ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – საგრამატიკო შენიშვნა

მკითხველს მოეხსენება, რომ კარგი ხანია, რა საკამათო საგნად გადაიქცა, სხვათა საგრამატიკო საკითხავთა შორის, ზმნა “აღგიარო-გაღიარო, აღვიარებ-ვაღიარებ”. ამ ზმნის დასაბამითი ფორმის შესახებ აქამომდე ორი აზრი არსებობდა. ჩვენნი მოლექსიკონენი საბა ორბელიანი და დავით ჩუბინაშვილი სახელ-ზმნად რაცხდნენ ფორმასა: აღვიარება, აღიარება. განსვენებულს დიმიტრი ყიფიანს თავისს გრამატიკაში დასაწყისს ფორმად წამოყენებული აქვს სიტყა: აღსარება, რომელსაც ხსენებული მელექსიკონენი სთვლიდნენ სხვა მნიშვნელობის სიტყავდ. დიმტრი ყიფიანის აზრს ესარჩლება “კვალი” და სრულიად უარყოფს ფორმას: აღვიარება, აღირება; მაგრამ ლიტონი სიტყვით, უსაბუთოდ, თითქმის ამ სახით: ღმერთმანი, ეს ასე არისო. ამითი, ამ უსაბუთო მსჯელობით, იგი, რასაკვირველია, ვერავის დააჯერებს თავისი აზრის სიმართლეში. ამ მდგომარეობაში იყო სადაო საკითხი, როდესაც ერთმა იმერმა მასწავლებელმა ქართულის ენისამ, “სწორმეტყველების” ავტორმა მოინდომა ახალი წვლილის შეტანა ამ სადაო საქმის გადასაწყვეტად. “სწორმეტყველის” ჩამორევა არამც თუ მოულოდნელი არ იყო ჩემთვის, არამედ კიდეც მიკვირდა, რომ მან ისე დააგვიანა თავისი მონაწილეობა საგრამატიკო ბაასში. გვიკვირდა ეს დაგვიანება იმის გამო, რომ მან ექვსის წლის წინედ გამოსთქვა თავისს “სწორმეტყველეაში” ის აზრები შესახებ სიტყვებისა: აღსარბა, აღვიარება, ჭკუიერი, რომელთაც ეხლა ჩვენი სურათებიანი გაზეთი ქადაგობს. ასე, რომ ეს უკანასკნელი უნდა ჩაითვალოს მოწაფედ “სწორმეტყველისა”.

სიტყვა “აღსარება” ჩვენის “სწორმეტყველის” აზრით, წარმოდგება სიტყვიდგან ‘სარება”, რომელიც დაბადებასა და ლოცვებში იხმარება და რომელიც ნიშნავს: უბედურობას, აოხრებას, განადგურებას, შემუსვრას, დაცარიელებას; ადამიანის შესხებ კი ხმარებულია, იგი, ჩვენის აზრით, გამოხატავს უკიდურესს გულწრფელობას, სულყველაფრის თქმას, რაც კი კაცს გულში უძევს, გულის ამოცარიელებას სრულიად, სავსებით. ეს სიტყვა მთლად გამქრალია ახლა ცოცხალის ქართული ენის ლექსიკონიდგანა და მას ვერავისგან ვერ გაიგონებთ არც აქეთ საქართველოში და არც იქითაში. თვითონ ლექსიკონებში იგი ვერ არის ხეირიანად ახსნილი უთუოდ იმიტომ, რომ იშვიათად იხმარებოდა და მისი მნიშვნელობა ბინდს-ბუნდით იყო მოცული. რით უნდა ავსხნათ გაქრობა ამ სიტყვისა, როემლიც თავის-თავად უნდა ჩაითვალოს კარგ, აზრიან სიტყვად? იგი უთუოდ უცხო ენიდგან არის ნასესხი მწიგნობართაგან და როგორც უცხო სიტყვა, ჩვენს ხალხს ვერ შეუთვისებია იგი, ვერ შესჩვევია მის ხმარებას საუბარში. მართლაც, სიტყვა “საარება” სპარსული სიტყვა გამოდგა. ძველი სპარსული საომარი მარში, რომელიც სპარსეთში ახლაც იკვრის და იმღერება, იწყებოდა სიტყვით “საარი”, რაც ნიშნავს: მილეწას მტრისასა, აოხრებას უცხო ქვეყნისასა, დაცარიელებას. ამ მარშს ჩვენშიაც კი უკრავენ ახლაც მეზურნეები და მედუდუკეები და ვისაც უნდა დააკვრევინოს ეს მარში, ეუბნება: “საარი” დავუკარითო. ამ სპარსული სიტყვისათვის ქართველებს მიუბამთ თავიანთი დაბოლოება “ება”. მის წინ დაუსვამთ მიმართულების მაჩვენებელი სიტყვა “აღმო” და შეუდგენიათ: აღმოსარება, ესე იგი აღმოცარიელება გულისა. შემდეგში ეს რთული სიტყვა შეუმოკლებიათ და მიუციათ ასეთი სახე: აღსარება.

ამ ახსნას, ამ შეხედულებას წინ ეღობება მხოლოდ ერთი დაბრკოლება: ქართული სიტყვები, რომელშიაც ორჯერ არის ასო “ა” გამეორებული ზედი ზედ, არას დროს არ ჰკარგავენ ამ ასოსა. მაგალითად: საადგილო, სააქაო, სააზნაურო, საამური არ შეიძლება ასე შევამოკლოთ: სადგილო, საქაო, საზნაურო, სამური. მაშასადამე, თუ “საარი”-დგან არის წარმომგარი საკამათო სიტყვა, მას უნდა ჰქონდეს ასეთი სახე: “აღსარება”. ეს დაბრკოლება შეიძლება თავიდგან ავიცილოთ იმ მოსაზრებით, რომ ხალხი ადვილად ამოკლებს და სცვლის იმ სიტყვებსა, რომელნიც ნასესხები არიან სხვა ენებიდგან და რომელთა შინაგანი აგებულება ბინდ-ბუნდად ესმის.

მაშასადამე, ჩვენ ახლა შეგვიძლიან გადაწყვეტილ საქმედ ჩავთვალოთ, რომ სიტყვა “აღსარება” შემდგარია ორი ნაწილიდგან: პირველი ნაწილი აღმო (შემოკლებით აღ) წარმოადგენს წმინდა ქართულს სიტყვას, მეორე ნაწილი – სარება არის სპარსული სიტყვა “საარი” ქართული კუდით “ება”. ხოლო რადგანაც სარება თავისთავად, მარტოდ-მარტო, უთავსართოდ, აღ, ქრთულს გონებას არა განსაზღვრულს შემეცნებას არ უხატავს, არავითარს წარმოდგენას არ გამოიწვევს, უაზრო სიტყვის ნაგლეჯად ეჩვენება; ამიტომ სიტყვა “აღსარება” ქართველობას მიაჩნია ამჟამად არა რთულ სიტყვად, არამედ მარტივად. რთულ სიტყვბაც რაცხს იმათ, რომელნიც უთავსართოდაც აღნიშნავენ განსაზღვრულს აზრდსა, შემეცნებასა; მაგალითად: აღ-ზრდა, აღ-შენება, აღ-დგომა, აღ-კრძალვა, აღ-სვლა, აღ-მაღლება და სხვანი. ეს განსხვავება კარგად უნდა დავიხსომოთ.

ხოლო აქედგან ვერ გამოვიყვანთ იმ დასკვნასა, რომ “აღვიარება” წარმოსდგება სახელმზმნიდგან “აღსარება”. ამ დასკვნს წინ ეღობება რავდენიმე ზორბა დაბრკოლება: თუ აღსარება არის დასაწყისი “აღვიარებისა”, მაშ რატომ არ ვამბობთ: აღვსარებობ ნაცვლად “აღვიარებ?” რად ნიშნავს ერთს მოვლენას პირველი ზმნა და სხვა მოვლენას მეორე? რატომ არ არსებობს უსრული ფორმა ამ ზმნისა: ვისარებ? სად არის აწმდგომი დრო ამავე ზმნისა? რად იხმარება აწმდგომი დროის მაგივრად მომავალი დრო: აღვიარებ (აღვაშენებ, აღვზრდი), როდესაც სხვა ყველა რთულ ზმნებს იმავე თავსართის (აღ) მექონეთა, აქვთ განსაკუთრებული აწმდგომი დრო? (ვაშენებ, ვზრდი, ვადგენ, ვასრულებ). ბოლოს, რად სთვლის თავის ლექსიკონში საბა ორბელიანი სხვა-და-სხვა სიტყვებად აღსარებასა და აღვიარებსა? თუ აქ თავი და ბოლო საქმისა არის მხოლოდ საარება, როგორ გამოეპარა ეს საბა ორბელიანსა, რომელმაც ისე მშვენივრად იცოდა დაბადება და ძველი ენა? რად არის ამავე აზრისა მეორე მელექსიკონე დავით ჩუბინაშვილი?

თუნდაც ყველა ამ დაბრკოლებაზედ თვალები დავხუჭოთ და “აღსარება” ვაღიაროთ საკამათო ზმნის დასაწყისს ფორმად, ეს მაინც ვერას გზით ვერ გაამართლებს ვაღიარო-გაღიაროს უარმყოფელთა. პირიქით მათ უსაფუძვლობას და უსამართლობას უფრო ცხად ჰყოფს. ამას ეხლავე დავინახავთ.

სრული თავდაპირველი სახე ზმნისა “აღვიარებ” იქნებოდა, ხსენებული ჰიპოტეზისამებრ, უძველესს დროში ასეთი: აღმოვისაარებ, ანუ აღმოვიცარიელებ გულსა. მაშინ შეიძლება არსებობდეს უსრული ფორმაც ამ ზმნისა: ვისაარებ. ესევე ფორმა იქმნებოდა აწმდგომი დროის გამომხატველი. შემდეგში ისე შემოკლებულა ეს სპარსულ-ქართული რთული ზმნა, რომ დარჩენილა ნახევარი პირველი სიტყვისა და ნახევარი მეორესი და დამდგარა “აღვიარებ”. ამ შემოკლებას აზრი შეუცვლია ჯერ პირველი ნახევრისათვის, რადგანაც მარცვლად “აღ” შემოკლდბა მხოლოდ “აღმა” (აღმა-ადგენა-აღდგენა, აღმა-ზრდა, აღზრდა, აღმა-სვლა, აღსვლა და სხვანი) და აღმო კი ვერ იტანს ამ გვარს შემოკლებასა; არ შეიძლება ვსთქვათ აღცარიელება, ნაცვლად აღმოცარიელება, აღხვრა, ნაცვლად აღმოფხვრა, აღცენება, ნაცვლად აღმოცენება და სხვანი. ერთი სიტყვით, შეუსაბამო შემოკლებას სიტყვა “აღმო”, რომელიც ნიშნავს მიმართულებას ქვევიდგან შუა წელისაკენ, გადაუქცევია სიტყვად “აღმა”, რითაც გამოიხატება მიმართულება რისამე შუაგულიდგან ზევით. უფრო უარესი დამართვნია მეორე ნახევარ სიტყვასა, რომელიც ასე შემოკლებულა: არებმას დაუკარგავს აზრი, მნიშვნელობა, შემეცნება, გადაქცეულა ორ უმნიშვნელო მარცვლად, შეუძლებელი გამხდარა მისი ხმარება უთავსართოდ და ამის გამო მოსპობილა უსრულო სახე ამ ზმნისა. აზრი მისი დაკარგულა არა მარტო ხალხისათვის, არამედ თვით გრამატიკოსთათვის. ამისი უტყუარი მოწმეა ისა, რომ “მწყემსის”

სწორმეტყელს ძირი “არ” ესმის, როგორც არარაობა, ცარიელობა, არ არსებობა. ბ-ნი დოდაშვილი კი, წინააღმდეგ ამისა, ხსნის მას, როგორც არსსა, არსებობასა, მყოფობასა. ერთი სპეციალისტი ამტკიცებს “არ” ნიშნავს არასაო, მეორე ჰოოსაო. მეტი სიტყვის გადაგვარება კიდევ იქნება? როცა სიტყვა გარდაიქცევა ამნაირ განუსაზღვრელ, ლიტონ ძირად, იგი ირიცხება მხოლოდ სიტყვის ნაწილად და არა მთელ სიტყვად და ამიტომ მისი ცალკე უღვლილება მოუხერხებელი ხდება, უქმდება. ამ შემთხვევაში ზმნა იუღვლილება არა შუადგან, არამედ თავიდგან, როგორც მარტივი ზმნა. აი სად არის დამალული ის საიდუმლო, რომ ქართველი ხლხი, მორჩილი თავისი უტყუარი ალღოსი, უპირტესობას აძლევს ვაღიაროს და გაღიაროს და ზურგი აქვს შექცეული ძველი ფორმისათვის, რომელიც იხმარებოდა იმ დროს, როდესაც სიტყვა “საარება” მეტნაკლებობით ცოცხალი სიტყვა იყო და არამკვიდრი, როგორც ეხლა.

ის აზრი ვითომც ვაღიარო-გაღიაროს ხმარება ხალხში გაავრცელა “ივერიამ” ყოვლად უსაფუძვლოა. რომ ეს ფორმები წარსულს საუკუნოშიაც ხმარებაში ყოფილან, ამის მოწამეა ლექსიკონი საბა ორბელიანისა. ჩუბინაშვილის ლექსიკონიც ბევრით ადრე არის გამოცემული, ვიდრე დაიბადებოდა არამც თუ “ივერია”, არამედ “დროებაცა”; ეს ლექსიკონიც კი შეიცავს არა მარტო ძველს ფორმას, არამედ ახალსაცა. თვითონ “ივერია” ხილად თუ ხმარობდა ვაღიარო-გაღიაროსა, თორემ საზოგადოდ მისდევდა ძველს, წიგნურს ფორმასა. სადაო ფორმას ხმარობს უფრო ის ნაწილი ხალხისა, რომელმაც წერა-კითხვა სრულიად არ იცის და ჟურნალ-გაზეთებზედ და ლიტერატურაზედ სრულიად მოწყვეტილია. “ივერიამ” და ლიტერატურამ კი არ შეაჩვია ხალხი ამ ფორმასა, ხალხმა იქონია თავისი ძლიერი ზედგავლენა და შემოაღებინა იგი მწიგნობართა. თვითონ გურული მეთვალყურე, დიდი მოწინააღმდეგე ახალის ფორმისა, აღირებს, რომ გაღიარო-გაღიაროს ხმარობს სრულიად მდაბიო ხალხი, რომელთაც წიგნისა ან არაფერი გაეგება დ ან “დედა-ენას” და “ბუნების კარს” არ გსცილებიაო. მხოლოდ ვინც ლიტრატურას და ძველს მწიგნობრობას მისდევს, იგი აღვიარო-აღგიაროს აძლევს უპირატესობასაო. თვითონ ქვემო იმერეთში, რომელსაც სთვლიან საბუდრად ძველის ფორმისასა, ხალხი თურმე სრულიად არ ხმარობს ამ ფორმასა. ბევრს იმერელს, თბილისში მყოფს, გამოვკითხე და სხვებმაც გამოჰკითხეს და ყველასაგან მივიღეთ პასუხად: ვხმარობთ ლაპარაკში ან ვაღვიაროს, ან ვაღიაროსო. რაც შეეხება მას, თუ მე თვითონ საიდგან შევეჩვიე ხმარებს ახალი ფორმისასა, უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს ოჯახში საკამათო ზმნა სხვა სახით არ იხმარებოდა. თვითონ მამაჩემი, როემლიც ორმოცი წელიწადი მეტი იყო მიყრუებულ ქართულ სოფელში მღვდლად, რომელიც სამღვდლოდ მომზადებულიყო მონასტერში და ქართული დაბადება ისე კარგად შეესწავლა, რომ ზეპირად გეტყოდათ სიტყვა-სიტყვით ბევრს ადგილებსა, რომელმაც ერთი სიტყვა რუსული არ იცოდა, უბრალო საყოველდღეო მსჯელობაში ყოველთვის ხმარობდა ფორმას, რომელსაც მე ვესარჩლები, და საღმრთო საგნების შესახებ კი ძველს ფორმას ამჯობინებდა. მეც ამ მოძღვრებას მივდევდი და მივდევ და ვხმარობ ორივე ფორმას, შემთხვევის შესაბამისად. თვითონ ის ჩემი პატარა იგავ-არაკი, “ბულბული და გუგული”, რომელიც გახდა მიზეზად კამათის ატეხისა, იპყრობს თავში ძველს ფორმასა და ბოლოში ახალსა. ასეთივე ორგვარი ხმარებაა შემოღებული მთელს ქართლში კერძოდ და საქართველოში საზოგადოდ.

საზოგადოდ, საკამათო ზმნამ გამოიარა სამი ფაზისი, სამი გვარი ცვლილება: აღ-ვი-არო, ვ-აღ-ვი-არო, ვ-აღ-ი-არო. პირველი ფორმა (აღ-ვი-არო) აუღვლილებს მარცვალს “არ”, როგორც მთელს, შემეცნებიანს სიტყვასა და მარცვალს “აღ” ეპყრობა, როგორც უბრალო თავსართსა და მოაქცევს ამ ზმნას ამისთანა ზმნების რიცხვში; აღ-ვი-სრულო, აღ-ვი-შენო, აღ-ვი-ზარდო. მეორე ფორმა (ვ-აღ-ვი-არო) მარცვალს “აღ”-ს სთვლის თანასწორად ძირისა “არ” და აუღვლილებს ორივეს ცალ-ცალკე და თანაბრად, სწორედ ისე, როგორც იუღვლებიან შემდეგი რთული ზმნები, ორი თანასწორი სიტყვისაგან შემდგარი: ვ-ზი-ვ-არ, ვ-დგე-ვ-არ, ვ-ცოცხალ-ვარ. შესანიშნავია, რომ ძველს დროში (როგორც ეს, სხვათა შორის, სჩანს “ვისრამიანიდგან”) ბევრი ამ რთულ ზმნათაგან პირის მაჩვენებელს იბამდა მარტო შუაში, თავში კი უცვლელად რჩებოდა უღვლილების დროს; მაგალითად, ამბობდნენ, და სწერდნენ, გარეულვარ, ზივარ, გასულვარ, წოლილვარ, ნაცვლად: გა-ვ-რეულ-ვარ, ვზი-ვარ, გავ-სულ-ვარ, ვწოლილ-ვარ და სხვანი. ასე რომ ვისაც კანონიერად მიაჩნია მხოლოდ “აღვიარო”, მან უნდა მოითხოვოს ხსენებულის რთულის ზმნების უღვლილება ძველებურად, შუადგანა. ასეც იქცევა მწყემსის “სწორმეტყველი” და ლოგიკასაც იჩენს აქა. მხოლოდ “კვალი”, რომელიც ძლიერ მწყრალად არის ლოგიკაზედ, გვერდს უქცევს ამ დასკვნასა. მესამე ფორმა ორივე მარცვალს (აღ. არი) აერთებს, ადგენს ერთს ორ-ძიროვანს სიტყვას, ჰქმნის ერთს სამეტყველო ორგანიზმად, ერთს ფონეტიკურს სხეულად და აუღვლილებს, როგორც უღვლილდებიან შემდეგი რთული ზმნები: ვ-აღ-მზრდელობ, ვ-ი-აღმზრდედლებ, ვ-აღმდგომობ, ვი-აღდგომებ და ყველა მარტივი ზმნა: ვ-წერ, ვ-ლაპარაკობ, ვი-არე, ვი-კითხე, მი-ზიარებია, ვა-ზიარებ და სხვანი…

პირველი ფორმა არის ძველი, კლასიკური, მეორე შუალა, მესამე ახალი. შუალა ფორმა ძლიერ გავრცელებულია ხალხში და იხმარება იმისთანა ქართულის ენის მცოდნეთაგან, როგორიც არიან თ. ი. ჭავჭავაძე და თ. ს. გუგუნავა. მაგრამ იგი უნდა ჩაითვალოს მძიმე ფორმად, რადგანაც პირის მაჩვენებლით დატვირთულია თავშიაც და შუაშიაც და ეპყრობა მარცვლებს “აღ” და “არ”, როგორც თვითმდგომარე სიტყვებსა. უკანასკნელი ფორმა (ვ-აღ-ი-არო, გ-აღ-ი-არო) გავრცელებულია შუაგულს საქართველოში და იხმარება მწერლობაში ქართლელ ლიტერატორებისაგან იგი უნდა მივიჩნიოთ დაწინაურებულ, პროგრესულ ფორმად, რომელიც შემდეგში მიუცილებლად გააუქმებს ორსავე დანარჩენს ფორმასა. ეს მოხდება შემდეგი საბუთების წყალობით:

სიტყვის ძირი “არ” არავითარს განსაზღვრულ წარმოდგენას არა ჰბადავს ქართველის გონებაში, იგი მოკლებულია გაკრვეულს მნიშვნელობას, აზრს, შემეცნებას, სიტყვად აღარ ჩაითვლება და ამიტომ მის წინ დასმა პირის მაჩვენებლისა, მისი ცალკე უღლება აღარ ხერხდება.

მეორედ, ყველა ზმნები, რომელთაც თავსართად აქვთ მარცვალი “აღ” ადვილად იშორებენ მას თავიდგან, უიმისოდაც გამოსთქმენ მთელს აზრსა, უიმისოდაც უღვლილდებიან. მაგალითად: აღ-ვაშენებ, ვა-შენებ, აღ-ვზრდი, ვზრდი. ამას ვერა მშვენობს მხოლოდ საკამათო ზმნა, რადგანაც “ვიარებ” ახლა არც არაფერსა ნიშნავს და არც იხმარება. ამიტომაც არის, რომ როდესაც პირველს ზმნებს ყველას აქვთ აწმდგომი დრო, უკანასკნელი ამას სრულიად მოკლებულია და აწმდგომი დროის მაგივრობას ძალაუნებურად სჩადის მომავალი დრო: აღვიარებ (აღვიშენებ, აღვალ). მოკლებულია აგრეთვე უსრულს დროსაც, რომელიც ყველა სხვა ზმნას, იმავე თავსართის მქონესა შეშვენის. მესამედ, “აღვიარო, აღვიარე, აღგიარო აღგიარე”, სხვა ზმნის ფორმებსაც შეადგენენ, ნიშნავენ სხვა გვარს მოქმედებასაც, სახელდობრ მაღლა ასვლასა, ზევით ასვლასა, ახლო გავლასა, ავლასა, ხოლო “ვაღიარო-გაღიარო” გამოსთქვამს, გამოხატავს ერთად ერთს მდგომარეობას სულისასა. მეოთხედ, როდესაც პირის მაჩვენებელი წინა ზის, იგი აუღვლილებს მთელს სიტყვასა, გამოდის სრული უღვლილება, როდესაც იგი შუაში ჩაერთვის, უღვლილდება მხოლოდ მეორე ნაწილი სიტყვისა, პირველი კი რჩება ისე, უღვლილების გარეშე, გამოდის ნახევარ უღვლილება, მეხუთედ, პირის მაჩვენებლის წინ მოქცევა ძლიერ უძნელებს დიდსაცა და პატარაასცა სწრაფად შეტყობას ზმნის მნიშვნელობისას, აზრისას.

თუმცა ამდენი საბუთები უაღრესობას აძლევენ “ვაღიარო-გაღიაროს” ძველისა და შუალა ფორმის წინაშე; მაგრამ ჩვენ მაინც წინედაც ვხმარობდით და ახლაც ვხმარობთ ძველს ფორმასაცა და ახალსაცა, შემთხვევის შესაბამისად, და არას დროს არავისთვის გვიკიჟინია ხმარება ძველის ფორმისა და შუალასი. “აღვიაროს” მოსარჩლენი კი სწორედ დაემზგავსნენ იმ რუსს მწვალებლებს (старообрядцы), რომელნიც ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ისინი ცხონდებიან, ვინც ორი თითით იწერენ პირჯვარსაო, როგორც ჩვენაო, სამი თითით პირჯვარის მწერელნი კი ჯოჯოხეთში ამოჰყოფენ თავსაო.

მეტს აღარაფერს ვიტყვით “სწორმეტყველის” საგრამატიკო აზრების შესახებ, რადგანაც ყველა სწორმეტყველს, მრუდე მეტყველს, უკუღმა მეტყველს რომ გამოუდგეთ, ერიჰა ერთი გენერლისა არ იყოს.

P.S. საკამათო საგნის სამუდამოდ გადასაწყვეტად კარგი იქმნებოდა ერთად შეკრებილიყვნენ “მოამბის”, “კვალის” და “ივერიის” რედაქციის წევრნი და სხვანი მცოდნენი ქართულის ენისა და ყოველის მხრით გაესინჯათ როგორც ერთი ფორმის მომხრეების საბუთები, ისე მეორისა. კიდევ უფრო უკეთესი იქმნება, თუ ამისთანა კრება შემდეგშიც მოხდება ხოლმე დროგამოშვებით. ეს საჭიროა ერთი საუკეთესო ენის დამყარებისათვის ჩვენს ლიტერატურაში. ენის ერთობაც ძალა გახლავს ერისათვის, ხოლო მისი დაყოფა პროვინციალურ კილოებად აუძლურებს მწიგნობრობას და დიდს დაბრკოლებს შეადგენს ერის გონების და სულიერის წარმატებისათვის.


ეს უკანასკნელი სიტყვა ანუ “ნაბოლარა” ჩვენ დავსწერეთ წარსულის წლის დამლევს ხანგრძლივი საგრამატიკო ბაასის დასაბოლოებლად და წარვუდგინეთ “ივერიის” რედაქციასა. მაგრამ მას ფიქრი მიეცა, ვაი თუ ამდენი საგრამატიკო წერილები ქართველმა საზოგადოებამ იხამოსო და დაფთხესო, და ჩვენც ამის გამო შემდეგისათვის გადავდეთ მისი დაბეჭდვა. მადლობა ღმერთს, გრამატიკა ისეთი საშინელი საფთხობელა არა ყოფილა ქართველებისათვის, როგორც ეგონა ზოგიერთსა. წლეურ “ივერიას” იმდენი დამბარებელი მოემატა, რამდენიც არც ერთს წინანდელს წელში არ შემატებია. “კვალიც” თურმე ამ მხრივ მოგებაშია… სამაგიეროდ იმ პერიოდულმა ქართულმა გამოცემამ, რომელიც საგრამატიკო ბაასს შორიდგან სეიერს უყურებდა და ბოლოს დაიჩემა არა მკითხე და არ ვიცი მედიატორობა, არამც თუ არაფერი მოიგო, არამედ კიდეც წააგო თურმე, ჩვენდა და თქვენდა სამწუხაროდ…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button