ქართული გვარები

კობახიძეთა გვარი

კობახიძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი “კობა”. კობა იაკობის შემოკლებული ფორმაა.

გვარის სახელით “კობ”-ფუძიანი არიან: კობაიძეები, კობაურები, კობაძეები, კობიძეები, კობიაშვილები, კობალაძეები, კობალავები, კობახიანები, კობახაშვილები და კობახიძეები. რა თქმა უნდა, ამათ მხოლოდ გვარსახელის ფუძის მსგავსება აერთიანებთ და არა სისხლით ნათესაობა.

კობახიძე ერთძირიანი გვარია, ერთი წინაპრისგან მოდიან.

კობახიძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი რაჭაშია.

სოციალური მდგომარეობით იყვნენ გლეხი კობახიძეები და იყვნენ აზნაური კობახიძეებიც.

ჩვენს ხელთ არსებულ საისტორიო საბუთებში კობახიძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.

1544 წლის ბაგრატ იმერთა მეფის შეწირულობის წიგნის მიხედვით, რაჭის სოფელ თლუღისა და ხოტევის კობახიძენი ნიკორწმინდის ტაძრის მსახურნი გამხდარან.

1633 წლის ქართლის მეფის როსტომის ერთ საბუთში ხსენებული თამარაშენელი ხუცესი კობახიძე დიდი ლიახვის ხეობაში, თავად მაჩაბელთა მამულში ჩანს გადმოსახლებული.

ამავე XVII საუკუნის სხვა საბუთით, კობახიძეები შიგნით კახეთში ალავერდის მამულში ჩანან დამკვიდრებულნი.

ადრევე დამკვიდრებულან რაჭველი კობახიძენი ზემო იმერეთში. იოანე ბატონიშვილი შიდა ქართლში – ქსნის ერისთავის აზნაურ კობახიძეებსა და ქვემო ქართლში – თავად ჯამბაკურ-ორბელიანის აზნაურ კობახიშვილებს იმერეთიდან გადმოსულ აზნაურ კობახიძეებად მიიჩნევს. ესე იგი იმერეთში მანამდე უკვე უცხოვრიათ კობახიძეებს.

1796 წელს აზნაურმა კობახიძეებმა – მღვდელმა გაბრიელმა და მისმა ბიძამ ბასილმა არზით მიმართეს ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე II-ს. არზიდან ირკვევა, რომ აზნაურ კობახიძეთა ეს შტო შიდა ქართლში მეჯვრისხევსა და ქედისუბანში მკვიდრობდა და მამულებს ფლობდა. არზაში ისინი თავიანთ თავს ახალ სახასო აზნაურებად იხსენიებენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ მანამდე ისინი საამილახვროს აზნაურები იქნებოდნენ.

საქართველოში რუსთა ბატონობის დამკვიდრების შემდეგ რუსულ საიდუმლო მიმოწერაში იხსენიება აზნაურ ნონია კობახიძის სახელი, რომელიც რუსთა დაუძინებელ მტერს ალექსანდრე ბატონიშვილს ახლდა სპარსეთში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის კობახიძეთა გვარის მეომრები გლეხნი – კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ: ცალკერძ – იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, ცალკერძ – ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, ცალკერძ – კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

ამჟამად კობახიძეები ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, სამეგრელოში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ამბროლაურის, ზესტაფონის, გორისა და ლაგოდეხის რაიონებში.

საქართველოში კობახიძეთა საერთო რაოდენობა 7300 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი კობახიძეთა!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button