ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – პლაგიატი ანუ ლიტერატურული ქურდობა

“ივერიის” სვეტებზე ამას წინად ბაასი ასტეხეს შესახებ ლიტერატურულის ქურდობისა ბელეტრისტიკაში ბ-ნმა მაგმაძემ და დუტუ მეგრელმა. პირველს რომ გაცნობილი ჰქონოდა კავკასიური პედაგოგიური ლიტერატურა, ბელეტრისტიკას გვერდს აუქცევდა და ისეთს ნაქურდალს აღმოაჩნედა ამ ლიტერატურაში, რომ ბელეტრისტული ნაქურდალი სახსენებელიც არ იქნებოდა. მეტადრე დიდს ნიჭს იჩენს პლაგიატში ახლად მოვლენილი ბერძენთა პედაგოგი ბ-ნი კორხანიდი. ვიდრე ეს ვაჟბატონი მხოლოდ ბერძნების სკოლებისათვის ადგენდა სახელმძღვანელოებს, მისი მოქმეება არავის ყურადღებას არ იქცევდა. მაგრამ ახლა მან გააფართოვა თავისი ასპარეზი და სურს გაანათლოს ქართველებიც, სომხებიცა და სხვა კავკასიელი ხალხებიც, თუმცა არც ერთი კავკასიურის ენის ინჩიც არ იცის, როგორც სომხები ამბობენ. ჩვენ ამ ჟამად გვსურ შევეხოთ მხოლოდ ერთს მისს ნიჭსა- წარბშეუხრელს პლატიატობასა.

ავიღოთ, მაგალითად, მისი მეთოდური დარიგება მასწავლებელთათვის, რომელიც დაბეჭდილია მისს რუსულ ენის სახელმძღვანელოს “Живое слово”-ს წინანდელს გამოცემაში, და დავუპირდაპიროთ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს მასწავლებელთათვის. აღმოჩნდება, რომ ეს დარიგება თითქმის სიტყვა-სიტყვით არის გადმობეჭდილი ხსენებულ სახელმძღვანელოდან.

კორხანიდს შეუცვლია მხოლოდ დასაწყისი, მაგრამ ისეთნაირად კი, რომ მტკნარი უაზრობა გამოდის. ვინც დარიგებას იწყებს ამისთან ფრაზით: “Отустствие подобного рода руководства”, იმას არც აზროვნების გაეგება რამე და რუსულს ენაშიც ჰკოჭლობს. ამ ფრაზას მაში ექნებოდა ცოტაოდენი აზრი, ავტორს რომ მის წინად განემარტნა, რა გვარი სახელმძღვანელოა საჭირო სკოლებისათვის. ამის შესახებ-კი კრინტიც არ არის დაძრული და ეს ფრაზა პირველი დასაწყისი ფრაზაა.

ერთი სიტყვით, თითქმის მთელი დარიგება ამოწერილია კორხანიდის მიერ სიტყვა სიტყვით გოგებაშვილის მეთოდიკიდან და ამასთან ისეთ უკიდურესს პირქუშობას იჩენს, რომ კენტი სიტყვითაც არ იხსსენიებს არც მას და არც მის სახელმძღვანელოებსა. დიაღ, არ იხსენიებს სრულიად. და პლაგიატიც ასეთი უნდა. მხოლოდ ორ-სამს ადგილას თავისი მოსაზრებანი ჩაურთავს; მაგრამ ისეთი შინაარსისა და ისეთი ენით გამოხატული, რომ გაოცებით ეკითხებით თქვენს თავს: ასეტი ღატაკი ცოდნის პატრონი როგორ ჰბედავს სახელმძღვანელოების შედგენასაო და ისიც ყველა კავკასიის ხლხებისათვისა.

თვით “Живое слово”კორხანიდისა უმთავრესად არის იგივე “Русское слово” გოგებაშვილისა, მხოლოდ განდასხვაფერებული და აჭრელებული ჩერნიაევსკის სახელმძღვანელოს ნაფლეთებითა. რამდენად ძლიერი იყო მადა სხვის საკუთრების მითვისებისა კორხანიდში სჩანს იქიდგან, რომ რა ცვლილებებსაც გოგებაშვილი მოახდენდა თავისს სახელმძღვანელოში, ამასვე შეიტანდა ხოლმე თავისაში კორხანიდი; მაგრამ ამ სესხის შესახებ კრინტსაც არ დასძრავდა ხოლმე. ამას აქამდინ ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგანაც კორხანიდის “Живое слово” შინაური გამოცემა იყო სასულიერო მთავრობისა ბერძნული სკოლებისათვის და საჯარო ხასიათი არა ჰქონდა. ახლა-კი მან თავის წიგნს საჯარო მიეცა და ჰბეჭდავს ქართული და სომხურ სკოლებისათვის ტექსტის უცვლელად; ერთად ერთი განსხვავება მხოლოდ ის რის, რომ ზოგს ეგზემპლარში ცალკე სიტყვებია გადათარგმნილი ქართულად, ან სომხურად. სხვა არავითარი კავშირი არა აქვს მისს სახელმძღვანელოს არც ქართულისა და სომხურის ენის აგებულობასთან, არც ამ ხალხების ყოფა-ცხოვრებასთან; და არც ამ ენების სახელმძღვანელოებთანა. ამ კავშირს-კი დაჟინებით ითხოვს საღი პედაგოგია და, ასე გასინჯეთ იმისთანა დაბალი ხარისხის პედაგოგიც-კი, როგორიც არის ვოლპერი. რად არღვევს ამ პედაგოგიურს მოთხოვნილებას ბ-ნ კორხანიდი? აშკარაა იმის გამო, რომ თავისი სახელმძღვანელო გაამეფოს ქართულ და სომხურ სკოლებშიაც, ნაცვლად სახელმძღვანელოებისა, რომელშიაც დაცულია ხსენებული კავშირი.

სამართალი მოითხოვს ვაღიაროთ, რომ პლაგიატობის ნიჭის გარდა, კორხანიდი იჩენს ერთს დიდ ნიჭსა: მას ტოლი არა ჰყავს მფარველთ მოპოვებაში. აი ამისი ბრწყინვალე მაგალითიც. მისი ქრესტომათია სრულიად მოკლებულია სასულიერო-სარწუნოებრივს შინაარსს, რომელსაც სასულიერო მთავრობა სასტიკად ითხოვს ყოველ სახელმძღვანელოსაგან. მიუხედავად ამისა, ეს მისი ქრესტომატია მოწონებული იქმნა , ერთის მფარველის წყალობით, ჩვენებურ სამრევლო სკლებისათვის…

ერთ წამს კიდევ დავუბრუნდეთ ჩვენის ლაღის პედაგოგის პლაგიატორობასა. მან ეს სასიქადულო ნიჭი გამოიჩინა ამ დღებშიაცა. “Новое обозрение”-ში დაბეჭდა წარსულს თვეში (26 ივლისს) სტატია ამ სათაურით: ‘Естественный и граматический методы”. თითქმის მთელი ეს სტატია შესდგება ნაქურდალიდგან, რომელიც ამოღებულია სიტყვა-სიტყვით ზოგი ბობროვნიკოვის წიგნიდან: “Что такое хороший урок?” ზოგი ბოცვაძის წიგნიდა: “Неестественность естественного метода” ზოგი გოგებაშვილის წიგნებიდან “Разбор учебных руководств” და “Руководство для учащих”, მაგრამ მხოლოდ ბოლოში ასახელებს ორის პატარა ციტატის ავტორებსა, დანარჩენს-კი თვითონ ითვისებს, მაშინ როდესაც ეს დანარჩენიც თითქმის მთლად სხვებს ეკუთვნის.

არა ჰგავს ახლად მოვლენილი ბერძნული მაკრტელი ბ-ნს ბოცვაძის და ბ-ნს ნატროშვილსა, რომელთაც სრული სვინდისიერებით დაასახელეს ყოველი ავტორი, რომელიც კი დაიმოწმეს – პრიველმა თავისსს თხზულებაში: “Неестественность естественного метода” და მეორემ თავის მოხსენებაში “Роль родного языка в деле распространении сельско-хозяйственной культуры”- და მხოლოდ ის აზრები გვაჩვენეს თავისად, რომელიც იყო მატის გონებისა და მსჯელობის ნაყოფი.

საკვირველიც არ არის: ყოველი მაკრატელა საზოგადოდ მალავს მისგან გაქურდულს ავტორებსა, რადგნაც თუ იმათ დაასახლებს, მისი აღარაფერი აღმოჩნდება. ნამდვილი პედაგოგი კი კეთილ-სვინდისიერად გვიჩვენებს წიგნებს, საიდანაც მოჰყავს ციტატები, რადგან თავისი საკუთარი გონებრივი დოვლათიც საკმარისი აქვს.

ამ ჟამად ეს ვაკმაროთ ჩვენს პლაგიატორს.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button