ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – საჭირო განმარტება

ის მეთაური “სახალხო გაზეთისა”, რომელიც შეეხებოდა ჩემს პატარა წერილს, დაბეჭდილს გაზეთში “საქმე”, სრულიად გამომეპარა, რადგანაც მაშინ გზაში ვიყავი და მისი დაბეჭდვა შევიტყვე და წავიკითხე ერთი კვირის შემდეგ, რამაც დააგვიანა ეს ჩემი პასუხი.

მსგავსივე ბაასი მოგვიხდა “ცნობის ფურცლის” რედაქციას და მე რამდენსამე წლის წინათ. ამ გაზეთმა აღნიშნ თავის ფურცლებზე ის სამწუხარო ფაქტი, რომ მოსწავლეების მშობელნი შესთხოვენ სასწავლებელთა მთავრობასა – გაანთავისუფლეთ ჩვენი შვილებიო ქართული ენის გაკვეთილებიდგანო, და ამით დაკმაყოფილდა. რადგანაც ასეთს მოპყრობას საკითხისას ადვილად შეეძლო საზოგადოებაში და თვით მთავრობაშიაც დაებადნა ის აზრი, რომ ქართველებს თავისი ღვიძლი ენა არაფრად ეპიტნავებათ და გამოეწვია სრული გაუქმება ქრთული ენის სასწავლებლებში, ამის გამო იმავე გაზეთის ფურცლებზე ვრცლად გავმარტე ის მიზეზები, რომელნიც აიძულებენ მშობლებს ასეთი უშვერი თხოვნით მიმართონ მთავრობასა, და ცხად ვყავი, რომ ამ სამწუხარო მოვლენაში დამნაშავეა სამოსწავლო ბიუროკრატია და არა მშობლები მეთქი. აი ეს მიზეზები მოკლედ; ქართულ ენას ყოველი უფლება აქვს ჩამორთმეული, იგი სავალდებულო საგანი არ არის, მისი უცოდინარობა მთავრობის თვალში ნაკლს კი არ შეადგენს, ღირსებად ითვლება, ქართულის ენის მასწავლებლად ნიშნავენ სრულიად უვიცს პირებს, მისი სწავლებისათვის დანიშნულია ზედმეტი მე-6 გაკვეთილები, როდესაც დაქანცულ ქართველ ბავშვებს უკიდურესად უჭირთ დასვენება და სხვანი. გააუქმეთ ეს დამაბრკოლებელი მიზეზები, ჩააყენეთ ქართული ენა იმავე ნორმალურს პირობებში, როგორშიაც არიან ყველა სავალდებულო, საშტატო საგნები და მაშინ აშკარად დაინახავთ, რომ ქართულს მშობლებს სხვებზე ნაკლებად არ უყვართ თავისი ღვიძლი ენა, და აღარცერთი მათგანი აღარ მიმართავს მთავრობას სამარცხვინო თხოვნით მეთქი. ეს წერილი მოთავსებულია ჩემს “რჩეულს ნაწერებში” ამ სათაურით: “ეროვნული სენის მიზეზი და წამალი” (388-393 გვ.).

სწორედ ამისთანავე ხასიათისაა ის ჩემი წერილი, რომლის წინააღმდეგ აღიჭურვა მეთაური. რადგანაც “სახალხო გაზეთის” ბევრს მკითველებს არ ექნებათ წაკითხული ჩემი წერილი ‘”საქმეში”, და საგანი კი ფრიად საყურადღებოა, ამიტომ საჭიროდ ვრაცხ გავაცნო მათ უმთავრესი ადგილები მისი. მაგრამ ჯერ წავიმძღვაროთ ის ადგილი გაზეთის კორესპოდენტის წერილიდან, რომელმაც გამოიწვია ჩემი პროტესტი.

“მშობლები ხშირად ამბობენ სკოლებისადმი საყვედურსა, რომ აქ რუსულის ენის სწავლებას ნაკლები ყურადღება ექცევა, ვიდრე ქართულის ენისასა, რომელიც გამოუსადეგარი არისო. საქართველოს იმ კუთხეში კი, რომელიც კულტურულად დაწინაურებულად ითვლება სხვა-და-სხვა მხარებთან შედარებით, გურიაში, ხშირად შეხვდებით ამის მაგალითსა “ქართული ენა” და “დედა-ენის” კითხვა მე კაი ხანია კარგად ვიცი; მაგრამ ეს ჩემთვის გამოუსადეგარია. ბავშვს სკოლაში იმიტომ ვაბარებ, რომ ორიოდე რუსული სიტყვა ისწავლოსო”.

ამ ციტატას მივაყოლე “საქმეში” შემდეგი ჩემი მსჯელობა:

“ეს ნათქვამი რომ ნახევრობით მაინც მართალი იყოს, გურია დაწინაურებული აღმოჩნდება არა კულტურით, როგორც ბრძანებს ავტორი, არამედ საარაგო სისულელით, რადგანაც ყველა ხახლს მშობლიური ენა მიაჩნია განათლების განვითარების დედა-ბოძად და მის ფართო დაყენებაზე სკოლებსი დაუცხრომლად ზრუნავს. საბედნიეროდ, ეს მსჯელობა ჩვენის კალმოსნისა სიცურეს შეადგენს, და აი ამის შეურყეველი საბუთიცა: კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლოს წლებში ბევრი თხზულება იბეჭნდება ქართულს ენაზე და ჩვენი ლიტერატურა დღითი-დღე მდიდრდება, წინააღმდეგ მრავალი დაბრკოლებისა. აბა ახლა გამოიძიეთ, ჰკითხეთ, გამომცემელთ და წიგნის მაღაზიებს, სად უფრო მეტი რიცხვი ახლდა გამოცემულის წიგნებისა ეფინება, და თქვენ დარწმუნდებით, რომ პატარა გურია ერთი სამად მეტს ქართულს წიგნს ყიდულობს, ვიდრე დიდი ნაწილები საქართველოსი. თუ გურულებს ქართული წიგნი გამოუსადეგრად მიაჩნდათ, მაშ რად ხარჯავენ თავისი ღარიბი ჯიბიდან უკანასკნელს გროშებს ქართულის წიგნების შესაძენად? აი სწორედ ამისთანა შემთხვევაზეა ზედ გამოჭრილი ქართული ანდაზა: “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”.

“რა საკვირველია, ნიჭიერს გურიაში შეიძლება მოიპოვებოდეს ზოგიერთი რეგვენი, რომელსაც არ ესმოდეს, რომ მშობლიურის ენის და წიგნის უარყოფა გამოუსადეგარ რადმე ჩათვლა, თავისი თავის უარყოფაა, თავისი თავის გათახსირებაა. მაგრამ ჩვენ რომ ამის გამო გურულებს საზოგადოდ სირეგვენე დავაბრალოთ, დავემსგავსებით იმ სულელს მოგზაურსა, რომელმაც, როცა ისპანიის ქალაქს ბარსელონას მიუახლოვდა და ერთი კოჭლი შეხვდა ქალაქის პირში, ცხენი უკან გამოაბრუნა და თავის მოგზაურობაში ჩასწერა: “ქალაქი ბარსელონა იმითია შესანიშნავიდ, რომ შიგ სულ კოჭლები ცხოვრობენო”.

“სამწუხაროდ, ავტორის სიცრუე მარტო სასაცილო როდია; მას შეუძლიან დიდი ვნება მოუტანონ ჩვნს ბედკრულს ხალხსა, სახელდობრ: ხელი შეუწყონ უკიდურესად დაჩაგვრას ჩვენის სახალხო სკოლისასა. ამისთანა ცნობებს შავრაზმელი ნაწილი სამოსწავლო ბიუროკრატიისა ზეციური მანანასავით მოელის, დაუყოვნებლივ სთარგმნის და გზავნის იქ, სადაც იჭედება ყოველი შემავიწროვებელი ჭახრაკები. ამ ცრუ ამბის ძალით ვოსტორგოვებს, ვალია მარკოევებს, გიორგიესკებსა და ბნელეთის სხვა გმირებს სრული საბუთი ეძლევათ ჯერ უკანასკნელად შეავიწროვონ ჩვენებურს სკოლაში ქართულის წიგნის სწავლება, მერმედ სრულიად გააუქმონ იგი და ასე იმართლონ თავი: თვითონ ქართველს ხალხს გამოუსადეგრად მიაჩნია ქართულის წიგნის სწავლება და ცოდნა, იყოს ნება მისი და მოისპოს იგი საქართველოს სკოლებშიო”.

მეთაურმა ამ ჩემს სტრიქონებს დიპლომატია დააბრალა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთი შეგნებული მკითხელი “სახალხო გაზეთისა” ამ ბრალდებას არ შეიწყნარებს, და ჩვენ მსჯელობას წინდახედულობის სახელით მონათლავს. თვით ერთმა მკითხველმა “სახალხო გაზეთისამ ” კორესპონდენტის საოცარი წერილის მოვლენა ასე ახსნა: აქ პარტიული ხრიკია: გურიაში მეფობდა სხვა დასი და მან გურულები გაასულელაო; ჩვენს გავლენას რომ გურულები დამორჩილებოდნენ, ყოველი მათგანი ახლა სოლომონ ბრზენი იქნებოდაო. გამოდის, რომ დიპლომატია გაზეთის მოქმედებაში სჩანს და არა ჩვენსაში. მაგრამ პირადად ჩვენ ხრიკსა და დიპლომატიას არა ვხედავთ გაზეთის საქციელში, რადგანაც მისი შემცდარი ნაბიჯი უფრო უბრალოდ და ბუნებრივად აიხსნება: აიხსნება წინდაუხედელობით და მოუფიქრებლობით, რაც ადვილად ხდება გაზეთის სასწრაფო მუშაობაში, მეტადრე მაშინ, როდესაც ზოგნი მისნი მუშაკნი დაქსაქსულნი არიან ძალა-უნებურად.

გაზეთს თავის კორესპონდენტისათვის ხელი არ უნდა დაეფარებინა; არამედ შეესწორებინა მისი მონაწერი, რადგანაც ამ პატარა მონაწერში დიდი შეცდომები მოიპოვება. მართალია, რომ ხალხი ყველგან უკმაყოფილოა სკოლით; მაგრამ არა იმიტომ, ვითომც მასში ორიოდე რუსულსც არ ასწავლიდნენ. რუსულს ენას გადაჭარბებით დიდი დრო აქვს დათმობილი ამ მომენტში ყოველს სახალხო სკოლაში. თვით ერთს კლასიან სკოლაში ათავებენ მთლად ჩემს “Русское слово”-ს ორივე ნაწილსა. ორივე ნაწილში კი რაოდენობა რუსული სიტყვებისა სჭარბობს ოთხი ათასსა (4.000). ამაში ადვილად დრწმუნდება ყოველი მკითხველი, რომელიც ჩააკვირდება “Русское слово”-ს ლექსიკონს ჩართულს ამ სახელმძღვანელოს მეორე ნაწილის ბოლოში… მაგრამ ქართულს ენას კი მეტად ნაკლები დრო აქვს დათმობილი, რის გამო “დედა-ენიდან” მხოლოდ პატარა მოთხრობებს და ლექსებს ასწვლიან. მასწავლებელნი იძულებულნი არიან, დროის უქონლობის გამო, გამოსტოვონ სასაუბროები, და ხუთივე შემდეგი განყოფილებანი, რომელნიც აძლევენ მოსწავლეებს ელემენტარულს ცოდნას ზოოლოგიისას, ბოტანიკისას, ბუნების მოვლენებისას, საქართველოს გეოგრაფიისას და საქართველოს ისტორიისას. ასეთს შევიწროებას ქართულის ენისას ის შედეგი მოსდევს, რომ მოსწავლეებს სკოლიდან გამოაქვთ ცოდნა მხოლოდ უბრალო წერა-კითხვისა, რაც დიდს სიკეთეს არ შეადგენს. სრულიად სხვა შედეგი მოჰყვებოდა სკოლის სწავლებას, თუ, მაგ. “დედა-ენას” და “ბუნების კარს” მთლად და სავსებით აითვისებდნენ სკოლაში. მაშინ მოსწავლენი აღჭურვილნი იქნებოდნენ ბევრი ელემენტარული ცოდნით, ელემენტარული განვითარებით და ამას კი დიდ ფასი აქვს ყველას თვალში. მაშინ არც ერთი გლეხი აღარ იტყოდა, მე ქართული წიგნი ვისწავლე, მაგრამ ეს ჩემთვის გამოუსადეგარიაო. როცა “სახელოვანი” ვოსტორგოვი თხოულობდა, რომ ქართულს სახელმძღვანელოებში უნდა იყოს მხოლოდ მოთხრობები და ლექსებიო და მათში ადგილი არ უნდა ჰქონდეს არც ზოოლოგიურს, არც ბოტანიკურს, არც ფიზიკურს, არც გეოგრაფიულს, არც ისტორიულს განყოფილებასაო, რადგანაც ყველა ეს საგნები უნდა ისწავლებოდნენ მხოლოდ რუსულს ენაზედაო. უსათუოდ სახეში ჰქონდა, რომ ასეთი ვიწრო ფარგალში ჩაყენება ქართულის ენისა, ხალხს მასზე გულს აუცრუებსო, და თითქოს მართლდება მისი ბოროტი განზრახვა.

დიდს მადლობას დაიმსაუხრებენ ქართველი საზოგადოების მიერ მასწავლებელნი, თუ გაზეთის საშუალებით აუწყებდნენ მას: რამდენს წელიწადს ასწავლიან სკოლაში საგნებს ქართულს ენაზე, რამდენი გაკვეთილია ქართულის ენისა თითო განყოფილებაში, რომელ სახელმძღვანელოს ხმარობენ და ამ სახელმძღვანელოს როგორ ათავებენ: შემოკლებით, თუ მთლად? თუ შემოკლებით, სახელდობრ რას ამოკლებენ? ასეთივე ცნობებია საჭირო რუსული ენის შესახებაც.

ფრიად საგულისხმოა და საყურადღებო ყოფილი ეგზარქოსის პავლეს აზრი შესახებ ყოველდღიური გაკვეთილების განაწილებისა სამრევლო სკოლებში საგანთა შორის. ამ რუსის უკიდურესს პატრიოტსაც კი საჭიროდ მიაჩნდა ასეთი განაწილება: ორი გაკვეთილი დღეში ქართული ენისა, ერთი გაკვეთილი რუსულს ენასაო. მის მიერ შედგენილ სამოსწავლო გეგმაშიაც, რომელიც სინოდმა დაამტკიცა, ასეთი განაწილება იყო განხორციელებული და კანონად დადებული. ფრიად საინტერესოა ვიცოდეთ რამდენად შეესაბამება ამ განაწილებას აწინდელის პირველადაწყებითის სკოლების გაკვეთილების განაწილება, როგორც სადირექციო, ისე სამრევლო სკოლებში?

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button