ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – პაწია სამაგიერო

რომელთა საწყაულითა მიუწყოთ,

მოგეწყოსთ თქვენ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა.

ჩემს პატარა იგავ-არაკს “ბულბული და გუგული” სახელოვანმა აკაკიმ უძღვნა “კვალში” “ჭრელი ფიქრები”, სადაც ამოიკითხავთ ფილოსოფიას ვირისა და ძაღლის შესახებ. თვითონ ეს ფილოსოფია არაფრით არის შესანიშნავი. იგი შეთხზულია მხოლოდ წერილის კუდისათვის, რომელიც სწორედ მორიელის კუდს მოგაგონებთ. აი ეს გესლიანი კუდი მთლად “ერთი წუნი იმ ვირისა ის არის, რომ ქართული არა სცოდნია: მის ნაცვლად, რომ გუგულს უთხრას “პირველ მგალობლად “აღგიარებო”, ის ჩიქორთულად ეუბნება “გაღიარებო”.

გესლიანობას ჯერჯერობით თვალი ავარიდოთ და მივაქციოთ ჩვენი ყურადღება მხოლოდ ენის უცოდინარობის დაბრალებას ა ღ გ ი ა რ ე ბ ძველ ფორმაა, გაღიარებ ახალი, ორივე კანონიერია. უკანასკნელი ფორმა იმით განირჩევა პირველისაგან, რომ პირის მაჩვენებელი ასო გ პრეფიქსის წინ გადამჯდარა. ეს ცვლილება არის შედეგი პრეფიქსის “აღა” შეხორცებისა სიტყვის ძირთან “იარ” და ამ გვარი პროცესი ენის ზრდაში კანონიერად არის აღიარებული. მაგალითად, ვამბობთ: შენ მე მაღიარებ და არა აღმი-არებ, მიღიარებიხარ და არა აღმიარებიხარ, უღიარებია და არა აღუარებია, გიღიარებია და არა იღგიარებია და სხვანი. მაშასადამე, ენის უკანონობა აქ რა შუაშია, კაცს კბენა უნდოდა და სხვა საბუთი რომ არ ჰქონოდა, დოს უმარილობა მოიმიზეზა.

სამაგიეროდ, ჩვენის პოეტის პატარა ჭრელს წერილში დაგისახელებთ თუნდ ათს მსხვილსა და უტყუარს შეცდომას. წერილი იწყება ამ ფრაზითა: “დედა-მიწის ზურგზე ადამიანზედ უსამართო და გაუტანელი ცხოველი არ მოიპოვება”. ამ პირველსავე ფრაზაში ორი შეცდომაა. თავი ბოლოში უნდა მოექცეს, რომ ავიშოროთ ამისთნა მეზობლობა: ზურგზედ, ადამიანზედ. ამის გარდა ქართველი ჰხმარობს ადამიანის შესახელ ყოველთვის სიტყვას “არსება”, ან “სულიერი” და ერიდება სიტყვას “ცხოველი”. რათა მანძილი ადამიანსა და პირუტყვთ შორის არ შეამციროს. რუსული ენა ამას არ დაგიდევს და ხშირად სრულიად აუქმებს საზღვარს ადამიანსა და ცხოველს შუა. მაგალითად, ჩვენ ქართველებს ძროხისა, ძაღლისა და სხვა პირუტყვთა შესახებ თავის დღეში არ ვიტყვით ვინ მოვიდა? არამედ ვამბობთ: რა მოვიდა? რუსები კი იქცევიან წინააღმდეგ ამისა, ამბობენ “Кто пришел? Корова пришла” და ერთს ტაფაში ათავსებენ ადამიანსა და ცხოველსა, მეორეში უსულო არსებათა. ქართულს ენას უფრო იდეალური მიმართულება ეტყობა, რუსულს-მატერიალური. რად უნდა ვუმტყუნოთ ამ მეტად სიმპატიურს მიმართულებას? გავაგრძელოთ მაგალითების მოყვანა.

“უკეთEსი ცხოველი, ვირი და ძაღლი, ორივე ამოუჩემებია”. ამას მოსამზადებელის კლასის მოწაფეც დაიწუნებს. “ეს გამოურკვეველის შურით მოსდით”. ზედ შესრული ნათესაობითს ბრუნვაზედ არის დაყენებული სახელი არსებითი – მოქმედებითზედ. რასა ჰგავს, მართალია ამ შეუთანხმებელს შეთანხმებას “ივერიაც” ჰხმარობს, მაგრამ საკუთარი ცოდვები არ გეყოფათ, რომ სხვისაც არ აიკიდოთ? “თავის დღეში აღარ დაგივიწყებსთ”. ფეხების დღე რომელიღაა? უნდა ყოფილიყო – თავისს დღეში: თავისი დღე, თავისის დღისა, თავის-ს დღეს, დღეში. “ვირი კაცზედ უჭკუერესი და წინდახედულია”. პირველი ზედ შესული აღმატებითი ხარისხისაა, მეორე დადებითისა. როგორი შეთანხმებაა? ამის გარდა, უნდა იყოს უჭკვიანესი და არა უჭკურესი. “ძაღლი პატრონის საფლავზედ დაკდომოდეს”. უნდა ყოფილიყო: პატრონს საფლავზედ დაკდომოდეს, “კაცი ერთსა და იმავე შეცდომაში ასჯერ ვარდება”, ხალასი რუსიციზმია: “Человек впадает в одну и туже ошибку сто раз”

ამ შეცდომების მიუხედავად, აკაკის ვსთვლიდი და ვსთვლი ერთს უკეთეს მცოდნედ ქართულის ენისა. რა ვქნათ? ჩვენს ენას ყოველი გარემოება ხელს უშლის, ავიწროებს, ზრდას უბრკოლებს, მის განვითარებას წინ ეღობება. იმის გამო ჩვენში თვისი დედა-ენა ჩინებულად არავინ არ იცის, ყოველი სცდება, თვით იმისთანა მწერალიც, როგორიც არის ჩვენი განთქმული პოეტი. რითი ავიშოროთ ეს მკაცრი გარემოებანი? ერთმანეთის კბენითა? ეს ხომ ახალის მუგუზლის შეტანა იქმნება ჯოჯოხეთში. განა სხვანი ყოველ წამს არა გვკბენენ, განა ეს კბენა გვაკლია ვისმესაგან, რომ ჩვენც ერთმანეთს არ მოვუხშიროთ კბენა გესლიანის მორიელივითა, მეტადრე სრულიად უსაბუთოდ და უმიზეზოდ, როგორც ამ შემთხვევაში მოიქცა აკაკი. განა ჩვენს შავს ბედს ჩვენი ხელით ეჭირება კიდევ მომეტებული გაშავება?

დავუბრუნდეთ ერთს წამს ისევ ვირსა. ჩვენს იგავ-არაკში იმან არც ერთი სიტყვით არ გამოიჩინა ქართული ენის უცოდინარობა; მაგრამ აკაკის იგავ-არაკში “ვირი და ბულბული” ისეთი მსხვილი შეცდომა მოუვიდა ვირსა, რომ თქვენი მოწონებული. არა გჯერათ? მოისმინეთ:

და უთხრა: ჰჰოო, რა უშავს!

ს წ ო რ ი უნდა ვსთქვა… მართალი,

მაგრამ მ ე ბ რ ა ლ ვ ი, რომ არ მყავს

ნაცნობი ჩვენი მამალი.

შეიძლება ხათრით გაუწიოთ სიტყვას: მებრალვი, “და არ” ვაღიაროთ უხეირო ქართულად. მაგრამ სიტყვა “სწორი”-კი ისე უადგილოდ არის ნახმარი, ისეთს უაზრობას ჰბადავს, რომ თვით ბრმა თაყვანისმცემელი აკაკისა ჩასთვლის აშკარა, დიდ შეცდომად. უნდა ყოფილიყო “სწორე”. ჩვენ მაინც არ ვიტყვით არას დროს, რომ ამ ვირმა ქართული არ იცისო.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს მცირეოდენი სამაგიერო აკაკის აამებს. იქნებ გეგონოთ, ვხუმრობდე. შემცდარი ბრძანდებით. პოეტი, რომელიც მთელს თავის სიცოცხლეში სულ იმასა ჰნატრობს, რომ სამშობლო ქვეყანას ააცილოს დაბალის ღობის ბედი და გარდააქციოს იგი მაღალ ღობედ, უსიამოვნოებას უნდა ჰგრძნობდეს, როდესაც რომელიმე ქართველი მას დაებრიყვინება, არ გასცემს ჯეროვანს პასუხს მის უსამართლობას, არ გაუცრუებს წადილს გათახსირებისას და არ დაიცავს თავისს ღირსებასა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button