ლიტერატურამოთხრობა

ივან ბუნინი – ბაზრის ქუჩაზე

— თქვენ რაიმე სამეურნეო გნებავთ თუ კუბო?

ბაზრის ქუჩაზე ყველაფერს ვაჭრობენ: აქაა მაღაზიები სხვადასხვა საქონლით ტვირთული, საათების მაღაზია, აფთიაქი, აქაა მოსკატელის და საკოლონიო ჯიხურები, რკინა-კავეულის ფარდულები, ჭურჭლის ფარდულები, კიდევ უფრო იქით, თითქმის მთლად ბაზართან, ბოლომდე დარაბებგამოღებული ბუდრუგანებია, საიდანაც დასათვალიერებლად გამოუდგამთ და გამოუწყვიათ ცოცხები, კუბოები, ბარ-ნიჩბები, ფოცხები, ცინცხალი ბორბლები შავად მბრწყინავი ლილვებით… ივლისია, სამუშაო დღეა, მშრალი და ცხელი, ბაზრის ქუჩა უკაცრიელია — ერთადერთი შემთხვევითი მუშტარი ჩანს — მამაკაცი. ეტყობა,ჩამოსულია. წეღან იგი მოაშლიგინებდა ცხენს ჭენებით ტაძრის მხრიდან, ჩანდა — ფრიად ეჩქარებოდა. მერე შეჩერდა ყველაზე ფართოდ გამოღებული დარაბის წინ. თავის სახედარივით წვრილკანჭა ახალგაზრდა ფაშატზე დაუდევრად შეაგდო ბაწრის სადავე, გამოხტა მტვრიანი ურმის ლატნიდან, რომელიც ნამჯით იყო გატენილი, მზისგან
გაცხელებული ქუდი კეფაზე ჩამოიწია ხელით. დგას და უცქერის.

— მეურნეობისთვის გინდათ რამე, თუ კუბო გნებავთ?

— კუბო…

— ბატონი ბრძანდებით, არჩევანი ფართოა. უბრალოს არჩევდით თუ მორთულს?

კაცმა თვალი მოსწყვიტა ახალთახალ, მაცდუნებლად გამოწყობილ ბარ-ნიჩბებს და ფოცხებს და მზერა გადაიტანა იმაზე, რაც საჭირო იყო, — რასაც ჩაჟამულ სიშავეს ანიჭებდა გამომშრალი უვარგისი საღებავი, რის სახურავებსაც თეთრი ჯვრები ამკობდნენ და ბავშვურად გამოჩორკნილი ფრთოსანი თავები გვერდებზე.

— ჰო, კი, რომ არ უშავდეს…

— ისე, ვისთვის გინდათ? ბავშვისთვის? ჭაბუკისთვის თუ ყმაწვილქალისთვის? ბერიკაცისთვის თუ დედაბერისთვის?

— ბავშვისთვის, ჩემო კარგო, ასე არ შევიწუხებდი თავს. ბავშვისთვის თავად შევკრავდი; ახლა კი მთელი თიბვა მიმიტოვებია ყანაში…

— ესე იგი, მამილოსთვის ან დედილოსთვის?

— საქმეც მაგაშია, რომ დედილოსთვის…

— მიახლოვებით რა სიმაღლისა იყო? როგორი პროპორციები და ზომები ჰქონდა?

— კაცმა, რომელიც თვალით არჩევდა შესაფერის კუბოს, ხელისგული გაივლო მხრიდან მხრამდე.

— მაშინ რას იტყოდი, აი, ამ ნიმუშზე?

დახლიდარი სწრაფად ჰკიდებს ხელს მელნისფერ კუბოს თავს, წრისებრი მოხდენილი მოძრაობით აშორებს მას ყველაფერი დანარჩენისგან და კაცის წინ დგამს ტროტუარზე.

— ეს, მგონი, ძალიან ვიწროა. მართალია, იგი გახდა ბოლოს…

— ყველა კუბო, რომელიც მაღალი ხარისხის არაა, ყოველთვის ერთი შეხედვით ვიწრო მოჩანს, მაგრამ იტევს ჩვეულებრივად.

— გამძლეა?

— თავდები ვარ მთელი პასუხისმგებლობით. მეორედ მოსვლამდე გასტანს.

— ახადე, აბა…

დახლიდარი სახურავს ხდის. კაცი იხრება და ყურადღებით ათვალიერებს. შიგნიდან კუბო შეუღებავია, თლილ, გაუშალაშინებელ ფიცრებს ოქროსფერი დაჰკრავს, ამო სუნი ასდის, ალაგ-ალაგ ფისის მოყვითალო ნაღვენთები აჩნევია. ოღონდ ფსკერი მთლიანი ფიცრისა კი არაა, ორი და ისიც არათანაბარი ფიცრისგან შედგება, რომლებიც მთლად
უსწორმასწორონი არიან და ერთიმეორეს ცუდად მორგებულნი. რაც მთავარია, მოხერხილი ხის გამოვარდნილ საცობისმაგვარ ნუჟრს ნახვრეტი დაუტოვებია ფსკერზე.

კაცი გამოცოცხლდა, დიდი დათმობის იმედი გაეღვიძა:

— არა, ეს ნახვრეტიანია, ზადითაა! ეს წუნია, ჩემო კარგო! მაგრამ ავიღებ, თუ ხუთ მანეთს დააკლებ. ისიც მხოლოდ დედაჩემის გულისთვის

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button