ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – პასუხი ღირსეულ რედაქციას

როგორც მოხვალ სვიანაო,

ისე წახვალ შინაო.

ქართული ანდაზა.

ჩვენისთანა ბედნიერი ერი ძნელად მოიპოვება დედამიწის ზურგზედ. რაც უნდა მშარლსა და განყენებულს საგანზედ დავიწყოთ ბაასი, ერთს წამს შემდეგ ვეღარ მოვახერხებთ მშვიდობიანად სჯას, ღირსეულად თავ-დაკავებას, მეორე წამშივე შემოგვაკლდება საფანელი, საბუთი, აზრი და მივმართავთ ჩვენის მოპირდაპირის კიცხვას, ქუჩის გოგო-ბიჭEბის იარაღს. მშვენიერი ნაყოფიც თვალწინა გვაქვს. ჩვენი ნასწავლი ქართველობა გადაიქცა ბუდედ განხეთქილებისა, შურისა, მტრობისა და გაუატნლობისა…

ამისი უახლოესი მაგალითი თვალ-წინ გადაგვიშალა ამ დღეებში “კვალის” რედაქციამ. მკითხველს მოეხსენება, რომ აკაკიმ ასტეხა ბაასი ჩემ წინააღმდეგ, მე მას ვუპასუხე და ამ კამათობაში მონაწილეობა მიიღო ბატონმა სილოვანმა. კამათი სწარმოებდა კანონიერად, მართებულად, თავაზიანად. მაგრამ ბაასში უცებ ჩაერია თვითონ რედაქცია “კვალისა” და სრულიად სხვა ელფერი დასდო. მან იარაღი სრულიად დაუწუნა თავისს თანამშრომლებს: სვიმონიძის წინააღმდეგ კანონიერი კამათი არ გამოდგება; ამ იარაღის ხმარებას იგიც მიჩვეულია. უნდა მივმართოთ სხვა იარაღს – წყენასა და გათახსირებასა. ამ იარაღის ხმარებაში იგი სრულიადაც არ არის გავარჯიშებული. გარდა ამისა წყენა ცუდად მოქმედობს მასზედ, მოსვენებას უკარგავს და მაშინ შესაძლებელია თვით უწმინდური საქმე მოვიგოთ და გავიმარჯვოთო. ეს მით უფრო მოსალოდნელია, რომ ღრეჭა მეტად სქელ-კანა სულიერია; მთელმა ქვეყანამ რომ პირშიც აფურთხოს, ღრეჭას არ მოიშლისო.

სთქვა ეს რედაქციამ დ კიდევაც აღასრულა: იგდო ხელში ჩველი სტვირის გუდა, რის ჭაპანწყვეტით ჩაჰბერა დამჭკნარი პირიდგან, მაგრამ არ გამოვიდა არც პოეზია და არც პროზა, მოისმა მხოლოდ უხამსი ჯლოყინი და ამ ჯლოყინით რედაქციამ “დაროშა”: ჭორი, სიცრუე, ინსინუაცია, გადაკვრ-გადმოკვრა, ფსევდონიმის “ვარიანელის” გამომჟღავნება იმისთანა წამსა, რომ ეს დაბეზღებას უდრის, უკადრისი და გათახსირებული სიტყვები: ტლინკვა, ხტუნვა, მიდებ-მოდება, როშვა, ბუზი და სხვანი და ეს ყველაფერი იკადრა რედაქციამ იმისთანა გამოცემისამ, რომელიც საკითხავია უფრო ყმაწვილებისათვისაც, გამოდის ცნობილის მანდილოსნის რედაქტორობით და რომლისათვის მართებული სიტყვა-პასუხი ათჯერ უფრო სავალდებულოა, ვიდრე სხვა გამოცემისათვის. ეს კეთილ-სუნოვანი შადრევანი, რომლითაც გასვარა ფურცლები საკუთარის გამოცემისა, ღირსეულმა რედაქციამ სწორედ ღირსეულად დააბოლოვა: “ღვარძლსა იფქლად მოგვაჩვენებ, უგუნურს აუმღერებ ტვინსა”.

რაო, რაო? ღვარძლიო? მაშ კარგი, გამოვიკვლიოთ, ვცნათ და ვიხილოთ.

განა ჩემზედ როდისმე უთქვამს ვისმე, ან დაუბეჭდია, რომ სააზნაურო ბანკში დააგირავა უკვე წინედ გაყიდული მამული, ზარალი მისცა ბანკსა და შეამცირა ის მოგება, რომლითაც თავად-აზნაურთა ობლები იზრდებიანო? რომ უარესი ღვარძლიანი მოქმედება ძნელად-ღა იქნება?

განა მე როდისმე მიმითვისებია პერიოდული გამოცემა, დაარსებული მთელის ამხანაგობისაგან და მისის მეცადინეობით გავრცელებული საზოგადოებაში, და მითქვამს ჩემზედ მინდობილ ამხანაგთათვის: თქვენ მე ზარალის გარდასახდელად მინდოდით, და რადგანაც გაზეთი, ჩემს სახელობაზედ დაარსებული, მოგების გზაზედ დასდგა, მე იგი ახლა სრულ ჩემ საკუთრებად მინდა; მიბრძანდით აქედგან თქვენი ნოტარიული ხელ-შეკრულებით, თორემ ახლავე პოლიციას მოვიხმობო?

განა მე როდესმე ცაში ამიყვანია რომელიმე ბანკის მმართველი, რომელსაც მთელი საუკეთესო ნაწილი განათლებულის ქართველობისა ჰგმობს, როგორც მავნებელს, საზოგადოების გამრყვნელს და ბანკის დამღუპველს ვინმესა, და შEმდეგ ამ მმართველისაგან ჯილდოდ მიმიღია ათას ხუთასი მანეთი წელიწადში დასაბეჭდად განცხადებებისა საბავშვო ჟურნალის დამატებაში, როდესაც ამისთანა განცხადებანი ყოველგან იბეჭდებოდენ და იბეჭდებიან მხოლოდ ყოველ-დღიურს გაზეთებში, რადგანაც მხოლოდ ამ გზით შეუძლია საზოგადოებას დროზედ შეიტყოს მამულების გაყიდვის ამბავი?

განა მე როდისმე და სადმე მიღალატნია მთელის ქართველობისათვის, მივკედლებივარ მოწინააღმდეგე უცხო დასსა საქართველოს რომელიმე ქალაქის მართვაში, აღვსილვარ იმედით და წადილით, რომ თბილს ადგილს მივიღებო და მაინც ვერ მიმიღია, სამარცხვინოდ ხახა-მშრალი დავრჩენილვარ…

განა მე როდისმე დამიარსებინებია ჩემს სახელზედ უკუღმართი საბავშვო ქარხანა, სადაც მეორე წლიდგან გამქრალია აღგიაროც და გაღიაროც და ჩემს გაზეთში გამომიცხადებია, რომ საქართველოს არცა ჰქონია და არც აქვს ამისთანა მშვენიერი ქარხანაო?

განა როდისმე პრინციპიალურის, ზრდილობიანის ბაასის პასუხად გულიდგან ამომიშვია ღვარძლის შადრევანი და გამითხუპნია ჩემივე გაზეთის ფურცლები?

განა მე რომელსამე ქალაქში ღვარძლიანი ყოფა-ქცევით მეტ სახელად დამიმსახურებია მთელის საზოგადოებისაგან ანაფემას-ძე? განა…

არასოდეს.

მაშ რამ წამოაყრანატლებინა რედაქციას სიტყვა: “ღვარძლიანი”? ქართულმა ანდაზამ: “ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო”. გარნა გულის მოსაკლავად მარტო ბოროტი ნაწილი და “უგუნურის ტვინის ჟღერა” როდია საკმარისი. აქ ცოტაოდენი ხერხი და სიმართლე არის საჭირო. თორემ უძლური და უწმინდური ხელით მოქნეული ტალახი საკუთარს თავზე ესხმის ღვარძლიან კაცს, როგორც ეს მოუვიდა დარბაისელს რედაქციას.

“ღვარძლიო”? მე მზადა ვარ თვითონ “კვალის” თანამშრომელთა კრებულს მივსცე ანგარიში ყოველს ჩემს ნაბიჯში, ყოველს სტრიქონში მას უკან, რაც თავი შემისწავლია საზოგადო ასპარეზზედ. მაგრამ ამას ვერას დროს ვერ გაბედავს რედაქცია, და თუ გაბედავს, გაშავებული გამოვა თავისივე თანამშრომლების გარდაწყვეტილებით.

ღვარძლიო? განა ჩვენ როდისმე უსირცხვილოდ გაგვიბრუნებია რომელიმე სწორე საქციელი სხვისა, როგორც ეს განზრახ ჩაიდინა რედაქციამ შესახებ ჩვენის მონაწილეობისა განსვენებულის ნინოშვილის ბედში და მის თხზულებათა გამოცემაში? ჩვენ ვიმეორებთ “უსირცხვილოდ” და სრული იმედი გვაქვს რომ იგივე კრებული, როცა საქმის გარემოებას კარგად შეიტყობს, სრულიად გაამართლებს ამ ჩვენს მკაცრს სიტყვასა და დაადგენს: სწორედ ასეთი ატესტაციის ღირსი იყო რედაქციაო.

იმავე თანამშრომელთა კრებულისათვის მიგვინდვია გადასჭრან: სამარცხვინო ჭორია თუ არა, ვითომ ჩვენ ვსწერდეთ რაღაც სომხურ-რუსულ-თათრულ კილოზე და რედაქცია “კვლავ-ჯეჯილისა” კი წმინდა ქართულის ენითა? ვის ნაწერებს უფრო ეტანებიან და ადვილად იგებენ დასავლეთს-საქართველოში, დიდნი, თუ პატარანი, ჩვენსას, თუ ორკეცის რედაქციისას? “საქართველოს გმირებს” ბ-ნ გიორგი წერეთლისას, დაბეჭდილს “ჯეჯილში”, და ნათარგმნებს ორ-გვარი სულიერსას, თუ ჩვენს მოთხრობებს ისტორიიდგან, ბუნების მეტყველებიდან და სხვებსა, იმავე ჟურნალში დაბეჭდილს “ჯეჯილში” და ნათარგმნებს ორ-გვარი სულიერისას, თუ ჩვენს მოთხრობებს ისტორიიდგან, ბუნების მეტყველებიდან და სხვებსა, იმავე ჟურნალში დაბეჭდილს? ვინ უფრო საღს საზრდოს აძლევს ქართულს გონებასა: ჩვენ თუ ღირსეული წყვილი, ერთად შეკეცილი? ვისი მოქმედებაა ნ ა ყ ო ფ ი უგუნურის ტვინის მღერისა, ჩვენი, თუ იმ აკაკისა არ იყოს, ორთავე ნეუდაჩნიკისა, რომელიც მკმეველთა კალმის შემწეობით სცდილობს დაიმსახუროს დიდებული მთელის სახელი, როდესაც იგი ზოგან ნახევარია, ზოგან მესამედი და არც ერთს სფეროში მთელი? ბოლოს, განა ეს გაძლიერებული მადა გათახსირებისა უმთავრესად არ აიხსნება იმ მოვლენით, რომ ჩვენი გამოცემანი, საბავშვო და სახალხო, ყოველს წელს ოცი ათასობით იყიდებიან და დღითი დღე მატულობს მათი გასავალი, ხოლო ორკეცის რედაქციის გამოცემანი კი ძლივს იყიდებიან ათასობით და ბაზარი თანდათან უმცირდებათ?

როგორცა სჩანს, როცა რედაქციას გაუთავებია სასროლი ღვარძლის გუნდა და სახელად უწოდებია ამ თავის ღირსეულის შვილისათვის “გასართობი”, სიხარულით შეუქნია “ხტუნვა და ტლინკვა” (მათივე სიტყვები) იმედი მაქვს, ჩემი სამაგიეროც შეაქნევინებს მათ ტლინკვა-ხტუნვას, მხოლოდ სიხარულით, თუ სხვა გრძნობით, ამისი კი რა მოგახსენოთ. გამოვა ორკეცი ბუქნა, რომელიც სწორედ შეეფერება ორკეც რედაქციას _ “ჯეჯილ-კვალისას”.

მიუცილებლად ეს ჩემი სამაგიერო არა ერთხელ დაამშვენებინებს “კვალის” ფურცლებს ბალღამიანის გულის ამონანთხევით შესაწუხებლად და სათაკილოდ საკუთარის მკითხველებისა და თანამშრომლებისა. მაგრამ. განა მე ვიქმნები ამაში დამნაშავე? განა კამათი გათახსირების ნიადაგზედ მე გადავიტანე?

მკითხველმა შეიძლება მითხრას: მოითმენდიო, როდემდის? განა ეს საქციელი “კვალისა” პირველია? გავიხსენოთ თუ როგორ მოიქცა რედაქცია, როდესაც წარსულს ივნისს დაიბეჭდა “ი ვ ე რ ი ა შ ი” ჩემი წერილი: “ცოტა რამ შინაური”. წერილმა შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე და ყურადღება მიაპყრო. რა ჰქმნა “კ ვ ა ლ მ ა”? მართალია, იგი იძულებული გახდა წერილი აღიარებინა შესანიშნავად და ზოგიერთა ადგილებიც ამოეწერა; მაგრამ ამას თან იმისთანა კუდი გამოაბა, რომელსაც პირდაპირ მიზნად ჰქონდა ავტორის დამციება საზოგადოების თვალში. ავტორი რასაც ქადაგებს, რატომ თვითონ არ ასრულებსო. რად ჩაიკეტა ოთახი, როდესაც აქ მაღალხარისხოვანი პირნი მოვიდნენ და ჩვენი გარემოება პირად არ აუხსნაო? ყველაზედ უკეთესად “კვალმა” იცოდა და იცის, რომ ეს საყვედური ყოვლად-უსამართლოა. რაც-კი ოც-და-ათის წლის განმავლობაში დაგვიწერია ქართულად, თუ რუსულად, ყველა არის გამოსარჩლება ჩვენის დათრგუნულის კანონიერის უფლებისა, ქადაგება იმის აღდგენისა, გაძლიერებისა. აკადემიური მიმართულების რამე, განყენებული თემები, საარქეოლოგიო გამოკვლევანი ჩვენ არას დროს არ გვიწერია. ჩვენ უფრო მწვავე და სახიფათო საგნები გვირჩევია. ჩვენის კალმის ყველა ნაწაარმოებს ცოცხალის ინტერესების დაცვა და განმტკიცდება ჰქონია მიზნად, დიდი საერო ვარმების დაკმაყოფილება. როცა რომელიმე გავლენიანი გვამის ნახვა ყოფილა საჭირო სასარგებლო საზოგადო საქმისათვის, არას დროს უკან არ დაგვიხევნია. მაგალითად, წარსულს გაზაფხულს ორი მაღალ-ხარისხოვანი პირი მობრძანდა პეტერბურგიდან ერთი ფრიად რთულის და მძიმე საქმის გამოსაძიებლად. ჩვენ ორივე ვინახულეთ არა ერთხელ, არამედ ორჯელ, გვქონდა ძლიერი ხანგრძლივი ბაასი და ყოველი ღონის ძიება ვიხმარეთ, რომ აგვეცილებინა ქართველის საზოგადოების თავიდგან ძლიერი მძიმე და ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება. ერთს მათგანს თვითონ ჩვენ მივეცით ადრესი “კვალის” ქუდოსანისა, როდესაც განაცხადა სურვილი ვიზიტის გადახდისა, და მაშინვე გავეშურეთ “კვალის” რედაქციაში, რათა შეგვეტყობინებინა ეს ამბავი და მომზადებულიყვნენ.

როცა თბილელნი, გაოცებულნი “კვალის” უსირცხვო ბრალდებით, ჰკიცხავდნენ რედაქციის ქუდოსანსა: რა სინდისმა მოგცათ ნება მაგისთანა სიცრუე დაგეწერათო, იგი პასუხად მხოლოდ იღრიჭებოდა. მაშინ მოვითმინეთ, კრინტიც არ დაგვიძრავს. მაგრამ რა გამოვიდა? გათახსირების კილომ უფრო იმატა. ახლაც მინდოდა მომეთმინა, ყურადღება არ მიმექცია, რადგანაც ვხედავთ კარგად, რა ცოტანი ვართ მოქმედნი ქართველნი საზოგადო ასპარეზზედ და რაოდენი გარეშე მოყვარე გვადევნებს თვალსა; მაგრამ ბოლოს გულმან ვეღარ მოითმინა, ხელმან უნებლიედ იხმარა კალამი და სამაგიერო გადაუხადა ღირსეულს რედაქციას მწარე ჭეშმარიტებათა გამოქვეყნებით.

P.S. ზმნა “გაღიარო” ძველი სიტყვაა, რომელიც ძალიან იშვიათად იხმარება საუბარსა და მწერლობაში. ჩემს წიგნებსა და ნაწერებში, ვგონებ, იგი არც ერთხელ არ არის ნახმარი. ამ ზმნის მაგივრად ვხმარობთ: ვსთქვი, გავტყდი, განვაცხადე, მოვახსენე და სხვანი. ჩვენს იგავ-არაკში “ბულბული და გუგული” ეს სიტყვა იმიტომ ვათქმევინეთ ვირსა, რომ იგი დახავსებული კლერიკალია, და ამ გვარს სულიერებს ძველი ენა ძლიერ მოსწონთ. რედაქცია “კვალი”-სა, რომელმანაც ამდენი აყალ-მაყალი ასტეხა ამ ძველის ზმნის ფორმის გამო, თითონ ხელს უწყობს, უთუოდ მეტად გონიერის ტვინის მეოხებით, დაიმარხოს “აღგიაროც” და “გაღიაროც”, თუმცა ამავე დროს ჩემულობს შეუდარებელს მამულიშვილობასა. ეს გარემოება დღესავით ცხადად გვასწავებს, რომ აქ სრულიად სხვა ჭვალი ატოკებთ და “გაღიარო” ტყუილი მიზეზია უმარილო დოსავით.

დიაღ, ენის დამახინჯება ჩემგან, თათრულ-სპარსულ-სომხური კილო, ხალასი ჭორია, განზრახ მოგონილი, და ამ ჭორს ვერას დროს ვერ გაამართლებს რედაქცია ვერც “დედა-ენიდგან” და ვერც სხვა წიგნებიდგან ამოღებული ადგილებით. მაგრამ როცა ჩვენ პასუხად წარვუდგენთ საზოგადოებას ქართულის მეტყველების თაიგულს, შეკონილს “კვალის” და “ჯეჯილის” სარედაქციო ენის ყვავილებით, მაშინ ყოველი მკითხველი აშკარად დაინახავს, რომ აქაც რედაქცია ქართულს ანდაზას მისდევს: შენი მე გითხარო.

მერე რა კარგი, შესაბამი დრო შეურჩია “კვალმა” ჯვაროსანი ომის ასატეხად ჩვენის სახელმძღვანელოების წინააღმდეგ? ეს ის დროა, როდესაც ბედი “აღგიაროსიც” და “გაღიაროსიც” სწორედ წვრილს ძაფზედ ჰკიდია სკოლებში. აი ამისთანა საქციელსა ჰქვიან “უგუნურის ტვინის მღერა”

უკანასკნელად, მკითხველს ვთხოვთ, ამისთანა სახეში იქონიოს, რომ თითქმის ოც-და-ათის წლის მოღვაწეობის განმავლობაში არც ერთხელ არ გამილაშქრია პირველად ქართველს მწერალზედ და არც ერთხელ არ მომიწადინებია სხვისი გათახსირებით და დამდაბლებით მაღლა ამეყვანა ჩემი სახელი. პოლემიკა ჩემთან ყოველთვის სხვას დაუწყია, სხვას გავუწვევივარ საბრძოლოდ, როგორც ეხლა “კვალმა” ჰქმნა ესა, და ჩემი დანაშაულება იმაშია, რომ სამში ერთხელ სიჩუმე ვერ მომითმენია და ვცდილვარ ჯეროვანი პასუხით გამესტუმრა გალაღებული უვიცობა და სიბრიყვე.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button