გამორჩეული ადამიანებიფლორა & ფაუნა

კევინ რიჩარდსონი – ადამიანი-ლომი

წარმოიდგინეთ ჯუნგლების ბინადარი ყველაზე საშიში, არასტაბილური და ძლიერი მტაცებლები. რომლები შეიძლება იყოს ეს? ლომი, ავაზა, ლეოპარდი, ვეფხვი, აფთარი? ეს არსებები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანი რამდენიმე წამში დაგლიჯონ, კევინ რიჩარდსონისთვის უახლოესი მეგობრები და განუყრელი თანამგზავრები არიან.

ინგლისური წარმოშობის სამხრეთ აფრიკელი კევინი ცხოველებით ჯერ კიდევ პატარაობაში იყო დაინტერესებული. 3 წლის ასაკში საწოლის ქვეშ ჭრიჭინებს ზრდიდა და კვებავდა, ასევე ჰყავდა შინაური ცხოველი – გომბეშო სახელად “პადაჯიე”. ცხოველების მოყვარული ბიჭი წლების შემდეგ იქცა ადამიანად, რომელმაც უარი თქვა ფსიქოლოგის კარიერაზე და ველურ ბუნებას მიაშურა. კევინმა მოახერხა და გახდა ის იშვიათი პიროვნება, რომელმაც შეძლო მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება ადამიანებსა და მტაცებლებს შორის.

23 წლის იყო კევინი, როცა მას გაუჩნდა შანსი, მის სახლთან ახლოს მდებარე იოჰანესბურგის ლომების პარკში 6 თვის ბოკვერებთან ემუშავა. მათ ტაუ და ნაპოლეონი დაარქვა და დღემდე ერთად არიან. ლომების გარდა, დაუახლოვდა ლეოპარდებსა და აფთრებს. თვითნასწავლმა მეცნიერმა დაარღვია უსაფრთხოების ყველანაირი წესი, რაც კი ცნობილი იყო. მას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ის აზრი, რომ მტაცებლების დამორჩილების ყველაზე კარგი გზა ჯაჭვი და წკეპლა იყო. მათ მაგივრად კევინი სიყვარულს, გაგებასა და ნდობას იყენებდა, რითიც უმალ მოიპოვა ველური არსებების კეთილგანწყობა. მას კარგად აქვს შესწავლილი თითოეული მისი მეგობრის ხასიათი, იცის, რა აბრაზებთ, რა ახარებთ, რა ანაწყენებთ ან აბნევთ.

კევინი საჭმელს თავის მეგობრებთან ერთად ჭამს, იძინებს მათ გვერდზე. ცხოველების ყველანაირი სახეობა უყვარს, თუმცა გამორჩეულად – ლომები. დიდ კატებთან მისმა ურთიერთობამ დაამსხვრია ბევრი მითი ამ არსებებთან მოპყრობის შესახებ. კევინი ცდილობს, ყველას დაანახოს, რომ ამ ველურ არსებებსაც აქვთ გრძნობები და სოციალური ქმნილებები არიან. ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ პატივისცემით მოპყრობის შემთხვევაში, ორ განსხვავებულ სახეობას შეუძლია მშვიდობიანად იცხოვროს ერთად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი პროფესია უხიფათოა: ის რამდენჯერმე ჩავარდნილა საფრთხეში. ერთხელ ერთმა ლომმა უკბინა, სხვა დროს კი მეორემ მიწაზე დააგდო და დაფხაჭნა. თუმცა როგორც კევინი ამბობს, ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე და ვერანაირი საფრთხე ვერ გადაფარავს იმ სიამოვნებას, რასაც ცხოველებთან ყოველდღიური ურთიერთობით იღებს.

პარკში მუშაობის პარალელურად კევინი ხშირად იღებს დოკუმენტურ ფილმებს, მონაწილეობს რეკლამებში. დაწვრილებით აქვს ასახული ცხოველებთან მისი ასეთი უცნაური და შესანიშნავი ურთიერთობა, თუ როგორ საშიშ კომპანიონებთან ყოფნა უწევს მას ყოველდღე, რისთვისაც პრესტიჟული ჯილდოები აქვს მოპოვებული.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button