიროა სერიოზული ცოდნა და ძვალრბილში გამჯდარი სამშობლოს სიბრალული, მისი სიყვარული. საუბედუროდ, საფუძვლიანის და ცხოველმყოფელის ცოდნისა და რწმენის მაგიერ ჩვენ ვართ შეიარაღებულნი ზედაპირული განათლებით და პირადი თავმოყვარეობით, რომელსაც მზად ვართ შევწიროთ ბედი და თვით სიცოცხლე სამშობლოსი. თვით ეს დაბალი ვნებით აღსავსე პროპაგანდა რაღაც უბადრუკი მართლწერისა, პროპაგანდა, რომელსაც მისცეს ბოლო ჯამს ხასიათი პროვოკაციისა, განა მჭერმეტყველურად არა ღაღადებს ჩვენს უმეცრებას, უვიცობას და საარაკო სიბეცეს? აი ეს უმეცრება და ჭკუა მოკლეობა, რომელიც თავის ცხვირს იქით ვერასა ჰხედავს, არის მთავარი შინაგანი სენი ინტელიგენციისა, რომელსაც თითქმის დავიწყებული აქვს ხალხის ძირითადი ჭირნი და ვაებანი და რაღაც წვრილმან, საჩხირკედელო საკითხებს ანდომებს თავისს დროს და ძალასა.
დასასრულ, უნდა მოგახსენოთ, რომ პოლემიკით ვერ გადაწყდება ის მწვავე საკითხი, რომელიც არაფრისაგან შექმნა ბ-ნმა სილოვანმა, ვიწრო პროვინციალიზმით გატაცებულმა, აქ სხვა ღონისძიებაა საჭირო. რომელი სახელდობრ? ის, რომელიც დაასახელა ბ-ნმა გველესიანმა. მსგავსს საკითხებს რუსეთში სწყვეტს მეცნიერბათა აკადემია, ჩვენი სამეცნიერო აკადემია არის “წერა-კითხვის საზოგადოება”. აი ამ საზოგადოების გამგეობამ უნდა აირჩიოს ექვსიოდე ქართველი ინტელიგენტი, საფუძვლიანი განათლებით აღჭურვილი, ევროპიულის ენების და ჩვენის ქართული ენის კარგი მცოდნე, შეადგინოს კომიტეტი, რომელმაც უნდა დაავალოს – განიხილოს მართლწერა ბ-ნი სოლოვან ხუნდაძისა და მისი ავკარგის შესახებ ვრცელი მოხსენება წარუდგინოს გამგეობას. კომიტეტის წევრებად უნდა იყვნენ არჩეულნი ნახევრად იმერნი და ნახევრად ამერნი. ჩემის მხრივ დავასახელებ სამს იმერს ინტელიგენტს კომიტეტის წევრებად; ესენი არიან: ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე, რომელიც მთელს ზამთარს თბილისში რჩება, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და ივანე გედევანის ძე გომართელი. პირადად მე დავემორჩილები ყოველს გადაწყვეტილებას არჩეულის კომიტეტისას იმ შემთხვევაშიც, თუნდაც არ ვეთანხმებოდე ზოგიერთ რამეში, და შესაბამ ცვლილებას შევიტან ჩემის წიგნების და ნაწერების მართლწერაში.