ლიტერატურამოთხრობა

ივან ბუნინი – განწირული სახლი

ერთი იმ ზამთრის ნოტიო დღეთაგანია, ყინულიანი და ბნელი, რომელთა გამოც მოსკოვი ყველაზე საზიზღარ ქალაქად გეჩვენება ქვეყანაზე. უკვე საღამოვდება. ავდივარ დიდ ნიკიტსკოეზე და ვხედავ: წინ, ძველ ორსართულიან სახლთან, ბინდბუნდად მოჩანს ტროტუარზე და ქვაფენილზე შეჯგუფული ხალხი. რა მოხდა? შორიდანვე იგრძნობა რაღაც განსაკუთრებული იმაში, თუ როგორ შესცქერიან ეს ადამიანები სახლს, უახლოვდებიან საათების მაღაზიის ვიტრინას პირველ სართულზე და რაღაცას ემუსაიფებიან ერთმანეთს, თან ყურადღებას არც აქცევენ სახურავიდან ჩამომდინარე წყლის წვეთებს და თოვლჭყაპის ტბორებს ფეხქვეშ. ნაბიჯს ვუჩქარებ და ვკითხულობ, რა მოხდა? მკვლელობას ვეჩეხები
თურმე: მარტოხელა მესაათე, რომელიც თავისი მაღაზიის თავზე ცხოვრობდა აქ ამ დილით მკვდარი უპოვიათ — იატაკზე მწოლიარე, თავგაჩეხილი, სისხლში მცურავი… ვინ მოკლა — არავინ იცის: ამბობენ, ვიღაც ახმახმა შავგვრემანმა კაცმაო, რომელსაც ნაჯახით ხელში გაურბენია აქ დილის შვიდ საათზე. რატომ და რისთვის — ასევე უცნობია: მესაათის ნივთთაგან არაფერს აქვს ხელი ნახლები, ფული კი, როგორც იძახიან, მას არ ჰქონდა… გაოცებული ვათვალიერებ ამ ჩემთვის დიდი ხნის ნაცნობ სახლს: როგორ არ მომდიოდა თავში აზრად, რომ ასეთ სახლში აუცილებლად მოხდებოდა მკვლელობა? ეს გახუნებული კედლები, ეს ჟანგიანი აბრა ვიტრინის თავზე, ჩაშავებული ფანჯრების პირქუში და
გამოუცნობი შესახედაობა ზემოთ… ვუახლოვდები ჩემს თავს ვიტრინაში: ბნელი მაღაზიის შიგნით მოჩანან ძველებური საათები, ვიწრონი, მაღალნი, წითედი ხისგან თლილნი, რომელთა ბრინჯაოს ქანქარები (ურთიერთს გადახვეული შეყვარებულების ფორმისა) ნელა ბრწყინავენ, ჩუმად და თანაბრად მოძრაობენ აქეთ-იქით… მე ვუყურებ მაღაზიის კლიტით დაკეტილ კარს, რომლის ქვეშ ტროტუარის მხრიდან მიედინება ტყვიისფერი წყალი, და ვიხსენებ იმას, რაც არაერთხელ დამინახავს დილით აქ გავლისას: თუ როგორ აღებდა თავის მაღაზიას მესაათე, ხანდაზმული, უშნო კაცი თახვის გაცვეთილსაყელოიან ქურქით მოსილი, და მასაც ეწვეთებოდა წყალი სახურავიდან და აბრიდან…

მწუხრი, ტბორები, ბინძური ნამქერი. წინ, უკაცრიელი ქუჩის გაყოლებაზე სამარისებურად კიაფობენ კანტი-კუნტი ფარნები…

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button