ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – ფრიად მავნებელი მაგალითი

(საპედაგოგო შენიშვნა)

ჭიათურაში თურმე ხსნიან სატექნიკო კლასებს იმ სამოქალაქო სასწავლებელთან, რომელსაც კაი ხანია არსებობს იქნა და თავის თანასწორთა შორის საუკეთესო სასწავლებელს წარმოადგენს. სპეციალური კლასის დაარსება რომელსამე საზოგადო ტიპის სასწავლებელთან, ფრიად სასარგებლო ნაბიჯია, და ჩვენც სიხარულის მეტს არას ვიგრძნობდით, თუ რომ ამ ახალ კერას განათლებისას სიბნელე არ ემუქრებოდეს ერთის მხრივ.

საქმე ის გახლავთ, რომ ამ დამატებით კლასებში, თურმე, ქართულ ენას ადგილი არ ექნება. შემუშავებულ პროექტით ყველა საგანი უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ რუსულ ენაზე და რუსული ლიტერატურაც სავალდებულო საგანი უნდა იყოს. ქართულ ენაზე კი არამც თუ არც ერთი საგანი ისწავლება, არამედ თვითონ ქართული ენის და ქართული ლიტერატურის ჭაჭანებაც არ იქნება ამ ახალ კლასებში. ქართულ ენას, თურმე, არც ერთი გაკვეთილი არა აქვს დათმობილი არც ერთს კლასში; სრული ექსორიით დაუსჯიათ იგი. ამის გამო, რამდენსამე წლის განმავლობაში ქართველი მოწაფენი – ტექნიკოსები – მოწყვეტილნი იქნებიან მშობლიურ ენას და მწერლობას და არაც თუ ახალს ვერას ისწავლიან, არამეც იმასაც დაივიწყებენ, რაც წინად საზოგადო კლასებში შეიძინეს.

საუბედუროდ, ვნება ამ უკუღმართობისა ჭიათურის სასწავლებლით როდი განისაზღვრებაქ, ეს უკუღმართობა გადალახავს ამ სასწავლებლის საზღვრებს და მოარულ ჭირივით სხვა სპეციალურ სასწავლებელთაც გადაედება. ამ ჟამად სპეციალურ სკოლებში – სახელოსნოებში, სამეურნეოში, საფერშლოში და სხვაგანაც – ქართულ ენას სათანადო ადგილი აქვს დათმობილი. ჭიათურის სატექნიკო სკოლის მაგალითი ჯერ შეარყევს და შეამცირებს ჩვენს ენას სპეციალურს სასწავლებლებში, ბოლოს კი სულაც გააქრობს. მოგეხსენებათ, რომ პედაგოგიური ჭირი, დაბუდებული სასწავლებელში, ძლიერ ადვილად გადაედება ხოლმე სასწავლებლებს, მეტადრე ახლანდელს დროს, როდესაც პარპაშობს ლოზუნგი “ძირს ინოროდცები და მათი ენებიო”. ჭიათურის მაგალითი მით უფრო მავნებელ გავლენას იქონიებს, რომ იგი იქნება დადგენილი გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების ხელით.

ბიუროკრატებს და განათლების სფეროში მოქცეულ ჩვენებურ ლაქიებს, ოცის მნონებს, ბ-ნ ზდანოვიჩსა და თ-დ კიტა აბაშიძის მაგალითი მეტად წაათამამებს და იგინი უფრო ლაღად გაანადგურებენ ჩვენს ენას, არამც თუ სპეციალურს სკოლებში, არამედ საზოგადო ტიპის სასწავლებლებშიაც. ამას, სხვათა შორის, ის სავალალო შედეგი მოჰყვება, რომ ჩვენს საპედაგოგო ლიტერატურას, უფროს კლასებისათვის დანიშნულს, სრულიად გამოეცვლება ნიადაგი და იგი არამც თუ აღარ გამდიდრდება ახა თხზულებებით, არამედ გაუქმდება. მაგალითად, იმისთანა ნაწარმოებნიც, როგორიცაა ქრისტომატია ეპისკოპოსის კირიონისა და ბ-ნი გრიგოლ ყიფშიძისა, “ქართველი მწერლები” ბ-ნი გრიგოლ ყიფშიძისა, “ქართველი მწერლები” ბ-ნ გომელაურისა და სხვანი.

ამ მოსაზრებით ჩვენ უსაჭიროესად მიგვაჩნია, რომ ჭიათურის სატექნიკო კლასებშიაც უსათუოდ კვირაში რამდენიმე გაკვეთილი დაეთმოს ქართულ ლიტერატურა და იგი ძმურად გვერდში ამოუდგეს რუსულ ლიტერატურასა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭიათურის სატექნიკო კლასებს დაბადებიდანვე მეტად მავნებელი სენი დაჰყვება, რომელიც, ვიმეორებ, შავი ჭირივით მოედება სხვა სასწავლებლებსაც.

ამ სტრიქონებსა ვწერ არა მარტო ჭიათურის საბჭოსათვის, არამედ იმიერ თავად-აზნაურობის და იმერეთის საზოგადოების საყურადღებოდაც, იმ იმედით, რომ ისინი შეეცდებიან თავის მხრივ – საქმის წაღმა დატრიალებას ხელი შეუწყონ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button