ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ჟიზელი

ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალებს დაუსრულებლად. ფეხის წვერებზე აწეულა, ხელები თავს ზემოთ მოურკალავს, თავი უკან გადაუწევია და ხელის მტევნებს შეჰყურებს. ერთი, ერთი, ერთი, ორი, სამი – ყურში უთვლის ვიღაც. ცეკვავს თავისთვის, არა სხვისთვის, მთელი შეგრძნებით. დღეს ჟიზელია…
– მარიშა, გეყოფა, აიღე სიგარეტიო! – ეძახის ჯიხურიდან გამყიდველი სუსანა.


რკინიგზის სამმართველოში, ავტომატიზაციის განყოფილებაში ვმუშაობდი უფროს სპეციალისტად. ხელფასი კარგი მქონდა – ხელზე 450 მანეთს ვიღებდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადეს
– ამ თვეში ხელფასები არ იქნება, რუსეთი ფულს არ გვიგზავნისო! – შემდეგ თვეშიც იგივე განმეორდა, იმის შემდეგ თვეშიც. მერე მოგვცეს ერთი თვის ხელფასი, მაგრამ ის ფული 20 ლიტრ ბენზინზეც არ მეყო, რომ საკუთარ ავტომობილში ჩამესხა და მეტაქსავა. ოჯახი შიმშილობდა. ამას მოჰყვა: უშუქობა; უგაზობა; უპურობა; უშაქრობა; უკარაქობა; უბენზინობა…


მარია ანდრონიკოვა ლენინგრადში დაიბადა, ქორეოგრაფ ლევან ანდრონიკოვისა და მსახიობ სოფია ჟემბროვსკაიას ოჯახში. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს კორდებალეტში წინა ხაზის მოცეკვავედ.
ლენინგრადში ჩასული ვახტანგ ჭაბუკიანი დასწრებია “გედების ტბას” და მოსწონებია მარიას ცეკვა. თვითონ, ლენინგრადში სწავლის დროს, მეგობრობდა მამამისთან და არ გასჭირვებია, მარიას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად გადმობირება.
საქართველოში გადმოსვლისთანავე ანდრონიკაშვილად დაეწერა, ქართული ენის მასწავლებელთან დაიწყო სიარული და ერთ წელიწადში გამართულად ალაპარაკდა ქართულად.
დიეტა, რეპეტიცია, სცენა, დიდების მწვერვალი.
ყოველდღე, ტრიალებს, ტრიალებს დაუსრულებლად. ფეხის წვერებზე აწეულა, ხელები თავს ზემოთ მოურკალავს, თავი უკან გადაუწევია და ხელის მტევნებს შეჰყურებს. დარბაზი ხალხითაა გაჭედილი. ისმის უკვდავი მუსიკის ჰანგები. ერთი, ერთი, ერთი, ორი, სამი – ყურში უთვლის ვიღაც. ცეკვავს თავისთვის, არა სხვისთვის, მთელი შეგრძნებით. დღეს ჟიზელია, ხვალ გედი იქნება, ზეგ – ესმერალდა. ინგრევა დარბაზი ოვაციებით…


თბილისს ჯიხურების სენი მოედო. ნაწვიმარზე სოკოებივით ამოიზარდა -ასი, ათასი, ათი ათასი…
განყოფილების ხუთმა ბიჭმაც გადავწყვიტეთ საზიარო ჯიხურის ჩადგმა. უშუქობის მიუხედავად, რკინიგზის სამმართველოს დენი მუდმივად ჰქონდა. ვიშოვნეთ მასალა, ელექტროშედუღების აპარატით ავაწყეთ ჯიხური და დავდგით სამმართველოს შენობის უკან, სურამის ქუჩაზე. მეზობლის ქალი სუსანა დავსვით გამყიდველად, მაგრამ მორიგეობით ჩვენც ჩავდიოდით დასახმარებლად. გვერდით თამბაქოს ფაბრიკა იყო, იქ ვყიდულობდით 3 მანეთად “პრიმას” და “ასტრას” და 4 მანეთად ვყიდდით. სიგარეტი “მაგნა”, ძეხვი “სალიამი”, შოკოლადები: “ლუნა”, “მარსი” და “ტვიქსი”, “პოსლეზე” მოგვქონდა “მუხიანის ბაზრობიდან”. არაყს ნინოშვილის ქუჩაზე ასხამდნენ. რასაც შეუკვეთავდი, იმ ეტიკეტს მიგირტყამდნენ. ჩვენ “სტალიჩნაიას” და “პშენიჩნაიას” ვიღებდით. იმ პერიოდში, არაყს ტექნიკური სპირტიდანაც აკეთებდნენ და ხალხი იხოცებოდა, ამიტომ, ყოველ ახალ პარტიას ჩამომსხმელის მუშა-მტვირთავი სამველა ამოწმებდა პრიმიტიული მეთოდით – პარტიიდან ერთ ბოთლს გახსნიდა და 100 გრამს გადაჰკრავდა, მეორე დღეს, თუ ცოცხალი გამოჩნდებოდა, ვიწყებდით არყის გაყიდვას. იმ უბანში არაყს ყველა ჩვენთან ყიდულობდა, იცოდნენ, რომ შემოწმებული იყო.


ბალეტზე გადაყოლილმა ოჯახი ვერ შექმნა. ერთი პერიოდი გათხოვილი იყო, მაგრამ მალევე გასცილდა. ცხოვრობდა მარტო.
ამასობაში საქართველოში ეროვნულმა მოძრაობამ გაიმარჯვა. ხალხი ჯერ კიდევ გამარჯვების ეიფორიაში იყო, რომ ეროვნული მოძრაობა გაიხლიჩა. რუსთაველზე დაიწყო შეტაკებები, ძველი მთავრობა წავიდა, სამეული მოვიდა.
მაშინდელმა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ უცხოური დადგმები აკრძალა
– მარტო ქართული უნდა იცეკვოთო! ატრიალეს “გორდა” ორი თვე და დასი დაიშალა. მარიამი თეატრიდან დაითხოვეს. შიმშილმა ქუჩაში გაიყვანა. ასე გახდა პრიმა ბალერინა – ქალბატონი მარიამ ანდრონიკაშვილი – მარიშა.


ერთხელ, ქალი მოვიდა ჩვენს ჯიხურთან – საშუალო სიმაღლის, გამხდარი, წელში გამართული, ჰარმონიული, მსუბუქი მოძრაობით, უკან გადავარცხნილი თმით, ლამაზი სახის ნაკვთებით. იქნებოდა, ასე 50 წლამდე. თვალების ქვეშ და ყელზე ნაოჭები რომ არა, 30 წელზე მეტს არ მისცემდი.
– მე მარიშა ვარო! – გამეცნო.
– ორი კოლოფი “ასტრა” მინდა, მაგრამ ფული არ მაქვსო!
– ისე აიღეო! – ვუთხარი. ასეთი შემთხვებები ხშირი იყო.
– ეგრე არ მინდა, მათხოვარი კი არ ვარ, გიცეკვებო!
– რას მიცეკვებო?
– ჟიზელსო! – ფეხის წვერებზე აიწია, ხელები თავს ზემოთ მორკალა, თავი უკან გადასწია. დაიწყო ტრიალი ნელა, მერე უფრო სწრაფად, კიდევ უფრო სწრაფად. სახეზე ეტყობოდა, რომ გონებით სხვაგან დაფრინავდა, დანავარდობდა. გაჩერდა.
– აჰა, “მაგნა” აიღეო! – ვუთხარი.
– არ მინდა, მიჩვევა იცოსო! – გამომართვა ორი კოლოფი “ასტრა” და წავიდა.
იმ დღის შემდეგ ყოველდღე მოდიოდა მარიშა, იცეკვებდა, სიგარეტს აიღებდა და მიდიოდა.
ბიჭები ჯიხურში აღვნიშნავდით პირველ “ფულის გატეხვას”, მარიშა რომ მოვიდა. შევიპატიჟეთ. ძეხვი და პური გავუწოდე, არ აიღო
– დიეტაზე ვარო! თქვენ გაგიმარჯოთო! – ერთი ჭიქა არაყი გადაკრა, ადგა და წავიდა.
ქალაქში იარაღიანი ხალხი გამოჩნდა: მხედრიონიო, გვარდიაო, საძმოებიო, შავებიო. ერთი ბიჭი მოვიდა
– მე ამ უბანს ვუყურებ, ფულს ყოველთვიურად გადამიხდით, თუ წილში ჩამსვამთო?!
– წილში ჩაგსვამთო!
– წილში რამდენი ხართო?
– ხუთნი ვართ, მეექვსე შენ იყავიო!
– თქვენ თქვენი გაგჭირვებიათ, არაფერი არ მინდა, თუ დაგჭირდებით, ისე დაგეხმარებითო. მერე გავიგე, ის ბიჭი ტელევიზიის შტურმის დროს მოუკლავთ.
ჯიხურს ვეღარ ვტოვებდით, ღამითაც დავიწყეთ მორიგეობა. ერთხელ, ჩემი მორიგეობის დროს, ჯიხურის სარკმლიდან ვიყურებოდი. შუქი ჩამქრალი მქონდა, გარედან არ ვჩანდი. ვხედავ, მარიშა მოიპარება. ფეხის წვერებზე მოდის, აქეთ-იქით იყურება. ჩვენი ჯიხურის გვერდით ნაგვის ბუნკერი იდგა. ჩაეყუდა ბუნკერში, რაღაცები ამოკრიფა და ისევე ფეხის წვერებზე გაიპარა.
შემდეგ დღეს შევიპატიჟე, ძეხვი დავუჭერი, არაყი დავუსხი. საჭმელს პირი არ დააკარა, არაყი დალია. ამბები გამოვკითხე: მომიყვა თავის შესახებ, ბალეტზე, დასზე, ჭაბუკიანზე. ლაპარაკობდა ლამაზი, დახვეწილი ქართულით, ოდნავ შესამჩნევი რუსული აქცენტით. ერთ “ქუჩურს” არ გამოურევდა. ეტყობოდა, რომ მთელი ცხოვრება ისეთ წრეში ჰქონდა გატარებული, ვისგანაც ქუჩა შორს იყო. წასვლისას, ჩუმად, პატარა “სალიამი” ჩავუცურე ჯიბეში. მეორე დღეს დააბრუნა
– მეც არ ვიცი, როგორ გამყვაო!
ყოველდღე მოდიოდა, ყოველდღე ცეკვავდა. უკვე მივეჩვიეთ მარიშას ცეკვას. ბოლო დროს, ცეკვის შემდეგ, მკერდზე ხელს მიიჭერდა, ცოტა ხნით შეყოვნდებოდა, ქოშინს დაიოკებდა, აიღებდა სიგარეტს და მიდიოდა.


ერთ დილას სამსახურში სურამის ქუჩიდან მივედი. ჯიხურის წინ, ნაგვის ბუნკერთან ხალხი შეკრებილიყო. ასფალტზე მარიშა ეგდო. ხელები თავს ზემოთ მოერკალა, თავი უკან გადაეწია და ღია თვალებით მიშტერებოდა ხელის მტევნებს. ალბათ, უკანასკნელად ცეკვავდა “ჟიზელს”.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button