ლიტერატურამოთხრობა

ეკატერინე გაბაშვილი – ბაირახტარი

პატარა ილომ, მკერავის შეგირდმა, დედას გამოსთხოვა პატარა წითელი ნაჭერი, სადღაც ჯოხის ნატეხი იპოვნა, გათალა, გაასუფთავა, ზედ ლურსმით წითელი ნაჭერი მიაკრა და ის იყო ეზოს კარებში უნდა გამოსულიყო და საზოგადო მეჯლისს შეერთებოდა, რომ თავიანთი მდგმური ივანე დალაქი შეხვდა და ხელი დაუჭირა.

– მოიცა, ბიჭო! სად გარბიხარ, ქუჩაში საშინელი არეულობაა: ვისაც წითელ დროშებს დაუნახავენ, ართმევენ, სცემენ, პირში აფურთხებენ…

– უიმე, ქა, რეებს ამბობ, ადამიანო! – შეჰყვირა ილოს დედამ, მართამ, და შვილს მიეკრა: არ გახვიდე, გენაცვალოს დედა, და ეგ რაღაც ბაირაღია, მიმალე სადმე. რა ხუმრობაა, პოლიციელებმა რო დაგიჭირონ!

– რას ამბობ, დედა, რასა! რა პოლიცია, რა დაჭერა! მთელი ქალაქი კარშია, მღერის, თამაშობს, იცინის… ამბობენ, ხელმწიფემ მთელს ქვეყანას თავისუფლება უბოძაო. ყველა კაცი თავისი თავის პატრონიაო, რასაც უნდა, იმასა იქსო, ოღონდაც სხვას ხელს ნუ შეუშლისო. და განა შენ თვითონ არ ხედავ, ამ ორ-სამ დღეში რა ამბავია! პოლიციელები კუთხეში მიკრუნჩხულები დგანან და ხალხის სიხარულს სიხარულით უცქერიან. იქნება იმათაც უნდათ, რომ ასკიკუკუ ითამაშონ, მაგრამ პოლიციელი მარტო იმისთვის არის გაჩენილი, რომ კუთხეში იდგეს და აქეთ-იქით თვალები აბრიალოს!

– ჰო, მართალია. ორი-სამი დღე სწორედ აგრე იყო, მაგრამ ახლა სხვა არის! – თავის გაქნევით თქვა დალაქმა. – ახლა პოლიციელები ისევ მგლის ტყავში გაეხვივნენ, მე ჩემი თვალით ვნახე…

“გაუმარჯოს თავისუფლებას, გაუმარჯოს მშრომელ ხალხს!” – მოისმა ქუჩიდგან კიჟინი, ხალხის გრიალი და შესწყვიტა ივანემ ამბავი.

სუყველანი კარში გავარდნენ ხალხის საცქერლად. ილომ ისარგებლა ამით, დაავლო თავისს პატარა ბაირაღს ხელი და კარში გავარდა.

– ილო, შვილო, ბიჭო! – გამოეკიდა მართა თავისს შვილს, მაგრამ ის სწრაფად შეერია ხალხის ზღვას, რომელიც მდოვრედ, ხელი-ხელგადაბმული მიიკლაკნებოდა ქუჩაზედ და თავისუფლების ჰიმნს გალობდა. წითელი ბაირაღები წარწერით: “ძმობა, ერთობა, თავისუფლება” ნელ-ნელა ფრიალებდა ხალხის თავზედ, ნიკოს წითელი ბაირაღიც მიემატა წითელი თავისუფლების ათასს სხვა ნიშანს, ნიკოს პატარა წკრიალა ხმა ათასს, გულიდგან ამონახეთქს, თავისუფლების გრიალს.

შებინდდა. ცოტა ოდნად ჟინჟღლავს. მართა თავისის პატარა სახლის ალაყაფის კარებში დგას და თავით ფეხებამდი თრთის. – ღმერთო ჩემო, ნეტა სად დაიკარგა ი ბიჭი!.. – კი არა შეემთხვას რა იმ უბედურის შვილს! აი დაღამდა კიდეც, იქნება ახლა მაინც სახლი მოაგონდეს.

—ოჰ, მართაჯან, რო იცოდე, რა ამბავია ქვეყანაზედ, რა ამბავია, გაგიჟდები! თოფით დახოცილებს, ცხენის ფეხებით დაჭყლეტილებს სულ ფურგუნებით ზიდავენ… მკვდარს, ცოცხალს სულ ერთად ჰყრიან… შიშით წელი მომწყდა… მოვდივარ და ფეხებს ძლივს მოვათრევ… ნეტავი შენა, კარში არ იყავი, ის საცოდაობა არა ნახე……

– რა ამბავია, ადამიანო? – კანკალით შეეკითხა მართა თავისს მეზობელს მაიას. – რა მკვდრები, რა თოფის სროლა?

—რა ამბავია? არა გაგიგია რა? ნუთუ აქამდის არ მოაღწია იმ ხმამა, რომ ორი ბრბო ხალხისა, ერთი წითელის ბაირაღებით და მეორე ჭრელით, ერთმანეთს შეეჯახნენ… რომ ჭრელბაირაღებიანებს ჯარი მიეშველა… თოფები დაახალეს…

– წითელ ბაირაღებიანს… თოფები დაახალეს!… – შესწივლა მართამ და დატორტმანდა: – ვაიმე, შვილო, შვილოო! – და გიჟივით გაიქცა ქუჩაზედ, ქვას ფეხი წამოჰკრა, წაიქცა, ისევ მალე ადგა და გაიქცა.

ქუჩები ჩაბნელებული, ცარიელი იყო, ჩამიჩუმი არსაით ისმოდა, მართას თავისის გულის ძაგაძუგი მკაფიოდ ესმოდა.

– გაჩერდი! – ამ სიტყვებით იმას წინ გადაეღობა პოლიციელი და ჩხრეკა დაუწყო.

– ოჰ, რას შვრები, რა გინდა ჩემგან? გამიშვი, შვილი დავკარგე… საით წავიდე, სად მოვძებნო, მე უბედურმა…

– შვილი დაკარგე? სად იყო? იარაღი ჰქონდა, საბრძოლველად წავიდა? – გაფაციცებით ეკითხებოდა პოლიციელი მართას.

—იარაღი რად უნდოდა, ბალღი იყო, თორმეტი წლისა… ხელში პატარა წითელი დროშა ეჭირა.

—წითელი ბაირაღი?! ჰმ, წითელი ბაირაღი? მაშ წადი ქალაქის სამკურნალოში. წითელბაირაღებიანები იქ ბევრი წაიღეს. – მართა კვლავ დატორტმანდა… პოლიციელმა რომ დაინახა მართას ვაება, ცოტა რბილად დაუმატა, – იქნება დაჭრილი იყვეს.

– დაჭრილი, დაჭრილი ჩემი პატარა ბიჭი! ვისგან, რად? ვის რა დაუშავა…

– წადი, წადი საავადმყოფოში… მე შენთვის არა მცალიან…

ბევრი იხეტიალა მართამ ჩაბნელებულ ქუჩებში და რის ვაი-ვაგლახით მიაგნო საავადმყოფოს. აუარებელი ხალხი ტრიალებდა ეზოში. ქალი, კაცი, ყმაწვილი, მოხუცებული ერთგვარის მწუხარებით იყო გადარეული. ყველას გულში ცეცხლი ტრიალებდა, ყველა მართასავით თავისს დაკარგულს ძვირფასს ქმნილებას ეძებდა და თრთოდა, რომ მკვდართა შუა არ აღმოჩენილიყო ეს მისთვის ძვირფასი ქმნილება.

თეთრ ბალახონებში გახვეული ექიმები, ფერშლები, სათნოების დები დაღალულნი, ქანცგაწყვეტილნი ცდილობდნენ ყველასათვის პასუხი მიეცათ.

მუხლმოკვეთილი, გაფითრებული, თმებგაწეწილი მართა საშინელ სანახავს წარმოადგენდა, როდესაც ის მიუახლოვდა ერთ-ერთს “დას” და შეჰბღავლა: ჩემი შვილი, ჩემი პატარა ილო, წითელპერანგა ილო აქ არის… ცოცხალია…

– წითელპერანგა, პატარა ბიჭი?.. ჰო… მგონია…

– ჰა, ჰა! რა იცი, მითხარი! – ოდნავის ჩურჩულით წაიჩურჩულა მართამ და ჩაიკეცა, თმები მაღლა წაუვიდა, თვალები გიჟივით აენთო.

“დას” ამ საშინელის მწუხარების დანახვაზედ თვალები ცრემლებით აევსო, პირი მიიბრუნა და დაღონებით უთხრა: – უკანა ეზოში წადი, მეც ახლავე მოვალ.

საავადმყოფოს უკანა ეზო ფანრის მბჟუტავი შუქით ოდნავ იყო განათებული. კედელთან რიგზედ დალაგებული რამდენიმე კაცის გვამი გაარჩია მართამ. მათ შორის ორი ყმაწვილისა იყო, თოთხმეტ-თხუთმეტი წლის ჭაბუკისა, საბაღოსნო სკოლის ფორმით და მეორე წითელპერანგა, პატარა ილოსი… დედა ფორთხვით მიცოცდა პატარასთან და შვილის გულზედ უგონოდ დაეცა. გარშემო არავინ იყო, რომ იმისათვის ნუგეში ეცა, მოებრუნებინა… ეზოს კარებში პოლიციელი გაშეშებულივით იდგა და გარეშემო მას სრულიად არ აინტერესებდა. მართა მალე მოვიდა გონს, გიჟივით თავი მაღლა აიღო, აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა და ისევ ილოს მკერდს დაეყრდნო… სმენად გადაიქცა. დედის გული გაჩერდა, სული შეუგუბდა, ტვინის ძარღვები უკანასკნელ წერტილამდე დაეჭიმა… – უცემს… უცემს…… გული უცემს…- ჩურჩულებდა მართა, – არ მეჩვენება?.. ნამდვილად სცემს… ნელა, ნელა… ოდნავ… მაგრამ კი უცემს……

– რას ტუტუნებ? ადექი, ღმერთი განუგეშებს! – დაუწყო წევა და ცრემლებით სავსე ხმით ნუგეში სცა ყმაწვილმა დამ სათნოებისამ, რომელიც, დაპირებისამებრ, მალე უკან დაედევნა.

– გული უცემს… უცემს… – კვლავ ამოიჩურჩულა მართამ.

– შე საწყალო, რა საფიქრებელია! დილას უკანია უნძრევლად ძევს… ადექი, გენაცვალე……ოთახში უნდა შეასვენონ.

მართა კი შვილის გულს ყურს არ აშორებდა.

– უცემს… უცემს… – კიდევ წაიჩურჩულა იმან და იმედით სავსე თვალები ყმაწვილ ქალს მიაპყრო, – უშველე… ჩქარა… ჩქარა… სიცოცხლე არ ჩაქრეს, ოდნავ ბჟუტავს…

ქალი მხოლოდ ახლა დარწმუნდა, რომ მართას შეშლილობით არ მოსდის და სწრაფად დაიჩოქა, ყური დაადო პატარა მკერდს, საიდანაც ოდნავ, მაგრამ მკაფიოდ, მოისმოდა გულის ძგერა. ის საჩქაროდ წამოხტა და ექიმის მოსაყვანად გაეშურა, მართა კი მათს მოლოდინში გაქვავებულივით ეგდო და შვილის ძვირფასს სახეს თვალს არ აშორებდა.

თითქოს დედის თვალის ელექტრონის ძლიერებით ილომ ქუთუთოები ოდნავ ასწია და ნაზად, როგორც ეთერის მოძრაობა, გაიღიმა.

– შვილო! შვილო… ო… ოო!.. – ისეთის ძლიერებით შეჰკივლა მართამ, რომ ამ სიკვდილის და ვაების მიდამოში მეორედ მოსვლის საყვირის ხმა გაისმა და წამზედ მიყუჩებული ეზო ხალხით აივსო.

გავიდა ორი კვირა. მშვენიერი მყუდრო შემოდგომის დღე იყო. საავადმყოფოს დიდს ფანჯრებში შუადღის მზის სხივები უხვად შედიოდა და ანათებდა რიგზედ მდგომ რამდენსამე საწოლს; ერთს მათგანზედ გულაღმა იწვა მართა, თმებგაკრეჭილი, გამხდარი, მკვდრის ფერით სახეზედ, მაგრამ მომღიმარი, როგორც სიკვდილის პირიდგან წავარდნილი ადამიანი.

– შენ ახლა კარგად ხარ. მალე შინ წასვლასაც შესძლებ, – ეუბნებოდა ტკბილად ჩვენი ნაცნობი სათნოების და. – მხოლოდ უთუოდ დღეში ორი კვერცხი უნდა სჭამო და ორი სტაქანი რძე დალიო.

– ილოს მიჩვენებთ? – ოდნავ წამოიკნავლა ავადმყოფმა.

– დიახ, მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად განიკურნები. აღელვება არ შეიძლება.

– ჩემი განკურნება ილოს ნახვაზეა დამოკიდებული…

– და ილოს ნახვა კი შენს განკურნებაზედ, – კიდევ უთხრა ყმაწვილმა ქალმა.

მთელი ათი დღე მართას სიცოცხლე ძაფზედ ეკიდა, უძლიერესმა აღელვებამ ტვინის ანთება გამოიწვია.

ილო კი მალე გამოცოცხლდა, მისმა ყმაწვილმა, ძლიერმა სისხლმა ადვილად შეისრულა თავისი დანთხეული ნაწილები. კარგმა მოვლამ, რიგიანმა საჭმელმა ხელი შეუწყო და დედის ძლიერის მწუხარებით გაღვიძებული მისი მომაკვდავი გული კვლავ მძლავრად ათამაშდა. მხოლოდ ლამაზი ბიჭი სამუდამოდ დასახიჩრებული დარჩა, ის მარჯვენა, რომლითაც წითელ ბაირაღს აფრიალებდა, მტრის ხელით მოტეხილი აღმოჩნდა და ექიმებმა მოჰკვეთეს.

და სწორედ ეს სიმახინჯე იყო მიზეზი, რომ ჯერ ძალზედ სუსტს დედას მკვდრეთით აღდგენილს შვილს არ უჩვენებდნენ.

1910

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button