(ვარიანტი)
ჩვენს ქვეყანას ბევრი დადიანი ჰყოლია, მაგრამ ციტუე დადიანის მსგავსი დადიანი არასოდეს ყოფილა. ვერც ტან–ფეხით, ვერც შესახედავად და ვერც ძალით მას ვერავინ შეედრებოდა. ამასთანავე, ისეთი კეთილი გულის ყოფილა, ისეთი მადლიანი, ისეთი მოსიყვარულე და თავისი ხალხისათვის თავდადებული, რომ ყველა აღმერთებდა. იგი ყველას საფიცარი ყოფილა, მაგრამ ყველაზე მეტად ქვრივებს, ობლებს და გაჭირვებულებს ჰყვარებიათ, რომელთაც უპატრონოდ არასოდეს სტოვებდა. მისი კანონი ღვთის კანონებს ჰგავდა. მისი დადიანობის დროს ავკაცობა ყველამ მიატოვა, რადგან ყველაფერი თავზე საყრელად ჰქონიათ. ყველა მეზობელ ხელმწიფესთან კარგად ყოფილა. ცუდიც რომ განეზრახათ გულში, აშკარად ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა.
ამ კარგ და ყველასათვის საყვარელ დადიანს ჰქონია ერთი ჩვევა, რომლის მოშლა არაფრით შეეძლო: ყველაზე მეტად ნადირობა ჰყვარებია, რომლის გარეშე ერთ დღესაც ვერ ისვენებდა. მაშინ ჩვენი ქვეყანა სავსე ყოფილა ყოველგვარი ნადირით. არასოდეს მომხდარა, რომ ციტუეს ისარი გაესროლა და აეცდინა. ერთხელ დაჭრილს, მეორედ არ ესროდა, ხელით შეებმებოდა და იჭერდა. არავის უნახავს, რომ რაიმე ნადირს დასდევნებოდა და არ მოეკლა ან არ დაეჭირა.
ერთხელ ციტუეს თეთრი ირემი წამოუგდია. ეს ირემი ისეთი ლამაზი ყოფილა, რომ დასაჭრელად და მოსაკლავად ვერ გაუმეტებია და მოუნდომებია ხელით დაჭერა. დასდევნებია ირემს – მკლავის გასაწვდენ მანძილზე მისდევს, მაგრამ როგორღაც ხელი ვერაფრით წაავლო. ირემს ციტუე ნელ–ნელა შეუტყუებია მაღალ მთებში. ირმისა და ციტუეს სისწრაფით მის კაცებს სად შეეძლოთ სირბილი. ისინი ჩამორჩნენ და მოსწყდნენ მას. თვით ციტუემ აღარ იცოდა სად იმყოფებოდა; იცოდა მხოლოდ, რომ ტყე დატოვა და შიშველ და მაღალ მთებშია, რადგან მრავალ გორას გადაუარა და შემოუარა. ამ დროს მოსაღამოვდა, მაგრამ ციტუემ მაინც არ დაანება თავი ირემს. უეცრად ჩამობნელებულა, დაწყებულა თავის დღეში კაცს რომ არ უნახავს ისეთი თავსხმა, ჭექა და გრგვინვა. ციტუე მაინც მისდევს. არც ირემი დაღლილა ამდენი სირბილით და არც ციტუე. ციტუე ხედავდა, რომ აწი ირმის დევნა უკვე შეუძლებელი იყო – ციდან ისეთი თავსხმა მოდიოდა, რომ თავშესაფრის გარეშე მინდორზე გაჩერება შეუძლებელი გახდა. ამ დროს ირემი უეცრად თვალთაგან დაეკარგა. ახლა დაიწყო თავშესაფრის ძებნა, რომ ღვართქაფს არ წაეღო. ამ დროს მოესმა კაცის ხმა, ვიღაცა საქონელს ეძახდა. რქის ამოსვლასავით გაუკვირდა დადიანს. რა უნდოდა აქ ან კაცს, ან საქონელს? აქ ხომ ნადირისა და მონადირის მეტი ვერავინ გაბედავდა ამოსვლას; ახლო–მახლო სალი კლდეების მეტი არაფერი ჩანდა. კაცის გაჭირვებული ძახილი თანდათან მიუახლოვდა დადიანს.
– თქვი, რა კაცი ხარ შენ? – დაუძახა დადიანმა.
– მე კი არა, შენ რა კაცი ხარ? რა გინდა აქ, ასეთ უდაბურ ადგილას? – მიუგო კაცმა.
– ნადირმა შემომიტყუა აქ და ახლა ერთბაშად თავსხმა წვიმა დაიწყო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, – უთხრა დადიანმა.
– ადი ცოტა ზემოთ და გამოქვაბულს ნახავ.
ის კაცი ძახილ–ძახილით წავიდა. დადიანი ავიდა მაღლა, მართლა ნახა გამოქვაბული და შევიდა. ერთ ადგილას თვალი მოჰკრა არასოდეს რომ არ ენახა ისეთი სინათლის ელვარებას. როცა წავიდა ამ სინათლისაკენ, ნახა მწოლიარე ოქროს კრავი. დაიჩოქა და შიშნეულად თაყვანი სცა. ადგა კრავი, ერთი გაეთამაშა და მერე წინ წაუძღვა. გაჩერდა კრავი და კლდეს რქა დაარტყა. გაიღო კარი. შიგნით გამოჩნდა სამოთხესავით ადგილი. რა სიმდიდრე, სილამაზე და სასმელ–საჭმელი გინდა, აქ არ ყოფილიყო.მიხვდა დადიანი, რომ კრავმა იგი იმისთვის შემოიყვანა, რომ საჭმელი აჭამოს და დაასვენოს. ისევ დაიჩოქა დადიანმა და ილოცა. მერე ისე მოიქცა, თითქოს საკუთარ სასახლეში ყოფილიყო. როცა ჭამას მორჩა, თვითონაც ვერ გაიგო, როგორ ჩაეძინა. როდესაც ციტუეს გაეღვიძა, ნახა, რომ გამოქვაბულის კართან წევს. გაუკვირდა, მაგრამ რას იზამდა. რომ მოათვალიერა იქაურობა, ნახა, რომ გვერდით უდევს ერთი პირამდე სავსე გუდა. როცა ჩაიხედა გუდაში, კინაღამ ცაში აფრინდა: გუდა ოქროთი, ვერცხლით და ძვირფასი ქვებით იყო სავსე. ისევ ილოცა, აიღო გუდა და წამოვიდა.
შეხვდნენ ერთმანეთს დადიანი და მისი მხლებლები. მძიმე იყო დადიანის გუდა, მაგრამ წასაღებად არავის დაანება. «რაღაც მადანი უნახავს დადიანს», თქვეს მხლებლებმა, მაგრამ კითხვა ვერავინ გაბედა.
სასახლეში რომ მოვიდა, ეს გუდა დამალა ისე, რომ დედოფლისთვისაც არ უჩვენებია და არც უთქვამს.
ამ დღის შემდეგ დადიანი სრულიად გამოიცვალა. ნადირობის მეტს ყველაფერს თავი დაანება, გახდა ფიცხი, ძუნწი და სიტყვას რომ ვერ ეტყოდი, ისეთი. ყველას უკვირდა, მაგრამ ვინ რას გაბედავდა.
ისევ წავიდა დადიანი იმ მთისაკენ. რომ მიუახლოვდა, ერთი კლდის ძირას დაისვენა. როცა ახედა ამ კლდეს, სულ ახლოს რაღაც ნაწერი დაინახა. დაიწყო კითხვა:
ადამიანი, ადამიანი უპატრონო,
ძუნწია მისი სული,
გაუმაძღარი მისი გული,
ბრმა, დამბლიანი, უბედური,
მოკლეა მისი სიცოცხლე,
ერთი ციცქნაა მისი შეგნება,
ყოველთვის ქონა, თავისთვის ქონა,
ბრმა გულის ბრმად მიყოლა.
რომ წაიკითხა, გაიცინა და თქვა: «ვიღაც გაჭირვებული ბერის დაწერილი უნდა იყოს. ნეტავ, რას ცოდვილობდა აქ, ასეთ ტრიალ ადგილას. ადამიანისთვის მიაფხაჭნა, თუ ქაჯისთვის». ადგა და წავიდა გამოქვაბულისკენ. როცა მიუახლოვდა, ნახა, რომ გამოქვაბულის შესასვლელთან ოქროს კრავი წევს. გაუხარდა, მაგრამ კრავი წამოხტა და გვერდზე მყოფ კლდეს დაახტა. დადიანი რომ მიუახლოვდა, კიდევ უფრო შორს გადახტა. კიდევ რომ მიუახლოვდა, კრავი კიდევ უფრო შორს გადახტა. აჩქარდა დადიანი, უნდა როგორმე ხელი მოავლოს, მაგრამ კრავი კიდევ უფრო დაშორდა. მაშინ დადიანმა იფიქრა, რომ კრავს სხვა, უკეთესი ადგილისაკენ მივყავარო და იგიც მისდევს აჩქარებით ქარაფებზე და უდაბურ ადგილებში. მთელი დღე კრავი წინ მიხტუნავდა და დადიანი უკან მისდევდა. დაღამდა. კრავი თვალწინ დაეკარგა. სადაც კრავი გაქრა, იქ გაათია ღამე დადიანმა.
მეორე დღე რომ გათენდა, დადიანმა ნახა, რომ კრავი მეორე მთაზე თამაშობს თავისთვის. «ნამდვილად, კრავს უნდა ბედს იქ შემახვედროს», იფიქრა დადიანმა და გაემართა იმ მთისკენ. ავიდა თუ არა, ნახა რომ კრავი აღარაა და ეგერ, მეორე მთის წვერზე დანავარდობს. «რა გაეწყობა, იქაც უნდა წავიდე» – ავიდა იმ მთაზე, მაგრამ კრავი არც იქაა. გაიხედა იქით–აქეთ, მაგრამ კრავი არცერთი მთის წვერზე არ ჩანს. მზის ჩასვლის დროა. რომ გაიხედა, დაინახა, რომ კრავი ზღვის ნაპირზე კუნტრუშობს. «ახლა მივხვდი, რაშია საქმე», თქვა დადიანმა. «ახლა ძალიან დიდ ბედს უნდა შემახვედროს კრავმა. რადგან ასე მოწადინებული ვარ, უნდა ამ უდაბურ ადგილებს მომაშოროს და უკეთესად მისასვლელ ადგილას ამაშენოს და გამახაროს».
ღამე ამ მთის წვერზე გაათია დადიანმა. კარგად დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც კრავი თამაშობდა. მეორე დღეს წავიდა დაბლობისკენ. დაღამების ჟამს სასახლემდე მივიდა, შევიდა, საჭმელი შეჭამა, შემდეგ კი არავისთვის არაფერი უთქვამს, ისე გავიდა და წავიდა ზღვის ნაპირისკენ, სადაც კრავი თამაშობდა. გათენებისას იმ ადგილას იყო. გათენდა. მიმოიხედა იქით–აქეთ, მაგრამ ვერაფერი ნახა. ამასობაში მზე ამოიწვერა. მზე რომ ამოვიდა, დაინახა, რომ კრავი მზეს ეთამაშებოდა და შემდეგ ცაში კიბულს დაახტა.
ეწყინა დადიანს, რადგან იცოდა, რომ ცაში კიბულზე ასვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ასულიყო.
ისევ მობრუნდა სასახლეში, საგზალი გამოაწყობინა, მეორე დილას, გათენებამდე გავიდა, წავიდა ისე, რომ არავისთვის არაფერი დაუბარებია. ამის შემდეგ ის არავის უნახავს დაბრუნებული. ამბობდნენ, რომ დადიანი ეშმაკმა გადაიბირაო. ყველაფერი ეს ეშმაკის გაკეთებული იყოო. ის კი არავინ იცოდა, რომ იგი ოქროს კრავს დასდევდა. დადიანმა პირველ წასვლაზე გუდით რომ განძი მოიტანა, მაშინვე დამალა. არავის უნახავს, თუ რა იყო მასში და არც არავინ იცოდა, თუ სად იდო. იგი ვერსად იპოვეს და დაიკარგა.