იაკობ გოგებაშვილი – უცნაური ბრალდება
(პასუხად ბ-ნს დუტუ მეგრელს)
“ნიშადურის” უკანასკნელ ნომერში ბ-ნმა დუტუ მეგრელმა ჩემში აღმოაჩინა ორი საციმბირო ნიჭი: ნიჭი ესრედ წოდებულისა принудительное отчуждение-სი და ნიჭი ექსპროპრიატორისა. ააშენოს რმერტმა, გულუხვი კალმოსანი ბრძანებულა. პირველი ნიჭი თურმე – გამოიჩინა მის, დუტუ მეგრელის შესახებ, მეორე ნიჭი – აკაკის შესახებ. მივსცეთ უპირატესობა ბ-ნს დუტუს აკაკის წინაშე და მისგან დავიწყოთ პატარა ისტორია.
“დედა-ენის” უკანასკნელს, ოც-და-მეორე გამოცემაში, გეოგრაფიულს ნაწილში, 224 გვერდზე ჩვენ მოვაქციეთ სამი პატარა ლექსი მამულის სიყვარულის შესახებ, რომელთაგან ორი სახალხოა, ხოლო მესამე ეკუთვნის კალამს ბ-ნს დუტუ მეგრელისას. არც ერთ ამ ლექსთაგანს თავისი საკუთარი სათაური არა აქვს, ყველას წინ მიუძღვის საერთო სათაური: ამერ-იმერთა ქართველთა სიმღერები. სიმღერები იმის გამო დავარქვით, რომ პირველად, ლექსები გამოთქმულნი არიან სიმღერის კილოზე, მეორედ, ჩვენ გვწადდა მასწსავლებლისათვის ჩაგვეგონებინა, რომ ეს ლექსები, სავსე მხურვალე ეროვნული გრძნობით, არა მარტო წაეკითხებინა მოსწავლეთათვის, არამედ ზეპირად დაესწავლებინათ და ემღერებინათ, რათა უკეთესად გამსჭვალულიყვნენ შიგ დამარხული ეროვნული გრძნობით… როცა “დედა-ენის” სარჩევში ვასახელებდით ლექსებისა და მოთხრობების ავტორებს, ჩვენ წინ გადაგვეღობა აღნიშნულ ადგილს ავტორების დასახლების შესახებ უძლეველი დაბრკოლება. საერთო სახელს ვერ მიუყენეთ ავტორები, ცალკე სახელები კი წიგნის ტექსტში არ მოიპოვებოდა. ვსცადეთ ასეთი დასახელება: ამერ იმერთ-ქართველთა ლექსები და დუტუ მეგრელისა, მაგრამ გამოდიოდა, რომ დუტუ არც იმერია და არც ამერი. მაშინ გადავსწყვიტეთ, ავტორები ამ ლექსებისა არ დაგვესახელებინა ამ გამოცემაში, ხოლო შემდეგ ოცდა მესამე გამოცემაში საერთო სახელის გარდა თვითეულის ლექსისათვის საკუთარი სახელი დაგვერქვა და სარჩევში მათი ავტორები დაგვესახელებინა. სწორედ ამ სახით იბეჭდება ამ ჟამად ახალს, ოცდა მესამე, გამოცემაში ეს ლექსები.
ბ-ნი დუტუს დაუსახელებლობა ჩვენ სანანურდ და სამწუხაროდ დაგვრჩა ერთის გარემოების გამო. მოგეხსენებათ, რომ ქართველის ერის მტრები ყოველს ღონისძიებას ხმარობენ, რომ სამეგრელო საქართველოს მოსწყვიტონ, სამასი ათასი მეგრელით შეამცირონ ქართველთა რიცხვი, ერთი დიდი ლუმა ორ პატარა ლუკმად აქციონ, ადვილად გადაყლაპონ და ადვილადვე მოინელონ. ერთი ძლიერი ღონისძიება ამ ბოროტი განზრახვის წინააღმდეგ არის – მხურვალე მონაწილეობა მეგრელებისა ქართულს მწიგნობრობასა და ლიტერატურაში და ამ მონაწილეობის გამომზევება, ხაზის გასმა, ასე ვთქვათ. სწორედ ამ მოსაზრებით ჩვენ მოვითხოვთ ლუარსებ ლოლუას მემკვიდრეებისაგან, რომ მათ მისი ყველა ნაწერი უსათუოდ გამოსცენ ცალკე წიგნად და გაავრცელონ ჩვენს საზოგადოებაში. ამავე მოსაზრებით ჩავურთეთ “დედა-ენაში”, ნაცლად იოსებ ბაქრაძის ლექსისა, ბატონი დუტუ მეგრელის ლექსი იმავე თემაზე, მით უმეტეს, რომ ეს უფრო შინაარსიანია ბაქრაძისაზე. მართალია, ბ-ნი დუტუს ლექსი ვერ შეედრება იმ სახალხო ორ შედევრს, რომელიც მას წინ მიუძღვის “დედა-ენაში”, მაგრამ სამაგიეროდ უფრო ნათლად საზღვრავს მამულის, სამშობლოს შემეცნებას და მარჯვე განმარტებას წარმოადგენს ხსენებულის სახალხო ლექსებისას.
რაც შეეხება ორი სტრიქონის გამოტოვებას ბ-ნი დუტუს ლექსიდგან, ეს იძულებული ვიყავ მომეხდინა შემდეგი მოსაზრებით. საღი მამულიშვილობა ძვირფასი საუნჯეა; მაგრამ გადაჭარბება ასუსტებს და ამდარებს. ჩვენი კალმოსანი გამოტოვებულს სტრიქონებში საქართველოს ქვეყნის თვალად სთვლის და ეს კი გადაჭარბებული ქებაა. იმავე სტრიქონში საქართველოს იხსენიებს, როგორც ღვთის-მშობლის წილ-ხდომილს ქვეყანასა, ჩვენ კი “დედა-ენაში” უკანასკნელს სასულიერო განყოფილებამდი ქრისტიანული ელემენტი გამოტოვებული გვაქვს, რათა ქართველს სპარსელებს კერძოთ, ქართველ მაჰმადიანებს საზოგადოდ და ქართველს ურიებს მივსცეთ შეძლება დაუბრკოლებლივ იხმარონ საერთო სახელმძღვანელო ქართულის ენისა. როგორც მკითხველს მოეხსენება. ამ კატეგორიის ქართველთათვის “დედა-ენა” გამოცემულია “წერა-კითხვის საზ”. მიერ სასულ. განყ. გამოკლებით. მართალია, საიქიო, ღმერთი, სული, უკვდავება, სამოთხე და ჯოჯოხეთი იშვიათად არ იხმარება “დედა-ენაში”, მეტადრე სახალხო ლექსებში და მოთხრობებში, სასულ. განყოფილებამდინაც, მაგრამ ეს ხომ ის დეიზმია, რომელზედაც ყველა სარწმუნოება არის აშენებული…
გამოტოვებულს ორ სტრიქონს არც საიმისო კავშირი აქვს წინა და შემდეგ სტრიქონებთან. აზრი, რომელიც არის გამოხატული მეორე გამოტოვებულს სტრიქონში საქართველოს ბედის ცვლაებადის შესახებ, უფრო უკეთესად არის გამოთქმული შემდეგ სტრიქონებში და ამიტომ ლექსი არაფერს ჰკარგავს ამ საჭირო გამოტოებით. რაც შეეხება ექსპროპრიაციას აკაკის შესახებ, ამაში იქმნება არა ერთი ქართველი მოლექსე იყოს ცოდვილი აკაკის წინაშე, მაგრამ ვენ კი ამ ცოდოში წილი არ გვიდევს. აკაკის რუსულიდან როდი გადაუთარგმნია თქვენგან დასახელებული ლექსები. ეს ლექსები ჩვენ მიერ თარგმნილი, ჩვენ ამოვწერეთ “დედა-ენიდგან”, გავუგზავნეთ აკაკის და ვთხოვეთ თავისებურად შეეცვალა მათი რედაქცია. მანაც თავისი ჩვეულებრივი დაუზარებლობით შეასრულა ჩვენი თხოვნა და გამოგვიგზავნა თავისი ხელნაწერი, თეთრად გადაწერილი, რომელიც დღემდე დაცული გვაქვს. მაგრამ ეს ხელნაწერი ჩვენი ხელუხლებრივ ვერ დავბეჭდეთ. მასში, თანახმად პედაგოგიურის მოთხოვნილებისა და ბავშვის ფსიქიკისა, ჩვენ მოვახდინეთ შიგა და შიგ ზოგიერთა ცვლილებანი, მეტადრე ლექსში: “მახეში გაბმული ჩიტი”. ძალიან ვეცადენით, რომ ყოველი ჩვენ მიერ მოხდენილი ცვლილება ყოფილიყო აკაკისებური, რომ ჩვენს წადილს სავსებით მივაღწიეთ, პედაგოგიური მოთხოვნილებაც დავაკმაყოფილეთ და აკაკის ლექსის ღირსებაც დავიცავით აშკარად სჩანს იქიდან, რომ ეს ლექსები შეტანილია აკაკის თხზულებათა ცალკე გამოცემაში არა ისე, როგორც მის ხელნაწერებია, არამედ, რა სახითაც “დედა-ენაშია” დაბეჭდილი.
დანაერჩენი ლექსი აკაკის საგანგებოდ დაწერილი “დედა-ენისათვის” ხელუხლებლად არის დაბეჭდილი მასში და ავტორადაც იგია დასახელებული. საზოგადოდ “დედა-ენაში” პოეტური ნაწილი ეკუთვნის ჯერ ჩვენს ხალხსა და მერმე აკაკის, გარდა თითო-ოროლა ლექსისა, რომელიც ჩავუმატე უკანასკნელ გამოცემაში.
მოქცეულია კდიევ “დედა-ენაში” ჩემ მიერ დაწერილი ათიოდე საბავშვო ლექსი. ეს ჩვენი ნაბიჯი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ზოგიეთა საჭირო თემებზე სრულიად ვერ ვპოვეთ ლექსები ვერც სახალხო პოეზიაში და ვერც ჩვენის პოეტების ნაწარმოებში. ამ საბავშვო ლექსების დაწერა ჩვენ ძლიერ გაგვიადვილა, ასე ვთქვათ, სახალხო პიპონაზმა. საქმე ისაა, რომ როცა “დედა-ენას” ვადგენდით, ჩვენ გადავსახლდით სოფლად, ვაგროვებდით ქალებისა და კაცებისაგან ლექსებს, ზღაპრებს, თქმულებებს, ანდაზებს, გამოცანებს და ვიმყოფებოდით მთლად და სავსებით სახალხო პოეზიის ჰიპნოტიურ გავლენის ქვეშა. რა ძლიერი იყო ეს ჰიპნოზი, ნიმუშად მოგვყავს “დედა-ენიდამ” ქვემოდ, ბ-ნი დუტუს წახედვით, ერთი ჩვენი ლექსი, რომლის დაწერა ჩვენთვის შეუძებელი იყო ქალაქად.
პ ა ტ ა რ ა მ დ ი ნ ა რ ე
ველზე ჩამორბის წანწკარით
პატარა წყალი ანკარა;
ქვებზე გადადურს ჩანჩქერით,
ქვიშას მიტბორავს წყნარ-წყნარა.
მიხვევ-მოხვევით გზას იკვლევს,
ბალახებს შუა ჩაუდის,
ხან იმალება, აღარ სჩანს,
ხან კი ლაპლაპი გაუდის.
ფერად-ფერადნი ყვავილნი
მის ნაპირებზე ხარობენ;
ლურჯი ცა, შორნი ღრუბელნი
თავის სარკედა ხმარობენ.
მირბის, ჩახჩახებს ანკარა,
უხვად რწყავს არე-მარესა;
დედის რძესავით ერგება
მიწას ხმელს და მწყურვალესა.
გვალვისაგან ჩათუთქულს
და გაყვითლებულ ყანებსა
ისევ უბრუნებს სიცოცხლეს,
ამწვანებს, აღაღანებსა.
სიმინდის, პურის მალამო,
ვენახის მალხენელია,
სოფლის დიდი და პატარა
ყველა მის მადლიერია.
არ კმარობს ამდენს სიკეთეს,
აგერა ღარს ეტანება,
წისქვილს აბრუნებს, ბრობლებსა
თავს ახლის არ ენანება.
ქაფისგან აქაფებული
მიშხუის ქვემო მხარესა,
და აქ ამ სოფელს, იქ იმას
უყვავებს არე-მარესა.
დასასრულ, უნდა მოვახსენო ბ-ნს დუტუს, რომ “დედა-ენის” წლევანდელს გამოცემაში ჩვენი მთავარ მგოსანი აკაკი, თუნდა წინააღმდეგ თავისი სურვილისა, დასახელებული იქნება ავტორად იმ სამიოდე ლექსისაც, რომელთა რედაქტორად იყო წინად ნახსენევი და, მაშასადამე, საციმბირო ექსპროპორციის მცირედი კვალიც კი გაქრება…