მინაისის ქალიშვილები
მხიარულების ღმერთის ბახუსის დღეობა იყო. ორქომენის ქუჩებს სადღესასწაულო ელფერი ედვა. დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი დაკაცი, ყველანი სადღესასწაულოდ მორთულნი მახლობელი ტყისაკენ მიისწრაფოდნენ ღმერთის სადიდებლად. ყველას დაეტოვებინა თავისი ჩვეულებრივი სამუშაო და საერთო მხიარულების ფერხულში ჩაბმულიყო. სიმღერა, სიცილი, ჩანგის სიმთა საამური ჟღერა მთელს ქალაქს კიდით–კიდემდე მხიარულების საუცხოო, საოცნებო მოედნად ხდიდა. ყველა ზეიმობდა საერთო დღესასწაულს, გარდა ორქომენის მეფის მინაისის სამი ასულისა, რომელნიც მოსამსახურე ქალების დახმარებით დგიმ–სავარცხელზე ძვირფასი ქსოვილებისათვის ძაფს ართავდნენ. მეფე მინასის ასულებს არ სწამდათ ბახუსის ღვთაებრივი ჩამომავლობა და კიდევაც ამიტომ საერთო დღესასწაულში მონაწილეობას არ ღებულობდნენ. მთელი დღე, საღამომდე, მეფის ასულები ჩვეულებრივ სამუშაოს უსხდნენ. საღამოს ჟამს მეფის ქალიშვილები მოსვენებას უნდა მისცემოდნენ, როცა სამუშაო ოთახში გაისმა სალამურის საოცნებო ხმა. მთელი ოთახი საამური სურნელებით გაიჟღინთა. ძაფის სართავი ჯარა და დგიმ–სავარცხელი მწვანე სუროთი და დაგრეხილი ვაზის ფოთლებით შეიმოსა. ძვირფასი ქსოვილებისათვის დართული ძაფები ყურძნის ვაზებად გადაიქცა. ამ დროს სახლის კედლები ერთიანად შეირყა და ყველა ოთახში თვალწარმტაცი სინათლე გაჩაღდა. მინაისის ასულები შიშის ზარმა აიტანა და ოთახების ბნელსა და მივარდნილ კუნჭულებში გამალებით დაეძებდნენ თავშესაფარს, ერთი კუთხიდან მეორე კუთხეს აწყდებოდნენ, მაგრამ თვალის მომჭრელ სინათლეს ვერსად ემალებოდნენ. მაგრამ დახეთ საკვირველებას! მინაისის ქალიშვილებს უეცრივ გამოესხათ ფრთები, სმივენი ღამურებად გადაიქცნენ და ოთახს ფრენით ირგვლივ თავს დასტრიალებდნენ. ღამურები დღემდისაც ადამიანთა ბინას თავს არ ანებებენ, მათ ჭირივით სძულთ ტყე და განსაკუთრებით ბრწყინვალე მზის სინათლე, რომელსაც ისინი ყველგან და მარადის გაურბიან.
ელინური მითები
მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ