ლიტერატურამოთხრობასაბავშვო

ნანა აბულაძე – ვეფხვი _ ცხოველთა მეფე

I
`დრო მაშინ იყო უხსოვარი, ადამიანი _ უმეცარი. ერთ დღეს მონადირეს მოსწყურდა და წყაროზე ჩავიდა. ჩაიმუხლა კამკამა წყალთან, შესვა პეშვით და თავი რომ ასწია, შეკრთა _ მის წინაშე იდგა ოქროსფერი ფაფრით მოსილი ლომი.
_ მეფე ხარ ცხოველთა, ოღონდაც შემიბრალეო! _ შესძახა აცახცახებულმა მონადირემ.
ლომი მაძღარი გახლდათ, უბრალოდ წყლის დასალევად მისული და კაცს კბილი არ ახლო.
_ გმადლობ, მოწყალეო ხელმწიფევ, ჩემი თხოვნის შესმენისთვისო! _ აღტაცებით წარმოთქვა მონადირემ და სულ მალე მთელ ქვეყანას მოსდო ლომის მეფობის ამბავი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ცხოველებმაც აღიარეს ლომი თავიანთ ხელმწიფედ.~ _ მგელმა კალუპმა ღიმილით გადახედა ლომისა და ვეფხვის ბოკვრებს, რომლებიც ცნობისმოყვარეობით უმზერდნენ.
_ მას შემდეგ ჩვენი საგვარეულო მეფეების საგვარეულოდ იქცა, არა, ძია კალუპ? _ ჰკითხა ლომის ბოკვერმა.
_ დიახ, უფლისწულო ლეონ, სწორედ ასეა!
_ რა გიხარია, _ გაეცინა ვეფხვს _ შენი ბაბუის ბაბუის და ასე შემდეგ დიდი ბაბუა ვიღაც ჭკუაგაწყალებულს უკურთხებია მეფედ!
_ აღღღრრრრრ! _ ლეონი მეგობარს ეცა _ მე შენ გიჩვენებ ვინაა მეფე, ფელიტუს!
_ ვნახოოოოთ, ვნახხოოოთ! _ ღრინავდა ფელიტუსი.

_ ბიჭებო, ეს მხოლოდ ძველი თქმულებაა და ამის გამო ჩხუბი არ ღირს! _ კალუპი ბოკვრებს შორის ჩადგა, მკაცრად განაგრძო _ საერთოდაც, უკვე თქვენი ძილის დროა!
_ ნამდვილი მეფე მუდამ ფხიზლად უნდა იყოს, რათა მტერს ღირსეულად დაუხვდეს! _ თავაწევით განაცხადა ლეონმა.
_ მართალია! _ კვერი დაუკრა ფელიტუსმა.
_ დაღლილი და უძინარი ვერც მტერს დაუხვდები ღირსეულად და ვერც _ მოყვარეს, ასე რომ, ორივე დაუყოვნებლივ გამწესდით საწოლში!
ლეონმა და ფელიტუსმა, სურდათ თუ არ სურდათ, აღასრულეს კალუპის ბრძანება, თავად კალუპი კი მეფეს ეახლა.
_ აჰ, შენ ხარ, კალუპ? რა ქენი, დააბინავე ონავრები? _ მეფე მისკენ შებრუნდა.
_ დიახ, მეფეო!.. ისე, შეიძლება რაღაც გკითხოთ?
_ რა თქმა უნდა!
_ კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, თქვენო ბრწყინვალებავ და ნურც იფიქრებთ, რომ რაიმე ვერაგული მიზანი მამოძრავებდეს…
_ კალუპ, Yველაფერი პირდაპირ მითხარი, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე! _ გააწყვეტინა ხელმწიფემ.
_ მისი უდიდებულესობის ნებით მე, მწიგნობართუხუცესი მეფისა, თქვენს შვილსა და ფელიტუსს ვუწევ მეურვეობას. იქნებ ამიხსნათ, ვინ არის ბოკვერი ფელიტუსი, რატომაა ის თქვენთვის ასე ძვირფასი?
_ ერთხელ ფელიტუსის მამა და მე ტყეში ღრმად შევედით. ჩვენთვის მივსეირნობდით. უეცრად ის გადამეფარა და მერე მიწაზე დაეცა _ მონადირის მიერ ნასროლი, ჩემთვის განკუთვნილი ისარი ჩემს ერთგულ მეგობარს მოხვდა. ვეცადე გადამერჩინა, მაგრამ თვით ბრძენმა მკურნალმა ბუმ ვერაფერი უშველა. სიკვდილის წინ მთხოვა, რომ დედითდაობლებული მისი ბოკვერისთვის, ფელიტუსისთვის მომევლო. მეც მის უკანასკნელ სურვილს ვასრულებ.
_ სწორად იქცევით, მეფეო! _ მშვიდად თქვა კალუპმა _ ახლა კი, თქვენის ნებართვით, დაგეთხოვებით…

II
Gგადიოდა დღეები, თვეები, წლები. Fფელიტუსი და ლეონი კვლავინდებურად ერთად იზრდებოდნენ. Lლეონის მამა მოხუცდა და მძიმედ დაავადდა. ერთხელაც, როცა მეგობრები სუფთა ჰაერზე ისვენებდნენ, მათ კალუპი მიუახლოვდა, ნაღვლიანი თვალებით გადახედა ჯერ ერთს, მერე _ მეორეს და თქვა:
_ უფლისწულო ლეონ, მამათქვენი გიხმობთ!
_ ყველაფერი რიგზეა?.. _ ლეონს სახე ეცვალა.
Kკალუპს არაფერი უპასუხია და მეფისწულს ხელმწიფის მდიდრულად მორთული გამოქვაბულისაკენ გაუძღვა. ლეონმა მამას შეხედა: მეფე ავადმყოფობას ერთობ მიესუსტებინა და მძიმედ სუნთქავდა.
_ ლეონ, შვილო, მოდი ჩემთან! _ აღმოთქვა მან. _ როგორც ვატყობ, მალე მე თქვენ გვერდით აღარ ვიქნები, ამიტომ ხვალ თვითონვე დაგადგამ სამეფო გვირგვინს. გახსოვდეს, მარტომყოფი ყოველი ცოცხალი არსება განწირულია. სულ ერთია, ვინ იქნება, მეფე თუ ყმა. ყველას თავისი სისუსტე აქვს მაინც. ასე რომ, გაუფრთხილდი ფელიტუსს!
_ კარგი, მამა, ასე მოვიქცევი! _ მომავალმა ხელმწიფემ გამოქვაბული დატოვა.
_ აბა, რა ხდება? _ მიეგება ფელიტუსი.
_ ხვალ მამაჩემი მეფედ მაკურთხებს!
ფელიტუსი მოიღუშა.
_ რა იყო, არ გიხარია?! _ გაოცდა ლეონი.
_ მიხარია, როგორ არა, მაგრამ… _ ვეფხვმა აღარ დაასრულა.
_ რაღა `მაგრამ~?! _ ჩაეძია უფლისწული.
_ მეშინია, არ დათვრე.
_ დარდი ნუ გაქვს, ლხინზე რაც შეიძლება, ცოტას დავლევ! _ გაეცინა ლეონს _ თანაც მე არც ისე ცუდი სიმთვრალე მაქვს!.. უკვე ჩამობნელდა. წამოდი, თვალი მოვხუჭოთ, ხვალ ხომ დიადი დღეა, საპასუხისმგებლო დღე!
ფელიტუსი შემდეგი დღის მოლოდინით აჟიტირებულ მეფისწულს გაჰყვა და გზად თავისთვის, დანანებით ჩაილაპარაკა:
_ შენ რა იცი, როგორი სიმთვრალე გაქვს!..

III
Aაი, დადგა ის `დიადი და საპასუხისმგებლო დღე~, რომელსაც გულისფანცქალით მოელოდა ლეონი. ცხოველები ტრიალ მინდორზე შეიკრიბნენ. უმცროსი თუ უფროსი _ ყველა იქ იყო.
ლეონი მამამისის წინ მორჩილად თავდახრილი იდგა და ცოტა ღელავდა.
_ ღმერთო, შენ გაუმარჯვე ლეონს ყველანაირ მტერთან ბრძოლაში! _ ხანში შესულმა ხელმწიფემ გვირგვინი აღმართა _ მაღალი შემოქმედის სახელით კურთხეულ ხარ მეფედ ყოველთა ცხოველთა! _ თავის ვაჟს ამ სიტყვებით დაადგა თავზე გვირგვინი.
ლეონი შემობრუნდა და მედიდურად მოავლო თვალი ცხოველებს.
_ გაუმარჯოს მეფე ლეონ IV-ს! გაუმარჯოს ცხოველთა ახალ მეფეს! _ ისმოდა ყიჟინა. ლეონი კი ცხოველებს შორის დადიოდა და მილოცვებს იღებდა.
Mმხიარულება დაღამებამდე გაგრძელდა. ლეონ IV-ს მცირედი საჩუქარი მაინც უკლებლივ ყველამ უსახსოვრა. ფელიტუსი ისევ შეფიქრიანებული დაიარებოდა.
_ ყვააა! Yვააა! ლეონის მეფობის ხანა ნამდვილად არ იქნება ოქროსი! _ დაიყრანტალა ყვავმა _ ტყუილად ზეიმობთ, დამთხვეულებო, მიფრთხილდით!
ლეონი გაფითრდა.
_ ყვავის ყრანტალს მაინცდამაინც ნუ ირწმუნებ, ყველაფერი შენს ხელშია! _ მიმართა ფელიტუსმა.
_ ყველაფერი რომ მაგის ხელშია, სწორედ იმიტომ დაგადგებათ თავს გასაჭირი, სხვა მიზეზის გამო კი არა! _ გადაიხარხარა ყვავმა და გაფრინდა.
მეფეს ყვავის წამოძახილმა გუნება ვერ წაუხდინა, ლხინი გაგრძელდა…

IV
_ უჰ! კარგი სანადირო დილა გათენდა, არა, ფელიტუს? დღეს ჩემი პირველი ნადირობაა მეფის რანგში! წამომყვები? _ ხელმწიფეს ხმაზე ეტყობოდა, რომ კარგ ხასიათზე იყო.
_ წამოგყვები, აბა, რას ვიზამ! _ უპასუხა ფელიტუსმა _ მაგრამ დაღლილი არა ხარ?
_ ოდნავადაც არა! რა დამღლიდა ნეტავი?! _ აშკარა აღმაფრენით წარმოთქვა ლეონ IV-მ _ წამოდი, თუ მოდიხარ!
მეგობრები ტყეში ღრმად შევიდნენ. წყაროს რომ მიუახლოვდნენ, ლეონი მოულოდნელად ვიღაცას ჩაუსაფრდა ბუჩქებში. ფელიტუსმა მიიხედ-მოიხედა და პაწია გოგონა შენიშნა, რომელიც დოქს წყლით ავსებდა.
_ რა… რას აპირებ?!
_ შენი აზრით, რას უნდა ვაპირებდე, ფელიტუს?!
_ არ მესმის, რა გაჭირვებაა, მაგ ადამიანის ნაშიერს რომ დავაცხრეთ, ტყეში ბალახისმჭამელები გამოილია, თუ რა ხდება?!
_ მოგცლია, რა! მე ხომ უკვე მეფე ვარ, დაგავიწყდა?
_ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს!.. _ ფელიტუსმა სხვა რამის თქმა ვეღარ მოასწრო _ ლეონმა ერთი საზარლად დაიღრიალა და გოგონასკენ გაიწია. გოგონამ შეჰკივლა და თავი ხელებში ჩარგო. მის ყურს კვლავ ღრიალის ხმა მისწვდა, თავი ასწია, თვალწინ საოცარი სურათი გადაეშალა: მასა და მძვინვარე ლომს შორის ვეფხვი ჩამდგარიყო და თითქოს გოგონას იცავდა.
_ გზიდან ჩამომეცალე! _ კბილებში გამოსცრა ლეონმა.
_ არავითარრრრ შემთხვევაშშშიიი! _ უხეშად მიუგო ფელიტუსმა _ ამას ვერაფერს დაუშავებ, თუ მე არ მძლევ!
_ ნუ სულელობ! აბა, დაფიქრდი: ღირს კი ეგ პატარა ადამიანი იმად, რომ ჩვენ შორის მტრობა და შუღლი გამეფდეს?!
გოგონა გაიქცა. ლეონმა დადევნება დააპირა, მაგრამ ფელიტუსი კისერში ეცა. ხელმწიფემ გაშმაგებული ვეფხვი როგორღაც თავიდან მოიშორა და გაკვირვებით შეხედა:
_ ვეღარ გცნობ, რა გჭირს?!
ფელიტუსს პასუხი არ გაუცია, უხმოდ გაეცალა…
ლეონ IV-ის მწიგნობართუხუცესი და ამავე დროს მისი მემატიანე მგელი კალუპი თავის ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ `ამ შემთხვევის მერე მეფე და ფელიტუსი არა თუ ერთად არსად წასულან, არამედ ერთმანეთს საერთოდ ძლიერ იშვიათად ხვდებოდნენ. ხელმწიფე კი უფრო და უფრო ხშირად მიდიოდა ადამიანებზე სანადიროდ. შედეგად გაიზარდა ბრაკონიერთა რიცხვი. ეს ბუნებრივიც გახლდათ _ ხალხს ეშინოდა მტაცებლების, ეშინოდა ისე, როგორც აქამდე არასოდეს შეშინებია და რასაკვირველია, მათ მსხვერპლად გახდომას მათი ამოჟლეტა ერჩივნა. გაჭირდა ცხოვრება. საოცარი კი ის იყო, რომ ლეონ IV, მიუხედავად ყველაფრისა, არ წყვეტდა კაცთა ხოცვას და ყველაზე მეტად ბავშვებს ეტანებოდა! ამგვარ უმოწყალო და უმსგავს საქციელს სხვა მტაცებლებიც დააჩვია, გარდა ვეფხვებისა.
ხელმწიფეს თან სდევდა ერთი უბედურება _ შვილი არა და არ უჩნდებოდა. ამის გამო დედოფალი ლეა გაღიმებული არავის უნახავს, მისი მწუხარების მიზეზი კი მთელმა ტყემ იცოდა.
დადგა მეფე ლეონის დაბადების დღეც. წესისამებრ ჯერ თითოეულმა ხელმწიფის გამოქვაბულში მყოფმა მიულოცა და ძღვენი მიართვა, შემდეგ კი ლეონ IV-მ აღმართა ღვინიანი სასმისი და წარმოთქვა:
_ უფალო, დიდება შენდა! გევედრები, შემიწყალე მე, მეფე ცხოველთა ლეონ IV და მომეცი ძე, ტახტის მემკვიდრე, მაგრამ თუ ისე უნდა იყოს ყველაფერი, როგორც არის, მაშინ იყავნ ნება შენი! _ ამ სიტყვებით თასი გამოცალა. ირგვლივ კი ატყდა ერთი ამბავი:
_ რაოდენ ღვთისმოშიშია ჩვენი მეფე!
_ ნამდვილად, ნამდვილად! ღმერთმა შვილი არ მისცა და მაინც ბოლომდეა მინდობილი უფლის ნებას!
_ ჰოი, უგუნურნო! _ შესძახა უეცრად ფელიტუსმა.
ყველამ ხმა გაიკმინდა და მას შეხედა. გაცხარებული ვეფხვი ღრმად სუნთქავდა და იმავე ტონით განაგრძობდა:
_ ვინ მოთვლის, რამდენი უმანკო ბავშვი მოკლა ამ ჯალათმა! რაღა გასაკვირია ამის მერე, რომ მას მემკვიდრე არ ჰყავს?! აღარაფერი დარჩენია თქვენს ძვირფას თუ ვირფას ხელმწიფეს იმის გარდა, რომ ღვთის ნებას მიენდოს და თქვენ, ცალტვინებო, ამ უკანასკნელ გამოსავალსაც გმირობად უთვლით?! ვაი, თქვე გონების თვალით ბრმანო!..
_ გა-გა-გაათრიეთ ეს ოხერი და მეფის მმაგინებელი აქედან! _ ერთბაშად იფეთქა ლეონმა _ რროგორ მიბედავს?!
იუბილარი ხელმწიფის ბრძანება უმალ ასრულდა. ამ დღის შემდგომ ლეონ IV-ს მოაკლდა ისეთი დიდებული პიროვნება, როგორიც იყო ვეფხვი ფელიტუსი. იგი სასახლეში აღარ გამოჩენილა.~

V
დადგა ზაფხული. ჩახჩახა მზე თავისი მცხუნვარებით ყოველ სულიერს წურწურით ოფლს ადენდა. ლეონ IV დიდრონი მუხის ჩრდილში წამოწოლილიყო და ისვენებდა. უცებ თავისდაუნებურად წამოიძახა:
_ ღმერთო, მომეცი ფრთები, რათა ჩემი ტყის ნაკლოვანებანი ზემოდან უკეთ დავინახოო!
_ შენ ჯერ თათების გამოყენება არ იცი, მეფეო! _ მოესმა ხიდან. ლეონმა აიხედა და ბულბული შენიშნა.
_ რას გულისხმობ? _ დაეკითხა ცივად.
პასუხად ფრინველმა გალობა წამოიწყო. ხელმწიფეს ეცნო სიმღერა _ მთელ ტყეში განთქმულ `ტყის ბალადას~ გალობდა ბულბული:
`დედა ლომს ბოკვერს სტაცებს აფთარი _
საოცარი აქ არაფერია,
ლომი, რომელსაც შვენის ფაფარი
თავისი შვილების პირველი მტერია!
ჩვენ არ გვინდა მეფე მკვლელი,
უმწეოთა სისხლის მსმელი!
მაშინ ვინ გვყავდეს მეფედ,
ცხოველების ხელმწიფედ?
მგელი გახლავთ მშიერი,
მელა კიდევ _ ცბიერი,
კურდღელია მშიშარა,
აფთარი _ ვიგინდარა
და არც ერთი მათგანი
მეფედ არ ვარგა, არა!
აბა, ვინ იყოს მეფე,
ცხოველების ხელმწიფე:
ფოცხვერი მშვენიერი,
ჟირაფი ყელმზარდი,
თუ მარდი ლეოპარდი
მიმზიდველი იერით?
ვეფხვს ვინ შეედრება!
უნდა ვუძღვნათ ქება:
ვეფხვი პირნათლად სუფევს,
უთევს ღამეებს ჭალებს;
სისხლისფერ წუთისოფელს
ბედშავად გამოგასალმებს.
თვალებში უდგას ცეცხლი,
ვერ მოისყიდი ვერცხლით!
იშვიათად თუ ხდება
საჩვენებელი თითით
და უგვირგვინოდ კვდება,
ვით მეფე ჭეშმარიტი!
მე ხმატკბილი მგოსანი ვარ
ამ სიტყვების მთქმელი,
მუდამ პირველოსანი ვარ
ჩიტი მგალობელი!~
ლეონს გაახსენდა მამამისის ნათქვამი: `ტყის ბალადა~ იმდენად მნიშვნელოვანი შედევრია, რომ ყოველი განათლებული მტაცებელი თუ ბალახისმჭამელი ვალდებულია, ზეპირად იცოდესო.
ბულბული გაფრინდა. ლეონ IV ისევ ფიქრს მიეცა: `მეშინია, არ დათვრე…~ _ რატომღაც გონებაში ამოუტივტივდა ფელიტუსის ნათქვამი. მოშივდა კიდეც. თან ორი ლეოპარი გაიყოლია და სანადიროდ წავიდა.
უცაბედად სროლის ხმა გაისმა და მეფე ძირს დაეცა ღრიალით. შორიდან ადამიანების აღტაცებული შეძახილები მოისმა. ლეოპარდებმა სასწრაფოდ წააბრძანეს მძიმედ დაჭრილი ლეონი სასახლეში.
მკურნალმა ბუმ კარგა ხანს უტრიალა ხელმწიფეს, შემდეგ კალუპს მიუბრუნდა:
_ ჭრილობა საკმაოდ ღრმაა. მისი ბრწყინვალება ჯანმრთელი და ძლიერია, ახოვანი აღნაგობისაა, მაგრამ მაინც არა მგონია, გადარჩეს.
_ კალუპ, _ მიძინებული ხმით აღმოთქვა ლეონმა _ კალუპ, მოდი აქ!
მგელი მიუახლოვდა.
_ მე შვილი არ მყავს, ამიტომ მეფედ დასვამთ ფელიტუსს! _ ეს იყო ხელმწიფის უკანასკნელი სიტყვები.
ტყეში გლოვა გამოცხადდა, აიკრძალა ნებისმიერი სახის მხიარულება. შეიკრიბა უხუცესთა საბჭო, კრებას კალუპი უძღვებოდა:
_ ბატონებო! _ ომახიანად დაიწყო მან _ აწ გარდაცვლილ ლეონ IV-ს მემკვიდრე არ დარჩა. ამ მიზეზით მისმა უდიდებულესობამ სიკვდილის წინ მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გავამეფოთ ვეფხვი ფელიტუსი.
_ ვეფხვი?! _ შეიცხადა ფოცხვერმა _ როდის ერთხელ ყოფილა იგი მეფე, რომ ახლა იყოს? ჩვენს შემთხვვაში კანონის მიხედვით ახალგაზრდა და ამავე დროს ჭკუადამჯდარ ლომთაგან უნდა ამოვირჩიოთ ერთი-ერთი და ვაკურთხოთ ხელმწიფედ.
_ დიახ, დიახ! _ აუბეს მხარი აქეთ-იქიდან _ სწორედ ასეა წესი!
_ გასაგებია, _ მშვიდად განაგრძო კალუპმა _ მაგრამ კანონის მიხედვით ჩვენი ვალია, აღვასრულოთ მეფის ანდერძი. ლეონ IV-ს წერილობითი ანდერძი ჩვენთვის არ დაუტოვებია, რაც მართალია, მართალია. თუმცაღა რატომ? ჩემი აზრით, მისი ბოლო სურვილია ზუსტად ანდერძი, რომლის შეუსრულებლობაც იქნება კანონის დარღვევა.
_ დავუშვათ, გერწმუნეთ და ისე მოვიქეცით, როგორც შენ ამბობ, მაშინ არ გამოვა, რომ მეფეს კანონზე მაღლა ვაყენებთ? _ იკითხა ავაზამ.
_ უნდა აღინიშნოს, რომ ლოგიკური შეკითხვაა, _ საუბარში ჩაერთო ლეოპარდი _ მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ჩვენ ორივე შემთხვევაში ვარღვევთ კანონს: თუ ტახტზე დავსვამთ რომელიმე ლომს, შეუსრულებელი დარჩება ლეონ მეფის ანდერძი, თუ ფელიტუსს გავამეფებთ, მეფის სიტყვისა და მაშასადამე, თვით ხელმწიფის კანონზე მაღლა დაყენება გამოგვივა და აგრეთვე ტლანქად დავარღვევთ მეფედ არჩევის წესს. ორ ცეცხლს შუა ვართ, პატივცემულო კოლეგებო, ორ ცეცხლს შუა!..
სიჩუმე ჩამოვარდა. წუთიერი დუმილის შემდგომ მელიამ ხმა ამოიღო:
_ ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი კენჭისყრაა.
_ შესანიშნავი წინადადებაა! _ აღფრთოვანდა კალუპი _ ვინაა იმის მომხრე, რომ მეფედ ლომი დავსვათ?
ფოცხვერმა, ავაზამ და მელამ მყისვე აწიეს თათები ჰაერში.
_ მხოლოდ სამი ცხოველი?! _ ცოტა არ იყოს განცვიფრდა კალუპი და სახეზე სიხარულის სხივი გაუკრთა _ გასაგებია! ახლავე შაშვი აფრინეთ ფელიტუსთან _ დაუყოვნებლივ სასახლეში უნდა გამოცხადდეს!

VI
ფელიტუსი უსაქმოდ დაყიალობდა. მანაც შეიტყო ლეონ IV-ის გარდაცვალების ამბავი, გული დასწყდა, მაგრამ ჩათვალა, რომ სასახლეში აღარ მიესვლებოდა და ამიტომ სამძიმრის სათქმელად არ მისულა.
_ გამარჯობა, ფელიტუს! _ მოესმა მახლობელი წიფლიდან.
_ ვაა… ღმერთმა გაგიმარჯვოს, შაშვო!
_ ამწამსვე სასახლეში უნდა გამოცხადდე, უხუცესთა საბჭო გიხმობს!
_ მე იქ აღარასდროს მივალ! _ მრისხანედ წარმოთქვა ფელიტუსმა.
_ სულ ტყუილად ჯიუტობ, _ გაეპასუხა შაშვი _ ვიდრე ლეონ IV სულს დალევდა, ბრძანა, რომ მის შემდეგ მეფე შენ უნდა იყო!
_ რაა?! _ ფელიტუსს თვალები გაუფართოვდა.
_ რაც გესმის! წამომყევი! _ შაშვი გაფრინდა, ვეფხვიც გაჰყვა.
ფელიტუსმა გაჭირვებით გაარღვია ცხოველთა ჯგრო. ლამის მთელი ტყე იქ იყო _ ყველას სურდა დასწრებოდა ამ უჩვეულო სანახაობას.
ვეფხვს კალუპი მიეგება:
_ ვიმედოვნებ, შაშვმა გაგარკვია საქმის ვითარებაში.
_ დდიახ!
_ თანახმა ხარ?
_ რაზე?
_ რამ დაგაბნია, ფელიტუს! მეფობაზე!
_ ა, დდიახ!
_ მაშინ… გვირგვინი მომიტანეთ! _ ბრძანა კალუპმა.
ბრძანება მყისვე ასრულდა. კალუპმა გვირგვინი აღმართა და მეფედ კურთხევის ტრადიციული ფორმულა წარმოთქვა:
_ ღმერთო, შენ გაუმარჯვე ფელიტუსს ყველანაირ მტერთან ბრძოლაში! მაღალი შემოქმედის სახელით კურთხეულ ხარ მეფედ ყოველთა ცხოველთა! _ კალუპმა ვეფხვს თავზე გვირგვინი დაადგა.
_ გაუმარჯოს მეფე ფელიტუს I-ს! გაუმარჯოოს! გაუმარჯოს ახალ მეფეს!
ფელიტუსმა აღელვებით მიმოიხედა. საჩუქრებისა და მილოცვების მიღების შემდეგ ვეფხვი კალუპს მიუბრუნდა:
_ შეიძლება ჩემი პირველი ბრძანება გავცე?
_ თავისთავად, თქვენო ბრწყინვალებავ! _ კალუპმა ცხოველებს მიმართა _ მეფეს სურს რაღაც გამცნოთ, უსმინეთ უმაღლეს ხელისუფალს!
ყველა დადუმდა. ფელიტუსი ტახტიდან წამოდგა:
_ მე მივმართავ არა თუ თითოეულ თქვენგანს, არამედ მათაც, ვინც აქ არ არიან! დღეიდან ადამიანებზე ნადირობა სასტიკად იკრძალება! რომელი მტაცებელიც გაბედავს ამ ამაზრზენი საქციელის ჩადენას, მიიღებს შესაბამის სასჯელს, რომელსაც უხუცესთა საბჭო გამოუძებნის ჩემთან ერთად. სასჯელი მკაცრი იქნება!..
როგორც კალუპის ჩანაწერები გვაუწყებს, `ფრინველებმა ფელიტუს I-ის ბრძანება მთელ ტყეს მოსდეს. ადამიანებზე მონადირეთა რიცხვი თანდათან მცირდებოდა. ბრძანების დამრღვევს ვსჯიდით მისი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით. ასე მაგალითად: ბავშვის მკვლელი ორმაგ სასჯელს იმსახურებდა მასთან შედარებით, ვინც იმსხვერპლა ზრდასრული ადამიანი. ორ-სამ წელიწადში ყველაფერი კვლავ თავის კალაპოტში ჩადგა: არც მტაცებლები ხოცავდნენ ადამიანებს და არც ადამიანები _ მტაცებლებს. რა თქმა უნდა, ბრაკონიერები იშვიათად მაინც სტუმრობდნენ ტყეს, მაგრამ ამ მოვლენას უწინდელივით მასობრივი ხასიათი აღარ მიუღია.
ხელმწიფემ კიდევ ერთი კარგი წესი დაამკვიდრა _ კვირაში ორჯერ მომჩივანთ იღებდა და მათი გასაჭირის პირისპირ გაცნობის შემდგომ ეხმარებოდა.
ერთ დღეს ორი ციყვი მოვიდა სასახლეში. ერთმა თქვა:
_ მეფეო, მე თხილით სავსე ფუღურო ვიპოვე. ვიცადე რამდენიმე დღე და პატრონი არ გამოჩნდა. ამან რომ გაიგო ეს ამბავი, _ მეორე ციყვზე მიუთითა _ მთელი ნაპოვნი ავლადიდება მომთხოვა _ ეგ ფუღუროიანი ხე ჩემი ხის გვერდით არისო. არადა, ეს ხე ჩვენს ხეებს შორის დგას და ამისი ლოგიკით თხილი მეც მეკუთვნის, მით უმეტეს, რომ აღმომჩენი მე ვარ!
_ ისეა ყველაფერი, როგორც ამ ციყვმა მომახსენა? _ ჰკითხა ხელმწიფემ მეორე ციყვს.
_ ეგრე გახლავთ, ბატონო ჩემო! _ მიუგო მან.
_ მაშინ, ჩემო კარგებო, ეგ თხილი არც ერთს გეკუთვნით და არც _ მეორეს. ის, რომ თქვენ იპოვეთ ფუღურო, მის მისასაკუთრებლად დამამტკიცებელი საბუთი არ არის. ფუღუროს თქვენს ხეებს შორის არსებობაც არ გაძლევთ უფლებას, თხილი თქვენად გამოაცხადოთ. ამიტომ, მოდით, ასე მოვიქცეთ: მე ტყეში გავავრცელებ ცნობას უპატრონოდ დარჩენილი თხილის შესახებ და თუ მისი მფლობელი უახლოეს მომავალში არ გამოჩნდება, ფუღუროს სიმდიდრეს თანაბრად გაიყოფთ. _ გაიღიმა ფელიტუს I-მა
_ და თუ მფლობელი გამოჩნდება? _ ერთხმად იკითხეს ციყვებმა.
_ ასეთ შემთხვევაში ფუღუროს დაუბრუნდება.
_ ჩვენ წილს არ მოგვცემს?
_ თქვენ რატომ უნდა მოგცეთ?! _ გაოგნდა ხელმწიფე.
_ მე ფუღურო ვიპოვე! _ უპასუხა ერთმა.
_ რომელიც ჩემი ხის გვერდით მდებარეობს! _ არ ცხრებოდა მეორე.
_ სამართლით არ გეკუთვნით, თუმცა პატრონს უფლება აქვს თავის საკუთრებას სურვილისამებრ მოექცეს.
საბოლოოდ მეფის განცხადებას თავისუფალი და სავსე ფუღუროს შესახებ არავინ გამოეხმაურა და თხილი ციყვებმა შუაზე გაიყვეს.~

VII
_ რამდენი ხანია, რაც მეფე ვარ, კალუპ? _ ჰკითხა ფელიტუს I-მა ერთ საღამოს თავის მწიგნობართუხუცესს.
_ თორმეტი წელია, თქვენო უდიდებულესობავ!
_ ჰოო… მე თვითონვე ვატყობ ჩემს თავს ასაკს. შენ კი ისევ ისე გამოიყურები, როგორც ჩემს ბავშვობაში! რა არის შენი უჭკნობი ახალგაზრდობის საიდუმლო? _ სიცილით დაეკითხა მგელს ფელიტუსი.
კალუპს სევდანარევმა ბედნიერებამ გადაურბინა სახეზე:
_ მე თქვენ გიამბობდით ხოლმე ლეგენდას, თუ როგორ გახდა ლომი მეფე, გახსოვთ?
_ რასაკვირველია, მახსოვს. ან რა დამავიწყებს?!
_ მაგრამ რაც მოგიყევით, ყველაფერი არ არის…
_ გაგრძელებაც აქვს? _ ცნობისმოყვარეობით იკითხა მეფემ.
_ დიახ. მას შემდეგ, რაც მონადირემ ლომს მეფე უწოდა, დიდებული ხმა გაიგო: შენ დასვი ლომი სამეფო ტახტზე, აწ კეთილი ინებე და შენვე ემსახურეო! ეგ იყო და ეგ. იმ დღიდან მეფეებს ვემსახურები. _ გაეღიმა კალუპს.
_ ესე იგი ის მონადირე… _ ფელიტუსს ენა ჩაუვარდა.
_ ის მონადირე მე ვიყავი.
_ მაშინ გამოდის, რომ ჩემამდე ყველა მეფეს მოესწარი! როგორ იცოცხლე ამდენ ხანს?!
_ მე მგლად არ დავბადებულვარ, შესაბამისად, ვერც მგლად დავბერდები და ვერც მოვკვდები. მუდამ თან მდევდა ნუგეში, რომელიც მგლად ქცეულმა გავიგონე: შენს ჩვეულ ყოფას ვერ დაუბრუნდები მანამ, სანამ ერთი არაჩვეულებრივი მეფე შენი წარმომავლობის შესახებ არ გკითხავს რამეს! ეს `არაჩვეულებრივი მეფე~ შენ ხარ, ფელიტუს! ახლა საკმარისია ვინატრო და მყისვე ადამიანად ვიქცევი! _ კალუპი ჩაფიქრდა _ თუმცა ჯერ საქმეები მაქვს მოსათავებელი…
მწიგნობართუხუცესმა მართალაც მოათავა თავისი საქმეები და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. ცხოველებს დარჩათ მხოლოდ მისი ჩანაწერები, რომლებიც ასე მთავრდება: `ფელიტუს I-ის მეფობისას ტყეში სუფევდა მშვიდობა, სიყვარული და კეთილდღეობა. ეს გრძელდებოდა ოცი წლის განმავლობაში. ყველას გულწრფელად გვინდოდა, კიდევ უფრო დიდ ხანს გაგრძელებულიყო ოქროს ხანა, მაგრამ `დრონი მეფობენ და არა _ მეფენიო~ _ ნათქვამია. ფელიტუს აღმატებულს ჰყავდა ვაჟი, რომლის გამეფებაც სურდა.
_ მე დიდ პატივს ვცემ ხელმწიფე ფელიტუსს, მაგრამ მას სიკვდილის წინ არც რამე დაუბარებია და არც ანდერძი დაუტოვებია, ამიტომ სამეფო ტახტზე უნდა დავსვათ ლომი! _ განაცხადა უხუცესთა საბჭოს კრებაზე ავაზამ.
_ ვეთანხმები გამოთქმულ მოსაზრებას! _ გამოეხმაურა ფოცხვერი _ ფელიტუს აღმატებულის ძარღვებში არ ჩქეფდა სამეფო სისხლი, ჩვენ გავამეფეთ იგი, რათა აღგვესრულებინა ლეონ IV-ის ანდერძი. ახლა კი მსგავსი გარემოება არ გვაქვს და არაფერი გვაძლევს ხელს აწ განსვენებული ფელიტუს I-ის ვაჟის სამეფო ტახტზე დასასმელად.
_ მართალს ბრძანებთ! _ ეს ვთქვი ოდნავ ნაღვლიანად და უხუცესთა საბჭოს წევრებმა აირჩიეს ახალი ხელმწიფე, ლომი, რომელიც მეორე დღეს, (იმედი მაქვს, ღირსეულად) ავიდა სამეფო ტახტზე.~

VIII
წლების მერე ერთ გაზეთში ამოიკითხავდით: `17 მაისს, საკუთარ დაბადების დღეზე, გარდაიცვალა საბავშვო მწერალი, რომელსაც ყველა იცნობს ფსევდონიმით `კალუპი~…~

24_27.01.2010

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button