ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – მცირე შენიშვნა

ერთი წერილის გამო)

სწორედ შეცდომა მოუვიდა ერთს თბილისელს მასწავლებელს, რომ ყურადღება მიაქცია “კვალის” შემდეგს მომართვას ჩემდამი: ყველაფერზედ ხელი აიღე და ამ წუთშივე შეუდეგი სურათებიანის ანბანის შედგენას და გამოცემასო, თითქო ბ-ნი აღნიაშვილის ანბანი, მ. გულისასვილისა და “დედაენისა” სურათებიანი არ იყვნენ. “კვალის” ხელმძღვანელს “молодец Георгий”-ს (ასეთი ეპიტეტი უძღვნა თავისს თავს თვითონ მან ივანე მუხრანბატონის შესახებ რომ წერილი დაბეჭდა) ჩვენი ისეთი ჭვლები ადგია, რომ იგი ერთს წამსაც ვერ დაგვივიწყებს და იძულებულია ყოველი კვირა, ყოველს ნომერში გვიჩხიკინოს და გვიღიტინოს. ამ ღიტინს რომ გამოვეკიდოთ, დავემსგავსებით სულიერსა, რომელიც სურდოიანს მეზობელს ყოველ ცხვირის დაცემინებაზედ წამ-და-უწუმ ღვთის წყალობას ეუბნება, ან ზახრუმალას. დეე, ჩვენმა “მოლოდეცმა” რამდენიც უნდა ივარჯიშოს ღიტინში, ქეიფი გასწიოს; ჩვენ მხოლოდ სეირს ვუცქიროთ. სამწუხაროდ მარტო ის როდი დააშავა თბილისელმა მასწავლებელმა, რომ შეუსაბამო რამე საბაასოდ გახადა. ის ამ შეუსაბამოს შეუსაბამობითვე შეება, შეეჭიდა. რაკი “დედა-ენა” გვაქვს, სხვა სურათებიანი ანბანის გამოცემა წლის ნაყვა იქნებაო, უპასუხა “კვალსა” და ამითი ცხადად დაამტკიცა, რომ ისიც ამისთანა “მოლოდეცი” ყოფილა პოლემიკაში, როგორც ბრძანდება ბ-ნი გიორგი.

რადა, ბატონო? რად იქნება წყლის ნაყვა? მეტს სიმდიდრეზედ უარი ვის უთქვამს, რომ ჩვენა ვთქვათ? სად დალეულა მჯობნის მჯობნი, რომ ჩვენში დაილიოს. სად გაგონილა იმისთანა სამოსწავლო წიგნი, რომლის უკეთესი ყოვლად შუძლებელი იყოს? რა მხრიდანაც უნდა გავშინჯოთ საგანი, ახალი სახელმძღვანელოების დაბეჭდვა სანატრელი აღმოჩნდება. თუ ისინი დაბლა იდგებიან “დედა-ენაზედ”, ეს უკანასკნელი მკითხველის თვალში უფრო მაღლა აიწევს, რადგანაც მრავალთა ღოსის პირველი იქმნება, თუ იგი უკეთესნი გამოდგებიან, ხალხის განათლება, რომელსაც “დედა-ენა” ემსახურებოდა ამდენს ხანსა, ნაბიჯს წინ გადასდგამს და ეს ჩვენი წიგნისათვის სასიხარულო იქნება, დამერწმუნეთ. გნებავთ ამისი უტყუარი საბუთი წარმოგიდგინოთ. ინებეთ. “დედა-ენა” თითქმის ერთი სამად დიდია, ვიდრე “Родное слово” უშინსკისა და სომხური “მაიენ-დეზუ” (სამშობლო ენა) ბ-ნი ტერგევონდიანცისა, რომელიც თითქმის ერთად ერთს პირველ-დაწყებითს სახელმძღვანელოს შეადგენს სომეხთათვის. ფასი-კი ჩვენს ქართულს წიგნს იგივე აძევს, ანუ უკედ – ნაკლები, რადგანაც “Родное слово” ავტორის სიცოცხლის დროს ღირდა შვიდ შაურად და ამავე ფასად იყიდება სომხური წიგნიც. ამ სახით ჩვენი წიგნი სამჯერ იაფია სხვებზედ. დედა-ენას რო საზოგადო სიკეთე წინ არ წაეძღოლა უპირველესად ყოვლისა, ვინ დააყვერდებდა ან ერთი-ორად მომცრო გამხდარიყო (მაშინაც-კი უფრო დიდი იქნებოდა ორს ხსენებულს უცხო წიგნებზედა), და ან ერთი-ორად მეტი ღირებულიყო? ორივე შემთხვევაში ეხლა მისი შემადგენელი შემძლებელი, უზრუნველ-ყოფილი იქმნებოდა, მაშინ როდესაც ამ ჟამად მას ორიოდე წლის სარჩო რომ აღმოუჩნდეს, ისიც კარგი იქნება.

მართალია, ევროპასა და რუსეთში ყოველს შესაბამ სახელმძღვანელოს თავისი ადგილი უკავია არა ნაკლებ ნახევარ საუკუნისა; მაგალითად: “Родное слово”-ს, რომელიც ყოველ გვარს გაუკეთესობას მოაკლდა ოცი წლის წინადვე თავისი ავტორის გარდაცვალების გამო, პირველი ადგილი უჭირავს რუსულ სახელმძღვანელოებში აქამომდე, ორმოცის წლის განმავლობში; მაგრამ რა ვუყოთ? განა ღმერთი გვიწყენს, რომ ჩვენ ყოველი მხრივ ზანტებმა და უკან ჩამორჩენილებმა, აქ, ამ საგანში სისწრაფით ვაჯობოთ ევროპასა და რუსეთსა?..

მაშ გაუმარჯოს იმას, ვინც გამსჭვალულია წმინსა სურვილით – მისცეს ქართველს სკოლას და ხალხს “დედა-ენაზედ” უმდიდრესი და უკეთესი წიგნი!

ხოლო ჩვენი სახელმძღვანელოს წინააღმდეგ ღაღადებენ არა ამისთანა წაღმართნი პირნი, არამედ სრულიად სხვა ჯურის ვაჟბატონები. ამათ სუნით გაუგიათ, რომ ახლამდელს უკუღმართს დროში ქართულის ენის შესახებ მოქმედობს ამისთანა პრინციპი: რაც უღატაკესია, ის უკეთესიაო. შეუგნიათ ესა ამ კეთილშობილ, უანგარო პირთა და გამსჭვალულან სურვილით – გამოსცენ პატარა-საცოდავი, ღარიბ-ღატაკი წიგნაკი, მეგრული და სვანური ანბანის ოდენა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულის ენის შეზღუდვას პირველი წლითა და იქმნება ნახევარ წლითაცა. აი ამ ჯურის სულიერებს ამხნევებს იმედი, რომ “კვალი” დაბრმავებული პირადი ბოროტებით, ხელს მოუმართავს მათ – თავისი მავნებელი განზრახვა განახორციელონ. მაგრამ ტყუილად. ჩვენი სამშობლო ჯერ ისე არ დაცემულა, რომ დაბალმა წადილმა გაიმარჯვოს იმისთანა საქმეში, როგორიც არის ხალხის განათლება, “დედა-ენის” ადგილი შეუძლიან დაიჭიროს უმდიდრესმა შინაარსით და უკეთესმა ენით და არა უღატაკესმა და უარესმა. უარესი იმარჯვებს მარტო მკვდარს საზოგადოებაში და ჩვენ, ქართველები კი, ღვთის მადლით, არამც-თუ ცოცხალნი ვართ, არამედ გულში გვიღვივის იმედი აღდგომისა და ამაღლებისა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button