ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – პასუხად გაბიჩვაძეს

დიდი სიამოვნებით ავასრულებდით ბ. გაბიჩვაძის თხოვნას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყოვლად შეუძლებელია. იგი გვთხოვს ჩვენ უცნაურს რასმეს: ზოგიერთა ადგილებით თქვენი “დედნისა” ხელ-ახლად დააბეჭდვინეთ და გამომიგზავნეთო. არსად არ გაგონილა ამისთანა მოთხოვნილება. ვაჟო, რასაჭიროა ცალკე ადგილების განსაკუთრებით დაბეჭდვა, როცა ‘”დედანი” გამოსულია, ისყიდება ერთი კვირაა და უკვე გავრცელდა არა მარტო თბილისში, არამედ პროვინციებშიაც და თუ ჯერ არ მიუხწევია, ამ დღეებში უნდა მიარჭიოს. დასწერეთ მისი კრიტიკა, მკითხველები შეადარებენ თქვენს მსჯელობას “დედანთან”, რომელი სტყუის, “დედნი”, თუ კრიტიკა. გარდა ამისა “დედნის” ზოგიერთა ადგილების გადატანას ერთი ქვიდგან მეორე ქვაზე, ქაღალდს, დაბეჭდავს კაი ხარჯი მოუნდბა და რად უნდა გასწიოს ტყუილ-უბრალოდ ეს ხარჯი ბატ. გაბიჩვაძემ. განა ფულები მას მოსჭარბებია? ამისთანა შეუსაბამო სურვილის მიზეზი აღელვებული მდგომარეობა უნდა იყოს, სხვა არაფერი. როცა ბ. გაბიჩვაძე დამშვიდდება, თვითონვე აშკარად დაინახავს თავის უსაფუძვლობასა.

ბ. გაბიჩვაძის კრიტიკის დაწერამდის ვეღარ მოუთმენია და ახლავე აღმოუჩენია ჩვენს “დედანში” დიდი ვეებერთელა ნაკლულევანება: სხვადასხვა ხელის ნიმუშები “დედნის” დამატებაში ძველი ენით არის დაწერილნიო. ახირებულია, თქვენმა მზემ. ვაჟო, ძველს ხელთ-ნაწერებში მაშ რა ეშმაკი იქნება, თუ არა ძველი ენა. ჩვენ რომ ახალს ენაზედ გადმოგვეღო ეს ადგილები, მაშინ ხომ ძველი ჩინებული ხელის მაგივრად ჩვენი ხელი გამოვიდოდა? საზოგადოდ, ბატ. გაბიჩვაძეს “დედნის” დამატების მნიშვნელობა სრულიად არ ესმის. მოითმინოს, დამშვიდდეს, “დაამსხვრიოს, ნაკუწ-ნაკუწად აქციოს” ჩვენი კრიტიკა, მერმე გაიცნოს დარიგება ჩვენი “დედნის” ხმარების შესახებ, გაარჩიოს თვით “დედანი” და თუ გვიჩვენებს იმისთანა ნაკლულევანაბას, რომელიც აღნიშნულნი არ გვექნება, დიდს და გულწრფელს მადლობას ვუძღვნით…

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button