ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – პედაგოგიური კონტრაბანდა

“ცნობის ფურცელი” კვლავ შეეხო სახელგანთქმულს ლევიცკის ქმნილებასა. ამ გაზეთის ერთს უკანასკნელს ნომერში ვკითხულობთ შEმდეგს საყურადღებო სტრიქონებსა:

“ლევიცკის ყოვლად უმზგავსი წიგნის აბავი ყველას მოგეხსენებათ. მთელს ქუთაისის გუბერნიის სკოლებს მოედო ეს უმგზავსობა. ჩვენი მასწავლებელი ამ უმგზავსობის გამავრცელებელი აგენტი შეიქმნა; “რა ვქნათო”, იმართლებენ თავსა, “სული ტკბილია; მაგრამ ხორიცი მწარე არისო. არ გამოჩნდა ისეთი გმირი, რომ სკოლაში სხვა, მთავრობისაგან ნება დართული და მოწონებული, სახელმძღვანელო შემოეღო”.

გმირიო? ვაი ჩვენს სიმხდალესა და სილაჩრესა! კანონიერი ელემენტარული უფლების მოხმარებაც-კი ისე გაგვძნელებია, რომ ამ ფულების მომხმარებელი გმირად უნდა ჩაითვალოს ჩვენში. მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ სამოსწავლო მთავრობა იწონებს მრავალს სახელმძღვანელოსა და უფლებას ანიჭებს ყოველს მასწავლებელს ამ მოწონებულის წიგნთა შორის ამოირჩიოს და იხმაროს ის, რომელის იმედი და რწმნა უფრო აქვს, რომელიც მას უფრო მოსწონს და რომელსაც მეტი ხალისით და სარგებლობით მოიხმარებს. ჩვენებური მასწავლებელი-კი იმაზე როდი ფიქრობს, რომ თავისს აზრსა და რწმენაზე გაიაროს, არამედ სულ იმას სცდილობს გაიგოს, რომელი სახელმძღვანელოს ხმარება უფრო იამება ამა თი… პირსა და ამ პირის სურვილსა და ქეიფს მონურად ემორჩილება. ასეთმა უარყოფამ თავის უფლებისამ, ასეთმა საარაკო სიძაბუნემ ის ნაყოფი გამოიღო, რომ ყოვლად სამასხარო “Курс”-მა სრული მონოპოლია მოიპოვა მთელს ქუთაისის გუბერნიაში.

ბ-ნ ლევიცკის ქმნილების უმსგავსოება მოიფინა მთელს რუსეთში, მიაღწია სატახტო ქალაქების ყოველს შეგნბულს წრემდე და ასე გასინჯეთ მასხრად გაკეთებულ იქნა “Новое время “-ში თვით ბ-ნი სუვორინისაგან, რომელსაც ასე მოსწონს იმ გვარი პოლიტიკანები როგორიც არის ავტორი კ უ რ ს ი ს ა. რა არ დაუმტკიცეს ამ ავტორსა? აქსიომასავით ცხადჰყვეს, დღესავით ცხადად დაუმტკიცეს, რომ მისი წიგნი თავიდან ბოლომდის წარმოადგენს პედაგოგიურს უმეცრებას და სირეგვენეს. დაუმტკიცეს, რომ იგი გავსებულია უაზრო, ღატაკი და ქარაფშუტა შინაარსითა. დაუმტკიცეს, რომ ამ წიგნის შუამავლობით ყოვლად შეუძლებელია განავითაროს ბავშვი გონებრივად და ზნეობრივად. დაუმტკიცოს, რომ ამისთანა ყოვლად უგემურს წინგს შეუძლიან შეაძულოს მოსწავლეებს თვით რუსული ენა. მაგრამ მასაწვლებლებმა ვერ გამოიჩინეს იმოდენა უნარი, რომ მოიშორონ ეს უაზრო თავიდგან, გამოაძევონ სკოლებიდგან და ნაცვლად შემოიღონ ის სახელმძღვანელო, რომელიც თვითონ მოსწონთ და მთავრობისაგანაც მოწონებულია.

საოცარი კიდევ ის არის, რომ “Курс”-ი ლევიცკისა ნამდვილ კანდრაბანდად უნდა ჩაითვალოს, და ეს მასწავლებლებმა კარგად უნდა იცოდნენ. მოისმინეთ. პირველ გამოცემაზე ამ წიგნს ეწერა ზემო ფურცელზე: “Допущен попечительским советом Кавказского учебного округа к употреблению в начальных училищах Закавказья”. მეორე გამოცემაში ეს დოპუშჩენიე მთლად გაქრა. რად? სამინისტრომ განუმარტა ავტორს, რომ ადგილობრივ მთავრობას ნება აქვს, მოიწონოს მხოლოდ ის სახელმძღვანელო რუსულის ენისა, რომელშიაც სწავლება სწარმოებს ადგილობრივ ენის შუამდგლობითაო და რადგანაც თქვენი წიგნი უარყოფს ადგილობრივ ენის შემწეობას და მთლად რუსულ ენაზე არის შედგენილი, ამიტომ ჩვენ უნდა წარმოგვიდგინოთ გასაშინჯავათო. ვერაფრად ეპიტნავებოდა ჩვენს ავტორს ეს ამბავი; მაგრამ რაღას იზამდა, ადგა და წარადგინა თავისი კ უ რ ს ი სამინისტროში. თანაც სხვა გზით დაადევნა მოხსენება, რომ “Курс”-სის წყალობით რუსული ენა ქუთაისის გუბერნიაში საოცარის სისწრაფით მიდის წინაო. მაგრამ ფონს მაინც ვერ გავიდა. სამინისტრომ დაიწუნა წიგნი და უკან დაუბრუნა მის ავტორს მრავალი შენიშვნებით. ეს იყო 1899 წელში. 1900 წლის დამდეგში ბ-ნმა ლევიცკიმ დაბეჭდა ახალი გამოცემა თავისი ქმნილებისა, რომელზედაც ეწერა: “исправлено, согласно указаниям ученого комитета министерства народного просвещения”. და გაგზავნა ხელახლად მოსაწონებლად პეტერბურგში. მაგრამ გავიდა პირველი წელიწადიც, მეორეც და აგერ მესამეც თავდება და გასწორებულის გამოცემის მოწონება არა სჩანს და არა. ვინც გულდადებით თვალს ადევნებს მთავრობისაგან მოწონებულს წიგნების სიას, იმან კარგად იცის, რომ ამ სიაში სხელოვანი კ უ რ ს ი ს ჭაჭანებაც არ არის. მაგალითად, ამ წლის სამინისტროს ჟურნალის სექტემბრის წიგნში დაბეჭდილია სია მეტად მრავალი რიცხოვანისა და მოწონებული წიგნებისა და მათ რიცხვში ადგილი არ ღირსებია კ უ რ ს ს ა. ამ არა მოუწონებლობას ამოწმებს აი ეს ფაქტიც. ამ წელში ბ-ნმა ლევიცკიმ დაბეჭდა მესამე გამოცემა თავისი სახელმძღვანელოს მეორე ნაწილისა, და მასზე არ არის აღნიშნული მოწონება არც ადგილობრივი მთავრობისა და არც სამინისტროსი. მოწონებული კი რომ ყოფილიყო, ვეებერთელა მყვირალა ასოებით აღნიშნავდა ამასა.

კონტრაბანდაა, ნამდვილი კონტრაბანდა და ისიც სრულიად დამპალი საქონლისა. მაგრამ ამ დამპალმა კონტრაბანდამ, ერთის ბებიის წყალობით, მოიპოვა, როგორც მოგახსენეთ, სრული მონოპოლია მთელს დასავლეთს საქართველოში და კანონიერსა და საღს საქონელს სრულიად შეუკრა გზა, და მთელი ნახევარი ჩვენი სამშობლო ქვეყნისა იძულებულია იკვებებოდეს ამ დამპალი და უნელებელი საჭმლითა….

ბ-ნი ლევიცკიც სავსებით სარგებლობს მოხვეჭილი მონოპოლიითა. ბეჭდავს თავისს წიგნებს ტლანქი ფორმატით, უშნოდ და ულაზათოდ, მდარე ქაღალდზე და მცირეოდენი მახინჯი სურათებით, აკრავს სიფრიფანა ყდას, რომელიც ერთს კვირასაც ვერ გასძლებს, ავსებს აურებელი შეცდომებით, რომეთა აღრიცხვას მთელი გვერდები უჭირავს მის წიგნებში. და ასე გასინჯეთ, დაუდევრობის გამო გამოტოვებულს ადგილებს აკრავს შიგ წიგნში სახამებელით ცალკე დაბეჭდილს ქაღალდის ნაჭრებზე. მთელს რუსეთში ვერ მოსძებნით ასეთს უმსგავს გამოცემას. ფასს-კი დიდს ადებს, და ეს ფასი არამც თუ არ კლებულობს, მატულობს კიდეცა. მეორე ნაწილი მისი წიგნისა წინედ ღირდა ცხრა შაურად, ახლა შაურის შინაარსი მომუატებია და ფასი-კი გაუდიდებია სამი შაურით, ასე რომ უკანასკნელი გამოცემა ცხრა შაურის მაგიერად სამ აბაზად ღირს. ყდაც უფრო კიდევ გაუსიფრიფანებია, ალბათ იმ მოსაზრებით, რომ წიგნი მალე გაფუჭდება და თითოეული მოწაფე ერთის წლის განმავლობაში სამს ოთხს წიგნს გამისაღებსო.

დიაღ, დიდს ზარალში არიან მოწაფეები და მათი დედ-მამანი, რომელთაც რუსულის ენის უმზგავსი სახელმძღვანელოები, ბ-ნი ლევიცკის სიხარბის წყალობით, ერთი ორად და სამად უჯდებათ. მაგრამ თვით მასწავლებელნიც დიდს წაგებაში არიან. მოგეხსენებათ, რომ კარგს ხელოსანს ეჭირვება კარგი იარაღი. მიეცით ხელში თვით სამაგალითო ხელოსანს უვარგისი, ჩლუნგი და ტლანქი იარაღი, აუკრძალეთ სხვა იარაღის ხმარება, და იგი ძალიან უკან-უკან წავა, გადაეჩვევა თავის ხელობას და შეიქმნება ჩათლახი ოსტატი. ასევე უნდა ითქვას მასწავლებელზე. თუ იგი ხმარობს გონივრულად შედგენილს სახელმძღვანელოს, იგი ავარჯიშებს გონივრულად ჭკუა-გონებას არა მარტო მოსწავლეებისას, არამედ თავისს საკუთარსაც თანდათან წინ მიდის ნაკისრ საქმეში და ხდება ღირსეული მოსპეციალე, ჩინებული ოსტატი. წინააღმდეგ ამისა, დაავალეთ თვით უნიჭიერესს და მარჯვე მასწავლებელს ხმარება უგვანო და მახინჯი სახელმძღვანელოსი, და იგი ხანის განმავლობაში ჩამოვა იმავე სიმდაბლეზე, რომელზედაც სდგას ეს წიგნი. ერთი სიტყვით მასწავლებელი სახელმძღვანელოს ემსგავსება.

ის დაქვეითება იმიერ მასავლებელთა, რომელსაც ყველანი უჩივიან ბოლოს ჟამსა, უმთავრესად უნდა მიწერონ ბ-ნი ლევიცკის სახელმძღვანელოს გავლენას, რომელიც მასწავლებელს ჰხდის მსხვერპლად უსულგულო მექანიზმებისა, უშინაარსო ფორმისა.

ქართული ენის სახელმძღვანელოებს შეეძლოთ შეესუსტებინათ ეს მავნებელი გავლენა კ უ რ ს ი ს ა; მაგრამ გაზეპირებას უნდება სამი წილი დროს და ქართული ენისათვის რჩება მხოლოდ ორიოდ-სამი გაკვეთილი კვირაში. უკიდურესი სიმცირე დროისა ნებას არ აძლევს მაწავლებლებს ქართული სახელმძღვანელოები მთლიანა და სავსებით შეასწავლონ ბავშვებსა. იგინი უყურადღებოდ სტოვებენ სასაუბროებს, გამოცანებს, ანდაზებს, გეოგრაფიულს და ისტორიულს წერილებსა და მხოლოდ აკითხებენ ზოგიერთ ლექსებს დ მოთხრობებსა, ისიც მექანიკურად, – რადგანაც დრო არა ააქვთ მათი განმარტებისა და ახსნისათვის. ხოლო რომელს სკოლებშიაც მასწავლებლები ქართულს ენას ყოველ დღე ასწავლიან და მთლიანად ათავებენ ქართულს სახელმძღვანელოებს, იქ ბავშვები წარმოგიდგნენ შეგნებულს შვილებს საქართველოისას ფართო ჰორიზონტით და არა უდღეურ არსებათა გროვასა, რომელთაც სამშობლო იწყება და თავდება მათი სოფლით, როგორც ეს სამართლიანად აქვს აღნიშნული “ცნობის ფურცლის” წერილის ავტორს.

თუ ბ-ნი ლევიცკი უბედრუკია სახელმძღვანელო ების შEდგენაში, მაგიერად დიდს ხეირს იჩენს პრაქტიკულს ეშმაკობაში. მოგეხსენებათ, რომ იმერნი მეტად ნიჭიერი ხალხია და ძლიერ ეტანება სწავლასა. ამ მხრივ ვერც ერთი ხალხი მთელის დედამიწის ზურგზისა ვერ დაიკვეხებს მათთან უპირატესობასა. ეს გარემოება ეხმარება რუსული ენის შესწავლასა. უფრო კიდევ ხელს უწყობს ამ შესწავლას ის გარემოება, რომ ადგილ-მამულის სივიწროვის გამო, იმერნი დიდით პატარამდინ ზამთრობით მიდიან სხვა-და-სხვა ქალაქებში და იქ ეძებენ ცხოვრების სახსარს სხვა-და-სხვა საქმის გაკეთებით, და საქმესთან ერთად სწავლობენ პრაქტიკულად რუსულს ენასაც. ეს ორი გარემოება არის მიზეზი იმისა, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა ქუთაისის გუბერნიაში უფრო გავრცელებულია; ვიდრე სხვა რომელსამე ამიერკავკასიის გუბერნიაში. ბ-ნი ლევიცკი სულ გაიძახის სიტყვითა და წერილობითი მოხსენებით: ეს სულ ჩემი “კ უ რ ს ი ს” ნაყოფიაო; მაგრამ საკმარისია მოისმინოთ, იმერთა გლეხთა რუსული ლაპარაკი, რათა დარმუნდეთ სავსებით, რომ ეს რუსული ქუჩური ენაა, ქალაქებში გაგონილი და დახსომებული და არა სკოლაში შეძენილი რიგიანი რუსული ენა. ასე რომ ყველა კეთილ-სვინდისიანი კაცი, რომელიც საქმის გარემოებას ზედმიწევნით გაიგებდა, იტყოდა: იმერთა შორის რუსული ენა ვრცელდება არა “კ უ რ ს ი ს” წყალობით, არამედ მიუხედავად იმისა, რომ ეს მახინჯი და უგვანო წიგნი ნამდვილს ბორკილს შეადგენს რუსულის ენისა და სწავლა-ცოდნის გავრცელებისათვისაო.

დასკვნა: დასავლეთის საქართველოს სახალხო სკოლას მხოლოდ მაშინ გაუთენდება, როდესაც იგი თავიდგან მოიშორებს ბ-ნი ლევიცკის პოლიტიკურს და უგვანო “Курс”-სა, შემოიღებს მის სანაცვლოდ პედაგოგიურად შემუშავებულს რუსულ სახელმძღვანელოსა, ქართული ენისათვის ექმნბა ექვსი გაკვეთილი კვირაში ყოველს განყოფილებაში, თანახმად პედაგოგიის და კანონის მოთხოვნილებისა და ამ ენის სახელმძღვანელოებს სავსებით და მთლიანად შეისწავლიან მოსწავლენი სკოლის კურსის განმავლობაში.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button