იაკობ გოგებაშვილი – ორკეცი ცილისწამება
(პასუხად თავ. კიტა აბაშიძეს)
“სახალხო გაზეთის” 371 N-ში თავ. კიტა აბაშიძემ ჩემს შესახებ იკადრა ისიც, რაც არ უკადრნია არც ერთს ჩემს მოწინააღმდეგეს არასოდეს. რაში მდგომარეობს ეს უკადრისობა?
ყველა მოსწრებულს და საზოგადო საქმეთა მიმდინარეობის მეთვალყურს მოეხსენება, რომ ორმოც წელზე მეტია, რაც მე სამოსწავლო ბიუროკრატიას კვალში ვუდგავარ და არც ერთი მისი უკუღმართი ნაბიჯი ხალხის განათლების სფეროში უკრიტიკოდ არ დამიტოვებია. ეს კრიტიკა ხშირად ყოფილა მკაცრი, მაგრმ მას არ გამოუწვევია თავმოყვარე ბიუროკრატიაშიც კი ის უსაზღვრო სიბრაზე, რომლითაც აუვსია ჩვენი ცნობილი კალმოსანი ჩემს პატარა საპედაგოგო შენიშვნას “ფრიად მავნებელი მაგალითი”, დაბეჭდილს გაზეთს “კოლხიდაში” და იქიდან გადმობეჭდილს ჩემს დაუკითხავად “სახალხო გაზეთში”. სიბრაზეს იქამდე უწევია, რომ ამ ჩემს პატარა წერილისათვის თავ. აბაშიძეს “ცილის-წამება” დაურქმევია, ჩემს მოწინააღმდეგეს ვერ გაუთვალისწინებია, დრომ ვინც ხალასს სიმართლეს ცილის-წამებას უწოდებს, თვითონ გამოვა ყველას თვალში ორკეცი ცილისმწამებელი.
რა ვთქვი ჩემს საპედაგოგო შენიშვნაში? აი რა: ჭიათურის გამგეობა აარსებს ისეთს სპეიალურს სკოლას, რომელშიაც ქართულ ენას არ ექნება არავითარი ადგილი, არც როგორც საგანს, არც როგორც ღონისძიებას სწავლისას. მთელი სწავლება მოწყობილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ენაზე და სახელმძღვანელოებსაც მარტო რუსულს იხმარებენო. ქართულს ენას არც ერთი გაკვეთილი არ ექნება ნარგუნები. თავის მშობლიურ ენას მოწყვეტილნი იქნებიან მოსწავლენი კურსის დასრულებამდინო. ამისთანა სკოლა ანტიქართული სკოლაა და მას ადვილად შეუძლიან წააქეზოს ქართული ენის მოწინააღმდეგენი და სხვა სკოლებშიაც, სპეციალურში, ჯერ შეასუსტებინოს და გააუქმებინოს ჩვენი ენა-მეთქი. მაგალითი მით უფრო მავნებელი და გადამდები გამოვაო, რომ ეს ანტი-ქართული სკოლა დაარსებული იქმნება არა ვიგინდარა პირებისაგან, არა ბიუროკრატიის მიერ, არამედ იმისთანა გამოჩენილი მოღვაწეებისაგან, როგორნიც არიან ბ. ზდანოვიჩი და თავ. კიტა აბაძიძე-მეთქი, ვნებას ამ სკოლისას ისიც გააძლიერებს, რომ იგი დაარსებული იქნება არა იმისთანა კუთხეში, სადაც მოსახლეობენ სხვა-და-სხვა ერნი, არამედ წმინდა ქართულს მხარეში, სადაც არა ქართულის თითქმის არა მოიპოვება, – და ბოლოს ეს სკოლა დაარსებული იქნება არა სახაზინო ფულით, არამედ ქართულის მრეწველობის შემოსავლითაო.
აი მთელი შინაარსი მოკლედ ჩემი პატარა წერილისა. არც ერთს მუხლს ამ განმარტებისას უარს არა ჰყოფს და ვერც ჰყოფდა თავ. კიტა არც ერთს თავისს საპასუხო წერილში, არც “კოლხიდაში” და არც “სახალხო გაზეთში”. მაშ რად დამაბრალა ცილის-წამება? “ჩვენაო, ბრძანებს იგი, გასამართლებელი საბუთები გვაქვსო იმისი, რომ ქართულ ენას ადგილი ვერ მივეცითო”. მართლაც რომ იყოს ესე, ცილის-წამება რა მოსატანი იყო აქა? მე რომ მეთქვა, ეს უკუღმართობა განზრახ ჩაიდინეს მეთქი, აი ეს იქნებოდა ცილის-წამება, მაგრამ მე ეს არამც თუ არ მითქვამს, აზრადაც არ მომსვლია. მეორე მხრით, ცილის-წამება ჰქვიან იმისთანა სიცრუეს, რომელშიაც შედის ბოროტი განზრახვა. ხოლო რა ბოროტი განზრახვა უნდა მქონოდა ხსენებული პირების შესახებ, რომელთაგან სიკეთის მეტი უკანასკნელ შემთხვევამდის არაფერი მითქვამს.
ახლა ვიკითხოთ: რაში მდგომარეობს ეს გასამართლებელი საბუთები? “მთავრობას ვსთხოვეთო, ნება მოგვეცით რამდენიმე საგანი ქართულს ენაზედ მოვაწყოთო, მაგრამ უარი მივიღეთო”. რომელ მთავრობას? მზრუნველს, “პოპეჩიტელს” განა? მაგრამ პოპეჩიტელი განა ერთად-ერთი ინსტანციაა? არა, იგი მხოლოდ პირველი საფეხურია, პირველი ინსტანცია. არსებობს მეორე და მესამე ინსტანცია და მათთვის უნდა მიემართათ ჩვენს მოღვაწეებს უსათუოდ. საგულისხმიერო მაგალითსაც იპოვნიდნენ მახლობელს წარსულში. აი ეს მაგალითიც: როდესაც წინამძღვრიანთ-კარში არსებობდა სამეურნეო სკოლა, მისი სამოსწავლო გეგმა თხოულობდა ქრთულს ენაზედ სწავლებას ყველა საგნებისას ოთხ წლიან მოსამზადებელ სკოლაში და ორს სამეურნეო კლასშიაცა. მზრუნველი იანოვსკი დიდ უარზე დადგა. მაშინ სკოლის დამაარსებელმა კომიტეტმა მიმარტა დიდის მთავრის, ნამესტნიკის თანაშემწეს სტაროსელსკის ვრცლად დასაბუთებლი მოხსენებით, და ამ მოხსენებამ იმდენად გასჭრა, რომ სტაროსელსკიმ იანოვსკი სრულიად დაითნხმა და ექვსი წლის განმავლობაში სწავლება ქართულს ენაზედ ყველა საგნებისა შეწყნარებულ და დამტკიცებულ იქმნა მთავრობისაგან. ეს მოხსენება, ქართულს ენაზედ გადმოთარგნილი, მოთავსებულია ჩემს “რჩეულს ნაწერებში” და უჭირავს ოც-და-ორი გერდი (103-125). დალოცვილებო, თქვენც უნდა განგესაჩივრებინათ მზრუნველის უარი და ვრცლად დასაბუთებული მოხსენება წარგედგინად ნამესტნიკისათვის. თუ იგი სტაროსელსკის მაგალითს არ მიბაძავდა და უარს გეტყოდათ, მაშინ პეტერბურგში გადაიტანდით საქმეს. საკითხი მეტად საარსო და დიდმნიშვნელოვანი იყო, და ღირდა იმათ, რომ თქვენ გარჯილიყავით, რადგანაც თქვენი გამარჯვება ამ საკითხში მეტად კარგს გავლენას იქონიებდა მთელის ხალხის განათლებაზედ. ჩვენს ქვეყანაში გამარჯვებას აადვილებდა ის გარემოება, რომ თქვენი ახალი სკოლისათვის არავითარ უფლებას არ ითხვოდით, კერძო სასწავლებელს აარსებდით სპეციალური ცოდნის გასავრცელებლად. ტყუილად მოგყავთ მაგალითად უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი უმაღლესი სასწვლებელია ყველა ეროვნებისათვის. სახელმწიფო დაწესებულებაა და დიდს უფლებას აძლევს. ამის გამო ყველა საგნები ისწავლება სახელმწიფო ენაზე. თქვენი სამთო სკოლა კი სრულიად სხვა დაწესებულებაა ყოველი მხრივ…
თუ ვინიცობაა პეტერბურგიც უარზედ დადგებოდა, მაშინ სამთო სკოლის დაარსებაზედ ხელს აიღებდით დროებით, ვიდრე აწინდელი რეაქცია შემცირდებოდა და წაღმართი მიმართულება ფეხს მოიკიდებდა.
კიდევ ჰო, ჰო, რომ ამ ახალის სკოლის დაარსება უკიდურესად საჭირო ყოფილიყო შავი ქვის მრეწველობისათვის; მაგრამ ეს ასე არ გახლდათ. დღემდი სამთო სკოლა არ გებადათ, მაგრამ შავი ქვის მრეწველობა კი კარგად მიდიოდა. თუ ხინჯი რამე ჰქონდა ჭიათურის წარმოებას, ეს წარმოსდგებოდა უმთავრესად სხვა მიზეზებისაგან, სხვა-და-სხვა დაბრკოლებებისაგან და არა სამთო სკოლის უქონლობისაგან.
სამწუხაროდ, ვნება ამისთანა სკოლისა მარტო პედაგოგიური დიდი ეფექტით არ განისაზღვრება. ჭიათურის ანტიპედაგოგიური სკოლა ხარჯს ბლომად მოითხოვს თავის შენახვისათვის ყოველ წლივ, და ეს ზედმეტი ხარჯი საგრძნობლად შეამცირებს იმ ჯამს, იმ რაოდენობას ფულისას, რომელსაც ჭიათურის საბჭო ხარჯავს სტიპენდიებზედ და სხვა საზოგადო საქმეებზედ. უმთავრესად კი ეს ახალი ხარჯი ხელს შეგიკრავთ და გზაზედ გადაგეღობებათ – დაარსოთ ახალი სახალხო სკოლები და აგრეთვე იხსნათ თქვენ მიერ დაარსებული სასწავლებელნი იმ დიდ ნაკლულოვანებათაგან, რომელნიც გამოაშკარავებულნი არიან ჭი-ჭი წერილში, “სახალხო გაზეთში” დაბეჭდილში. რაც შეეხება იმას, რომ თქვენს სკოლასთან გექნებათ გამართული მუშებისათვის საღამოს საუბრები ქართულად ტერმინოლოგიის შესასწავლად, ამას არავითარი კავშირი არა აქვს სკოლასთან. იგი მაინც და მაინც რჩება ანტიქართულ სკოლად სრულიად და სავსებით. და ვაებაც იმაში გახლავთ. საპედაგოგო შენიშვნაში სხვათა შორის ვთქვით: თუ სხვა სპეციალური სკოლები და საზოგადოებანიც მიბაძავენ ჭიათურის სამთო სკოლის მაგალითს და ქართულის ენის სწავლებას გააუქმებენ, რაც ადვილად მოსალოდნელია ახლანდელი რეჟიმის დროსა, მაშინ ქართული სამოსწავლო ლიტერატურა, დანიშნული უფროს კლასებისათვის, არამც თუ აღარ შეიმატებს სხვა-და-სხვა ახალ ნამოქმედეარს, არამედ გაუქმდებიან იმისთანა წარმოებანიც, როგორიც არიან: ქრისტომატია ეპისკოპოზის კირიონისა და ბატონის გრიგოლ ყიფშიძისა, “ქართული მწერლები ” ბ. გომელაურისა და სხვა მეთქი. “ჩვენ მოვალენი არა ვართ ვიზრუნოთ ვისიმე ქრისტომატიაზედა”-ო, ბრძანა თავ. კიტამ. ამაზედ შეუსაბამო პასუხი ძნელად წარმოსადგენია, ჩვენს პრინციპიალურად ვაყენებთ საკითხს, ჩვენს მოწინააღმდეგეს კი კამათი გადააქვს წვრილანს კერძო ჯიბის ნიადაგზედ. მხოლოდ სიბრაზეს შეუძლიან ასეთი უღირსი ოინი ჩაადენინოს კალმოსანს.
მკითხველი თავისი ბედნიერი თვალით აშკარად ჰხედავს, რომ ჩვენ ჭიათურის ახალი სკოლის შესახებ არ გვიკადრებია არც ერთი სიცრუე, არც ერთი უსაფუძვლო დაბრალება და გვითქვამს მხოლოდ სიმართლე, სრულიად შესაბამი სინამდვილისა, – და როცა ამ სიმართლეს თავ. აბაშიძე ცილის-წამებას და დევნას უწოდებს, იგი თითონ სჩადის ორკეცს ცილის-წამებას.